globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა // თავისუფლება» (აშშ): პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია // არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ

«Русский Базар» (აშშ): საქართველო: ევროკავშირში უვიზოდ // ვისი დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას არ აპირებს

«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი): „მემლექეთზე ფიქრებით“: ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 22 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/parlamentma-presidentis-kidev-erti-veto-dadzlia/28384815.html

პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ

ნონა მჭედლიშვილი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ 20 მარტს დადებული ვეტო და, შესაბამისად, არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპებს შეეხება. დეპუტატებმა კვლავ დაუჭირეს მხარი ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირვანდელი რედაქციით. პაკეტი, დარჩენილი პროცედურების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში შევა ძალაში, თუმცა ფარული მოსმენების სისტემის შესაცვლელად სამართლებრივი ბრძოლა ამით არ დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ კანონი გასაჩივრდება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ქვეყნის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წარდგა. მისი განმარტებით, მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, სუსისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, უმჯობესია სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოექცეს: ,,ჩვენ გთავაზობთ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი დანიშნოს და თანამდებობიდან მოხსნას საქართველოს პრემიერმა, რომ სააგენტოს დებულება სწორედ პრემიერის წარდგენით დაამტკიცოს მთავრობამ, რომ სწორედ პრემიერმა განახორციელოს კონტროლი სააგენტოზე. სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქმნება სწორედ რომ მაღალი, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქციების განხორციელებისათვის და ვფიქრობთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები იმდენად მტკივნეული, მგრძნობიარე თემაა, იმდენად მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, და სახელმწიფოებრივად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტადაც რომ შესაბამისი იქნება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელოს ამ სტრუქტურაზე ზედამხედველობა და აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა“.

მეორე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც, ანა დოლიძის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აისახა, ეხება იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელსაც კანონი წარმოშობს საკომუნიკაციო კომპანიების მიმართ. კერძოდ, ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის მიხედვით, მეწარმე ვალდებულია სააგენტოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისის შესაქმნელად ხარჯი გასწიოს, პრეზიდენტის რეკომენდაცია კი სამართლიანი ანაზღაურების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. სხდომაზე გაისმა მოსაზრებები პრეზიდენტის ოპოზიციასთან უნისონში მოქმედების შესახებ; ითქვა ისიც, რომ იგი მოსმენების კანონზე ვეტოს დადებით ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმებს ასუსტებს. ეს ეგრეთ წოდებული ინსინუაციები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დაგმო – ანა დოლიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა შპიონაჟის მუხლით პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, თუ არადა, ეს არის „კუდიანების დევნაო“. თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე მოსმენების კანონთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტის პოზიციის პრინციპულობა დააყენა ეჭვქვეშ:

“ეს უკვე მესამე ვეტოა, რომელიც ამ პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოიყენა. პირველად ვადა გვითხრა, რომ ერთ თვეში დაწერეთ კანონიო, პარლამენტს უთხრა. მეორედ პარლამენტს უთხრა, რომ სასამართლოს დაუქვემდებარეთო და ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩესო და ეხლა გვეუბნებით, რომ ეს სამსახური პრემიერ-მინისტრს დავუქვემდებაროთ. სად დავინახოთ აქ ლოგიკა და რატომ იცვლება პრეზიდენტის პოზიცია?“

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კერძოდ კი, ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების საჭიროებას არ იზიარებს თავად პრემიერ-მინისტრიც:

„ძალიან ყურადღებით იქნა განხილული, რა თქმა უნდა, ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში. ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება, თვისობრივი, ამითი ვერ მოხდებოდა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი პლენარულ სხდომაზეც იმ გარემოებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ მმართველმა პარტიამ ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას არც პოლიტიკური სპექტრის მოსაზრებები გაიზიარა და არც ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის. დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მეორე მხარეს აღმოჩნდა, „ქართული ოცნებაა“ და, შესაბამისად, რიტორიკულად ჟღერს შეკითხვაც, რომელიც მან დასვა: „გასაგებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად ცხადად განმარტა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ეს სამსახური და მისი დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როგორ უნდა წაიკითხო ეს კანონი ისე, რომ გაიგო, განმარტო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა ისე, რომ, აი, ეს კანონი, ეს სამსახური არის დღეს დამოუკიდებელი, როგორც ის შეიქმნება და როგორც ის არის მოცემული „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებულ კანონში“.

ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომისა და ამ გზით მოსმენების განხორციელების უფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებდა. ფარული მიყურადების ახალი მოდელით, სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებები ექსკლუზიურად იწარმოებს სპეციალურად შექმნილი სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და პრემიერ-მინისტრთანაა ანგარიშვალდებული.

