globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საქართველოში მორიგი არჩევნები წააგო

«Независимая газета» (რუსეთი): „ქართულმა ოცნებამ“ მეტოქეები გაანადგურა // თბილისის მერი იტალიური „მილანის“ ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე გახდა

—-

საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დასავლურ მასმედიაში (მოკლე მიმოხილვა)

——————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.kommersant.ru/doc/3447277
მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საქართველოში მორიგი არჩევნები წააგო

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ერეოდა საქართველოში მოქმედი თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიაში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალური არჩევნები წააგო – მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ფაქტიურად ყველა მსხვილ ქალაქში, თბილისის ჩათვლით, ასევე პარტიული სიებისა და მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია არჩევნების წინასწარი შედეგები, ცესკოს მონაცემების საფუძველზე (ავტორი – გიორგი დვალი).

„მიხეილ სააკაშვილისათვის, როგორც ჩანს, ყველაზე მტკივნეული ამბავი გახდა მისი თანაპარტიელის ზაალ უდუმაშვილის მშრალი დამარცხება თბილისის მერის არჩევნებში. მან მეორე ადგილიც კი ვერ დაიკავა, ხმების მხოლოდ 16,53% მოაგროვა და წინ დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გაუშვა (ხმების 17,49%-ით). რაც შეეხება თვით მერს, ის პირველივე ტურში უკვე ცნობილია – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ენერგეტიკის ექს-მინისტრი და ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე (ხმების 51,13%-ით).

„ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს მოწინააღმდეგეებზე საქართველოს ყველა „თვითმმართველ ქალაქში“. მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება, თუმცა იქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი [გიორგი ჭიღვარია] ბევრად წინ უსწრებს თავის მეტოქეს, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მოსახლეობას იმ სკანდალით დაამახსოვრდა, რომ მინისტრის პოსტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა და რუსულ  პასპორტზე მხოლოდ 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ უარი.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მუნიციპალურ არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, თბილისის საკრებულოს ჩათვლით. ექსპერტების აზრით, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ასეთი გამანადგურებელი დამარცხების მიზეზი მისივე მხარდამჭერების იმედგაცრუებაა. „ხალხი დაიღალა და აღარ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთნაირად იბრძვის როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც“, – განუცხადა „კომერსანტს“ ანალიტიკოსმა დავით ავალიშვილმა.

«Независимая газета» (რუსეთი), 23 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-10-23/5_7100_georgia.html

„ქართულმა ოცნებამ“ მეტოქეები გაანადგურა

თბილისის მერი იტალიური „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გახდა

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანოების არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი და შედეგები (ავტორი – იური როქსი).

„საქართველოში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, ცესკომ წინასწარი შედეგები შეაჯამა, ოპოზიციამ საწადელი ვერ შეისრულა, მმართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა, უცხოელმა დამკვირვებლებს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. „ქართული ოცნების“ წარმატება ტოტალური აღმოჩნდა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სიებით – მან ოპოზიციას არანაირი შანსი არ დაუტოვა არცერთ უბანზე.

ინტრიგა მხოლოდ თბილისში შეინიშნებოდა: ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნდა, რომ ქალაქის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართებაო, მაგრამ მათი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა: თბილისის ხელმძღვანელად კვლავ „ქართული ოცნების“ კანდიდატი აირჩიეს, ამჯერად ცნობილი  ფეხბურთელი კახა კალაძე. „მოულოდნელი ფაქტი“ მაინც მოხდა: კახა კალაძის მთავარ კონკურენტად პოპულარული ტელეწამყვანი, „ერთიანი ნაცმოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ითვლებოდა, მას კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა აჯობა და ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა. მომხდარმა ამბავმა უნდა დააფიქროს როგორც „ნაციონალები“, ასევე  მათი არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში პოლიტიკური პროექტის რეალიზებას ცდილობს. ფაქტია, რომ „ნაციონალები“, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებს ლაწა-ლუწით აგებენ და თან სულ უფრო ცუდი შედეგებით.

წესით, ჭკუას მმართველი პარტიამაც უნდა მოუხმოს – ჭირდება კი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მარგინალიზაცია? თუ მისი მთავარი მოწინააღმდეგე ასეთი არააეფექტურია („ერთიანმა ნაცმოძრაობამ“  ხმების მხოლოდ 17% მიიღო), მაშინ რა უნდა ითქვას დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ძლივ-ძლივობით აგროვებენ ხმების 5%-ს? თანაც მათი ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთისაგან გადაწერილს ჰგავდა.

არჩევნების ყველა მონაწილე (თბილისშიც და რეგიონებშიც) თითქოსდა ერთმანეთს გაურიგდა – მათ ყველამ წინა პლანზე ეკოლოგიური და გარემოს დაცვის პრობლემები წამოსწია. ამ სფეროში მართლაც ბევრი რამაა გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს ტურიზმის პერსპექტვის გათვალისწინებით. ბევრი დაპირება იყო სოციალურ-ეკონომიკური განხრით, მაგრამ რამდენი და როგორ შესრულდება, ეს საკითხი ღიად რჩება.

არჩევნების შედეგების აშკარა ერთმნიშვნელოვანი ხასიათისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადების მიუხედავად – რაიმე სერიოზული დარღვევები არ მომხდარაო – ოპოზიციამ თავისი დამარცხება მაინც ხელისუფლებას დააბრალა: „ნაციონალთა“ აზრით, არჩევნები გაყალბდა. თუმცა მათ აზრს საქართველოში ცოტა ვინმე თუ იზიარებს.

——–

საქართველოში გამართული მუნიციპალური არჩევნების შესახებ რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული მასალების რაოდენობისა და სიხშირის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრესა, რადიო-ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტოები საკმაოდ აქტიურად აშუქებდნენ არჩევნების მიმდინარეობას და მის შედეგებს. ასეთივე ტენდენცია და სურათი შეინიშნება უკრაინულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც.

——————–

საქართველო მუნიციპალური არჩევნები

დასავლურ მასმედიაში

23 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აშუქებდნენ საინფორმაციო სააგენტოები „როიტერი“ და „ფრანს-პრესი“ (ავრცელებდნენ ფაქტობრივ-სტატისტიკური მონაცემებს, რაიმე მნიშვნელოვანი საავტორო კომენტარებისა და შეფასებების გარეშე). არჩევნების დროს ხმის მიცემის ამსახველი მასალა გაავრცელა ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა, საფრანგეთში არსებულმა ევროპულმა სამაუწყებლო ტელეარხმა „ევრონიუსმა“, გერმანულმა „დოიჩე ველემ“ და ა.შ.

ამერიკული რადიო „თავისუფლება/თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის – რადიო „სვობოდას“ პროექტის – „ეხო კავკაზას“ მიერ ეთერში გადაიცა ვრცელი ინტერვიუ ქართველ პოლიტოლოგებთან – ზვიად აბაშიძესთან და გია ხუხაშვილთან (მათ ესაუბრება პრაღელი ჟურნალისტი ეკატერინა პროკოფიევა), რომლებიც არჩევნების შედეგებს აფასებენ.

ორივეს აზრით, შედეგები სავსებით ლოგიკურია – მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: „ქართულმა ოცნების“ გამარჯვება სრულიად კანონიერად მოიპოვა. ინტერვიუში პოლიტოლოგები  ყურადღებას უთმობენ თბილისის მერობის კანდიდატების კ.კალაძის, ზ.უდუმაშვილის, ა.ელისაშვილისა და ე.ხოშტარიას წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს (წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/28809331.html).

Comments are closed