globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეცდომას იმეორებს // „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტებთან: თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ოპოზიცია ან ხელისუფლება წარმატებას ვერ მიაღწევს, დამარცხებულმა შედეგები უნდა აღიაროს

«Наша газета» (ყაზახეთი): ბათუმი: ახალი, ძველი და მარადიული // ყაზახეთიდან აჭარაში ჩასული ტურისტის შთაბეჭდილებები

«Eifel Zeitung» (გერმანია): რატომ დააკავეს აიფელში ქართველი ყაჩაღების ბანდა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-that-is-better-multi-party-or-one-party-system/3518138.html

დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეცდომას იმეორებს

(„რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ)

ზაზა წულაძე

საპარლამენტო არჩევნებამდე 18 დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად მოუწოდა ამომრჩეველს, რომ არ დაუშვან, „ერთპარტიული“ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა, სადაც მანდატების უმრავლესობა (2/3) ერთ პოლიტიკურ ძალას ექნება. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში “ქვეყანა უკან დაცურდება და ღრმა კრიზისამდე მივა”.

48 წლის დავით უსუფაშვილი, რომელმაც პარლამენტის თავჯდომარის პოსტი 2012 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით დაიკავა, ოთხი წლის თავზე, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ზუსტად იგივე შეცდომას უშვებს, რაც მმართველობის პირველ წლებში, მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა.

2004 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეტაპობრივად უარი თქვა „ვარდების რევოლუციის“ დროს შეძენილ კოალიციურ პარტნიორებზე (რესპუბლიკელებზე, კონსერვატორებზე, გაერთიანებულ დემოკრატებზე) და მთლიანად საკუთარ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეყრდნო. დავით უსუფაშვილის აზრით, ანალოგიურად მოქმედებს დღეს ბიძინა ივანიშვილიც.

​„რატომ ემთხვევა ასე ერთი-ერთში ის არჩევანი, რომელსაც დღეს აკეთებს „ქართული ოცნება“, იმასთან, რაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა? დღეს აღმოჩნდა, რომ ბრძოლაში ერთად წასული პარტნიორები: „რესპუბლიკელები“, „ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვები აღარ არიან საჭირო და საინტერესო. სამაგიეროდ, უფრო ღირებულნი გახდნენ, მოწინააღმდეგის ბანაკიდან, „ნაცმოძრაობიდან“ აქეთ გადმობარგებული ხალხი. ზუსტად ეს გააკეთა მიშა სააკაშვილმა 2004 წელს. პარლამენტში უნდა იყოს ერთი მონოლითური ძალა იმიტომ, რომ ქვეყანას არა აქვს საპარლამენტო დებატების დრო! ჩვენ რეფორმები გვაქვს გასატარებელი! ამას ამბობდა მიშა და ამას გვეუბნება დღეს ბიძინა ივანიშვილიც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, ოფიციალურად 2016 წლის აპრილში დაიშალა. თუმცა რღვევა გაცილებით ადრე, 2014 წელს დაიწყო, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადადგა და მას „თავისუფალი დემოკრატები“ გაჰყვნენ. დაპირისპირების ბოლო აკორდი მსოფლმხედველობრივ შეუთავსებლობასთან ერთად, საარჩევნო სიაში „კოალიციურ კვოტებზე“ შეუთანხმებლობა გახდა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ ერთპარტიული სიის ფორმირება დამოუკიდებლად გადაწყვიტა და „რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველები“ გარიყა.

დღეს ყოფილი პრემიერი, რომელიც საკუთარი ტელევიზიის ეთერით უკვე ოც დღეზე მეტია აქტიურად არის ჩაბმული, საკუთარი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციაში, ყოფილ მოკავშირეებს უკვე მოურიდებლად ესხმის თავს, განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიას, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ეროვნულ ფორუმს“, რომლებიც 2011 წლის ოქტომბერში „ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებად“ თავად ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და რომლებთან ერთადაც მოიგო 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

„რესპუბლიკელებს“ ბიძინა ივანიშვილმა „განათლებით დამძიმებული თავები“, ურეიტინგო და „ცუდი პოლიტიკური პარტნიორები“ უწოდა; „თავისუფალი დემოკრატები“ კორუფციასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობაში დაადანაშაულა, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერზე კი თქვა, რომ პოლიტიკაში „მილიონის“ საშოვნელად იყო მოსული. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ მომავალ პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობისა და სატელიტი, ფორმალური ოპოზიციის („პატრიოტთა ალიანსი“, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“) გასვლისთვის იბრძვის.

რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა აეხსნა, თუ რატომ უჭერს მხარს მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში: „მე ვუჭერს მხარს ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, რომელიც არის „ქართული ოცნებიდან“ წამოყენებული, მხარს ვუჭერს ამ პარტიას, რადგან დღეს, ეს არის ერთადერთი გუნდი, სამწუხაროდ, ვისაც ხელეწიფება ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში მრავალპარტიულობასთან, რასაც ოპონენტები მსაყვედურობენ, რომ თითქოს ადრე სხვანაირად ვამბობდი და ახლა სხვანაირად ვამბობ“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ბოლო 26 წლიან ისტორიაში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ძირითადად ერთ პარტიას ჰქონდა. ასეთი იყო 1990, 1995, 1999, 2004 და 2008 წლის მოწვევის პარლამენტები, სადაც მაშინდელი მმართველი პარტიები – „მრგვალი მაგიდა – თავისუფალ საქართველო“ (1990 წელი, 250 ადგილიდან 124 დეპუტატი), „მოქალაქეთა კავშირი“ (1995-235-108; 1999-235-131) და „ნაციონალური მოძრაობა“ (2004-235-150; 2008-150-119) ყველაზე მეტი დეპუტატით იყვნენ წარმოდგენილნი.

საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიული სულ ორჯერ იყო: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, 1992 წელს, როცა 150 ადგილიან პარლამენტში, ხმების განაწილების პრეფენციის წესით 24 პოლიტიკური ჯგუფი შევიდა;  2012 წელს – მაშინ 150 მანდატიდან 85 ადგილი – რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტიან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეხვდა, 65 კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც მთავარია, საქართველოში ხელისუფლება პირველად არჩევნების გზით შეიცვალა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/goble-wimbush-on-geo-elex/3518888.html

ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტებთან: თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ოპოზიცია ან ხელისუფლება წარმატებას ვერ მიაღწევს, დამარცხებულმა შედეგები უნდა აღიაროს

ია მეურმიშვილი

ექსპერტები საქართველოში მშვიდობიანი და ევროპული სტანდარტების არჩევენების ჩატარებას იმედოვნებენ. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია.

საქართველო ევროპაა და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნები ჩაატაროს, აცხადებს ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს ყოფილი წევრი და რადიო „თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი ენდერს ვიმბუში.

„იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ამაში დარწმუნებული ვარ. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში საუკეთესო არჩევნები ჩაატაროს. მთავრობა შთამბეჭდავად მუშაობს ამაში დასარწმუნებლად“, – განაცხადა „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ენდერს ვიმბუშმა. მან ასევე დასძინა, რომ „როცა არჩევნები დამთავრდება, შედეგი ყველამ უნდა მიიღოს და საქართველოს დაწინაურება ყველამ უნდა გააგრძელოს“.

ენდერს ვიმბუშის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი პროცესია. ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე გააცნობიერა, თუ რას ნიშნავს თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მოსახლეობაში ჩამოყალიბებული ამ დემოკრატიული ღირებულების შეცვლა ძალიან რთული იქნება: „საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად დარჩება. თუმცა, დემოკრატია ყველგან სხვადასხვა ფორმას იღებს. შეხედეთ რა ხდება ჩვენს [შეერთებული შტატების] არჩევნებზე – ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა“, – ამბობს ენდერს ვიმბუში. იგი ასევე აცხადებს, რომ „ეს საქართველოშიც მოხდება, მაგრამ ამ არჩევნებზე ვფიქრობ, ქვეყანა ნორმალურ, დემოკრატიულ ნაბიჯს გადადგამს წინ“.

რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი ვაშინგტონში პოლ გობლი აცხადებს, რომ საქართველო გამონაკლისია რეგიონში, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემოკრატიული პროცესების ინსტიტუციონალიზაცია შედარებით წარმატებით განხორციელდა.

„საქართველოს უდიდესი პროგრესი აქვს“, – ამბობს ექსპერტი, – „ჩვენ დასავლეთში 1990-ან წლებში დიდი შეცდომა დავუშვით – დემოკრატია და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთში ავრიეთ. დემოკრატიას ის საზღვრავს, თუ როგორ ხდება ძალაუფლების გაზიარება, დაყოფა და კონტროლი. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და შედარებით ნაკლებ დონეზე საქართველოსა და უკრაინის გარდა დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია რეგიონში სხვა ვერც ერთმა ქვეყანამ შეძლო“, – განმარტავს პოლ გობლი.

2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ საქართველომ მსოფლიოს დაანახა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წარმატებით მიმდინარეობს. პოლ გობლი ამბობს, რომ საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამ დემოკრატიული პრეცედენტის გაგრძელება შეუძლია. იგი ასევე დასძენს, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტების არჩევნების ტრადიცია გააგრძელოს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს: „არჩევნები რაც შეიძლება გამჭვირვალედ, რაც შეიძლება კონკურენტულ გარემოში ჩაატარეთ. გახადეთ გასაგები, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ძალაუფლება ოპოზიციას გადაეცემა. თუ დამარცხდება, მან უნდა მიიღოს ის, რომ ოპოზიციაში დარჩება“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პოლ გობლი.

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრადიცია უკვე აქვს, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს. ამის დემონსტრირების საუკეთესო გზა კი ოქტომბერში ღია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

«Наша газета» (ყაზახეთი), 22 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.ng.kz/modules/newspaper/article.php?numberid=531&storyid=22759

ბათუმი: ახალი, ძველი და მარადიული

ყაზახეთიდან აჭარაში ჩასული ტურისტის შთაბეჭდილებები

ყაზახეთის კუსტანაის საოლქო გაზეთის სტატიაში გადმოცემულია ბათუმში ჩასული ტურისტის შთაბეჭდილებები: იგი მოხიბლულია განუმეორებელი სუბტროპიკული პეიზაჟით, ქალაქის ღირსშესანიშნაობებით, ქართული ეროვნული კერძებით, აჭარის ადგილობრივი ტრადიციებით და საერთოდ, ხავერდოვანი სეზონის ზღვისა და მთის ეგზოტიკით (ავტორი – ოლღა კოლოკოლოვა).

პუბლიკაციაში ვრცლადაა აღწერილი აჭარის ტურისტული პოტენციალი, რომელსაც თურქეთის კურორტების ჩანაცვლება შეუძლია. ავტორი  მკითხველს ურჩევს, თუ სად შეიძლება უკეთ დაისვენოს და ქართულ სტუმართმოყვარეობას ეზიაროს („ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, აჭარაში ძველთაგანვე მუსულმანები მეტია, ვიდრე ქრისტიანები“). იგი ესაუბრება ადგილობრივ მოსახლეობას, დაინტერესებულია რეგიონში მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით კი ინვესტიციების მოზიდვით: „ბათუმის ტურისტული ცხოვრება ისეთია, რომ თვალები აგიჭრელდება. აჭარის დედაქალაქი ევროპული ცივილიზაციისაკენ მიილტვის. მოსახლეობა უკვე მიჩვეულია ახალმშენებლობებს, რომლებიც სოკოებივით მრავლდებიან. „აი, ამ სასტუმროის მშენებლობას ამერიკელები აფინანსებენ, ერთი მგონი დონალდ ტრამპია, მეორის სახელი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს… ამ შენობის მშენებლობა კი იური ლუჟკოვმა დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა“, – გვიხსნის ექსკურსიამძღოლი ასლანი. მისი პოლიტიკური შეხედულებები ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამახასიათებელია: „ეჰ, ტყუილად დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი. უბრალოდ, მცირე რაღაცეების შეცვლა იყო საჭირო და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა… მე პატივს ვცემ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ზოგჯერ გულუბრყვილო კი იყო, მაგრამ კორუფცია თითქმის დაამარცხა და შეხედეთ, როგორ შეიცვალა ბათუმი მისი პრეზიდენტობის პერიოდში“.

