globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ქართული ოცნების“ ჟონგლიორობა კონსტიტუციით

«Независимая газета» (რუსეთი): ოპოზიცია „რევოლუციურ სიტუაციაზე“ ალაპარაკდა // საკონსტიტუციო რეფორმა საპარლამენტო კრიზისით დაიწყო

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება

«Новое время» (სომხეთი): მეფობა რომ მართლაც შემოიღონ, მერე? // საქართველოში შეიძლება მონარქიული მმართველობის ფორმა აღდგეს და რადგან სომხეთის ჩრდილოეთი პროვინციები გარკვეული დროის მანძილზე ქართლ-კახეთის სამეფოში შედიოდა, არაა გამორიცხული, რომ ქართველებმა სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgias-constitution-deal-in-parliament/3911915.html

„ქართული ოცნების“ ჟონგლიორობა კონსტიტუციით

ნინო დალაქიშვილი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ, 22 ივნისს, 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მიღებული ვარიანტი სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ყველა იმ ადამიანისთვის, უმრავლესობის წევრების გარდა, ვინც კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობდა.

საკონსტიტუციო კომისია თავად მმართველი გუნდის მიერ გასული წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. რამდენიმე თვიანი მუშაობის პროცესში მონაწილეობდა 73 ადამიანი, მათ შორის არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონსტიტუციის სპეციალისტები. პარალელურად, იმართებოდა კონსულტაციები და შეხვედრები ვენეციის კომისიასთან, თუმცა უკვე აპრილში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ასრულებდა, აღმოჩნდა, რომ ტექსტის საბოლოო ვარიანტზე ხელმომწერი მხოლოდ მმართველი გუნდი იყო. მაისში, როდესაც საკონსტიტუციო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით სახალხოდ იმართებოდა, ქართული ოცნება აპელირებდა ზოგიერთი ცალსახად პროგრესული გადაწყვეტილებით, მაგალითად, როგორიცაა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. დავის საგანს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ბონუსების მექანიზმი. მმართველი გუნდი ამბობდა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიის აქტივში უნდა გადასულიყო. მოგვიანებით, „ქართული ოცნება“ გარკვეულ კომპრომისზე წავიდა და გადაუნაწილებელი მანდატების გადაცემის ზედა ზღვარის დაწესებაზე დათანხმდა. 22 ივნისს კი საზოგადოებას მათ მორიგი სიურპრიზი შესთავაზეს – ამდენი ხნის ნასაუბრალი უბრალოდ დაივიწყეს და კვლავ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დატოვებას მხარი დაუჭირეს.

საპარლამენტო უმრავლესობა ამაყობს ამგვარ ისტორიულ პროცესში მონაწილეობის გამო. ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს: „გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ესაა ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად, სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს ჩვენმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 115–ვე დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი. ესაა კონსტიტუცია, რომლითაც გვექნება ძლიერი საპარლამენტო მოდელი“.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტის გადაწყვეტილებას ემიჯნება და მომავალში საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. „ამერიკის ხმა“ საია-ს ხელმძღვანელს ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა:

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ ერთნაირი მოსაზრებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და ცალკეულ პირებს ვერ ექნება, მაგრამ კონსტიტუცია მაქსიმალურად უნდა იყოს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი. სამწუხაროდ, თანხმობის ნაცვლად, კონსტიტუციის ამ ფორმით და შინაარსით მიღებითა კიდევ უფრო მეტად მოხდა საზოგადოების პოლარიზება, პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება. შეგვეძლო გვეთქვა, რომ რა მოხდა, ხომ ამოქმედდება მაჟორიტარების გარეშე საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან. მაგრამაქ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რა არის პრობლემა: პირველი, ეს გახლავთ ის, რომ ხაზი გადაესვა თავად პროცესს, ჩართულობის პროცესს, რომლის საფუძველზეც უნდა ყოფილიყო მიღებული კონსტიტუცია. ახლა ის იქცა ერთი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად, რითაც ეს ერთი პარტია ემიჯნება საზოგადოებას. მეორე მიზეზი, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება ცუდია, გახლავთ ის, რომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის, კიდევ ერთხელ არჩევნების ამ უსამართლო სისტემით ჩატარება იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი.“

