globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართველმა დივერსანტებმა „უკრაინული კვალი“ დატოვეს // ტერაქტი რუსეთ-სომხეთის გაზსადენზე აღკვეთილია

«Сегодня» (უკრაინა): მიხეილ სააკაშვილმა იცის, თუ ვინაა დამნაშავე უკრაინის ოლიმპიურ ჩავარდნაში // ოდესის ოლქის გუბერნატორისა და სპორტის მინისტრის დუელი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართველი სპორტსმენებისათვის „უკეთ, ვიდრე პეკინში“ არც რიოში არ გამოვიდა

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 აგვისტო, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3070397

ქართველმა დივერსანტებმა „უკრაინული კვალი“ დატოვეს

ტერაქტი რუსეთ-სომხეთის გაზსადენზე აღკვეთილია

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხუთი პიროვნება დააპატიმრა, რომლებთაც, გამოძიების ვერსიის მიხედვით, დაგეგმილი ჰქონდათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზსადენის „ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევნის“ აფეთქება. მათგან ორს შესაძლოა მოხალისე ქართველების იმ რაზმთან ჰქონდეს კავშირი, რომელიც დონბასში უკრაინის მხარეზე იბრძვის. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ხელისუფლების მიერ „უკრაინის თემის“ აქცენტირებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – გიორგი დვალი და კრილ კრივოშეევი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის სავლე მოთიაშვილის მიერ გამართული ბრიფინგი, რომლის დროსაც მან ჟურნალისტებს მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის აღკვეთის შესახებ აცნობა. მისი თქმით, ქართული სპეცსამსახურები რამდენიმე თვის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ. ისინი 20 აგვისტოს სოფელ საგურამოსთან სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა საიდუმლო სამალავიდან ასაფეთქებელ ნივთიერებასა და მოწყობილობას იღებდნენ გაზსადენის ასაფეთქებლად.

საქმე ეხება იმ ერთ-ერთ საიდუმლო საცავს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების შესაბამისად, 2008-2009 წლებში ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში შეიქმნა, რუსეთის სავარაუდო ახალი თავდასხმის მოსაგერიებლად. გამოძიებას აქვს მონაცემები, რომლის თანახმად, სამალავის არსებობის თაობაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილებს „ქართული არმიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შეატყობინა“, რომელიც ამჟამად უკრაინაში „თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის“. გარდა ამისა, „კომერსანტის“ მონაცემებით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები ნაციონალისტური ორგანიზაციის „კავკასიური სახლის“ წევრები არიან (ლოზუნგი: „რუსეთისაგან თავისუფალი და განუყოფელი კავკასია“).

საინტერესოა, რომ გუშინ, 22 აგვისტოს, უკრაინაში კიევის ხელისუფლების მხარეზე მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ ერთ-ერთმა წევრმა ვანო ნადირაძემ ფეისბუქში გამოაქვეყნა, რომ საქართველოში „ირაკლი ბაგიშვილი და ზებო დააკავეს, რომლებიც უკრაინაში გვეხმარებოდნენო“. ირაკლი ბაგიშვილის ახლობლების ტქმით, იგი მართლაც ეხმარებოდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და მათ თბილ ტანსაცმელს უგზავნიდა. შესაბამისად, იგი ქართული სპეცსამსახურების დაკვირვების ობიექტი იყო და მისგან ამ საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდნენ. სხვათა შორის, „კომერსანტი“ დაუკავშირდა ვანო ნადირაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავებულებს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ, „მათ ხელში ავტომატიც არ სჭერიათ, ძირითადად კომპიუტერთან ისხდნენ, მხოლოდ ტანსაცმელს და ქართულ დროშებს გვიგზავნიდნენო“.

როგორც პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, „პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ ბრძანება [ტერაქტის მოწყობის] თაობაზე უკრაინიდან იქნა გაცემული, არ არსებობს, თუმცა კითხვები ჩნდება“. ექსპერტის აზრით, სტრატეგიულ გაზსადენზე დაგეგმილი ტერორისტული აქტი, ალბათ, მიზნად ისახავდა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დისკრედიტირებას, რომელსაც თითქოსდა არ ძალუძს მნიშვნელოვანი კომუნაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. „ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ დაგეგმილი ტერაქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ყოფილიყო კავშირში“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ქართული ოპოზიცია, მომხდარი ამბების ფონზე, „უკრაინული თემაზე“ აქცენტირებას ხელისუფლების წინასწარგანზრახულ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს. „უკრაინის მოხსენიება იმას მოწმობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს საკმაოდ უცნაური ისტორია რვა ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების წინ  პოლიტიკური პროვოკაციისთვის გამოიყენოს“, – განუცხადა „კომერსანტს“ პარლამენეტის წევრმა, „ნაციონალმა“ დავით დარჩიაშვილმა, – ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი, ცილისმწამებლურია და სულ მალე ამაში ყველა დარწმუნდება“. მსგავსი თვალსაზრისი აქვს „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლს ვანო ნადირაძესაც: „ასეთი სენსაციები საპარლამენტო არჩევნების წინ მხოლოდ ხელისუფლებას ჭირდება. მით უმეტეს, რომ გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მათ უკვე იციან, რომ დამარცხდებიან“.