ავტორი ყურადღებას აქცევს ბათუმის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს: „ბევრი ნოვატორული გადაწყვეტილებაა, რომლებიც სამაგალითოა სხვა ქალაქებისთვის, თუმცა ქუჩები ძალზე გადატვირთულია ავტომანქანებით; ბათუმელები გულისხმიერები და კეთილი ადამიანები არიან, ყველა კითხვაზე პასუხს ხალისიანათ და ამომწურავად გაგცემენ, მაგრამ რაც უფრო ახალგაზრდაა ადგილობრივი მაცხოვრებელი, მან მით უფრო ნაკლებად იცის რუსული ენა. რაც შეეხება საშუალო და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. ბავშვებს რუსულს აღარ ასწავლიან, მათ ეს ენა მინიმალურადაც კი არ იციან. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გეზი ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებაზე იქნა აღებული, თუმცა… რუსულის დაკარგვა შესამჩნევია და არც ინგლისური იციან მაინცდამაინც კარგად“.

«Eifel Zeitung» (გერმანია), 21 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.eifelzeitung.de/polizeireport/georgische-diebesbande-in-der-eifel-gefasst-136759/

რატომ და როგორ დააკავეს აიფელში ქართველი ყაჩაღების ბანდა

სტატიაში გადმოცემულია გერმანიის აიფელის რეგიონში მდებარე ქალაქ ტრირის სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა. ყურადღება გამახვილებულია პოლიციისა და პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს განხორციელებულ ოპერაციაზე, რომლის დროსაც ქურდების (ყაჩაღების) ბანდა დააკავეს.

„34-დან 49 წლამდე ასაკის მქონე ექვსი მამაკაცის მიმართ, რომლებსაც პოლიცია თვალს ადევნებდა, პროკურატურამ დაპატიმრების სანცია გასცა. ყველა ქართული წარმოშობისაა. ისინი საქართველოდან გერმანიაში ვითომდა თავშესაფრის მიღების მიზნით ჩამოვიდნენ, რეალურად კი ქურდობდნენ, ერთ თვეში მათ დაახლოებით 20-მდე ქურდობა და ძარცვა აქვთ ჩადენილი, ძირითადად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. ისინი სიგარეტის ავტომატების გატეხვაში იყვნენ დასპეციალებული. დაკავებისას მათ აღმოაჩნდათ 18 ათასი ევრო. დაკავებულები სამი ავტომანქანით მოძრაობდნენ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

——–

ქართველების მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე კიდევ ერთი გერმანული გამოცემა წერს:

კოტბუსის (ბრანდენბურგის მხარე) გაზეთ «Lausitzer Rundschau»-ის კრიმინალურ ქრონიკაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს ქალაქის კლინიკაში მისულმა ორმა პიროვნებამ დებოში მოაწყო. საავადმყოფოს თანამშრომლებმა მათ დასაშოშმინებლად პოლიცია გამოიძახეს. დაკავებისას გაირკვა, რომ ისინი ორივე – 31 და 36 წლის მამაკაცები – ქართველები იყვნენ, გერმანიაში თავშესაფრის მიღების მიზნით იყვნენ ჩამოსულები და მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა აყალ-მაყალი ატეხეს. მასალაში მოცემულია სისხლის ანალიზი ალკოჰოლის შემცველობით.

წყარო: http://www.lr-online.de/regionen/hoyerswerda/Polizeieinsatz-im-Seenland-Klinikum-Hoyerswerda;art1060,5608831.

Comments are closed