globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«New Europe» (ბელგია): სადაო ხასიათის კანონმდებლობის მიუხედავად, დონალდ ტუსკმა საქართველო შეაქო

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას გააცნო, თუ როგორ შეიძლება „ოკუპირებული ტერიტორიების“ დაბრუნება

«Комсомольская правда» (რუსეთი): ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „საქართველო იმედგაცრუებულია დასავლეთითა და მიხეილ სააკაშვილით“

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): ინტერვიუ კენეტ იალოვიცთან: „რუსეთი თავის დომინანტობას გვახსენებს“

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): კოსოვოს დამოუკიდებ-ლობა და მისი შედეგები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

——————-

«New Europe» (ბელგია), 22 ივლისი, 2015 წელი

http://www.neurope.eu/article/tusk-praises-georgia-in-spite-of-controversial-legislation/

სადაო ხასიათის კანონმდებლობის მიუხედავად, დონალდ ტუსკმა საქართველო შეაქო

ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა თბილისში ვიზიტის დროს საქართველო მიღწეული წარმატებებისათვის შეაქო და მას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერი უწოდა. ამავე დროს მან დაგმო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ე.წ. „საზღრების“ აღმნიშვნელი ბანერების დადგმა და ეს ქმედება „პროვოკაციად“ შეაფასა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი დენ ალექსი).

დონალდ ტუსკი ამ კვირაში სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს – საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს სტუმრობს, – წერს ავტორი და საკმაოდ ვრცლად აცნობს მკითხველს ევროსაბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პრეს-კონფერენციის მასალებს, განსაკუთრებით კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, თუ რატომ არ აძლევს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში („შენგენის ზონაში“) უვიზოდ ხანმოკლე მოგზაურობის ნებას („კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ყველა კრიტერიუმის შესასრულებლად, თუმცა ჩემი პირადი აზრით, საქართველო ფაქტიურად კარგადაა მომზადებული ამისათვის“).

თუმცა ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელთა ხასიათი სადაო და წინაარმდეგობრივია: მაგალითად, გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ეროვნული (ცენტრალური) ბანკის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, რითაც, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ბანკს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალება ერთმევა. ეს კანონი არ მოიწონეს როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა და ქართული საზოგადოების ნაწილმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმაც. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებდა, თუმცა მის ვეტოს პარლამენტის უმრავლესობა ადვილად დაძლევს (სტატიაში გადმოცემულია პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის ძირითადი შინაარსი).

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე, რომელიც ამჟამად ერთადერთი მაღალჩინოსანია მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადმინისტრაციისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია შემორჩენილი. მთავრობა უარყოფს, რომ ეს კრიტიკა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაასუსტა უკრაინის კონფლიქტმა და რუსული რუბლის გაუფასურებამ. ეროვნული ვალუტის – ლარის დევალვაციას ხელი შეუწყო აგრეთვე უცხოური ინვესტიციების ნაკლებობამ და ფულის გადმორიცხვების შემცირებამ საზღვარგარეთიდან.

„ასეთი ექსპერიმენტები მავნებელია და მათ შეუძლიათ ზიანი მოუტანონ საბანკო სექტორსა და ფინანსური სისტემის სტაბილურობას“, – ამბობს პარლამენტის ოპოზიციური წევრი დავით ონოფრიშვილი.

საერთაშორისო საბალუტო ფონდმა, რეკოსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა თხოვნით მიმართეს საქართველოს მტავრობას, რომ ცენტრალურ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია შეუნარჩუნდეს (სტატიაში მოცემულია ციტატები მიმართვიდან).

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2773753

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას გააცნო, თუ როგორ შეიძლება „ოკუპირებული ტერიტორიების“ დაბრუნება

თბილისში ევროსაბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის ვიზიტის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას მკვეთრი ანტირუსული განცხადებები გააკეთა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ „საზღვართან“ დაკავშირებით, სადაც სამხრეთ ოსეთის „კაგებე“-ს თანამშრომლები სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. რუსეთისა და მისი მოკავშირის მოქმედებას ქართველმა პოლიტიკოსმა „ისტორიული უსამართლობა“ უწოდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში კომენტარების გარეშე ვრცლადაა გადმოცემული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სატელევიზიო გამოსვლა: „ჩვენ არ შევურიგდებით ოკუპაციას, ამ საკითხთან მიმართებით ყველა ქართველის პოზიცია ერთნაირია. ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ქვეყანას“.

