globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«AP-Associated Press» (აშშ), 22 იანვარი, 2015 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia_ukraine_volunteers?site=ap&section=home&template=default

ქართველები უკრაინის „ჩრდილოვან ომში“ იბრძვიან

პიტერ ლეონარდი, სოფიო მეგრელიძე („ესოშეითედ პრესი“)

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში ძალიან სამწუხარო მოგონებებს აღძრავს იმის თაობაზე, თუ როგორი კავშირი აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოში მეოთხედი საუკუნის წინათ  მომხდარ ამბებთან.

„დაახლოებით ასამდე ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის არმიის მეომრებთან ერთად დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს“, – განაცხადა [კიევში მყოფმა] ქართველმა გენერალმა გიორგი კალანდაძემ სამშაბათს. როგორც ცნობილია, მათგან ორი უკვე დაიღუპა. ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, არის მონაცემები, რომ დონბასელი ამბოხებულების მხარდამხარ იბრძვიან საქართველოს სეპარატისტული რეგიონიდან – აფხაზეთიდან წასული მოხალისეები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ აფხაზეთში რუსეთის მხარდაჭერით გათამამებულ სეპარატისტებსა და ქართულ არმიას შორის ბრძოლა დაიწყო. საბოლოო ჯამში ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა [1993 წელს] აფხაზეთის ძირითადი ტერიტორია დატოვეს, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან მომხდარი ომის შედეგად გამოვიდნენ იმ მცირე ტერიტორიიდანაც, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ [კოდორის ხეობიდან].

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, იურიდიულად ისევ საქართველოს ნაწილად ითვლება. ამასთან, საქართველოს კონტროლგარეშე დარჩენილ აფხაზეთს ფაქტიურად რუსეთი მართავს. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთი სრულიად დამოკიდებულია მოსკოვზე და რუსეთის ვასალს წარმოადგენს.

საქართველო აფხაზეთის დაკარგვას ძალიან მძიმედ აღიქვამს და ამიტომაც უკრაინაში ვოლონტერ თამაზ სუხიაშვილის დაღუპვამ, როგორც ჩანს, რუსეთთან ქართველების მტრული დამოკიდებულება გაამძაფრა. დაღუპულ ქართველ მებრძოლს, რომელსაც 37 წელი უნდა შესრულებოდა, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართულ სამხედრო კონტინგენტში. „ეს ძალიან დიდი ტკივილია, ძალიან დიდი დანაკარგია თითოეული ქართველის დაღუპვა… თუმცა მე კარგად მესმის ქართველი პატრიოტების სწრაფვა – ებრძოლონ ყველგან საქართველოს მტრებს“, – განაცხადა ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლის თავლსაზრისით, ქართველები ვალს იხდიან მეოთხედი საუკუნის წინათ საქართველოში [აფხაზეთში] დაღუპული უკრაინელების გამო.

„1990-იან წლებში ჩვენი შვიდი ვაჟკაცი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში“, – ამბობს კიეველი იგორ მაზური, რომელიც უკრაინის „ეროვნული თავდაცვის“ ნაციონალისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, – „ქართველები დღეს ვალს აბრუნებენ“. „ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის ქართველები, რომლებიც გვირეკავენ და და დახმარებას გვთავაზობენ. ისინი ამბობენ, რომ რუსეთს კვლავ შეუძლია თავს დაესხას საქართველოს, ან ლიტვას და აზერბაიჯანს“, – აცხადებს იგორ მაზური.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მოქმედი მოხალისეთა ბატალიონ „აიდარის“ მეთაური სერგეი ურასკა ამბობს, უკრაინის არმიისათვის ქართველები ძლიერ აქტივს წარმოადგენენ: „ისინი ჩვენ მეომრების გაწვრთნაში გვეხმარებიან, მათ მეტი საბრძოლო გამოცდილება აქვთ… ზოგიერთებს ოთხ და მეტ ომში აქვთ მონაწილეობა მიღებული“.

