globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს?

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო შესაძლოა ავტორიტარული მეზობლების რკალში აღმოჩნდეს // თურქეთი როგორც პაკისტანი?

«Новое время» (სომხეთი): „ზემო ლარსი“: თავის გადარჩენა  ნებისმიერ ფასად

«Forbes» (აშშ): როგორ აძლევს ტექნომუსიკა განვითარების სტიმულს ომისაგან დაზარალებულ საქართველოს

———————-

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 21 ივლისი, 2016 წელი

http://www.ekhokavkaza.com/a/27871923.html

ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ სამი თვეა დარჩენილი, ქვეყნის ხელისუფლება კი მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის – თავდაცვის მინისტრის მიმართ ჯერაც ვერ გარკვეულა: „რესპუბლიკელებისა“ და „მეოცნებეების“ „გაყრის“ შედეგად თინა ხიდაშელი სამხედრო უწყებას საკმაოდ რთულ ვითარებაში მყოფს ტოვებს. ექსპერტების თქმით, ქალბატონი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების თაობაზე მის მემკვიდრეს პრობლემებს უმატებს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ვლადიმირ უანანიანცი).

საქართველოში სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პოსტის დასაუფლებლად ფარული ბრძოლა მიმდინარეობს. იურიდიულად თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური იქნება თინა ხიდაშელის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი მინისტრის რანგში თავისი ბოლო ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ თინა ხიდაშელს ორი პრეტენდენტიდან ერთ-ერთი შეცვლიდა – ან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ან პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორივეს ამბიციები საფუძველშივე გაანეიტრალა: „ორივე – ირაკლი სესიაშვილიც და კახი კახიშვილიც იქ არიან, სადაც უნდა იყონ. ორივე თავიანთ მოვალეობებს მშვენივრად ასრულებენ… კონსულტაციები ჯერ გრძელდება“.

აი, ირაკლი სესიაშვილი კი აშკარად მეტს ელოდებოდა. აბა, სხვაგვარად იგი ისე მკაცრად ვერ შეაფასებდა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას სავალდებულო გაწვევის გაუქმების გამო – „მე რომ თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი, მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე ამგვარ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რადგან ასეთი მოქმედება აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი უპატივცემლობა არისო“. ეს მისი ამბიციების ერთგვარი სიგნალი იყო მინისტრობაზე.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, ასეთი არჩევანი ქვეყნისათვის საუკეთესო არ იქნებოდა: „ირაკლი სესიაშვილს თავდაცვის მინისტრობა დიდი ხნის წინ სურდა და ახლაც სურს, მაგრამ ჩემი აზრით, მისი მინისტრად დანიშვნა ქვეყნისათვის კარგი არ იქნება. ირაკლი სესიაშვილს საკმაოდ ბევრი პოლიტიკური შეცდომა აქვს დაშვებული… საბოლოო ჯამში, ვინც არ უნდა იყოს მინისტრი, ის მაინც დროებით იქნება ამ თანამდებობაზე, რადგან არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. არჩევნებში კი ასი პროცენტით არავინ არაა დარწმუნებული, რომ ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ასე რომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არათუ თავდაცვის მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის ვინაობაც“.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისში ხმები გარცელდა, თითქოსდა სამხედრო უწყების ხელმძღვანელად სოფლის მეურბენის მინისტრი ოთარ დანელია გადაჰყავთო. სად თავდაცვა და სად სოფლის მეურნეობა? როგორც ირკვევა, ოთარ დანელიას უკვე ჰქონია ძალოვან სტრუქტურებში (შსს-ში) საკმაო ხნის მუშაობის გამოცდილება და აქედან გამომდინარე, იგი თავდაცვის სამინისტროში იმ შეცდომებს აღარ გაიმეორებს, რაც ირაკლი ალასანიამ და თინა ხიდაშელმა დაუშვესო. თუმცა ამ ხმებს მთავრობაში არ ადასტურებენ.