სამოქალაქო ორგანიზაციები, კერძოდ, მოძრაობა „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ რადგან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქმნება და დამოუკიდებელი ორგანო არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, სამართლებრივი ბრძოლა სისტემის გასაჯანსაღებლად გაგრძელდება: „ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და, ასევე, მოვამზადოთ საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მისამართად ჩვენ გვექნება ექვსთვიანი ვადა“.

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია იმედოვნებს, რომ მოსმენების კანონის კონსტიტუციურობის საკითხის ხელახალი განხილვისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ შეცვლის გასულ წელს პირველი კოლეგიის მიერ ერთხმად მიღებულ თავისსავე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება შანსებს სტრასბურგში: „ევროპულმა სასამართლომ, როგორც იცით, შარშან მსგავს საქმეზე „ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთში არსებული სისტემა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურს აქვს ხელთ მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა, ცნო კონვენციით აღიარებული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევად. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთის გზას უნდა გავყვეთ და კვლავ მოუწევს ევროსასამართლოს ამჯერად უკვე საქართველოსთან მიმართებით ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა თუ არ მოიძებნა ქვეყნის შიგნით სამართლებრივი რესურსი, რომ გადაწყდეს ეს პრობლემა, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ“.

იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მოძრაობაში „ეს შენ გეხება“, აღნიშნავენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის წარსადგენად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მექანიზმის, ამოწურვა აუცილებელი არ არის. შესაბამისად, „ეს შენ გეხება“ საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.

«Русский Базар» (აშშ), №13, 23-29 მარტი, 2017 წელი

http://www.russian-bazaar.com/ru/content/227800.htm

საქართველო: ევროკავშირში უვიზოდ

ვისი დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია?

აშშ-ის რუსულენოვან ყოველკვირეულ გაზეთ «Русский базар»-ში, რომლის სარედაქციო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, გამოქვეყნებულია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში მომხდარი მოვლენების მიმოხილვა (ავტორი – ლიუდმილა ზაიდლიჩი).

პუბლიკაციაში საქართველოსაც აქვს ყურადღება დათმობილი. მასში აღნიშნულია, რომ  თბილისმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე – ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების თაობაზე. ვიზალიბერალიზების გადაწყვეტილება პრაქტიკულად ძალაში 28 მარტიდან შედის“, – ნათქვამია სტატიაში და მოკლედაა ჩამოთვლილი ის ძირითადი უფლებები, მოთხოვნები და ვლადებულებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის მიხედვით აქვთ. თუმცა იქვე მითითებულია, რომ ვიზალიბერალიზების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ქართველებს მკაცრი სანქციები ელოდებათ.

„უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მიღებას საქართველო 10 წლის განმავლობაში ცდილობდა. ამ მიმართულებით უდიდესი მუშაობა გასწია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება დღეისათვის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მან პირობა დადო, რომ [ქვეყანა მისი მმართველობის პერიოდში] პროევროპულ კურსს გააგრძელებს. სავარაუდოდ, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი მხოლოდ 2025 წლის შემდეგ გახდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-interpol-giga-otkhozoria-murder-case/3776759.html

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას არ აპირებს

ზაზა წულაძე

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან უკვე 10 თვე გავიდა, თუმცა მისი მკვლელი 29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ამ დრომდე დაკავებული არ არის. რუსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ჩარჩოებში გამართულ რიგით 44-ე შეხვედრაზეც უარი უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას კანჯი-ოღლის გადმოცემაზე.

2016 წლის დეკემბერში, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2017 წლის 10 მარტს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და მას სასჯელი 14 წლამდე დაუმძიმა.

ფორმალური „სისხლის სამართლის საქმე“ რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ოკუპირებულ აფხაზეთშიც არის აღძრული, თუმცა „აფხაზური გამოძიება“ ფორმალური „შინაპატიმრობის“ იქეთ აღარ წასულა. როგორც აფხაზური, ისე ქართული წყაროების ცნობით, რაშიდ კანჯი ოღლი თავისუფლად გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის შიგნით და რუსეთის ტერიტორიაზე. 17 მარტიდან, რაშიდ კანჯი-ოღლი უკვე ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით იძებნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია რაშიდ კანჯი-ოღლი დააპატიმროს და თბილისს გადმოსცეს.

თუმცა, მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯული ჭანტურია მაინც პესიმისტურად არის განწყობილი: „ერთადერთი, რასაც მე ვითხოვ და რაც მინდა არის ის, რომ ეს ადამიანი დაისაჯოს იმ ვადით, რა სასჯელიც მას სასამართლომ კანონიერად გამოუტანა. ეს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეც არის. რაც შეეხება ინტერპოლით ძებნას, არ ვიცი, ასე მგონია, რომ რუსებისთვის ეს გადაწყვეტილება არ იქნება დამაბრკოლებელი. აფხაზებიც რამდენად გაითვალისწინებენ ამას, დააკავებენ თუ არა და გადმოსცემენ ქართულ მხარეს, არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია“.