«Независимая газета» (რუსეთი), 23 იანვარი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-01-23/1_osetia.html

სამხრეთ ოსეთს რუსეთში შესვლა სურს, მაგრამ არ იღებენ

მოსკოვთან ხელშეკრულების პროექტმა ცხინვალში პროტესტი გამოიწვია

იური როქსი

(შემოკლებით)

სამხრეთ ოსეთის მასმედიაში გამოქვეყნებულმა სამოკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტმა, რომელიც რუსეთთან უნდა გაფორმდეს, საზოგადოებაში არაერთგვროვანი რეაქცია გამოიწვია. სიტუაცია თითქმის ისეთივეა, როგორიც აფხაზეთში იყო რამდენიმე თვის წინ მსგავსი ხელშეკრულების პროექტის განსაჯაროების დროს. ცხინვალელთა ნაწილი თვლის, რომ დოკუმენტის დებულებები რესპუბლიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნაწილი კი პირიქით – მიიჩნევს, რომ სწორედაც რომ ინტერესებს პასუხობს.

პროტესტანტებს შორისაა მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ („ერთიანი ოსეთის“) პოლიტიკური საბჭო, რომელიც ადგილობრივ პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის ლიდერებს ხელშეკრულება იმიტომ არ მოსწონთ, რომ დოკუმენტი, „თავისი არსით, ზუსტად იმეორებს 2008 წელს რუსეთთან დადებული ხელშეკრულების შინაარსს, რომელიც მოძველებულია და აღარ პასუხობს რესპუბლიკის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებს, მის განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრესაში გამოქვეყნებული პროექტი არაა შეთანხმებული საპარლამენტო უმრავლესობასთან, ამიტომაც რატიფიცირებული არ იქნება. სამაგიეროდ, პარლამენტს გარეთ მოქმედი პარტია „ნოვაია ოსეტია“ („ახალი ოსეთი“) აცხადებს, რომ „სწორედ ასეთი ხელშეკრულება პასუხობს ოსი ხალხის მიზნებსა და მისწრაფებებს, რუსეთთან ძმური კავშირის განვითარებისათვის“.

ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ოცზე მეტი მუხლისაგან შედგება, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, უპირველესად კი ეს  უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებს ეხება. ხელშეკრულების დადება 25 წლითაა ნავარაუდევი და შესაძლოა, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ვადა კიდევ 10 წლით ავტომატურად გაუგრძელდეს. რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციის მსურველთა სამწუხაროდ, დოკუმენტის პროექტში არაფერია ნათქვამი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობაზე. თუმცა არაა გამორიცხული, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს: დრო კიდევაა, ხელმოწერა დაგეგმილია 2015 წლის 10 თებერვლამდე.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ახსარ კოჩიევის თქმით, „სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აუცილებელია. ჩვენი ბიუჯეტი 95%-ით რუსეთიდან ივსება, რუსული ფულით, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში დამოუკიდებლად არსებობა? ჩვენ ხომ ჩვენი თავის შენახვა არანაირად არ შეგვიძლია? ჩვენ და რუსეთს ერთნაირი კულტურა გვაქვს. მართალია, ქართველებთან გვერდი-გვერდ საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით, მაგრამ მათი ენა, კულტურა და ადათ-ჩვევები არ მიგვიღია, რუსულ კი როგორც საკუთარს, ისე ვეპყრობით. ჩვენ რუსული სამყაროს ნაწილად ვგრძნობთ თავს. ჩვენი წინაპრებმა ანდერძი დაგვიტოვეს, რომ მუდამ რუსეთთან ერთად უნდა ვიყოთ“. ახსარ კოჩიევი თვლის, რომ ასეთივე პოზიცია აქვს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.

მოსკოველი პოლიტოლოგ ალექსეი მარტინოვის აზრით, სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი პოლიტიკური ძალის აქტიური სწრაფვა და საკითხის ლობირება რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებისათვის, მიმდინარე პროცესის ერთგვარ ინტრიგად შეიძლება ჩაითვალოს. „ამ ტენდენციას ახალი იმპულსი მისცა ყირიმის გაერთიანებამ რუსეთის შემადგენლობაში. საერთოდ, ორი ოსეთის გაერთიანების იდეა, რომელიც ერთმანეთისაგან კავკასიის ქედითაა გამიჯნული, საქართველოსაგან სამხრეთ ოსეთის გამოყოფის მტავარ მიზეზს წარმოადგენდა. საქართველოს ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ თბილისი და ცხინვალი ერთმანეთთან შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა და ეს კონფლიქტი მცირე პაუზებით 2008 წლამდე გრძელდებოდა. შესაძლოა ზოგიერთებს ცხინვალში ზალიან იოლად მიაჩნიათ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საკმაოდ რთული და პრობლემატურია. ცხინვალელი პოლიტიკოსები ამ საკითხს უფრო მეტად მოსკოვში ლობირებენ, ვალადიკავკაზს კი არაფერს ეკითხებიან. არადა, ჩრდილოეთ ოსეთში ორი ოსეთის გაერთიანების საკითხს ცოტა სხვაგვარად უყურებენ“, – ამბობს პოლიტოლოგი „ნეზავისიმია გაზეტასთან“ საუბარში.

