globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 22nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ პოლ ქრეგოსთან: „აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს“ // „როცა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი  თბილისში ჩამოვა, ჰკითხეთ, თუ რატომ მცირდება ბიუჯეტი ასე დრამატულად“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ბანერი ავტობანიდან 300–400 მეტრში დგას“ // „ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და „საზღვარს“ ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა?“

«Новое время» (უკრაინა): საქართველო და ბელარუსი // რას მოაწერა ხელი პეტრო პოროშენკომ და როგორი უნდა იყოს კიევის დამოკიდებულება თბილისთან და მინსკთან

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-paul-crego/3953897.html

ინტერვიუ პოლ ქრეგოსთან: „შშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს“ // „როცა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თბილისში ჩამოვა, ჰკითხეთ, თუ რატომ მცირდება ბიუჯეტი ასე დრამატულად“

ია მეურმიშვილი

(შემოკლებით)

ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ ოქტომბრამდე უნდა განიხილოს და მიიღოს. პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ამერიკის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები და დრამატულად მცირდება სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაშიც საერთაშორისო დახმარებების სააგენტოებიც შედის.

მიიღებს თუ არა კონგრესი ამ კანონპროექტს და როგორ შეიძლება აისახოს ეს ბიუჯეტი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე? ამ თემებზე კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარს, დოქტორ პოლ ქრეგოს ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოს 1970-ანი წლებიდან სწავლობს.

(…)

- წელს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში ზოგიერთი სააგენტოს დაფინანსება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგალითად, დაახლოებით 30 პროცენტით უმცირდება ბიუჯეტი. რას ფიქრობთ ამაზე?

- ჩვენი საუბრის კონტქსტში ყველაზე მნიშვნელოვან ის არის, რომ ეს ბუჯეტი სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას დრამტულად კვეცავს. ის საგარეო დახმარებების პროგრამების დაფინანსებას, მსოფლიოს მასშტაბით 20-30-40%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი პროგრამა, რომელიც ამ თანხებზეა დამოკიდებული, ან დაიხურება, ან მათ დაფინანსების სხვა წყაროები უნდა იპოვონ.

- თქვენ საქართველოს დიდი ხანია სწავლობთ…

- დიახ! საქართველოს შესწავლა 40 წლის წინ დავიწყე.

- ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, რა შედეგს მოიტანს ის საქართველოსთვის?

- 2016 და 2018 წლის ბიუჯეტები რომ შევადაროთ, რაშიც სამხედრო დახმარება არ შედის…

- სამხედრო დახმარების თანხა, ალბათ, თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან გამოვა და არა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან…

- დიახ. სამწუხაროდ სამხედრო დახმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. როცა ქვეყანას სამხედრო დახმარებას ვაძლევთ, ეს თანხები ამერიკულ კონტრაქტორებთან უნდა დაიხარჯოს. 2016 წელს არასამხედრო დახმარება $50 მილიონი იყო. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეს თანხა 34 მილიონია. გასაკვირია ის, რომ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს ამ დრომდე არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა მისი სააგენტოსთვის ბიუჯეტის ასეთ შემცირებას. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის საკუთარ დეპარტამენტს არ იცავს.

იმის ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ როგორ იხარჯება USAID-ის ფული, გეტყვით, რომ თელავში, არის პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ტექნიკურ განათლებას აწვდის. არ მგონია USAID დიდ თანხას ხარჯავდეს ამ პროგრამაში, მაგრამ მცირედი დახმარების მოკლებაც კი მასზე დიდ უარყოფით გავლენას იქონიებს.

- ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი თვის ბოლოს საქართველოში ჩავა..

- მოკლე ვიზიტით.

- დიახ, ვიზიტი მოკლეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი აზრით, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ ვიზიტიდან?

- გამომდინარე იქიდან, რომ ის თბილისში ნატოს პროგრამის ფარგლებში ჩადის, უნდა დავასკვნათ, რომ მთავარი აქცენტი სამხედრო თანამშრომლობაზე გაკეთდება. ის საქართველოზე ბევრ კარგ რამეს იტყვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. იმედი მაქვს, რომ ქართველები მას ამ თანხებზე დაელაპარაკებიან და ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს ასეთი შეკვეცა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის განხილვაში კონგრესში საქართველოს მეგობრები ჩაერევიან, ეს თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ბიუჯეტის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. ჩვენმა თავდაცვის მდივანმაც კი თქვა, რომ საერთაშორისო დახმარების შემცირება თავდაცვის ხარჯების გაზრდას გამოიწვევს იმიტომ, რომ დიპლომატიის და ხალხთაშორისი ურთიერთობების დასუსტება სამხედრო ძალებს პრობლემებს შეუქმნის.

