«Die Welt» (გერმანია): ქართული ეკონომიკური სასწაული: როგორ განიდევნა მაფია რეფორმებით // ადრე საქართველო ორგანიზებული დამნაშავეობის ბურჯად ითვლებოდა, დღეს კი ეს ქვეყანა კავკასიაში ლიბერალიზმის შუქურაა
«Le Monde» (საფრანგეთი): აფხაზეთი – კავკასიის რივიერა
«Новая газета» (რუსეთი): ნაციონალური წაბაძვა: როგორ შეიცვალა ევროპაში რელიგიური ერთობა ეთნიკურით // „ასი წლის წინათ აჭარლები, რომლებიც მუსულმანი სუნიტები არიან და ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, საკუთარ თავს უფრო მეტად ერთმორწმუნე თურქეთთან აიგივებდნენ“
———————-
«Die Welt» (გერმანია), 22 აგვისტო, 2016 წელი
http://www.welt.de/wirtschaft/article157784283/Wie-Georgien-mit-Reformen-die-Mafia-vertrieb.html
ქართული ეკონომიკური სასწაული: როგორ განიდევნა მაფია რეფორმებით
ადრე საქართველო ორგანიზებული დამნაშავეობის ბურჯად ითვლებოდა, დღეს კი ეს ქვეყანა კავკასიაში ლიბერალიზმის შუქურაა
ედუარდ შტაინერი
„ქართული სასწაული უკვე თბილისის შუაგულიდან, „სოკოებს ქვეშ“ იწყება: „სოკოები“ – ასე უწოდებს ხალხი მდინარე მტკვრის ნაპირზე აგებულ საჯარო სერვისის დაწესებულებას, ანუ იუსტიციის სახლს, რომელიც იტალიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. შენობის სახურავს სოკოსებური ფორმა აქვს და ტემპერატურის მატების დროს მთელ კონსტრუქციას ჩრდილავს. სენობაში ელეგანტურფორმიანი ქალიშვილები მუშაობენ. ვისაც [ჩვეულებრივზე მეტი] ლოდინი უწევს, მას ყავას და სადილს სთავაზობენ…“, – ასე იწყება გერმანულ გაზეთ ველტ“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული პროგრესია გადმოცემული, განსაკუთრებით ეკონომიკის ლიბერალიზმისა და კორუფციასთა, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის სფეროში (ავტორი – ედუარდ შტაინერი).
კავკასია ევროპელებს, ჩვეულებრივად, ახლო წარსულში ველურ მხარედ მიაჩნდათ. ომი და კორუფცია, მაფია და ქვის ხანის მენტალიტეტი, ბიუროკრატიის ჭაობი და პატრიარქალური ტრადიციები – აი, ასეთი სახით ჰქონდათ წარმოდგენილი მათ შავ და კასპიის ზღვებს, კავკასიის ქედის ხუთიათასიან მწვერვალებს შორის მოქცეული ქვეყანა. ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის: საქართველოს რამდენიმე წლის წინანდელი ისტორია ამგვარი წარმოდგენების საფუძველს ნამდვილად იძლეოდა.
საქართველომ, რომელიც ძირითადად ავტორიტარული და მუსულმანური ქვეყნებითაა გარემოცული, მხრები შეარხია და ძველი ტვირთები მოიშორა: კორუფცია პოლიციაში? ან იუსტიციის და მმართველობის ორგანოებში? არა, ეს ქართველებისთვის უცხოა. მაფიოზებმა საქართველო ან უკვე დატოვეს, ან ციხეებში სხედან. სახელმწიფომ ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა დანერგა, რომლის მიზანს მოსახლეობისადმი მომსახურება წარმოადგენს, – წერს „ველტის“ კორესპონდენტი და გერმანელ მკითხველს ვრცლად აცნობს, თუ როგორ ხდება ელექტრონული წესით ბიზნესკომპანიის ჩამოყალიბება და, საერთოდ, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება საქართველოში. „ადამიანები მიხვდნენ, რომ თავისი ბედი ძირითადად თვითონ უნდა გამოსჭედონ. სახელმწიფო მათ ეხმარება, მაგრამ საქმიანობაში არ ერევა“, – ამბობს თბილისელი ეკონომიკის პროფესორი ლევან ნებიერიძე გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში.