«Сегодня» (უკრაინა), 22 აგვისტო, 2016 წელი

http://www.segodnya.ua/ukraine/saakashvili-rezultaty-ukrainskih-olimpiycev-katastroficheskie–744971.html

მიხეილ სააკაშვილმა იცის, თუ ვინაა დამნაშავე უკრაინის ოლიმპიურ ჩავარდნაში

ოდესის ოლქის გუბერნატორისა და სპორტის მინისტრის დუელი

უკრაინის მასმედია ირონიულ კომენტარს უკეთებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინელი სპორტსმენების მიღწევებს ეხება.

„ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამ ზაფხულს შრომისა და ბრძოლისაგან დამაშვრალს ჩაეძინა, უცებ გამოფხიზლდა და გაახსენდა, რომ იგი ოპოზიციონერია. მიიხედ-მოიხედა, დაინახა, რომ ოლიმპიური თამაშები დამთავრებულია და უკრაინელი სპორტსმენების შედეგებით დაინტერესდა.

შედეგები კი მართალაც სატირელია: სულ 11 მედალი, გუნდურ ჩათვლაში 31-ე ადგილი, ანუ ყველაზე ცუდი მიღწევები უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში, თანაც იმ დროს, როცა ქვეყნის 25-წლიანი იუბილე ახლოვდება. ამ დროს მიხომ, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით დაღლილი დროებით ისვენებდა, გადაწყვიტა, საზოგადოებისათვის თავი გაეხსენებინა და ახალი მსხვერპლი იპოვა – სპორტის მინისტრის იგორ ჟდანოვის სახით და მისი გადადგომა მოითხოვა: გუბერნატორმის თქმით, ყველაფერში მინისტრია დამნაშავე, იგი უნდა გადადგეს, რადგან მედლების რაოდენობის მიხედვით უკრაინას კენიამ და იამაიკამაც კი აჯობაო. მეტი დამარწმუნებლობისათვის დაამატა: „საქართველომაც კი, რომელიც უკრაინაზე ათჯერ მცირეა, თითქმის იგივე რაოდენობის მედლები მოიპოვა“. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ირიბად, მაგრამ მაინც შეაქო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც მის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რასაკვირველია, იგორ ჟდანოვი არსენ ავაქოვი არ არის და ამიტომ მას მიხეილ სააკაშვილზე როგორც „უკრაინაში ჩამოთრეულზე“ აქცენტი არ გაუკეთებია, თუმცა პასუხი ისე გასცა, როგორც ჩინოვნიკმა ჩინოვნიკს: „როგორ გაქვს მანდ, ოდესაში, ოლიმპიური სპორტის საქმე? საერთოდ კი, სანამ უკრაინის ოლიმპიურ ნაკრებს გააკრიტიკებდე, უმჯობესია ანგარიში ჩაგვაბარო, თუ რა გააკეთე შენდამი მინდობილ ოლქში სპორტის განვითარებისათვის, როგორ უწყობ ხელს სპორტსმენებს, რამდენი სპორტული ტექნიკა შეიძინე სკოლებისთვისო“… მინისტრმა გუბერნატორს ისიც გაახსენა, რომ მიხოს მმართველობის ბოლო წელს ოდესის ოლქში სპორტული ინფრასტრუქტურის 64 ობიექტი დაიხურა და საერთოდ, ოდესის ოლქზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ ომით განადგურებულ დონეცკშია.

———-

დამატებითი წყარო: http://strana.ua/articles/analysis/28503-novaya-otsrochka-ot-mvf-konec-olimpiady-i-bolshaya-zamena-poslov.html

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-at-the-rio-2016-summer-olympics/3474547.html

ქართველი სპორტსმენებისათვის „უკეთ, ვიდრე პეკინში არც რიოში არ გამოვიდა

ზაზა წულაძე

შვიდი სპორსტმენი, რომელმაც საქართველო რიოს ოლიმპიადაზე ასახელა ჯამში – 714 000 ლარს მიიღებს. ოლიმპიური ჩემპიონების, ძალოსანი ლაშა ტალახაძისა და მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საბანკო ანგარიშზე – 170-170 ათასი ლარი ჩაირიცხება. ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი – 102 ათასს ლარს მიიღებს. 68 ათასი ლარი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელებს: ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს, ძალოსან ირაკლი თურმანიძესა და მოჭიდავეებს შმაგი ბოლქვაძესა და გენო პეტრიაშვილს გადაეცემათ.

რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე 207 ქვეყანას შორის მედლის აღება მხოლოდ 87-მა მოახერხა. სუპერსაუკეთესო შედეგი ამერიკელებმა აჩვენეს – 121 მედალი, აქედან 46 ოქროსი; მეორე ადგილზე – ბრიტანელები გავიდნენ – 67 მედალი – 27 ოქროსი. მესამე პოზიცია 70 მედლით – 26 ოქრო, ჩინეთს ერგო. ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით საქართველომ, არაოფიციალურ ჩათვლაში, 38-ე ადგილი დაიკავა და ამ მაჩვენებლით აჯობა აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს.

