globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ვარიანტების გარეშე // საქართველო თავის ტერიტორიაზე სამხედრო მომზადების ამერიკულ ცენტრს განათავსებს

«RFE//RL რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო გაეროში: რუსეთს ანექსიის პოლიტიკა ამოძრავებს

«Экономика сегодня» (რუსეთი): ინტერვიუ აჯარ ქურთოვთან: სომხეთში განლაგებული რუსული „ისკანდერები“ კასპიის ნავთობ- და გაზსადენების წინააღმდეგ // სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემები კვლავ არსებობს

—————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 22 თებერვალი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ვარიანტების გარეშე

საქართველო თავის ტერიტორიაზე სამხედრო მომზადების ამერიკულ ცენტრს განათავსებს

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს საგარეოპოლიტიკური მოვლენები – ევროპაში თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ვიზიტი და ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მიერ გამართული შეხვედრები (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ამასწინანდელი ევროპული ვიზიტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: ქართული თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯერ მონაწილეობა მიიღო ნატოს მინისტერიალში, შემდეგ კი მნიშვნელოვან საკითხზე მოილაპარაკა თავისი პატარა რესპუბლიკისათვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული – ტერიტორიის თითქმის 20%. საინტერესოა, რომ ლევან იზორიამ ბრიუსელში მინისტრების შეხვედრაზე მიწვევა ბოლო მომენტში მიიღო: ცოტა ხნის წინათ მას ოპოზიცია აკრიტიკებდა – „ბრიუსელში წასვლა იმიტომ არ გინდა, რომ გეშინია, რუსეთი განრისხდებაო“, მინისტრი კი პასუხობდა – „ბრიუსელში არავის მივუწვევივარო“. საბოლოოდ კი, ალიანსის ხელმძღვანელებმა, როგორც ჩანს, თავისი ერთგული პარტნიორისადმი პატივისცემა გამოიჩინეს და თბილისისადმი გამონაკლისი გააკეთეს: მინისტრთა სამიტის პარალელურად, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც დანიშნეს, რამაც ლევან იზორიას შესაძლებლობა მისცა ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრები გაემართა და გენმდივან იენს სტოლტენბერგთან ესაუბრა. (…)

მაგრამ ყველაზე მეტად შედეგიანი და გარკვეულწილად სენსაციურიც კი აღმოჩნდა ლევან იზორიას ვიზიტი გერმანიის ქალაქ ჰოენფელსში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზა არის დისლოცირებული და სადაც სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების საერთაშორისო სასწავლო ცენტრი მდებარეობს. ქართველმა თავდაცვის მინისტრი შეხვდა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალს ფრედერიკ ბენ-ჰოჯესს და მასთან მნიშვნელოვან საკითხზე მოილაპარაკა – საქართველოში, კერძოდ, თბილისთან ახლოს, ვაზიანში ანალოგიური სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნის თაობაზე, სადაც ქართველი ჯარისკაცები გაიწრთვნებიან ამერიკელი და ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ. ნიშანდობლივია, რომ ცენტრის გახსნაზე საქართველოს, ანუ რუსეთის მეზობელს, თანხმობა სწორედ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის ძალების სარდალმა ბენ-ჰოჯესმა მისცა, რომელიც საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩასული ერთობლივი ქართულ-ამერიკული-ნატოური სამხედრო წრთვნების გაკონტროლების მიზნით. გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ გენერალმა განაცხადა ერთხელ თბილისში ყოფნისას: „ამ წრთვნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობის მიზანი ისაა, რომ შევამოწმოთ, აუცილებლობის შემთხვევაში, რამდენად სწრაფად მოვლენ ქართულ მიწაზე ამერიკის არმიის ქვედანაყოფებიო“. სხვათა შორის, ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა ამ წრთვნების დროს ქება-დიდება უძღვნა ქართველ ჯარისკაცებსაც, რომლებიც ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილებენ, კერძოდ, ავღანეთში.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების კვალდაკვალ, საქართველო აშშ-ის მიმართებითაც გააქტიურდა: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა. საერთოდ, თბილისში სერიოზულად შიშობდნენ, რომ ვაითუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ვერ აეწყოს და უფრო უარესი გახდეს, ვიდრე ეს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იყოო. საქართველოს ხელისუფლების გასახარად, ეს შიშები არ გამართლდა: ჯანელიძე-ტილერსონის შეხვედრამ მეგობრულად ჩაიარა. უფრო მეტიც: ამერიკის დიპლომატიის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „საქართველო აშშ-სთვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო  მეგობრად და საიმედო პარტნიორად ითვლებაო“.

რასაკვირველია, თბილისში აცნობიერებენ იმას, რომ აშშ-ისა და საერთოდ, დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორაა დაცული საქართველოში ადამიანის უფლებები, როგორია დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დონე და ა.შ. ამასთან, დასავლური კურსიდან გადახვევას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს, რომელსაც ოპოზიცია რუსეთისადმი პასიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ.

