globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული არასამთავრობოების ხმაური და პოლიტიკოსების მძვინვარება

«Forbes» (აშშ): უთხარით „არა“ ნატოს გაფართოებას: ალიანსში საქართველოს, ფინეთისა და სხვების დამატებით ამერიკის უსაფრთხოება არ განმტკიცდება

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-pm-at-unga-speech/3520466.html

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროში

თეა თუაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის გენერალურ დებატებზე 10-წუთიანი სიტყვით, ნიუ-იორკის დროით საღამოს რვა საათზე გამოვიდა. მან საქართველოს მთავრობის მთავარ მიღწევად ხუთი სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი მუშაობა დაასახელა – თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, თავისუფალი ბაზარი, საზოგადოების ერთიანობა და კანონის უზენაესობა.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ანგარიშს შეეხო, რომლის მიხედვით 2012-2014 წლებში საქართველოში სიღარიბის დონემ 10% იკლო. მისი განცხადებით, 2015 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე შემცირდა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია – 2012 წელთან შედარებით თითქმის 100 პროცენტით, ეს კი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატება.

„ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე თავის გამოსვლაში რამდენჯერმე შეჩერდა.

გიორგი კვირიკაშვილმა,საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საერთაშორისო თანამეგობრობას პირველად მიმართა. მისი გამოსვლის პირველი ნაწილი საქართველოს მთავრობის მუშაობით მიღწეულ ინსტიტუციონალურ და ეკონომიკურ წარმატებებს შეეხო. პოლიტიკური აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ყოფაზე, რუსეთის მიერ უკანანოდ ჩატარებულ არჩევნებსა და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებზე გაკეთდა.

გიორგი კვირიკაშვილი: ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ.

მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე. მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო.

ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობებს არღვევს. „ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით,“ აცხადებს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას. სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით.

რვა ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგარდ განვითარებას უზრუნველყოფს. მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებსქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშიაფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.

———–

რამდენად დიდია მზაობა კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მდგარ ადამიანებს შორის ნდობა და თანაცხოვრების სურვილი აღდგეს. არის თუ არა გაერო, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტი წლიდან წლამდე კონფლიქტის მოგვარების კუთხით კონკრეტული პროგრესის მომცემი. გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე საუბრობს.

კახა იმნაძე: გაეროში მუდმივად მიმდინარეობს ამ თემებზე საუბარი. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საუბარია ზოგადად კონფლიქტურ თემებზე გაეროს გარკვეულწილად შეზღუდვები აქვს. გაერო არ არის განყენებული ორგანიზაცია, გაეროს მართავს წევრი სახელმწიფოები. სამწუხარო რეალობაა ის რომ, მსოფლიო კონფლიქტებში ჩართული არიან და როგორც გენერალურმა მდივანმა თავი გამოსვლაში ახსენა, ძლიერი დამნიშვნელოვანი ქვეყნები, რომელთა პოზიციაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ესეც იწვევს ერთი მხრივ ამ კონფლიქტების მოგვარების ხანგრძლივ პროცესში გაჭიანურებას.

———–

საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია ევროკავშირთან. ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკისთან და ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრის შესახებ საუბრობს.

მიხეილ ჯანელიძე: საპარლამენტო არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ, ღია და ტრანსპარენტულ გარემოში ჩატარება არისპირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი და საქართველოს მთავრობის მიზანი და რათქმაუნდა ჩვენი პარტნიორების ძალიან დიდი ინტერესი არის გამოხატული ამ მიმართულებით. და ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება იყოს დარწმუნებული რომსაქართველომ ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენოს დემოკრატიულობის.

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე გამოსვლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გაეროში დაასრულა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/preelection-campaign-in-georgia/3520961.html