„საქართველოში კორუფციის ძალიან მაღალი დონე არსებობდა. ქართველმა მაფიოზებმა და, საერთოდ, ორგანიზებული დამნაშავეობის წარმომადგენლებმა ევროპასაც კი მიაღწიეს. ფრანკფურტელ ავტორს იურგენ როტს თავის დოკუმენტურ წიგნში აღწერილი აქვს სცენა, თუ როგორ უსწორდებოდნენ ერთმანეთს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართველი განგსტერები, 1996 წლის 11 ივლისს, როცა ერთ-ერთი ქართველი „ნათლიმამა“ დავით სანიკიძე მოკლეს. „თქვენ რომ ათი წლის ბიჭებისთვის გეკითხათ, ვინ გინდა გამოხვიდეო, ისისნი გიპასუხებდნენ, რომ კანონიერი ქურდობა სურთ, – ამბობს ლევან ნებიერიძე, – გოგონებს კი საკუთარი თავი განგსტერების ცოლებად ჰქონდათ წარმოდგენილი“.
„სასწაულია, რომ დღეს ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, ყველაფერი კი 2003 წლის ბოლოს მომხდარი „ვარდების რევოლუციით დაიწყო“, – აღნიშულია სტატიაში, რომელიც მკითხველს აცნობს „ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის“ მიერ მიღწეულ წარმატებებს. მართალია, პრეზიდენტს ქვეყნის მართვაში ავტორიტარული გადახრები ჰქონდა, მაგრამ იმავდროულად მოახერხა სისტემური, რადიკალური რეფორმების გატარება. პრეზიდენტმა გააძლიერა სახელმწიფო სტრუქტურებიც, გარდაქმნა პოლიცია, შემოიღო „ნულოვანი ტოლერანტობა“ დამნაშავეთა მიმართ, თუმცა… მართვის მისეული მეთოდები იმდენაც ძალადობრივი აღმოჩნდა, რომ 2013 წლისათვის მიხეილ სააკაშვილი [და მისი პარტია], ხალხის ნებით, ხელისუფლებას ჩამოშორდნენ“.
პუბლიკაციაში განხილულია ქართული მაფიოზური დაჯგუფებებისა და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის შედეგები: ბევრი განგსტერი საპყრობილეში ჩასვეს, ბევრმა კი თავი რუსეთს, უკრაინას და ევროპის ქვეყნებს შეაფარა. „დღეს საქართველოს ქუჩებში იგივე სიტუაციაა, როგორიც ბერლინში. ავტომანქანის ბოლო გატაცება რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა“. ავტორი იხსენებს ქართული რეფორმების იდეოლოგსა და თეორეტიკოს კახა ბენდუქიძეს, რომელმაც რუსეთში მილიონიანი ქონება დატოვა და საქართველოში ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა: „ყველაფერი შეიძლება გაყიდო, სინდისის გარდა“, – ეს სიტყვები ორი წლის წინ გარდაცვლილ კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის.
საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების შეფასებით, ეკონომიკის სფეროში საკანონმდებლო კლიმატი ჯერ-ჯერობით პოზიტიურია. მართალია, წინა წლებში საქართველოს მე-18 ადგილი ეკავა ბიზნესის დაწყების სიმარტივის ინდექსის მიხედვით (წინ უსწრებდა საფრანგეთს და გერმანიასაც კი), მაგრამ ქვეყანა მაინც ინარჩუნებს 24-ე ადგილს, რაც დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოსათვის მიუღწეველი ოცნებაა, – აღნიშნულია სტატიაში.
