«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად ეცემა, ქართველები მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ
«Deutsche Welle» (გერმანია): მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქართველოს ხელისუფლების „შეშინება“ მასობრივი საპროტესტო აქციით სცადეს
«Press TV» (ირანი): საპროტესტო მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდეს
«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისაგან წითელი ბარათები მიიღო
«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს მთავრობას „წითელი ბარათი“ აჩვენეს
«Daily Sabah» (თურქეთი): რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს
«Polskie radio» (პოლონეთი): პოლონური რადიოს ცნობით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე ევროკავშირი საქართველოს და უკრაინას უვიზო რეჟიმს არ შესთავაზებს
———————-
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 22 მარტი, 2015 წელი
http://www.reuters.com/article/2015/03/21/us-georgia-opposition-idUSKBN0MH0KW20150321
ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად ეცემა, ქართველები მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ
მარგარიტა ანთიძე, „როიტერი“
ათასობით ქართველი შეიკრიბა შაბათს თბილისის ცენტრში გამართულ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ანტისამთავრობო მიტინგზე, რომლის მონაწილეებმა ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისსა და დამნაშავეობის ზრდაში დაადანაშაულეს.
საქართველოს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკას, რუსული რუბლის გაუფასურება და უკრაინის კრიზისი მძაფრად შეეხო: ექსპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ასევე მნიშვნელოვნად იკლო ფინანსური გამორიცხვების რაოდენობამ რუსეთიდან. ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის 30%-იანმა დევალავაციამ ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ბანკებიდან კრედიტი ამერიკული დოლარებით ჰქონდათ გამოტანილი.
დემონსტრანტებმა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელმძღვანელობდნენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში, სხვადასხვა პლაკატებით, შეძახილებით „გადადექი!“ და „გაუმარჯოს საქართველოს!“, რუსთაველის გამზირზე გაიარეს და თავისუფლების მოედანზე შეგროვდნენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ქვეყანას სამი წლის განმავლობაში ანგრევს… ჩვენი მოვალეობაა ეს პროცესი შევაჩეროთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიტინგზე გამოსვლისას.
აქციის მონაწილეთა აზრით, დღევანდელი მთავრობა, რომელიც თავდაპირველად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობით იყო შექმნილი, უნდა გადადგეს. „ჩვენ გვსურს, რომ ეს მთავრობა ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წავიდეს, შემდეგ კი გამოსავალს ჩვენ თვითონვე მოვნახავთ. ამჟამინდელი მთავრობა პირდაპირ საშინელებაა“, – ამბობს დარეჯან სანაია, თბილისელი პენსიონერი.
ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ-სამართლებრივ დევნაშიც ადანაშაულებს. „ნაციონალების“ თქმით, მთავრობა მართლმსაჯულების ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშწორების ინსტრუმენტად იყენებს. ათობით ყოფილი ჩინოვნიკი, ექს-პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ჩათვლით, ძალაუფლებისა ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაპატიმრებულნი იქნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილის პარტია არჩევნებში დამარცხდა, 2012 წლის ოქტომბერში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე ბრალი აქვს წაყენებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში, მომიტინგეებს ბრიუსლიდან მიმართა: „საქართველოს წინსვლა ორი წლის წინათ შეჩერდა… ქვეყანა უფსკრულისაკენ მიექანება, ამას ყველა გრძნობს“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერით, დიდი ტელეეკრანის წინ შეკრებილი ადამიანებს წინაშე.
მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთკავკასიური სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 4,5 მილიონია, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დატოვა. დღევანდელი ხელისუფლების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისეული პროდასავლური კურსი ისევ გრძელდება, თუმცა პარალელურად მთავრობა ცდილობს ურთიერთობა გააუმჯობესოს რუსეთთანაც – საქართველოს უდიდეს მეზობელთან.
