globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): „რუსთავი-2“-ს მოსახლეობა საპროტესტო აქციაზე გაჰყავს

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანმა და რუსეთმა საქართველო შეიძლება ვერ გაიყონ… გაზით უზრუნველყოფის საკითხში

«Neues Volksblatt» (ავსტრია): ყირიმისა და სირიის შემდეგ: რას გააკეთებს ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ? // სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარება სურს

«Дагестанская правда» (რუსეთი): ავარეთ-კახეთის გზა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა?!

————

«Независимая газета» (რუსეთი), 22 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-10-22/6_rustavi.html

„რუსთავი-2“-ს მოსახლეობა საპროტესტო აქციაზე გაჰყავს

სტატიაში განხილულია ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მოვლენები: გადმოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა და ფაქტი, რომელიც ამ ტელეარხს ეხება: ქონებრივი კუთვნილების საკითხი, არხის ხელმძღვანელის განცხადებები და მოწოდებები, ჟურნალისტთა დამოკიდე-ბულება და სხვა მომენტები (ავტორი – იური როქსი).

„ნიკა გვარამიამ, რომელიც სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი გენპროკურორია, თითქმის შეუძლებელი შეძლო – ტელეარხი ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალების“ კონტროლქვეშ შეინარჩუნა და იმ რთული სიტუაციიდან, რომელიც ქართულ მედიასივრცეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, მინიმალური რეიტინგული დანაკარგებით გამოვიდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ირგვლივ, რომელზეც ტელეკომპანიის კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყდეს. „ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რუსთავი-2“ გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ [თავის მკაცრ პოზიციას არ ამჟღავნებდა]. ტელეკომპანიის თავზე ღრუბლები მოულოდნელად მაშინ შეიკრიბა, როცა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა – „თავის დროზე ეს ტელეარხი მიხეილ სააკაშვილის ზეწოლის გამო დავთმე და ახლა კუთვნილების უფლების აღდგენა მინდაო“. საქმე სასამართლოს გადაეცა, რომელიც საკმაოდ ნერვიულ გარემოში მიმდინარეობდა და არაა გამორიცხული, რომ თემიდის ვერდიქტით არხი მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნდეს.

ნიკა გვარამიამ და „ნაციონალთა“ ცნობილმა წარმომადგენელებმა მომხდარ ამბებში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს, რომელიც, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ცდილობს გავლენიანი ტელეკომპანია შეზღუდოს და ამით კრიტიკისაგან თავი დაიცვას. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მილიარდერს ადრე არაერთხელ გამოუხატავს თავისი უკმაყოფილება „რუსთავი-2“-ის საქმიანობის მიმართ, თუმცა ბოლო ხანებში მას ამ საკითხზე რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია. ხელისუფლება ცდილობს, რომ საკითხი მფლობელებს შორის ქონებრივ დავად წარმოაჩინოს და აცხადებს, რომ ყველაფერი კანონის საფუძველზე სასამართლოს გადასაწყვეტია.

ჟურნალისტებმა კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას სოლიდარობისაკენ მოუწოდეს. საინტერესო ფაქტია, რომ „რუსთავი-2ის მხარდამჭერთა რიგებში, „ნაციონალების“ გარდა, დგანან სხვა პოლიტიკური პარტიების – ლეიბორისტებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები შალვა ნათელაშვილი და ირაკლი ალასანია, რომლებთაც ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

ტელეარხ „რუსთავი-2“ არაერთხელ შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ისტორიაში. მასთან ჭიდილში მარცხი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ განიცადა, როცა 2000-იანი წლების დასაწყისში საგადასახადო სამსახური მის გაკონტროლებას შეეცადა. ხელისუფლებისთვის მოულოდნელად, „რუსთავი-2“-ის (ანუ სიტყვის თავისუფლების) დასაცავად მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, რის შემდეგაც ტელეარხი აღარ შეუწუხებიათ. მისი კოლექტივმა, შეიძლება ითქვას, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო და მიხეილ სააკაშვილს კოლოსალური მხარდაჭერას უწევდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში „ნაციონალთა“ გაბატონების შემდეგ „რუსთავი-2“ მათი რუპორი გახდა და პოპულარობა საკმაოდ დაკარგა. 2012 წლის არჩევნების შედეგების კვალობაზე კი ტელეარხი, ფაქტიურად, ნაციონალთა“ პარტიულ მედიაორგანოდ იქცა. ასე რომ, ამჯერად „რუსთავი-2“ საზოგადოების მხარდაჭერა ნაკლები ექნება. მართალია, „ნაციონალურ ტელევიზიში“ პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ მათი საქმიანობა ექს-პრეზიდენტისა და მისი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებას იწვევს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 22 ოქტომბერი, 2015 წელი

http://haqqin.az/news/55443

აზერბაიჯანმა და რუსეთმა საქართველო შეიძლება ვერ გაიყონ… გაზით უზრუნველყოფის საკითხში

