«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული მედია, რომელიც შობს რევოლუციებს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი-2“ის შესახებ კომენტარს აკეთებს
«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს ვერ მიიღებს
«The National Interest» (აშშ): არცთუ ისე საშიში: რატომაა რუსეთის არმია ქაღალდის ვეფხვი? // „რუსებმა ქართველებთან ომი მხოლოდ ჭარბი ცოცხალი ძალით მოიგეს. ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა“
————
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/rustavi-2-media/3018698.html
ქართული მედია, რომელიც შობს რევოლუციებს
ნინო დალაქიშვილი
2012 წელს ხელისუფლება საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალა. ამ პრეცენდენტმა აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოება გაიზარდა და შესაბამისად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა მისი მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ, არამედ ისიც, რომ მსგავსი მშვიდობიანი ცვლილება ჩვენს რეალობაშიც შესაძლებელია. ეს პრეცენდენტი კარგი საკვები აღმოჩნდა იმ მოლოდინების გამყარებისთვის, რომ ქუჩის აქციები, მიტინგები, ხმამაღალი გარჩევები, თუ რაა დასაშვები და რა სამართლიანობის ჩარჩოს მიღმა, წარსულს ჩაბარდა. დაიბადა განცდა, რომ ეს უკვე გავიარეთ და იგივე წრეს ქვეყენა არასდროს დაუბრუნდება. თუმცა მოვლენებს, რასაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი, მის დრამატიზმს, ტემპსა და ტემპერატურას უკვე კარგად გატკეპნილი გზის სუნი მოაქვს.
დღეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებზე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, არამედ, ამაზე მიანიშნებს პრეზიდენტიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მინიშნებებს მხოლოდ ვერბალური გამოხატულება არ აქვს. მშვიდობიანი ადამიანები ქუჩებში ისევ აქციებს მართავენ. ასევე ადგილი აქვს ოპოზიციური პარტიის ოფისების დარბევის არაერთგზის შემთხვას ქვეყანაში.
მოვლენების დრამატული განვითარება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო განხილვებს მოჰყვა. მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცალსახად აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც კერძო სასამართლო დავა, არამედ ეს არის მედიაზე ზეწოლის მცდელობა. თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის გარემოს უზრუნველყოფა კი ის ფაქტორია, რის დასაცავადაც უამრავი ადამიანი საქართველოში ქუჩის აქციებისთვის კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, თუ მისი დაცვის სხვა ყველა სამართლებრივი გზა ამოიწურება. სწორედ ეს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ქვეყანაში.
ამ საკითხზე მსჯელობისთვის დღეს პრეზიდენტმა ერთგვარი ღია კარის დღე გამოაცხადა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: “ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“
პრეზიდენტის მოსაზრებები მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე პარლამენტში. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდო პროვოცირების ავტორებად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაასახელა. “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. გუშინ მოვსმინე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის გაუგებარი განცხადება. გუშინვე მე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება. ეს ერთი შეხედვით, გავს პროვოკაციას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ბოლომდე, გამოიძიონ“.
გოკა გაბაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს: „ესაა ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც უბრალოდ უბიძგებს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ჩვენი გონიერების, სიმშვიდის, სიმტკიცის საქმეა, რომ ეს არ დავუშვათ.“
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ განცხადებებს აკეთებს. ტელეკომპანიის ეზოში დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარვებიც მოიტანეს. ამ დრომდე ყველა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მოსამართლე ურთმელიძემ ვერდიქტის გამოცხადება ხვალისთვის გადადო.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/rustavi2-dos/3018920.html
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი-2“ის შესახებ კომენტარს აკეთებს
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს.
მარკ ტონერის თქმით, შეერთებული შტატები „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა მან დასძინა, რომ „ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა ან პოტენციური დახურვისკენ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მედია სივრცეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ეს შეშფოთების მიზეზია. „სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნა მან. მარკ ტონერის თქმით, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ესაუბრა როგორც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ხუთშაბათსვე საუბრისას, მარკ ტონერმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ვითარების მშვიდად განხილვისკენ და დასძინა, რომ ხშირად, შეერთებული შტატების მთავრობა ქებით იხსენიებს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ზოგადად, დადებითად აფასებს, რეგიონის ქვეყნებისთვის კი საქართველო ვაშინგტონს დემოკრატიის მაგალითად მოჰყავს. პრეს-სპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების თავისუფლების დაცვა უნდა იყოს, რაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.”