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ავტორი წერს, რომ მასზე ნეგატიური გავლენა ნავთობზე ფასების დაკლებამ მოახდინა, მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. თუ ადრე ევროპაში ცნობილი რუსთავის ავტომობილების ბაზრობაზე 5 ათასამდე ავტომანქანა იყიდებოდა, დღეს ვაჭრობა თითქმის 50%-ით დაეცა. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეზღუდვამ (ემბარგომ) და 2008 წელს მომხდარმა მოკლევადიანმა ომმა: თუ 2008 წლის აგვისტომდე წარმოების ზრდის ტემპები 10% აღწევდა, გასულ წელს მხოლოდ 2,8%-იანი მატება დაფიქსირდა. რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ემბარგომ ბევრი მეწარმე გასაღების ახალი ბაზრების ძიებისაკენ უბიძგა. როგორც სტატიის ავტორთან საუბარში კახელი მეღვინე ალექსი შალოშვილი ამბობს (იგი ყოველწლიურად 150 ათას ლიტრ ღვინოს ამზადებს), დასავლურ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია უნდა გავიდეს: „ახლახან გერმანიიდან ჩემი ღვინოების კლიენტებისაგან სამდლობელი წერილი მივიღე“, – ამბობს ალექსი შალოშვილი. იქვე „ველტის“ კორესპონდენტი გადმოსცემს ქართული ღვინოების მომზადების წესს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის, ღვინის ექსპორტის გეოგრაფიას (ყველაზე მეტი რუსეთი გადის).
საქართველოს ეკონომიკისათვის ტურიზმი ფრიად მნიშვნელოვანი დარგია. უცხოელ ტურისტთა რაოდენობა კავკასიის ამ ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს და მიმდინარე წელს უკვე 6 მილიონს მიაღწია, რაც საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების 12%-ს ნიშნავს. სხვათა შორის, ტურისტებში ყველაზე მეტი რუსია: საქართველომ თავის ყოფილი მტრის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესა. „ჩვენ გულღვარძლიანები არ ვართ, – ამბობს კახელი მეღვინე ალექსი შალოშვილი, – ჩვენთვის სტუმარი ღვთისაა, ყველას სიხარულით ვხვდებით“.
«Le Monde» (საფრანგეთი, 21 აგვისტო, 2016 წელი
www.lemonde.fr/m-actu/article/2016/08/03/l-abkhazie-la-riviera-du-caucase_4977793_4497186.html
აფხაზეთი – კავკასიის რივიერა
სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთის ტურისტული პოტენციალი, ადგილობრივი საკურორტო ინფრასტრუქტურა, რუსი ტურისტების შთაბეჭდილებები, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის ასპექტები და სხვა საკითხები (ავტორი – ანაის კუანიაკი).
პუბლიკაციაში აღწერილია გაგრის სანატორიუმი „ამრა“ (აფხაზურად – „მზე“, რომელიც ადრე, საბჭოთა ეპოქაში სკკპ მე-17 ყრილობის სახელობისა იყო). აქ თითქმის ყველაფერი ძველი დროიდანაა შემორჩენილი, ვესტიბიულში თვით ვლადიმირ ლენინის ბიუსტიც კი დგას.ავტორი ესაუბრება რუს ტურისტებს, რომლებთაც ძალიან მოსწონთ აფხაზეთის – „სულების ქვეყნის“ ზღვისა და მთის ჰაერი, პალმებისა და სოჭის ჩრდილქვეშ. საერთოდ კი, როგორც ფრანგი ჟურნალისტი აღნიშნავს, „სულების ქვეყნის“ მომხიბვლელობას უსასრულოდ იმეორებენ ტურისტებიც და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის პირას მდებარე ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც.
