globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Би-Би-Си – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

«Красная звезда» (რუსეთი): რეფერენდუმის ნაცვლად – ყრილობა // აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზებას აგრძელებს

———————-

«Би-Би-Си – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 22 ივლისი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/features-36859537

პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა ეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი პანკისის ხეობაში ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ. მასში ყურადღება ეთმობა აგრეთვე „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს, აწ უკვე დაღუპულ აბუ-ომარ ალ-შიშანს, იგივე თარხან ბათირაშვილს, რომელიც წარმოშობით სწორედ პანკისის ხეობიდანაა (ავტორები – ნინა ახმეტელი და თემურ კიღურაძე).

ვიდეოსიუჟეტში ჟურნალისტები ვრცლად საუბრობენ პანკისის ხეობაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე, ადგილობრივი ახალგაზრდების მიგრაციაზე სირიაში და ესაუბრებიან თარხან ბათირაშვილის მამას – თემურ ბათირაშვილს.

„თბილისიდან პანკისის ხეობამდე სამი საათის სავალია. გზა კახეთზე – საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონზე გადის, მაგრამ კახეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ღვინოზე მოთხოვნილება არ არის. პანკისის ხეობის ძირითად მოსახლეობას მუსულმანები შეადგენენ. ქისტები – ასე ეძახიან ქართველები რამდენიმე საუკუნის წინათ პანკისში ჩამოსახლებულ ჩეჩნებს. როგორც კი ხეობაში შეხვალ, უცებვე შენიშნავ განსხვავებას კახეთის სხვა სოფლების მოსახლეობისაგან, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხრეთში ცხოვრობენ: „უცხო ავტომანქანებს პანკისში ეჭვიანი თვალით უმზერენ, ქუჩებში ძირითადად თავშალმოხვეულ ქალებს და წვერმოშვებულ მამაკაცებს შეხვდებით“, – ნათქვამია ვიდეორეპორტაჟში.

„რამდენი ქართველი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, ზუსტი ციფრი არ არსებობს. ზოგიერთი მონაცემით, ათეულობით პანკისელი და აჭარელი მუსულმანია სირიაში წასული. მოკლულია უკვე 20-მდე პანკისელი. თუმცა, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ (და მათ ნათქვამს ხელისუფლებაც ეთანხმება) ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში ახალგაზრდების გადინება თითქმის შეწყდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის გარეთ მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის გამო სასჯელი გაამკაცრა. დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანიც, მათ შორის პანკისელებიც“, – ამბობს ჟურნალისტი ვიდეოსიუჟეტში.

მასალის ძირითადი ნაწილი, როგორც ზემოთ თქვით, თარხან ბათირაშვილს ეძღვნება – მის ბიოგრაფიას, სამხედრო კარიერას (როგორც საქართველოს არმიაში, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში) და მისი სიკვდილის გარემოებებს.

„თარხან ბათირაშვილი სოფელ ბირკიანიდან არის, იქვე ცხოვრობს მისი უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილიც, მაგრამ მისი სახლის კარი ახლა ჟურნალისტებისათვის დახურულია. სამძიმარზე მოსული ნათესავები ცდილობენ, რომ ტელეკამერები ეზომდეც კი არ მიუშვან. სამაგიეროდ, თავისუფლად მისვლა შეიძლება და საუბარი თარხანის მამასთან – თემურთან: „მე ქრისტიანი ვარ, მუსულმანებს კი ქრისტიანთან სამძიმარზე მისვლა ეკრძალებათ. თარხანი, თავისი ძმასავით, მუსულმანი გახდა“, – გულმოკლული ამბობს ჟურნალისტთან საუბარში თემურ ბათირაშვილი. იგი შვილების ბედში საკუთარ თავს ადანაშაულებს: „როგორც აღმოჩნდა, მე ჩემს შვილებს არ ვიცნობდი. თარხანმა სკოლა დაამთავრა, იმავდღეს არმიაში წავიდა, მე კი სულ რუსეთში ვმუშაობდი, ოჯახს რომ საარსებო პირობები ჰქონოდა, ყურადღებას ვერ ვაქცევდი. მიხაროდა, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა, შემდეგ კი როცა მისი სამხედრო კარიერა წინ მიდიოდა“, – ამბობს თემურ ბათირაშვილი და იხსენებს, რომ თარხანისათვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მისი დაპატიმრება, თანაც რისთვის – იარაღის შენახვის გამო… საპყრობილედან რომ გამოვიდა, ნორმალური სამსახური ვერსად ვერ იპოვა: „ჩემი შვილი საქართველოს მაშინდელმა (მიხეილ სააკაშვილის) ხელისუფლებამ დაღუპა. განა საქართველოს გულადი და გამოცდილი მეომრები არ ჭირდება? ახლა თარხანის სიკვდილით „ნაციონალები“ და რუსები გაიხარებენ“, – ამბობს თემურ ბათირაშვილი.

