globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს განახლებული მთავრობა: სამი – ახალი, თექვსმეტი – ძველი

«The Wall Street Journal» (აშშ): აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესები საქართველოში // ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ნატოში შესვლა სურს, რუსეთის  წინააღმდეგობის მიუხედავად

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-pm-to-nominates-new-cabinet-members/3606816.html

საქართველოს განახლებული მთავრობა: სამი - ახალი, თექვსმეტიძველი

ზაზა წულაძე

საქართველოს განახლებულ მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი სახე იქნება, დანარჩენი მინისტრები კი თანამდებობებს შეინარჩუნებენ. დღეს ყველაზე დიდი მოულოდნელობა 43 წლის ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის წარდგენა იყო.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ბაქრაძე კი 5 დეკემბრიდან, აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

ვიქტორ დოლიძე პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. წინა მოწვევის პარლამენტში მას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის პოსტი ეკავა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებისა და „კაბელების საქმის“ გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციაში ყოფნისას ვიქტორ დოლიძე, სხვა „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად აცხადებდა, რომ გახმაურებული „კაბელების საქმე“, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი 7 წლიან პატიმრობას იხდის, „პოლიტიკურად შეთითხნილია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ, ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წინააღმდეგ“.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ დოლიძე, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი, კენჭს ვაკის მეორე ოლქში იყრიდა, სადაც ხმების მხოლოდ 14% (3553) მიიღო და პირველივე ტურში დამარცხდა. 12 ოქტომბერს მან ოპოციზიური პარტია დატოვა. დღეს კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძეს ახალ სამთავრობო გუნდის წევრად წარადგინა.

ვიქტორ დოლიძემ ბრძანა, რომ პრინციპებიდან არ გადაუხვევია და კაბელების საქმეზე გასამართლებული პირებისთვის “ახალი თანამდებობიდან უფრო მეტს გააკეთებს”. გიორგი კვირიკაშვილმა კი დოლიძეს ხელისუფლების „კონსტრუქციული პარტნიორი“ უწოდა: „ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა თუ შემდგომში, უფრო მოგვიანებით, ამ სტატუსის გარეშე. ბატონ ვიქტორს ვულოცავ ჩვენს გუნდში დაბრუნებას“.

მომალ მთავრობაში სხვა ცვლილებებიდან, აღსანიშნავია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე – 40 წლის ზურაბ ალავიძის წარდგენა, იგი 62 წლის ნოდარ ჯავახიშვილს შეცვლის.

ზურაბ ალავიძეს ბოლო სამი წლის მანძილზე, სააქციო საზოგადოება „დარიალ ენერჯის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. ეს კომპანია არაერთხელ გამხდარა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ობიექტი, ჰიდროენერგეტიკის სფეროში უხეში დარღვევების გამო. ზურაბ ალავიძეს უკვე უმუშავია მთავრობაში, 2009 წელს, იგი ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოადგილე იყო. 2012 წლის ზაფხულში კი მან, როგორც „დარიალ ენერჯის“ ხელმძღვანელმა, მაშინდელ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ 35 000 ლარი შესწირა.

ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება 38 წლის კახი კალაძე, მან ეს თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო პირველ მოადგილეს 41 წლის ილია ელოშვილს დაუთმო. პარლამენტის თანხმობის შემდეგ კი ისინი თანამდებობებს კიდევ ერთხელ გაცვლიან. რეორგანიზაცია შეეხო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეს სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, ყოფილი ბიზნესს ომბუდსმენი და პრემიერის ყოფილი თანაშემწე, 40 წლის გიორგი გახარია იქნა წარდგენილი. იგი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მე-5 ნომრად იყო.

ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი 42 წლის დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანსთა სამინისტროში 46 წლის ნოდარ ხადურს შეცვლის, რომელმაც როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა პირველი კომენტარი სწორედ ლარის მომავალზე გააკეთა: „ლართან მიმართებაში კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, არ ეცვლებოდეს, ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ, გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის შემდეგ“.