გიორგი მარგველაშვილმა პირველად გააცნო საზოგადოებას თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს „ოკუპირებული ტერიტორიების“ დაბრუნებას: „სტრატეგიული მოთმინება არის ის კომფორტული პლატფორმა, რომელიც ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობას ზრდის. ჩვენ სწორედ ამ სტარტეგიული თმენით და არა იარაღის ჟღარუნით მივაღწევთ ჩვენი მოქალაქეების შელახული უფლებების აღდგენას“.

პრეზიდენტმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების ყოფნა „მეზობელი სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულად“ შერაცხა. „ესაა დანაშაული არა მარტო საქართველოს წინაშე, არამედ საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანური პრინციპების წინაშეც. რუსეთის დანაშაულებანი გრძელდება… მავთულხლართებისა და სასაზღვრო ბანერების ინსტალაცია დამატებით ჩადენილი დანაშაულია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 23 ივლისი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26409/3284249/

ნინო ბურჯანაძე – „კომსომოლსკაია პრავდას“: „საქართველო იმედგაცრუებულია დასავლეთითა და მიხეილ სააკაშვილით. უკრაინასაც იგივე ელოდება“

„საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს“

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერს (და მიხეილ სააკაშვილის ექს-თანამოაზრეს) „კომსომოლსკაია პრავდას“ სპეცკორესპონდენტი ვლადიმირ ვორსობინი მოსკოვში შეხვდა.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმ ბლოკადაზე, რომლის ორგანიზებასაც დასავლეთი ცდილობს რუსეთის ირგვლივ. ვფიქრობ, თქვენ საკმაოდ რისკავთ აქ ჩამოსვლით. თბილისში შეუძლიათ „მოსკოვის ხელი“ გიწოდონ…

- პირველ რიგში, მე არ ვიტყოდი, რომ მოსკოვი იზოლაციაშია, თუ იმ სამიტს გავითვალისწინებთ, რომელიც უფაში ჩატარდა. როგორც მინიმუმი, იქ ნახევარი მსოფლიო მაინც იმყოფებოდა. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, ეს ჩემს ქვეყანას ჭირდება. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. შესაძლოა ჩემი ჩამოსვლა გაბედული ნაბიჯია, მაგრამ მთავარი, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ხვდება ჩემი პოზიციის სისწორეს.

- მაგრამ ჯერ-ჯერობით თქვენ საქართველოში ერთადერთი დიდი პრორუსული პოლიტიკოსი ბრძანდებით…

- მე არ მომწონს სიტყვა „პრორუსული“. ის შინაარსი, რასაც ამ სიტყვაში დებენ, არ ასახავს ჩემს რეალურ პოზიციას. პრორუსული პოზიცია რუს პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ. მე პროქართული პოლიტიკა მაქვს.

- ამბობენ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირს და რუსეთს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი. ეს სიმართლეა?

- დიახ, სოციოლოგები ამბობენ, რომ ქართველების 31პროცენტს ევრაზიულ კავშირში სურთ. ერთი წლის წინ მათი რაოდენობა მხოლოდ 20% იყო. არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობა კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი. ხალხმა, უბრალოდ, თავისი სურვილი გამოხატა, რომ რუსეთთან მჭიდრო კონტაქტები არსებობდეს.

- რატომ ჩამოხვედით მოსკოვში მაინცდამაინც ახლა?

- ბატონმა სერგეი ნარიშკინმა თავაზიანად მიმიწვია საერთაშორისო „მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ეგიდით გაიმართა, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სამუშაო შეხვედრები თვით სერგეი ნარიშკინთან და სხვა ოფიციალურ პირებთან მოსკოვში.

