globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): შეძლებს თუ არა უკრაინის გარდაქმნას დიდი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი? // მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უგუნური და თავის თავზე შეყვარებულია, იგი ყველაფრის შეცვლას მოახერხებდა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: „IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს“

—————-

«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი), 23 სექტემბერი, 20127 წელი

https://www.spectator.co.uk/2017/09/can-mikheil-saakashvili-the-great-reformer-transform-ukraine/

შეძლებს თუ არა უკრაინის გარდაქმნას დიდი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უგუნური და თავის თავზე შეყვარებულია, იგი ყველაფრის შეცვლას მოახერხებდა

ოუენ მეთიუზი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

„გადაეცით მიხეილ სააკაშვილს: მამაკაცები არ ნებდებიან“. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის მღელვარე 9-წლიანი პერიოდი ჯერ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლით დაიწყო, შემდეგ ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველი ომი ჰქონდა რუსეთთან, ბოლოს კი მისი პრეზიდენტობის ვადა სახელმწიფო ბიუჯეტის დატაცებისა და ავტორიტარიზმში ბრალდებებით დასრულდა. დкეს მიხეილ სააკაშვილი მზადაა ხელისუფლებაში დაბრუნდეს – ოღონდ არა თავის ქვეყანაში, არამედ უკრაინაში.

მიხეილ სააკაშვილი გენიალური და წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. ბევრი მისი თაყვანისმცემელი – ძირითადად, განათლებული ახალგაზრდა ქართველები და უკრაინელები – მასში მოაზროვნე, წინდახედულ და უშიშარ ლიდერს ხედავენ, რომელსაც იმ ნეპოტიზმის კვანძის გადაჭრა შეუძლია, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კლეპტოკრატიულ ავტოკრატიებად გადააქცია. სკეპტიკოსების თვალში, რომლებიც ასი ათასობით სამსახურიდან გათავისუფლებული ჩინოვნიკები არიან, მიხეილ სააკაშვილი არის უგუნური ავანტიურისტი, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომის პროვოცირება მოახდინა საქართველოს ჩამოშორებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყელ-ყელა და ტრაბახა ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად თვითრეკლამა და საკუთარი თავის პიარი აინტერესებს, ვიდრე სხვა დანარჩენი.

მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა და იმის შესაძლებლობა, რომ მასზე დაკვირვება მომეხდინა ჯერ საპრეზიდენტო სასახლეში, თბილისში, რუსეთთან ომის დღეებში, როცა სხვა კორესპონდენტებთან ერთად, წითელ ღვინოს ვწრუპავდი და შეუსვენებლივ ვიწერდი ყველაფერს, რასაც იგი რატრატებდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, როცა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უილიამსბურგელ ჰიპსტერად იქცა. ჰოდა, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე მხარე თავიანთ შეფასებებში მართლები არიან. მიხეილ სააკაშვილში ერთმანეთთანაა შერწყმული მაღალი პრინციპები და მანიაკური პირადი ამბიციები, დაუფიქრებლობა და მტკიცე რწმენა საკუთარ თავში, რაც მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შთაგონებულ და არასრულყოფილ პოლიტიკურ მოღვაწედ წარმოაჩენს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დატოვა, ანუ მას შემდეგ, რაც მისმა ოდესღაც პოპულარულმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი დამარცხება იგემა. ახალმა რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის შემდეგ მოვიდა, მიხეილ სააკაშვილს ბრალდებები კლასიკურ პოსტსაბჭოურ სტილში წაუყენა (ბიუჯეტის განიავება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა), შემდეგ მას ქვეყნის მოქალაქეობაც ჩამოართვა. ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შანსი 2015 წელს მიიღო, როცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ (მეტსახელად – „შოკოლადის მილიარდერმა“) მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორობა შესთავაზა.

უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა, რომელიც,  Transparency International-ის შეფასებით, მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის, კორუფციის ინდექსის მიხედვით, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში 131-ე ადგილზეა. თავის მხრივ, უკრაინის ყველაზე კორუმპირებული რეგიონად კი სწორედ ოდესის ოლქია აღიარებული. ეს მრავალეროვნული ქალაქი დაარსებიდანვე (1794 წლიდან), ყველა დროში და ეპოქაში ცნობილი იყო დამნაშავეობის მაღალი დონით. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც „სამართლიანმა შურისმაძიებელმა“, იოლად გაიმარჯვა ოდესელ ჯიბგირებსა და თაღლითებზე. ამის გამოცდილება ჰქონდა: მან ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა საგზაო პოლიციის რეფორმა (ყველა ოფიცრის სამსახურიდან გათავისუფლებით), შემდეგ კი კორუმპირებული ადამიანებისაგან გაწმინდა ფოთის პორტი (საბაჟო გადასახადების დროებითი გაუქმების გზით).

