globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 22nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს ისევ დაჭირდა // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკურ სიტუაციას არყევს

«КП в Украине» (უკრაინა): მიხოს ჩერკასში ხინკალი და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატები ელოდებიან

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): არის თუ არა რუსული ტელეარხი „რაშა თუდეი“ უცხო ქვეყნის აგენტი? // რუსული „სპუტნიკის“ ტყუილები საქართველოში

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 22 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-22/5_7079_ukraina.html

მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს ისევ დაჭირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკურ სიტუაციას არყევს

სერგეი ჟილცოვი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

(შემოკლებით)

უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გაუბედავმა მოქმედებამ და მათმა განცხადებებმა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დავაპატიმრებთ და თბილისს არ გადავცემთო, საქართველოს ექს-პრეზიდენტს აქტიური მოქმედებებისაკენ უბიძგა. მან უკვე გამოქვეყნა უკრაინის სხვადასხვა ოლქებში ჩასვლის გეგმა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ რეგიონებში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილისაგან მოსახლეობა კვლავ მოისმენს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ განცხადებებს, რაც ექს-გუბერნატორის პოზიციებს გაამყარებს. იგი მიმზიდველი ფიგურა გახდება პეტრო პოროშენკოს ოპონენტებისასთვის, მით უმეტეს, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური, პეტრო პოროშენკო სულ უფრო კარგავს მხარდაჭერას როგორც პარლამენტში, ასევე რეგიონებში.

ჯერ-ჯერობით უკრაინის ძირითადი პოლიტიკური ძალები ადრე არჩეული სტრატეგიის ერთგულნი რჩებიან. ერთი მხრივ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოკავშირეებს უცხოეთში დაეძებს (აშშ-ში), იმავდროულად ცდილობს დონბასის კონფლიქტი გაეროს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მეშვეობით გადაწყვიტოს და თან სასიკვდილო იარაღიც მიიღოს. მეორე მხრივ, ოპოზიცია „ბატკივშჩინისა“ (იულია ტიმოშენკო) და „სამოპომოშჩის“ (ანდრეი სადოვოი, ლვოვის მერი) სახით თავიანთ პარტიას თამაშობენ, მათი მიზანია ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევ-დარევა და ვადამდელი საპარლამენტო (პერსპექტივაში კი – საპრეზიდენტო) არჩევნების ჩატარება. ორივე პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ გზით ისინი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფლებაში მოვლენ. ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ პროცესში სხვა მონაწილეებიც არიან, მათ არ აწუხებთ. და ბოლოს, არის მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც ძველი და ახალი მეგობრების წყალობით იმედი აქვს, რომ უკრაინის პოლიტიკაში მტკიცე პოზიციებს დაიკავებს. საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს სულ ცოტა უკრაინის პრეზიდენტს პოსტს უზომავენ, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მას პრეზიდენტის პოსტის დაკავება არ შეუძლია.

მოკლედ, ოპოზიციაში დღეს ასეთი ვითარებაა: მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მოკლე დროში უკრაინის პოლიტიკის აქტიური მონაწილე გახდა, შეუძლია გარკვეული პოლიტიკური ბონუსი მიიღოს, მაგრამ მეტი არაფერი. თავის მხრივ, იულია ტიმოშენკო და ანდრეი სადოვოი პეტრო პოროშენკოს შევიწროვებაზე ოცნებობენ და ამ მიზნის მისაღწევად მზად არიან მიხეილ სააკაშვილთან იმეგობრონ, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კარგად იცის „ძალად მაცხონე პარტნიორთა“ განზრახვები და საეჭვოა, რომ მათი ინტერესების მიხედვით იმოქმედოს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბოლო დრომდე უკრაინასა და რუსეთში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ, საკუთარი მკაფიო მიზნები აქვს. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის. იგი დასავლეთის კარნახით მოქმედებს. მისი მოქმედებაც, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებს პასუხობს.