ოპოზიციურ „ერთიან ნაცმოძრაობაში“ მინისტრობის სავარაუდო კანდიდატურებისადმი გულგრილობას ამჟღავნებენ: მიხეილ სააკაშვილის პარტიისათვის მთავარი ისაა, რომ სამხედრო უწყების ახალი ხელმძღვანელი დასავლური კურსის ერთგული იყოს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, „დღევანდელი რეალიებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დანიშნავენ. საქართველოში ამჟამად მართვის ფორმალური რეჯიმია, ყველა სერიოზულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს და კონკრეტული კანდიდატურები არანაირ როლს არ ასრულებენ. ამრიგად, ჩვენთვის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელშიც ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ყველა კანდიდატი მისაღები იქნება, მთავარია დასავლური კურსის ერთგული იყოს“.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავებაზე კონსულტაციები კიდევ ერთი მიზეზის გამო ჭიანურდება: შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ არენაზე ახალი ფიგურა გამოიყვანოს, როგორც ეს პარტიის საარჩევნო სიიის შემთხვევაში მოხდა. ასეა თუ ისე, პრემიერ-მინისტრმა თინა ხიდაშელის მემკვიდრის ვინაობა უკვე უახლოეს დღეებში უნდა გამოაცხადოს. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ეყოლება“, – აღნიშნავს ავტორი.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-among-authoritarian-countries/3429122.html

საქართველო შესაძლოა ავტორიტარული მეზობლების რკალში აღმოჩნდეს

თურქეთი როგორც პაკისტანი?

ნინო დალაქიშვილი

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამავდროულად, ეს ის ქვეყანაა, რომელიც წარმოადგენს მოკავშირეს დასავლეთისთვის აღმოსავლეთში. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა თურქეთში, რასაც არაერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი დემოკრატიულობისთვის საფრთხის შემცველად აფასებს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ ეს ქვეყანა, არამედ მისი სამეზობლოც და დასავლელი მოკავშირეებიც.

რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის კუთხით საქართველოზე თურქეთში არსებულმა ვითარებამ, თუ იქ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ტენდენცია შენარჩუნდება და გარღმავდება? რა სცენარით შეიძლება ვიხილოთ მოვლენების განვითარება ავტოკრატიული მეზობლების რკალში აღმოჩენილ საქართველოში? ამ საკითხებზე მსჯელობისთვის „ამერიკის ხმა“ რამდენიმე რესპონდენტს დაუკავშირდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს: „საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან გააგრძელებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას და ახლო კავშირს. ამის დადასტურება იყო ჩვენი გუშინწინ გამართული სტრატეგიული ფორუმი. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენს შორის არსებული ორმხრივი უერთიერთობები. რაც შეეხება საქართველოს, მე მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ქვეყნის დასავლური განვითარება, დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის დაახლოვება ევროპულ ღირებულებებთან, ესაა ქვეყნის არჩევანი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობას იმისთვის, რომ ამ არჩევანს რაიმე საფრთხე დაემუქროს უახლოეს მომავალში. რაც არ უნდა გამოწვევების წინაშე იყოს საქართველო, მთავრობის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ხალხის მიერ არჩეული კურსი. გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაემუქროს საფრთხე არჩევანის თავისუფლებას, საფრთხე არ დაემუქროს ჩვენს ევროპულ მომავალს და არანარირად არ მოხდეს იმ დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებების გაფერმკრთალება ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დატვირთვის მატარებელი“.

თურქეთში ისლამის როლის გაძლიერებამ შესაძლოა განვითარების განსხვავებული პერსპექტივა შექმნას. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა: „თურქეთ–საქართველოს ისტორიული ურთიერთობები არ იყო იოლი. განსაკუთრებით ადვილი არ იყო ურთიერთობების დამყარება იოლი მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი 90–იან წლებში. იმისთვის, რომ თურქეთ–საქართველოს ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილიყო და არ ყოფილიყო ისეთივე ურთიერთობები, გამომდინარე ისტორიიდან, როგორიცაა ვთქვათ არის თურქეთსა და სომხეთს შორის, ძალიან ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით ედუარდ შევარდნაძის პერიოდში და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლეთმა, რომელმაც თურქეთი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ შემოიყვანა სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოში, როგორც დასავლეთის მოკავშირე რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო და არის დღემდე ნატოს მოქმედი წევრი. დასავლეთის მიერ თურქეთის, როგორც მოკავშირის შემოყვანამ, შეცვალა ისტორიული ნარატივი თურქეთის სასარგებლოდ, მათ შორის საქართველოში. მთლიანობაში, თურქეთი ამ წლების განმავლობაში განიხილებოდა როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი წევრი და რაც მთავარია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც დღეს თუ არა ხვალ, გახდებოდა ევროკავშირის წევრი. თუმცა გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც დღეს ვითარდება თურქეთში, აბსოლუტურად ეჭვქვეშ დგება ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ თურქეთ–დასავლეთის ურთიერთობები ძალიან იძაბება.

