globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში „ტერორიზმის შესახებ“: დადებითიც და უარყოფითიც

«Iran Daily»//«Today’s Zaman» (ირანი//თურქეთი): თურქეთის პოლიციამ, ქვეყანაში რადიოაქტიური ნივთიერების შეტანის მცდელობისათვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

«Радио Эхо Кавказа» (აშშ): აფხაზეთი რუსეთს, თურქეთს და საქართველოს შორის

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): სტიქია თბილისში: ბუნების ვერაგობა თუ თაობათა მიერ დაშვებული შეცდომები?

———————-

«Радио Голос Америки» (აშშ), 21 ივნისი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/state-department-georgia-terrorism-2014/2831478.html

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ტერორიზმის შესახებ: დადებითიც და უარყოფითიც

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2014 წლის განმავლობაში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად“ რჩებოდა ტერორიზმთან ბრძოლაში, სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც ფრთხილად უდგება იმ ფაქტს, რომ საქართველო გარკვეულწილად კვლავ საერთაშორისო ტერორიზმის წყაროს წარმოადგენს და სატრანზიტო ქვეყნად რჩება ტერორისტებისათვის. ამის შესახებაა ნათქვამი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში „ტერორიზმის შესახებ“.

მასმედიის ინფორმაციებზე დაყრდნობით, მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე დაახლოებით ასამდე ქართველი მოქალაქე იბრძოდა, საქართველოს სხვადასხვა მუსულმანური რეგიონებიდან, უმეტესად აჭარიდან და პანკისის ხეობიდან. მათ შორისაა „ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, 28 წლის პანკისელი თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად „ომარ ალ-შიშანი“.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ისლამისტ-ექსტრემისტები აგრძელებენ ტრანზიტს მისი ტერიტორიის გამოყენებით, ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიასა და ერაყში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ზომები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მათ შორის, გაამკაცრა ანტიტერორისტული კანონმდებლობა, შეიტანა შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობისა და პირების გადაბირების გამო მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მოხსენებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შექმნილია ახალი ანტიტერორისტული სტრუქტურები და ახალი უწყებათაშორისო მექანიზმები, რომლებიც კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ამაღლდა ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების დონე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ 2014 წელს საქართველომ ქმედითი ზომები მიიღო სახელმწიფოს საზღვრების დაცვის გამკაცრების მიზნით, მათ შორის აშშ-ის დახმარებითაც, რომელიც სანაპირო დაცვის აღჭურვას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის პრობლემა ხელს უშლის საქართველოს საზღვრების ჯეროვან დაცვას. „საქართველო აგრძელებს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების პროცესს, კერძოდ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღწევად, თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკონტროლობის გამო ქვეყანას საშუალება არ ეძლევა ჩრდილოეთი საზღვრის დაცვა სრულფასოვნად განახორციელოს“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

«Iran Daily»//«Today’s Zaman» (ირანი//თურქეთი), 22 ივნისი, 2015 წელი

http://www.iran-daily.com/News/120422.html

http://www.todayszaman.com/national_turkish-police-arrest-3-seize-radioactive-material_389955.html

თურქეთის პოლიციამ, ქვეყანაში რადიოაქტიური ნივთიერების შეტანის მცდელობისათვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

როგორც თურქული და ირანული პრესა – გაზეთები «Iran Daily» და «Today’s Zaman» იუწყება (და ეს ირანის ტელეკომპანია Press TV-თაც გადაიცა), თურქეთის პოლიციამ გასულ პარასკევს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საზღვარზე გადასვლისას დააკავეს ორი ქართველი მოქალაქე – 43 წლის ქალბატონი ნ.კ. და 40 წლის მამაკაცი ი.ა., რომლებიც ქვეყანაში რადიოაქტიური ნივთიერების შეტანას ცდილობდნენ – მათმა საეჭვო ქცევამ მესაზღვრეთა ყურადღება მიიპყრო, ისინი გაჩხრიკეს და 1,2 კილოგრამი ცეზიუმი უპოვეს. მოგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი – 60 წლის პიროვნება დააკავა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. სამივენი მალე წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. ამოღებული ცეზიუმი თურქეთის ატომური ენერგიის სააგენტოს გადაეცა.


«Радио Эхо Кавказа» (აშშ), 21 ივნისი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/27081733.html

აფხაზეთი რუსეთს, თურქეთს და საქართველოს შორის

აშშ-ის რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანმა სამსახურმა „რადიო სვობოდამ“, ეთერში გადასცა პროექტ „ეხო კავკაზას“ ერთ-ერთი ჟურნალისტის, აფხაზეთის მკვიდრის ვიტალი შარიას მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც სოხუმში, „მოსკოვის სახლის“ საკონფერენციო დარბაზში გამართულ სადისკუსიო „მრგვალი მაგიდის“ შედეგებს ასახავს.

