globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 სექტემბერი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Экономика сегодня» (რუსეთი): ოპოზიციას ფორტუნა არ უღიმის: ქართველები ლარის კურსის ვარდნის გამო ქუჩაში პროტესტისათვის არ გავლენ

«Aachener Zeitung» (გერმანია): კავკასიის უცნობი მარგალიტი: საქართველოს დედაქალაქი თბილისი

«Кавказская политика» (რუსეთი): რუს ექიმებს შესაძლოა სამუშაო სამხრეთ ოსეთში შესთავაზონ

—————————

«Экономика сегодня» (რუსეთი), 23 სექტემბერი, 2015 წელი

http://rueconomics.ru/101402-fortuna-ne-ulyibnetsya-oppozitsii-padenie-lari-ne-zastavit-gruzin-vyiyti-na-ulitsyi/

ოპოზიციას ფორტუნა არ უღიმის: ქართველები ლარის კურსის ვარდნის გამო ქუჩაში პროტესტისათვის არ გავლენ

სტატიაში განხილულია საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის მდგომარეობა და მისი დევალვაციის ამსახველი ფაქტები, თვეების მიხედვით. მასში აღნიშნულია, რომ ლარმა ამ დღეებში მორიგი რეკორდი დაამყარა – ვალუტის კურსის დევალვაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან დაკავშირებით პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსი ფინანსური ექსპერტების კომენტარები (ავტორი – ნინა ვოსტროვა).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით, მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა – პანიკას არ აჰყვეთო და განაცხადა, რომ კურსი უახლოეს ხანში განმტკიცდებაო.

რუსეთის ინვეტჰოლდინგ „ფინამ“-ის ფინანსური ანალიტიკოსი თემურ ნიგმატულინი, ამბობს, იგი არ ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ოპტიმისტურ პროგნოზს: „ვალუტის დასუსტება – ეს ყველაზე მცირე ბოროტებაა იმასთან შედარებით, რაც ლარს დაემართება, თუ ხელისუფლება მის გამყარებას ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვების ხარჯვით დაიწყებს. ამ შემთხვევაში მარაგი სწრაფად ამოიწურება და დეფოლტის (უარი ვალების გადახდაზე) რისკი მოიმატებს… ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარაი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას, ესაა საქართველოს უახლოესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის კურსის დინამიკა. ამდენად, რადგან რუსული რუბლის, თურქული ლირის და სხვა ფულის ერთეულების კურსის ვარდნა ლარზე უშუალოდ მოქმედებს, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესის გაკონტროლება ძალიან გაუჭირდება და არაა გამორიცხული, ეს მისთვის შეუსრულებელი მისიაც კი იყოს“.

რუსული ჟურნალის „პრობლემი ნაციონალნოი სტრატეგიის“ („ეროვნული სტრატეგიის პრობლემების“) მთავარი რედაქტორის აჯარ კურდოვის აზრით, საქართველოში შექმნილი არამდგრადი ფინანსური სიტუაციით, უეჭველია, ოპოზიცია აუცილებლად ისარგებლებს, განსაკუთრებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები: „მართალია, დღეს ფინანსური სიტუაცია საქართველოში უფრო მშვიდია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ვალუტა სერიოზულად მერყეობს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ [ლარის მორიგი დევალვაცია] მოსახლეობისათვის ბოლო წვეთი გახდეს და „სიტუაცია აფეთქდეს“. ისიც უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა ზოგჯერ ხელოვნურად მწვავდება. თუ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის პარტია დაბრუნდება, ეს პრობლემას მხოლოდ გააღრმავებს. ამ პარტიას მოსახლეობამ წინა არჩევნებზე უნდობლობა გამოუცხადა, თუმცა ისინი უარს არ ამბობენ რევანშის აღებაზე, ყოველ მოვლენას მთავრობის მცდარი პოლიტიკის ასპექტში განიხილავენ და ფაქტების ინტერპრეტირებას თავისი ინტერესების სასარგებლოდ ახდენენ. ამის მიუხედავად, მათთვის მომგებიანი არ იქნება, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. ლარის კურსის ვარდნით საგარეო ვალის მომსახურება რთულდება, ქართველებს კი არ დავიწყნიათ, რომ ქვეყანამ ამდენი ვალები სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დააგროვა.