თურქეთმა უარი თქვა თავის ისტორიულ გზაზე, ანუ ათა-თურქის მემკვიდრეობაზე და შეინიშნება გარკვეული რევიზიის მცდელობა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ასევე ძალიან ძლიერდება ისლამის როლი. ამან შეიძლება გარკვეული გამოწვევები წარმოშვას საქართველ–თურქეთს შორის ურთიერთობაში, თუ ეს ტენდენციები შენარჩუნდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დასავლეთსა და თურქეთს შორის იმდენად დაიძაბება ურთიერთობები, რომ ვთქვათ, თურქეთი ნატოს წევრი აღარ იქნება და სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთი არ ადგას დემოკრატიზაციის გზას, უფრო პირიქითაა. გამომდინარე ჩვენი რეგიონის თავისებურებიდან, თურქეთი უფრო ემსგავსება რეგიონის დანარჩენ სახელმწიფოებს, ავტოკრატიული მმართველობისკენ მიდრეკილებს, რაც გარკვეულწილად, პრობლემას ქმნის საქართველოსთვის, რომელიც ძალიან ბევრს ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადალახოს ბევრი დაბროლება და აკეთებს ყველაფერს, მათ შორის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. არსებობს საფრთხე, რომ საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს ავტორიტარული მეზობლების რკალში. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუწყობს დემოკრატიულობის განვითარებას. გარდა იმისა, რომ თურქეთი არის ჩვენი მეზობელი, ის ასევე არის მნიშვნელოვანი ჰაბი საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ნებისმიერ ცვლილება, რაც თურქეთთან მიმართებით აისახება, აუცილებლად საკუთარ გამოვლენას ჰპოვებს საქართველო–თურქეთს შორის ურთიერთობებზე“.

საერთაშორისო მედიამ დღეს, 21 ივლისს, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეიზღუდა.

—————-

გადატრიალების მცდელობისას, დასავლეთმა თურქეთის მთავრობას და ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ რეჯეპ ერდოღანი ამ მხარდჭერას საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენებს. „მე ის მაღელვებს, რომ რეჯეპ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების ამ მცდელობამდეც გვაჩვენებდა ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს. ახლა ის ამ ინციდენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე უფრო მეტი ზეწოლა განახორციელოს. თურქეთში ამ ინციდენტის შემდეგ უფრო მეტად შეიზღუდება მედია, პოლიტიკური საქმიანობა და ზოგადად დემოკრატია“, – აცხადებს ყოფილი ელჩი.

რაც შეეხება თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობას, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ცვლილებებს არ მოელის და ამ მიმართულებით თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობები უცვლელი დარჩება. თუმცა იმავდროულად იგი იმასაც აღნიშნავს, რომ „თურქეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების შელახვამ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ურთიერთობების დაძაბვამდე მიგვიყვანოს“.

„ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის“ თურქეთის პოლიტიკის მკვლევარისა და პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკლ რუბინის თქმით, განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ დგას ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები. „ჩემი აზრით, ამერიკასა და თურქეთს შორის ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, როგორიც ამერიკას პაკისტანთან აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ანტიამერიკანიზმი, რომელიც ხშირად მთავრობიდან იქნება წამოსული. ვაშინგტონი აღიარებს იმას, რომ თურქეთი არ იქნება ერთგული მოკავშირე, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთთან ურთიერთობა მაინც შეინარჩუნოს“, – აცხადებს მაიკლ რუბინი.