საქართველოს პარლამენტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის, ფორმალური განხილვა ამ კვირაშივე დაიწყება. პირველად განხილვა მოხდება კომიტეტებში, რომელთა თავმჯდომარეებიც პარლამენტმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აირჩია. შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში გასულ პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან. კენჭი კი ახალ მთავრობას შაბათს, 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე ეყრება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე განაცხადეს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ.

«The Wall Street Journal» (აშშ), 23 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/americas-vital-interests-are-at-stake-in-georgia-1479861103

აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესები საქართველოში

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ნატოში შესვლა სურს, რუსეთის  წინააღმდეგობის მიუხედავად

დონალდ რამსფელდი

(მცირე შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველომ კვლავ მოხდინა დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულების მტკიცე დემონსტრირება: გასულ თვეში ქართველებმა, უკვე მეორედ ოთხი წლის მანძილზე, საარჩევნო ურნებთან ხმის მიცემის დროს ნამდვილი დემოკრატიის, პლურალისტური საზოგადოებისა და ტრანსატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება გამოხატეს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით განმეორდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ოთხი წლის, 2012 წელს ჩატარებული არჩევნების დადებითი შედეგები

საქართველო, შეიძლება ითქვას, თითქმის უნიკალურია იმ ახალ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავარმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და განაცხადეს, რომ ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციას, აგრეთვე ურთიერთობის გაღრმავება-განმტკიცებას სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ ჩემთან საუბრისას, შემდეგ კი საჯაროდაც განაცხადა, რომ ეს პროცესი „შეუქცევადია“ – ეს არის ის განწყობა, რომლითაც გამსჭვალულია მთელი ქართული საზოგადოება და მას დიდი რეზონანსი აქვს.

რის გაკეთება შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, ასეთი მტკიცე მხარდაჭერისა და და სწრაფვის საპასუხოდ? მომავალმა ადმინისტრაციამ ყურადღება რამდენიმე ვარიანტს უნდა დაუთმოს, რომლებიც არ ითხოვენ მნიშვნელოვან ხარჯებს, მაგრამ იმავდროულად სავსებით შეესაბამებიან და  ავითარებენ აშშ-ის ინტერესებს.

პირველ რიგში უნდა მოიხსნას ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას: საქართველომ „მაპ“-ი ყოველგვარი დამატებითი დაყოვნების გარეშე უნდა მიიღოს. ქართველებს თავიანთი საწევრო შესატანი ნატოში უკვე გადახდილი აქვს: თბილისმა ნებაყოფლობით გაგზავნა თავისი მეომრები ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში, რომლებიც ამჟამად ამერიკელებისა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცებთან მხარდამხარ იბრძვიან. თუ გადაითვლით და ერთმანეთს შეადარებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას და ავღანეთში გაგზავნილ ქართველ ჯარისკაცთა რიცხვს, დაინახავთ, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი უფრო მეტია, ვიდრე ნატოს სხვა სახელმწიფოებისა (აშშ-ის გარდა). ამ „სხვა სახელმწიფოებში“ იგულისხმებიან ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც გულგრილად არიან განწყობილნი საქართველოს ნატოში მიღების მიმართ. გერმანიამ, რომლის მოსახლეობა 81 მილიონს აღწევს, ავღანეთში მიმდინარე ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში 55 ჯარისკაცი დაკარგა, 4,9 მილიონიანმა საქართველომ კი – 32 მამაცი მეომარი. განსხვავება აშკარაა.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამას წინათ მნიშვნელოვნად განამტკიცა თავისი ყოფნა საქართველოში – გაიხსნა  სწავლებ-შეფასების ერთობლივი ცენტრი, თუმცა ნატომ უფრო უკეთ უნდა ისარგებლოს საქართველოს უნიკალური პერსპექტივებით ამ რთულ რეგიონში. საქართველოს რუსეთის აგრესიული მოქმედების მწარე გამოცდილება აქვს. საქართველო ესაზღვრება მშფოთვარე თურქეთს, თბილისი ავითარებს კავშირებს ირანთანაც. ამ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს – სადაზვერვო მონაცემების პერსპექტიული გაზიარებისა და კონტრდაზვერვითი ოპერაციების ჩათვლით.

