globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის შენარჩუნება გადაწყვიტა: საქართველოს ახალ მთავრობაში ნაცნობ სახეებს ვნახავთ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთის ახალი სამხედრო სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 22 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-11-22/6_6865_gruzia.html

გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის შენარჩუნება გადაწყვიტა: საქართველოს ახალ მთავრობაში ნაცნობ სახეებს ვნახავთ

სტატია ეხება საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენას. მასში მიმოხილულია ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კომენტარები, მოსაზრებები და ვარაუდები (ავტორი – იური როქსი).

„უკვე აშკარაა, რომ სენსაციური ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი არ არის. არ გამართლდა ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად „ქართული ოცნება“ დიდსულოვნობას გამოიჩენდა და  კოალიციური მთავრობის მსგავს აღმასრულებელ ორგანოს ჩამოაყალიბებდა, ანუ მასში სხვა წამყვანი პარტიების წარმომადგენლებს შეიყვანდა. ეს ვარაუდები უსაფუძვლო აღმოჩნდა.

„უცხო თავისიანებს შორის“ მთავრობაში მხოლოდ ერთია – დიპლომატი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი. ვიქტორ დოლიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო. საპარლამენტო არჩევნებში კატასტროფული მარცხის შემდეგ მან ორგანიზაცია თავის ლიდერთან – ირაკლი ალასანიასთან ერთად დატოვა. სავარაუდოდ, ფიქტორ დოლიძის კარიერას სწორედ უპარტიობამ უშველა: გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროინდელი დაპირისპირება დაივიწყა და ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა ერთ-ერთი მინისტრის პოსტზე წარადგინა. როგორც ჩანს, ამაში თავისი დადებითი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ ვიქტორ დოლიძემ მხარი არ დაუჭირა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის კრიტიკულ განცხადებას ხელისუფლების მიმამართით, არჩევნების ფალსიფიცირებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე. პირიქით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მომავალმა მინისტრმა განაცხადა, რომ ხმის მიცემა სუფთად ჩატარდა და მას არანაირი მიზეზი არ აქვს „ქართულ ოცნებას“ რაიმე დარღვევაში ამხილოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, მინისტრად დამტკიცების შემდეგ ვიქტორ დოლიძე უპარტიო დარჩება თუ „ქართული ოცნების“ წევრი გახდება, მაგრამ ეს საკითხი დღეს მაინცდამაინც არსებითი არაა. ამჟამად ქვეყანას პირველ რიგში პროფესიონალები ჭირდება, ამ მხრივ კი დოლიძის მიმართ ეჭვი არავის ეპარება. მისი წინამორბედი მინისტრი დავით ბაქრაძე კი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნება“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე მკითხველს აცნობს ყოფილი მინისტრების სამომავლო „გზა-კვალს“:  კახა კალაძე პარლამენტის წევრად კი აირჩიეს, მაგრამ იგი მაინც „მშობლიურ“ ენერგეტიკის სამინისტროს დაუბრუნდება და სავარაუდოდ, კვლავ ვიცე-პრემიერი იქნება, ანუ ყოფილი ფეხბურთელი აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლოზე არ გაცვლის. ფინანსთა მინისტრის პოსტზე, ნოდარ ხადურის ნაცვლად, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია წარდგენილი და ა.შ. რაც შეეხება ძალოვან ბლოკს, იქ არანაირი გადაადგილებები არ მოხდება, შეიცვლება მხოლოდ გენშტაბის უფროსი, რომელსაც ისედაც ეწურება სამწლიანი ვადა.

„ეჭვი არავის ეპარება, რომ პარლამენტი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთკვირიან ვადაში ახალი მთავრობის შემადგენლობას უმტკივნეულოდ დაამტკიცებს – „ქართულ ოცნებას“ ამისათვის დეპუტატების უბრალო უმრავლესობა ჭირდება. მინისტრთა კანდიდატურების მიმართ გამოთქმული კომენტარები ბევრი არ არის, თუმცა ოპოზიციამ გაკილვის შანსი ხელიდან არ გაუშვა: „ნაციონალ“ სერგო რატიანის განცხადებით, როგორც არ უნდა გადააჯინოს ოლიგარქმა ბიზინა ივანიშვილმა მინისტრები ერთი სკამიდან მეორეზე, ჯამი არ შეიცვლებაო“, წერს ავტორი და „ნაციონალების“ მისამართით შენიშნავს: „ქართულ ოცნებაზე“ აუგის თქმის ნაცვლად, უმჯობესია მათ საკუთარ პარტიულ საქმეებს მიხედონ, ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვრებელიო“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ უწინდელი სახით აღარ იარსებებს, ეს უკვე ყველასათვის ნათელია. პარტია ფორმალური ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის გარეშე რჩება. ექს-პრეზიდენტი და და თავისი ყოფილი თანამოზრეები ერთმანეთს აღარ ენდობიან. ბზარი, რომელიც თბილისელ და უკრაინელ „ნაციონალებს“ შორის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჩნდა, არჩევნების შემდეგ ნაპრალად გადაიქცა. ამის დამადასტურებლად ავტორი ციტირებს ყოფილი „ნაციონალის“ გიორგი ვაშაძის მიერ გაზეთ „კვირის პალიტრისადმი“ მიცემულ ინტერვიუს, რომლის თანახმად, „მიხეილ სააკაშვილმა დაშვებული შეცდომები უნდა გაანალიზოს, რომელიც პარტიაში ვიწრო კლანის გაძლიერებაში გამოიხატება. მას გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე თავის გუნდის წევრებად მიაჩნდა, სინამდვილეში კი ასე არ იყო. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილი თვითონაც მიხვდა და გიგა ბოკერიას მოღალატე უწოდა… მართალია, ექს-პრეზიდენტი ცდილობს პარტიაში რაღაც პოზიციები შეინარჩუნოს, მაგრამ უკვე გვიანია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მალე ყრილობას ჩაატარებს, პარტიის ლიდერად დავით ბაქრაძე მოიაზრება. თუ მას მართლაც აირჩევენ თავმჯდომარედ, მაშინ „ნაციონალებმა“  საზოგადოების მხარდაჭერაზე ფიქრი უნდა დაივიწყონ“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/new-russian-military-strategy-in-the-caucasus/3605456.html