„რუსთავი-2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 21 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში მთავრობა სასამართლოს არ აკონტროლებს.“ მინისტრმა სასამართლოს მოუწოდა საქმე რაც შეიძლება მალე დაასრულოს, რათა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებმა უფრო მშვიდ გარემოში შეძლონ მუშაობის გაგრძელება.“
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი მთავრობა „სრულად უჭერს მხარს მედია პლურალიზმს.“ მან მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ კერძო მხარეს შორის არსებული იურიდიული დავის პოლიტიზირება მოხდა. ღარიბაშვილმა სასამართლოს გამჭვირვალე პროცესის ჩატარებისკენ მოუწოდა.
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 23 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.vria.ru/analytics/Gruziya-ne-poluchit-dorozhnuyu-kartu-v-NATO.html
საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს ვერ მიიღებს
ქართველმა დიპლომატმა დავით დონდუამ საკმაოდ საინტერესო და გულახდილი განცხადება გააკეთა ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. მართალია, დავით დონდუა საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, მისი მოადგილეა, მაგრამ მან ქართველ პოლიტიკოს-ჩინოვნიკთაგან პირველად გულღიად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა ის, რის თქმასაც სხვები გაურბიან: საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს ვერ მიიღებს. არადა, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და თინა ხიდაშელი გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს შანსები ძალიან მაღალიაო. პატარა კავკასიური ქვეყნის ქალბატონმა სამხედრო მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ულტიმატუმიც კი წაუყენა: ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ამასწინანდელი შეხვედრის დროს მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: „ნატოსთან ჩვენი მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ „მაპ“-ის საკითხი დევს, ჩვენ სხვა წინადადებები არ გვაქვსო“.
თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათქვამიდან ირკვევა, ქართველი მაღალჩინოსნების რიტორიკა საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „მაპ“-ის მიღების შანსები მიზერულია, მაგრამ ამ საკითხს მაინც მუდმივად ვაყენებთ ჩვენს პარტნიორებთან დიალოგში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვვაჭრობთ, რომ „მაპ“-ი თუ არა, იქნებ სხვა რაღაც მაინც მოგვცენ“, – აი, ასე გულწრფელად თქვა დავით დონდუამ, თუმცა მან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ საკითხს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მიანიჭოს, რათა მოსახლეობას „ცრუ იმედები და წარმოდგენები“ არ შეუქმნას. „მაპ“-ი ჩვენ კი გვინდა, მაგრამ თუ არ მოგვცემენ, ეს მოსახლეობის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამით რუსეთის პროპაგანდა ისარგებლებს“.
აღსანიშნავია, რომ ნატოს ვარშავის სამიტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე გაიმართება. არჩევნები კი გაისად, შემოდგომითაა დაგეგმილი. „თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „მაპ“-ის ნაცვლად რაიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს არ მოგვცემს, მაშინ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური ძალები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამით მან დაადასტურა, რომ ნატოს ვარშავის სამიტს საქართველოს პროდასავლური ძალებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც მორიგი იმედგაცრუება საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვებისა თუ არა, მათი წარმატების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, მათ შორის ოპოზიციური „დემოკრატიული მოძრაობისა“, რომელსაც ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს.
სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძე დავით დონდუაზე ბევრად უფრო ადრე აცხადებდა, რომ საქართველოს „მაპ“-ის მიღებისა და მით უმეტეს, ნატოში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ტერიტორიის 20%-ს ვერ აკონტროლებსო, ანუ ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება იმ საზღვრებში, რომლებშიც დამოუკიდებელი საქართველო დასავლეთმა და გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ აღიარა.
დავით დონდუა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ელჩი იყო ნატოში, ახლა იგივეს ამბობს: „შემიძლია თითქმის ასპროცენტიანი დამაჯერებლობით გითხრათ, რომ ჩვენ ვარშავის სამიტის დროს, ნატოში გაწევრიანების გზაზე, რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, ანუ „მაპ“-ს ვერ მივიღებთ!“. უჰ, როგორც იქნა!
