globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ევროსაბჭოს თავმჯდომარემ საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერად კი მოიხსენია, მაგრამ უვიზო რეჟიმი არ აღუთქვამს

«Newsweek» (აშშ): ვლადიმირ პუტინი ეშმაკურად ცვლის საქართველოს საზღვრებს

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): როგორ შევაკავოთ დათვი: ევროპის წამყვანი ქვეყნები რუსეთთან კონფლიქტს დიპლომატიას ამჯობინებენ, რომელიც მშვიდობის გარანტიაა

«Украiнська правда» (უკრაინა): „უკრნაფტას“ ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილს: „გუბერნატორო, ან ბოდიში მოიხადე, ანდა სასამართლოში გიჩივლებ“

«РБК Daily» (რუსეთი): აფხაზური ღვინო ფრანგულის ნაცვლად

————————

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 22 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2773161

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერად კი მოიხსენია, მაგრამ უვიზო რეჟიმი არ აღუთქვამს

სტატიაში გადმოცემულია ევროპის საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფაქტები. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იგი ეწვია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის მემორიალი (ავტორი – გიორგი დვალი).

„საერთოდ, დონალდ ტუსკი საქართველოში ექვსი დღის დაგვიანებით ჩამოვიდა. თავდაპირველად ვიზიტი 14 ივლისს იყო დაგეგმილი. ოფიციალური ცნობით, დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადება საბერძნეთის სიტუაციამ განაპირობა, მაგრამ, არაოფიციალური მონაცემებით, მან არ მოისურვა თბილისში ჩამოსვლა იმ დროს, როცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკლაცია – აქციები და მიტინგები მიმდინარეობდა. დონალდ ტუსკს ასევე არ უნდოდა საქართველოში იმ დროს ყოფნა, როცა მოსკოვ-თბილისის დიპლომატიური „კლინჩი“ ხდებოდა.

ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ევროსაბჭოს თავმჯდომარე თბილისში მაინც ჩამოვიდა და საქართველოს ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრების დროს მხარი დაუჭირა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას („ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მათ საქართველოს ნაწილებად ვთვლით“), ხოლო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი გამწვავება პროვოკაციად მიიჩნია და აღნიშნა, რომ დემარკაციული ნიშნულების აღმართვა დაუშვებელია („მოვუწოდებ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების პირობები“).

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპასუხო განცხადებით გაირკვა, რომ საქართველო სრულიად კმაყოფილია ბრიუსელთან დღევანდელი ურთიერთობით და რომ დონალდ ტუსკის ჩამოსვლა თბილისში, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის გამწვავების დროს, ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ევროკავშირის მხარდაჭერას ნიშნავს“.

„საქართველო „აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია’, – განაცხადა დონალდ ტუსკმა, მაგრამ იქვე მიანიშნა, რომ სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ჯერ კიდევ არაა მზად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისათვის: „ეს რომ მხოლოდ ჩემზე იყოს დამოკიდებული, მე ახლავე მხარს დაგიჭერთ ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ საქართველოსთვის ჯერ ადრეა, თბილისმა რეფორმები უნდა გაატაროსო“.

«Newsweek» (აშშ), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.newsweek.com/putin-slyly-redraws-georgias-borders-355816

ვლადიმირ პუტინი ეშმაკურად ცვლის საქართველოს საზღვრებს

ამერიკულ ჟურნალ «Newsweek»-ში გამოქვეყნებულ სტატია ეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტს – ე.წ. სამხრეთოს ოსეთის „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნულების დადგმას რუსი მესაზღვრეების მიერ და ამასთან დაკავშირებით გამართულ აქციებს (ავტორი – გიორგი მჭედლიშვილი).

პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული სიტუაციის გამწვავების შედეგები („მოსახლეობას საკუთარი მიწებითა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით სარგებლობა აეკრძალათ, სეპარატისტების კონტროლქვეშ აღმოჩნდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მონაკვეთი, საფრთხე დაემუქრა ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალის ნორმალურ მუშაობას“),   აღწერილია სიტუაციის წინაპირობები (რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მეგობრობისა და მოკავშირების ხელშეკრულებების ხელმოწერა) და საქართველოს-რუსეთ-დასავლეთის ურთიერთდამოკიდებულების ამსახველი მოვლენები (ასოცირების შეთანხმება საქართველო-ევროკავშირს შორის, რუსეთის ანტიქართული განცხადებები და შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურება).

„რუსეთმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პროვოკაციის განხორციელების დროს მოხერხებულად შეარჩია – დასავლეთი დაკავებულია საბერძნეთის პრობლემის მოგვარებით, ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის თავიდან აცილებით და ირანთან მოლაპარაკებით, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამების შეზღუდვას და სანქციების მოხსნას ისახავს. ინციდენტი ასევე დაემთხვა მოსკოვში საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის და პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ვიზიტს, რომელიც ყველაზე ცნობილი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსია საქართველოში. მან რუსული ტელეარხების ეთერში გამოსვლის დროსსაქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოფიციალურ თბილისს რუსეთთან დიალოგში მონაწილეობა არ სურს“, – ნათქვამია სტატიაში.

„ნინო ბურჯანაძე ვლადიმირ პუტინის დესპანის სახით მოქმედებს. [ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტი], ალბათ, ძალის დემონსტრირება იყო ქართველი და რუსი პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრის წინ, სადაც ვლადიმირ პუტინის ქართული ხელისუფლებისაგან მნიშვნელოვან პოლიტიკურ დათმობებს მოითხოვს. საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების მიმდინარე ფორმატი არასკმარისია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, გარდა ამისა, სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები“, – აღნიშნულია პუბლიჯკაციაში.

„საქართველოს მხოლოდ ერთი რეალური არჩევანი აქვს რუსეთის პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად: საერთაშორის მხარდაჭერა და სოლიდარობა. მაგრამ დასავლეთი უმეტესად სიჩუმეს ამჯობინებს ან უკვე მომაბეზრებელ „შეშფოთება-აღშფოთებას“ გამოხატავს. ინციდენტის პირველ დღეებში არცერთ დასავლურ წამყვან მედიასაშუალებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ასეთი მოქმედებით რუსეთს სტიმული ეძლევა უფრო მეტი ტერიტორიების მიტაცებაში და, ალბათ, ასე გაგრძელდება, თუ დასავლეთი მტკიცედ არ დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მკვეთრ სიგნალს არ გაუგზავნის ამის შესახებ. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ თბილისი იძულებული იქნება რუსეთს დაუთმოს და საგარეოპოლიტიკური კურსი მოსკოვის სასარგებლოდ შეცვალოს.

სომხეთი უკვე მტკიცედაა მოქცეული რუსეთის ორბიტაში, რადგან ეს ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია გაწევრიანებული. აზერბაიჯანიც პრორუსულ განწყობებს ამჟღავნებს. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის სერიოზული დასაყრდენს წარმოადგენს და მისი დაკარგვა, პრაქტიკულად, მთელი რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ, მისი გავლენის სფეროში მოქცევას ნიშნავს – რეგიონისა, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ენერგოშემცველების სატრანზიტოდ, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – ასეთი დასკვნაა მოცემული სტატიის დასასრულს.

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.independent.co.uk/voices/editorials/containing-the-bear-major-european-nations-have-no-appetite-for-conflict-with-russia–diplomacy-is-still-the-best-guarantor-of-peace-10403280.html?origin=internalSearch

როგორ შევაკავოთ დათვი: ევროპის წამყვანი ქვეყნები რუსეთთან კონფლიქტს დიპლომატიას ამჯობინებენ, რომელიც მშვიდობის გარანტიაა

ბრიტანულმა გაზეთმა «The Independent»-მა სარედაქციო კომენტარი გაუკეთა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან ამავე გაზეთის ჟურნალისტის ოლივერ კეროლისათვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ.

