globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«New Europe» (ბელგია): ვარშავის სამიტის წინ // რა მოხდებოდა, საქართველო და უკრაინა ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრებად რომ მიეღოთ? // ინტერვიუ პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): რუსულ ფულზე მცხოვრები „საბჭოთა რივიერა“ რუსეთისაგან ავტონომიას ცდილობს // საქართველოსაგან ჩამოშორებული აფხაზეთი მოსკოვის „ერთგულ მოკავშირედ“ რჩება, თუმცა იმავდროულად თავის შავიზღვისპირა აქტივებზე კონტროლს ინარჩუნებს

«Die Welt» (გერმანია): გერმანიის მაღაზიები – ქართული ბანდების სამიზნე

———————-

«New Europe» (ბელგია), 21 ივნისი, 2016 წელი

https://www.neweurope.eu/article/effective-defence/

ვარშავის სამიტის წინ

რა მოხდებოდა, საქართველო და უკრაინა ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრებად რომ მიეღოთ? ინტერვიუ პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან

ვარშავაში, პოლონეთის დედაქალაქში, სულ მალე, 8-9 ივლისს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი უნდა ჩატარდეს. ამ ფონზე აღმოსავლეთის ფლანგზე სიტუაცია, როგორც არასდროს, ისეთი „ცხელია“: ნატოს იქ ოთხი ახალი ბრიგადის განლაგება სურს, შავ ზღვაზე კი, რუმინეთის ინიციატივით, შესაძლოა ერთობლივი ნატოს ფლოტი შეიქმნას, რუსეთის ამბიციების საწინააღმდეგოდ. მაშინ როცა ევროპის მზერა ვარშავისკენაა მიპყრობილი, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანტონ მაცარევიჩი ბრიუსელში იმყოფება. „ნიუ ეუროპას“ რედაქციამ ისარგებლა შემთხვევით და მინისტრს ინტერვიუ ჩამოართვა“, – წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი თეოდოროს ბანაკისი და პოლონეთის სამხედრო უწყების მეთაურს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ბალტიისა და შავ ზღვებს შორის არსებულ სივრცეზე ესაუბრება. ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ეხება:

- ბატონო მინისტრო, როგორია თქვენი თვალსაზრისი – აიღებს თუ არა ვალდებულებას ნატოს ვარშავის სამიტი საქართველოსა და უკრაინის მიმართ? როგორია ნატოს მზადყოფნის დონე მათი უსაფრთხოების დაცვაში და როგორია პოლონეთის დამოკიდებულება შავი ზღვის მიმართ – ზღვებშორისი სივრცის გეგმების გათვალისწინებით?

- 2008 წელს ნატოს ნუქარესტის სამიტზე პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიმ ნატოს ქვეყნების ლიდერები დაარწმუნა იმაში, რომ ალიანსმა კარი უნდა გაუღოს საქართველოსა და უკრაინას. პრეზიდენტმა მოახერხა და ნატოს ლიდერები საქართველოსა და უკრაინის პირდაპირ გაწევრიანებში დაითანხმა. ეს ყველაფერი შაბათ საღამოს მოხდა. სამწუხაროდ, კვირა დილით ვიღაცამ ნატოს ლიდერების გადაბირება შეძლო და მათ თავიანთი აზრი შეიცვალეს.

საქართველო და უკრაინა მაშინ რომ  ნატოს წევრები გამხდარიყვნენ, დღეს რუსეთს ყირიმი დაკავებული არ ექნებოდა. მოსკოვი ვერ გააკონტროლებდა დონბასს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ჩვენ ახლა რაკეტები, სირიის ნაცვლად, ვარშავაზე გვაქვს დამიზნებულიო.

როცა კი საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე ვფიქრობ, მე ყოველთვის ვიხსენებ ბუქარესტში დაშვებულ შეცდომას და ვცდილობ, როგორმე შევუმსუბუქო მათ რუსული აგრესიით გამოწვეული სიძნელეები. საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ნატოს სამიტზე ორივეს მიმართ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, დეტალებში მათ შორის განსხვავება იქნება, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს.

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 22 ივნისი, 2016 წელი

https://www.theguardian.com/world/2016/jun/21/soviet-riviera-abkhazia-black-sea-independent-russian-cash

რუსულ ფულზე მცხოვრები „საბჭოთა რივიერა“ რუსეთისაგან ავტონომიას ცდილობს

საქართველოსაგან ჩამოშორებული აფხაზეთი მოსკოვის „ერთგულ მოკავშირედ“ რჩება, თუმცა იმავდროულად თავის შავიზღვისპირა აქტივებზე კონტროლს ინარჩუნებს

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობა მეტ-ნაკლებად თვითონ გააკონტროლოს საკუთარი ეკონომიკა, ინვესტიციების პროცესი, არ დაუშვას მიწის გაყიდვა უცხოელებზე და ეფექტურად გამოიყენოს ტურისტული პოტენციალი (ავტორი – ტომ ბალმფორტი).