მაგრამ მინისტრის მოადგილის ხმაში ტრაგიკული ნოტებიც შეიმჩნევა: „გასაგებია, რომ მაპ“-ს ვერ მივიღებთ, როგორ იქნება ეს აღქმული საქართველოში? რუსეთის პროპაგანდა ხომ იმისთვის მუშაობს, რომ ქართველ ხალხს აჩვენოს – დასავლეთს თქვენ არაფერში ჭირდებითო. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დასავლელ კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი დაპირება-ვალდებულებები შეასრულონ“. მას, როგორც ჩანს, მხედველობაში აქვს ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ჩაწერილი ფრაზა: „საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“.
ამასთან დაკავშირებით ორი სახე შეიძლება გავიხსენოთ, რომელთაგან ერთი შექმნილია დიდი ევროპული ცივილიზაციის, ხოლო მეორე – დიდი აზიური კულტურის მიერ: სიზიფე, რომელიც შეუსვენებლივ, ოფლისღვრით მიაგორებს მთაზე უზარმაზარ ლოდს და ვირი, რომელსაც ცხვირწინ მოლა ნასრედინმა სტაფილო ჩამოუკიდა, რათა წინ იაროს და არ გაოჩნდეს.
«The National Interest» (აშშ), 22 ოქტომბერი, 2015 წელი
http://nationalinterest.org/blog/the-buzz/not-so-scary-why-russias-military-paper-tiger-14136
არცთუ ისე საშიში: რატომაა რუსეთის არმია ქაღალდის ვეფხვი?
რუსებმა ქართველებთან ომი მხოლოდ ჭარბი ცოცხალი ძალით მოიგეს. ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა
ამერიკულმა ჟურნალმა „ნეიშენელ ინთერესთ“-მა გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ, რომლის თანახმად, რუსული არმია „ქაღალდის ვეფხვია“ და მეტი არაფერი, ანუ მისი არავის უნდა ეშინოდეს. სტატიას სათაურიც შესაფერისი აქვს: „არცთუ ისე საშიში: რატომაა რუსეთის არმია ქაღალდის ვეფხვი?“ (ავტორი – დეივ მაჯუმდარი). გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო ათ-თხუთმეტ წელიწადში რუსეთის არმია უფრო გაძლიერდა, ვიდრე ის 1990-იან წლებში იყო. კერძოდ, მათი აზრით, მოდერნიზება განსაკუთრებით შეეხო როგორც სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს, ასევე საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვეით ქვედანაყოფებს, მაგრამ რუსული არმიის მოდერნიზება არათანაბრად განხორციელდა: რუსეთი ჩამორჩება თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობაში, რუსულ არმიას არ აქვს მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი და უახლესი სამიზნე კონტეინერები. პრობლემებს განიცდის სამხედრო-საზღვაო ფლოტიც, კერძოდ სამამულო გემთშენებელობის მოძველებული და გაცვეთილი ტექნიკური აღჭურვილობის გამო.
ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთმა თავის დროზე ავიამზიდების მშენებლობის შანსი დაკარგა. რუსეთის არმიას არ ჰყოფნის ფინანსები სრული გადაიარაღებისათვის. “საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები წვევამდელებსა და რეზერვისტებს (სამხედროვალდებულებს) ემყარებოდა. ცივი ომის დროს ასეთი სისტემა მუშაობდა, მაგრამ თანამედროვე ეპოქისათვის ის უკვე მოძველებულია და თავისი რესურსები ამოწურა. როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, სარდლობამ ის ძალები გამოიყენა, რომელიც იმ მომენტისათვის არსებობდა [არაპროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები]. ეს კატასტროფას ჰგავდა. მართალია, რუსეთმა ომში მაინც გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა მხოლოდ ცოცხალი ძალის მრავალრიცხოვნობით. ეს იოლი გამარჯვება არ იყო, – ნათქვამია სტატიაში
ავტორის აზრით, რუსეთის არმიაში საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ „ახალ მოდელზე“ მხოლოდ ცალკეული ქვედანაყოფები გადავიდნენ. შეიარაღებული ძალების თითქმის ორი მესამედი, განსაკუთრებით სახმელეთო ჯარებში, გაწვევის ჯერ კიდევ ძველ, საბჭოთა მოდელს იყენებს. სირიაში მოქმედი რუსული სამხედრო ტექნიკა 1970-იანი წლებში გამოშვებული ტექნიკის მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს.