globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«TV CNBC» (აშშ): ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან: „რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მოძრაობა დანარჩენი საქართველოსკენ: „ერთი ასადაა გაზრდილი მოსახლეობის მოძრაობა როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან – დანარჩენი საქართველოს მიმართულებით…“

———————–

«TV CNBC» (აშშ), 23 იანვარი, 2016 წელი

http://www.cnbc.com/2016/01/22/russia-should-honour-our-sovereignty-georgia-pm.html

http://www.cnbc.com/2016/01/22/cnbc-transcript-interview-with-giorgi-kvirikashvili-the-prime-minister-of-georgia.html

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან: „რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“

22 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა აშშ-ის ტელეკომპანია CNBC-ის კორესპონდენტს ჰედლი გემბლის.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

როგორც ტელეკომპანიის კორესპონდენტი აღნიშნავს, 2008 წლის “ხანმოკლე კონფლიქტის” შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის დონე კვლავ მაღალია. საქართველოს ორი რეგიონის ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის გამო მომხდარ კონფლიქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა კი ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ინტერვიუში გიორგი კვირკაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რათა რეგიონი ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის დღეს მოქმედებს დიალოგის რამდენიმე ფორმატი, ვაჭრობის სფეროში კი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.
“ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რათა შევძლოთ მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ინვესტორის უპირველესი მოთხოვნა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

როგორც CNBC-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, პრობლემები მაინც რჩება. რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებები გააფორმა, რაც, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება… მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს: ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან დაძაბულობის შემცირებას. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებენ”.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, კვირიკაშვილმა უპასუხა: “რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს. სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო პოლიტიკურ ნებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და არ ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გადავხაზოთ“.

ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა: „ქართველები, კულტურული თვალსაზრისით, ევროპელები ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა”.

ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილი შეეხო აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო კომუნიკაციური პროექტების მონაწილეობის ფონზე: „აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, „აბრეშუმის გზის“ აღდგენის ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომლის წყალობითაც, ევროპა აზიურ დინამიზმს ეზიარება და პირიქით. ევროპას სჭირდება ზრდის ახალი მამოძრავებელი ძალები, საქართველო კი, ზუსტად ის ქვეყანაა, რომელსაც ევროპისა და აზიის დაკავშირება შეუძლია…საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზაციისკენ გამიზნული ინიციატივები, ლაპარაკია ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს. საუბარია ასევე, შავიზღვისპირეთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ასევე, უნდა ვახსენო ფართომასშტაბიანი საინვესტიციო და ჰიდროენერგეტიკული პროექტები“.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ირანული გაზის ევროპისთვის მიწოდება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო ირანთან ურთიერთობებში აღარ ფრთხილობს: „ძალიან დადებითად ვაფასებთ იარანის გახსნას მთელი მსოფლიოსთვის. მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა. დღეს ჩვენ აღარ ვფრთხილობთ ირანთან ურთიერთობებში და ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/movement-towards-the-rest-of-georgia/3158656.html

მოძრაობა დანარჩენი საქართველოსკენ:

ერთი ასად გაზრდილია მოსახლეობის მოძრაობა როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან - დანარჩენი საქართველოს მიმართულებითცხინვალიდან ჩამოდის უამრავი ადამიანი დასასვენებლად ქობულეთში, ბათუმში

ნინო დალაქიშვილი

22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ბალბერი ესწრებოდნენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ისაუბრეს. ეს ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ხვდება ურთიერთობის პოლიტიკური ასპექტების დიალოგის ფორმატში განსახილველად.  როგორც წესი, შეხვედრებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. ამდენად, ჟენევის მოლაპარაკებებს განსაკუთრებული და ექსკლუზიური დატვირთვა აქვს.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დღეს გაცილებით აქტიურად მუშაობს ნდობის აღდგენის მიმართულებით როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პირადად ოთხჯერ დაესწრო შეხვედრას აფხაზეთის მხარის მონაწილეებთან ერთად.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მოქალაქეები, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ქართული სერვისით სარგებლობენ, რაც მათთვის ფინანსური დანახარჯების გარეშეა შეთავაზებული. უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობის მაჩვენებელი.

„ერთი ასად გაზრდილია მოძრაობა მოსახლეობისა როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან დანარჩენი საქართველოს მიმართულებით, პირველ რიგში, სამკურნალოდ. ფანტასტიკურად გაზრდილია რაოდენობა ავადმყოფებისა და პაციენტებისა, რომლებიც ჩამოდიან აქ და ენდობიან საქართველოს ჯანდაცვას. გაიზარდა, ახალი ტენდენცია გამოჩნდა ადამიანებისა, ვინც არა მხოლოდ უფასო მკურნალობისთვის ჩამოდიან საქართველოში, არამედ უკვე ისე ენდობიან ქართულ ჯანდაცვას, რომ მას შემდეგ, რაც ამოეწურებათ უფასო მკურნალობის რესურსი, უკვე თვითონ იხდიან ფულს. ისინი მოდიან იმ პროფესორებთან და საავადმყოფოებში, რომლებსაც იცნობენ, რათა გააგრძელონ მკურნალობა. ანუ, უკვე ფულს იხდიან.

“მეტიც, ცხინვალიდან ჩამოდის უამრავი ადამიანი დასასვენებლად ქობულეთში, ბათუმში. მათ არ აქვთ ზღვა და ყველაზე ახლოს მათთვის ქობულეთისა და ბათუმის კურორტებია. ყველაზე ბოლოს, 2008 წელს იყო მსგავსი შემთხვევა. ომი აგვისტოში დაიწყო და მაშინ უამრავი ადამიანი გარბოდა ცხინვალში, ვინც საქართველოს კურორტებზე ისვენებდა. ახლა, ამ ამბიდან რვა წლის თავზე, ამ ხალხმა დაიწყო მოძრაობა დანარჩენ საქართველოში დასასვენებლად. ამ სამწლიანმა მშვიდობიანმა პაუზამ შეიძლება მოიტანა არა ზაქარეიშვილის შეხვედრა რომელიმე ოსთან, არამედ ბევრი ოსის ჩამოსვლა დანარჩენ საქართველოში,“- აცხადებს მინისტრი.

“ამერიკის ხმა” პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრს სოსო ვახტანგაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი დღის წინ ერგნეთის მოლაპარაკებების შემდგომ, ცხინვალიდან ყველა პატიმარი გაათავისუფლეს, რომელიც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

„ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ცხინვალის მხარემ გამოუშვა ყველა დაკავებული, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა, ამ ეგრეთ წოდებული პირობითი საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველა დაკავებული იქნა გათავისუფლებული. ეს ფაქტი, რასაც ახლა ჰქონდა ადგილი, ამ მოლაპარაკებების დროს, ვგულისხმობ გათავისუფლებას, არის ძალიან კარგი, მისასალმებელი და იმედის მომცემი, გარკვეულწილად, რადგან ასეთი შემთხვევები არ ფიქსირდებოდა აქამდე. გარკვეული ძვრები მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია“, – აცხადებს სოსო ვახტანგაშვილი, პარლამენტარი.

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის პროცესი წინ მძიმე ნაბიჯებით მიიწევს. ამ დროისთვის ოფიციალურ დონეზე ურთიერთობის მხოლოდ ერთი არხი მუშაობს. რაც შეეხება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას, მათი კონტაქტი ქართულთან მხოლოდ ნათესაური კავშირების ხარჯზეა შენარჩუნებული.

Comments are closed