ოთხოზორიებს ოჯახს პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. ინტერპოლის ძებნილთა სიაში 2008 წლიდან არიან სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი „სამხედრო პროკურორი“ ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, სოხუმის „უშიშროების სამსახურის“ წარმომადგენლები – ვახტანგ უბირია და აფრიკან ბგანბა. ამ ადამიანებმა 2001 წელს, ბიჭვინთაში, დედასთან სტუმრად ჩასული, ეთნიკური ქართველი ლევან მამასახლისი ჯერ აწამეს, შემდეგ საქმე „შეუკერეს“ და „ტერორიზმის მუხლით“ ციხეში 12 წლით გაუშვეს. ლევან მამასახლისის გათავისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ მხოლოდ 2007 წლის თებერვალში მოხერხდა.

2008 წლის მარტში კი ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად, ვახტანგ უბირიას და აფრიკან ბგანბას 14-14 წლით, ხოლო ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარალელურად, თბილისის მოთხოვნით, ინტერპოლის ხაზით მათზე ძებნა გამოცხადდა.

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ძებნის სისტემაში მოხვედრის მიუხედავად, ვახტანგ უბირია და აფრიკან ბგანბა მაინც ახერხებენ გადაადგილებას, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ტერიტორიაზე. ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლიმ, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, მანამდე გვარი გამოიცვალა და ნაჩაჩი გახდა. სიკვდილამდე რუსეთსა და თურქეთში მანაც უპრობლემოდ იმოგზაურა. უცნაურია, მაგრამ ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში ნაჩაჩ-ოღლის გვარი დღემდე ფიგურირებს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პრინციპულია გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის მოთხოვნის საკითხში, თუმცა, მისი აზრით, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს: ​„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის ეს პირი დაისაჯოს, თუმცა ეს არის ძალიან რთული თემა, საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება“.

საქართველოს მოქალაქე 31 წლის გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა საოკუპაციო რეჟიმის „მებაჟეებთან“, რის შემდეგაც ისინი გიგა ოთხოზორიას დაედევნენ, ერთ-ერთმა მათგანმა – რაშიდ კანჯი-ოღლიმ გიგას რამდენჯერმე ესროლა, წაქცეული კი საკონტროლო გასროლით მოკლა. გიგა ოთხოზორია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი იყო. იგი ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი), 22 მარტი, 2017 წელი

http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/03/20/memlek-et-ze-p-ik-rebit-6-2017-695309

მემლექეთზე ფიქრებით: ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში

მარიამ გაფრინდაშვილი

მოგესალმებით. დღეს გვსურს გესაუბროთ თურქეთის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებებზე. ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თურქეთის ოთხ უნივერსიტეტში გახსნილია  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბაკალავრიატის  საფეხური. სანამ უშუალოდ შევეხებოდე ამ საკითხს, მინდა აქვე გითხრათ, რომ მასალა მოგვაწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა კაჭარავამ, რომელიც ამჟამად დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორია.

აი, რას გვიამბობს ქალბატონი ნანა კაჭარავა:

„თურქეთის უნივერსიტეტებში მუშაობის ათი წლის მანძილზე ყველა ჩემი მოხსენება, სიტყვა თუ გამოსვლა მთავრდებოდა შემდეგი წინადადებით: თუ საქართველოში 1944 წლიდან არსებობს თურქოლოგიური სკოლა, ისწავლება თურქული ენა, თურქეთში რატომ არ უნდა არსებობდეს ქართველოლოგიური განყოფილება, ცენტრი ან თუნდაც პატარა უჯრედი?

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემი ეს მოთხოვნა ხშირად განპირობებული იყო თვით თურქი მეცნიერების მიერ. ისინი ხშირად თვითონ მახსენებდნენ, რომ გამოსვლების დროს არ გამომრჩენოდა ეს მოთხოვნა. თურქეთში საქართველოს საელჩოს გახსნის დღიდან, დაწყებული პირველი ელჩით აწ განსვენებული ბატონი ნოდარ კომახიძით და მოყოლებული დანარჩენი ელჩებით, ეს მოთხოვნა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. და აი, მრავალწლიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაილახა ბიუროკრატიული აპარატის  ყველა საფეხური და პირველად თურქეთ-საქართველოს ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: 2005 წელს ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება, ხოლო 2006 სასწავლო წლიდან მან სტუდენტებიც მიიღო. ეს იყო ორივე ქვეყნის დიპლომატიის, მეცნიერებისა და განათლების უდავოდ დიდი წარმატება.