ამ სიტუაციაში ანალიტიკოსებს, საქართველოს შიგნით და გარეთ, კითხვები უჩნდებათ: განა რუსეთი მშვიდად გააგრძელებს ცქერას, თუ რა ხდება მის საზღვრებთან, როგორი სამხედრო აქტიურობა მიმდინარეობს? რასაკვირველია, ძალიან გულუბრყვილო ადამიანი უნდა იყო, რომ  რუსეთის მშვიდად ყოფნა დაიჯერო. ცხადია, კრემლი აუცილებლად გაღიზიანდება, მაგრამ მოდით კითხვა ასეც დავსვათ: განა რა არჩევანი რჩება საქართველოს? განა თბილისმა უნდა შეწყვიტოს თავისი ჯარისკაცების მომზადება, უარი თქვას ნატოს სტანდარტებზე, ქარს გაატანოს მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი სამხედრო მშენებლობის გამოცდილება და საბოლოოდ, იქნებ უნდა შეურიგდეს კიდეც თავისი ძირ-ძველი მიწების ოკუპირებას? სულელისთვისაც კი ნათელია, რომ ასეთ ვარიანტზე არცერთი საკუთარი თავისადმი მეტ-ნაკლებად პატივმცემელი სახელმწიფო არ დათანხმდება.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 22 თებერვალი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/sakartvelo-gaeroshi/28324731.html

საქართველო გაეროში: რუსეთს ანექსიის პოლიტიკა ამოძრავებს

ლელა კუნჭულია

რუსეთის აგრესია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი პრობლემები და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება წარმოადგენდა ძირითად აქცენტებს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის გამოსვლაში გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში. ამ ფორმატში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატორი იყო უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა – უკრაინა. რამდენად წარმატებით გამოიყენა საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნა, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მიზნის ფონზე, და რატომ იწვევს შიდაპოლიტიკურ კამათს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო სარბიელზე.

21 თებერვალს ნიუ-იორკში, როცა უშიშროების საბჭოს მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართავდა, მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და გააკრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობა შეეჩერებინა და აღეკვეთა ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი სამხედრო კონფლიქტები. საგანგებო ყურადღება, ცხადია, საქართველოს ეთმობა, ქვეყანას, რომლის კონფლიქტებთან დაკავშირებითაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული (16 წლის განმავლობაში), 39 რეზოლუცია აქვს დამტკიცებული, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ეთნიკური წმენდის დაგმობისა თუ დევნილების ღირსეულად დაბრუნების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ, მიხეილ ჯანელიძის თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავებელ ადრეულ ნიშნებზე“ და გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულმა კონფლიქტმა კულმინაციას 2008 წელს მიაღწია „საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით“. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ რუსეთი არ ჩერდება და მიზანმიმართული გეგმებით კვლავაც მიიწევს წინ:

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის – ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით. ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე. წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად. პარალელურად, აფხაზეთის რეგიონში მოქმედმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ეგრეთ წოდებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო გააძნელებს თავისუფალ გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ასეთ ქმედებებს“.

გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე, სახელწოდებით „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება: კონფლიქტები ევროპაში“, მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით საგანგაშო უწოდა იმ ფაქტს, რომ უკვე დიდი ხანია საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის – რუსეთის – მიერ, მაშინ როცა ეს ქვეყანა „თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე“. გაისმა მოწოდება რუსეთის მისამართით, რომ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და საშუალება მისცეს საერთაშორისო მეთვალყურეებს შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან, ითქვა, რომ რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს „ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“.

ეს და სხვა მსგავსი მოწოდებები მყისიერად რომ არ აღსრულდება, რა თქმა უნდა, ცხადია ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს ნებისმიერი ტრიბუნის გამოყენება ჰმართებს, რათა თავისი პრობლემები მუდმივად შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას და „ძალიან კარგია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში საქართველო მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ სინამდვილეს უკავშირდება, ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ მინისტრის გამოსვლაში აქცენტები სწორად იყო დასმული, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, გამოსვლა სიმწვავით არ გამოირჩეოდა:

„სულ ცოტა, ექვსჯერ მაინც იქნა ნახსენები რუსეთი ნეგატიურ კონტექსტში, იმ ქმედებებისა და იმ პოლიტიკის კუთხით, რასაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ… და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან დამოკიდებულება არის ნაკლებად ხისტი, ნაკლებად ანგაჟირებული, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, და უფრო ორიენტირებულია პრაგმატულ მიდგომებზე, ვფიქრობ, რომ მინისტრის ეს გამოსვლა ზუსტად ჯდებოდა იმ საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებში, რასაც ატარებს ამჟამინდელი ხელისუფლება“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზნები, დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან, ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკისა და დაპირისპირების საგანი შიდაპოლიტიკურ სარბიელზე. ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ დღეებში გამოვლინდა, როცა ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაადანაშაულა დაგვიანებული და არასათანადოდ მკაცრი რეაქციებისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ მიუნხენში გაკეთებული განცხადების შემდეგ.

