globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი: მინუსები და პლუსები, მომხრენი და მოწინააღმდეგენი

«Радыё Свабода» (აშშ): გაიხსნება ბელარუსის საელჩო თბილისში?

«МИД РФ» (რუსეთი): ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან: ნატო, რუსეთი, საქართველო და 2008 წლის მოვლენები

«Независимая газета» (რუსეთი): პანკისის ხეობის მცხოვრებლები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში

———————-

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 212 აპრილი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26972993.html

რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი: მინუსები და პლუსები, მომხრენი და მოწინააღმდეგენი

საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ ამერიკული «Radio Free Europe//Radio Liberty»-ს რუსულენოვანი სამსახურის «Радио Свобода//Эхо Кавказа»-ს კორესპონდენტი ქეთი ბოჭორიშვილი ქართველ და ბელარუს პოლიტოლოგებს – გია ხუხაშვილსა და ვალერი კარბალევიჩს ესაუბრება.

ქეთი ბოჭორიშვილი: ბატონო გია, თქვენი აზრით, რას უნდა მოასწავებდეს თბილისში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი? საიდუმლო არაა, რომ მსოფლიოში ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ  არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს: დასავლეთი მას „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებს, ბევრისთვის იგი „ხელჩამოურთმევი“ პრეზიდენტია. გარდა ამისა, ბელარუსი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის აქტიური წევრია. რას მოუტანს მისი ვიზიტი საქართველოს – სარგებლობას თუ ზიანს?

გია ხუხაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ვიზიტი საქართველოს სარგებლობას მოუტანს. ისტორიული წინამძღვრები ისეთია, რომ ჩვენ ერთმანეთს ადვილად ვუგებთ. რაც სეეხება ალექსანდრე ლუკაშენკოს პიროვნებას… დღეს მსოფლიო რთულია და ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ სადღაც დემოკრატიულობის ტენდენციები არის ან არ არის, შეუძლებელია. შესაძლოა ზოგან მეტია, ზოგან კი ნაკლები. დემოკრატიულობა უფრო ერთგვარი კლიშეა, ვიდრე რეალობა. მით უმეტეს, რომ ბელარუსი დღეს ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. მე მივესალმები მის ვიზიტს. რაც შეეხება შენიშვნებს, ჩვენ ისტორია დინამიკაში უნდა განვიხილოთ და რაღაც პერიოდებზე არ უნდა ყურადღება ზედმეტად არ უნდა გავამახვილოთ.

ქეთი ბოჭორიშვილი: მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხომ თბილისში ბევრი ხელგაშლილად არ ხვდება… როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებდა, რომ იგი ალექსანდრ ლუკაშენკოს თბილისში ჩამოსვლას არ ურჩევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბელარუსის პრეზიდენტ მოუწევს პასუხი გასცეს კითხვებს, რატომ სხედან ციხეში მისი [ლევან ბერძენიშვილის] მეგობრები, რატომ იჭერს ლუკაშენკო ადამიანებს პოლიტიკური მოტივებით“. რა შეიცვალა მას შემდეგ, რატომ გახდა ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისისათვის სასურველი პიროვნება?

გია ხუხაშვილი: პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენთან ძალიან მომრავლდნენ ისეთი პოლიტიკური დისიდენტები, რომლებიც პოლიტიკური რეალიების შესაბამისად კი არ აზროვნებენ, არამედ რარაც ფსევდოლიბერალური შეხედულებებით, ამას კი სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. მსგავსი მიდგომების გამოხატვა სახელმწიფოს მეთაურის მიმართ არ შეიძლება. ჩემი აზრით, ჩვენთვის ბელარუსი პოტენციურად მეგობრული ქვეყანაა. ამას, ალბათ, დღეს ოპოზიციაც ეთანხმება, რადგან ორი და მეტი წლის წინათ სხვა სიტუაცია იყო. საერთოდ, დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები ყველგან არსებობს. დიახ, ბელარუსში სეიძლება უფრო მეტი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლუკაშენკო კარგად გრძნობს ისტორიის პულსს და დინების წინააღმდეგ არ წავა.

ქეთი ბოჭორიშვილი: მივმართავ ბატონ ვალერი კარბალევიჩს. თქვენ ეთანხმებით გია ხუხაშვილის ასეთ ოპტიმიზმს? მართლაც მოსალოდნელია, რომ ბელარუსში დემოკრატიასთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილბები მოხდეს?

ვალერი კარბალევიჩი: ჯერ-ჯერობით ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში ბელარუსში  რაიმე სასიკეთი ცვლილებებს ვერ ვხედავ. გაეროს მომხსენებლები აცხადებენ, რომ სიტუაცია სულ უფრო უარესდება. იგივეს ამბობენ თვით ბელარუსელი ადამიანის უფლებადამცველებიც. მოკლედ, ჩვენთან ამ სფეროში სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. მიმდინარე წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მაგრამ მისი დემოკრატიუალდ ჩატარების არავითარი იმედი არ არსებობს.