ქართული არასამთავრობოების ხმაური და პოლიტიკოსების მძვინვარება

ნინო დალაქიშვილი

არჩევნებამდე ორი კვირა და ორი დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო კამპანიას მკვეთრად აგრესიული ხასიათი აქვს. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა სახემ, მანანა კობახიძემ გუშინ საინტერესო წინადადება გააჟღერა „ინტერპრესნიუსთან“. მართალია, ის კონკრეტულად რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიმართ გამოითქვა, მაგრამ მისი სულისკვეთება განზოგადებისთვის და ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიის დახასიათებისთვის იდეალურად გამოდგება.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ რაკი პარტიები ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან, კრიტიკა უნდა აიტანონო. კრიტიკა კი „ერთი ყველას წინააღმდეგ“ რეჟიმში ვითარდება თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან და გულისხმობს მოსაზრებას, რომლის თანახმად, საერთოდ გაბათილებული უნდა იყოს ყველა სხვა პოლიტიკური მოთამაშის წვლილი ქვეყნის წინაშე, გარდა საკუთარი პარტიისა. ამგვარი კამპანია პარტიებს არცთუ შთამბეჭდავ მდგომარეობაში ამყოფებს ამომრჩევლის თვალში, თუმცა რაკი მაღალი მთიდან ნეგატიური კამპანიისა და კომპრომატების ქვები უკვე დაგორებულია, მისი შეჩერება მარტივად ვერ მოხერხდება.

თუ ერთმანეთისადმი მტრულ დამოკიდებულებას საარჩევნო სუბიექტებს აგრესიულ კამპანიად ჩავუთვლით, საკმაოდ გაჭირდება არასამთავრობო სექტორთან მტრული განწყობების დაფიქსირების რაიმე მიზეზით ახსნა. გუშინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა: „..გიგაური იქნებოდა (იგულისხმება „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური – ნ.დ.), პაგონებიანი გიგაური. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო რაღაც პაგონები მაგ დროს. მე არ ვიცი, ის ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მე მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ნუ აბინძურებენ ამ სექტორს, გამოვიდნენ [და თქვან], რომ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნის. ორმაგ დანაშაულს ჩადიან… პოლიცია და პროკურატურა ვალდებულია ხალხს აცნობოს, რომ აი, კრიმინალი დაისაჯა. როგორ? ამაზე გაცემული ინფორმაცია პოლიტიზირებაა“. ჟურნალისტის კითხვას – „და თუ ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება?“, ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს: „რა ვქნათ, თუ სასამართლო ამ პროცესებს დაემთხვა“?

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი პრემიერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც მესამე სექტორს, ისევე როგორც ჟურნალისტებს „გამოსწორებისკენ“ არაერთხელ მიუთითებდა. საქართველოს უახლეს ისტორიაშიც არაერთი მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამომჟავნებისა. წლების წინ ადგილი ჰქონდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დახურვისკენ მიმართულ აქციებს, ასევე 17 მაისის დარბევას და სხვა შემთხვევებს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„სამოქალაქო სექტორის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია არსებობდეს, რადგან სამოქალაქო სექტორს აქვს თავისი, ძალიან კონკრეტული როლი: მან უნდა აკონტროლოს და გააკრიტიკოს მთავრობა, პოლიტიკური პროცესები… ამ კრიტიკას თუ სამოქალაქო სექტორს ჩაუთვლიან ნაკლად და ამის გამო მის მიმართ დარტყმებს განახორციელებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ესმით სამოქალაქო სექტორის როლი. ეს უკანასკნელი კი ყველაზე უფრო ცუდი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც არავის არ აკრიტიკებს და არის კომფორტის ზონაში. სინამდვილეში, ასეთ სამოქალაქო სექტორს უნდა იწუნებდნენ პოლიტიკოსები.

დღეს ზოგიერთი მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკას მთავრობის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია მთელს პროცესებზე, იღებს პერსონალურ კრიტიკად და ვერ ახერხებს კრიტიკის ობიექტის გამიჯვნას. ძალიან სამწუხაროა, რომ ის, რაც მოეთხოვება სამოქალაქო სექტორს, ჩათვლილია მის მანკიერ მხარედ. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: „თუ სასტიკად არ გაკრიტიკებენ, ესე იგი, ცუდად მუშაობ და პირიქით – როცა სასტიკაც გაკრიტიკებენ, ესე იგი, შენს საქმეს კარგად აკეთებ“. ამიტომ, პოლიტიკოსებს შეუძლიათ მშვიდად იგრძნონ თავი, მათი სასტიკი კრიტიკა მხოლოდ სიგნალს გვაძლევს, რომ ჩვენ მათ მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ, ანუ ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ“, – ამბობს ანა არგანაშვილი და აგრძელებს საუბარს იმის გახსენებით, რომ არასამთავრობოების მიმართ კრიტიკა დღეს არ დაწყებულა.