ამ არგუმენტს მაიკლ რუბინი იმითაც ამყარებს, რომ ამერიკაში მიმდინარე დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროპაში გახშირებული ტერორისტული აქტების ფონზე, ახლო მომავალში გადასავლეთმა შეიძლება ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით თურქეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/usturkey-relations/3427806.html

«Новое время» (სომხეთი), 21 ივლისი, 2016 წელი

http://nv.am/news/52189?task=view

„ზემო ლარსი“: თავის გადარჩენა  ნებისმიერ ფასად

ზაფხულია, ცხელა… ზოგი ზღვისიქითა კუნძულებზე მიდის დასასვენებლად, ზოგი – სევანის ტბაზე, ზოგიც საქართველოში, შავი ზღვის კურორტებზე… გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი მარიამ სამველიანი კი საქართველოს სამხედრო გზაზე, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გაემგზავრა სიტუაციის გასაგებად. როგორც ცნობილია, აქ ბოლო თვეში, ღვარცოფით დაზიანებული გზის რემონტის გამო, სომხეთის მოქალაქეები და ავტომობილები დროებით „ტყვეობაში“ მოექცნენ.

„სომხეთ-საქართველოს საზღვარი იოლად, ლოდინის გარეშე გადავკვეთეთ. მართალია, ქართველი მესაზღვრეები სომხეთის მოქალაქეებს ზოგჯერ საკმაოდ თავხედურად გვექცეოდნენ, მაგრამ ყველა პროცედურა ოპერატიულად სრულდებოდა, ანუ ჩვენს მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულებას მესაზღვრეების მუშაობის სისწრაფეზე გავლენა არ მოუხდენია, რისთვისაც ქართველები მაინც «МАДЛОБА»-ს იმსახურებენ. იგივე სიტუაცია იყო სამხედრო გზაზეც – ქართული საკონტროლო პუნქტი „ყაზბეგი“ იოლად გავიარეთ, შემდეგ კი, [რუსულ „ზემო ლარსთან“] კილომეტრიან რიგში მოვხვდით“, – წერს სომეხი ჟურნალისტი და ვრცლად აცნობს მკითხველს რუსი მესაზღვრეების მხრიდან გამოვლენილი უყურადღებობის ფაქტებს, უკანონო ქმედებებს და სხვა მრავალ უწესრიგობას.

„რუსი მესაზღვრეები პირველ რიგში რუსულნომრებიან ავტომანქანებს ატარებდნენ, სომხურნომრებიანს კი დიდი ხნის ლოდინი უწევდათ. როცა კიდევ ერთჯერ დაირღვა რიგი, ვერ მოვითმინე და მესაზღვრეს ვუსაყვედურე. პასუხი: „თქვენ, სომხები, სულ მუდამ რაღაცით უკმაყოფილონი ხართ… და საერთოდ, თავი სომხეთში ხომ არ გგონია? შეგიძლია ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო და ვლადიმირ პუტინს გაუგზავნოთო“. თერთმეტსაათიანი ლოდინის განმავლობაში არავინ წყალი არ მოგვაწოდა, არსად არ იყო მოძრავი ტუალეტი, არც ნაგვის ყუთები (არადა, დანაგვიანებისთვის დიდი ჯარიმა იყო დაწესებული!).

რუსეთის ტერიტორიაზე ლოდინის მეთორმეტე საათზე შევედით. იქ ნაცნობები შეგვხვდნენ, რომლებმაც შემოგვჩივლეს, უკვე მეორე დღეა რიგში ვდგავართ, მაგრამ ადგილიდან მაინც არ ვიძვრითო. ჩვენ ნამდვილად ბედმა გაგვიღიმა“.

«Forbes» (აშშ), 21 ივლისი, 2016 წელი

http://www.forbes.com/sites/wadeshepard/2016/07/21/from-war-to-electronic-music-georgias-anaklia-beach-resort-rises-on-the-new-silk-road/print/

როგორ აძლევს ტექნომუსიკა განვითარების სტიმულს ომისაგან დაზარალებულ საქართველოს

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული კურორტ ანაკლიის შექმნის ისტორია და მისი თანამდროვე მდგომარეობა (ავტორი – უეიდ შეპარდი).

„ათი წლის წინ აქ თითქმის არაფერი არ იყო, მხოლოდ ძროხები და ღარიბი სოფელი“, – ამბობს ანაკლიის განვითარების დირექტორი დავით კოდუა ჟურნალისტთან საუბარში, – „დღეს კი ანაკლია საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი დინამიურად განვითარებულ კურორტს წარმოადგენს. აქ უკვე არის მდიდრული სასტუმროები, პლაჟები, აკვაპარკები…“.