„აფხაზეთში, განსაკუთრებით გაგრაში, ორი ეპოქა თითქოს ერთმანეთთანა შერწყმული. სწორედ გაგრით დაიწყო რუსეთის დიდი სიყვარული კავკასიის ველური მარგალიტისადმი. ამ ქალაქის სილამაზემ, სუბტროპიკულმა კლიმატმა და მდიდარმა ბუნებამ მიიზიდა პრინცი ალექსანდრ პეტროვიჩ ოლდენბურგიც, რომელმაც გაგრაში „ახალი ნიცა“ ააშენა [1903 წელს], კურორტი რუსული ინტელიგენციისათვის. [ათი წლის შემდეგ კი გაგრას უკვე თვით რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორეს ეწვია]. გაგრაში აშენებული ტურისტული ინფრასტრუქტურა დამსვენებლებს 1992 წლამდე ემსახურებოდა, შემდეგ კი აფხაზეთ-საქართველო ომი დაიწყო…
აფხაზეთის რესპუბლიკამ ომში კი გაიმარჯვა, მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდა – ბევრი ობიქექტი ნანგრევებად იქცა, დაიღუპა ათასობით სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლეობა. თხუთმეტ წელზე მეტი დაჭირდა აფხაზეთს, რომ ომის შემდეგ გონზე მოსულიყო, საერთაშორისო ოფიციალური სტატუსის გარეშე. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა იურიდიულად 2008 წელს აღიარა [სამხრეთ ოსეთის ომის შედეგად]. პირველი ამღიარებელი რუსეთის იყო, მოგვიანებით, რუსეთის მაგალითს მიბაძეს კიდევ ხუთმა ქვეყანამ – ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ესაუბრება აფხაზეთის ტურიზმის მინისტრს ავთანდილ ღურწკაიას, რომლის თქმით, რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ ტურიზმის სფერო სრული სვლით ვითარდება – 2015 წელს აფხაზეთს 1,5 მილიონი რუსი დამსვენებელი ეწვია, რაც ექვსჯერ მეტია ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობაზე. „გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ რუსეთის დახმარებით ვცხოვრობდით, მაგრამ უკვე ერთი წელია საკუთარი ეკონომიკის წყალობით ვარსებობთ“, – ამბობს მინისტრი, რომლის კაბინეტიდან ქუჩაში ნაგვით სავსე კონტეინერები მოჩანს. აფხაზი ჩინოვნიკი ყველა სტუმარს, რუსი იქნება თუ აფხაზი, ვლადიმირ პუტინის მშობლიურ ენაზე ესაუბრება, თუმცა 2008 წლიდან მოყოლებული პარლამენტისა თუ მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან იცოდნენ აფხაზურ ენაზე წერა და ლაპარაკი.
კანონის თანახმად, საბავშვო ბაღების თანამშრომლებიც აღსაზრდელებს აფხაზურად უნდა ელაპარაკონ, რაც შემთხვევითი არ არის: რუსულმა ენამ აფხაზეთში ტრადიციული ენა თითქმის მთლიანად გადაფარა – ახალგაზრდა თაობას მშობლიურ ენაზე საუბარი უკვე უჭირს. ეს მომენტი იმ ქვეყნისათვის, რომელსაც თავისი ჰიმნი, დროშა და კონსტიტუცია აქვს, რომელსაც ჰყავს პრეზიდენტი, მთავრობა და საერთაშორისო აღიარების იმედი აქვს, ფრიად მნიშვნელოვანი მომენტია, რომლის გამოც აფხაზეთს ხშირად რუსეთის დანამატად მიიჩნევენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ აფხაზები საზღვარგარეთ წასვლის დროს რუსული პასპორტებით სარგებლობენ, მათ ავტომობილებს რუსული სანომრე ნიშნები აქვთ, ბრუნვაში რუსული ვალუტაა და პენსიონერებს პენსიას რუსეთის ბიუჯეტი უხდის. გარდა ამისა, რუსეთი აფინანსებს ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას, საზღვარზე რუსი მესაზღვრეები დგანან და რესპუბლიკის ტერიტორიაზეც რუსული ბაზაა დისლოცირებული – საქართველოს მებრძოლი გზნების გასანეიტრალებლად. „რუსეთი ამგვარი მოქმედებით [აფხაზეთის „დამოუკიდებლად“ აღიარებით] თავისი მადის შენიღბვას ცდილობს“, – ასე თვლიან დასავლელი დამკვირვებლები და მათ ნატოს გენმდივანი ანდერს ფონ რასმუსენიც ეთანხმება.