«Deutsche Welle» (გერმანია), 22 მარტი, 2015 წელი
http://www.dw.de/сторонники-саакашвили-попугали-власти-массовой-акцией/a-18332427
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქართველოს ხელისუფლების „შეშინება“ მასობრივი საპროტესტო აქციით სცადეს
რადიოსადგურ „გერმანული ტალღის“ («Deutsche Welle») მიერ ეთერში გაშვებულ ვრცელ სიუჟეტში (ავტორი – ამალია ოგაჯანიანი) მოცემულია თბილისში 21 მარტს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული საპროტესტო აქციის პერიპეტიები. მასალაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგში დაახლოებით ათი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
„დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ძალების ერთგვარი მოსინჯვის დემონტრირებას წარმოადგენს. პოლიტოლოგები კატეგორიულად გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ თბილისში უკრაინული „მაიდნის“ მსგავსი რამ მოხდეს.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის სოსო ცინცაძის თქმით, „ხალხს მსგავსი სცენარები უკვე ყელში ამოუვიდა… შესაბამისად, ისინი მომავალ არჩევნებამდე მოითმენენ“.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორია, მიტინგის მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას მიიჩნევს, ამიტომაც იყო, რომ საპროტესტო აქციაში უმეტესად მოსახლეობის უღარიბესი ფენების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიცია აცნობიერებს, რომ მისი მოთხოვნით მთავრობა არ გადადგება, მაგრამ „არც ის იქნება ცუდი, თუ ხელისუფლება გონს მოეგება და ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად რაღაც ზომებს მიიღებს“.
თავის მხრივ, სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ მიტინგზე „ნაციონალების“ ის პასიური მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც, უმძიმესი მდგომარეობა რომ არა, ქუჩაში არ გამოვიდოდნენ. პროფესორმა მიტინგი „ოპოზიციის პირობით წარმატებად“ შეაფასა. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალებმა“ 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველად შეძლეს ამდენი ხალხის გამოყვანა, თუმცა, როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, ეს აქცია იმას კი არ ნიშნავს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები მიემატება, არამედ უფრო იმას, რომ „ქართული ოცნება“ მომხრეებს დაკარგავს.
«Press TV» (ირანი), 22 მარტი, 2015 წელი
http://www.presstv.ir/Video/2015/03/22/402859/Protestors-demand-Georgian-govt-to-resign
საპროტესტო მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდეს
სვეტლანა ალიმოვა, «Press TV» (ირანის ტელევიზია)
რეპორტაჟი თბილისიდან
ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა და მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდეს.
ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ მიტინგები მთავრობის გადადგომისა და არაა გამორიცხული, ვადამდელი სპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მომავალშიც გაგრძელდება. აქციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ იძებნება, მომიტინგეებს ბრიუსელიდან მიმართა: „საქართველო ინგრევა და ეს ნგვრევა უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა მან.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პირველი მიტინგია, როცა ოპოზიციამ მთავრობის გადადგომა მოითხოვა, თუმცა უცნობია, მოჰყვება თუ არა ამ მოთხოვნას რეალური ცვლილებები. რაც შეეხება თვით პრემიერ-მინისტრს, მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული მიტინგი დაგმო და ასე განაცხადა: „დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით. ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან არგანვითარებას“.
რასაკვირველია, მომიტინგეები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არ დაეთანხმნენ.
მოგვიანებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი შეძახილებით „გადადექი, გადადექი“ მთავრობის რეზიდენციასთან მივიდნენ, რათა სიმბოლურად მთავრობისათვის წითელი ბარათები ეჩვენებინათ.
