globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება // ლარის კურსი „ნახტომისებურად“ ეცემა

«The National Interest» (აშშ): საქართველოში ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობა და რუსეთი

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-lari-continues-depreciation/3644914.html

საქართველოში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

ლარის კურსი „ნახტომისებურად“ ეცემა

ზაზა წულაძე

ახალი 2017 წლის დადგომამდე 10 დღით ადრე საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი გაუფასურების აბსოლუტურ რეკორდზე მიდის. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლართან მიმართებაში უკვე – 2 ლარი და 78 თეთრია, მაშინ როცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, კურსი დიდი ხანია გადასცდა 2 ლარისა და 80 თეთრის ნიშნულს. რაც მთავარია, დღეს, ვერავინ ამბობს, როგორი იქნება ახალი ისტორიული მინიმუმი, ანუ სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი.

Bloomberg Terminal-ის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ჩვენს რეგიონში, დოლართან მიმართებაში, ყველაზე მეტად სწორედ ქართული ლარი გაუფასურდა – თითქმის, 12 %-ით. შემდეგ მოდის: თურქული ლირა – 5,12 %-ით, აზერბაიჯანული მანათი – 4,33 %-ით და სომხური დრამი 0,31 %-ით. ხოლო, რუსული რუბლი ამ მოკლევადიან პერიოდში, დოლართან მიმართ საერთოდ გამყარდა – 3,33 %-ით.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ის რაც დეკემბერში ლარს დაემართა არის „ნახტომისებური გაუფასურება“, რაც დამანგრეველია ეკონომიკისთვის და რაზეც, პირველ რიგში, ე.წ “ლარიზაციის გეგმის” ავტორი, საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი.

„დღეს ობიექტური გარემოა მსოფლიოში და ჩვენს გარშემო რეგიონში, რომლის გამოც, ლარი, რა თქმა უნდა უნდა უფასურდებოდეს. მაგრამ უნდა უფასურდებოდეს არ ნიშნავს, რომ ის ასე ნახტომისებურად უნდა ეცემოდეს. ეს უკვე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია.  ლარის ნახტომისებური, არაპროგნოზირებადი, ბიზნესის დამანგრეველი და სოციალური პანიკის შემქნელი დაცემა სწორედ მთავრობის გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა და შეუთანხმებელმა განცხადებებმა გამოიწვია“.

ბოლო ექვსი თვის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის სავალუტო აუქციონზე, ჯამში 220 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა „ნახტომისებური გაუფასურების“ თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო. ბოლო ასეთი აუქციონი გუშინ გაიმართა, რომელზეც 40 მილიონი აშშ დოლარი იქნა გაყიდული. ამ ვაჭრობის შემდეგ ლარი კიდევ 4 პუნქტით დაეცა.

ლარის ვარდნით გამოწვეული ხელფასების, პენსიების და დანაზოგების გაუფასურების პარალელურად, ტოტალურად იზრდება ფასები, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ საქონელზე. საქსტატის მონაცემებით, განსაკუთრებით გაზრდილია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა (5.6%-ით) და კავშირგაბმულობის (4%-ით) ხარჯი. ასევე მოიმატა ფასებმა ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე (8,7 %-ით), რძის, ყველისა და კვერცხის ნაწარმზე (3,0%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (10.5%-ით).

ეკონომისტების შეფასებით, ფასების „ნახტომისებური“ ზრდა და ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირება 2017 წლის იანვრიდან გარდაუვალია, როცა მთავრობა გააორმაგებს აქციზს ბენზინზე, დიზელზე, მსუბუქ ავტომობილებზე, ავტომობილის აირზე, ზეთებსა და თამბაქოზე.

მთავრობა ამ არაპოპულარულ ნაბიჯზე 2017 წლის ბიუჯეტის გადარჩენის მიზნით წავიდა, რომელიც ლარის 2,5-იან გაცვლით კურსსა და 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ასეთი ღრმა კრიზისის ფონზე, ყველაზე სწორი გამოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შეკვეცა იქნებოდა, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ მთავრობა 2017 წელს 4 პროცენტიან ზრდას (2016 წელს, მშპ-ის ზრდა მხოლოდ 2,7 %-ია დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად – ზ.წ.) ნამდვილად უზრუნველყოფს ან გაზრდილი გადასახადების ამოღებას შეძლებს:

„მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ძალუძთ ამხელა ტვირთის აწევა, რამხელაზეც გაიბერა დღევანდელი საქართველოს მთავრობა. რა უნდა გააკეთონ? უნდა წავიდნენ ახლავე პარლამენტში და ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანონ. გადასახადები კი არ უნდა გაზარდონ, რომლის აწევითაც ამ გაბერილი ბიუჯეტის დაბალანსებას ცდილობენ, არამედ თავად ბიუჯეტი უნდა შეკვეცონ. კაცმა არ იცის, რეალურად ავკრეფთ თუ არა 2017 წელს ამ გაზრდილ გადასახადებს. მომავალი წელი შეიძლება, საერთოდ, ბიუჯეტის დეფიციტით დავამთავროთ. რომ არ გვქონდეს ის 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, წლის ბოლოს ბიუჯეტის სეკვესტრი ისედაც ხომ მოგვიწევს?“.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, გაზრდილი ბიუროკრატიული და სოციალური ხარჯების და საგარეო ვალის მომსახურების ტვირთის გარდა, ქართული ლარის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომელიც, ბოლო მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 %-ს შეადგენს.

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით თითქმის – 1 300 000 000 აშშ დოლარს მიაღწია. მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ 300 მილიონით გაიზრდება, თუმცა ექსპერტების აზრით, ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის ასეთი გაღრმავების ფონზე, ეს საკმარისი უკვე არ არის.

«The National Interest» (აშშ), 21 დეკემბერი, 2016 წელი

http://nationalinterest.org/feature/georgias-election-was-about-more-russia-18799

საქართველოში ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობა და რუსეთი

ვრცელ სტატიაში, რომლის ავტორია კლერმონტის (აშშ) კოლეჯის დოცენტი გიორგი არეშიძე, განხილულi და გაანალიზებულია საქართველოში 2016 წლის რვა ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები: ძირითადი პოლიტიკური პარტიების დაპირებები,  წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების შედეგები და პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგება. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიების საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებზე.

გთავაზობთ ამონარიდებს შემოკლებული სახით:

ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ზოგიერთ დასავლელ ანალიტიკოსს ჩამოუყალიბდა აზრი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულ ძალას წარმოადგენსო. (…) დასავლელი დამკვირვებლები პარტიების „პრორუსულობის“ შეფასებისას უმეტესად ეყრდნობიან „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ თითქოსდა პრორუსულ და ანტიდასავლური განწყობების პარტიებს მფარველობს.

თბილისში ყოფნისას, 2016 წლის ივნის-ოქტომბერში, საუბარი მქონდა მრავალ წამყვან სახელმწიფო მოღვაწესთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთან. არავის არ უთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება პრორუსული საგარეო კურსის გატარებას ნიშნავს. პირიქით, ბევრმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერება სწორედ „ნაციონალ“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გამოიწვია ტავისი მოქმედებით ომი რუსეთთან, რასაც შედეგად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოჰყვა. სხვათა შორის, ამგვარი პოზიცია აქვთ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ დასავლელ მხარდამჭერებს, მაგალითად, კონდოლიზა რაისს, რომელიც იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახლდათ: იგი თავის მემუარებში ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის სტრატეგიულ შეცდომაზე, რომელმაც საქართველოს კატასტროფული შედეგები მოუტანა – მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო ჩრდილოელ მეზობელს სამხრეთ ოსეთის დაკავებაში.

ამჟამად ქართული ელიტისა და მოსახლეობის განწყობა დასავლეთისკენაა მიმართული, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს – ქართველების 53%-ს დასავლეთთან ინტეგრაცია სურს, 29%-ს კი – რუსეთთან. რამდენად არის ბიძინა ივანიშვილი პრორუსული მიმართულების მომხრე და რას გააკეთებს იგი გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან მიმართებით, ამაზე საუბარი ძნელია, ამჟამად კი ფაქტები პირიქით მეტყველებენ. მას არაერთხელ უთქვამს და საჯაროდაც განუცხადებია, რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები არის ევროკავშირი და ნატო. მალე საქართველო ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმსაც მიიღებს.

