globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«B.Z. Berlin» (გერმანია): ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან: „საქართველოს ძლიერი და ერთიანი ნატოს იმედი აქვს“

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): ვინ არის ბატონ-პატრონი შავ ზღვაზე?

———————-

«B.Z. Berlin» (გერმანია), 22 ივნისი, 2016 წელი

http://www.bz-berlin.de/welt/georgien-hofft-auf-eine-starke-und-geeinte-nato

ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან: საქართველოს ძლიერი და ერთიანი ნატოს იმედი აქვს

ბერლინის გაზეთისადმი მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

როგორც გაზეთის კორესპონდენტი ულრიკე რუპელი აღნიშნავს, ამჟამად გერმანელი სოციალ-დემოკრატები და უპირველესად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესების მხარდამჭერად გამოდის და დასავლეთს აფრთხილებს, რომ მოსკოვთან მიმართებით ბრიუსელი „იარაღის ჟღარუნს“ უნდა მოერიდოს, რბილი კურსი გაატაროს და „ცივი ომის რეციდივი“ არ განახორციელოს. გერმანელი მინისტრი უკმაყოფილოა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში (პოლონეთში) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მასშტაბური სამხედრო წრთვნები მიმდინარეობს. ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი კი პირიქით ამბობს: „ჩვენ ყველაფერს ზომიერად და გამჭვირვალედ ვაკეთებთ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ჩვენ კონფრონტაცია არ გვსურს, მაგრამ იმაზე, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ხარჯები სამჯერ გაზარდა და ევროპის საზღვრებს სამხედრო ძალის გამოყენებით ცვლის, ამაზე რეაგირება აუცილებელია“, – აცხადებს ნატოს გენმდივანი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგთან“ ინტერვიუში.

————

რაო, მოსკოვთან რბილი კურსის გატარებაო? საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სიფრთხილისაკენ მოუწოდებს: რუსი მეზობლის ჯარები საქართველოს ორი რეგიონი აქვთ ოკუპირებული – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიამ თითქმის საქართველოს შუაგულამდე შეაღწია. უკრაინის სიტუაციაც თითქმის იგივეა. „ბერლინერ ცაიტუნგ“-თან საუბრისას თინა ხიდაშელი ნატოს აპელირებს და ამბობს, რომ ძალის დემონსტრირება მშვიდობის საფუძველია.

ქართველი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა ერთნაირ სიტუაციაში არიან – ორივე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ორივე ქვეყანა რუსი აგრესორის წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა აშკარაა, რომ ამჟამად რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად არანაირი ეფექტური სტრატეგია არ არსებობს. „საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების დროიდან ვამბობდით, რომ ყირიმი შეიძლებოდა მორიგი მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ მაშინ არავინ არ გვისმენდა. ბოლოსდაბოლოს ყველაფერს თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ და განვაცხადოთ: რუსეთი საქართველოს და უკრაინას ემუქრება და სუვერენულ სახელმწიფოების ტერიტორია აქვს ოკუპირებული“, – ამბობს თინა ხიდაშელი, – „როცა კარგი ამინდია, ჩვენ გზიდან რუსეთის დროშების დანახვა შეგვიძლია – იმ დროშებისა, რომელიც მათ მიერ ოკუპირებულ ქართულ მიმიწაზეა აღმართული. ჩვენ ყოველი დღე გვახსენებს ოკუპირების ფაქტს“. მინისტრი ეხება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტს (გიგა ოთხოზორიას მკვლელობას) და ამბობს, რომ რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ტრაგედიის, სისხლის და სიკვდილის მომტანია.

„დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც გაყოფილი გერმანია გამთლიანდა, ჩვენი ტერიტორიის გამყოფი კედელიც აუცილებლად დაეცემა. ისტორიას თავისი კანონები აქვს, ოკუპაცია არ შეიძლება მუდმივი იყოს. დიდი იმპერიებიც ინგრევა ხოლმე“, – ამბობს მინისტრი. მისი აზრით, რუსეთის სახით საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიოში „ახალი წესრიგის“, „ქცევის ახალი ნორმების“ დამყარებას ცდილობს და ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რასაც ცივილიზებულმა მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია. რადგანაც დასავლეთი კრემლის ქცევაზე რეაგირებას [დაგვიანებით] ახდენს, ამით ვითარება მხოლოდ მწვავდება. საჭიროა მკაფიო გეგმის არსებობა მსგავს გამოწვევებზე პასუხის გასაცემად.

შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, თინათინ ხიდაშელი პასუხობს: „საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი – ისევე, როგორც ბალტიის სახელმწიფოები, ჩერნოგორია და გერმანია, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ჩემს ქვეყანას ყველა ის ინსტრუმენტი აქვს, რომლითაც ნატოში გაწევრიანებისთვისაა აუცილებელი. ჩვენთვის „მაპ“-ის პროგრამა უკვე მოძველებულია“.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი ვერ შეგუებია იმ ფაქტს, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომ გავლენის მოხდენა და მისი გაკონტროლება უკვე აღარ შეუძლია. საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან რუსეთი უწყობს კონფლიქტების გაჩარებას და არასტაბილური სიტუაციების შექმნას – ყველგან, სადაც კი ამის გაკეთება შეუძლია. ამით მოსკოვი ცდილობს მეზობელი ქვეყნებზე გავლენა აღადგინოს და მათი განვითარების პროცესი შეაფერხოს. რუსეთის მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან მის წინააღმდეგაა მიმართული, ამას მტრულ, ანტირუსულ ქმედებად აღიქვამს და  ამიტომაც მიუღებელი მეთოდებით მოქმედებს.

შეკითხვაზე, რას ელოდება საქართველო დასავლეთისაგა, მინისტრის აპასუხი ასეთია: „ნატოს ვარშავის სამიტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს [ერთიანი მიდგომის] დადასტურების შანსს აძლევს. ეს დღის წესრიგის უპირველესი საკითხია. უნდა გაირკვეს, ვის უფრო მეტი ძალა აქვს – ნატოს თუ რუსეთს. ნატომ, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების საქმეში, არაორაზროვნად უნდა განაცხადოს, რომ არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ: „დადგა გაბედული გადაწყვეტილების მიღების დრო. ვარშავის სამიტმა რუსეთს უნდა აუხსნას, რომ ნატო გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს და რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. ალიანსმა უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ტავისუფლი და უსაფრთთხო ევროპის იდეა ნატოს არაწევრ ქვეყნებზეც ვრცელდება და რომ არანაირი ახალი „რკინის ფარდა“ აღარ იქნება“, – აცხადებს თინა ხიდაშელი „ბერლინერ ცაიტუნგ“-ის ჟურნალისტთან საუბარში.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 22 ივნისი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/black-sea/3386037.html

ვინ არის ბატონ-პატრონი შავ ზღვაზე?

ვადიმ ალენიჩევი, ანდრეი დეგტიარევი

(შემოკლებით)

რუსეთისა და ნატოს ურთიერთობის გაურესების ფონზე მოსკოვის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადების თანახმად, კრემლი შეეცდება გაანეიტრალოს დასავლეთის ყველანაირი მოქმედება შავი ზღვის რეგიონში, თუ მათ რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების მუქარად ჩათვლის. თუ გავითვალისწინებტ იმ ფაქტს, რომ შავ ზღვაზე მთავარი მოთამაშეები სწორედ რუსეთი და თურქეთი არიან, გამოდის, რომ მოსკოვისათვის ანკარის ყოველი მოქმედება, კრემლის სურვილისამებრ, ანტირუსული შეიძლება იყოს.

დასამალი არაა, რომ ნატოს ხელმძღვანელობას რუსეთის არმიის მოდერნიზების ტემპები ძალიან აღელვებს: წამყვანი დასავლელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სარდლობამ ბოლო დროს შავი ზღვის რეგიონში შეიარაღების ახალი ნიმუშების რეგულარული განლაგება დაიწყო, მათ შორისაა ახალი საპატრულო ფრეგატი „ადმირალი გრიგოროვიჩი (ექსპლოატაციაში შევიდა მიმდინარე წელს), „ვარშავიანკას“ ტიპის დიზელძრავიანი წყალქვეშა ნავები და ფრთოსანი რაკეტები. არის იმის დამადასტურებელი მონაცემებიც, რომ მოსკოვი შავი ზღვის სანაპიროზე დაკავებულია კოსმოსური თანამგზავრების წინააღმდეგ მიმართული სისტემების და ე.წ. „ჰუმანური“, ანუ არასასიკვდილო იარაღის განლაგებითაც, მაგალითად, ელექტრომაგნიტური რხევების გამომწვევი მძლავრი აპარატურით, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება დიდი რაოდენობის ადამიანების მტკივნეულ შოკში ჩაგდება.