ჩვენი ოლიმპიური ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი, უდაოდ, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ აჩვენა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მსოფლიო რეკორდის დამყარებით მოიპოვა. 22 წლის ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ ტიტულის დაცვას ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზეც შეეცდება: „ყველაფერს გავაკეთებ იმითვის, რომ ეს ტიტული შევინარჩუნო და შემდეგ, ოლიმპიადებზე კიდევ მივიღო მონაწილეობა. არ გავჩერდები, ვაგრძელებ აქტიურ სპორტულ კარიერას და უფრო მეტ მონდომებსა და შრომას ჩავდებ, რომ ეს ტიტული შევინარჩუნო“.

ჰქონდა თუ არა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგის – სამი ოქროს და სამი ბრინჯაოს, გაუმჯობესების რეზერვი?

სპორტის ექსპერტთა და სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობდა, თუმცა ძიუდოსა და ჭიდაობაში ჩავარდნამ, საქართველოს სულ მცირე ორი-სამი მედალი მოაკლო. ძიუდოს სამყაროში ნამდვილ სენსაციად შეფასდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის უმედლოდ დარჩენა. ავთანდილ ჭრიკიშვილი, როგორც ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზე, ახლაც, ამერიკელ ტრევის სტივენსთან დამარცხდა. ბრინჯოს მედლისთვის ბრძოლა კი იაპონელ ნაგასესთან წააგო.

მიუხედავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედლისა, რიოს ოლიმპიადა, ზოგადად, მაინც წარუმატებლად შეიძლება შეფასდეს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის, როგორც მედლების ხარისხის, ისე, განსაკუთრებით, ჭიდაობის ხარისხის მხრივ. ჭიდაობა, რომელიც 1896 წლიდან არის ოლიმპიური სახეობა და 2013 წელს ბეწვზე გადარჩა ოლიმპიადიდან ამოღებას, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აშკარა კრიზისს განიცდის.

ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გურამ საღარაძე ამბობს:

„იმ წესებიდან გამომდინარე, რაც არის ჭიდაობაში ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჭიდაობა სანახაობრივად უფრო გაუმჯობესდეს და უკეთესი საყურებელი გახდეს. ძალიან მოსაწყენია. მე თავად მოჭიდავე ვარ და ვხედავ მხოლოდ მკლავებზე ჩამოკიდებას, ერთმანეთზე მიწოლას, მეტოქის გაფრთხილების მოლოდინს, მერე ჩობჯენი და იქ განა კიდევ სხვა რამის გაკეთება შეიძლება? იშვიათად კი შეიძლება ვნახოთ ის ბრწყინვალე საჭიდაო ილეთები, რომელსაც იყენებდნენ ავთადილ ქორიძე, გივი კარტოზია.. ლომების აღლუმი რომ იყო… მაგრამ სადღა არის? დაიკარგა ეს ყველაფერი“.

ძიუდოსა და ჭიდაობის ჩავარდნის ფონზე, რიოს ოლიმპიადაზე, ნამდვილი აღმოჩენა გახდა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელსაც ბრინჯაოს მედლამდე რამდენიმე წამი დააკლდა და რაც მთვარია, მისმა საოცარმა გამოსვლამ, საქართველოში ნიჩბოსნობის მიმართ ინტერესი ერთი ათად გაზარდა.

სამწუხაროდ, კურიოზული ინციდენტის გარეშე ქართველებისთვის არც რიო-დე-ჟანეიროს ოლიპიადას ჩაუვლია. ზედ ოლიმპიადის დაწყების წინ, დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო, საქართველოს ნაკრებს მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე გამოეთიშა, მის ნაცვლად რიოში ირაკლი რევიშვილი გამოვიდა. ათი დღის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა კი აჩვენა, რომ ირაკლი ბოლქვაძის სისხლში დოპინგი არ აღმოჩნდა და მას ოლიმპიური თამაშები უმიზეზოდ გამოატოვებინეს.

1996 წლის, ატლანტის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული, ეს იყო რიგით მეექვსე ოლიმპიადა, სადაც საქართველო დამოუკიდებელი გუნდით გამოვიდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ქართველებმა ოლიმპიადებზე: 8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 17 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მედლების ხარისხის მიხედვით, საქართველოსთვის საუკეთესო იყო პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა, სადაც ჩვენმა გუნდმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი აიღო. ყველაზე მეტი ოლიმპიელი კი – 40 სპორტსმენი რაოდენობრივად სწორედ რიოში გვყავდა.

————

საქართველოს ნაკრების მონაგარი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (1996-2016):

ატლანტა, 1996 – 34 ოლიმპიელი, 2 ბრინჯაო; სიდნეი, 2000 – 36 ოლიმპიელი, 6 ბრინჯაო; ათენი, 2004 – 32 ოლიმპიელი, 2 ოქრო, 2 ვერცხლი; პეკინი, 2008 – 35 ოლიმპიელი, 3 ოქრო, 3 ბრინჯაო; ლონდონი, 2012 – 35 ოლიმპიელი, 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო; რიო, 2016 – 40 ოლიმპიელი, 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

Comments are closed