globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Hürriyet» // «Star» (თურქეთი): პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმის შეხვედრა ჟურნალისტებთან თბილისში ვიზიტის წინ: თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხები

«Daily Sabah» (თურქეთი): ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზაზე მოძრაობა ივნისის ბოლოს დაიწყება

«ТВ 112 Украiна» (უკრაინა): ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: „უკრაინამ მაგალითი საქართველოსაგან უნდა აიღოს“ // „ვლადიმირ პუტინი ჭკვიანი ადამიანია. მას აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც  პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ“

—————–

«Hürriyet» // «Star» (თურქეთი), 23 მაისი, 2017 წელი

http://www.hurriyet.com.tr/basbakan-yildirim-domates-turkiye-rusya-iliski-40466354

http://www.star.com.tr/politika/gurcistandaki-feto-meselesini-takip-edecegiz-haber-1220117/

პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმის შეხვედრა ჟურნალისტებთან თბილისში ვიზიტის წინ: თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხები

თურქულ გაზეტებში, კერძოდ «Hürriyet»-სა და «Star»-ში გამოქვეყნებულ მასალებში გადმოცემულია თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ჟურნალისტებთან შეხვედრის ანგარიში სტამბოლის მუსტაფა ქემალ ათა-თურქის სახელობის აეროპორტში, თბილისში ვიზიტის წინ. იგი საუბრობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სტამბოლში გახსნილი სამიტის შესახებ, რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობაზე. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია აგრეთვე თურქეთის დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთ-საქართველოს უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს მეორე სხდომაში   (ავტორები – ფაიკ კაფთანი, მურატ ჩაკირი).

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა შემდეგი განაცხადა: „მიმდინარე წელს საქართველოსთან დიპლომატიურიი ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი სრულდება. ამ ხნის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობა ყველა სფეროში ვითარდებოდა – ტრანსპორტის, განათლების, კულტურის დარგებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მივაღწიეთ. ჩვენ 2007 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. ბოლო ათ წელიწადში თურქეთი საქართველოსათვის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა. გასულ წელს თურქეთ-საქართველოს ვაჭრობის დონემ მილიარდ ოთხას მილიონ დოლარს მიაღწია. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც პირდაპირი თურქული ინვესტიციები პერმანენტულად მატულობს. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ერთობლივი სარგებლობის ობიექტებიც, როგორიცაა ბათუმის აეროპორტი. ეს ყველაფერი ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის შედეგია“.

„საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია ტერორიზმთან ბრძოლაც. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენი მეგობრის – საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას „ფეტო“-სთან ბრძოლაში. გვჯერა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება“.

„თურქი-მესხების („ახისკა-თურქების“, „ახალციხელი თურქების“) დაბრუნების საკითხი საქართველოს შესაბამის ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტებით წყდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში თურქეთისა და საქართველოს პოზიციები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და თბილისის ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენი ორივე ქვეყანა მონაწილეობს აგრეთვე კასპიის ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე გატანაში. ვითარდება სამმხრივი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაც, რაც დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული: მაგალითად, ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზერუმი“, რკინიგზა „ბაქო-თბილისი-ყარსი“, რომლის მშენებლობა უკვე დასრულების სტადიაშია და იმედი მაქვს, მალე მატარებლები იმოძრავებენ. ამ რკინიგზას პერსპექტივაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჩინური „აბრეშუმის გზის“ ახალ პროექტის რეალიზებაშიც“.

«Daily Sabah» (თურქეთი), 23 მაისი, 2017 წელი

https://www.dailysabah.com/business/2017/05/23/baku-tbilisi-kars-railway-to-be-operational-by-end-of-june

ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზაზე მოძრაობა ივნისის ბოლოს დაიწყება

სტატია ეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხს, ამ პროექტის მნიშვნელობას და მის პერსპექტივას. პუბლიკაციაში გამოყენებულია თურქეთის ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ახმეტ არსლანის პრეს-კონფერენციის დროს  გაჟღერებული განცხადებები. გთავაზობთ მასალის მოკლე შინაარსს:

ახმეტ არსლანმა ვრცლად ისაუბრა რკინიგზის მშენებლობის მნიშვნელობაზე თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანისათვის, განსაკუთრებით ვაჭრობა-ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. ამ რკინიგზას შეუძლია შეამციროს ტვირთების მოძრაობის დრო აზიიდან ევროპისაკენ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს (ტვირთები ევროპიდან თურქეთში, მარმარაში, შემდეგ ყარსში, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, ბაქოდან კასპიის ზღვაზე ბორანით ყაზახეთის ნავსადგურ აქტაუში და იქიდან ჩინეთში). როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინათ ამ პროექტში შესაძლოა ირანიც ჩაერთოს. გარდა ამისა, მომგებიანი იქნება მგზავრებისთვისაც. როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინათ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე  „აბრეშუმის გზის“ პროექტის ახალი მარშრუტები განიხილეს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ყახაზეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით.