„სწორედ მაშინ რთულდებოდა საქმე ქვეყანაში, როდესაც სამოქალაქო სექტორი იყო ჩუმად. დღეს თუ სამოქალაქო სექტორი ხმამაღლა საუბრობს, მხოლოდ დადებითად შეიძლება მივიჩნიოთ. როდესაც არგუმენტების ნაცვლად პერსონალური კრიტიკა იწყება, ეს მიანიშნებს სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკოსებს შორის დისკურსის დაბალ ხარისხზე. გადავხედოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, თუნდაც მიმდინარე საარჩევნო პროცესზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე და გავაკრიტიკოთ იქ არსებული მონაცემები და არა მთლიანად სამოქალაქო სექტორი. რადგან თუ მონაცემები სწორია, ობიექტურია, მაშინ კრიტიკის ნაცვლად, ვფიქრობ, მათ უნდა დაიწყონ ფიქრი მდგომარეობის შეცვლაზე. მევერ ვხედავ, რომ ვინმეს აინტერესებდეს სამოქალაქო სექტორის მიერ ჩატარებული მონიტორინგი, ანგარიშები და ვინმე რეალურად იყოს მოწოდებული მათ გასათვალისწინებლად. როდესაც კონკრეტული დარღვევა ვლინდება, მხოლოდ მაშინ დგებიან თავდაცვის პოზიციაში და იწყებენ მტკიცებას იმისა, რომ დარღვევა არ მომხდარა. ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ დღეს სამოქალაქო სექტორის განვითარების ხარისხი წინ უსწრებს ზოგიერთი პოლიტიკოსის მზაობას მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიზაციის პროცესში და ეს აუცილებლად დააზარალებს თავად ამ პროცესს“.

საქართველოს სამეზობლოში მრავლადაა მაგალითები, როდესაც ხელისუფლების დამოკიდებულებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ შეგვიძლია დავინახოთ ქვეყნის რეალური დემოკრატიის ხარისხი. რუსეთის ფედერაცია განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრების მქონე მესამე სექტორს, მაგალითად ქვეყნის მოღალატედ კანონის ძალით მიიჩნევს და ატუსაღებს.

«Forbes» (აშშ), 22 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.forbes.com/sites/dougbandow/2016/09/22/say-no-to-natos-expansion-parade-adding-georgia-finland-and-more-would-make-america-less-secure/print/

უთხარით „არა“ ნატოს გაფართოების აღლუმს: ალიანსში საქართველოს, ფინეთისა და სხვების დამატებით ამერიკის უსაფრთხოება არ განმტკიცდება

უკრაინას და საქართველოს ნატოსთვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია – თუ ალიანსი ამ ორ ქვეყანას თავის შემადგენლობაში მიიღებს, მაშინ რუსეთთან ურთიერთობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ასე რომ, ვაშინგტონს, უკრაინის და საქართველოს ბედი მაინცდამაინც არ უნდა აღელვებდეს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – დაგ ბანდოუ, კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს (თავისუფალი თარგმანით):

ვინ არიან ნატოში გაწევრიანების მსურველები? ისინი შეიძლება ასე დავყოთ: „კარგები“, „ცუდები“ და „ბოროტები“. ავტორს მიაჩნია, რომ „კარგები“ არიან ისინი, რომელთა მიღება ნატოს უსაფრთხოებას არ დააზარალებს. „კარგებიდან“ შეიძლება რუსეთის მაგალითი ავიღოთ. ალბათ, ვინმეს გაეცინება ამ იდეაზე, მაგრამ იყო დრო, როცა რუსეთის მიღების წინადადება სერიოზულად განიხილებოდა (არადა, წარმოიდგინეთ იმ ქვეყნის მიღება ორგანიზაციაში, რომლის წინააღმდეგ ის შეიქმნა!). „კარგია“ ჩინეთიც, რომლის გავლენა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სულ უფრო იზრდება… თუმცა როგორი იქნება ამ შემთხვევაში ნატოს დასახელება? ალბათ, დაახლოებით ასე: ჩრდილოატლანტიკურ-ჩრდილოწყნაროკეანური ხელშეკრულების ორგანიზაცია… „კარგი“ იყო კოლუმბიის მიღების იდეა სამი წლის წინ, მაგრამ ეს იდეა როგორც დაიბადა, ისევე მოკვდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ, ვთქვათ, ჰოლანდიელი ჯარისკაცები სასწრაფოდ გაიქცეოდნენ კოლუმბიის დასახმარებლად ვენესუელასთან სავარაუდო ომში.

(ავტორს მიაჩნია, რომ  სხვადასხვა მიზეზების გამო ნატოში გაწევრიანების „ცუდი“ კანდიდატურებია მაკედონია, კვიპროსი, სერბეთი, ავსტრალია, ისრაელი, ფინეთი, შვედეთი, ირლანდია…).