- და რა განიხილეთ კონკრეტულად?

- მე დავაყენე საკითხი ვიზების გამარტივებისა და სტატუსის საკითხი ქართველი შრომითი მიგრანტებისა და სხვა კატეგორიის მოქალაქეობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბაზარი კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნას ქართული პროდუქტებისათვის. რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც დავინახე ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარების სურვილი.

- შეეხო თქვენი საუბრები სტრატეგიულ საკითხებს? მაგალითად, ნატოს.

- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ სიტყვა „ნატო“არ გვიხსენებია (იცინის). ოდესღაც მე მიმაჩნდა, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ამ მიზნით ძალიან ბევრს ვაკეთებდი… მაგრამ პოლიტიკოსი რეალობიდან უნდა გამოვიდეს. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიტუაცია კატეგორიულად შეიცვალა. მოხდა აგვისტოს ომი, რომელიც ტრაგედია იყო როგორც ადამიანურ, ასევე საქართველოს რუსეთის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები გაჩნდა (ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და აფხაზ-ოსი ხალხებისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მათ საქართველოს ტერიტორიად ვთვლი). და თუ საქართველოს დანარჩენ ნაწილზე ნატოს ბაზები აშენდება, ამას ჩვენთვისაც კატასტროფული მნიშვნელობა ექნება. ამიტომაც მე მკაფიოდ და ნათლად ვუთხარი რუსეთის ხელმძღვანელობას ის, რასაც, სხვათა შორის, დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ: საქართველოს 2008 წლის შემდეგ ნატოში გაწევრიანების შანსები არ აქვს. ჩვენთვის უკვე ამ ბლოკში მიღება წამგებიანია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან ჩვენი კეთილი ურთიერთობა უნდა შევაჩეროთ.

- ამას წინათ თბილისში ვიყავი და ვიგრძენი, რომ ქართველები დასავლეთის მიმართ იმედგაცრუებულნი არიან…

- ჩვენ წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ, მაგრამ არაფერი მიგვიღია – არც ნატოს წევრობა, არც უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება იყო 2009 წელს რუსეთთან ტრაგიკული ომის დროსაც, როცა საქართველო ერთი-ერთზე, პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის არმიასთან. თუმცა ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ უფრო მეტი ბრალი მიუძღვით ქართველ პოლიტიკოსებს, ვიდრე დასავლეთს. მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს არწმუნებდა, რომ თუ რუსეთთან ომი იქნებოდა, საქართველოს დასავლეთი დაეხმარებოდა. თუმცა ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ პატარა საქართველოსთვის  რუსეთთან ბრძოლას არავინ აპირებდა. ჩვენ იგივეს ვხედავთ უკრაინის მაგალითზე – არავინ რუსეთთან ომისათვის არ ემზადება.. ამიტომაც პირდაპირ უნდა ითქვას: პატარა ქვეყნებმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქრონ და ილუზიებს უნდა მოეშვან, რომ თითქოს მათ ნაცვლად ვინმე თავს გაწირავს.

იმედგაცრუებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს: ხალხმა დაინახა, თუ როგორ აქტიურად უჭერდა მხარს დასავლეთი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თითქოდა დემოკრატიის მხარდამჭერი იყო, დემოკრატიისათვის გამოდიოდა. ამასთან, ყველას კარგად ესმოდა, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა დიქტატორული სისტემა შექმნა. მას მხარს უჭერდნენ შეერთებული შტატების ხელისუფლების გარკვეული წრეები, ამიტომაც მას ანტირუსული კურსი ჰქონდა აღებული. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების პლაცდარმად გადააქცია. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო აშშ-რუსეთის ბრძოლის პლაცდარმი აღარ იყოს.

- მაგრამ ის გარდაუვალია…

- რატომ? საჭიროა ჭკვიანური, გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა საქართველო განხეთქილების ვაშლი აღარ იყოს, რათა საქართველო ჩვეულებრივი, ნორმალური ქვეყანა იყოს, რომელსაც ყველასთან კეთილი ურთიერთობა ექნება, ყოველგვარი ზედმეტი ამბიციებისა და უცხოური სამხედრო ბაზების გარეშე.