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა? „ვლადიმირ პუტინი პატივს არ სცემს ეროვნულ საზღვრებს და იგი ყველგან შეეცდება თავისი მიზნების განხორციელებას. ვლადიმირ პუტინი შეპყრობილია იდეით, რომ ნატოს შესაძლებლობა გამოსცადოს. მე ადრეც ვთქვი, უკრაინასაც საქართველოს მსგავსად იგივე მოუვა-მეთქი, შემდეგი კი ბალტიისპირეთი იქნება. ვლადიმირ პუტინმა სამი მთავარი რამ განაცხადა: პირველი, რომ ჩვენ საქართველოს ჩრდილოეთ კვიპროსად გადავაქცევთო; მეორე – უკრაინა სახელმწიფო კი არა, ტერიტორია იქნებაო; მესამე – ბალტიის სახელმწიფოები არათავდაცვისუნარიანები გახდებიან. არაა გამორიცხული, რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და აზერბაიჯანს მოუბრუნდეს“, – აი, ასეთი რამ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთის გასაფრთხილებლად ინტერვიუში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა «The Independent»-სათვის მიცემულ ინტერვიუში დასავლეთი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ვალადიმირ პუტინი უკრაინაზე არ შეჩერდება, რომ იგი „კიდევ მოუბრუნდება“ საქართველოს, რომელთანაც რუსეთს 2008 წელს ომი ჰქონდა და აზერბაიჯანს. რაც ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგაშოა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს. მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის თანახმად, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ნატო არაფრის გამკეთებელი არ არის, ვლადიმირ პუტინი მიიერთებს ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს, 1991 წლის მდგომარეობით.

სარედაქციო კომენტარში «The Independent» აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი  „მოვლენების ობიექტური დამკვირვებელი არ არის“, იგი „ვლადიმირ პუტინის შეურიგებელი მტერია“  და როგორც ბევრი კრიტიკოსი ამბობს, იგი გარკვეულწილად „ამერიკის მარიონეტს“ წარმოადგენს.

„მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პიროვნული თვისებებისა, არის თუ არა იგი მართალი იმაში, რასაც ვლადიმირ პუტინის შესახებ ლაპარაკობს? რუსეთის პრეზიდენტი სულელი არ არის. იგი არ იწყებს ისეთ ომებს, რომელთა გამარჯვებაში დარწმუნებული არაა. იგი ჯერ ყველაფერს კარგად სწავლობს, როგორც ეს „კაგებე“-ს მაღალჩინოსან ოფიცერს შეეფერება. მისი სტრატეგია ძალიან ნათელი და მკაფიოა. იგი დახელოვნებული ტაქტიკოსია და მხოლოდ მაშინ იღებს სასურველს, როცა ეს შესაძლებელია. დანარჩენს კი იმ დროისთვის მოიტოვებს, როცა ეს უფრო მოსახერხებელი იქნება.

მაგრამ რას აკეთებს დასავლეთი? საბოლოოდ აშკარაა, რომ საფრანგეთი და გერმანია მზად არ არიან უკრაინის ომში ჩაერიონ. მთავარია, რომ გაეროს სანქციები დააწესა. ვლადიმირ პუტინი უკრაინას სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, 2014 წლის მარტში მას ყირიმი წაართვა და წყლიდანაც მშრალი გამოვიდა. რაც შეეხება ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, მათი უსაფრთხოებისათვის ჩვენ, ნატოს და ევროკავშირს, სამი რამის გაკეთება მოგვიწევს:

პირველი – განვალაგოთ მათ ტერიტორიაზე ჯარები და დავიწყოთ სამხედრო მანებრები, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს რესპუბლიკები დაცულნი არიან ისე, როგორც ნატოს სრულფასოვან წევრებს შეეფრერება (რაც არ შეიძლება ითქვას საქართველოსა და უკრაინაზე);

მეორე – ჩვენ უნდა მოველაპარაკოთ რუსეთს, თავი არაფრით არ უნდა შევიზღუდოთ და არ დავთმოთ საერთო პრინციპი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. როცა რიჩარდ ნიქსონი და რონალდ რეიგანი ვლადიმირ პუტინის წინამორბედებს ხვდებოდნენ ცივი ომის დასრულების მიზნით, ისინი ამას საბჭოთა კავშირის მხარდასაჭერად არ აკეთებდნენ. დიპლომატიური კონტაქტები არ ნიშნავს იმას, რომ სანქციები შესუსტდეს. უბრალოდ, რუსებს უნდა ვუთხრათ, რომ ის არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც მათ აქვთ,  უადგილო და უსაფუძვლოა.