პუბლიკაციის ავტორთან საუბრისას, რომელიც სოხუმის ცნობილ „ბრეხალოვკაზე“ გაიმართა, აფხაზეთის პარლამენტის წევრი ვალერი ვარჩია უარყოფს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული: „აფხაზეთი ოკუპირებულიაო – ამის თქმა არ შეიძლება, რადგან რუსეთს დახმარება ჩვენ თვითონ ვთხოვეთ. ამასთან, რადგანაც ჩვენი ქვეყანა ლამაზი და პატარაა, რუსეთის და კიდევ ვიღაცეებისა გვეშინია. ჩვენ იძულებულნი ვართ ამ მომენტს ყოველთვის ყურადღება მივაქციოთ და მხედველობაში გვქონდეს“.
2008 წლის შემდეგ ყველაფერმა, რაც კი საბჭოთა პერიოდიდან მიტოვებული და დაკეტილი იყო, კვლავ კარი გააღო და ტურისტებს ემსახურება. მაგალითად, იოსებ სტალინის აგარაკები. უნდა ითქვას, რომ „ხალხთა მამამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველებისა და აფხაზების მტრობის გაღვივებაში – მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნის პერიოდში გადაწყვიტა ავტონომიური აფხაზეთი თავის მშობლიური საქართველოსთვის მიიერთებინა. „ბელადის“ სიკვდილის შემდეგ ყველა საბჭოთა ლიდერი დასასვენებლად აქ ჩამოდიოდა“, – ამბობს ექსკურსიამძღოლი გაგრაში არსებული იოსებ სტალინის რეზიდენციის დათვალიერების დროს. ვლადიმირ პუტინი თუ იყო? „იგი ორჯერ ჩამოვიდა აფხაზეთში, მაგრამ სტალინის აგარაკი არ უნახავს“, – აღიარებს გიდი.
რაც შეეხება ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკს, რომლის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარს შეადგენს და სადაც საზამთრო და მანდარინები მოჰყავთ (იქ 100-მდე ადამიანია დასაქმებული), ის ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით დაკეტილია, თუმცა ყველაფერი მოქმედია – საცურაო აუზიდან დაწყებული, ტელევიზორებიანი ოთახებით დამთავრებული. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოსდა აგარაკი სტუმრების მისვლას ელოდება. „აქ აფხაზეთის პრეზიდენტის სტუმრებს ვათავსებთ ხოლმე, ზოგჯერ კი რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებსაც“, – ამბობს აგარაკის მმართველი. შენობის მეორე სართულზე, სადაც ადრე ცოტა ხნით კუბელი კომანდანტე ფიდელ კასტრო ცხოვრობდა, თვალში გეცემათ რკინისაგან გამოჭედილი ვარდების თაიგული: „ეს საჩუქარი გასულ წელს დონეცკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა“, – მიხსნის მმართველი, – ჭურვების ნამსხვრევებისაგანაა გამოჭედილი“.
„რუსეთს ჩვენი მიერთება არ ჭირდება… რომ ნდომოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა“, – ირონიულად ამბობს ტურიზმის მინისტრი ავთანდილ ღურწკაია. იგი სხვადასხვა კურორტების ბროშურებს მაჩვენებს. დღეს ბათქაშჩამონგრეული და ტყვიებით დაცხრილული ისტორიული შენობების ახლოს ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სასტუმროები და რესტორნები შენდება, რომლებიც რუსული საშუალო კლასისთვისაა განკუთვნილი – მათთვის, რომელიც ეგვიპტესა და თურქეთში აღარ დადის, რთული პოლიტიკური ვითარებისა და რუსული ვალუტის კურსის დაცემის გამო. „ტურიზმი ჩვენთან მხოლოდ ბოლოს დროს წამოდგა ფეხზე, თუმც, ამის მიუხედავად, ეს დარგი ჩვენი ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი წყაროა. ჯერ-ჯერობით კიდევ უფრო მეტი ტურისტის მისაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, მაგრამ მზად ვართ ვიმუშაოთ უცხოელ ინვესტორებთან“.