- რუსეთი ხელმძღვანელობას მიხეილ სააკაშვილზე თუ ესაუბრეთ?

- ერთი-ორჯერ მოვიხსენიეთ, რადგან მიხეილ სააკაშვილი ოდესაში აქტიური პოლიტიკური ფიგურა გახდა. მე ვთვლი, რომ ეს ცუდია უკრაინისათვის.

- მაგრამ იქ ხომ, როგორც იქნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს და როგორც ახალგაზრდები ამბობენ ხოლმე, „საქმე იმედისმომცემად დაიძრა“…

- კი, საქართველოშიც ასე იყო: ჯერ კარგად მიდიოდა, შემდეგ კი კორუფციასთან ბრძოლა ლამაზ შირმად გადაიქცა. საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, საოცარი ელიტარული კორუფცია სუფევდა. ოდესაში განხორციელებულ საჩვენებელ დაჭერა-დაპატიმრებებს ხშირად სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილი ხომ ყოველთვის ახდენდა სამართლის იგნორირებას. ის, რაც ოდესელებს დღეს იმედს აძლევს, სულ მალე აბსოლუტურ უკანონობაში გადაიზრდება. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ოდესის მოსახლეობას ძალიან ძვირი დაუჯდება.

- იმსჯელეთ თუ არა მოსკოვში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე? როგორ მიგაჩნიათ – არის იმის შანსი, რომ სიტუაცია ადგილიდან დაიძრას?

- მე ვფიქრობ, რომ შანსები არის, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ თვითონ, ქართველებმა, უნდა მოვილაპარაკოთ აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ უნდა გავრღვიოთ უნდობლობის ბარიერი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ იყო პერიოდი, როცა ჩვენ ერთად მშვიდობიანად ვცხოვრობდით, ვმეგობრობდით, ერთმანეთს პატივს ვცემდით. რა თქმა უნდა, რუსეთს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ იმის თქმა, რომ ყველა პრობლემის გასაღები კრემლში დევს და ჯობია, რუსეთმა გაგვიღოს შერიგების დახურული კარი აფხაზებთან და ოსებთანო, ეს სწორი არ იქნებოდა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ორივე მხარემ დაუშვა, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა იმ შეცდომებზე. ეს იმიტომ, რომ ჩვენ სატიტულო ერი ვართ. ჩვენ ვალდებულები ვართ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენა გამოვნახოთ.

- კულუარებში რაიმე ქართულ-რუსული პროექტი ხომ არ გამოჩენილა თბილისის შესარიგებლად სოხუმთან და ცხინვალთან?

- თუ ის მართლაც არსებობს, ჯერ-ჯერობით კულუარებში უნდა დარჩეს.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ჩამოვა?

- ვერ გეტყვით, რადგან არ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოში დამოუკიდებლად მიიღება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ასეთი გარღვევა მოხდებოდა.

- მაშინ კითხვას სხვაგვარად დაგისვამთ: როდის დათანხმდება დასავლეთი რუსეთთან „სამშვიდობო მოლაპარაკებაზე“?

- დასავლეთი ახლაც აწარმოებს მოლაპრაკებას რუსეთთან.

- უფრო სწორად, ჩვენ ერთმანეთს ვლანძღავთ…

- დასავლეთი მშვენივრად ფილტრავს: სადაც სურთ, იქ სანქციებს აცხადებს, სადაც არ სურთ, იქ არ ჩქარობენ. თქვენც და მათაც საკუთარი ინტერესები გამოძრავებთ. ეს მხოლოდ საქართველოა ისეთი ქვეყანა, რომელიც მოლაპარაკებაზე საერთოდ უარს ამბობს. ყველა ნორმალური ქვეყანა ერთმანეთთან მოლაპარაკებაზე მიდის მაშინაც კი, როცა დაპირისპირებულნი არიან.