რაც შეეხება 20–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას საპარლამენტო კომიტეტებში მუშაობისგან გამიჯვნის თაობაზე, ანა ნაცვლიშვილი იმით ხსნის, რომ ამ დრომდე დაფიქსირებულ თანამშრომლობას შედეგი არ მოუტანია: „ახლა გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გადავადების შესახებ გვაჩვენა ის, რომ რესურსი ჩვენი ჩართულობის შედეგად რაიმის შეცვლის არის ნულის ტოლი.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს: „ძალიან ცუდი რამ მოხდა. ყველა მხარე თანხმდება, რომ არსებული შერეული სისტემა არის მანკიერი, რომ ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, არ იძლევა საშუალებას, რეალურად, პარლამენტი იყოს საკმარისი ლეგიტიმაციის, გამოხატავდეს ამომრჩევლების მოსაზრებებს და გემოვნებას და შესაბამისად შესაცვლელია. ამაზე ხელისუფლების მხრიდანაც გახლდათ ზუსტად იგივე შეფასებები, მმართველი პარტიის ლიდერები ამას ამბობდნენ და რატომღაც აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ ცუდია ეს სისტემა, მაინც ვტოვებთ 2024 წლის არჩევნებისთვის, რაც სრულიად გაუგებარია, აუხსნელია და არ ექვემდებარება საღ აზრს. ესაა მთავარი პრობლემა“.

არასამთავრობო სექტორი წამოწყებული ერთგვარი ბოიკოტირების კამპანიას აფასებს, როგორც უკეთესი კონსიტუტციის მიღების შანსს: „ეს გადაწყვეტილება კანონად ჯერ არ ქცეულა, კიდევ ორი მოსმენა სჭირდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენს, პოლიტიკური პარტიების აქტიურობასა და საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის ხარისხზეა ბევრი რამ დამოკიდებული. გასულ კვირებში ჩვენ დავინახეთ, რა რეაქცია ჰქონდა და რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ნარკოტიკების ჩადების საქმეზე, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ თუ ბევრ ადამიანს გავაგებინებთ ამ პრობლემას და ისინი გაიზიარებენ და გაიაზრებენ მას, როგორც პრობლემას, შანსი ჩნდება, რომ ხელისუფლებამაც გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“.

არასამთავრობო სექტორს იმედი არ ტოვებს, რომ პროტესტის ამგვარ ფორმას, შესაძლოა შანსი ჰქონდეს და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყროს, ისევე, როგორც ეს ცოტა ხნის წინ, თბილისში ნარკოტიკული ნივთიერებების გამო დაკავებული რეპერების საქმის შემთხვევაში მოხდა.

«Независимая газета» (რუსეთი), 23 ივნისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-06-23/5_7014_gruzja.html

ოპოზიცია „რევოლუციურ სიტუაციაზე“ ალაპარაკდა

საკონსტიტუციო რეფორმა საპარლამენტო კრიზისით დაიწყო

„საქართველოს პარლამენტის ოთხი ფრაქციიდან სამმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. მათი პროტესტი დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან, რომლებიც, „ბუნტოვშიკების“ თქმით, მმართველი „ქართული ოცნების“ გარდა, არავის არ აწყობს“. დარბაზში დარჩენილი დეპუტატები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადების გაზრდის საკითხზე ილაპარაკეს“, ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

მმართველმა პარტიამ შეარბილა საკონსტიტუციო ცვლილებების ზოგიერთი ნაწილი, რომლებიც არჩევნებს ეხება. იმ პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, საარჩევნო ზღურბლი (ბარიერი), სავარაუდოდ, 5%-დან 3%-მდე შემცირდება. პრეზიდენტის უახლოესი არცევნები კი, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს, გადაწყდა, რომ ძველი სქემით ჩატარდეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი საყოველთაო არჩევნების წესის მიხედვით აირჩევა და მხოლოდ 2022 წელს – 300 ამომრჩევი დეპუტატით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებითა და ავტონომიების წარმომადგენლებით.