«Независимая газета» (რუსეთი), 23 მარტი, 2015 წელი
http://www.ng.ru/week/2015-03-22/11_cis.html
საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისაგან წითელი ბარათები მიიღო
იური სიმონიანი
(შემოკლებით)
შაბათს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. რამდენი მხარდამჭერი გამოიყვანა ამ ორგანიზაციამ თავისუფლების მოედანზე, სათქმელად ცოტა არ იყოს, ძნელია: „ნაციონალური“ ლიდერების მტკიცებით, არანაკლებ 50 ათასისაო, მაგრამ აქ მათი ქმედებაც უნდა გავიხსენოთ: როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინდელ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში, კერძოდ – თავისუფლების მოედანზევე გამოჰყავდა, „ნაციონალები“ ამბობდნენ, რომ ხუთი ათასზე მეტი არ შეკრებილაო. დღევანდელი ხელისუფლება წინაანდელზე უფრო დიდსულოვანი აღმოჩნდა და განაცხადა, რომ მოედანზე 15 ათასამდე მოქალაქე შეგროვდა, თუმცაღა იქვე აღნიშნა, რომ ასე მცირე რაოდენობის მომხრეთა დაფიქსირება „ნაციონალთა“ კრახის მანიშნებელიაო.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ („ქართული ოცნება“) ასეთი სიტუაცია („კრახი“) რამდენიმე მიზეზით ახსნა: პირველი – „ნაციონალები“ ერთი თვის განმავლობაში ეწეოდნენ აგიტაციას; მეორე – „ნაციონალებმა“ ყველაფერი გააკეთეს რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანის მიზნით და მესამე – „ნაციონალებმა“ მათ მიტინგში მონაწილეობისათვის ფული გადაუხადეს. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ 15 ათასამდე მხარდამჭერი შეკრიბეს, რომელთა შორის სამი მეოთხედი ოჯახის წევრები, ნათესავ-მეგობრები და მარგინალები იყვნენ.
თუ ეს ის მთავარი დასკვნაა, რომელიც მმართველმა კოალიციამ შაბათის აქციის შემდეგ გააკეთა, მაშინ სიტუაცია უფრო მძიმე ჩანს: რატომ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კლებულობს, მესამე ძალის არარსებობის პირობებში კი „ნაციონალთა“ რეიტინგი მატულობს. თუ „ოცნება“ ქმედიტ და ეფექტურ ღონისძიებებს არ განახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და დაპირებების შესასრულებლად, მაშინ „ნაციონალების“ რევანში შეიძლება მართლაც განხორციელდეს. შესაძლოა მათი მიზნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს შესრულდეს – ყოველ შემთხვევაში, თავის თანაპარტიელებს მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდანაც ასე მიმართა. მომიტინგეებს, რომლებიც მოედნიდან მთავრობის რეზიდენციისაკენ გაემართნენ, ხელში წითელი ბარათები ეჭირათ – სიმბოლურად, მთავრობის გაფრთხილების მიზნით, როგორც ფეხბურთის დროს ხდება ხოლმე, როცა დაჯარიმებულ მოთამაშეებს აძევებენ. რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით სიტუაცია „წითელი ბარათების“ გამოყენებამდე არ მისულა, მაგრამ გაფრთხილებას კი მთავრობამ მართლაც ყურადღება უნდა მიაქციოს. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ მძიმე პერიოდი უდგას – მისი მმართველობა მსოფლიოში მწვავე ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, რაც ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებზე გავლენა მოახდინა – უცხოურ კაპიტალდაბანდებათა მოცულობა შემცირდა, იკლო ტურისთა რაოდენობამ, რუსეთშიც ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემებია (რუსეთი ხომ ქართული პროდუქციის ძირითადი იმპორტიორია!). არადა, მოსახლეობა თავისას ითხოვს – საარჩევნო პერიოდში უხვად დარიგებული დაპირებები უნდა შესრულდეს…
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 მარტი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2692475
საქართველოს მთავრობას „წითელი ბარათი“ აჩვენეს
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანტისამთავრობო მიტინგისათვის მზადება ერთი თვით ადრე დაიწყო, როცა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა „რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლა გამოაცხადეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
„აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, ანუ იმ ადგილზე, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის აზრით, 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ დაიწყო. მასში, ორგანიზატორთა განცხადებით, 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართლადამაცავის ორგანოების თქმით კი, მხოლოდ 10-დან 15 ათასამდე. საპროტესტო მარშის მონაწილეებს მოჰქონდათ უზარმაზარი პლაკატი წარწერით „მთავრობა გადადგეს!“, მათვე ხელში ეჭირათ წითელი ბარათები, რომელიც სიმბოლურად მთავრობის გაფრთხილებას ნიშნავდა“.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიტინგის მსვლელობის დროს „მგზნებარე“ სიტყვებით გამოვიდნენ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, აგრეთვე გოკა გაბაშვილი და სხვები. შეკრებილებს ბრიუსელიდან ტელეეთერის მეშვეობით მიმართა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს პარლამენტში საქართველოს მთავრობის იმპიჩმენტი მოუწყოს, თუმცა ამ მიზნის შესრულება საკმაოდ რთულია – მიხეილ სააკაშვილის პარტია ამისათვის ხმების აუცილებელ რაოდენობას ვერ მოაგროვებს. გარდა ამისა, როგორც „კომერსანტს“ საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტმა ავთანდილ დემტრაშვილმა აუხსნა, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი ან მტავრობისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება „ძალიან რთული იურიდიული პროცედურაა, რასაც მტკიცე დასაბუთება სჭირდება“.
„სისხლიანი და სადისტური რეჟიმის ადეპტებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ, მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანის მოსყიდვა შეძლეს“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგს პრემიერ-მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ პროსამთავრობო აქტივისტებმა, თავის მხრივ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში საპასუხო ანტინაციონალური აქციები ჩაატარეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მოთხოვნით, რომ ხელისუფლებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე ორგანიზაციად გამოაცხადოს და მისი საქმიანობა აიკრძალოს.
«Daily Sabah» (თურქეთი), 23 მარტი, 2015 წელი
http://www.dailysabah.com/europe/2015/03/23/georgia-supports-ukraine-resists-russian-pressure
რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს
(შემოკლებით)
დასავლეთის და კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, რუსეთი კვლავ აკონტროლებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სეპარატისტულ რეგიონებს. ამ პოლიტიკის საპასუხოდ საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უკრაინის ხელისუფლებაში წამყვან როლს საკმაოდ ბევრი ქართველი ჩინოვნიკი ასრულებს. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. ქართველები იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინაში – როგორც სამთავრობო ძალებშიც, ასევე პრორუსლად განწყობილ ამბოხებულთა რიგებშიც.
უკრაინაში დასაქმებულ ქართველებს შორის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დღეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველი და იმავდროულად რეფორმების საკითხში საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელიცაა. იგი საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდშიც იყო, მისი მმართველობის დროს ორი ქვეყნის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან 2013 წლის ნოემბერში წავიდა, როცა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დღეს იგი თავის თანამოაზრეებთან – ყოფილ ქართველ ჩინოვნიკებთან ერთად უკრაინის ხელისუფლების სამსახურშია (სტატიაში ჩამოთვლილია მათი გვარები და თანამდებობები – ს.კ.). მათ ყველამ, მიხეილ სააკაშვილის გარდა, უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს. მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა თურქულ სააგენტო „ანადოლუს“-თან ინტერვიუში, ისინი უკრაინის საზოგადოებაში მაინც საქართველოს წარმომადგენლებად აღიქმებიან. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაში დაადნაშაულა და განაცხადა, რომ „ასეთ სიტუაციაში საქართველოსა და უკრაინის ბედი ერთმანეთზე ისეა დამოკიდებული როგორც არასდროს“. მისი თქმით, რუსეთს ყირიმის შემდგომ აღმოსავლეთ უკრაინის მიტაცებაც სურს, შემდეგ კი მოსკოვი თავის ანექსიონისტურ პოლიტიკას საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიმართაც განახორციელებს.
