globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Стратегия России» (რუსეთი): საქართველოსა და რუსეთის ინტერესები

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: ტერორიზმი თურქეთში, თურქეთ-რუსეთის დაახლოება და საქართველო

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გალის რაიონი: განათლება გამყოფ ხაზთან

———————-

«Стратегия России» (რუსეთი), №12, დეკემბერი, 2016 წელი

http://sr.fondedin.ru/new/fullnews.php?subaction=showfull&id=1480604352

საქართველოსა და რუსეთის ინტერესები

ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილი სიტუაცია, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მდგომარეობა და მათ შორის ურთიერთობის, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები. პუბლიკაციაში ნათლადაა გამოკვეთილი მთავარი მომენტები: რა სურს მოსკოვს თბილისისაგან და პირიქით, რა ინტერესები აქვს საქართველოს რუსეთთან (ავტორი – ირაკლი გოგავა, არასამტავრობო ანალიტიკური ცენტრის „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ დირექტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ დამოუკიდებელი სახელმწიფოების საჭესთან პოლიტიკური ელიტის ისეთი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომლებიც ყოველთვის არ იყვნენ მზად საკუთარი ქვეყნების მართვისათვის. „საბჭოთა ნომენკლატურის“ გამოყენებაზე უარმა რესპუბლიკები ეკონომიკურ დაცემამდე მიიყვანა, რომლის შედეგადაც, ბუნებრივია,  ყველა დარგი დაზარალდა. ხელისუფლებაში მოსულთაგან, რასაკვირველია, ბევრი ძლიერი პიროვნება იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, თანაც ყველაზე უბადრულად ამ ლიდერების „ელიტური“ გარემოცვა გამოიყურებოდა.

შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ ის რესპუბლიკები, რომლებიც გარკვეულ დონეზე ძველი საბჭოთა ნომენკლატურის რესურსს იყენებდნენ. ახლებმა კი, რომლებიც ნაკლებად კომპეტენტურნი იყვნენ, მრავალ შეცდომას უშვებდნენ როგორც საშინაო პოლიტიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის სფეროში, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში. შეიძლება ითქვას, ქვეყნები და ხალხები ახალ პირობებში ცხოვრებას იწყებდნენ.

საქართველო ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ყველაზე მეტად დაზარალდა. მოკლე დროში რესპუბლიკამ გადაიტანა სამოქალაქო ომი, სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, საქართველომ უდიდესი დემოგრაფიული ზიანი მიიღო: ქვეყანა მილიონობით მოქალაქემ დატოვა, ათობით ათასი სიცოცხლე კონფლიქტებმა შეიწირა, ასობით ათასი კი ლტოლვილი და დევნილი გახდა. იყო მომენტები, როცა ქართველი ხალხი იმედით შესცქეროდა ტელევიზორის ეკრანს და ფოთის პორტში ამერიკიდან შემოსული ხორბლითა და ჰუმანიტარული ტვირთით სავსე თითოეული გემის დანახვაზე სიხარულით თრთოდა.

მძიმე დრომ გვერდი რუსეთსაც არ აუარა. ეგორ გაიდარის „შოკური Еერაპიის“ შემდეგ მოსახლეობა გაღარიბდა, დაიწყო სახელმწიფო ქონების ველური გადანაწილება: პრივატიზაციის პროცესი ხშირად უსამართლო იყო და კრიმინალური გარჩევების ფონზე მიმდინარეობდა. (…)

რუსეთი 1990-იან წლებში გარდაუვალ დაშლას ბირთვული არსენალის არსებობამ გადაარჩინა: შეერთებული შტატები შიშობდა, რომ საბჭოთა ატომური ბომბები შეიძლებოდა „სხვებს“ ჩავარდნოდათ ხელში, ამიტომაც ვაშინგტონმა მხარი არ დაუჭირა რუსეთის დაშლის სცენარს, თუმცა მსგავსი გეგმა არსებობდა. რუსეთის დაშლა თვით ჩეჩენი სეპარატისტებისადმი დახმარების მიზანსაც არ წარმოადგენდა, ამ შემთხვევაში მოტივი უფრო აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის ბაქო-ნოვორისიისკის მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. „ბრიტიშ პეტროლეუმი“ ჩრდილოეთის მარშრუტს ყველაზე რენტაბელურად მიიჩნევდა, მაგრამ  ჩრდ.კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტის გამო საჭირო გახდა ნავთობსადენისათვის სამხრეთის მარშრუტის ძიება. ასე დაიბადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. და როგორც კი სამხრეთის მილსადენის მშენებლობა გადაწყდა, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სასწრაფოდ დახურა „პანკისის ხეობის“ პროექტი და იქ დემონტრაციულად მოდების ჩვენება ჩაატარა. ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობ-გაზის მილსადენების მშენებლობა პრეზიდენტზე მოწყობილმა ტერაქტმაც კი ვერ შეაჩერა.

