«BBC – русская служба»(დიდი ბრიტანეთი): ქართველი „ნაციონალი“ ოპოზიციონერები: „მიხეილ სააკაშვილის შემცვლელი არ არსებობს“ (ფაქტი და კომენტარები)
«RFE//RL – თავისუფალი ევროპა – თავისუფლება» (აშშ): პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „ნაციონალების“ „ხელმეორედ დაბადება“ (მიმოხილვა)
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ პოლ გობლთან: „ვშიშობ, საქართველოს მსგავს ქვეყნებს ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს“
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმებიდან დონალდ ტრამპის ქართულ ჩოხამდე
«Le Monde» (საფრანგეთი): ინტერვიუ ფრანსუა ფიონთან: ჩვენ, უბრალოდ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა არ შეუძლიათ“
———————-
«BBC – русская служба»(დიდი ბრიტანეთი), 22 იანვარი, 2017 წელი
http://www.bbc.com/russian/features-38703713
ქართველი „ნაციონალი“ ოპოზიციონერები: „მიშას შემცვლელი არ არსებობს“ (ფაქტი და კომენტარები)
სტატიაში ვრცლადაა განხილული თბილისში 20 იანვარს გამართული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები. მასში ასევე ფართოდა გაშუქებული ყრილობაზე გამოსულთა სიტყვები, განსაკუთრებით კი პარტიის არაოფიციალური ლიდერის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელმაც ყრილობის მონაწილეებს აშშ-დან ვიდეოჩართვით მიმართა. სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე ქართველი პოლიტოლოგების მიერ გამოთქმული კომენტარები და შეფასებები (ავტორი – ნინა ახმეტელი). გთავაზობთ ამონარიდს.
(…)
„ქართული ოცნება“ კონკურენტების გარეშე?
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამ დაადასტურა, რომ საქართველოში სერიოზული ოპოზიციური ძალა არსებობს, რომელიც მზადაა ბრძოლა ახალი ენერგიით განაგრძოს“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, – „ყრილობა მნიშვნელოვანი იყო შიდაპარტიული თვალსაზრისითაც: ჩვენ უნდა გავრკვეულიყავით, თუ სად ვართ იმის შემდეგ, როცა პარტია ლიდერების ნაწილმა დატოვა. დღეს ახალი გუნდის ჩამოყალიბების მომსწრენი ვართ, რომელიც სუფთა ხელებით დაიწყებს შიდაპარტიულ საქმიანობას. ახალი გუნდი იქნება არამხოლოდ ამომრჩეველთა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ფართო წამომადგენლების ინტერესების გამომხატველი“.
„ერთიან ნაცმოძრაობაში“ მომხდარი განხეთქილება მტკივნეული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ფაქტმა კი არ დაასუსტა ოპოზიცია, არამედ უფრო განაახლა და გააძლიერა“, – ამბობს პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, – „თუ ჩვენ გაყოფის პროცესის [ნორმალურად] გავლას შევძლებთ, მაშინ საბოლოო ჯამში ოპოზიცია უფრო ძლიერი გახდება. იმიტომ, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ განვითარების ახალ პერიოდს იწყებს. ჩვენ პარტიაში ვიწვევთ ახალ ადამიანებს – მათ, ვისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა საინტერესოა. ცხადია, ისინიც, ვინც გაგვეყარნენ, ალბათ, იმ ამომრჩევლებს მიიზიდავენ, რომლებთაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონდათ“. მაგრამ იმ დროს, როცა პარტიის ლიდერები „ნაცმოძრაობის“ ყრილობას ახალი ისტორიის დაწყებად მიიჩნევენ, პოლიტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ პარტიის სამომავლო პერსპექტივა, „უკლონისტთა“ (პარტიიდან წასულთა) გარეშე, საკმაოდ ბუნდოვანია.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თმით, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ „ნაცმოძრაობას“ როგორც ყველაზე ძლიერ ოპოზიციური პარტიას, პროდასავლური ოპოზიციის მხარდამჭერთა კონსოლიდაციის შანსი ექნებოდა, მაგრამ ამასწინანდელმა განხეთქილებამ არამხოლოდ თვითონ პარტია დაასუსტა, არამედ ქართული პოლიტიკური ველი ხელისუფლების რეალური ოპონენტების გარეშეც დატოვა: „ნაციონალების“ შიგნით ბოლო დრო მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ფაქტიურად დაასრულა კიდეც ქართული პოლიტიკური ველის ფრაგმენტაცია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრისას, – მანამდე ჩვენ დავკარგეთ ლიბერალურ-ცენტრისტული პარტიები, რომლებიც დღეს თითქოსდა ფორმალურად არსებობენ, ფაქტიურად კი დაიშალნენ.. ერთადერთი პარტია, რომელიც ერთიანობას ინარჩუნებდა, „ნაცმოძრაობა“ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, პარტიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც შიდა პრობლემებით, ანუ პოზიციათა და აზრთა სხვადასხვაობით იყო გამოწვეული, მათ შორის, პარტიის სტრატეგიის შესახებ“.