მიხეილ სააკაშვილი თვლიდა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ქართული პრაქტიკა ოდესის ოლქშიც იმუშავებდა: მაფიის მიერ კონტროლირებული ნავსადგურის უფროსად მან 27 წლის ქალი, პოლიტიკურად აქტიური იულია მარუშევსკაია დანიშნა და საბაჟო გადასახადებიზე თვალის დევნების მიზნით, მაღალტექნოლოგიური სისტემა შექმნა. ოდესის პოლიციის უფროსად, მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციით, დაინიშნა მისი ძველი მოკავშირე, ეროვნებით ქართველი გიორგი ლორთქიფანიძე. ოდესის ოლქის გუბერნატორმა ანტიკორუფციულ ბრძოლაში დასახმარებლად მიიწვია აგრეთვე უცხოელი მრჩევლებიც, მათ შორის ლონდონის პოლიციიდან და ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოდან. სწორედ იმ ხანებში განაცხადა ოპტიმისტურად ბრიტანულ-უკრაინული სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბეიტ ტომსმა, რომ „ოდესა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად გადაიქცევაო“. მაგრამ ეს არ მოხდა. 2016 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი ლორთქიფანიძემ თავიანთი თანამდებობები დატოვეს და განაცხადეს, რომ ოდესელი სინდიკატების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში მათ ძალისხმევას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აბრკოლებდა.

პეტრო პოროშენკო, დაცემული რეიტინგისა და დონბასელ სეპარატისტებთან ბრძოლის პირობებში, არჩევანის წინაშე დადგა: ან კრიმინალური კლანების წინააღმდეგ გამოსულიყო (რომლებიც მისი პოლიტიკური მოკავშირეებიც იყვნენ), ან მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისათვის (რომელიც სახვადასხვა სტრუქტურების რეორგანიზაციას ითხოვდა). პეტრო პოროშენკომ პოლიტიკური მიზანშეწონილება არჩია. მოგვიანებით პრეზიდენტმა  თავის „ყოფილ უნივერსიტეტელ მეგობარ“ მიხეილ სააკაშვილს, როცა იგი აშშ-ში გაემგზავრა, გაურკვეველ ფორმალურ-იურიდიულ საფუძველზე მოქალაქეობა ჩამოართვა. იმ დროიდან ექს-გუბერნატორი ფორმალურად მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩა.

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა ყოველ მისთვის სასურველი ქვეყანაში – მას ხომ უამრავი გავლენიანი მოკავშირე ჰყავს, ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ჩათვლით, რომელიც საკუთარ თავს ქართველად მიიჩნევს, მაგრამ ექს-გუბერნატორმა გადაწყვიტა უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რაც განახორციელა კიდეც: მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხარდამჭერებთან ერთად, მესაზღვრეებისა და პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის საზღვარი გადალახა და ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნდა. მისი მტკიცებით, რომელშიც სიმართლის კვალი მართლაც არის, მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და ამიტომ თავისი უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობს. თუმცა იმავდროულად იგი დიდ რისკზეც წავიდა, რადგან საქართველოს პროკურატურა უკრაინისაგან ექს-პრეზიდენტის ექტრადიციას ითხოვს (თვითონ  მიხეილ სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს). მართალია, უკრაინის გენპროკურორმა უკვე განაცხადა, რომ იგი ექსტრადირებული არ იქნება, მიხეილ სააკაშვილის ბედი მაინც ადგილობრივ პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

საქმე იმაშია, ეყოფა თუ არა „გამბედაობა“ პეტრო პოროშენკოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანჯულ და მოწამეობრივ ფიგურად გადააქციოს, საკუთარი თავი კი – საერთაშორისო დონეზე გარიყულად? პრეზიდენტს ძალიან ჭირდება ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან და თუ პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს – დასავლეთის ესოდენ საყვარელ ადამიანს – საპყრობილეში ჩააჯენს, პრეზიდენტი ამ მოქმედებით საკუთარ ავტორიტეტსაც გაანადგურებს. უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის მხარდაჭერაც სურს, ვაშინგტონისაგან იარაღის მიღება უნდა („რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად“) და თუ იგი მიხეილ სააკაშვილს დაიჭერს, მის გეგმებს განხორციელება არ უწერია.

მაგრამ უფრო რთული გამოცანაა, მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავისი მკვეთრი და აგრესიული ქცევით წარმატების მიღწევას? გაიმარჯვებს თუ არა იგი „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ და გადააქცევს თუ არა უკრაინას მაფიოზური ქვეყნიდან აყვავებულ ევროპულ სახელმწიფოდ?  ივლისში მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პარტია შექმნა, რომლის მიზანს კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. ამ ფაქტმა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დაბალი რეიტინგი აქვს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებაში  „აჯანყებული მეგობრის“ წინააღმდეგ. სამაგიეროს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი პეტრო პოროშენკოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდებოდა.

სასწორზე უფრო დიდი რამ არის დადებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა და თავისუფლება. დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი, ცივი ომის დასრულების დროიდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, გამოიხატებოდა კანონის უზენაესობის წახალისებაში, რეფორმების ხელშეწყობასა და დემოკრატიის წინსვლაში. უკრაინაში და საქართველოში მომხდარმა „ფერადმა რევოლუციებმა“ დაადასტურა, რომ მოსახლეობას არ სურს რუსეთისაგან მხარდაჭერილი კორუმპირებული რეჟიმები და ისინი უპირატესობას შედარებით კეთილსინდისიერ პროევროპულ და პრონატოურ მთავრობებს ანიჭებენ.

მართალია, რომ რევოლუციების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის აშკარა ჩარევით) ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია… მაგრამ თუ ჯერ კიდევ თუ არის რაიმე იმედი იმისა, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობამ „ადამიანურად იცხოვროს“, მაშინ ისეთმა რეფორმატორებმა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, წარმატებას უნდა მიაღწიონ. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება უგუნური ეგოისტია, მაგრამ იგი ყველა შემთხვევაში, სხვებთან შეადრებით უფრო ახლო დგას ევროპელ დემოკრატებთან, რომლებიც ულტრანაციონალიზმის, კლეპტოკრატიის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-iri-eurasia-nix/4040575.html

ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: „IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს

ნანა საჯაია

ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელ სტივენ ნიქსთან ჩაიწერა 18 სექტემბერს.

- გასულ კვირას საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, სადაც მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეთ. რა ფორმით ჩაერთვებით თქვენ ამ არჩევნებში?

- ჩვენ შევხვდით მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამჯერად „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ არჩევნების მიმდინარეობას არ შეაფასებს, ჩვენ არ გვეყოლება სადამკვირვებლო მისია, ბიუჯეტის სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩავა, ეს არ იქნება სრულმასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია.

- შეხვედრის შემდეგ IRI-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ?

- გაგვაცნეს ცვლილებებთან დაკავშირებული სიახლეები და დაგეგმილი მოვლენების განრიგი, გვითხრეს რომ მალე მოხდება მესამე მოსმენა პარლამენტში. ასევე უახლოეს მომავალში ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას მეორე მოსმენებზე. ვისაუბრეთ კომისიის დასკვნის გაზიარების მნიშვნელობაზე.

- თუმცა ამ ეტაპზე, ორი მოსმენის შემდეგ, სივრცე არსებითი ცვლილებების მისაღებად პრაქტიკულად აღარ დარჩა. მესამე მოსმენით მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილები არ მიიღება…

- ჯერ ეს არ ვიცით. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა რეკომენდაციები ექნება ვენეციის კომისიას, რა მასშტაბის და მნიშვნელობის შენიშვნებზეა საუბარი და როგორ იმოქმედებს პარლამენტი მათზე პასუხად. ვენეციის კომისიის გამოცდილების და რეპუტაციის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო იქნება მათი რეკომენდაციების სერიოზულად გათვალისწინება.

- როგორ აფასებთ თავად პროცესს, რომელიც თან ახლდა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და შემდეგ კენჭისყრას, მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი ამ პროცესს ერთპარტიულს უწოდებს და ამბობს, რომ მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებია გათვალისწინებული?

- საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება მიიღოს ის ცვლილებები, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია. ჩვენი ერთადერთი მიზანია პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და ჩართულობითი.

- თქვენი ბოლო გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული. რატომ არ ითვალისწინებს მმართველი გუნდი ამ მონაცემს?

- მე ვერ ვისაუბრებ მმართველი პარტიის სახელით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევას.

- გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ იმათი რაოდენობა, ვინც ოქტომბრის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღება 63%-ია. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა ეს კლება?

- ეს გამოკითხვის პასუხებია და დაზუსტებით ვერ ვიტყვით რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები აქტიურ საარჩევნო კამპანიას წარმართავენ, ხმას მიაწვდიან ამომრჩევლებს და ამით მაღალი მონაწილეობა მიიღწევა. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ვნახოთ რა მოხდება 22 ოქტომბერს.

- თქვენივე გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ მხარს არასდროს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, 25 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს მოსახლეობის ნახევარზე მეტია. რომელიმე პარტია მუშაობს ამ ადამიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

- ეს საინტერესო მონაცემებია, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ მთავრობაში მყოფი პარტიები მათ მიერ დადებული პირობების მიხედვით ფასდებიან. ორივე ეს პარტია სხვადასხვა დროს მთავრობაში იყო, ამიტომაც ამომრჩევლების იმედგაცრუება ბუნებრივი მოვლენაა. ესეც დიდი დემოკრატიის ნაწილია, როცა ამომრჩევლები უკმაყოფილოები არიან, ისინი ხმას სხვას – ალტერნატიულ პარტიას აძლევენ, საქართველოში სწორედ ამის ნახვა გვსურს, გვსურს ვნახოთ ალტერნატივები, არჩევანი.

Comments are closed