სამწუხაროდ, ფინანსური სიტუაციის გამოსწორების შანსები დიდი არ არის. მართალია, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში არ შედის, რომელთა წინააღმდეგ რუსეთმა კონტრსანქციები გამოაცხადა, მაგრამ რადგანაც მდგომარეობა თვით რუსეთშიც მთლად სახარბიელო არ არის, მოსახლეობა ყველანაირ ეკონომიას ეწევა, არ ყიდულობს პოპულარულ ქართულ ღვინოსაც კი, საქართველოში რუსეთიდან ფულის გადარიცხვა ძალიან შემცირდა. იგივე მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც. და თუ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდება, რუსეთისათვის ყველაზე ცუდი ვარიანტი ის იქნება, თუ ხელისუფლებაში ნაციონალისტები მოვლენ – ისეთები, რომელთა მოქმედების შედეგად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი დაიწყო. თუმცა მოვლენების მსგავსი სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა“, – ამბობს აჯარ კურდოვი.

«Aachener Zeitung» (გერმანია), 21 სექტემბერი, 2015 წელი

https://www.aachener-zeitung.de/ratgeber/reisen/unentdecktes-schmuckstueck-im-kaukasus-georgiens-hauptstadt-tiflis-1.1185443

კავკასიის უცნობი მარგალიტი: საქართველოს დედაქალაქი თბილისი

ფილიპ ლააგე

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანელი ტურისტები ქართველებისთვის თავს სასურველ სტუმრებად გრძნობენ. მესაზღვრე  პასპორტში შტამპს არტყამს, ერთი ბოთლი ქართული ღვინოთი გასაჩუქრებთ და გეუბნებათ – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“. არავითარი ზედმეტი კითხვები, დაბღვერილი და ეჭვიანი მზერა… შეგიძლიათ სტუმრად ერთი წელი დარჩეთ ვიზის გარეშე.

საქართველოს ევროკავშირში შესვლა სურს, რაც ერთი შეხედვითაც იგრძნობა. დღემდე გერმანელი ტურისტები საქართველოში წასვლას ერიდებიან. არადა, ვინც ერთ დღეს მაინც გაატარებს თბილისში, საკუთარ თავს ეკითხება: „სად ვიყავი აქამდე, რატომ არ მოვდიოდი?“

მიზეზი იმისა,რომ საქართველო შედარებით ნაკლებად აღიქმება ტურისტულ ქვეყნად, მისსავე ისტორიასა და წარსულში დევს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოში დამნაშავეობა და კორუფცია იყო გამეფებული 2008 წელს ქვეყანამ, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, რუსეთთან ხუთდღიანი კავკასიური ომი გადაიტანა, რამაც ქართველების დასავლური ლტოლვა კიდევ უფრო გააძლიერა. დღეს ტურისტი თბილისის აეროპორტიდან ქალაქში ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით მიჰქრის, დიდი ბანერიდან აშშ-ის პრეზიდენტი ხელს გვიქნევს და ღიმილს გვაყოლებს. ტაქსისტი გაზს უმატებს, თითქოსდა მას მომავალში აგვიანდება.

თბილისი საქართველოში მოგზაურობისათვის საწყისი პუნქტია. კარგი იქნება თუ აქ რამდენიმე დღეს გაატარებთ – ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველებმა მრავალი უცხოელი მმართველი გამოიცვალეს. მეხუთე საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს, რომელმაც თბილისი დააარსა და ქალაქად აქცია, ის რომის იმპერიაში შედიოდა. მეშვიდე საუკუნეში აქ არაბები ბატონობდნენ, შემდეგ კი სპარსელები და სელჯუკები. მოგვიანებით, ხორეზმელები, თემურიდები, შემდეგ თურქები და ისევ სპარსელები. 1799 წლიდან კი აქ ფეხი რუსეთმა შემოდგა, რომელიც საქართველოში [კავკასიაში] საბჭოთა კავშირის დაშლამდე დარჩა.

ისტორიულად თბილისი საქარავნო გზების კვანძი იყო, ქალაქი ცნობილ „აბრეშუმის დიდ გზაზე“ მდებარეობდა. მარკო პოლო მას აქებდა და წერდა, რომ თბილისს ირგვლივ შვიდი ციხე-სიმაგრე აკრავსო. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ნარიყალა, სპარსელების მიერ აშენებული, რომელიც ქალაქს ზემოდან დაჰყურებს. მტრების მიერ ნარიყალა ბევრჯერ იქნა დანგრეული და ისევ აღდგენილი. საბაგირო გზით ნარიყალასთან ავდივართ, იქვე იწყება ბოტანიკური ბაღი. თქვენ ნახავთ „ქართვლის დედის“ ქანდაკებას, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს მახვილი – მტრებისათვის და მარცხენაში ღვინის თასი – სტუმრებისათვის.

თბილისში სხვადასხვა კულტურების გავლენა იგრძნობა. დღეს იმ მოგზაურს, რომელსაც ცოტა რამ აქვს წაკითხული, ჰგონია, რომ ეს ადგილები თითქოსდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც უნახავს.