ქეთი ბოჭორიშვილი: მაშ, თქვენი აზრით, ასეთი ვითარების გათვალისწინებით, რა სარგებლობას მოუტანს ბელარუსს პრეზიდენტის თბილისური ვიზიტი? რა დივიდენდებს მიიღებს მინსკი და როგორ შეხედავს ამას მოსკოვი?

ვალერი კარბალევიჩი: პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა, სადაც ბელარუსის პრეზიდენტი დღემდე ოფიციალური ვიზიტით არ იყო ჩასული. ბოლო 25 წლის განმავლობაში არც საქართველოდან არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტები უმაღლეს დონეზე, რაც, ცხადია, აბსოლუტურად არანორმალური მოვლენაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ოდესღაც ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში იყვნენ. უფრო მეტიც, ბელარუსს საქართველოში საელჩოც კი არ აქვს. მეორე მომენტი: საქართველო-ბელარუსისს ვაჭრობის მოცულობა მცირეა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ბელარუსს დიდ დივიდენდებს მოუტანს. ვერ ვხედავ რაიმე დიდი პერსპექტივას ურთიერთობის განვითარებაში, მათ შორის ვაჭრობის გაფართოებაშიც, რიგი მიზეზების გამო.

ქეთი ბოჭორიშვილი: შეიძლება ბელარუსი ისეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად მივიჩნიოთ? მასთან კონტაქტები საქართველოს ეკონომიკას სარგებლობას მოუტანს?

ვალერი კარბალევიჩი: დღეს ბელარუსის ეკონომიკა საკმაოდ სერიოზულ კრიზისს განიცდის. ეს დროებითი კრიზისი კი არ არის, არამედ ეს იმ სოციალური მოდელის კრიზისია, რომელიც ბელარუსში ხორციელდება, ანუ ისეთი მოდელისა, რომლის დროსაც ეკონომიკის 70% სახელმწიფოს კონტროლქვეშაა. რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს ასეთი ეკონომიკა? მე ვიცი, რომ დღეს ქართული პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში უფრო მეტია, ვიდრე პირიქით, ანუ საქართველოსთვის სავაჭრო ბალანსი დადებითია… რაც შეეხება მესამე მოთამაშეს – რუსეთს: როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, იგი ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში იწვევდა, თუმცა თავად ლუკაშენკო უარზე იყო. ამ ერთი წლის წინათ მან ტელეკომპანია „დოჟდ“-თან ინტერვიუში თქვა: „ვერ გავბედე თბილისში ჩასვლა, რადგან ვიცოდი რუსეთის რეაქცია.. მოსკოვს მიხეილ სააკაშვილი ისე აღიზიანებდა, როგორც ხარს წითელი ნაჭერიო“.  საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. მართალია, შეიძლება რუსეთისთვის ეს ვიზიტიც არასასურველია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისეთი სკანდალი და მწვავე რეაქცია არ იქნება, რომელიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყოფილიყო მოსკოვის მხრიდან. ვფიქრობ, ალექსანდრე ლუკაშენკო მტკივნეულ საკითხებს არ შეეხება, მაგალითად ისეთს, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ანუ მაქსიმალურად გვერდს აუვლის მოსკოვისათვის არასასურველი პრობლემებისა და თემების განხილვას.

ქეთი ბოჭორიშვილი: ბატონო გია, თქვენი აზრით, რატომ ჩადის ალექსანდრე ლუკაშენკო ბათუმში? რატომ დაინტერესდა ამ ქალაქით?

გია ხუხაშვილი: ვერაფერს გეტყვით… ამას ვიზიტის პროცესში გავიგებთ, როცა ლუკაშენკო ბათუმში ჩავა. შესაძლოა ქართულმა მხარემ ბათუმის მონახულება პროტოკოლით შესთავაზა.

«Радыё Свабода» (აშშ), 22 აპრილი, 2015 წელი

http://www.svaboda.org/content/article/26972103.html

გაიხსნება თუ არა ბელარუსის საელჩო თბილისში?

საქართველო დღემდე რჩება სამხრეთ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოდ, სადაც ბელარუსს თავისი საელჩო არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე ქართველს ან ბელარუსელს რაიმე საკონსულო საკითხის მოგვარება დასჭირდება, მათ ერევანში ან ბაქოში გამგზავრება უწევთ, რადგან ბელარუსის საელჩოები სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებენ. შესაბამისად, ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, არაა გამორიცხული, რომ  საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს შესაძლოა   თბილისში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნას.

