globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 22nd, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.


«КоммерсантЪ» (რუსეთი), 22 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2638492

საქართველომ უკრაინიდან „ტვირთი-200“ მიიღო
დონბასში პირველი ქართველი მოხალისე დაიღუპა
გიორგი დვალი, თბილისი
აღმოსავლეთ უკრაინაში პირველი ქართველი მოხალისის დაღუპვამ თბილისში პოლიტიკოსებს შორის ერთმანეთის მიმართ მკვეთრი ბრალდებები გამოიწვია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოქმედ და გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, მოხალისის დაღუპვაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ამგვარ პოზიციას „სამარცხვინო“ უწოდა.
უკრანული მოხალისეთა ბატალიონ „აიდარის“ მებრძოლის, 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარი თბილისისი აეროპორტში კიევიდან კვირა დილით ჩამოასვენეს. თვითმფრინავს ნათესავები, ახლობლები, უკრაინელი დიპლომატები და საქართველოს პარლამენტის ის დეპუტატები დახვდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან არიან არჩეულნი. დაღუპულის მეუღლემ ქრისტინე სვანიძემ განაცხადა, რომ მისი ქმარი ნებაყოფლობით წავიდა „საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის – რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“, ხოლო „საქართველოში ცხედრის ჩამოსვენების ყველა ხარჯი უკრაინულმა მხარემ გასწია“. უკრაინის კონსულმა ლიუბოშ კაროლმა კი „მთელ ქართველ ხალხს მადლობა უთხრა უკრაინის მხარდაჭერისათვის“.
დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველი ქართველი მოხალისის დაღუპვამ თბილისში ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ცნობილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომლითაც, პასუხისმგებლობა გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ფაქტიურად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოაზრე „ნაციონალებს“ დააკისრა: „გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან“. ამასთან, განცხადებაში განმარტებული არ იყო, თუ რა გახდა კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ექს-პრეზიდენტისა და მისი თანაპარტიელების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა: „მე არასდროს არ მომიწოდებია ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისათვის საქართველოს დატოვება და უკრაინაში წასვლა, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გამოსვლისას, – მაგრამ მე ვამაყობ იმ ქართველი სამხედროებით, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან“. ექს-პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას „სამარცხვინოდ“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ უწყებაში «ГРУ»-ს აგენტები («ГРУ – Главное Разведывателное Управление минобороны России – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო) და პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პრორუსული პარტიის წევრები ჩანერგაო. მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო კიევში, მაიდანზე გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებაში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულ ქართველი სამხედრო მოსამსახურისა და უკრაინელი მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა.
ამჟამად ექს-პრეზიდენტი კიევში ძალიან ხშირად ჩადის, იგი უფრო მეტად უკრაინაში იმყოფება, ვიდრე აშშ-ში, სადაც თავისი ბიძის, ყოფილი საბჭთა „კაგებეს“ ოფიცრისა და გაეროში ყოფილი საბჭოთა მისიის თანამშრომლის თემურ ალასანიას ბინაში ცხოვრობს.
მიხეილ სააკაშვილისათვის უსიამოვნო ახალი ამბავი აღმოჩნდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორის, მილიარდერ ჯორჯ სოროსის განცხადება: ამ რამდენიმე დღის წინათ მან გულახდილად აღიარა, რომ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (მას ხშირად სოროსის ფონდს უწოდებენ) აქტიურად ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს თავისი წინამორბედის – ედუარდ შევარდნაძის დამხობის მიზნით. „მე ამისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი დავხარჯე და მიხეილ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხელფასსაც კი ვუხდიდიო“, – განაცხადა მეცენატმა და დასძინა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილისადმი უფრო კრიტიკული გახდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემდეგ: „მიხეილ სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდგომ ღია საზოგადოების ფასეულობებისადმი პატივისცემა დაივიწყა… ასეთი მწარე გაკვეთილის მიღების გამო მე გადავწყვიტე არარ ჩავერიო იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში, სადაც ჩემი ფონდები მოქმედებენ““.

«ТВ БТБ» (უკრაინა), 21 დეკემბერი, 2014 წელი

http://btbtv.com.ua/uk/news/5279-putin-khotel-realizovat-v-ukraine-gruzinskiy-stsenariy-posol-gruzii

http://glavcom.ua/news/257786.html

http://telegraf.com.ua/ukraina/politika/1636034-posol-gruzii-agressiya-rossii-nachalas-eshhe-v-2008-godu.html