„დღეს საქართველოში უკვე აღარ არის ისეთი ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს მმართველ „ქართულ ოცნებას“, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამბობს კორნელი კაკაჩია, – ეს თვით მმართველი პარტიისათვისაა საფრთხის მომტანი, რომელსაც გავლენიანი ოპოზიციური ძალის გარეშე სერიოზული შეცდომების დაშვება შეუძლია. ეს, საბოლოო ჯამში, ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაც, რადგან პოლიტიკური სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილური უნდა იყოს, „ნაციონალთა“ სახით ძირითად მოთამაშეებს კარგავს“.
მიხეილ სააკაშვილის „მეორე სიცოცხლე“?
თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე აღარ იმსახურებს პარტიის ლიდერობას და საკუთარი თავისთვის პრობლემას წარმოადგენსო: „იგი უკვე ის მიშა აღარ არის, რომელიც 2002 წელს ხალხს იმედს უნერგავდაო“, – ეს გიგი უგულავას შეფასებაა.
კორნელი კაკაჩიას თქმით, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ზოგიერთმა „ნაციონალმა“ ლიდერმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიისთვის ზედმეტი ტვირთია: იმ დროს, როცა ამომრჩეველთა ნაწილმა „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გამო მისცა ხმა, იყვნენ ისეთებიც, რომლებთათვის ექს-პრეზიდენტი უკვე მიუღებელი ფიგურად იქცა. „იყო პრობლემები შიდაპარტიულ დემოკრატიასთან დაკავშირებითაც… თუ „ნაცმოძრაობას“ ევროპული ტიპის პარტიად ყოფნა სურს, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა ერთი რამ: როგორიც არ უნდა იყოს ლიდერთა დამსახურება, ყველა გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკიდან მიდის და მასში რეალურად აღარ ერთვებიან – მათ ხომ უკვე შექმნეს ისტორია. ისინი ერთ მდინარეში ორჯერ აღარ შედიან, მაგრამ ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს – იგი ცდილობს მეორედ ჩაებას ქართულ პოლიტიკაში, „გაცოცხლდეს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, თუმცა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის ლიდერის როლში დაბრუნება ძნელი იქნება: საქართველოს მოსახლეობის თვალსაზრისი მის მიმართ პოლარიზებულია.
ამის მიუხედავად, – თვლის პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ არენაზე კვლავ ძლიერ მოთამაშედ რჩება, მას ისევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. „ისეთი ადამიანისათვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლიტიკიდან წასვლა ძნელია, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში თ.შარაშენიძე, – მას თავისი გათვლები აქვს.. ალბათ, იგი ფიქრობს, რომ თუ უკრაინულ პოლიტიკაში წარმატებული იქნება, ეს იქნება დამატებითი რესურსი საქართველოში მიღწევებისათვისაც, მაგრამ იმის გამო, რომ იგი პარტიის ლიდერია და თან საქართველოში არ იმყოფება, სერიოზული პრობლემაა პარტიისთვის“. ამავე დროს, როგორც თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, „უკლონისტებსაც“ წინ რთული ცხოვრება ელოდებათ, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ლიდერი არ ჰყავთ.
„ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი?
ზოგადად კი, თორნიკე შარაშენიძის თქმით, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ბევრად ჩამოჰგავს 2010-2011 წლების მოვლენებს, როცა მმართველ „ნაცმოძრაობას“ თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება და კონტროლი ჰქონდა დამყარებული: „სწორედ ასეთი რეჟიმის შემდეგ დაიწყო „ნაციონალების“ პოპულარობის დაცემა და კრიზისი. დღესაც იგივე სიტუაციაა მოსალოდნელი. დღეს ძნელია იმის წარმოდგენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საიდანღაც საფრთხე ემუქრება… მაგრამ პოლიტიკა ბაზარს ჰგავს: როცა მოთხოვნა არის, გარკვეული დროის შემდეგ პროდუქტიც გამოჩნდება. ასე რომ, დღევანდელი ვითარება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია“, – ასკვნის თორნიკე შარაშენიძე.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა – თავისუფლება» (აშშ), 21 იანვარი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28249568.html
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „ნაციონალების“ „ხელმეორედ დაბადება“
გიორგი გოგუა
გასული კვირა პოლიტიკურად დატვირთული იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, საზეიმო ფიცი დადო. იმავე დღეს საქართველოში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სპორტის სასახლეში შეკრებილ “ნაციონალური მოძრაობის” დელეგატებს სიტყვით მიმართა. საქართველოს მთავრობის დელეგაცია კი დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა.
——
გასული კვირის დასაწყისში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული 3 000-ზე მეტი ადამიანიდან უმეტესობას აწუხებს სამუშაო ადგილების არარსებობა, ინფლაცია, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები. კვლევამ აჩვენა ასევე, რომ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების აზრით, ქვეყანა წინ მიდის, ხოლო კრიტიკული განწყობა უფრო “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აქვთ.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საქართველოს ოფისის უფროსი ლორა თორნტონი ლაპარაკობს საზოგადოების განწყობაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართაც, ანუ მისაღებია თუ არა მოსახლეობისთვის მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი: „თქვენ ხედავთ, რომ 72 %-ისთვის ეს მისაღებია, ხოლო 18 %-ისთვის – არა. იგივე სურათია სხვადასხვა რეგიონების მიხედვით. მხოლოდ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არის პასუხი მეტად უარყოფითი, თუმცა იქ დიდია იმ ხალხის რიცხვი, 24 %, რომელთა პასუხიც ამ კითხვაზე არის „არ ვიცი“. რაც შეეხება ნატოს მიმართ დამოკიდებულებას, 61 %-ისათვის მისაღებია, რომ საქართევლო გახდეს ნატოს წვერი, 25 %-ისთვის კი მიუღებელია. ჩვენ ვხედავთ მცირე ვარდნას, ნატოს მხარდაჭერის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელში“.
——
16 იანვარს განახლდა სასამართლო პროცესი ე.წ. “კაბელების საქმეზე”. სხდომის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს კოლეგია სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა გამოაცხადოს. ეს პროცესი ეხება თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 5 ყოფილ თანამშრომელს, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც დაიკითხა, მათ შორის, მინისტრის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უაღრესად დიდი მოგებისა და სარგებლის მომტანი ხელშეკრულება… და, ფაქტობრივად, წარმოჩნდა, რომ არავითარი პოზიცია ბრალდების მხარეს ამ მიმართულებით არ გააჩნია. თანაც, ისინი (დაკავებულები) იყვნენ ქვედა რგოლი ამ საქმეში: გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, თანხის გამოყოფას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი, ხოლო დაკავებულთაგან არც ერთს არ მიუღია და არ გაუცია ეს თანხა. მათ ამ თანხაზე არ ჰქონიათ წვდომა“, ამბობს დაკავებულთა ერთ-ერთი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი.
თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 5 თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააპატიმრეს, 5 თვეში კი თავდების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა 2016 წლის 16 მაისს სასამართლომ ისინი ბრალდებულებად ცნო და 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ეს საქმე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა. “ჰიუმან რაიტს ვოჩის” 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ „ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართულმა რამდენიმე საქმემ წარმოშვა შეკითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით”.
——
17 იანვრიდან დაიწყო ე.წ. “ლარიზაციის” პროცესი, რომლის მიხედვითაც, 27 ათას ადამიანს შეეძლება 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა. დადგინდა ასევე, რომ 2017 წლის 15 იანვრიდან ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ 100 000 ლარზე ნაკლები ოდენობის სესხის გაცემა უცხოური ვალუტით. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია მოსახლეობა დაიცვას ვალუტის კურსის რყევისაგან.
——
17-20 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა ეკონომიკური ფორუმის 47-ე შეხვედრა, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც ესწრებოდა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად. სხვადასხვა წყარო იტყობინებოდა, რომ ამ ფორუმზე ასი ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი.
ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელიც აბრეშუმის გზის ეფექტიანობას ეხებოდა, მონაწილეობა მიიღო გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეს გზა ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც და უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა: „საქართველომ უკვე გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმებები თავის პარტნიორ ქვეყნებთან. დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი აბრეშუმის გზისა – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის – ანაკლიის პორტის – მშენებლობას. უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კონსორციუმი, ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ეძებს პორტის ოპერატორებს. საქართველოში მიმდინარეობს რკინიგზის განახლება, სიჩქარის მომატების მიზნით. მასშტაბური ინვესტიცია იდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს“.
როგორც საქართველოს ელჩმა შვეიცარიაში ირაკლი ყურაშვილმა აღნიშნა, საქართველო ბევრს ელოდება ამ ფორუმისა და მის ფარგლებში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისგან.
——
დავოსში შეხვედრების პარალელურად საქართველოში გაიმართა კიდევ ერთი აქცია რუსული კომპანია „გაზპრომის“ წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლების წარმომად-გენლების განცხადებით, “გაზპრომთან” მიღწეულია ოპტიმალური ხელშეკრულება, თუმცა ეს დოკუმენტი არ საჯაროვდება.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია და განგაშის საფუძველი არ არსებობს: „ეს არის 2 წლით გაფორმებული შეთანხმება. პირველ წელს ჩვენ ნაწილობრივ ისევ ნედლეულის სახით მივიღებთ ბუნებრივი აირის გატარების საფასურს. პირველ წელს არანაირ განსხვავებას არ ვღებულობთ, მეორე წელს კი ეს განსხვავება იქნება, თუმცა ეს ახალი ხელშეკრულება, იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, მაქსიმალური შედეგია, რაც შეიძლებოდა გვქონოდა, გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით და გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით, ხოლო ტარიფები ამ კონკრეტული შეთანხმების შედეგად ნამდვილად არ მოიმატებს“.
თუმცა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას არ ეთანხმება და მოითხოვს “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, ისიც კი გაურკვეველია, ნამდვილად არსებობს თუ არა ხელმოწერილი ხელშეკრულება და რომ მთავრობა ტრანსპორტირების ტარიფს მალავს, რადგან ის წამგებიანია.
——
კვირის ბოლოს, 20 იანვარს, სპორტის სასახლეში გაიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, რომელსაც 7 000-მდე დელეგატი დაესწრო. აირჩიეს პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და სამომავლო გეგმები დასახეს. სპორტის სასახლეში შეკრებილებს პირდაპირი ტრანსლაციით მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, პარტია დღეს მზადაა დაიბრუნოს ხელისუფლება. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ, თავის გამოსვლაში თქვა, მათ “ქელეხს უმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ”.