რუსეთის ხელისუფლებაში ახალი თაობის მიზანმიმართული წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ სიტუაცია იცვლება: რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების კვალობაზე ძლიერდება მისი ავტორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან მოსახლეობას ეროვნული სიამაყის გრძნობა დაუბრუნა. სწორედ ამ გრძნობის განმტკიცებაზე „მუშაობდა“ 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და 2015-2016 წლებში სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციები.

მაგრამ კითხვა – მოუტანს თუ არა რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე განხორციელებული ასეთი სამხედრო-პოლიტიკური წარმატება? ხომ არ აჩქარდა რუსეთის ხელისუფლება, როცა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ძალისმიერ აქციას მიმართა? ქართველი და უკრაინელი ხალხი ხომ თანდათან ბრძენდება, გამოცდილებას იღებს და თან არაფერს ივიწყებს… მართალია, მათ დასავლეთის მიმართ უკვე იმედი უცრუვდებათ, ქრება რომანტიზმი „მარშალის ახალ გეგმაზე“, მაგრამ როგორი რჩება მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აქცია და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლად აღიარება აღქმული იქნა როგორც სიმეტრიული პასუხი დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარებაზე. გასაგებია, რომ რუსეთის მხარდაჭერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი თავიდანვე მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველოს „არგაშვებას“. გასაგებია ისიც, რომ ნატოს წამყვანი ქვეყნები წინააღმდეგი იქნებიან ალიანსის წევრად ისეთი საქართველო მიიღონ, რომელსაც ტერიტიორიული პრობლემები გააჩნია მეზობელ რუსეთთან – ბირთვულ სახელმწიფოსთან და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთან.

მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პოლიტიკური ელიტა, გარკვეული გარემოებების გამო, იძულებული გახდება (ან მას იძულებულს გახდიან) აღიაროს ან დაივიწყოს აფხაზეთი იმის გამო, რომ თბილისს ნატოში გაწევრიანებას და პერსპექტივაში – ევროკავშირში მიღებასაც აღუთქვამენ? დაახლოებით ასე აიძულეს სერბეთიც და, შესაბამისად, ბელგრადმა კოსოვოს დაბრუნებისათვის აქტიური ბრძოლა შეწყვიტა. ამ შემთხვევაში საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების გზაზე ის უკანასკნელი ბარიერი, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია არგუმენტად იყენებენ, ფაქტიურად, აღარ იქნება. სწორედ ასეთი პოზიციის დეკლარირებას ახდენდა საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რომელიც პროდასავლურად ითვლება და რომელმაც 2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსება ითხოვა. დასავლეთიც, ცხადია, წინააღმდეგი არ იქნება, რომ სიტუაცია ასეთი სცენარით განვითარდეს.

როგორია რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთის მიმართ?

ა) რუსეთის ინტერესები

რუსეთისათვის არასასურველია საქართველოს ნატოში შესვლა და მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსება. ნატოს ლიდერების ყველა ისეთი ტიპის განცხადებები, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს ჩვენი მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართულიო, ცარიელი სიტყვებია და, ბუნებრივია, მათი მოსკოვში არავის სჯერა: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ცენტრის მიმართულებით გაშვებული რაკეტას და გაფრენილ თვითმფრინავს მიზნის მისარწევად ხომ ძალიან ცოტა დრო ჭირდება…

რუსეთს ნამდვილად აქვს შიშის საფუძველი კიდევ ერთი მიზეზითაც: საქართველოს მოსაზღვრე ჩრდ.კავკასიის რესპუბლიკების პოლიეთნიკურობისა და სეპარატიზმის გამო. აქ ყოველთვის იქნებიან ძალები, რომლებიც რუსეთისა და საკუთარი დამოუკიდებლობის მიზნით იბრძოლებენ და რაც ყველაზე საშიშია, ბრძოლა იქნება ისლამის დროშით, მისი ყველაზე უარესი, ყველაზე რადიკალური გამოვლენით – მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“) სახით. სისრიაში ალავიტებსა და ადგილობრივ სუნიტებს შორის პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ ეს პრობლემები სწორედ მაშინ გამწვავდა, როცა მათში ჩარევა უცხოეთიდან სპეციალურად მოხდა (ფინანსურად და ორგანიზაციულად). მოსკოვისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინფრასტრუქტურის სავარაუდო განლაგება ამ მხრივაც საშიშია – ვაითუ, ეს ინფრასტრუქტურა ნატომ ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალური ისლამისა და ადგილობრივი სეპარატიზმის გასაღვივებლად გამოიყენესო. საზღვრის ტოტალური კონტროლი კი, კავკასიის ქედის რთული რელიეფის გამო, შეუძლებელია.