ცნობისათვის:

ნინო ანზორის ასული ბურჯანაძე, დაბადებულია 1964 წელს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. 1995 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო 2001-2008 წლებში – საქართველოს პარლამენტის სპიკერი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 22 ივლისი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/kenneth-yalowitz-on-border-issues/2871636.html

ინტერვიუ კენეტ იალოვიცთან: „რუსეთი თავის დომინანტობას გვახსენებს

ნანა საჯაია

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართულმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორ კენეტ იალოვიცს.

- 10 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა და საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით გადაიწია. რას ნიშნავს ახალი ნიშნების აღმართვა?

- საზღვრის გადაწევა საგანგაშო რამდენიმე ფაქტორის გამოა. ამას გავლენა აქვს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე ნავთობსადენზეც. ეს ფაქტი რუსეთის პოლიტიკის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რითაც ის რეგიონში მის ძალადობრივ დომინანტობას გვახსენებს. რუსეთის ქმედებები უკრაინაში, საქართველოსა და ბალტიისპირეთში სამხედრო და ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენებით ამ ქვეყნების დაშინებას ისახავს მიზნად. ეს რუსეთის ძალისხმევის ნაწილია, ის თავისი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობს და მეზობლებს აშინებს. ამით ის მეზობლებს ახსენებს, რომ დომინანტი ძალაა.

უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, მაგრამ რუსეთის საქართველოში ამ ფორმით მობრუნება არ გამკვირვებია. საზღვრის შეცვლა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ის იქ არის და რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს, ის თავისუფლად გადაადგილდება.

- საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ნავთობსადენის ალტერნატიულ მარშუტზე შეიძლება იმსჯელოს. როგორ ფიქრობთ ეს ჭკვიანური ნაბიჯია? ხომ შეიძლება რუსეთი ამ ნავთობსადენს გაჰყვეს და მეტი ტერიტორია მიითვისოს?

- ეს ძალიან ზუსტი შეფასებაა, თუ რუსეთი ამას მოინდომებს, იზამს კიდეც. თუ ნავთობსადენის მარშრუტი შეიცვლება და საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შევა, ეს შეიძლება გამოსავალი იყოს, მაგრამ რუსეთს ეს არ შეაჩერებს. ვფიქრობ რუსეთი ნავთობსადენის მუშაობას ხელს არ შეუშლის. ეს მასვე დააზარალებს. რუსეთის, როგორც სანდო ენერგო მომმარაგებლის რეპუტაცია უკანასკნელ პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო დასავლეთში ისედაც შელახულია. მსგავსი ქმედება კიდევ ერთხელ დაანახებდა ყველას, რომ ამ სფეროში რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის.

ნავთობსადენის მუშაობაში ჩარევა მათზე უარყოფითად აისახება. რუსეთის მიერ ნავთობსადენის პარალიზება დასავლეთის ერთიან რეაქციას გამოიწვევს. არა სამხედრო რეაქციას, მაგრამ დასავლეთის ერთიან პასუხს. როგორც ვნახეთ, დასავლეთის ბოლო გადაწყვეტილებით რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები მომდევნო 6 თვით ძალაში დარჩა, ვფიქრობ ეკონომიკური სანქციები სწორი პასუხია.

- მიგაჩნიათ რომ ეკონომიკური სანქციები საკმარისი მექანიზმია რუსეთის შესაჩერებლად?

- ხშირად გაიგებთ, რომ სანქციებს რუსეთის ქმედება არ შეუცვლია. მე მჯერა, რომ სანქციებს ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, რაც ირანთან დადებული შეთანხმების მოსალოდნელი შედეგია, რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი ეფექტი ექნება. ირანთან დადებული შეთანხმების შედეგად ნავთობის ბაზარი უფრო მრავალფეროვანი გახდება და შესაბამისად დაიწევს მისი ფასიც. ამას დამატებული რუსეთის სხვა პრობლემები აქვს, როგორიცაა ტვინის გადინება. ამ ყველაფერს რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა ექნება.