დღეს ვაშინგტონს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პოზიციების დასუსტება სურს, თუმცა კარგად გვახსოვს, რომ პეტრო პოროშენკო, ანტირუსული განცხადებებით და დონბასის კონფლიქტის გამწვავებით, თავდაპირველად დასავლეთს  აწყობდა… მაგრამ კონფლიქტი ბოლო დროს უკვე დასტაბილურდა, პეტრო პოროშენკომ კი აქტიური მზადება დაიწყო მეორე ვადით არჩევის მიზნით, თან თავისი ოპონენტებს ავიწროვებს. ასეთი სცენარი ვაშინგტონისთვის მიუღებელია, რადგან შტატებს არ აწყობს არც დამოუკიდებელად მოქმედი ლიდერები და არც პოლიტიკური სტაბილურობა. ვაშინგტონს მხოლოდ მართვადი პოლიტიკოსები აინტერესებს, რომლებიც მის ინტერესებით იმოქმედებენ. იმავდროულად, ასეთი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აშშ გზას გაუხსნის იულია ტიმოშენკოსა და მისნაირ ფიგურებს, რომლებმაც მოსახლეობის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს და მზად არიან ყველაფერზე ივაჭრონ ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამერიკას ჭირდება ახალი პოლიტიკოსები, რომლებთაც მსხვილი ბიზნესი არ აქვთ და უკრაინის ელიტისაგან დამოუკიდებელები არიან. უკრაინის პოლიტიკური სივრცის გადაფორმატებაში, სიტუაციის გამწვავებასა და ადგილობრივ ლიდერთა დასუსტებაში მიხეილ სააკაშვილს საკვანძო როლი ეკისრება.

აშშ-სათვის არამარტო უკრაინის შიდა დესტაბილიზება არის მნიშვნელოვანი, არამედ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მორიგი გამწვავებაც. ვაშინგტონისთვის, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს აწყდება, საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა უკრაინის დესტაბილიზებაზე, მოსკოვ-კიევის ურთიერთობის გამწვავებაზე და დონბასის პრობლემაზე, ძალიან მომგებიანი იქნებოდა.

«КП в Украине» (უკრაინა), 22 სექტემბერი, 2017 წელი

https://kp.ua/politics/587123-mykho-v-cherkassakh-zhdut-khynkaly-y-deputaty-bpp

მიხოს ჩერკასში ხინკალი და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატები ელოდებიან

ვიქტორია მაკარენკო, ულიანა კრუპნოვიცკაია

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კიევიდან უკრაინის ცენტრში – ჩერკასის ოლქში გადადის და, შესაბამისად, და ქვეყნის მოსახლეობასთან შესახვედრად სწორედ ჩერკასიდან ივლის. მიხო ამაში ცუდს არაფერს ხედავს და მზადაა ასობით კილომეტრი დაუღალავად დაფაროს.

რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა ჩერკასის არჩევა და იხსნება თუ არა იქ პარტიის ახალი ოფისი, ამის შესახებ ჩვენს გაზეთს დავით საყვარელიძემ განუმარტა: „ეს არ ნიშნავს პარტიის ოფისის იქ გადატანას. ჩერკასში ჩვენი პარტუჯრედი იქნება, იქ დიდი ხანია ჩვენი ხალხი მუშაობს“. „ახალი ძალების მოძრაობის“ ოფისი ქალაქის ცენტრში მდებარე შენობის მე-9 სართულზეა განთავსებული. პარტია 22,8 კვადრატულ მეტრ ოფისისათვის ქირას თვეში 3 ათას გრივნას (დაახლ. 115 დოლარს) იხდის.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩერკასიდან უკრაინის ვერხოვნა რადაში შვიდი დეპუტატია არჩეული, თეორიულად მიხეილ სააკაშვილი აქ შეიძლება თავის მტრებს გადააწყდეს ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“, მაგალითად ოლეგ პეტრენკოს, ვლადისლავ გოლუბს, სერგეი რუდიკს და სხვებს. ვინ იცის, როგორი რეაქცია ექნება მიხოს, როცა იგი მტერი პრეზიდენტის მხარდამჭერებს დაინახავს?