«ТВ 112 Украiна» (უკრაინა), 22 მაისი, 2017 წელი

https://112.ua/interview/rossiya-na-radare-amerikanskoy-politiki-zanimaet-ochen-skromnoe-mesto-391238.html

ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: „უკრაინამ მაგალითი საქართველოსაგან უნდა აიღოს“ // „ვლადიმირ პუტინი ჭკვიანი ადამიანია. მას აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ

უკრაინის ტელეკომპანიის «112 Украiна»-ს პროგრამა „გორდონ“-ში ისაუბრა ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ანდრეი ილარიონოვმა. პროგრამის წამყვანი იყო ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი. ამონარიდი ინტერვიუდან:

- არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენში აღტაცებას იწვევენ?

- არიან რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერები, რომლებიც ჩემში აღტაცებას იწვევენ, მაგრამ ისისნი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ლიდერებს არ წარმოადგენენ. მაგალითად, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ადრეც არაერთხელ ყოფილა ისრაელის მთავრობის პრემიერ-მინისტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოჩენილი პიროვნებაა, რომელმაც მიიღო დაჭაობებული საქართველო და ის განვითარებულ ქვეყნად გადააქცია, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.  მიხეილ სააკაშვილმა, ცხადია, ეს ყველაფერი გააკეთა კახა ბენდუქიძისა და ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით, თანაც ჩრდილოელ სახელმწიფოსთან დაპირისპირებისა და ომის პირობებში. საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 12%-ით იზრდებოდა. კახა ბენდუქიძის რჩევა-წინადადებები უკრაინას 2014 წლის მარტში რომ მიეღო, როცა იგი კიევს ეწვია და ეკონომიკურ სამიტზე გამოვიდა, მაშინ თქვენ სამწლიანი ეკონომიკური კატასტროფის ნაცვლად იგივე 10-12%-იანი ზრდა გექნებოდათ.

- რას ვიზამთ… ჩვენ ხომ გენიოსებს არ ვუსმენთ… ჩვენ ხომ უფრო მეტ პატივს ვცემთ სულელებს, რომლებიც ეკონომიკას ძარცვავენ…

- ჰოდა, შედეგებიც ისეთი გაქვთ… არის ბევრი გამოჩენილი ადამიანი პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების სფეროებში. ისინი უნდა შეამჩნიო და მათი რჩევებით ისარგებლო.

- ვლადიმირ პუტინზე რას იტყვით?

- ვლადიმირ პუტინი ჭკვიანი ადამიანია. რუსეთის პრეზიდენტს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც  პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ. მას მოსმენის უნარი აქვს. იგი მზადაა ესაუბროს და მოუსმინოს სხვადასხვანაირ ადამიანებს. აქ, უკრაინაში, პოლიტიკოსები უბრალოდ ვერ იტანენ ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობას – იმ ადამიანებთან, რომლებიც ძლიერები არიან რაღაც დარგებში. თქვენი პოლიტიკოსები „ავად ხდებიან“, როცა ასეთ მცოდნე პიროვნებებს ხედავენ და მათთან შეხვედრას გაურბიან, მათ სამსახურში არ იღებენ და ა.შ. აი, ვლადიმირ პუტინს კი ჭკვიან, ტალანტიურ, მცოდნე და უნარიან ადამიანებთან შეხვედრისა არ ეშინია.

- ვლადიმირ პუტინს სჯერა, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მისია აქვს დაკისრებული?

- არც უმაგისობაა. ყოველ შემთხვევაში, იგი დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ცალკე აღებული არც ბელორუსი, არც უკრაინელი ხალხი და რომ ისინი ყველა „რუსული სამყაროს“ ან მართლმადიდებლობის ლოზუნგებით უნდა იყონ გაერთიანებულნი რუსული სახელმწიფოს სახურავქვეშ. ვლადიმირ პუტინი იმ ადამიანებმა დაარწმუნეს, რომლებიც ამ საკითხზე ბევრს უყვებოდნენ და მანაც რაღაც მომენტში დაიჯერა. ეს კატასტროფული შეცდომაა უპირველესად ჩვენი ხალხებისათვის.

Comments are closed