globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ინტერვიუ გიორგი მარგველა-შვილთან: „რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება მას უფრო მეტ ღირსებას შემატებს, ვიდრე ომი“

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): აშშ-ის ელჩი ნატოში: „უახლოეს წლებში ნატოს გაფართოების არავითარი შანსი არ არსებობს. ალიანსი საქართველოს წევრად არ მიიღებს, რათა რუსეთის პრობლემები არ გაამწვავოს“

———————–

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 23 აპრილი, 2016 წელი

http://en.rfi.fr/europe/20160422-Georgian-President-Margvelashvili-Abkhazia-South-Ossetia-Russia-peaceful-solutions

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: „რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება მას უფრო მეტ ღირსებას შემატებს, ვიდრე ომი“

დენიელ სინგლტონი

(მცირე შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

„საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ეს ფაქტორი ჩვენი მოქალაქეებისათვის, შენგენის ზონაში გადაადგილების თვალსაზრისით, ნებართვის მიღებას დააჩქარებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის რადიოსადგურის „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ინგლისურენოვანი სამსახურისადმი მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება-განმტკიცება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ორმხრივი კავშირების განვითარებასაც საკვანძო როლს ვანიჭებთ“. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, თუნდაც შორეულ მომავალში, საქართველოს დიდ მიზანს წარმოადგენს, – ხაზი გაუსვა გიორგი მარგველაშვილმა.

2002 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საბოლოო საგარეოპოლიტიკურ ამოცანად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს. მაგრამ საქართველოს მცდელობები 2008 და 2014 წლებში ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა („მაპ“) მიეღო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

თუმცა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2014 წელს საქართველომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ალიანსისათვის ყველაზე თავსებადი (ინტეროპერაბლური) ქვეყნის სტატუსი მიიღო. დღეს ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით ავღანეთში სამშვიდობო მისიას ასრულებენ, ხოლო ევროკავშირის ეგიდით – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვისათვის უფრო სასარგებლო იქნებოდა რეგიონში მეგობრები ჰყავდეს და რომ რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს შემადგენლობაში სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან დაბრუნებას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიური მოლაპარაკებაა და არა ომი.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ინტერვიუში, იგი დარწმუნებულია საქართველოს იმ ეკონომიკურ როლში, რომელიც მის ქვეყანას შეუძლია შეასრულოს აზიასა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებაში – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზა ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს.

გიორგი მარგველაშვილმა პირადი საუბრის დროს თქვა, რომ მას საკმაოდ უცნაური ჰობი აქვს – უყვარს ქსოვა. ეს იმით ახსნა, რომ დრამატული ძალისხმევა დაჭირდა გადაჩვეოდა თამბაქოს მოწევას [და შეეცადა ქსოვით გართულიყო]. „მაგრამ ეს უშედეგოა, არ მუშაობს“, – გააფრთხილა მან მწევლები.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 23 აპრილი, 2016 წელი

http://www.reuters.com/article/us-nato-expansion-idUSKCN0XJ1GM

აშშ-ის ელჩი ნატოში: „უახლოეს წლებში ნატოს გაფართოების არავითარი შანსი არ არსებობს. ალიანსი საქართველოს წევრად არ მიიღებს, რათა რუსეთის პრობლემები არ გაამწვავოს“

მაიკლ ჰოლდენი, ლონდონი

„ნატო არ ჩქარობს ახალი წევრების მიღებას, რადგანაც ხედავს, რომ რუსეთი შინაგანად სუსტდება და, შესაბამისად, მისი პრობლემის გამწვავება არ სურს“, – განაცხადა 22 აპრილს დუგლას ლიუტმა, აშშ-ის ელჩმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ამერიკელი დიპლომატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ასპენის ინსტიტუტის ეგიდით ლონდონში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე შესაძლოა ძალიან გაანაწყენოს თბილისი და კიევი, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფიან, მოსკოვის ხელყოფისაგან თავდაცვის მიზნით.  „არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ ნატოში საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ჩვენ უახლოეს წლებში შევთანხმდებით და ერთ აზრამდე მივალთ“, – თქვა დუგლას ლიუტმა, – ასევე არ ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში არის რაიმე შესაძლებლობა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით“.

ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა რუსეთის როლს საერთაშორისო არენაზე: „მე ვფიქრობ, რომ რუსეთი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიულ ვითარებაში, სტრატეგიული ვითარება  კი ნატოს გაფართოების დამუხრუჭებას ითხოვს“, – აღნიშნა დუგლას ლიუტმა. მან ამჟამინდელ მომენტს ნატოსთვის „გარდამტეხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „დღევანდელი ვითარება შეიძლება მხოლოდ „ცივი ომის“ პერიოდს შევადაროთ“.

როგორც ცნობილია, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსი საქართველოს თავის რიგებში მიღებას დაპირდა [„საქართველო ოდესმე მომავალში გახდება ნატოს წევრი“], მაგრამ რაიმე კონკრეტული ვადები არ დაუდგენია. 2015 წლის დეკემბერში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ალიანსში ჩერნოგორია იქნა მიწვეული, რამაც რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ნატოში მიღების იმედი აქვთ მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, ასევე უკრაინას, რომელიც 2014 წლიდან დონბასელ სეპარატისტებს ებრძვის (რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს).

დუგლას ლიუტმა აღნიშნა, რომ პრინციპში, ახალი წევრების მიღებისათვის ნატოს კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ, წესდების თანახმად, ახალი წევრი რომ მიიღონ, ამაზე ყველა 28  სახელმწიფო თანახმა უნდა იყოს, რაც ძალიან საეჭვო და ნაკლებმოსალოდნელია. „და საერთოდ, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთში არსებულ სიტუაციას, შესაძლოა, ყველას თანხმობა არც არის სავალდებულო“, – აღნიშნა ელჩმა, – გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთი შინაგანად სუსტია და ძალ-ღონე ეცლება. აქედან გამომდინარე, უაზრობა იქნებოდა მასზე ზეწოლის განხორციელება და პრესინგი, მისი დაკნინების პროცესის გასამწვავებლად“.

Comments are closed