- ვიცე-პრეზიდენტთან ბიუჯეტზე საუბარი რამდენად გამართლებული იქნება ასეთი მაღალი დონის ვიზიტის დროს?

- ჩვეულებრივ არა. მაგრამ როცა კამერები და ჟურნალისტები გავლენ, მაშინ შეიძლება რაღაცის თქმა. საბედნიეროდ, საქართველოს ლიდერებმა ინგლისური ყველამ იცის და იმედი მაქვს ვინმე ჰკითხავს ვიცე-პრეზიდენტს, თუ რატომ იკვეცება ბიუჯეტი ასე დრამატულად. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დაბალ დონეზე ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენი კანონმდებლები საქართველოში ხშირად ჩადიან და ორ ქვეყანას შორის დიალოგი უწყვეტად ხორციელდება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/banner-and-a-highway/3954002.html

ბანერი ავტობანიდან 300–400 მეტრში დგას“ // „ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და საზღვარს ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა?

ნინო დალაქიშვილი

ოკუპაციის ზოლზე, რომელსაც ხშირად „ეგრეთ წოდებულს“ ვუწოდებთ, ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ამ ადგილებს მაინც არ ტოვებს. ზვიად ცოტნიაშვილის სახლი ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენში სოფლის განაპირასაა. მას მინდვრები აკრავს გარს, მინდვრებს კი რუსი მესაზღვრეების მიერ გამაგრებული სიმაღლეები ემიჯნება. თამარაშენი ბერშუეთს ესაზღვრება, სადაც რამდენიმე კვირის წინ ახალი ბანერები გაჩნდა. ზვიად ცოტნიაშვილი მეუღლესთან, დედასთან და ორი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ არ ეშინია და სახლს არასდროს მიატოვებს.

კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, გარდა 2008 წლის ომის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანისა, უწყლობამ დააზარალა. ოუპაციის ქვეშ მოყოლილი წყალსადენების გამო, მოსავლის მოყვანა აქ შეუძლებელი გახდა, რამაც საბოლოოდ გააღარიბა აქაური მოსახლეობა, რომელიც აგრარული მეურნეობით ირჩენდა თავს. ზვიად ცოტნიაშვილი ჩვენთან საუბრისას სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: „სადაც ბარიერია, იმის ქვემოთ ჩამოვიდნენ კიდევ რუსები, ტრაქტორებით ხნული გაავლეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ალბათ, მერე ჩამოწევენ. ერთი 100 მეტრიღაა დარჩენილი, სადაც სარწყავი წყალი გამოდის. წაგვართმევენ, ალბათ… ხშირად ჩამოდიან ეს მესაზღვრეები. პატრონი არ გვყავს, ყურადღებას არავინ გვაქცევს, რომ მოვიდეს და თავი შეიწუხოს, მაგრამ რომც შეიწუხოს, მაინც არაფერი გამოვა. იმიტომ არ გამოვა, რომ ვერ მოვერევით, რუსეთს ვებრძვით და როგორ მოვერევით. აგერ ჩამოდიან, ხალხს იტაცებენ, როგორც ხბოებს. ჯარიმა 100 ლარია, პლუს 10 დღე ტყვეობაში ჰყავთ ცხინვალში, ვისაც გაიტაცებენ, იმ ჯარისკაცს კიდევ შვებულება აქვს, მადლობასაც უხდიან“.