სხვათა შორის, ჩერკასის რესტორნებში, თუ მიხეილ სააკაშვილი სმა-ჭამასა და გართობას მოისურვებს, ქართული ეროვნული კერძები საკმაოდ ბევრია. როგორც ამბობენ, ამ ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტი რესტორანი მოდის. გარდა ამისა, ჩერკასში არის სხვა საქეიფო გასართობი დაწესებულებებიც, რომლებიც მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნულ სამზარეულოზე არიან დასპეციალებული. მაგალითად, კაფე-რესტორანი „სტუმარი“, რომლის შეფ-მზარეული ყველაზე ნამდვილი ქართველი გახლავთ, თბილისის მკვიდრი.

„ძალიან გაგვეხარდება, თუ მიხეილ სააკაშვილი გვეწვევა. მზად ვართ კარგი ხინკალი ვაჭამოთ, – ამბობს დარია, რესტორნის ოფიციანტი, – ჩვენი ხინკალი ქალაქში ყველაზე გემრიელია“. „სტუმარში“ ჩერკასულ-ქართული თითო ხინკლის ფასი 13 გრივნაა (დაახლ. 50 ცენტი), ხოლო რესტორან „მეხინკლე ბუბა“-ში – 12 გრივნა (იაფი იმიტომაა, რომ იქ მზარეული უკრაინელია).

„თუ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს რესტორანში მოვა, მას ჩვეულებრივად მოვემსახურებით, ყოველგვარი განსაკუთრებული დამოკიდებულების გარეშე. ყველა მომსვლელს თავაზიანად და პატივისცემით ვეპყრობით, პოლიტიკოსებს რიგითი მოქალაქეებისაგან არ ვასხვავებთ“, – გვიტვება „მეხინკლე ბუბას“ ადმინისტრატორი.

შემოდგომა სულიერი დასვენებისა და მოგზაურობების დროა. და თუ მიხო დროის მშვიდად გატარებას მოისურვებს, მისთვის კარგი იქნება, რომ ჩერკასის „თეთრ ლოტოსში“ – ევროპაში ყველაზე დიდ ბუდისტურ ტაძარში მივიდეს. როგორც ექსკურსიამძღოლები ამბობენ, იქ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას ჰპოვებს. მას შეუძლია იქ არა მარტო ჩაი მიირთვას, არამედ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ტექნიკასაც დაეუფლოს. მართალია, ტაძარში შესვლა ფასიანია და ზოგჯერ დაკეტილიც არის ხოლმე, მაგრამ მიხო რისი მიხოა, თუ კარს არ შეანგრევს?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/russia-today-as-a-foreign-agent/4037519.html

არის თუ არა რუსული ტელეარხი „რაშა თუდეი უცხო ქვეყნის აგენტი?

რუსული სპუტნიკის“ ტყუილები საქართველოში

ანი ჩხიკვაძე

ერთი კვირის წინ, რუსეთის ინგლისურენოვანმა ტელეარხმა “რაშა თუდეიმ“ განაცხადა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა, კომპანიას, რომელიც „რაშა თუდეის“ ამერიკაში გადასცემს, მოსთხოვა „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის” (FARA) საკანონმდებლო აქტის შესაბამისად რეგისტრაცია გაიაროს. ამ შემთხვევაში ტელეარხს მოუწევს მაყურებელს გაუმხილოს, რომ მას კრემლი აფინანსებს.

„რაშა თუდეი“-სთვის უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის იდეით პირველად დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გამოვიდა. მას მხარს დემოკრატი კონგრესმენი დავიდ სისილინი და რესპუბლიკელი მეთიუ გაეცი უჭერენ. მათ კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს აძლევს უფლებას გამოიძიოს რუსეთის ინგლისურენოვანი მედია საშუალების მიერ FARA-ს შესაძლო დარღვევა.