——
სანამ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ “მეორედ დაბადებას” აღნიშნავდა, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებოდნენ. თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დონალდ ტრამპმა საზეიმო ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. საინაუგურაციო სიტყვაში მან თქვა, რომ მუდამ პირველ რიგში დააყენებს ამერიკას, დაიცავს ქვეყნის საზღვრებს, გააძლიერებს ძველ ალიანსებს და შექმნის ახლებს. ასევე, დაემუქრა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს”, რომ “აღგვის პირისაგან მიწისა”.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის გასაპროტესტებლად მთელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა ქალთა მარში, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მეტი მგრძნობელობა გამოიჩინოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და აქტიურად დაუჭიროს მხარი საერთაშორისო მოძრაობებს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/paul-goble-interview/3686383.html
ინტერვიუ პოლ გობლთან: „ვშიშობ,საქართველოს მსგავს ქვეყნებს დონალდ ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს“
ანა კალანდაძე
საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე “ამერიკის ხმა“ ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელ მკვლევარს, აშშ-ის მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს პოლ გობლს ესაუბრა.
„ამერიკის ხმა“: რას ან ვის უნდა მივაწეროთ ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრული გაქრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან?
პოლ გობლი: არა მგონია, ეს ვინმეს ბრალი იყოს საქართველოში, ან მის საზღვრებს გარეთ. მეჩვენება, რომ პროცესი პოლიტიკური პარტიების სისუსტით აიხსნება. პარტიების სისუსტე გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ზევიდან ქვევით და არა პირიქით და მათი ბედი ლიდერთა ცვლაზე იყო დამოკიდებული.
„ამერიკის ხმა“: მიგაჩნიათ, თუ არა, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებული ბოლო შეთანხმება საქართველოსთვის პოლიტიკურად ან ეკონომიკურად საზიანოა?
პოლ გობლი: ამ შეთანხმების გაუმჭვირვალობა შემაშფოთებელია, მაგრამ ამავე დროს, თუ საქართველო აღებულ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, მარტო „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ვერ დაემუქრება. „გაზპრომთან“ კონტრაქტის დეტალები საჯარო რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეჭვები არსებობს, ეჭვებს კი დიდი ძალა აქვს.
„ამერიკის ხმა“: რა გავლენა აქვს რუსეთის პროპაგანდას კავკასიაში და რა უნდა იღონოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა და პრესამ მასთან გასამკლავებლად?
პოლ გობლი: დეზინფორმაციასთან ბრძოლა რთულია. ჯაშუშის აღმოჩენის მსგავსად, დეზინფორმაციის გამოაშკარავებაც მისი სამიზნე აუდიტორიის სისუსტეზე მეტყველებს. შესაძლოა, მოსკოვის გათვლაც ეს იყოს: ხაზი გაუსვას მეტოქეთა სისუსტეს. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ძლიერი სარეკლამო სექტორი დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად და ძლიერი სახელმწიფო სექტორი, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობათა შესრულებაში შეუწყობს ხელს.
„ამერიკის ხმა“: რას უნდა ველოდოთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისაგან საქართველოსთან მიმართებით?
პოლ გობლი: ვშიშობ, დონალდ ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 22 იანვარი, 2017 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20170120-soglashenie-s-kompaniei-gazprom-sprovotsirovalo-skandal-v-gruzii
საქართველოს ამბების მიმოხილვა: „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმებიდან დონალდ ტრამპის ქართულ ჩოხამდე
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) მიერ 22 იანვარს ეთერში გადაცემულ საქართველოს ამბების მიმოხილვაში (ავტორი – გიორგი ლებანიძე) ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული:
ა) რუსულ „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმება
რადიოსიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული რუსულ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტ“-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ შეთანხმებასა და მასთან დაკავშირებული მოვლენები: შეთანხმების ზოგადი შინაარსი, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განმარტებები, ოპოზიციის განცხადებები, ექსპერტ-პოლიტოლოგთა თვალსაზრისი და ა.შ.