„რუსები მიპატიჟებას არ დაელოდნენ. ამჟამად აფხაზეთში ვერ იპოვი ისეთ ტურისტულ კომპლექსს, სადაც ერთი აქციონერი მაინც არაა მეზობელი ქვეყნიდან [რუსეთიდან]“, – აღნიშნავს ავტორი. იგი ესაუბრება ვოგისპირეთიდან აფხაზეთში ჩასულ ბიზნესმენ ოლეგ იურჩენკოს, რომელმაც სასტუმრო და რესტორანი ააშენა სოხუმში, ზღვის ნაპირას. მისი თქმით, აფხაზები უცხოელ ინვესტორებს კი იწვევენ, მაგრამ კანონი მათ უძრავი ქონებას შეძენის ნებას არ აძლევს. ზოგიერთები ამ კანონს პარტნიორებისა თუ გავლენიანი პირების დახმარებით, ან ფულის მეშვეობით გვერდს უვლიან. „მე ვიცი ისეთი ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ფულით მთელი კვარტლები იყიდონ. კანონი, ცხადია, განვითარებას აფერხებს, მაგრამ რას ვიზამთ… ამ კანონით აფხაზები თავიანთი პატარა ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ტრადიციებს იცავენ“, – ამბობს ოლეგ იურჩენკო.
აფხაზებმა თავიანთი იდენტურობის შენარჩუნება ეროვნული ადათ-წესების ერთგვარი კოდექსის – „აფსუარას“ მეშვეობით მოახერხეს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ადამიანებს შორის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს. „რუსების მენტალიტეტს ჩვენს მენტალიტეტთან არაფერი საერთო არ აქვს“, – ხაზს უსვამს ჩემთან საუბარში გაგრელი ნატა, – ჩვენთან ოჯახშიც კი ძალიან მკაცრი წესებია. ჩვენთან ქუჩაში არ კოცნაობენ და თუ კაცი ქალთან ღამეს გაატარებს, იგი მან აუცილებლად ცოლად უნდა შეირთოს“. ნატას 17 წლის ვაჟი, სხვა სოხუმელ თანატოლთან ერთად, სწავლის გაგრძელებას რუსეთის „ფე-ეს-ბე“-ს აკადემიაში აპირებს: „ჩემი ვაჟი სპორტითა დაკავებული, კარგი წარმატებები აქვს, ამიტომაც ამოარჩიეს. იგი დათანხმდა შეთავაზებას, მაგრამ მჯერა, რომ სწავლის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდება. იმიტომ, რომ იგი პატრიოტია“.
„ამ დილით სოხუმში წვიმდა. პლაჟებზე ტურისტები არ ჩანან. ცაში პარაპლანებიც არ დაფრენენ. რესტორანში ვზივართ და უფასო Wi-Fi-თ ვერთობით. ვხედავთ გოგონას, რომელსაც ისეთივე ყვითელი სპორტული მაისური აცვია, რომელიც აქ ყველგან იყიდება: მასზე რუსეთის პრეზიდენტია მეზღვაურის ზოლებიანი პერანგით („ტელნიაშკით“) და პილოტურით. წარწერა „ყველანი ერთი გზით“, – ასე მთავრდება ფრანგულ გაზეთ „მონდ“-ში გამოქვეყნებული სტატია.
«Новая газета» (რუსეთი), 22 აგვისტო, 2016 წელი
http://www.novayagazeta.ru/comments/74265.html
ნაციონალური წაბაძვა: როგორ შეიცვალა ევროპაში რელიგიური ერთობა ეთნიკურით
„ასი წლის წინათ აჭარლები, რომლებიც მუსულმანი სუნიტები არიან და ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, საკუთარ თავს უფრო მეტად ერთმორწმუნე თურქეთთან აიგივებდნენ“
კამილ გალეევი, ისტორიკოსი
(შემოკლებით)
დღეს, ალბათ, უკვე ცოტას თუ ვინმეს ახსოვს, რომ 1920-იან წლებში აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღი საქართველოს ხელმძღვანელების მხარდაჭერით დატოვეს. ქართველებს მიაჩნდათ, რომ ყარაბაღის სომხეთისადმი გადაცემა დიდი საფრთხის მომტანი პრეცედენტი იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს, თუ ყარაბაღ-არცახის მოსახლეობას სომხეთისადმი მიერტების უფლება მიეცემოდათ, მაშინ აჭარას რატომ არ შეუძლია თურქეთში დაბრუნდეს?