„რადიო სვობოდას“ კორესპონდენტმა ვლადიმირ გლოდმა ამ შეკითხვით ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს დიმიტრი მირონჩიკსაც მიმართა, რომელმაც პასუხად განაცხადა, რომ „წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, უმჯობესია ვიზიტის შედეგებს დაველოდოთო“.

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს საელჩო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჯერ კიდევ 2007 წლიდან მუშაობს.

ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის აუცილებლობა თბილისში ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობითაცაა განპირობებული. სხვათა შორის, პრეზიდენტმა  ალექსანდრ ლუკაშენკომ სწორედ საელჩოებს დაავალა, რომ მათ აქტიურად უნდა შეუწყონ ხელი ბელარუსული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე ექსპორტირების საკითხს. ცნობილია, რომ დღეს ბელარუსს ეკონომიკური პრობლემები აქვს და, რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ქართულ ბაზრებზე ბელარუსული საქონელი უფრო მეტი რაოდენობით გამოჩნდეს. ისიც ცნობილია, რომ ბელარუსს საქართველოსთან ვაჭრობაში უარყოფითი სალდო აქვს – 15 მლნ. დოლარი, 2014 წლის მონაცემებით. რაც შეეხება საერთო ვაჭრობის დონეს, იმდენად მცირეა (60 მილიონი დოლარი), რომ არც მინსკს და არც თბილისს არ აკმაყოფილებს.

«МИД РФ» (რუსეთი), 22 აპრილი, 2015 წელი

http://www.mid.ru/brp_4.nsf/0/A5D21E41F0E773EF43257E2F005A8B5A

ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან: ნატო, რუსეთი, საქართველო და 2008 წლის მოვლენები

გუშინ, 22 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდა და ესაუბრა ჟურნალისტებს – რადიოსადგურების «Спутник»-ის, «Эхо Москвы»-ს და «Говорит Москва»-ს მთავარ რედაქტორებს მარგარიტა სიმონიანს, ალექსეი ბენედიქტოვს და სერგეი დორენკოს. საუბარი, ბუნებრივია, უმეტესად რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებს ეხებოდა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, საზღვარგარეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ რა ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ არ იციან, არ გაუგიათ არაფერი ისეთ მნიშვნელოვანი მოვლენებზე, როგორიცაა ნატოს მიერ განხორციელებული თავდასხმა იუგოსლავიის წინააღმდეგ, ბელგრადის დაბომბვა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი… და თუ იციან, ისიც დამახინჯებული სახით. ასეთი ადამიანები ბევრია ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ამას წინათ აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც ასეა ჩაწერილი: პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინს მეგობრობის ხელი გაუწოდა, ვლადიმერ პუტინმა კი უარი უთხრა და საქართველოს თავს დაესხა. არადა, ბარაკ ობამა ხომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი არ იყო.. რა არის ეს, ამერკელების მიერ „მოფიქრებული“ ეშმაკური გეგმა თუ საკითხის არცოდნა?

სერგეი ლავროვი: რაც შეეხება 2008 წლის ზაფხულში მომხდარ კავკასიურ მოვლენებს. ვლადიმირ პუტინი იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო და პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა. მისი მონაყოლის თანახმად, იგი მივიდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან, რომელიც ასევე ოლიმპიადის გახსნას ესწრებოდა და უთხრა – „ცნობა მივიღე, მიხეილ სააკაშვილი ცხინვალს და იქ მყოფ რუს მშვიდობისმყოფლებს თავს დაესხაო“. ჯორჯ ბუში შეცბუნებულა და უპასუხია – „ოჰ, რა ცუდი ამბავი მომხდარაო“. ასე რომ, იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ნამდვილად ჯორჯ ბუში იყო და არა ბარაკ ობამა…

ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, რომელშიც ჯორჯ ბუში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ნატოს წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ, მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც ჩაწერილი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ჩემი შეფასებით, ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილმა „აიწყვიტა“, მან იფიქრა, რომ ყველაფრის უფლება აქვს., მით უმეტეს, რომ ცხინვალის ამბებამდე თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც იმყოფებოდა. მოგვიანებით მე რაისს შევეკითხე, თუ რაზე ისაუბრა სააკაშვილთან. მან მითხრა, რომ სააკაშვილს პრობლემის პოლიტიკური მოგვარებისკენ მოვუწოდებდიო.