წყალსადენების გარდა, ოკუპაციის ქვეშ ნავთობსადენიც მოჰყვა. ბაქო–სუფსას ტერმინალი 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანთან ხელმისაწვდომი უკვე აღარ იყო. „მცოცავი ოკუპაციის“ გამო კი ამ ნავთობსადენის კიდევ უფრო დიდი მონაკვეთი დაიკარგა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას წარმომადგენელი გია გოჭოშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ახლა უკვე ამ მონაკვეთზეც შეუძლებელია მილსადენთან მიახლოვება: „ნავთობსადენის რაღაც მონაკვეთი ოკუპაციის ზონაშია და ჩვენი ცხენოსანი პატრული ვერ აკონტროლებს. ჩობალაურის ბოლოს, ავტობანის ჩრდილოეთ მხარეს, ყველაზე ახლოს დგას ბანერი, ავტობანიდან 300–400 მეტრში“.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს: „ოკუპაცია და მცდელობა იმისა, რომ „საზღვარი“ გაავლონ იქ, სადაც საბჭოთა კავშირის რუკებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია იყო მონიშნული, რასაკვირველია, საფრთხის ქვეშ აგდებს მილსადენს. პირდაპირ აქცევს კიდეც „საზღვრის“ მიღმა. ჩვენ რუსეთს ვერ დავუწყებთ ომს ამის გამო, მაგრამ, ალბათ საჭირო იქნება, შემოვლითი პატარა ხაზი აშენდეს ამ მიმართულებით. როგორც გამოსავალი, ქართულმა მხარემ თავის დროზე ეს ასე დასახა. რამდენიმე წლის წინაც იყო ამაზე საუბარი. რუსები პირველად ხომ აკეთებენ ასეთ სისაძაგლეებს ჩვენს ტერიტორიაზე. მაშინაც, როდესაც დაისვა საკითხი, გამოსავლად მიჩნეული იქნა შემოვლითი პატარა გზის აშენება, რომ ამ ადგილს, სადაც რუსები ასე თავხედურად გვივლებენ ბარიერებს, გვერდი ავუაროთ. ჩვენ ამ მილსადენის დატვირთვიდან გამომდინარე, გარკვეული შემოსავლები გვაქვს ბიუჯეტში“.

ლიანა ჯერვალიძე ჩვენთან საუბრისას მილსადენის გამოყენებით რუსეთის მხრიდან პოლიტიკური წნეხის შესახებ ამახვილებს ყურადღებას: „პროდასავლური ორიენტაციის წინააღმდეგაა ეს ყველაფერი მიმართული. ფსიქოლოგიური მომენტია – გადმოწევენ საზღვარს და უყურებენ საზოგადოების რეაქციას: გამოდმოვწიეთ საზღვარი და ახლა რა? რეაქცია რა არის მთავრობის მხრიდან – მთავრობა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩააყენებს საქმის კურსში. ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და „საზღვარს“ ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა? ეს წმინდა ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ დააკნინონ დასავლური მიმართულების ძალები საქართველოში და გამოიწვიონ საზოგადოების ფრუსტრაცია“.

ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ მათ ტერიტორიაზე რაკი ნავთობსადენი გადის, ამით უნდა ისარგებლონ და მიიღონ ან ნავთობი ან ფული. ამ ეტაპზე ნავთობსადენი კვლავ საერთაშორისო ნავთობ–კონსორციუმის საკუთრებაში რჩება, რომლის მენეჯმენტს კონსორციუმის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი კომპანია BP ახორციელებს. ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე 375 კილომეტრის სიგრძეზეა წარმოდგენილი და ამჟამად 40 პროცენტითაა დატვირთული.

რაც შეეხება საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენს, ამ ეტაპზე ოკუპაციის ზოლი არ შეხებია, თუმცა დაზღვევული, ამ თვალსაზრისით, არაფერია.

«Новое время» (უკრაინა), 21 ივლისი, 2017 წელი

http://nv.ua/ukr/opinion/ogryzko/gruzija-ta-bilorus-shcho-pidpisav-poroshenko-1518109.html

საქართველო და ბელარუსი

რას მოაწერა ხელი პეტრო პოროშენკომ და როგორი უნდა იყოს კიევის დამოკიდებულება თბილისთან და მინსკთან

