globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ევროკავშირის თაყვანისმცემელთა პარტნიორობა // უკრაინა და საქართველო უვიზო რეჟიმის გარეშე დარჩნენ

«LTV» (ლატვია): ინტერვიუ ირინა ჰაკამადასთან: „ვეკითხები ქართველებს: ვთქვათ, თქვენთან ხელისუფლებაში მოვიდა ტირანი მმართველი, რომელიც გჩაგრავთ, მაგრამ დაგიბრუნათ აფხაზეთი…“

«Свободная пресса» (რუსეთი): „მხოლოდ უცხოელებისაგან წრთვნა რას იზამს, თუ არმიას საბრძოლო სული არ აქვს? ამერიკელების მიერ გაწრთვნილმა ქართულმა არმიამ ხომ ომი ორ დღეში წააგო“

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 მაისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2733060

ევროკავშირის თაყვანისმცემელთა პარტნიორობა

უკრაინა და საქართველო უვიზო რეჟიმის გარეშე დარჩნენ

გალინა დუდინა

(შემოკლებით)

რიგაში გუშინ, 22 მაისს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ორდღიანი სამიტი დასრულდა, რომელშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები და ექვსი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდა. სამიტმა მიიღო დასკვნითი დეკლარაცია, რომელსაც, მოსკოვის აზრით, „ანტირუსული მიმართულება“ აქვს.

პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, შეიძლება ითქვას, ორ ჯგუფად გაიყვნენ: აღინიშნა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის „ევროპული სწრაფვა“, იმავდროულად კი ევროკავშირის ლიდერები ფაქტიურად ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დემარშის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ კინაღამ ჩაშალეს დეკლარაციის ტექსტის შემუშავების პროცესი, რადგან არ მოეწონათ ერთი მხრივ, მასში „ყირიმის ანექსიის“ მოხსენიება (ბელარუსს), მეორე მხრივ – აზერბაიჯანს სურდა დეკლარაციაში  მკაფიოდ შეტანილიყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. საბოლოო ჯამში ბელარუსმა ცალკე განცხადება გააკეთა.

სხვათაშორის, ჯერ კიდევ სამიტის ოფიციალურად გახსნამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კატეგორიულად განაცხადა, რომ „აღმოსავლური პარტნიორობა“ ევროკავშირში შესასვლელი ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ მასთან დამაახლოვებელი პროგრამააო“. ამით მან ნათლად მიანიშნა, რომ საუბარი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში წევრად მიღების პერსპექტივაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

შესაბამისად, დასკვნით დეკლარაციაში ჩაწერილია მხოლოდ „სტრატეგიული და შორს მიმავალი პარტნიორობა“, წევრობის პერსპექტივა კი დაფიქსირებული არ არის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეები „აღიარებენ პარტნიორების ევროპულ სწრაფვას და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს არის აღნიშნული ასოცირების შეთანხმებებში“. ამრიგად, ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა აღიარებულია მხოლოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ, რომლებსაც უკვე გაფორმებული აქვთ ეს შეთანხმება. დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე („ვიზალიბერალიზაციაზე“): ამ საკითხის მოგვარება ევროკომისიის მომავალ ანგარიშამდე  - მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამიტის დასრულებისთანავე განცხადება გაავრცელა: „რიგაში ცალკეულ მონაწილეთა ზეგავლენის გამო ხელიდან იქნა გაშვებული შესაძლებლობა კონტინენტზე არსებული განხეთქილების გადასალახავად, რომელიც სულ უფრო ღრმავდება… ევროკავშირმა კიდევ ერთხელ წაიბუზღუნა ყირიმთან დაკავშირებული თავის არაადექვატური პოზიციის გამო… ბრიუსელი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველა უბედურების მიზეზად მოსკოვის „ხრიკებში“ ეძებს“.