დასავლელი ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთის არმიის მოდერნიზების დღევანდელი ტემპების გათვალისწინებით, ნატოს თავდაცვითი სისტემები სწრაფად მოძველდება და უსაფრთხოების მაღალ დონეს ვეღარ უზრუნველყოფს. აი, რას ამბობს აშშ-ში რუმინეთის ელჩი ჯორჯე მაიორი: „თუ ჩვენ ამ ნაბიჯებზე რეაგირებას არ მოვახდენთ, არაა გამორიცხული რომ პროცესები კონტროლიდან გამოვიდეს. შედეგები კი ძალიან სერიოზული იქნება არა მარტო შავი ზღვის რეგიონისათვის, არამედ უფრო დაშორებული ტერიტორიებისთვის და ზოგადად, საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის“.

ამასთან დაკავშირებით, ბევრი ექსპერტი  აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთის მოქმედების შემკავებელი პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელება, რომლის მიხედვით, ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები, უპირველესად კი, ცხადია აშშ-ის გემები, შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივად იყონ, მორიგეობის სისტემით.

ამერიკელი დიპლომატის უილიამ კორტნის აზრით, რომელიც თავის დროზე აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში, „ამერიკის სამხედრო გემების რეიდს შავი ზღვის აკვატორიაში ამჟამად მხოლოდ არარეგულარული ხასიათი აქვს. მათ, ვისაც აინტერესებს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არიან ამერიკის ფლოტის გემები ასე მცირე რაოდენობით შავ ზღვაზე, უნდა იცოდნენ, რომ მონტრეს კონვენციით თანახმად, შავ ზღვაზე ერთდროულად შეიძლება მხოლოდ სამი ამერიკული გემი იმყოფებოდეს და ისიც სამი კვირის განმავლობაში. მაგრამ ძალიან ხშირად ამ რეგიონში ჩვენ გემებს ვერ ვხედავდით ხოლმე, რადგან შავი ზღვა ჩვენთვის პრიორიტეტული არ იყო. ახლა კი ნატოს ფლოტის მუდმივი პატრულირება ამ რეგიონში პერმანენტულად უნდა ხდებოდეს“.

შავიზღვისპირეთში საბრძოლო მორიგეობის განხორციელების დროს ამერიკელებს გემების როტაცია მოუწევთ, რაც უფრო მასთაბურ ოპერატიულ დაგეგმვას საჭიროებს. 2014 წელს ნატომ რუმინეთსა და ბულგარეთში 2 საკომუნიკაციო ცენტრი გახსნა. გარდა ამისა, რუმინეთმა ბრიუსელს თავის ტერიტორიაზე ალიანსის ჯარების ბატალიონის განთავსებაც შესთავაზა (საკომუნიკაციო ცენტრის ჩარჩოებში). როგორც ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ამ გეგმების მიზანს შავ ზღვაზე ალიანსის სამხედრო ყოფნის გაზრდა წარმოადგენს. ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ჯონ ჰერბსტის თქმით, რუსეთმა შავ ზღვაზე უკრაინის მიმართ აგრესიული აქტი განახორციელა, ყირიმი მიიტაცა და, შესაბამისად, დასავლეთის ამოცანაა მსგავსი რამ მომავალში აღარ დაუშვას.

———-

თუმცა, როგორც ბრიტანული „როიტერი“ იტყობინება, ბოლო მომენტში ბულგარეთმა უარი განაცხადა შეუერთდეს ნატოს ფლოტს, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევლენიევთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, მას თავისი ქვეყნის საზღვაო კურორტებთან სამხედრო გემების დანახვა არ სურს: „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უმჯობესია აფრიანი ნავები, იახტები და ტურისტებით სავსე გემები დავინახო, ვიდრე [რაკეტებით შეიარაღებული სამხედრო ხომალდები]. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის ნაპირებთან  ბრძოლები გაიმართოს. საბოლოო ჯამში, მე არ მსურს, რომ შავი ზღვა სამხედრო-საზღვაო კონფლიქტის ზონად გადაიქცეს“ (წყარო:http://www.reuters.com/article/nato-bulgaria-blacksea-idUSL8N19835X)

Comments are closed