გამოდის, რომ ასი წლის წინათ კავკასიაში უფრო მეტი მნიშვნელობა რელიგიურ იდენტობას ჰქონდა, ვიდრე ლინგვისტურს: აჭარლები, რომლებიც მუსულმანი სუნიტები არიან და ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, საკუთარ თავს უფრო მეტად ერთმორწმუნე თურქეთთან აიგივებდნენ, ვიდრე ერთი სისხლის მქონე ქართველებთან. სხვათა შორის, ოფიციალური ანკარაც ამ თვალსაზრისს იზიარებდა: 1930-იან წლებშიც კი თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დახურული ინტრუქცია ჩინოვნიკებს ავალდებულებდა, რომ არანაირად არ შეეშალათ ხელი აჭარლების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის პროცესისათვის.
საინტერესოა, რომ იგივე ცირკულიარით იკრძალებოდა თურქეთის მოქალაქეობის მიცემა აზერბაიჯანელებისათვის, რომლებიც თითქმის თურქულ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ისლამის შიიტური ვერსიის მიმდევრები არიან. თუმცა, ნახევარ საუკუნესაც კი არ გაუვლია, რომ ბაქომ და ანკარამ ლოზუნგი „ერთი ერი – ორი სახელმწიფო“ გამოაცხადეს და ამით იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ კავკასიაში ბოლო ასი წლის განმავლობაში „ახლობელისა და უცხოელის“ ერთმანეთისაგან გარჩევის პრინციპი შეიცვალა: რელიგიურ კრიტერიუმს ადგილი ლინგვისტურმა დაუთმო.
ორასი წლის წინათ მსგავსი ტრანსფორმაცია ევროპაშიც მოხდა: შვეიცარიაში, როცა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ ფრანგულენოვან, მაგრამ კალვინისტურ ქალაქ-სახელმწიფო ნევშატელის ხელმძღვანელად საკუთარი ნათესავის დასმა მოისურვა, ნევშატელის მოსახლეობამ პრუსიელი მეფის ფრიდრიხ პირველის ქვეშევდომობა აირჩიეს, რადგან იგი ერთადერთი მეფე-კალვინისტი იყო. ნევშატელელების მშობლიური ენა ფრანგული იყო, მაგრამ მათ კათოლიკური საფრანგეთის შემადგენლობაში ყოფნა არ უნდოდათ… მაგრამ 200 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: პირველი მსოფლიო ომის ეპოქაში შვეიცარიის მოსახლეობის ფრანგულენოვანი, მაგრამ პროტესტანტული ნაწილი მხარს მთლიანად საფრანგეთს უჭერდა, გერმანულენოვანი კი, რელიგიური რწმენის მიუხედავად, გერმანიას თანაუგრძნობდა.
თურქეთში ეროვნული იდეის გამარჯვებას რელიგიურ იდეაზე ხელი შეუწყო ქვეყნის საერთო ვესტერნიზაციამ. მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1800 წელს, თურქული ელიტისათვის, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ ისლამურ განათლებას იღებდა, საერთოდ უცნობი იყო ევროპის ინტელექტუალური კლიმატი. ოსმანებმა ძალიან კარგად იცოდნენ არაბული, სპარსული და ძველბერძნული ენები, მაგრამ აზრზე არ იყვნენ თანამედროვე ევროპულ ენებზე. გასაკვირი არაა, რომ იმ დროის ყველაზე რადიკალური თურქი ავტორებიც კი სტრადიციულ ისლამური იმპერიის კატეგორიებით აზროვნებდნენ. სიტუაცია მხოლოდ თურქეთის არმიის მძიმე დამარცხებების შემდეგ შეიცვალა: ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლება იძულებული გახდა ევროპულად განათლებული ოფიცერთა კორპუსი შეექმნა, რომლის წარმომადგენლები უკვე ევროპულ იდეებზე იყვნენ აღზრდილნი. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ დღემდე თურქულ საზოგადოებაში მილიტარისტული გადახრები შეიმჩნეოდა – ოფიცრობა იყო ყველაზე პირველი ვესტერნიზირებული (და ნაციონალისტური) წოდებრივი ფენა ოსმალეთის იმპერიაში.