მაგრამ მმართველი პარტიის ეს „დათმობები“ ოპოზიციამ „ნასუფრალად“ მიიჩნია, რადგან თითქმის მთელი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის მთავარი მოთხოვნა – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება არ შესრულებულა. საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯფუფი – ისინი, ვინც მაჟორიტარულ ოლქებში იყვნენ არჩეულნი, ამ ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ. მათი „დამორჩილება“ „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც კი ვერ შეძლეს, რომლებიც ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვების დროს საზოგადოებას აიმედებდნენ – ამ პრობლემას მოვაგვარებთო. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია იძულებული გახდა გამოეცხადებინა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული – პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ოღონდ უკვე 5%-დან 3%-მდე დაკლებული ბარიერით, მაჟორიტარული ოლქები კი მხოლოდ 2024 წლისათვის გაუქმდებაო. „ჩვენ „ოცნებამ“ მოგვატყუა. მმართველ პარტიას ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირება სურს. მე ამ ცინიკურ სპექტაკლში მონაწილეობა არ მინდა“, – განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა.

ოპოზიცია ასევე უკმაყოფილოა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით – მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მმარგველაშვილი ზოგიერთ საკითხში ოპოზიციის გვერდით იდგა ხოლმე, – აღნიშნულია სტატიაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პარტია აკრიტიკებს. „ოცნებამ“ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. „რისთვის დადიოდნენ ევროპაში, ვენეციის კომისიაში? გვარწმუნებდნენ, რომ ყველაზე საუკეთესო პროექტს გვთავაზობდნენ… ახლა ისეთი რამ წარმოგვიდგინეს, რის შესახებაც ადრე არ გვისაუბრია“, – აცხადებს ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს აგრეთვე პარლამენტის ექს-სპიკერის დავით ბაქრაძეის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“, პროტექსტის ნიშნად, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე სტატიაში მოხსენიებულია პარლამენტის კიდევ ერთი ექს-თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თვალსაზრისიც (რომელიც ადრე „ქართული ოცნების“ წევრი იყო); მან თავისი ყოფილი თანამოაზრენი კონსტიტუციური ცვლილებების გაყალბებაში დაადანაშაულა. დავით უსუფაშვილმა აშკარად მიანიშნა, რომ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის მართვას კულისებიდან აგრძელებს… მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული: ისევე, როგორც აღარაა ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა“, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, დადგება დრო და აღარც „ქართული ოცნება“ არ იქნება“. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ; თუ ხელისუფლება მიდგომებს არ შეცვლის, საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა კარგად ცნობილ „რევოლუციურ მდგომარეობაში“ შეხვდება.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 ივნისი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3332215

„საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება“

სტატია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თემას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, საქართველო საბოლოოდ ყალიბდება საპარლამენტო რესპუბლიკად: 2023 წლიდან პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არა საყოველთაო-სახალხო წესით, არამედ მას ამომრჩეველთა სპეციალური კოლეგია აირჩევს. გარდა ამისა, 2024 წლიდან პარლამენტის არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით გაიმართება.

„ოპოზიცია რეფორმით უკმაყოფილო დარჩა: მას არ აწყობს არც პრეზიდენტის სიმბოლურ ფიგურად გადაქცევა და არც ის, რომ მაჟორიტარულ ოლქები მხოლოდ 2024 წლიდან გაუქმდება (ნაცვლად 2020 წლისა). საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის სხდომეს ბოიკოტი გამოუცხადა, არასაპარლამენტო კი, რომელმაც საკოორდინაციო საბჭო შექმნა, ხელისუფლებას მასობრივი საპროტესტო აქციებით დაემუქრა“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Новое время» (სომხეთი), 22 ივნისი, 2017 წელი

http://nv.am/politika/58587?task=view

მეფობა რომ მართლაც შემოიღონ, მერე?

საქართველოში შეიძლება მონარქიული მმართველობის ფორმა აღდგეს. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ქართველებმა სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ

„მეოთხედი საუკუნის წინათ საქართველოს მართავდა კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, შემდეგ კი პრეზიდენტი. უკვე 5 წელია ჩვენს მეზობელ ქვეყანას პრემიერ-მინისტრი მართავს. არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს მეთაურად მეფე ვიხილოთ“, – აღნიშნულია სომხეთის რუსულენოვან გაზეთ «Новое время»-ში გამოქვეყნებულ მასალაში (ავტორი – არტემ ერკანიანი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივა საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თაობაზე და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსთა განცხადებები, ექსპერტთა კომენტარები და თვალსაზრისები. პარალელურად ავტორი იხსენებს ბოლო 25 წლის მანძილზე განხორციელებულ მცდელობებს მონარქიის აღდგენისა და ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ტახტის მემკვიდრის ძიების შესახებ.