აფხაზეთში ბოლო წლეების განმავლობაში „ცხელი დისკუსიაა“ გაჩაღებული რუსი ინევესტორების თაობაზე, რომლებთაც ყოფილ საბჭოთა „რივიერაში“ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა სურთ. ერთი ფიქრობენ, რომ რუსული ინვესტიციების დაბანდება აფხაზეთს „ახალ სუნთქვას, ახალ სიცოცხლეს“ შთაბერავს, მეორეებს კი მიაჩნიათ, რომ მიწის გაყიდვა რესპუბლიკის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის. ამ დავამ აფხაზეთის რთული მდგომარეობის დელიკატური მომენტები გამოამზეურა.

———–

აფხაზეთი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 1992-1993 წლებში მომხდარი სისხლიანი ომის შედეგად ჩამოშორდა, რუსეთმა კი დამოუკიდებლად 2008 წლის აგვისტოში აღიარა, საქართველოსთან ე.წ. „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ, სამხრეთ ოსეთთან ერთად, რითაც მოსკოვმა თბილისის განრისხება და დასავლთის უკმაყოფილება გამოიწვია.

დღეს პატარა აფხაზეთი თავისი 240 ათასიანი მოსახლეობით ძველებურად ყველანაირად მოსკოვზეა დამოკიდებული. მიმდინარე წელს მოსკოვმა უკვე გამოუყო სოხუმს 7,7 მილიარდი რუბლი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. მართლაცდა, რუსეთის გავლენა კარგად ჩანს ყველგან და ყველაფერში – საზღვრებიდან დაწყებული და პლაჟებით დამთავრებული.

„რივიერის“ აღორძინება

საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს უკიდეგანო ქვეყნის მოქალაქეები ყოველ ზაფხულს აფხაზეთში დასასვენებლად ჩადიოდნენ, ასი ათასობით საბჭოთა მუშა, გლეხი და მოსამსახურე შავიზღვისპირა პლაჟებზე ჯანმრთელობას იკაჟებდა და დროს ატარებდა. მაგრამ 1991 წლის შემდეგ ტურისტთა ნაკადი დაიშრიტა. რამდენიმე წლის წინ რუსი დამსვენებლების რაოდენობამ თანდათან ზრდა დაიწყო, ბოლო დროს კი, რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო-დიპლომატიური უთანხმოების გამო, ტურისტთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. რუსები აფხაზეთში არა მხოლოდ თურქეთთან გაურესებული ურთიერთობის გამო ჩადიან, არამედ მათ ადგილობრივი იაფი მომსახურებაც იზიდავთ და ხიბლავთ, ყირიმთან და სოჭთან შედარებით.

როგორც ცნობილია,  რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ამ ნახევარკუნძულთან მტკიცე კავშირის მიზნით ქერჩის სრუტეზე გრანდიოზულ საავტომობილო და სარკინიგზო ხიდს აშენებს – „პუტინის ხიდს“, რომლის მეშვეობით რუსი ტურისტები ყირიმში პირდაპირ, უკრაინის გვერდის ავლით მოხვდებიან. თუმცა ჯერ-ჯერობით რუსი დამსვენებლები უფრო მეტად აფხაზეთზე არიან ორიენტირებულნი, ისინი შვებულებებს საბჭოურ სასტუმროებსა და პანსიონატებში ატარებენ, ყოველდღიურად ხედავენ პროლეტარიატის ბელადის ვლადიმირ ლენინის ძეგლს და ათვალიერებენ იოსებ სტალინის ყოფილ აგარაკებს.

როგორც აფხაზეთის ტურიზმის მინისტრი ავთანდილ ღარწკია ამბობს, ადგილობრივი ეკონომიკისათვის „უცხოური ტურიზმი“ ლოკომოტივს წარმოადგენს. ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და რეკორდებს ამყარებს. მინისტრის თქმით, „გასულ წელს რესპუბლიკამ 1,5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, ხოლო მიმდინარე წელს დამსვენებლთა რაოდენობის 20%-იან ზრდას ველოდებით“.

დასვენებით დაისვენეთ, ქონებას ვერ შეიძენთ

მართალია, რუს ტურისტებს აფხაზეთი ხელგაშლილი ხვდება, მაგრამ სრულიად სხვა ვითარებაა რუსული ინვესტიციების სფეროში – რესპუბლიკაში უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია. აკრძალვის გაუქმების მომხრეები აცხადებენ, რომ უძრავი ქონების გაყიდვით ბიუჯეტში შესული ფული აფხაზეთის ეკონომიკას მოხმარდება, ტერიტორია ომის შედეგად დარჩენილი ნანგრევებისაგან გაიწმინდება და კვლავ აღორძინდება. ოპონენტები და კრიტიკოსები კი, მაგალითად, იურისტი ალმას ჯაპუა, რომელსაც უცნობმა პირებმა ავტომანქანა აუფეთქეს, დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის დაშვებით მათ  აფხაზებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ეძლევათ, შესაბამისად, აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის პროვინციად გადაქცევის საფრთხე ემუქრება.