«LTV» (ლატვია), 22 მაისი, 2015 წელი

http://ltv.lsm.lv/lv/raksts/22.05.2015-lichnoe-delo.-irina-hakamada.id49846/

http://www.lsm.lv/ru/statja/politika/novosti/lichnoe-delo-s-irinoy-hakamadoy-zastavit-rossiyu-nelzja.a130712/

ინტერვიუ ირინა ჰაკამადასთან: „ვეკითხები ქართველებს: ვთქვათ, თქვენთან ხელისუფლებაში მოვიდა ტირანი მმართველი, რომელიც გჩაგრავთ, მაგრამ დაგიბრუნათ აფხაზეთი…“

ლატვიის ტელეკომპანია LTV-ის პროგრამით „პირადი საქმე“ («Личное дело») გადაიცა ინტერვიუ ცნობილ პოსტსაბჭოთა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ირინა ჰაკამადასთან. მან, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე, კომენტარი გაუკეთა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, შეეხო ვლადიმირ პუტინის პოპულარობის მიზეზებს და ამ ფონზე საქართველოც მოიხსენია…

ირინა ჰაკამადას თქმით, დასავლეთს იმედი აქვს, რომ ანტირუსულ სანქციებს ორი შედეგი მოჰყვება: ან რუსეთის ხელისუფლება „ჭკუას მოუხმობს“ და მიხვდება, რომ ძველებური პოლიტიკის გაგრძელება აღარ შეიძლება, ანდა რუსი ხალხი „აჯანყდება და ტირან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაამხობს“.

ირინა ჰაკამადა: „თუ სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის განადგურებაა (და ეს შესაძლებელია, მაგრამ სურსათთან დაკავშირებით კი არა, არამედ ამერიკული სანქციების გამო, მოწინავე ტექნოლოგიებთან მიმართებით), მაშინ ამის შედეგად შეიძლება მართლაც [სოციალური] აფეთქება მოხდეს. მაგრამ ამ აფეთქების შედეგად რუსეთის ხელისუფლებაში ლიბერალები,  დემოკრატები და პროევროპელები კი არ მოვლენ, არამედ ნაციონალ-პატრიოტები. ჰოდა, აი, მერე ვნახავთ სეირს! თუ სანქციებით ყირიმის გამო რუსეთის დასჯაა განზრახული, მაშინ დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ყირიმის საკითხი რუსი ხალხის კონსოლიდაციას ახდენს. ყირიმი რუს ხალხს პრეზიდენტის ირგვლივ აერთიანებს! მორჩა და გათავდა. და ამას ვერანაირად ვერ შეცვლი. იმიტომ, რომ ყირიმის შემოერთება რუსი ხალხის უმრავლესობის დიდი ხნის ოცნება იყო.

ჩემთვის, მაგალითად, სულ ერთია, ყირიმი ვის კუთვნილებაში იქნება – მე იქ მშვენივრად დავდიოდი, როცა უკრაინისა იყო და ახლაც ჩავალ, როცა რუსეთისაა. მაგრამ რუსეთში ბევრისათვის ეს ნოსტალგიაა – მაქსიმ ვოლოშინი, 1920-იანი წლები, ვერცხლის ეპოქა… ომისშემდგომი ყირიმი, იალტა და სევასტოპოლი… რატომაა „აკვიატებული“ ეს აზრი? ბევრს არ ესმის. სხვათაშორის, იგივეა საქართველოშიც. ვეკითხები ქართველებს: მოდით, ბატონო ქართველებო, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენთან ხელისუფლებაში მოვიდა ძალიან ავტორიტარული მმართველი, რომელიც თქვენ უფლებებს გიზღუდავთ და გჩაგრავთ. მაგრამ მან დაგიბრუნათ აფხაზეთი, რომელზეც დილიდან საღამომდე საუბრობთ. დაგიბრუნათ მშვენიერი აფხაზეთი (სამხრეთ ოსეთი ნაკლებად გაღელვებთ) თავისი ზღვით და გაგრით. აი, ბათუმი ხომ გაქვთ, გაგრაც ისევ გექნებათ. მითხარით, მხოლოდ გულწრფელად: იმ თქვენს ტირან მმართველს ყველაფერს აპატიებთ? დიახ, ყველაფერს ვაპატიებთო! აი, ახლა ხომ გაიგეთ, [რატომაა რუსი ხალხი ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი]?