რა დგას ამ მოვლენების უკან – პროფესიონალიზმის არარსებობა თუ მართვადი ქაოსის შექმნა, როცა „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ადვილია“? მე ასე ვიტყვი: მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ ამერიკელები, ცხადია, სულელები არ არიან. რასაც ისინი აკეთებენ, ამას შეგნებულად აკეთებენ. მართალია, მათ პროფესიონალები მიფანტ-მოფანტეს, მაგრამ მაინც დარჩნენ ზოგიერთები, მაგალითად, ძალიან ძლიერი და კვალიფიციური ექსპერტები ახლო აღმოსავლელეთის საკითხებში. ასეთები დღეს მსოფლიოში ერთეულები არიან. სტრატეგიულად, აშშ-სთვის მიუღებელია ისეთი სიტუაციის არსებობა, როცა მსოფლიოს „მნიშვნელოვანი“ რეგიონები „თავისთვის ცხოვრობენ, ჭამენ და სიმდიდრეს აგროვებენ“, ანუ ისინი აშშ-ის გარეშე არსებობენ. ვაშინგტონისათვის მნიშვნელოვანია, რომ მასზე ყოველთვის ვიღაცა იყოს დამოკიდებეული, მაგალითად, ისრაელი – არაბებტან ურთიერტობაში და ასე შემდეგ“.

«Независимая газета» (რუსეთი), 23 აპრილი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-04-23/6_gruzia.html

პანკისის ხეობის მცხოვრებლები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში

სტატია ეხება პანკისის ხეობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს (ავტორი – იური როქსი). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ხეობის პრობლემა სხდომაზე განიხილა და შესაბამისი ზომები მიიღო (პრემიერმა სპეცსამსახურებს პროცესების  გაკონტროლება დაავალა).

მასალაში გადმოცემულია აგრეთვე საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილის პოზიცია, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა („საქართველოს მოქალაქეების გადაბირება ძირითადად რადიკალური ისლამის მიმდევრების მიერ ხდება“; „თუ სახელმწიფო ზომებს არ მიიღებს, ხეობაში ახალგაზრდები არარ დარჩებიან“; „ამ სიტუაციას რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს და საქართველოს ბრალდებებს უყენებს, ხეობაში ტერორისტების მომზადება ხდებაო“).

„ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია ეფექტურად შეუშალოს ხელი და აღკვეთოს ფანატიკურად განწყობილი ახალგაზრდების წასვლა სირიაში“, – წერს ავტორი და ამის დამადასტურებლად შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამონათქვამს იხსენებს, რომლის თანახმად, „ძნელია საზღვარგარეთ ყველა წამსვლელის გამოაშკარავება, თუ სად წავა იგი შემდეგ – სირიაში თუ სხვა ქვეყანაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხერხდება, ზოგჯერ კი ვერა“.

ავტორი სტატიაში იმოწმებს აგრეთვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამსაც, რომელიც საკითხის სირთულეს აღიარებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ „რადიკალური ისლამისტების პრობლემა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, შესაბამისად, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მთავრობისათვის ბრალდების წაყენება სწორი არ იქნებოდა“.

საქართველოს პარლამენტმა ამას წინათ ის კანონი გაამკაცრა, რომელიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში ქართველი მოქალააქეების მონაწილეობას ეხება: ამგვარი ქმედება უკვე 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

როგორც პარლამენტის დეპუტატი, კავკაისს პრობლემების ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, პანკისის ხეობიდან რელიგიური თვალსაზრისით რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ომში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. „საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთს და იმავე შეცდომას უშვებს – ხეობაში პროცესები თვითდინებით არის მიშვებული, იქაურ პრობლემების მიმართ კი მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო“.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება ყოველთვის პანაცეა არ არის. მაგალითად, სირიაში მიდიან ახალგაზრდები ქვემო ქართლიდან და აჭარიდანაც (მართალია, შედარებით ნაკლები რაოდენობით), სადაც სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უკეთესია. პანკისში კი ვითარება მართლაც მიშვებულია. ადგილობრივი წყაროების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება რეგიონის მიმართ თანაარსებობის პოლიტიკას ატარებდა: ხეობა სახელმწიფოს პრობლემას არ უქმნის და არც სახელმწიფო ერევა ხეობის საქმეებში. ამგვარმა „შეთანხმებამ“ საქმე იქმადე მიიყვანა, რომ პანკისი რელიგიური რადიკალების ბუდე გახდა, აქ თავი მოიყარეს  ისლამის ექსტრემისტული მიმართულების მიმდევრებმა… მოხდა კონფლიქტი უფროსი თაობის წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ტრადიციულ ისლამს აღიარებენ, მაშინ როცა ადგილობრივ ახალგაზრდებს კი ახლადმოვლენილი ემისრების მოძღვრება მოსწონთ.

სტატიაში საუბარია აგრეთვე ტელეკომპანიია „რუსთავი-2“-ის მიერ მომზადებულ გადაცემაზეც, რომელიც გიორგი ბორჩაშვილს ეხება: იგი საქართველოს ხელისუფლებას  ჩეჩნებისაგან დაცვას სთხოვს, რომლებიც მას სიკვდილით ემუქრებიან, სირიაში წასვლაზე უარი გამო.

Comments are closed