როგორც ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ძალიან მყიფეა და მისთვის მსგვასი თამაშები სახიფათოა: „ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, პატარა საზოგადოება. ირგვლივ ძალიან ბევრი საფრთხეა და ამიტომაც ვცდილობთ თავი დავიცვათ, ზოგჯერ კი გადაჭარბებულ სიფრთხილესაც ვიჩენთ“, – განმარტავს იგი და ამის დამადასტურებლად 2015 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთთან ხელმოწერილი შეთანხმებით სტრატეგიული ურთიერთობა „განამტკიცა“ – მოსკოვს როგორც უნდოდა, ისე გააკეთა: ერთიანი თავდაცვითი სივრცე შექმნა, გაზარდა რუსი სამხედროების რაოდენობა აფხაზეთში და ა.შ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, სოხუმმა ანკარის მიმართ (რუსული თვითმფრინვის ჩამოგდების შემდეგ), სანქციები დააწესა, თუმცა ეს სანქციები ქაღალდზე დარჩა – რეალურად შეზღუდვის შედეგები არ ჩანს.

აფხაზები შეშფოთებას გამოხატავენ აგრეთვე რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის – „როსნეფტის“ განზრახვის გამო – აფხაზეთში ნავთობის მოპოვების დაწყების თაობაზე.

მართალია, საქართველო რუსეთს ბრალს სდებს, მოსკოვი აფხაზეთის სრულ გაკონტროლებას ცდილობსო, მაგრამ აშკარაა, რომ აფხაზეთი უფრო მყარად დგას ფეხზე, ვიდრე სამხრეთ ოსეთი. როცა გავრცელდა ინფორმაციები, სამხრეთ ოსეთი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს რუსეთან მიერთების მიზნითო, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, რომ მსგავსი რამ აფხაზეთში არასოდეს მოხდება. მისი მტკიცებით, აფხაზეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ დარჩება, თუმცა იმავდროულად „დიდი რუსეთის ერთგული მოკავშირეც“ იქნება.

«Die Welt» (გერმანია), 22 ივნისი, 2016 წელი

http://www.welt.de/wirtschaft/article156408871/Deutsche-Geschaefte-werden-zum-Ziel-georgischer-Banden.html

გერმანიის მაღაზიები – ქართული ბანდების სამიზნე

გერმანულ პრესაში კვლავ გრძელდება სტატიების ბეჭდვა ქართველი კრიმინალების თემაზე. ასე, მაგალითად, დღეს გაზეთ ველტში“ გამოქვეყნებულია სტატია, რომლის ავტორი  მაიკლ გროისმანი საცალო ვაჭრობისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაყიდვის სფეროში ჩადენილ დანაშაულობებს მიმოიხილავს.

„ტრადიციულად, არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ მაღაზიის ქურდებში კლეპტომანი ბებიები და უფულო თინეიჯერები ჭარბობენ, რომლებსაც მოდურად ჩაცმა-დახურვა და კოსმეტიკა კი უნდათ, მაგრამ ჯიბეცარიელები არიან. გერმანიაში საქმე სულ სხვაგვარადაა: მაღაზიის მფლობელებისა და გამყიდველებისათვის ყველაზე დიდ პრობლემას უცხოური ბანდიტური დაჯგუფებები წარმოადგენენ, რომლებიც ყოველწლიურად მათ დიდ ზარალს აყენებენ. ეს სრულიად ახალი ფენომენია“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გერმანიის მაღაზიებში ქურდობის ფაქტები ძალიან გახშირდა და ამ უკანონო ქმედებებში განსაკუთრებით ბევრი შეინიშნებიან ქართული ბანდიტური დაჯგუფებების წევრები, შედარებით ნაკლებად – ბალკანელები და ჩრდილოეთ აფრიკელები. ქურდები იპარავენ იმ საგნებს, რაც ძალიან ძვირია და მცირე მოცულობა აქვს, მაგალითად, ოქროულობას, ელექტრონულ საქონელს (სმარტფონებს), ძვირ კოსმეტიკას, ტანსაცმელს (განსაკუთრებით ქალების აქსესუარებს) და ა.შ.

რადგანაც მძარცველები არცთუ ისე იშვიათად შეიარაღებულნი არიან, ექსპერტები ამბობენ, რომ მაღაზიების მფლობელებმა თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები უნდა ჩაუტარონ, თუმცა წინააღმდეგობის გაწევას უმჯობესია პოლიციას შეატყობინონ.

Comments are closed