ვლადიმერ ოგრიზკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2009 წლებში

——-

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა უკრაინისა და საქართველოს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ორივე ქვეყნის საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა. როგორც საქართველოს, ისევე უკრაინააც მიზნად აქვს დასახული ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ის საკვანძო მიმართულება, რომელიც ღრმა დასავლური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმა, რომელიც ორივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს, პრაქტიკულად ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, თითოეულს თავისი ეროვნული თავისებურება და მზადყოფნის დონე აქვს, მაგრამ საერთო მიზნების არსებობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიევმა და თბილისმა არამხოლოდ ითანამშრომლონ, არამედ ძალისხმევის სინქრონიზებაც მოახდინონ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. ამიტომაც დეკლარაციას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ორივე ქვეყანამ სამომავლო ურთიერთობის მაღალი დონე დააფიქსირა. ერთადერთი, რომ ეს მხოლოდ ლოზუნგად არ დარჩეს, საჭიროა ყოველდღიური მუშაობა მისი რეალიზებისათვის. სწორედ ამ შემთხვევაში ექნება დეკლარაციას სინერგიული ეფექტი და შედეგი.

რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნით?

შედეგის მისაღწევად სხვადასხვა სფეროებში ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის მიმართულებებს უნდა გადავხედოთ. პოლიტიკურ ნაწილში ძალიან ბევრი შიდა სამუშაოებია შესასრულებელი როგორც უკრაინულ, ასევე ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ორივეს გვსურს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ იმავდროულად ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს. აი, ამ დროს შეგვიძლია მაქსიმალური ურთიერთქმედება, დაწყებული კორუფციასთან ბრძოლით, დამთავრებული პოლიტიკური სიტემის მოდერნიზაციით. ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების მიერ ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებებში თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრ საკითხს ვნახავთ, რაშიც ჩვენ თანამშრომლობა, ერთობლივად მუშაობა და მათი გადაწყვეტა შეგვიძლია.

ეკონომიკას რაც შეეხება, აქაც სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ საქართველოსთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგვიძლია, განსაკუთრებით კი ტრანსპორტის სფეროში – საბოლოოდ უნდა გავდოთ მტკიცე საზღვაო ხიდი ერთმანეთთან, რომელიც ორივე მხარეს მაქსიმალურ მოგებას მისცემს. ეს ხიდი უნდა აიგოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე, დისკრიმინაციის გარეშე და ევროკავშირის სტანდარტების დონეზე.

აღარაფერს ვამბობ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სადაც ჩვენ ამოუწურავი შესაძლებლობები გვაქვს: ორივე ქვეყნის არმიები ხომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, შესაბამისად, უნდა ვისარგებლოთ ერთმანეთის გამოცდილება-ძალისხმევით, რათა შეიარაღებულმა ძალებმა საჭირო სტანდარტს მიაღწიონ.

მოკლედ, საქართველოსთან თანამშრომლობის ყოველი დარგი უამრავ კონკრეტულ საკითხს მოიცავს, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ.

——

რაც შეეხება უკრაინაში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, აქაც ერთი უბრალო ჭეშმარიტება უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენს ქვეყანას თავის ყველა მეზობელთან საუკეთესო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ცუდია, რომ ჩვენ ერთი ისეთი მეზობელი-აგრესორი გვყავს – რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც ურთიერთობა არ გვარდება, მისი ცივილიზებული ველურობის გამო. თუმცა ეს მათი პრობლემაა. როდის დაუბრუნდება რუსეთი ცივილიზაციას, როგორც ჩანს, ჯერ არავინ არ იცის, ამიტომაც  მოსკოვის მიმართ გამონაკლისი უნდა დავუშვათ: [მასთან საუკეთესო ურთიერთობები ვერ გვექნება].

მაგრამ სხვა ქვეყნებთან მიმართებით ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მათთან შეგვიძლია და უნდა გვქონდეს კიდეც ნორმალური დამოკიდებულება. ცხადია, ეს ეხება ბელარუსსაც, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბელარუსს დამოუკიდებელი როლის შესრულება  დღეს, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიევს მინსკთან კონტაქტები და დიალოგი არ ჰქონდეს, არაფერი რომ არ ვთქვათ საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტერესებზე. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ცნობილი სატრანსპორტო დერეფანი „ბალტიის ზღვა – შავი ზღვა“, რომელსაც ორმხრივი მომგებიანი ურთიერთობის გამოცოცხლება შეუძლია.

მოკლედ, ბელარუსთან მიმართებით მე მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებას ვხედავ. მოსკოვის დაუკითხავად მინსკი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში თითსაც ვერ გაანძრევს და შესაბამისად, ვერაფერს გააკეთებს.

Comments are closed