ამას წინათ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელი მოეწერა ისეთ შეთანხმებას, რომელიც მკვეთრად აღრმავებს ამ ორი მხარის ურთიერთობას. მოსკოვსი ხელმოწერილი დოკუმენტი დასავლეთმა არ აღიარა: შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სახელმწიფოები კი არ არიან არამედ საქართველოს განუყოფელი ნაწილები“. სხვათა შორის, დღემდე ამ ორი რეგიონის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. თავის მხრივ არც საქართველო არ სცნობს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს.
2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილი შეეცადა საქართველოს მთავრობის ხელისუფლების აღდგენას სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ხუთდღიან სისხლისმღვრელ ომში რუსეთის დახმარებით ოსმა სეპარატისტებმა გაიმარჯვეს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რომელშიც ექს-პრეზიდენტი დადანაშაულებულია როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში, ასევე 2007 წლის ნოემბერში თბილისში გამართული ანტისამთავრობო მიტინგის ულმობელ დარბევაში, კერძო საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიის სენობაში უკანონო შეჭრაში და სხვა კანონდარღვევებში. საქართველოს პროკურატურამ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოსთხოვა, მაგრამ უშედეგოდ: „ჩემი ექსტრადირება შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ანადოლუ“-სთან ინტერვიუში, – საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას არცერთი სახელმწიფო სერიოზულად არ მიიჩნევს, რუსეთის გარდა“.
ამასობაში რუსეთი თავის გავლენას აფართოებს: სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი ზემოთ ნახსენები შეთანხმების გარდა, მოსკოვმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ასევე გააფორმა ანალოგიური შეთანხმება აფხაზეთთანაც. ორივე დოკუმენტი ითვალისწინებს ღრმა ინტეგრირებას როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში.
საქართველოს პროდასავლური კურსის გამო რუსეთი თბილისზე ძლიერ ზეწოლას განაგრძობს. საქართველო ცდილობს თავისი ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან განავითაროს, პარალელურად კი რუსეთთანაც, თუმცა მოსკოვი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი შეტანხმებებით, მაინც ანტიქართულ პოლიტიკას ახორციელებს. რუსეთის მიზანია გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, დონბასში, რათა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავის კონტროლქვეშ ჰყავდეს. რუსეთის ანტიუკრაინული კურსის ფონზე თბილისი მაინც უწევს კიევის ხელისუფლებას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.
«Polskie radio» (პოლონეთი), 22 მარტი, 2015 წელი
http://www.radiopolsha.pl/6/137/Artykul/201068
პოლონური რადიოს ცნობით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე ევროკავშირი საქართველოს და უკრაინას უვიზო რეჟიმს არ შესთავაზებს
დენის შპიგოვი, ვარშავა
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტზე, რომელიც მაისი თვეში ლატვიის დედაქლაქ რიგაში უნდა გაიმართოს, ევროკავშირი უკრაინისა და საქართველოსათვის სავიზო რეჟიმს არ გააუქმებს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომელიც „რადიო პოლსკას“ რედაქციამ მოიპოვა, არაფერია ნათქვამი ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო შეთანხმების დადების თაობაზე.
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა – სამი ქვეყანა ექვსიდან, რომლებიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტში მონაწილეობენ და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, იმედოვნებენ, რომ რიგის სამიტზე ბრიუსელთან კიდევ უფრო ღრმა ინტეგრირებას მოახდენენ, თუმცა ბევრი ექსპერტი მიუთითებს, რომ მათ არასასიამოვნო ამბები ელოდებათ. რიგის შეხვედრის დეკლარაციის პროექტში საუბარია მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ.
გარადა ამისა, კიევსა და თბილისს იმედი აქვთ, რომ სამიტზე მათთვის უვიზო რეჟიმის რეალიზების კონკრეტული თარიღი გამოცხადდება, მაგრამ დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებით რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ჯერ კიდევ არის დრო, რომ აღნიშნულ პროექტში ცვლილებები შეიტანონ, მაგრამ საეჭვოა ვიზების საკითხში რაიმე არსებითად შეიცვალოს.