„მრგვალ მაგიდაში“ აფხაზეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: მაქსიმ ღვინჯია (საერთაშორისო ფონდ „აფსნის“ საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე), სერგეი შამბა (აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი), ინალ ჩევიკეზი (თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე), კონსტანტინე ზატულინი (დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთი) და სხვები.

როგორც თურქმა წარმომადგენელმა, ანკარის პოლიტიკური კვლევების ცენტრის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ინალ ჩევიკოზმა აღნიშნა, თურქეთისათვის აფხაზეთის საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მისინი აზრით, თურქეთ-რუსეთის მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, შეიძლება თურქეთ-აფხაზეთის ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს. ინალ ჩევიკოზის თქმით, არაა გამორიცხული, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში თურქეთ-რუსეთის კავშირები ამ მაგისტრალითაც განხორციელდეს.

კონსტანტინე ზატულინის გამოსვლიდან:

„მსგავსი მიზნების გარდა, ჩვენ და თურქეთს განსხვავებული ინტერესებიც გვაქვს. ვთქვათ, თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს, რაც ჩვენთვის ზოგჯერ უხერხულ სიტუაციას ქმნის, რადგან ეს სომხეთისადმი პრეტენზიებს გულისხმობს, რუსეთისათვის კი სომხეთი მოკავშირეა. მესმის, რომ თურქეთს არ შეუძლია მხარი არ დაუჭიროს აზერბაიჯანს. ისიც კარგად მესმის, რომ თურქეთში არიან ზალები, რომლებიც აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარებას ცდილობენ. გასაგებია, რომ შავი ზღვის ნაპირებზე მცხოვრები ორი მონათესავე ხალხი ერთმანეთისაკენ მიისწრაფვის. თურქეთ-აფხაზეთის კავშირებში ჩვენ საფრთხეს არ ვხედავთ. მაგრამ როცა საუბარი ეხება თურქეთის პოზიციას საქართველოს მიმართ, აი, მაშინ უკვე ჩემთვის გაუგებრობები იწყება… თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიოულ მთლიანობას, რომელიც არასოდეს არ იქნება მიღწეული, თუ მხედველობაში გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „მიცემა“ თბილისისათვის. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს უკან არავინ არ მისცემს. განა თურქეთი ამ შემთხვევაში მხარს დაუჭერს აფხაზეთს? თუ ანკარაც ჩაერთვება გუნდში და იყვირებს: „რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა დავაბრუნოთო“?

როცა კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, დროა თურქეთმა, რუსეთის მსგავსად, აფხაზეთი დამოუკიდებლად აღიაროსო, დარბაზში ტაში დაუკრეს. აპლოდისმენტები იყო მაშინაც, როცა კიდევ ერთმა თურქმა ორატორმა, ანკარის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ჰასან კანბოლათმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის თაფლობის თვე დასრულდაო… თუმცა ტაში რომ მიწყნარდა, მერე დაამატა, რომ თაფლობის თვე კი დასრულდა, მაგრამ განქორწინება არ მომხდარაო. სხვათაშორის, თვით ინალ ჩევიკოზმაც აღნიშნა, რომ თურქეთის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„მრგვალი მაგიდის“ ჩარჩოებში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის, თურქეთის და აფხაზეთის კვლევითი ორგანიზაციების ურთიერთოებების შესახებ.

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 22 ივნისი, 2015 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2015/06/150621_georgia_flood_report

სტიქია თბილისში: ბუნების ვერაგობა თუ თაობათა მიერ დაშვებული შეცდომები?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის BBC Russian-ის ეთერში გადაიცა ვრცელი სიუჟეტი თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამომწვევი მიზეზების თაობაზე (ავტორი – ნინა ახმეტელი). აღნიშნულ მასალას საფუძვლად დაედო გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელის [CENN] მიერ მომზადებული დასკვნა-ანგარიში. როგორც მასშია აღნიშნული, 14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურება განაპირობა როგორც ბუნებრივმა მიზეზებმა (ინტენსიურმა ატმოსფერულმა ნალექებმა, წვიმის სახით), ასევე ადამიანების მიერ არაშორსმჭვრეტელურმა და დაუფიქრებელი საქმიანობამ მდინარე ვერეს ხეობაში.