სტატიაში დასმულია კითხვები: სერიოზულად უნდა იყოს აღქმული პატრიარქის განცხადება? რას შეცვლის ამ იდეის განხორციელება რეგიონში და როგორ აისახება სომხეთის ინტერესებზე საქართველოში მონარქიის სავარაუდო აღდგენა?

ავტორი კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას სერიოზულად მიიჩნევს, რადგან მის ნათქვამ ყოველ სიტყვას საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსახლეობაში ილია მეორის ავტორიტეტი ურყევია. ამ შემთხვევაში იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესიის მეთაურის განცხადება ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული – მას მხარი დაუჭირეს ქვეყნის ხელმძღვანელებმაც. „ასე რომ, არაა გამორიცხული, რომ მეზობელ საქართველოში საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყოს“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია მეოცე საუკუნის დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რიგ ქვეყნებში მონარქიის აღდგენის მცდელობები. სულ ბოლოს მსგავსი ფაქტი ბულგარეთში მოხდა, როცა ყოფილი მეფე სიმეონ II ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თუმცაღა მონარქია არ აღდგენილა და ქვეყანა ისევ რესპუბლიკად დარჩა. ავტორი არ ივიწყებს მეზობელ თურქეთს, სადაც, მისი აზრით, დროდადრო დისკუსიებს იწყებენ ხოლმე სულთანათის პერსპექტივის შესახებ: „ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თურქეთში სულთანათი დე-ფაქტოდ უკვე აღდგენილია და თუ სულთნის საკითხი დადგება, უფრო უმჯობესი იქნება ტახტი ნიუ-იორკში მცხოვრებ პრინც ოსმან მეექვსეს (ოსმალეთის იმპერიის სულთან აბდულ ჰამიდის შვილიშვილს) შესთავაზონ, ვიდრე უგვარო თვითმარქვია რეჯეფ ერდოღანსო“.

თუ საქართველოში ნამდვილად ბაგრატიონთა (ბაგრატიდების) შთამომავალი გამეფდება და გვირგვინს დაიდგამს, მაშინ მონარქიული განწყობები სომხეთშიც გავრცელდება, მით უმეტეს, რომ სომეხი ბაგრატიონები ქართველი ბაგრატიონების შორეულ ნათესავებად ითვლებიან და შესაბამისად, კანონიერი მონარქებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა ამ თვალსაზრისით სომხეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა – ქართული დინასტიის მმართველობა შედარებით ახლახანს – 1801 წელს შეწყდა, სომხებს კი საკუთარი მეფე სატახტო ქალაქ ანისში 1045 წლის შემდეგ აღარ ჰყოლიათ, ანუ, ქართველებისაგან განსხვავებით, მონარქიული ტრადიციები ვერ შევინარჩუნეთ. მიუხედავად ამისა, მეფობის პრეტენდენტი ჩვენც გვყავს: 1993 წელს უნგრეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ებრაელმა, ვინმე როლანდ ანტონოვიჩმა განაცხადა, რომ მას სომხური ფესვები აქვს და ბაგრატიდების შორეული სთამომავალი. საკუთარ თავსაც ასე უწოდა: „მისი უდიდებულესობა დიდი მთავარი მიხეილ ვაცლავ ბაგრატუნ-ანტონიან-ანტონევიჩ ანისელი“. იგი 1990-იან წლებში რამდენჯერმე იყო ერევანში გამეფების იმედით…

ხუმრობა ხუმრობად და თუ სერიოზულად ვიმსჯელებთ, მეზობელ ქვეყანაში დაწყებულ საინტერესო პროცესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რაღაც-რაღაცეების შეცვლა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: თუ პატრიარქის იდეას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელები მართლაც მხარს უჭერენ და დროთა განმავლობაში საკონსტიტუციო მონარქია საქართველოში რეალურად განხორციელდება, მაშინ როგორ აისახება ეს ყველაფერი იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე? ხომ არ მოიმატებს ქართველების ნაციონალისტური განწყობები? ვინმე ხომ არ ისარგებლებს ამით თბილისში და სომხეთს პრეტენზიებს ხომ არ წამოუყენებს ჩრდილოეთ პროვინციების შესახებ, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა? ეს ის საკითხებია, რომელთა პასუხზე უკვე დღეს უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

Comments are closed