ამერიკამ FARA 1938 წელს მიიღო და თავდაპირველად ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ამ აქტით ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის მთავრობასთან ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს საკუთარი კავშირების შესახებ. ცივი ომის პერიოდში FARA-ში რეგისტრირდებოდა TASS-ის ნიუ-იორკის ბიურო და საბჭოთა მედია გამოცემები „პრავდა“ და „იზვესტია“. მსგავსად საბჭოური მედია საშუალებებისა, RT ფინანსურად კრემლზეა დამოკიდებული და დაფინანსების 99% პროცენტს მთავრობისგან იღებს. მისი ბიუჯეტი, ოფიციალურად 2017 წლისთვის 323 მილიონი დოლარია. თუმცა, The Daily Beast-ის ინფორმაციით, 2005-2013 წლებ ში “რაშა თუდეის” გაჟონილი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, გამოცემამ რუსეთის მთავრობისგან 2 მილიარდ დოლარამდე მიიღო.

„რუსეთი დღეს“ ანუ „რაშა თუდეი“ კვირაში 7 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ინგლისურ ენაზე გადაცემს საერთაშორისო ახალ ამბებს და მისი ნახვა ყველა სასტუმროსა ოთახებსა თუ საკაბელო არხებს შორის შეგიძლიათ. ის ინგლუსურენოვან სატელევიზიო ქსელს, სააგენტო სპუტნიკს, ყოფილ “რია ნოვოსტის” და ვიდეო პორტალ „Ruply“-ს მოიცავს. ტელეარხი 2005 წელს შეიქმნა, თუმცა საქართველო-რუსეთის ომამდე მისი პოპულარობა შეზღუდული იყო. 2008 წელს არხი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველების მიერ „ოსების გენოციდზე“ ალაპარაკდა. ამის შემდეგ არხმა მიზანს მიაგნო და რეორგანიზაციას მიმართა. ოფიციალური სახელი, მაყურებლის დასაბნევად აბრევიაცია RT-ით შეცვალა. “რაშა თუდეი“ ექვს ენაზე მაუწყებლოს და 100 ქვეყანას ფარავს. მას მსოფლიოში ყოველკვირეულად 70 მილიონი ადამიანი უყურებს. არხის მიზანია „გადასცეს რუსეთის თვალსაზრისი მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.”

“მე ვყოყმანობ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ კანონის ფარგლებში RT-ს მივუდგეთ. არსებობს შესაძლებლობები და ასევე გაუთვალისწინებელი შედეგები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გამჭირვალობის და ღიაობის პრინციპით. ჩვენ გვინდა, რომ მათმა მაყურებელმა და მსმენელმა გაიგოს, რომ ეს რუსეთის მთავრობის იარაღია, და რუსეთი ამერიკასთან ბევრ საკითხზე თუ ღირებულებებზე ვერ თანხმდება. მე ვფიქრობ ამის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს“, – ამბობს ჯეფრი გედმინი, ატლანტიკური საბჭოდან, რომელიც “რადიო თავისუფლების” ყოფილი ხელმძღვანელია.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციის იარაღად გამოყენებაზე დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს, 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება დაიწყო. იანვარში ეროვნული დაზვერვის დირექტორატმა დაასკვნა, რომ კრემლი იყენებდა ამ მედია საშუალებებს რათა, 2016 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა.

FARA-ში რეგისტრაცია ტელეარხს მაუწყებლობას არ უკრძალავს და არც უზღუდავს, თუმცა მაყურებელს საშუალებას აძლევს გაიგოს მეტი ინფორმაციის წყაროს შესახებ. FARA-ს მიხედვით რეგისტრაციის შემთხვევაში, “რაშა თუდეის“ მოუწევს იუსტიციის დეპარტამენტში ყველა გადაცემული ინფორმაციის თაობაზე წარადგინოს ანგარიში. რუსული მხარე უარყოფს, რომ ის მედიას გავლენის იარაღად იყენებს. „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში, გასულ კვირას, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი პროპაგანდას არ ავრცელებს და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მოსკოვის „საპასუხო ნაბიჯებია“.