ელნურ მამედოვი

(შემოკლებით)

„აზერბაიჯანი და საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ენერგეტიკულ სგეროსი წარმატებით თანამშრომლობდნენ: კასპიის ენერგორესურსების ექსპორტის საკითხში ბაქომ კურსი ერთმნიშვნელოვნად აიღო მეზობელ ქვეყანაზე და მისი ტერიტორიის მეშვეობით ნავთობი და გაზი ევროპაში გააქვს. სამაგიეროდ, აზერბაიჯანი ტრანზიტის საფასურს აკურატულად უხდის მეზობელს როგორც ფულით, ასევე გაზით, რაც საქართველოს ბიუჯეტისათვის ძალზე მნიშვნელოვანია და თბილისს სოციალური ამოცანების მოგვარებაში ეხმარება.

ყველაფერი კარგად მიდიოდა  – ბოლო დრომდე არც აზერბაიჯანს და არც საქართველოს ერთმანეთთან პრეტენზიები არ ჰქონიათ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადების შემდეგ: მან თქვა, რომ საქართველოს აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი აღარ ჰყოფნის და დამატებითი მოცულობის შესაძენად რუსულ „გაზპრომ“-თან ვაწარმოებთ მოლაპარაკებასო. მან თავისი განცხადება ჯერ იმით გაამართლა, რომ „გაზპრომ“-მა სომხეთს, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო მილსადენით მეტი გაზი უნდა მიაწოდოს და აქედან გამომდინარე, ჩვენს მეტი გაზი უნდა მივიღოთ და მოლაპარაკებას ამიტომ დავიწყეთო, მოგვიანებით კი ქართველმა ვიცე-პრემიერმა და იმავდროულად ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანი იმაში დაადანაშაულა, რომ გაზის დამატებითი რაოდენობის მოწოდება არ შეუძლიაო.

(…)

„დიახ, საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანია, რუსეთისაგან კი თბილისი „ცისფერ საწვავს“ მხოლოდ სომხეთისათვის მიწოდებული გაზის ტრანზიტისათვის ღებულობს უფასოდ (0,3 მილიარდ კუბმეტრს წელიწადში). თუ გადავიანგარიშებთ, რუსული გაზის ფასი საქართველოსთვის 1000 კუბმეტრზე 110 დოლარი გამოდის. სომხეთისათვის კი რუსული გაზის შეღავათიანი ფასი 165-189 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის ფასი 55-დან 64 დოლარამდეა (ტრანზიტისაგან მიღებული), ხოლო „სოციალური მიზნებისათვის“ – 189 დოლარად. გარდა მისა, გასულ წელს თბილისმა დამატებითი გაზი (400 მილიონი კუბმეტრი) კომერციულ ფასად – 240 დოლარად შეიძინა. ამრიგად, „გაზპრომს“ აშკარად შეუძლია თბილისს კომერციული გაზი შედარებით დაბალ ფასად მიჰყიდოს და რომ ეს არ მოხდეს, „სოკარმაც“ იგივე უნდა შესთავაზოს საქართველოს.

შეძლებს კი „სოკარი“ საქართველოს გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას?

გრძელვადიან პერსპექტივაში, ცხადია, შეძლებს: როცა ახალი საბადო „შაჰ-დენიზ-2“-დან გაზის ამოღება დაიწყება, ბუნებრივი საწვავი საქართველოსთვისაც საკმარისი იქნება, მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, „სოკარს“ საქართველოს დაკმაყოფილება არ შეუძლია. სწორედ ამ მიზეზით ჭიანურდება საქართველოში და აზერბაიჯანში აშენებული კარბამიდების ქარხნების ექსპლოატაციაში შესვლა, მათთვის გაზია საჭირო. ამავე მიზეზით არ მუშაობს ახლადაგებული ბაქოს მეთანოლის ქარხანა. ამ ფონზე, ბუნებრივია, აზერბაიჯანს მეზობლის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია (თუმცა უცნობია, რა მოცულობის ყიდვა სურს საქართველოს).