და ბოლოს ყველაზე საშინელი – საქართველო და უკრაინა, რომლებთაც 2008 წლის აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში მიღებას დაპირდნენ. თბილისს ჰყავდა თავისი მომხრეები, უპირველეს ყოვლისა – ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაცია, რომელიც რუსეთის პატარა მეზობელს ნატოში გაწევრიანებას აღუთქვამდა.. მაშინ ევროპელებს სიხარული არ გამოუხატავთ, მერყეობდნენ, თუმცა ისედაც ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაპირება („ოდესმე“!) მხოლოდ დაპირებად დარჩებოდა. დევიდ კრამერი და დეიმონ უილსონი (მააკეინის ინსტიტუტიდან და ატლანტიკური საბჭოდან) წერდნენ, რომ „საქართველოს იმედი გაუცრუვდებაო“, მაგრამ რას ვიზამთ – სანამ ნატოს წევრობა უსაფრთხოების საკითხია და არა ქველმოქმედება, მაშინ ალიანსის სხვა წევრების პოზიციაც უნდა იქნეს გათვალისწინებული. უნდა ვიცოდეთ, ვის ვიღებთ და რატომ. სწორედ ეს უკანასკნელი მომენტია ყურადსაღები თბილისთან მიმართებით.

საქართველოს უპასუხისმგებლო პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის პროვოცირება მოახდინა. მოსკოვი, რასაკვირველია, ყოველთვის ცდილობდა დაესაჯა მიხეილ სააკაშვილი მისი ანტირუსული პოზიციის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში დასავლელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ მასირებული სროლა ქართულმა ჯარმა დაიწყოო. ექს-პრეზიდენტი ამჟამად საქართველოსგან გარიდებულია, იგი უკრაინის ხელისუფლებაშია დასაქმებული, მაგრამ მისი მემკვიდრეებს კვლავ იმედი აქვთ, რომ ნატოში გაწევრიანდებიან…

საქართველო ნატოში გაწევრიანებით რაიმე მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ მიაღწევს. მართალია, ვაშინგტონი მიესალმება თბილისის მონაწილეობას ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რაიმე სამხედრო გარანტიებით უნდა უზრუნველყოს.

საქართველო ნატოს სტანდარტებსაც კი ვერ პასუხობს თავდაცვის მიზნით დახარჯული თანხების საკითხში, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს. განა რა ისეთი სარგებლის მიცემა შეუძლია თბილისს ამერიკისათვის, რომლის სანაცვლოდ ვაშინგტონი მოსკოვთან კონფლიქტის რისკზე წავიდეს?

ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეები შიშობენ, რომ თუ ალიანსი მიღებაზე უარს იტყვის, მაშინ შეიძლება თბილისმა დასავლეთს ზურგი აქციოს და  მოსკოვისაკენ შებრუნდეს. მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს აშშ-ის საზრუნავი?

უკრაინაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ეს ქვეყანა საქართველოზე უფრო უიღბლო კანდიდატია ალიანსში გასაწევრიანებლად. უკრაინას რუსეთისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატებისათვის, ამიტომაც კიევის მიღება ნატოში მოსკოვის პირდაპირი გამოწვევა იქნება, რუსეთისათვის დასავლეთის ასეთი ნაბიჯი საფრთხის შემცველია. ამიტომაც უკრაინის მიღება ნატოში ამერიკისათვის უსაფრთხოება კი არა, ძალიან დიდი რისკია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძველდა, განსაკუთრებით ამერიკისათვის. ევროპელებს ერთობლიობაში უფრო მსხვილი ეკონომიკა აქვთ და უფრო მეტი მოსახლეობა ჰყავთ, ვიდრე შეერთებულ შტატებს და მით უმეტეს, ვიდრე რუსეთს. ჰოდა, ამერიკისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ თავისი ოკეანისგაღმელი მდიდარი ბიძაშვილები ზურგით ათრიოს და მათი უსაფრთხოება დაიცვას. ამერიკა ძალიან არის დაკავებული აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და  სხვა ადგილებში.

მოკლედ, ვაშინგტონმა ნატოს გაფართოების პროცესი უნდა შეაჩეროს. თუ ევროპელ ნატოელებს სუსტი სახელმწიფოების დაცვა ალიანსის მეშვეობით სურთ, ეს მათ პასუხისმგებლობაზე იყოს. ალიანსი ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა და ვაშინგტონს არანაირი საფუძველი არ აქვს თავისი მოქალაქეების სიცოცხლითა და რესურსებით სერიოზული რისკი გასწიოს.

Comments are closed