ქალაქის ძველ უბნებში თვალშისაცემია ეკლესიების სიმრავლე. ანჩისხატი – მეექვსე საუკუნის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია – ქალაქში ყველაზე ძველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიონის ტაძარი, სადაც საქართველოს საპატრიარქო მდებარეობს. ამბობენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია.

როცა ქვეყანას სპარსეთის შაჰი შემოესეოდა ხოლმე, იგი ეკლესიას მეჩეთად გადააქცევდა ხოლმე. მონღოლებმაც თავიანთი ბატონობის ჟამს, მდინარე მტკვარს ზემოთ მდებარე მეტეხის ტაძარი დაანგრიეს, რომელიც შემდგომ ისევ იქნა აღდგენილი.

თბილისის ისტორია შეიძლება განვიხილოთ როგორც მუდმივი ნგრევისა და აღდგენის ისტორიად. დაქვეითება და პროგრესი – აი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დინამიკა, რომელიც თბილისს ძალიან საინტერესო ქალაქად წარმოგვიდგენს.

(სტატიაში აღწერილია საქართველოს დედაქალაქის ძველი უბნები, მათი კოლორიტი, არქიტექტურა, ისტორიული ძეგლები… მაგალითად, სოლოლაკში – ბეთლემის ეკლესია, ავლაბარში – სამების ტაძარი, რომელიც „სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ საკულტო ნაგებობას წარმოადგენს“. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის ძველი უბნები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანადაა ნომინირებული).

„მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისათვის ბევრი რამ გააკეთა“, – ამბობს ლევან გიორგაძე, რომელიც ტურისტებს თავისუფლების მოედანზე ქალაქში ექსკურსიას სთავაზობს. ასეთი თვალსაზრისი აქვთ სხვა ქართველებსაც, იმის მიუხედავად, რომ ექს-პრეზიდენტს ბრალდებები აქვს წაყენებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. ამასთან, ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ „ის, ვინც დიდ ხანს არის პოლიტიკაში, ხშირად შეცდომების ჩადენას იწყებს“.

მთაწმინდაზე ფუნიკულორით ამსვლელებს, რომლებიც 274-მეტრიან სატელევიზიო ანძიდან თბილისს გადმოხედავენ, მიხვდებიან, რომ მოღრუბლულ ამინდში ქალაქი ძალიან მიმზიდველად არ გამოიყურება – შორს მოჩანს საბჭოურ ეპოქაში აგებული რუხი საცხოვრებელი კვარტლები. მთაწმინდაზევეა „ეშმაკის ბორბალი“ და მცირე სავაჭრო დახლები.

(პუბლიკაციაში ავტორი მკითხველებს აცნობს ქართული სამზარეულოს, კულინარიას – ხინკალს, ხაჭაპურს, ალკოჰოლურ სასმელებს და ა.შ.).

თბილისის სტუმარმა საღამოს აუცილებლად რუსთაველის გამზირზე უნდა გაისეირნოს, დატკბეს მისი მომხიბლაობითა და კოლორიტთ, უნდა ეწვიოს აბანოთუბანს და გოგირდის აბანოთი ისიამოვნოს. აქ ცხელი გოგირდოვანი წყალი მოედინება, რის გამოც თბილისს სახელი უწოდეს. ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მშვენიერ კაფეებში თქვენ თავს იტალიაში ან საფრანგეთში იგრძნობთ. იქნებ უკვე ევროპაშია საქართველო? აქაურ საცეკვაო მოედნებზე კი ზოგიერთს შეიძლება ბერლინში ან ბარსელონაში ყოფნა გაახსენდეს.

თუ ქალაქში ჩრდილოეთიდან გახვალთ, თვალშისაცემია საგზაო-სამარშრუტო ბანერი წარწერით – „თეირანამდე 1200 კილომეტრია“, ანუ ეს ნიშნავს, რომ აქედან ორ დღეში ირანის დედაქალაქში ჩასვლა შეგიძლიათ, აზიის შუაგულში. ბერლინამდე უფრო შორია – 3 ათასი კილომეტრი. თბილისი ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ რეგიონში მდებარეობს, რაც მას საინტერესოს ხდის.

სტატიის დასასრულს ავტორი მკითხველებს აცნობს, თუ როგორ და რა გზებით, რომელი ტრანსპორტით შეძლება თბილისში ჩასვლა (მიუნხენიდან „ლიუფტჰანზას“ თვითმფრინავებით პირდაპირი რეისით, ან ტრანზიტით სტამბოლიდან „თურქიშ ეირლაინზის“ რეისით), გერმანიის მოქალაქეებს ვიზს გარეშე საქართველოში ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ; მოგზაურობისათვის ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა, რადგან ზაფხული თბილისში ძალიან ცხელი იცის; არსებობს ნორმალური ჰოსტელები და მაღალი დონის სასტუმროები; თბილისში საფრთხე არ გემუქრებათ, უსაფრთხოების დონე მსხვილ ევროპული ქალაქების დონეს უტოლდება, დამნაშავეობა იშვიათია.