ასე რომ, მე ვფიქრობ მთლიანობაში დასავლეთის პასუხი მუშაობს. არის თუ არა ეს საკმარისი პუტინის პოლიტიკის შესაცვლელად? ჯერ არ ვიცი. მაგრამ ნათელია, რომ უნდა შეფასდეს ეფექტურია თუ არა დასავლეთის პასუხი, ეს ოპტიმისტური მიდგომაა და მე ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება.

- თქვენ დიდი ხანია თვალს ადევნებთ საქართველოს და რეგიონის პოლიტიკას, მომსწრე ხართ იმის თუ როგორ წარმოადგენდა სააკაშვილის მთავრობა საქართველოს როგორც ანტირუსულ, დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყანად. დღეს მისი გუნდი აცხადებს, რომ მთავრობა არ აკეთებს საკმარისს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხრივ. თქვენი დაკვირვებით, შეიცვალა საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

- როცა რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნება აირჩიეს, ბატონმა ივანიშვილმა სხვა მიდგომა წარმოადგინა. მისი თქმით, ცვლილება არ შეეხებოდა პრინციპულ საკითხებს – აფხაზეთს და ოსეთს, მაგრამ იქნებოდა მცდელობა რუსეთთან ყოველდღიური ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო, როგორიცაა ვაჭრობა, მოგზაურობა, კულტურა. ვფიქრობ ეს მიდგომა ყველგან მოიწონეს.

მოგვწონს თუ არა ეს, რუსეთი დიდი მეზობელია და ის არსად არ წავა, ორივე მხარეს ხალხის პირობების გაუმჯობესება კარგია, ვაჭრობის გაზრდა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს კონფლიქტის შემცირებას. შეცვალა კი ამან რუსეთის ქმედებები? არა. რუსეთის ძალისმიერი მეთოდები არ შეცვლილა. ვფიქრობ საქართველოს მთავრობა აგრძელებს დასავლურ ვექტორს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზის ლიბერალიზაცია.

საქართველოს სჭირდება დარწმუნება, რომ მისი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში მნიშვნელოვანია მისი დასავლური ვექტორისთვის. ამერიკაში აფასებენ საქართველოს კონტრიბუციას. საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ძალისხმევა. უნდა გაგრძელდეს ევროპის კავშირთან ინტეგრაცია. ეს არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს, არამედ მიმზიდველი იქნება აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის.

- ცხადია, რომ საერთაშირისო თანამეგობრობის ყურადღებამ საქართველოდან უკრაინაზე გადაინაცვლა, მაგრამ საერთაშორისო მედიაში რუსეთისგან და პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისევ სააკაშვილი და მისი გუნდი საუბრობს. თქვენი აზრით საქართველოს მთავრობა საკმარისს აკეთებს საკითხზე საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად?

-  რამდენიმე კვირის წინ აქ ევროინტეგრაციის მინისტრი იყო, მანამდე პარლამენტის სპიკერი, მალე თავდაცვის მინისტრს ველოდებით. ვფიქრობ საქართველო აქ საკმარისად იყო და თავისი პოზიცია მკვეთრად და გასაგებად წარმოადგინა.

წინა მთავრობისგან განსხვავებით ამჟამინდელი მთავრობა თვალში თითს რომ არ თხრის რუსეთს ეს ალბათ კარგი იდეაა. მნიშვნელოვანია მთავარ პრინციპებზე – აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე მყარად დადგომა, ამაზე საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკისგან. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

რაც მადარდებს არის რუსეთის, ეგრეთწოდებული, რბილი ძალა, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებს ემუქრება, დიდი თანხა იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საგაზეთო მასალებზე, სპიკერებზე, ყველაფერზე, რაც საქართველოს ევროპას დააშორებს. მე მხარს ვუჭერ მთავრობის კურსს ინტეგრირდეს ევროპის კავშირთან რუსეთის გაღიზიანების გარეშე, მაგრამ როცა რუსეთი საზღვარს გადმოწევს, როგორც ახლა გააკეთა, მთავრობამ ეს მკვეთრად გააპროტესტა, ვფიქრობ ზუსტად ასეც უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ მთავრობა ძალიან რთულ სამეზობლოსა და რთულ პერიოდში კარგად იქცევა.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 23 ივლისი, 2015 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2015/07/150722_kosovo_judgment_analysis

კოსოვოს დამოუკიდებლობა და მისი შედეგები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

არტემ კრეჩეტნიკოვი, „ბი-ბი-სი“

(შემოკლებით)

ხუთი წლის წინათ, 2010 წლის 22 ივლისს, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება კანონიერად მიიჩნია. როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, „ამ მოვლენამდრამატული გავლენა მოახდინა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებზე, ასევე საერთაშორისო სამართლზეც“.