დასვი მეტი კითხვა

„დასვი მეტი კითხვა“ RT-ის სლოგანია. RT-ისთან ერთად მოსკოვი იყენებს სოციალური მედიას, რათა დასავლური ინსტიტუტების და მედიის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცოტა ხნის წინ, „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მათ დაახლოებით 100,000 ამერიკული დოლარის ღირებულებების რეკლამები მიჰყიდეს რუსულ კომპანიას, რომელთა სამიზნეც შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის დროს, ამერიკელი ამომრჩეველი იყო.

„მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ რუსეთის ქმედებებზე ფართო კონტექსტში. მოსკოვი აწარმოებს ჰიბრიდულ ოპერაციებს, იქნება ეს სამხედრო ძალის გამოყენება, კიბერ შეტევები, ეკონომიკური ზეწოლა თუ გავლენის მოხდენის მცდელობები, როგორიცაა რაშა თუდეის შემთხვევა“, – ამბობს ფრენკ კრეიმერი, ატლანტიკური საბჭოდან, -„მნიშვნელოვანია უფრო მეტი გამჭირვალობა, რასაც უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი მოითხოვს. ჩვენ ზოგადი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ, გავაანალიზოთ რომ რუსეთთან რთულ ვითარებაში ვართ და შესაბამისად უნდა მოვიქცეთ“, – დაამატა მან.

რუსული “სპუტნიკი” საქართველოშიც გადმოცემს. რამდენიმე თვის წინ „სპუტნიკის“ ქართულმა ბიურომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თავისუფალი მიმოსვლა საქართველოს ავალდებულებდა სირიელი ლტოლვილები მიეღო, რასაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს. საქართველოში ამ მედიასაშუალებების და სხვა ქართული გამოცემების, რომლებიც ასევე კრემლის ინტერესებს ემსახურებიან ან იზიარებენ, მიზანი დასავლეთის დემონიზაცია, მისი „ამორალურად“ წარმოჩენა და მისით იმედგაცრუების დანერგვაა.​

როდესაც რუსულ მედიაზე საუბრობენ, ხშირად ვლადისლავ სურკოვის სახელი ისმის. იგი რუსული მედიის ერთ-ერთი შემოქმედი და კრემლში გავლენიანი ფიგურაა. 2013 წლიდან, ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის პირადი მრჩეველია ოკუპირებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და უკრაინის საკითხებში. ვლადისლავ სურკოვს უკავშირებენ ვლადიმირ პუტინის იმიჯის შექმნას და კრემლის დემიურგს უწოდებენ. „ჩემი საქმიანობა კრემლში და მთავრობაში მოიცავს იდეოლოგიას, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიას, მოდერნიზაციას, ინოვაციას, საგარეო ურთიერთობას და… (იღიმება) თანამედროვე ხელოვნებას“, – განაცხადა მან ერთხელ ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში შეხვედრისას. ზუსტად რა როლი აქვს მას კრემლის მესიჯის გავრცელებაში რთული სათქმელია, თუმცა უკრაინის კრიზისის დროს ის ევროკავშირის და ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს შორის მოხვდა.

დათვური სამსახური?

RT-ის რეგისტრაციის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ არხის რეგისტრაციაზე დებატები მას მეტ პოპულარობას შესძენს. ისინი ამბობენ, რომ RT საკუთარი გამოკითხვებით და რიცხვებით მანიპულირებს და რეალურად მისი რეიტინგი ამერიკაში, განსაკუთრებით პოლიტიკურ გადაცემების ნაწილში, დაბალია. 2015 წლის კვლევით, RT ვერ მოხვდა ამერიკის 94 ყველაზე პოპულარულ არხს შორის. ხოლო ბრიტანეთში „მაუწყებლის მაყურებელთა კვლევების საბჭოს“ თქმით, მას მოსახლეობის 0.04% პროცენტი უყურებს.