რუსეთის ახალი სამხედრო სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში

ზაზა წულაძე

საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან – აფხაზეთთან და ცხინვალთან „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნის შესახებ“ „ხელშეკრულების“ გაფორმების შემდეგ, რუსეთი უახლოეს მომავალში, ანალოგიურ შეთანხმებას სომხეთთანაც გააფორმებს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით, საგარეო და თავდაცვის სამინისტროები, სომეხ კოლეგებთან ერთად, უკვე მეორე კვირაა მუშაობენ ხელშეკრულების ტექსტზე. პროექტის მიხედვით, გაერთიანებული რუსულ-სომხური ჯარების დაჯგუფება „კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება“. პროექტში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ“.

როგორც სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (AIISA) ექსპერტი რუბენ მეღრაბიანი ფიქრობს, ასეთი დოკუმენტი უფრო შეზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს, სადაც ბოლო პერიოდში ანტირუსული განწყობები გაზრდილია, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში და გაართულებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

ანალოგიური პოზიცია აქვს ზურაბ აბაშიძესაც, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს: „ეს ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება მეტად სახიფათო აღმოჩნდეს, ამან შეიძლება, სახიფათო ინციდენტების სერიოზული სპირალი გამოიწვიოს“.

დღეის მდგომარეობით, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამი სამხედრო ბაზით არის წარმოდგენილი, მათ შორის ორი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა – მე-4 ბაზა „სამხრეთ ოსეთში“ (ცხინვალში) და მე-7 – აფხაზეთში (გუდაუთაში). ასევე 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, რომელიც სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს. საერთო ჯამში, სამივე სამხედრო ბაზაზე – 15000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, ასევე თანამედროვე შეტევითი შეიარაღება, მათ შორის ისეთი დამანგრეველი იარაღი, როგორიცაა ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-მ“.

„გაერთიანებული დაჯგუფების” შემთხვევაში, ამას ემატება დაახლოებით 45000 სამხედრო მოსამსახურე სომხეთის შეიარაღებული ძალებიდან და 18000 მეომარი ოკუპირებული ყარაბაღიდან, 2500 ჯარისკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 1300 – ცხინვალის რეგიონიდან.

რუსულ-აფხაზური და რუსულ-ოსური „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფებას, შესაბამისად, მე-7 სამხედრო ბაზის მეთაური გენერალ-მაიორი მიხეილ კოსობოკოვი და მე-4 სამხედრო ბაზის მეთაური პოლკოვნიკი მიხეილ პოლიშჩუკი უხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება რუსულ-სომხურ „გაერთიანებულ ჯარებს“, ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ამ დაჯგუფების მეთაურს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, რუსს კოლეგასთან შეთანხმებით შეარჩევს. რუსულ-სომხური „გაერთიანებულ ჯარები“ მშვიდობიანობის დროს, ფორმალურად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს დაექვემდებარება, ხოლო ომიანობის პერიოდში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე დვორნიკოვს.

„გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნა“ გულისხმობს რუსეთის ავტომატურ ჩართვას საომარ მოქმედებებში, თუ მის მოკავშირეებს საფრთხე დაემუქრათ. სომხეთთან მიმართებაში რუსეთს 1992 წლიდან, ისედაც ჰქონდა ასეთი ვალდებულება აღებული, „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ (CSTO) ფარგლებში. ხოლო, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან, მოსკოვმა ეს ვალდებულება 2008 წელს, ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ აიღო.

პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ სახეზეა კრემლის ახალი სამხედრო სტრატეგია, რომელიც კავკასიის რეგიონში, NATO-ს გააქტიურების შესაკავებლად ამოქმედდა:

„რუსეთი ცდილობს გადახედოს სამხედრო დოქტრინას. მათ შორის NATO-ს შეკავების პოლიტიკის მიზეზით, იმ ტერიტორიებზე სადაც მას აქვს გავლენა, მოახდინოს სამხედრო ბაზების გაძლიერება ან ახლების შექმნა. ეს არის მოსკოვის მცდელობა, ახალი სტრატეგია შეიმუშავოს სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში და ზეგავლენა მოახდინოს NATO-ს სტრატეგიაზე. ჩვენ მოსკოვის ეს ნაბიჯები უნდა განვიხილოთ, როგორც კრემლის გლობალური სტრატეგიის ნაწილი“.

გუშინ, 21 ნოემბერს, რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. „ეს არარეალურია დღეს და არ იქნება რეალური არასოდეს. აქედან უნდა გამოვიდეთ, ჩვენს ამას ვეძახით ახალ რეალიებს რეგიონში“ – თქვა კარასინმა.

Comments are closed