«Свободная пресса» (რუსეთი), 23 მაისი, 2015 წელი

http://svpressa.ru/war21/article/122713/?rss=1

„მხოლოდ უცხოელებისაგან წრთვნა რას იზამს, თუ არმიას საბრძოლო სული არ აქვს? ამერიკელების მიერ გაწრთვნილმა ქართულმა არმიამ ხომ ომი ორ დღეში წააგო“

რუსეთის გამოცემა «Свободная пресса»-ში გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი უკრაინელი ექსპერტი აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის არმიამ კი არ უნდა იბრძოლოს, არამედ კერძო სამხედრო კომპანიების (კსკ) მიერ დაქირავებულმა მებრძოლებმა. ამასტან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ რუსი პოლიტოლოგები.

სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის ივან კონოვალოვის აზრით, უკრაინას კერძო სამხედრო კომპანიების სამსახურით სარგებლობა ვერაფერს მოუტანს:

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ჩავიდნენ, უკრაინის არმია ძლიერი ვერ გახდება. საერთოდ, თუ რომელიმე არმია თავისი სამხედრო სულისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად უცხოელ სეციალისტებს იწვევს, ეს მისი დაბალ დონესა და ზრდის შეუძლებლობაზე მეტყველებს. სუსტი არმია ძლიერი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შიდა რეზერვებს და მოქალაქეთა სურვილს ეყდნობა.

რასაკვირველია, ყველას მიწვევა შეიძლება საიდანაც გინდა. დიახ, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინელებს სხვადასხვა პროცედურებს ასწავლიან, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ბრძოლის ველზე გამარჯვება შეუძლებელია. თანაც, გავიხსენოთ: რომელი არმიაც პენტაგონმა მოამზადა, ის არმია ხშირად მარცხდებოდა. სამხრეთ ვიეტნამის არმია დამარცხდა. ერაყის არმია დამარცხდა (საერთოდ, ერაყს არმია არც ჰყავს და რომ არა ირანის დახმარება, ქვეყანას „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარი წალეკავდა), საქართველოს არმია დამარცხდა (ამერიკელების მიერ მომზადებულმა ქართულმა ჯარმა ორ დღეში წააგო ომი სამხრეთ ოსეთში). ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. არ შეიძლება ჯარისკაცს საკუთარი სამშობლოს სიყვარული ასწავლო. შეიძლება პროფესიონალურად მოამზადო, მაგრამ ომში გასამარჯვებლად პროფესიონალიზმი არასაკმარისია, აუცილებელია აგრეთვე უმაღლესი მოტივაცია. არის კიდევ ერთი მომენტი: ამერიკელმა ინსტრუქტორებმა უკრაინელებს, ჰა-ჰა, ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მოუმზადონ, მაგრამ რა არის 1000 ჯარისკაცი ასეულათასიანი, მაგრამ მყიფე და უდისციპლინო უკრაინის არმიისათვის?“, – ამბობს ივან კონოვალოვი.

როგორც გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ ანოხინი ამბობს, არაა გამორიცხული, რომ კიევმა სამომავლოდ კერძო სამხედრო კომპანიების სამსახურით ისარგებლოს:

„დღეს უკრაინის არმია დემორალიზებულია, უდისციპლინობაა გამეფებული, შესაბამისად, სარდლობა გამოსავალს ეძებს და უცხოეთისაკენ იყურება. კიევი ხომ უცხოელებს ნიშნავს მინისტრებად? ასე რომ, შეიძლება სარდლებადაც საზღვაგარეთიდან მიწვეული გენერლები დანიშნოს… თუმცა მაინც მფგონია, რომ ეს ნაკლებ ეფექტური იქნება. გავიხსენოთ, რომ ამერიკელმა პროფესიონალმა სამხედრო ინსტრუქტურები ქართულ არმიას რამდენიმე წლის განმავლობაში წრთვნიდნენ, თუმცაღა ვიცით, რით დამტავრდა ეს ყველაფერი 2008 წლის 8 აგვისტოს. ამრიგად, საქმე მომზადებასა და დაგეგმვაში იმდენად არაა, რამდენადაც არმიის საბრძოლო სულსა და მოტივაციაში“.

Comments are closed