მეორენი ამბობენ, რომ რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა საპასუხო ნაბიჯი გადადგას და შეუზღუდოს მოსკოვში მყოფ დასავლელ ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა ისევე როგორც სხვა მედიის, ასევე „ამერიკის ხმის“ და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებისთვის რუსეთში მუშაობა უკვე შეზღუდულია. 2014 წელს, რადიო „ამერიკის ხმას“ რუსეთმა მაუწყებლობის ლიცენზია არ განუახლა, ხოლო რადიო „თავისუფლებას“ ორი წლით ადრე შეუზღუდა რადიოგადაცემა. ასევე ხშირია დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები ამ მედია გამოცემების და სხვა უცხოელ ჟურნალისტებზე.

ამერიკის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს (BBG) ხელმძღვანელმა, რომელიც „ამერიკის ხმას“ და რადიო „თავისუფლებას“ აერთიანებს, ჯონ ლენსინგმა კონგრესს განუცხადა, რომ განსხვავება რუსეთის სამთავრობო და ამერიკის სამთავრობო მაუწყებლებს შორის, იმაშია, რომ ამ უკანასკნელს აქვს მთავრობის ჩარევისგან დამცავი სტრუქტურა და მექანიზმები.

„ამერიკის შეერთებული შტატები პროპაგანდას არ აკეთებს“, – განაცხადა ჯონ ლენსინგმა. „ჩვენ გვაქვს თავდაცვითი მექანიზმები, რომლებიც მასმედიის დამოუკიდებელ სარედაქციო გადაწყვეტილებებში მთავრობის ჩარევას შეუძლებელს ხდის“, – დაამატა მან.

რუსეთმა შესაძლებელია ამ მედია საშუალებებს და მათ წარმომადგენლებს საპასუხოდ ასევე უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაცია მოსთხოვოს. ეს კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო, ის ძირითადად ორგანიზაციებზე ვრცელდება და კრემლი მას ხშირად იყენებს დამოუკიდებელი ორგანიზაციების თუ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად. საერთაშორისო ამნისტიის რუსეთის ოფისის ხელმძღვანელის სერგეი ნიკიტის თქმით, „უცხო ქვეყნის აგენტის კანონი შექმნილია, რათა დააბრკოლოს, სტიგმატიზაცია მოხდინოს და საბოლოოდ გააჩუმოს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები.“ იმ 148 ორგანიზაციისგან, რომელიც ამ კანონით რუსეთმა რეგისტრაციაში გაატარა, 27 დაიხურა და ბევრი უცხოური ორგანიზაცია ქვეყნიდან გააძევეს.

“ჩვენ ამერიკაში გამჭირვალობის გვჯერა. ეს ცენზურის ან დახურვის მცდელობა არ არის. და არ არის ექვივალენტი იმის, რასაც რუსეთი რუტინულად ჩადის უცხო ქვეყნის და საკუთარი მედიის მიმართ, და მოიცავს ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლებისთვის მუშაობის გართულებას, ცენზურას თუ დახურვას”, – ამბობს ამერიკის ხმასთან საუბარში ჯეიმს კირჩიკი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, – “ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მოსახლეობას გავაცნოთ თუ საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას“, – აცხადებს ის.

რუსული გამოცემების და საერთაშორისო მედია საშუალებების მიმართ სხვა ქვეყნებმაც მიიღეს ზომები. მაგალითად, ბრიტანეთის მედიარეგულატორმა „Ofcom”, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული საჩივრები გამოიძია და მედიასაშუალება დააჯარიმა მიკერძოებულობის გამო. მწერალი და ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი, რომელიც რუსულ პროპაგანდას იკვლევს, ამბობს, რომ ბრიტანეთის რეგულატორმა RT დატუქსა, და თუმცა რთულია იმის თქვა შეცვლის თუ არა RT ქმედებებს, მისი თქმით ამ ნაბიჯმა „მაყურებელზე გავლენა იქონია“. მსგავსად ამისა, საფრანგეთში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საარჩევნო კამპანიის დროს, RT-ის და სპუტნიკს შეხვედრებზე დასწრება აუკრაძალა და მოგვინებით, მაისში, ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონეფრენციაზე, მათ „გავლენის და პროპაგანდის იარაღი უწოდა”. დღეს კი ვაშინგტონში ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გაუმკლავდენ საინფორმაციო თავდასხმებს.

Comments are closed