მესამე – დასავლეთმა რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის ლეგიტიმურ, სამართლიან ინტერესებზე, [ისინი უნდა გაითვალიწინოს]. თუ რუსულენოვანი უმცირესობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მართლაც იჩაგრება და მათი უფლებები ირღვევა, ჩვენ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ მათ დასაცავად. ცნობილია, რომ ბალტიის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის ეროვნულ-კულტურული სპეციფიკა ყოველთვის არ იყო დაცული და პატივისცემით არ ეპყრობოდნენ. ეს აღარ უნდა განმეორდეს“.

«Украiнська правда» (უკრაინა), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.pravda.com.ua/news/2015/07/20/7075100/

http://biz.liga.net/all/tek/intervyu/3063293

„უკრნაფტას“ ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილს: „გუბერნატორო, ან ბოდიში მოიხადე, ანდა სასამართლოში გიჩივლებ“

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და იგორ კოლომოისკს შორის დაპირისპირება მძაფრდება. ამას წინათ ოდესის ოლქის გუბერნატორმა ტელევიზიით გამოსვლისას უკრაინის ყველაზე ძლიერი გაზ-ნავთობმომპოვებელი კომპანია „უკრნაფტა“ არასწორ მენეჯმენტსა და შესაბამისად, დავალიანების დაგროვებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავისი წამგებიანი საქმიანობით ამ კომპანიამ ბიუჯეტში თანხები არ შეიტანა, შესაბამისად, სახელმწიფოს და პენსიონერებს პრობლემები გაუჩინა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „უკრნაფტას“ 2014 წლის შედეგებით, 80 მილიარდი გრივნის ვალი აქვს (დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარი).

რა შუაშია აქ იგორ კოლომოისკი? სწორედ რომ შუაშია, კაკალ გულში: „უკრნაფტას“ აქციების 51% უკრაინის სახელმწიფოს ეკუთვნის, 49% კი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის.

ჰოდა, მილიარდერის პასუხმაც არ დააყოვნა: „ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „უკრნაფტა“ წამგებიანია და 80 მილიარდის ვალი აქვსო. მინდა, რომ ეს ყველაფერი მოისმინოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა, რომელიც ჩვენ დივიდენდების გადახდას გვთხოვს. დივიდენდები კ მოგებიდან უნდა იქნეს გადახდილი. თუ ჩვენ მოგება არ გვაქვს, როგორც ამას სახელმწიფო თანამდებობის პირი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ჩვენ ბიუჯეტში ვერაფერს ვერ გადავიხდით“.

გარდა ამისა, „უკრნაფტა“ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში ჩივილითაც ემუქრება კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოსდა „უკრნაფტა“ წამგებიან და ზარალიან ბიზნეს სტრუქტურას წარმოადგენს.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ კომპანიის მუშაობის რეალურ შედეგებთან შედარებაც კი არ შეიძლება. შექმნილ სიტუაციაში ჩვენ იძულებულნი ვართ მივმართოთ მიხეილ სააკაშვილს თხოვნით: ერთი კვირის ვადაში საჯაროდ უარყოს მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია და შეგვატყობინოს, რომ ჩვენი თხოვნა შესრულებულია, თუ არადა, უფლებას ვიტოვებთ სასამართლოს მივმართოთ. „უკრნაფტა“ ასე იმოქმედებს იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ესა თუ ის პიროვნება, გინდაც ის პირადად მიხეილ სააკაშვილი იყოს. მსგავსი პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაუშვებელია“, – აღნიშნულია კომპანიის პრეს-რელიზში.