ჰააგის სასამართლომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კანონიერების გარკვევა გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების გამო განახორციელა. მანამდე კი კოსოვო დამოუკიდებლად ჰყავდათ აღიარებული უკვე 63 სახელმწიფოს (ამჟამად მათი რაოდენობა 114-ს აღწევს). სასამართლოს 15 წევრიდან 8 იმ სახელმწიფოებიდან იყო, რომლებსაც კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული ჰქონდათ. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ათამა მოსამართლენ, ოთხი კი წინააღმდეგი წავიდა (რუსეთი, მაროკო, სიერა-ლეონე, სლოვაკია).

მოსმენების დროს კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ აზერბაიჯანი, ესპანეთი, რუმინეთი, კვიპროსი და ჩინეთი, რომლებთაც ეროვნული უმცირესობისა და ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

მოსკოველი პოლიტიკოსები, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩათვლით, არაერთხელ გამოსულან განცხადებებით, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით დასავლეთმა პანდორას ყუთი გახსნაო და პარალელებს ავლებდნენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ოპონენეტები მათ პასუხიობდნენ, რომ კოსოვოს შემთხვევა „განსაკუთრებულია“ და პარალელების გავლება უადგილოა. კოსოვოს პრეცედენტს დღეს უკრაინის სიტუაცია დაემატა – ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, თუმცა რადგანაც ისინი ჯერ-ჯერობით არცერთი გაეროს წევრი სახელმწიფოსაგან აღიარებულნი არ არიან, შესაბამისად, მათზე საუბარი აქტიურად არ მიდის.

აი, რაც შეეხება კოსოვოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთშედარებებს, რუსი საერთაშორისო სამართალმცოდნეები მასში ბევრ პარალელს ხედავენ. „რასაკვირველია, ზუსტი სარკისებრი ასახვა პოლიტიკაში და ისტორიაში არ ხდება, მაგრამ არიან ერთმანეთის ძალიან მსგავსი ფაქტები“, – ამბობს სახელმ.სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსი არბატოვი, რომელიც ოთხ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: ა) ორივე შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოვიდა; ბ) ორივე მხარე არღვევდა ადამიანის უფლებებს; გ) ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა გარედან ჩარევა; დ) დამოუკიდებლობის ფორმალურ გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ფაქტობრივი დამოუკიდებლობა, სამართლებრივი სტატუსის გაურკვევლობა და წარუმატებელი მოლაპარაკებები.

„კოსოვოს გამოყოფას სერბეთისაგან თან ახლდა სისხლიანი მოვლენები. შესაძლოა, დასავლელი პოლიტიკოსები კეთილი განზრახვით მოქმედებდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რცება: კოსოვოს პრეცედენტის დაშვებამ სათავე დაუდო საზღვრების იძულებით გადახედვის პროცესს. სხვა ქვეყნებმა ეს პრეცედენტი სამოქმედოდო აირეს და დასავლეთის კრიტიკასტან ერთად, იგივე გზით წავიდნენ“, – ამბობს ევროპული უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ტატიანა პარხალინა.

„რუსეთის ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა: მსოფლიო თანამეგობრობამ მოსკოვის აზრს ანგარიში არ გაუწია, ცალმხრივი პოზიცია დაიკავა და, შესაბამისად, თუ რუსეთის აზრს არ ითვალისწინებენ, არც რუსეთი გაითვალისწინებს დასავლეთის აზრს“, – კონტატირებას ახდენს ალექსი არბატოვი.

Comments are closed