არის მწირი მონაცემი იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი წვრილი პოლიტიკური პარტია შესაძლოა მართლაც პრორუსულია. ოქტომბერში მე ვესაუბრე გიგა ბოკერიას, რომელმაც თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსი არის ანტიდასავლური (ანუ პრორუსული) პარტია, რადგან მას კონსერვატიული პოზიციები აქვს რელიგიური და სოციალური საკითხების მიმართ და მისი ამგვარი პოზიციები ამერიკული (დასავლური) საზოგადოების ლიბერალიზმს არ ეთანხმებაო. ვფქირობ, ეს ერთგვარი „ჩრდილის მიყენების“ ტაქტიკაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სოციალური პოზიციები თითქმის არაფრით არ განსხვავდება აშშ-ის მოსახლეობის 40%-ის პოზიციისაგან. (…)

2016 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად უფრო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ეს გამოიხატება ძლიერი ბიზნეს-სექტორით, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოს ჩარევისაგან, აგრეთვე მტკიცე მასმედიით. თუმცა, როცა ბევრი რამ დამოკიდებული ერთ ადამიანზე და არა დემოკრატიულ ინსიტუტებზე, ამის შედეგად ერთპარტიული მმართველობის საფრთხეც არსებობს. „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალების“ გარდა, სხვა ოპოზიციაც ჭირდება, რათა დროთა განმავლობაში მმართველი პარტია ავტორიტარულ და კორუმპირებულ ძალად არ გადაიქცეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი „რეალური“ ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც ქვეყნის მთავრობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ძლიერი ხელმძღვანელობა ჰყავს. „ნაცმოძრაობა“ მართლაც შედარებით ძლიერი პოლიტიკური პარტიაა, ვიდრე „ქართული ოცნება“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ალბათ, ვერც იარსებებდა. ‘ნაცმოძრაობას“ საკმაოდ არის უზრუნველყოფილი ფინანსური რესურსებით, მას აქვს თავისი – საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი აგიტაცია-პროპაგანდის საშუალება – ტელეკომპანია „რუსთავი-2“, ასევე დადებითი და მომგებიანი რეპუტაცია დასავლეთში. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ [არასაპარლამენტო] პარტიებს „ჩრდილავს“. „ნაციონალებს“ გარდაქმნა, რეფორმირება ჭირდებათ, მათ უნდა შეცვალონ ავტორიტარული მენტალიტეტი, რომელიც პრაქტიკულად იგრძნობოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს თვალი არ უნდა მოაშორონ, ყურადღებით უნდა დააკვირდნენ იქ მიმდინარე მოვლენებს, რადგანაც ეს ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-რუსეთის კონკურენციაში ცენტრალური აზიაში გავლენის მოსაპოვებლად. მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობის ყველაზე უარყოფითი ელემენტი იმაში გამოიხატება, რომ მისი მმართველობის დროს დაშვებულმა შეცდომებმა საქართველოში (და მთლიანად რეგიონში) აშშ-ის ავტორიტეტს ჩრდილი მიაყენა. მიხეილ სააკაშვილს რომ არ გაეყო თავი ვლადიმირ პუტინის მიერ დაგებულ ხაფანგში, რითაც მან რუსეთს საქართველოს ოკუპირების შანსი მისცა, არ განმეორდებოდა მსგავსი პრეცედენტი უკრაინაში

აშშ-ის ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ქართველები ქვეყნის შიდა რეგიონის მიმართ განხორციელებულ „მცოცავ ოკუპაციას“ უწოდებენ, აგრეთვე „ქართული ოცნების“ რიტორიკასა და პოლიტიკაზე თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ: ერთი შეხედვით, „ქართულ ოცნებას“ მოსკოვის მიმართ უფრო რბილი, შემრიგებლური პოზიცია აქვს დაკავებული, ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. თუმცა, მეორე მხრივ, როგორც „ნიუ-იორკ თაიმსში“ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს [პოლიტიკურ] ურთიერთობაში არავითარი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა და ის “საზღვარი“, რომლის გავლება რუსეთმა 2013 წელს დაიწყო, დღემდე ნელ-ნელა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მიიწევს. მართალია პრემიერი, როცა ამბობს, რომ „საქართველოს წინსვლისათვის ერთადერთი სწორი კურსი ისაა, რომ ქვეყანა დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“.

დასავლეთი განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს ყველა იმ სიმპტომისადმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ავტოკრატიის გამოვლენას მიანიშნებს. დასავლეთმა უნდა მოუწოდოს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ის, რომ მათ პატივი სცენ მცირე ოპოზიციური პარტიების უფლებებს (განსაკუთრებით მათ უფლებებს, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარმოდგენილნი) და დამოუკიდებელ მასმედიას.

Comments are closed