ვნახოთ, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის საპასუხო სვლა: ბოდიში თუ კვლავ შეტევა? დროის ათვლა უკვე დაიწყო, ულტიმატუმის ვადა შაბათს მთავრდება…

კიდევ ერთი საკმაოდ გაუგებარი და ბურუსით მოცული მოვლენა, რომელიც ასევე ენერგოკომპანიასთანაა კავშირში, ამჯერად კი ამერიკულ „ფრონტერა“-სთან, რომელიც საქართველოში საქმიანობს: ხუთიოდე დღის წინ უკრაინულმ „ნაფტოგაზ“-მა ხელი მოაწერა ამერიკულ „ფრონტერა რესურს“-თან მემორანდუმს, რომელიც, შეიძლება ითქვას, სენსაციური შინაარსისაა: კომპანია თხევადი გაზის მიწოდებას უკრაინაში საქართველოდან 2017 წლისათვის გეგმავს. ერთი შეხედვით, ამ განზრახვაში გასაკვირი არაფერია, შესაძლოა, ამერკელები გაზს აზერბაიჯანში ყიდულობენ და მერე უკრაინას მიაწვდიან, მაგრამ „ფრონტერა“ ამას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რესურსების, ანუ ქართული გაზის საბადოებიდან აპირებს.

არის თუ არა საქართველოს წიაღში ამდენი გაზი? ან შეიძლება თუ არა საქართველოში ბუნებრივი აირის „თხევად აირად გადაქცევა? არის თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარებული?

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ გასულ წელს სკანდალში გაეხვა, როდესაც მას და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის კონფლიქტი დაიწყო. სახელმწიფო ფრონტერასგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვდა.გასული წლის ივნისში ქართულ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია „ფრონტერას“ სენსაციურმა განცხადებამ საგარეჯოს რაიონში 42 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის გეოლოგიური მარაგის  აღმოჩენის შესახებ.

სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში ბუნებრივი გაზის გათხევადებისათვის აუცილებელი რთული ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ „ფრონტერას“ მიერ აღწერილ საბადოებზე.

«РБК Daily» (რუსეთი), 22 ივლისი, 2015 წელი

http://www.rbcdaily.ru/industry/562949996219436

აფხაზური ღვინო ფრანგულის ნაცვლად

რუსული რუბლის დევალვაციის გამო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ღვინოების იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მკვეთრად შემცირდა: ახალი მომატებული ფასები ჯიბეს ძალიან ურტყამს. თუმცა მედალს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია: ასეთი სიტუაციის წყალობით იმპორტიორებს შორის ლიდერი აფხაზური კომპანია „მისტრალ ალკო“ გახდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ირინა ჟავორონკოვა).

იანვარ-ივნისში, ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, შარსანდელტან შედარებით დასავლური წარმოების ღვინოების იმპორტმა 38%-ით იკლო, განსაკუთრებით შემცირდა ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, არგენტინიდან… ამჟამად, რუსეთში ღვინოების ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა ათეულში ახალი ქვეყანა გჩნდა – აფხაზეთი. 2015 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთში შეტანილ იქნა 7,7 მილიონი ლიტრი აფხაზური ღვინო, ანუ 26%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინათ. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთმა, პირველად რუსეთის უახლეს ისტორიაში, მეოთხე ადგილი დაიკავა ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ. ადრე აფხაზეთს უსწრებდნენ ჩილი, უკრაინა, მოლდოვა და ბულგარეთი. გასულ წელს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა საქართველოს, რომელმაც რუსეთთან ვაჭრობა 2013 წელს აღადგინა.

„აფხაზეთის ეკონომიკა, არსებითად, რუსეთის ეკონომიკის ნაწილია, რუსული ვალუტით, ამიტომაც ფასებს აფხაზურ ღვინოებზე მაინცდამაინც ძალიან არ მოუმატიათ“, – განმარტავს ვადიმ დრობიზი, ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონული ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორი, – მიმდინარე წლის დასაწყისისდან ევროპულ და ამერიკულ ღვიონებზე ფასებმა 25-40%-ით მოიმატა, რუსეთსა და აფხაზეთში წარმოებულმა კი მხოლოდ 155-ით“. ექსპერტის თქმით, რუსულმა იმპორტიორმა კომპანიებმა შეგნებულად შეამცირეს დასავლური ღვინოების შემოტანა, რადგანაც შიშობდნენ, რომ მათ ვერ გაყიდდნენ, ამ სიტუაციით კი აფხაზური იაფი ღვინის შემომტანებმა ისარგებლეს.