ვრცელ ვიდეოსიუჟეტში გადმოცემულია აგრეთვე კიდევ ერთი ისტორია – ჯოყოლოელი ლეილა აჩიშვილის შვილების შესახებ. ლეილა ბიზნესმენია. მან ორი ვაჟი პანკისში გაზარდა, სკოლა დაამთავრებინა და ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნა, შვილები კი, დედისათვის მოულოდნელად, სირიაში წავიდნენ. „მე ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, – ხმაგაბზარულულად ამბობს ლეილა, – მაგრამ ჩემი ვაჟები სირიაში აღმოჩნდნენ“.  ლეილამ მოახერხა და 2013 წელს, შვილების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, სირიაში ჩავიდა, შეხვდა თარხან ბათირაშვილსაც… „მე ჩემს შვილს შევეკითხე – აქ რა გინდა, რისთვის იბრძვი-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ბაშარ ასადი უნდა დავამხოთო. ვეუბნებოდი, აქ ამდენი სირიელია, თავიანთი პრეზიდენტის ბედს თვითონ გადაწყვეტენ-მეთქი, მაგრამ არაო, ყურანში წერია, რომ შარიათი ჩვენ უნდა დავამყაროთო. ვერ დავითანხმე წამოსვლაზე“. საქართველოში დაბრუნებიდან მეოთხე დღეს ლეილამ ვაჟის დაღუპვის ცნობა მიიღო. „ორივენი ერთ წელს დაიღუპნენ – აგვისტოში უფროსი შვილი, სექტემბერში – უმცროსი… მხოლოდ ფოტოსურათებიღა დამრჩა“, – ამბობს ლეილა, რომელმაც იპოვა ძალა ცხოვრებისა და სიცოცხლის გასაგრძელებლად. მას ხანდაზმული მშობლები და ქალიშვილი ჰყავს, ექვსი შვილიშვილის ნახვის იმედიც აქვს, [რომლებიც ევროპიდან საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ]. ბიზნესის საქმე არასახარბიელოდ მიდის – პანკისი ხეობას ცუდი რეპუტაცია აქვს იმისთვის, რომ ტურისტები ჩავიდნენ და ლეილას სასტუმროში იცხოვრონ. „გასულ წელს, პრაქტიკულად, არავინ არ ყოფილა. წელს დამირეკეს, ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან უსაფრთხო სიტუაციაა, არანაირი პრობლემა არ არის-მეთქი, მაგრამ მაინც ჰქგონიათ, რომ აქ ტერორისტები ცხოვრობენ“, – ამბობს ლეილა.

«Красная звезда» (რუსეთი), 22 ივლისი, 2016 წელი

http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/29728-vmesto-referenduma-skhod

რეფერენდუმის ნაცვლად – ყრილობა

აფხაზური ოპოზიციის ლიდერები რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზებას აგრძელებენ

„აფხაზეთის რესპუბლიკაში რთული პროცესები მიმდინარეობს. პარლამენტში პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას ნდობის საკითხის განხილვა კვლავ გადაიდო, ამჯერად უკვე 27 ივლისისათვის. ასეთი გადაწუყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტ რეაულ ხაჯიმბას თხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელსაც თვითონ სურს მონაწილეობის მიღება პარლამენტის სხდომაში. ოპოზიციის ლიდერებმა, ნდობის ვოტუმის განხილვის გადადების საპასუხოდ, საერთო-ეროვნული ყრილობის ჩატარებისთვის მზადება დაიწყეს. მათ მიაჩნიათ, რომ ყრილობის ჩატარება ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ „სახელმწიფო ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს“. თუმცა ყველასათვის აშკარაა, რომ ოპოზიცია თავისი მოქმედებით („ქუჩიდან ზეწოლით ხელისუფლებაზე) ამ კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს“, – ნაქთქვამია სტატიაში (ავტორი – მარია ტომილენკო).

პუბლიკაციაში მიმოხილულია აგრეთვე აფხაზეთში პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩაშლის საკითხიც: რეფერენდუმი, რომლის ინიციატორიც ოპოზიცია იყო, პრაქტიკულად ჩაიშალა, რადგან მასში მოსახლეობის აბსოლუტურად მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, ანუ ოპოზიციამ მარცხი განიცადა, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომლის გადადგომასაც ოპოზიციონერები (ძირითადად პარტია „ამცახარას“ წევრები) ესოდენ ესწრაფოდნენ, თავის თანამდებობაზე დარჩა. თუმცა ოპოზიციამ თავისი ქმედებით მაინც გარკვეული ზიანი მიაყენა რესპუბლიკის სტაბილურობას – ავტორს მხედველობაში აქვს 2016 წლის 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენები, როცა „ამცახარას“ წევრებმა სოხუმში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, რასაც შეხლა-შემოხლა და უწესრიგოებები მოჰყვა.

დამკვირვებლების აზრით, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიმდინარე თვის დაძაბულ დღეებში აწონილ-დაწონილად მოქმედებდა და საკმაოდ კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგებით არავის არ გაუმარჯვნია: „ამ დრეებში გამარჯვებული არცერთი მხარე არ არის – არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ქვეყნის იმიჯს ზიანი მივაყენეთ“.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მიტინგებში დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რეფერენდუმზე ხმის მისაცემად კი მხოლოდ 1627 მოქალაქე მივიდა: „როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ფული გავანიავეთ, რადგან შედეგი არ გვაქვს“, – განაცხადა აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ.

Comments are closed