ყარსის კავკასიის სახელობის უნივერსიტეტმა, როგორც რეგიონალურმა უნივერსიტეტმა, იტვირთა „პირველი მერცხლის“ ფუნქცია, პირველმა გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. ამჟამად მათ ოთხივე კურსზე ჰყავთ 60 სტუდენტი. განყოფილებაში  მუშაობს  სამი  პედაგოგი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ხვედელიანი და დოქტორანტ-მასწავლებლები – მაია  მესხიძე და  სუდან ალთუნი.

არდაჰანის უნივერსიტეტმაც შეიტანა თავის წესდებაში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გახსნა. პედაგოგები არიან ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, პროფესორი შურედდინ მემედლი, დოცენტი გულნარა გოჯაევა-მემედოვა. ოთხივე კურსზე ჰყავთ 20 სტუდენტი. ოფიციალურად ჰქვიათ არდაჰანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

მათ მეზობელ რიზეს ვილაიეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში 2011 წელს გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის პრივატ-დოცენტი ჰარუნ ჩიმქე. ამ მიმართულებაზე 2015 წლის იანვარში საქართველოდან მოიწვიეს ორი სპეციალისტი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაია კიკვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მათ, ჰარუნ ჩიმქესთან ერთად მოამზადეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სტუდენტების მიღების ნება პირველად 2016 წელს დაერთოთ. ამჟამად იქ რეგისტრირებულია 16 სტუდენტი.

მეოთხე კი დუზჯეს უნივერსიტეტი, რომელიც მუჰაჯირ კავკასიელთა ლოკალური დასახლების რეგიონში მდებარეობს. აქაა თავმოყრილი მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებული ქართველები, ლაზები, აფხაზები, ჩერქეზები, ოსები. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღევანდელ დუზჯეში დაახლოებით 24 ენა ისმის. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ განაპირობა დუზჯეს უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების გახსნა, რომელსაც ორი მიმართულება აქვს: ჩერქეზული ენა და ლიტერატურა და ქართული ენა და ლიტერატურა. ორივე მიმართულება გაიხსნა 2013 წელს და ალბათ, რეგიონის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დამსახურებაა, რომ პირველსავე წელს აღმოჩნდნენ ამ სპეციალობებზე სწავლის მსურველნი. აქ პირველი პედაგოგი გახლდათ ასოც. პროფ.მაკა სალია. შემდეგ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი ჩამოვედი მე, ასოც. პროფ. ნანა კაჭარავა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ მანჯგალაძე, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად გადაინაცვლა. მის შემცვლელად ჩამოვიდა ზუგდიდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ლომაია. 2016 სასწავლო წელს პედაგოგთა რიგს შეემატა თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე ფევზი ჩელები, რომელიც წარმოშობით დუზჯელი ქართველია. დღეს დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას ოფიციალურად ჰყავს 72 სტუდენტი. წელს გვექნება პირველი გამოშვება. ჩვენი პროფესორ-პედაგოგების ძალისხმევით მომზადდა სამაგისტრო პროგრამაც. ამ პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში დუზჯეს უნივერსიტეტს ქართული ენისა და ლიტ-ის მაგისტრატურის სწავლების საფეხურიც ექნება.

ჩვენი სურვილია მეტი ყურადღება მოგვაქციოს და მეტი მხარდაჭერა გამოიჩინოს ჩვენ მიმართ საქართველოს უნივერსიტეტებმა, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის, ქართული წიგნებით მომარაგებისათვის დიდ მადლობას ვუხდით დიასპორის სამინისტროს, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ გაუქმდა. უღრმესი მადლობა აწ უკვე ყოფილ მინისტრს გელა დუმბაძეს და თურქეთის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ ტარტარაშვილს. ისინი და საქართველოს საელჩო თურქეთში იყვნენ პირველები, ვინც ჩამოგვაკითხა, ჩვენი ამბავი იკითხა, საჭირო ბიბლიოთეკით მოგვამარაგა.

ჩვენთან სტუმრობისა და ჩამოტანილი სახელმძღვანელოებისათვის დიდი მადლობა საქართველოს ელჩს თურქეთში ირაკლი კოპლატაძეს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორს სერგო ვარდოსანიძეს და ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორს ტარიელ ფუტკარაძეს. საჩუქრებისა და წიგნებისათვის დიდი მადლობა ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ პროფესორ-პედაგოგთა დელეგაციებს, დიასპორის სამინისტროს ახალგაზრდა ელჩებს თეონა ვარშალომიძესა და სოფიო წკრიალაშვილს და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თქვენს გადაცემას და რადიო „თურქეთის ხმას“, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი სათქმელი საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვისაც მიგვეწვდინა“.

მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო რადიომსმენელებო.

Comments are closed