საქართველოს ექს-ელჩი უკრაინაში: რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ რეფორმების გატარების დროს
საქართველოში განხორციელებულ და უკრაინაში დაწყებულ რეფორმებს შორის პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება, რადგან მათ შორის განსაზღვრული განსხვავება არსებობს. მთავარი ისაა, რომ უკრაინაში ჯერ კიდევაა შენარჩუნებული საბჭოთა პერიოდის დროინდელი სახელმწიფო მმართველობის მოუქნელი მექანიზმი. მისი დანგრევა უკიდურესად ძნელი იქნება, – განაცხადა უკრაინის ტელეკომპანია «БТБ»-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ (1995-2013 წლებში).
„ჩვენ გატარებული რეფორმების პირველი შედეგები უკვე 2006-2008 წლებში მივიღეთ. ზოგიერთ შედეგს დღესაც ვღებულობთ. რეფორმები მტკივნეულია, ამიტომაც რეფორმებს შორის პარალელების გავლება არ შეიძლება. ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავება ნამდვილად არის, მაგრამ მე მხედველობაში ის განსხვავება არ მაქვს, რომელზეც აქცენტს აკეთებენ – უკრაინა დიდია, საქართველო პატარააო. განსხვავება ისაა, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი სახელმწიფოს მმართველი ბიუროკრატიული აპარატი ჯერ კიდევ არსებობს და ამგვარი მექანიზმის შეცვლა და რეფორმირება ძალიან ძნელი იქნება“, – აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამგვარი პრობლემის მოგვარებაში მთავარი როლი შეასრულა ხელისუფლების ყველა განშტოების შეთანხმებულმა მოქმედებამ: „პირველი ხუთი წლის განმავლობაში, როცა ჩვენთან ყველაზე რადიკალური რეფორმების მიმდინარეობდა, ხელისუფლების ყველა ორგანოს შეთანხმებულმა მოქმედებამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, ამიტომაც მჯერა, რომ თუ უკრაინაშიც მსგავსად იმოქმედებთ, კარგ შედეგს მიიღებთ“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, გრიგოლ ქათამაძემ განაცხადა, რომ რეფორმების დაწყების პირველ ეტაპზე საქართველოს წინაშე არ იდგა ისეთი საფრთხეები და გამოწვევები, როგორიც დღეს უკრაინას ემუქრება: „საქმე იმაშია, რომ 2004 წელს საქართველო სრულიად დასუსტებული იყო, სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდნენ. მათგან სახელებიღა იყო დარჩენილი… მაგრამ საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობას ერთი უპირატესობა მაინც ჰქონდა: ომი არავისთან არ მიდიოდა. კი, იმ პერიოდშიც იყო სეპარატიზმის პრობლემა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს გარეშე არსებული ტერიტორიები, მაგრამ ომის ცხელი ფაზა ჩვენ არ გვქონდა“, – თქვა გრიგოლ ქათამაძემ.
ყოფილმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის წარმატების საწინდარი ხელისუფლებისადმი მოქალაქეთა ნდობაში გამოიხატება. ეს იმიტომ, რომ რადიკალური რეფორმების გატარება მოსახლეობისათვის ძალიან მტკივნეული იქნება [და ნდობის დეფიციტი წარმოიქმნება, შესაძლოა სოციალური აფეთქება მოხდეს].
„საქართველოს ხელისუფლება – პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა – იმ პერიოდში დიდების პიკში იმყოფებოდა. ნდობის პიკში. პრეზიდენტს მხარი დაუჭირა მოსახლეობის 98%-მა, პარლამენტს კი – 70%-მა. ამან საშუალება მოგვცა რადიკალური რეფორმები გაგვეტარებინა. მათ მოსახლეობა არ მიესალმებოდა, მაგრამ ისინი რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედეთ. ყველაზე მთავარი – მოსახლეობის ნდობაა. ამიტომაც, როცა რეფორმას იწყებ, შეიძლება ხელისუფლებას გარკვეულ პერიოდში რეიტინგი დაუვარდეს, რადგან მოსახლეობა შედეგს სწრაფად ვერ ხედავს“, – გააფრთხილა გრიგოლ ქათამაძემ უკრაინის ახალი ხელისუფლება.
ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინულ საზოგადოებაში უკვე შეიმჩნევა ის ცვლილებები, რომლებიც რეფორმების განხორციელებას მეტ-ნაკლებად გააიოლებს: „უკრაინა ძლიერი და იდეურად ერთიანი გახდა. ამიტომაც, რთული მდგომარეობის მიუხედავად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენს ქვეყანას წინ წარმატებები ელოდება. ამასთან, გახსოვდეთ, რომ მოსახლეობა უკვე ვეღარ მოითმენს, რომ ისინი ვინმემ მოატყუოს. ხალხმა უკვე ღიად დაიწყო საკუთარი აზრის გამოხატვა, მათ კარგი ცხოვრება სურთ – ისეთი, როგორც ეს 21-ე საუკუნეს შეეფერება“, – განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.
ინტერვიუში ყოფილი ელჩი შეეხო აგრეთვე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. „რუსეთს უკრაინაში ქართული სცენარის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი. ყირიმის უსისხლოდ ხელში ჩაგდების შემდეგ მოსკოვმა თავი დაუსჯელად იგრძნო და უკრაინის მტელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის გაკონტროლება მოისურვა. აი, ამ დროს კი დასავლეთი რადიკალურად ჩაერია სიტუაციაში… ევროპამ საფრთხე რეალურად დაინახა, მიხვდა, რომ რუსეთი მხოლოდ ყირიმზე და დონბასზე არ გაჩერდებოდა. ეს საფრთხე ჯერ კიდევ საქართველოში გამოჩნდა, როცა 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, 5 აგვისტოს, თუმცა იმ დროს დასავლეთს აქტიურად არ უგრძვნია“, – აღნიშნა გრიგოლ ქათამაძემ.

Comments are closed