რუსულმა „გაზპრომ“-მა კი, დასავლეთთან შექმნილი პრობლემების გამო, არ იცის თავისი გაზი სად წაიღოს, რომლის გაუყიდავი მარაგი მილიარდობით კუბმეტრია. და ამ დროს ჰორიზონტზე საქართველო გამოჩნდა და აცხადებს, გაზის ყიდვა მსურსო. რასაკვირველია, თბილისს, ალბათ, ძალიან ბევრი გაზი არ უნდა და შესაბამისად, „გაზპრომ“-ისათვის მილში დამატებითი მოცულობის გაზის ჩატვირთვა სიძნელეს არ წარმოადგენს. ამრიგად, ქართულ ბაზარზე კონკურენცია რუსულ და აზერბაიჯანულ კომაპნიებს შორის გამორიცხული არ არის“.

«Neues Volksblatt» (ავსტრია), 22 ოქტომბერი, 2015 წელი

www.volksblatt.at/politik/nach_krim_und_syrien_putins_naechster_coup_in_georgien_22102015/

ყირიმისა და სირიის შემდეგ: რას გააკეთებს ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ?

სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარება სურს

კრემლის შეფი ვლადიმირ პუტინი საგარეო პოლიტიკაში სუპერაქტიურობას აგრძელებს: გუშინ მან თავის მოსკოვურ რეზიდენციაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიიღო. ეს სირიელი ლიდერის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია 2011 წლის შემდეგ, რაც  მის სამშობლოში სამოქალაქო ომი დაიწყო. ვიზიტი ორგვარად შეიძლება შეფასდეს: პირველი – ბაშარ ასადი თავის სკამზე მტკიცედ ზის და მეორე – ვლადიმირ პუტინი აჩვენებს, თუ ვინ ასრულებს მთავარ როლს სირიის პრობლემის მოგვარებაში. (…)

იმ დროს, როცა მსოფლიო მკითხაობს, თუ როგორი იქნება ვლადიმირ პუტინის მორიგი ნაბიჯი სირიის ამბებში, მას უკვე შეუძლია ისეთი ახალი ნახტომი გააკეთოს, რომელიც ყირიმის ავბედით კრიზისს გაგვახსენებს: საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, კრემლის წარმომადგენელ ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მიზნით რეფერენდუმი უნდა ჩატარდესო: „ჩვენ ისტორიული შანსი უნდა გამოვიყენოთ მოძმე რუსეთთან შესაერთებლადო“. სხვათა შორის, ვლადისლავ სურკოვი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის ნაწილის – ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისადმი მიერთების იმ პროცესის დირიჟორად მოიაზრება, 2014 წლის გაზაფხულზე რომ განვითარდა.

სამხრეთ ოსეთი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაწყებული უმართავი პროცესების დროს ჩამოშორდა, 1990-იქანი წლების დასაწყისში. იმ პერიოდიდან საქართველო ცდილობდა 50 ათასი სული მოსახლეობის მქონე მთანი რეგიონი თავის კონტროლქვეშ დაებრუნებინა. თბილისის ბოლო მცდელობა, რომელიც 2008 წლის ზაფხულში განხორციელდა, რუსეთის ჩარევის გამო, წარუმატებელი აღმოჩნდა: საქმე ომამდეც კი მივიდა, რომელიც ხუთ დრეში დამთავრდა. მას შემდეგ მოსკოვი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

«Дагестанская правда» (რუსეთი), 22 ოქტომბერი, 2015 წელი

http://dagpravda.ru/rubriki/obshchestvo/27451624/

ავარეთ-კახეთის გზა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა?!

ჯანგიშ ჰადისოვი

(შემოკლებით)

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში, რუსეთის მეგზევეთა პროფესიული დრესასწაულის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ადგილობრივმა გზის მშენებლებმა თავიანთი წარმატებებზე ისაუბრეს. თავიანთი საქმიანობის შედეგები ჟურნალისტებს დაღესტნის ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაჰიდ ხუჩბაროვმა გააცნო.

„მიმდინარე წლის მანძილზე დაღესტანში ბევრი რამ გაკეთდა გზების მშენებლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მთიან რაიონებში – ხორციელდება პროექტი, რომელიც რესპუბლიკის რვა რაიონში ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზების მშენებლობას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ზაჰიდ ხუჩბაროვმა. „უკვე ამ წლის ბოლომდე დასრულდება გზების მოასფალტება კურახის, გუმბათისა და ჩაროდის რაიონებში“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ზემოთ აღნიშნული პროექტი ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობასაც ითვალისწინებსო.

ჟურნალისტების შეკითხვას, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობაო, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: „მას შემდეგ, რაც გზა რაიონულ ცენტრამდე, კერძოდ, ბეჟთამდე მივა, შემდეგ უკვე ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაც ადვილი იქნება“.

Comments are closed