19 თებერვალს, ქართველ და რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო ტერორისტებისა და ნარკომოვაჭრეების სატრანზიტო ქვეყანაა და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს. ვიდრე საგარეო უწყებაც გააკრიტიკებდა, ლავროვის განცხადებებს პირველი რეაქციები 21 თებერვალს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მხრიდან მოჰყვა, რის კვალდაკვალაც ოპოზიცია უფრო აქტიურად ალაპარაკდა ხელისუფლების პრორუსულ განწყობებზე.

„ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს სერიოზული ვარაუდი ვიფიქროთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება რეალურად ცდილობს, რომ ქართული მხარე, ასე ვთქვათ, ჩაითრიოს თანამშრომლობის იმ ფორმატებში, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას, რაც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის და რეალურად დაეხმარება რუსეთს საკუთარი ინტერესების გატარებაში ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გახმაურებულ ბრალდებებში ახალი ვერაფერი დაინახა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, რომელსაც კრემლის ლიდერების მიერ გაკეთებული სხვა არაერთი მსგავსი შინაარსის განცხადებაც ახსოვს. რაც შეეხება საპასუხო რეაქციებს, ისევ და ისევ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკიდან გამომდინარე, ანალიტიკოსი, სერგეი ლავროვის განცხადებების კვალდაკვალ, არ მოელოდა მწვავე განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

«Экономика сегодня» (რუსეთი), 23 თებერვალი, 2017 წელი

https://rueconomics.ru/229098-rakety-protiv-gazoprovodov-odno-slovo-iskander-zashchitilo-nagornyi-karabah

ინტერვიუ აჯარ ქურთოვთან: სომხეთში განლაგებული რუსული „ისკანდერები“ კასპიის ნავთობ- და გაზსადენების წინააღმდეგ // სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემები კვლავ არსებობს

ინტერვიუში რუსული ჟურნალის „ეროვნული სტრატეგიის პრობლემების“ («Проблемы Национальной Стратегии») მთავარი რედაქტორი აჯარ ქურთოვი რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის ურთიერთობებზე საუბრობს. იგი ყურადღებას ამახვილებს სომხეთისათვის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების მიწოდების ფაქტზე და აცხადებს, „ისკანდერების“ სამხრეთ კავკასიაში განლაგება რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც აისახება.

აჯარ ქურთოვი განიხილავს როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის, ასევე სომხეთ-საქართველოს დამოკიდებულებასაც: „სომხეთს რამდენიმე სახელმწიფო ესაზღვრება – საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი. თითქმის ყველა მოსაზღვრე ქვეყანას სომხეთისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, თუმცა ყველაზე ნაკლებად საქართველოს. პრინციპში, სომხეთ-საქართველოს საზღვარი შედარებით უსაფრთხოდ უნდა ჩავთვალოთ“, – ამბობს აჯარ ქურთოვი.

„თუ არ ჩავთვლით 1917-1921 წლების ეპოქას, როცა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ანარქია და სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, როცა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სომხეთის დაშნაკურ რესპუბლიკას შორისაც [საზღვრების გამო] ომი მოხდა, ამჟამად სომხეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მხრიდან დაძაბულობის ფაქტორი უკვე აღარ არის… მაგრამ სხვა საკითხია, რომ ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობებში პრობლემები მაინც არსებობენ. საქართველოში, მაგალითად, არის ასეთი მხარე – ჯავახკი, რომელიც ძირითადად სომხებითაა დასახლებული, თანაც იქ თავის დროზე რუსეთის სამხედრო ბაზა იყო დისლოცირებული. ადგილობრივი სომხები ამ ბაზის შენარჩუნების მოთხოვნით გამოდიოდნენ, მაგრამ თბილისმა მაინც თავისი გაიტანა – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენი შეიარაღებული ძალები გამოყვანილნი იქნენ“, – აღნიშნავს ინტერვიუში აჯარ ქურთოვი.

„თუმცა, რასაკვირველია, სომხეთს მთავარი საფრთხე მაინც აზერბაიჯანიდან ემუქრება და თუ ბაქო მთიანი ყარაბაღის პრობლემას ძალის გამოყენებით გადაწყვეტს, სომხეთი ავტომატურად იქნება ჩათრეული ომში. სწორედ ამიტომაც ცდილობდა და საბოლოო ჯამში ერევანმა მიაღწია კიდეც თავის მიზანს – რუსეთისაგან „ისკანდერები“ მიიღო. აზერბაიჯანთან კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში სომხებს უკვე სათქმელი აქვთ: კი, აზერბაიჯანი ცოცხალი ძალის რაოდენობით სომხეთს ბევრად აჭარბებს, სამაგიეროდ ერევანი „ისკანდერებითაა“ შეიარაღებული, რომლებსაც ბაქოსათვის დიდი ზარალის მიყენება შეუძლიათ. რასაკვირველია,  „ისკანდერები“ ნავთობ- და გაზსადენებზეცაა დამიზნებული“, – ამბობს აჯარ ქურთოვი „ეკონომიკა სეგოდნიას“ ჟურნალისტ დიმიტრი სიკორსკისთან საუბარში.

Comments are closed