„ტრაგედია გამოწვეულია როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური ფაქტორებით, ანუ ადამიანის მიერ დაუფიქრებლად წარმოებული მშენებლობებით. ამას ხელს უწყობდა ხელისუფლების თვითნებობაც. გასული საუკუნის 50-იან წლებიდან მოყოლებული, მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის საქმიანობის დროს ძალიან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული, რომლის შედეგებსაც დღეს ვხედავთ“, – განუცხადა BBC Russian-ის კორესპონდენტს მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა, გეოგრაფმა ჭიჭიკო ჯანელიძემ.

თავდაპირველად წყალდიდობის მიზეზად დიდი მეწყერი დასახელდა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მდინარე ვერეს მარჯვენა მხარეს ცამოწოლილმა მეწყერმა, რომელიც მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვა-ღორღს შეიცავდა, ღვარცოფი გამოიწვია, რომელმაც მდინარის კალაპოტი დროებით გადაკეტა და წყალი დააგუბა. შემდეგ [ეს ხელოვნური კაშხალი] წყალმა გაარღვია და ხეობა დატბორა.

როგორც ჭიჭიკო ჯანლიძე აცხადებს, ამ მეწყერს და ღვარცოფს მდინარის დინამიკაში საგრძნობი როლი არ შეუსრულებია. „მეწყერმა დიდი ქვები კი ჩამოიტანა, მაგრამ მას მდინარის კალაპოტი არ გადაუკეტავს და არც წყლის დინება არ შეუჩერებია“, – ამბობს გეოგრაფი.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ადგილზე სიტუაციის შესწავლის შედეგად უფრო მეტი და დაზუსტებული მასლაა შეკრებილი. მომავალ კვირაში წარდგენილი იქნება უფრო სრული ოფიციალური ამგარიში მომხდარი წყალდიდობის შესახებ. „იქ მხოლოდ ერთი მეწყერი არ ყოფილა, დიდი მეწყრის გარდა, იყო მცირე მეწყერებიც, რომელიც 32 ჰექტარ ფართობზე განვითარდა“, – უთხრა მან BBC Russian-ის კორესპონდენტს. როგორც მერაბ გაფრინდაშვილი ამტკიცებს, მეწყერები ღვარცოფად გადაიქცა და მდინარეს შეუერთდა, თუმცა ამით წყლის დონემ მხოლოდ 2-3 მეტრით მოიმატა. „ყველაზე ნეგატიური როლი შეასრულეს, პირველ რიგში, კოკისპირულმა წვიმამ და მეწყერების მიერ მოგლეჯილმა ხეებმა, რომლებიც ღვარცოფმა მდინარეში შეიტანა. ხეებმა კი წყალგამტარი გვირაბები გაჭედეს“.

გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელის მიერ მომზადებული დასკვნა-ანგარიშის ავტორები ნაწილობრივ იზიარებენ იმ კრიტიკას, რომელიც მდინარის ხეობაში აგებული ავტომაგისტრალის მიმართ არის გამოთქმული. მათი აზრით, მშენებლობის დროს გათვალისწინებული არ იყო 1960-იანი წლების გამოცდილება, როცა მსგავსი წყალდიდობა მოხდა და ზოოპარკის ცხოველები დაიღუპნენ. „ახალი ავტომაგისტრალი საჭიროა, მაგრამ მშენებლობის დროს სეცდომები იქნა დაშვებული. იქ, სადაც გზა მდინარის კალაპოტს უახლოვდება, შედარებით მოკლე გვირაბები იქნა აშენებული. იმ ადგილზე რომ გვირაბის ნაცვლად ხიმინჯები გაეკეთებინათ და გზა ისე გაეყვანათ (ხუთი მეტრით მაღლა მდინარის დონედან), მაგისტრალი რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას არ შექმნიდა. შეიძლება მან გარკვეულწილად ხელი შეუშალა წყლის დინებას, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. მთავარი მიზეზი ის ორი გვირაბია, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია აშენებული.

უახლოეს ხანში სპეციალისტები არ ელოდებიან, რომ ასეთი მასშტაბის წყალდიდობა განმეორდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უკვე ახლავე უნდა მიიღოს ზომები, რათა კრიზისული ვითარების განმეორების შემთხვევაში დიდი ზარალი თავიდან იქნეს აცილებული. აუცილებელია თანდატან დაიწყოს მდინარის აუზში ბუნებრივი ტყეების აღდგენის პროცესი (თუმცა მას 40 წელი მაინც დაჭირდება), აგრეთვე შეიქმნას შეტყობინების სისტემა, დამონტაჟდეს ნალექების გამზომი მოწყობილობა და ასე შემდეგ.

Comments are closed