ალექსეი მარტინოვის აზრით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მსურველებს მოსკოვის კმაყოფაზე ცხოვრება უფრო აინტერესებთ, ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა: „ოსმა ხალხმა სისხლი დამოუკიდებლობისათვის დაღვარა… ამიტომაც სასურველია, რომ სამხრეთ ოსეთმაც ისეთივე ხელშეკრულება გააფორმოს რუსეთთან, როგორიც აფხაზეთმა გააფორმა“.

რუსი და ოსი ექსპერტები ადასტურებენ იმ აზრს, რომ ახალი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის გაღიზიანებას გამოიწვევს, „თუმცა სერიოზული პროვოკაციები მოსალოდნელი არ არის. თუ რაიმე მოხდება, ეს უფრო მოსკოვის წინააღმდეგ იქნება მიმართული“. „თბილისის ნერვიული რეაქცია გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ამ ხელშეკრულების გაფორმება ხელს სეუწყობს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზებას, რუსეთის სამხედრო ყოფნის განმტკიცებას“, – დარწმუნებულია ცხინვალელი ექსპერტი კოსტა ძუგაევი.

თუმცა თბილისელი პოლიტოლოგი მარგარიტა ახვლედიანი სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს რეგიონში შექმნილი ვითარების სტაბილურობას. „რაც სათქმელი იყო, უკვე ყველაფერი ითქვა მაშინ, როცა ხელი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას მოეწერა. სოხუმ-მოსკოვის დოკუმენტი მართლაც საგანგებო მოვლენა იყო. სწორედ ამიტომაც მოახდინა მნიშვნელოვანი რეაქცია დასავლეთმა… რაც შეეხება ცხინვალ-რუსეთის ხელშეკრულებას, ის არ აკმაყოფილებს ოსების თხოვნას რუსეთში შესვლაზე. ფაქტიურად, სწორედ ამით განსხვავდება აფხაზებისა და ოსების მიზნები ერთმანეთისაგან… რუსეთისათვის ცხინვალთან დაგეგმილი ხელშეკრულება არაფერს ცვლის და არც არაფრის მიმცემი არაა“, – განაცხადა მან „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბრისას. მისი აზრით, ასეთ ნაკლებად მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გარკვეულწილად შეიძლება რუსეთის დასუსტების მანიშნებელიც კი იყოს, რასაც მოსკოვი „მფარველობის“ დოკუმენტების გაფორმებით მალავს.

ამასთან მარგარიატა ახვლედიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ თბილისის რეაქცია ნეგატიური იქნება და ის შეეცდება ამ ფაქტისადმი დასავლეთის ყურადღება მიაპყროს. „თუმცა რეგიონში დღეს შექმნილი ვითარება ზალიან განსხვავდება მეორე მსოფლიო ომის წინ შექმნილ ვითარებისაგან და თუ ვინმე პარალელს ატარებს, ამით შეცდომას უშვებს. ასევე შეცდომაა ბალკანეთისა და კავკასიის ერთმანეთთან შედარება: კავკასია არ ითვლება არც ევროპის და არც მსოფლიოს ცენტრალურ რეგიონად. ამიტომაც, ჩემი აზრით, რუსეთის მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღსადგენად მსოფლიოსათვის და კაცობრიობისათვის საგანგაშო მოვლენად არ ითვვლება. დასავლეთს დღეს უფრო მეტი სადარდებელი და უფრო დიდი პრობლემა „ისლამური სახელმწიფოს“ სახით აქვს, დასავლეთს საფრთხე სწორედ აქედან ემუქრება. მატულობს ისლამიზაციის პროცესი, შემაშფოთებელია ისლამოფობიის ზრდაც დასავლეთის ქვეყნებში… ამ ორი პროცესის ერთმანეთთან შეჯახება ცივილიზაციისათვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. ამ ფონზე სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ხელშეკრულების დადებით გამოწვეული საფრთხე ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – ასკვნის მარგარიტა ახვლედიანი.

Comments are closed