წინა წლებში რუსეთში ღვინის იმპორტიორებში სომეხი ბიზნესმენის გაგიკ ცარუკიანის კომპანია „ლუდინგი“ ლიდერობდა“, ახლა კი მან პირველობა „მისტრალ ალკას“ დაუთმო, რომლის მფლობელია ბესლან აგრბა, რუსეთში არსებული აფხაზური დიასპორის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. იგი „მისტრალ ალკოს“ აქციების 75%-ს ფლობს. ბელსან აგრბას ეკუთვნის აგრეთვე „მისტრალ ტრეიდიგის“ აქციების 100%, რომელიც შაქრის წიწიბურის, ბრინჯისა და სხვა მარცვლოვანების მსხვილი დისტრიბუტორია.

ბესლან აგრბამ დაუდასტურა გაზეთის კორესპონდენტს, რომ აფხაზური ღვინოების რუსეთში იმპორტი მისი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა.

„დღეს აფხაზური ღვინის საშუალო ფასი რუსეთში 400 რუბლს შეადგენს, – ამბობს „მისტრალ ალკოს“ გენერალური დირექტორი ლივიუ სიტნიკი, – ასეთი ფასებით შეგიძლიათ ფრანგულ ღვინოებიც იყიდოთ. ასე რომ, იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მოგებას ვიღებთ მხოლოდ დაბალი ფასებით, ეს არასწორი იქნებოდა“.

ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2013 წლიდან „მისტრალ ალკო“ აფხაზური ღვინოების ერთადერთი იმპორტიორია რუსეთში. რასაკვირველია, მას აფხაზეთის გარდა, ღვინოები სხვა ქვეყნებიდანაც შემოაქვს – ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ჩილედან, სერბეთიდან, ურუგვაიდან. ასეთი სიტუაცია უპრეცედენტოა რუსეთის ღვინის ბაზრისათვის. შედარებისათვის: საქართველოდან ღვინის იმპორტს, 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 33 კომპანია აწარმოებდა, ესპანეთიდან – 78, საფრანგეთიდან კი – 73.

„მისტრალ ალკოს“ ბრენდებია ღვინოები „აფსნი“, „ლიხნი“ და „ფსოუ“, რომლებიც ძირითადად სოხუმის ღვინის ქარხანაში ისხმება. როგორც რუსეთის სომელიეთა კავშირის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელი არტურ სარქისიანი ამბობს, სამწუხაროდ, აფხაზეთში ვენახები ძალიან ცოტაა და იქ მოკრეფილი ყურძნიდან რუსეთში იმპორტირებული ღვინის მხოლოდ ნაწილი თუ იწურებას, დანარჩენი კი, როგორც ჩანს, ფალსიფიცირებულია“.

ლივიუ სიტნიკის თქმით, „მისტრალ ალკოს“ კუთვნილი ვენახების ფართობი 700 ჰექტარს შეადგენს, მათგან მზადდება „ლიხნი“ და „აფსნი“. ნედლეულის ნაწილს გლეხებისაგან იძენენ.

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის ხელმძღვანელის ლეონიდ პოპოვიჩის თქმით, ამ მცირე ფართობიდან ამდენი აფხაზური ღვინის დამზადება შეუძლებელია: „ერთ ჰეტარზე მოწეული მოსავალი 7 ტონა ყურძენი ითვლება, საიდანაც დაახლოებით 7 ათასი ბოთლი ღვინო შეიძლება დამზადდეს. შესაბამისად, 700 ჰექტრიდან დამზადდება, ჰა-ჰა, 5 მილიონამდე ბოთლი. 2014 წლის მონაცემებით, აფხაზეთიდან რუსეთში 17,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო შემოიტანეს. სად ნახეს მათ ამდენი ნედლეული, ან რა ყურძნის მოსავალი მოიწიეს ასეთი, ეს საკითხავია“.

Comments are closed