„შეთანხმება უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციის ლიდერებმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომან გოცირიძემ და სხვებმა. საინტერესოა, რომ ოპოზიციის ნეგატიურ შეფასებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაეთანხმა. მისი თქმით, დოკუმენტის პირობები საქართველოსთვის „მავნეა“. ამ ისტორიის მთავრმა გმირმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისრტმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო: „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმება მოსახლეობისთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, ქვეყანამ თავისი ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოების დონე შეინარჩუნაო. მაგრამ პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს საჯაროდ მოუწოდა, რომ „დამარცხება აღიაროს“. რადიომიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სანამ მთავრობა შეთანხმების ტექსტს არ გამოაქვეყნებს, საპროტესო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
ბ) უკრაინაში ქართული „სპეცნაზის“ ექს-მეთაურის დაკავება
გასულ კვირას ქართულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაურის გიორგი ცერცვაძის კიევის აეროპორტში დაკავების ფაქტი, რომელიც უკრაინელმა სამართალდამცველებმა თითქოსდა რუსეთის თხოვნით განახორციელეს. გიორგი ცერცვაძეს მოსკოვი სოჭში 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, იგი მონაწილეობას იღებდა როგორც 2008 წელს მომხდარ ქართულ-რუსულ კონფლიქტში, ასევე უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. უკრაინის გენპროკურორის ექს-მოადგილემ დავით საყვარელიძემ ნეგატიურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების მოქმედება და განაცხადა, რომ გიორგი ცერცვაძის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინამ რუსეთს „გიორგი ცერცვაძის ბრალის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები“ მოსთხოვა. ალბათ, მისი ბედი უახლოეს ხანში გადაწყდება. „უნდა ვივარაუდოთ, რომ კიევის პოზიტიური გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
გ) საჩხერის სამხედრო სკოლა – „ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული სასწავლო ცენტრი“
დასავლეთ საქართველოში მდებარე საჩხერის სამთო მსროლელების მოსამზადებელ სკოლაში, რომელიც საფრანგეთის დახმარებით აშენდა, ქართველი და სომეხი სამხედროების მასშტაბური წრთვნები მიმდინარეობს. გასულ კვირას ისინი სამხედრო პოლიგონ „ორფოლოზე“ გამართულ სასწავლო სროლებშიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და სომხეთს სხვადასხვა სამხედრო ორიენტირები გააჩნიათ (თბილისი ნატოსკენ მიისწრაფვის, ერევანი კი „ოდკბ“-ის წევრია, რომელშიც რუსეთი დომინირებს), თვით ფაქტი, რომ წრთვნებში სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, სენსაციური არ არის: ეს ყველაფერი ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ კონტექსტში მიმდინარეობს, მასში 1994 წლიდან სომხეთიც არის ჩაბმული.
რაც შეეხება საჩხერის სამთო-მსროლელთა სკოლას, ეს სასწავლო დაწესებულება ყველაზე საუკეთესოდ ითვლება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მასში აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეებიც გადიან ხოლმე მომზადებას. ამრიგად, „საცხერის ბაზა“, ერთი მხრივ, ეხმარება ოფიციალურ თბილისს ბალანსის პოლიტიკის გატარებაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის პირობებში, მეორე მხრივ კი, ხაზს უსვამს თავისი გეოგრაფიულ და სხვა უპირატესობას ნატოს წინაშე, რათა ალიანსი უფრო ღრმად ჩაერთოს კავკასიურ საქმეებში, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლადაც.
დ) ჩაიცვამს თუ არა დონალდ ტრამპი ქართულ ჩოხას?
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიმოხილვის ბოლო სიუჟეტი ეხება საქართველოს „კულტურის პალატის“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ კავკასიელ მამაკაცთა ტრადიციულ სამოსს – „ჩოხას“ გადასცემენ. ამ ცნობამ თბილისში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჩოხა შესაბამისი წარწერით სპეციალურად დონალდ ტრამპისათვის შეიკერა ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში და მას აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოს წარმომადგენლები – საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიული მართვის განვითარების“ ხელმძღვანელები ბადრი ცერცვაძე და ნატალია ზაქარეიშვილი მიართმევენ.
როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოში ამჟამად მამაკაცები ჩოხას ძალიან იშვიათად იცვამენ – მხოლოდ განსაკუთრებით სადღესასწაულო ღონისძიების დროს, აგრეთვე ქორწილებში.
«Le Monde» (საფრანგეთი), 23 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ფრანსუა ფიონთან: ჩვენ, უბრალოდ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა არ შეუძლიათ“.
ფრანგულ გაზეთ „ლე მონდ“-ში გამოქვეყნდა საფრანგეთის პარტია „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში) ფრანსუა ფიონის ვრცელი ინტერვიუ სათაურით „მე თავდაცვის ევროპულ ალიანსს გთავაზობთ“, რომელშიც იგი, საფრანგეთის საშინაო და საგარეო საკითხებზე საუბრისას, შეეხო რუსეთთან ურთიერთობას, ნატოს როლს და ა.შ.
ფრანსუა ფიონმა, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე საუბრისას, „უპასუხისმგებლო“ უწოდა დასავლეთის ქვეყნების იმ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანებას პირდებოდნენ: „განა ყოველთვის სანდო იყო დასავლეთი? განა დასავლეთი არ ატყუებდა ხოლმე რუსეთს ლიბიასა და კოსოვოსთან მიმართებით? ან ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობაში? რასაკვირველია, პასუხისმგებლობა რუსეთსაც ეკისრება, მაგრამ მხოლოდ მარტო მას არა… რაში გვჭირდებოდა ჩვენ რუსეთის საზღვრებთან ანტირაკეტული თავდაცვის სისტემების განლაგება? ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მე გაგახსენებთ იმ ადამიანების უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებთაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება სურდათ… ჩვენ, უბრალოდ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა არ შეუძლიათ“.
„მე მთელი სერიოზულობით ვამბობ, რომ რუსეთს [ჩვენთან მიმართებით] არამეგობრული გადახრა აქვს. შევძლებთ თუ არა იმას, რომ რუსეთი შედარებით უფრო გონივრულ პოზიციებზე დავაბრუნოთ? არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ“, – აღნიშნა ფრანსუა ფიონმა ინტერვიუში. იგი რუსეთთან „ახალი ეკონომიკური პარტნიორობის“ დაწყების წინადადებით გამოვიდა და წამოაყენა „ევროპა-რუსეთის კონფერენციის“ ჩატარების წინადადება, რომლის დროსაც ევროპულ სივრცის უსაფრთხოების ახალი პირობები იქნება განხილული.
„რუსეთთან ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ, ეს მომავლის სტრატეგიული საკითხია. აუცილებელია აგრეთვე უკრაინის საკითხის გადაწყვეტაც: მინსკის მოლაპარაკების პირობები კიევმაც და მოსკოვმაც უნდა შეასრულონ“, – თქვა ფრანსუა ფიონმა. მისი თქმით, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც „ქედმაღლურად არ უნდა მოექცე“. „რუსეთს დემოკრატიული ტრადიციები არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ბირთვული იარაღი. არსებობს ორი ვარიანტი: ან ჩვენ შევეცდებით რუსეთთან თანხმობის მიღწევას, ან მას დავუპირისპირდებით. მითხარით, ვინ მოისურვებს რუსეთთან კონფლიქტს?“, – აღნიშნა საფრანგეთის ექს-პრემიერმა და ხაზი გაუსვა: ეკონომიკური სანქციებით „რუსი ხალხის დაჩოქება შეუძლებელია“.
———-
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 22 იანვარს პარტია „ედინაია როსიას“ მე-16 ყრილობაზე გამოსვლისას, შეეხო რა დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხს, განაცხადა, რომ „რუსეთი ილუზიებიდან უნდა გამოვიდეს“: „აშკარაა, სანქციები დასავლეთმა დიდი ხნით დაგვიწესა. [საბოლოო ჯამში] ჩვენ რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებისა და ახალი ლიდერების იმედზე არ უნდა ვიყოთ. რუსეთი საკუთარ თავს თვითონ გამოკვებავს“ (წყარო: http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKBN1560HK).