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისათვის მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს. რუსეთის უარყოფითმა რეაქციამ ნატოს ზოგიერთი წევრი დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოს ნატოში მიღების საკითხი უნდა გადადებულიყო. ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტებზე არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და მას ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების იმედი უნდა ჰქონდეს. ახლა მოქმედების დრო დადგა. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები უკმაყოფილო რუსეთის  მძევალი არ უნდა გახდეს.

რუსეთი არმია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას, რომელიც მოსკოვმა ხელში 2008 წელს განხორციელებული სამხედრო თავდასხმის შედეგად ჩაიგდო. რუსეთის განვითარების იმპერიული კონცეფცია, რომელიც უკრაინის კუთვნილ ყირიმსაც მოიცავს, დასავლური ფასეულობებისა და უსაფრთხოებისადმი შეუთავსებებლია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] დაბრუნებისაკენ მიმართული დისკუსიები მაინცდამაინც შედეგიანი არაა, მხოლოდ მცირე პროგრესი შეიმჩნევა. ამასობაში კი რუსეთის ჯარები ნელ-ნელა, ჩუმ-ჩუმად სწევენ ე.წ. საზღვარს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებებზე თავისი ავტორიტეტი უნდა გამოიყენოს, რათა ზემოთ აღნიშნული საკითხები გადაიჭრას და მზად უნდა იყოს ისეთი ზომების მისაღებად, რომლებიც რუსეთისათვის ზარალის მომტანი იქნება, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.

დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მნიშვნელობა აღიაროს და თბილისი რეგიონის სტრატეგიის დაგეგმვის აქტიურ მონაწილედ აქციოს. საქართველოზე ხომ ენერგორესურსების ტრანსპორტირების ძირითადი მარშრუტი გადის, რომლის მეშვეობით კასპიის ნავთობი და გაზი აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს მიეწოდება. საქართველო ბარიერის როლს ასრულებს ახლოაღმოსავლელი ჯიჰადისტების ნაკადის წინააღმდეგაც. გარდა ამისა, საქართველო, უეჭველია, მნიშვნელოვანი ფიგურაა ნატოს სტრატეგიაში, რომელიც შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცებას და რუსული ავანტიურიზმისადმი „ახალი ევროპის“ წინააღმდეგობას გულისხმობს.

იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატებმა აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, რომლებშიც საქართველო და საერთოდ, კავკასია ცენტრალურ როლს ასრულებს. შავიზღვისპირა ქართული ნავსადგურები მიიღებენ და გაგზავნიან ტვირთებს (ნედლელულს) აზიიდან ევროპისაკენ და ევრაზიის კონტინენტის ყველა ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებენ. ამჯამად ამერიკული კომპანია ანაკლიაში ისეთ ღრმა ნავსადგურს აშენებს, რომელიც ყველაზე დიდი ტონაჟის მქონე სატვირთო გემების მიღების შესაძლებლობას იძლევა, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია – ის იმ საყრდენისა [და ხიდის] როლს ასრულებს, რომელიც ევროპისა და აზიის ეკონომიკურ სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებთ.

ყველა ამ მიზეზის გამო შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედოს და საქართველოსთან თავისი ვალდებულება გააღმავოს არა როგორ ფილანტროპული [საქველმოქმედო] აქტის სახით, არამედ აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების საფრთხისაგან დაცვის მიზნით. ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ სახელმწიფოს ნორმალური მართვა, დემოკრატიის განვითარება და დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულება შეუძლიათ, ურთულესი პრობლემების არსებობისა და [ერთმანეთთან] უთანხმოების პირობებშიც კი. საქართველო ჩვენი მოკავშირეა, რომელიც გვჭირდება და მას უნდა მივესალმოთ.

———–

დონალდ რამსფელდი – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 1975-77 წლებში (ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს) და 2001-2006 წლებში (ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციაში). იგი ავტორია წიგნებისა „მემუარები: ცნობილი და უცნობი“ და „რამსფელდის წესები“. ამჟამად ექს-მინისტრი მისივე სახელობის ორგანიზაციას – „რამსფელდის ფონდს“ ხელმძღვანელობს.

Comments are closed