„რვა წლის წინათ ანაკლია საბრძოლო მოვლენების კერად იქცა, ქუჩაში რუსული ტანკები იდგნენ, მრავალი ადამიანმა თავს გაქცევით უშველა… პაპაჩემი მოკლეს, ჩემი ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი სახლი რუსმა დამპყრობლებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს“, – ამბობს იგი.

2008 წლის ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც სამხრეთ ოსეთში დაიწყო, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონზე – აფხაზეთზეც გავრცელდა, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველისათვის საკმაოდ გასაგებად აღწერს აფხაზეთის კონფლიქტის პერიპეტიებს, აფხაზეთის დამოუკიდებლად გამოცხადებას (რუსეთის დახმარებით). ანაკლია უშუალოდ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართანაა განლაგებული, მაგრამ რთული მდგომარეობაის გამო საქართველოს მისთვის ზურგი არ უქცევია, პირიქით – ხელისუფლებამ მისი განვითარება სტრატეგიულ მიზნად დაისახა. ეს მოხდა მიხეილ სააკაშვილის – საქართველოს ქარიზმატული პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში, რომელმაც ანაკლიის მშენებლობა რკინის მუშტის ძალით დაიწყო. მან სოფლის მოსახლეობას მიწები კანონდარღვევით ჩამოართვა და ბევრი სხვა შეცდომა დაუშვა, რომელთა გამოსწორება დღევანდელ ხელისუფლებას უხდება.

ამჟამად ანაკლია სწრაფად ვითარდება. ძირითადი ინფრასტრუქტურა – სკოლები, ქუჩები, ხიდები, სასტუმროები და სხვა ობიექტები ათას ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. რასაკვირველია, ძროხებს ისევ შეხვდებით, მაგრამ ისინი ტალახიან გზაზე კი აღარ დადიან, არამედ ასფალტიანი კეთილმოწყობილი გზის განაპირას. ოდესღაც ღარიბ-ღატაკი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეც ამაღლდა.

ანაკლიის განვითარება აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან ბრძოლის ერთ-ერთი  ინსტრუმენტია – არა იარაღით, არამედ შენებით, აღორძინებით: „როცა [აფხაზები] დაინახავენ, თუ როგორი პროექტები ხორციელდება, ჩვენდამი დამოკიდებულება გაუმჯობესდება. ისინი დაინახავენ, რომ აქ მუშაობაც შეიძლება და სწავლაც. შესაბამისად, აზრს შეიცვლიან“, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი, „ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგის ქართველი ხელმძღვანელი.

ავტორი მკითხველს აცნობს აგრეთვე ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, რომელიც პირველად გასულ წელს ჩატარდა. ფესტივალი საერთაშორისო ხასიათისაა და ანაკლიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით (მსგავსი ფესტივალი სერბეთშიც ტარდება, სადაც ასობით მილიონი დოლარის მოგება მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის).

2015 წელს ანაკლიას ასობით ათასი ტურისტი ეწვია. პერსპექტივა კიდევ უფრო ნათელი და მომგებიანია, თუ აბრეშუმის დიდი გზის ახალ პროექტს გავითვალისწინებთ: „ანაკლიას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული მდებარეობა აქვს – ევროპასა და აზიას შორის“, – ამბობს დავით კოდუა ავტორთან საუბრისას. რადგანაც თვით საქართველოც ევრაზიის ცენტრში მდებარეობს, ანაკლიაში ღრმა საზღვაო ნავსადგურიც აშენდება, რომლის მეშვეობით ყოველწლიურად აზიიდან ევროპაში (და პირიქით) 100 მილიონი ტონა ტვირთი გაიგზავნება, დასაქმდება 8 ათასამდე ადამიანი. პორტის შემოგარენში 600 ჰექტარზე თავისუფალი  სამრეწველო (ეკონომიკური) ზონა შეიქმნება – რიგით მესამე, ქუთაისისა და ფოთის ზონების ჩათვლით. „ნავსადგურის განვიტარება სხვა დარგების განვითარებასაც გამოიწვევს, მაგალითად, მომსახურების, ლოჯისტიკისა და ტურიზმის განვითარებას“, – ასე ოპტიმისტურად ამთავრებს უეიდ შეპარდი სტატიას.

Comments are closed