«Кавказская политика» (რუსეთი), 23 სექტემბერი, 2015 წელი

http://kavpolit.com/articles/hloponin-20096/

რუს ექიმებს შესაძლოა სამუშაო სამხრეთ ოსეთში შესთავაზონ

გუშინ, 22 სექტემბერს, მოსკოვში რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-14 სხდომა გაიმართა, რომელსაც თანათავმჯდომარეები – რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ხლოპონინი და სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი დომენტი ყულუმბეგოვი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ჩრდ.კავკასიის საქმეთა მინისტრი ლევ კუზნეცოვი, მისი მოადგილე ანდრეი რეზნიკოვი და ორივე ქვეყნის აღამმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სხდომის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ალექსანდრე ხლოპონინს „კავპოლიტის“ კორესპონდენტი ესაუბრა და კითხვები დაუსვა სამხრეთ ოსეთში სამედიცინო მომსახურების მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორია მისეული შეფასება იმ ფაქტებისა, როცა რესპუბლიკის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მიღებისათვის საქართველოში დადიან. გარდა ამისა, „კავპოლიტის“ კორესპონდენტი დაინტერესდა, აქვთ თუ არა რუსეთში სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს მუშაობის დაწყების შანსი სამხრეთ ოსეთში.. აი, რა განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა:

„ეს საკმაოდ ძველი და ცნობილი ისტორიაა, როცა სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში პოლიტიკა ერთვება ხოლმე, როცა მეზობელი ქვეყნები, ამ შემთხვევაში საქართველო, გარკვეულ ინსტრუმენტებს იყენებს – აძლევს კვაზიშეღავათებს და მათ რუსეთთან შედარებით უფრო მარალი დონის სამედიცინო მომსახურებას პირდება. მე ყოველთვის გამოვდივარ იმისთვის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით იყოს უზრუნველყოფილი. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, სადაც სურს, იქ იმკურნალოს. არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ სამხრეთ ოსეთში სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს მივაღწიეთ. ამ სფეროში ჩვენთან, რუსეთშიც კი, წინ არც თუ ისე სწრაფად მივდივართ. მაგრამ დღეს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დადებული შეთანხმების ჩარჩოებში შემუშავებულია საგზაო რუკა (სამოქმედო პროგრამა), რომელსაც რუსი და ოსი სპეციალისტები განიხილავენ. ამ პროგრამის მიზანია მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო დახმარება გაეწიოს, მათ შორის მედიკამენტებით მომარაგების საკითხში.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი სრულად აკმაყოფილებს სამხრეთ ოსეთის მოთხოვნებს წამლებით უზრუნველყოფის სფეროში. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, ვაფიქსირებთ და სრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ.

რაც შეეხება საავადმყოფოების საწოლთა რაოდენობას, უკვე დასრულებულია გეგმის შემუშავება სტაციონარული კლინიკების მიმართ, რომელიც საბოლოოდ დღეს უნდა დამტკიცდეს. ესაა მკაფიო პროგრამა, რომლის თანახმად, 2017 წლამდე სამხრეთ ოსეთში, მინიმუმ, რუსეთის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დონე უნდა იყოს მიღწეული. მოვახერხებთ თუ არა ამას? იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ. ამ პროგრამაშია თანამედროვე სამედიცინო აპარატურის შეძენა, სტაციონარული კლინიკების მდგომარეობის გაუმჯობესება, მარარლპროფესიული სამედიციონო მომსახურების გაწევა და ა.შ.

რაც შეეხება სპეციალისტთა დასაქმებას: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ანაზღაურების და მუშაობის პირობების პაკეტს შესთავაზებს სამხრეთ ოსეთი რუს ექიმებს. სხვათა შორის, ზემოთ ხსენებული სამედიცინო თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა კადრების მომზადებასა და მათ დასაქმებასაც ეხება. შევეცდებით დავეხმაროთ სამხრეთ ოსეთს რუსი სპეციალისტების სამუშაოდ მიწვევის საკითხშიც. რუსეთის მიერ გაღებული ხარჯები იმ მასწავლებლების, ექიმების და სხვა სპეციალისტებისადმი დახმარების გაწევას გულისხმობს, რომლებიც სამუშაოდ სამხრეთ ოსეთში გაემგზავრებიან“.

Comments are closed