არსებობს კიდევ რუსეთის პოლიტიკური ელიტის ემოციური განწყობაც: „უმადურ“ ქართველებს ჩვენთან „მეგობრობა“ აღარ სურთ (აშკარაა, რომ „მეგობრობაში“ „მორჩილება“ იგულისხმება), ჩვენ ეს ქვეყანა გავაერთიანეთ, ვიხსენით დაშლა-დაქუცმაცებისაგან, დავიცავით ოსმალებისა და სპარსელებისაგან, გადავარჩინეთ ქართული გენოფონდი, განათლება, კულტურა და მეცნიერება, ავაშენეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა“ და ა.შ. ცხადია, ამგვარ ნათქვამში გარკვეული სიმართლე არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასმედიის 25-წლიანი ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ხშირად თვით რუსეთის მიერა არის პროვოცირებული, წარსული და დღევანდელი ურთიერთობების ღრმა ანალიზისა და ობიექტური შეფასებისათვის სულ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს.

რუსეთს ასევე აინტერესებს საქართველოს შავიზღვისპირეთი, შავ ზღვაზე გასასვლელიც. რუსეთის მთავარი ნავსადგური შავ ზღვაზე – ნოვოროსიისკი ყოველთვის გამოსაყენებელი არ არის, მისი ექსპლოატაცია განსაკუთრებით ზამთრობით ძალიან რთულდება. რუსეთს რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ იოლი იქნებოდა ირანის ნავთობ-გაზის ევროპაში  გატანა – სომხეთის (ან აზერბაიჯანის) ტერიტორიის გავლითა და საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით. ასევე საინტერესოა რუსეთისათვის სომხეთთან (ევრაზიული კავშირის წევრთან) ინტეგრირების პრობლემის განეიტრალებაც. დღეს რუსეთსა და სომხეთს ერთმანეთთან მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო მაგისტრალი აკავშირებთ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის და რომლის გამტარუნარიანობა საკმაოდ ლიმიტირებულია (ბუნებრივი პირობების გამო). მაგრამ ხომ არის მეორე გზაც, ვთქვათ, აფხაზეთის გავლით – როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო? უკვე ორი ათეული წელია რუსეთი და სომხეთი დაბეჯითებით ითხოვენ თბილისისაგან აფხაზეთის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას. საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისაგან. თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე მზად იყო ეს გაეკეთებინა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გალის რაიონში ლტოლვილები დაბრუნდებოდნენ. აქვე ვიტყვით, რომ გალის რაიონში დევნილების დაბრუნება რომ მოხდეს, ეს იქნებოდა რუსეთის მიერ გადადგმული ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი ბოლო 25 წლიანი ურთიერთობის მანძილზე.

არსებობს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის აუცილებლობაც ანტიტერორისტული მიმართულებით. ოდესღაც იყო შეთანხმება, რომ ბათუმში სამმხრივი ანტიტერორისტული ცენტრი შეიქმნებოდა რუსეთის, აშშ-ისა და საქართველოს მონაწილეობით, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელებულა. დღეს, როცა უკვე „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“) აღსასრული ახლოვდება, ალბათ, კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად წასული „ბოევიკების“ სამშობლოში მასობრივ დაბრუნებას უნდა ველოდოთ. „დაიშ“-ელთა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ემისართა საქმიანობა უკვე შემჩნეულია აფხაზეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში [და თვით საქართველოშიც].

დღის წესრიგშია აგრეთვე თურქეთის ექსპანსიის შეკავების აუცილებლობაც რუსეთის საზღვრებისაკენ, ჩრდილოეთ კავკასიაში… ექსპანსია აშკარად შეინიშება, ვთქვათ, აფხაზეთში. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ გუდაუთელი აფხაზები საკმაოდ სიმპათიურად არიან განწყობილნი თურქეთისადმი და მხარს უჭერენ ანკარის გავლენის გაფართოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთიდან უკვე პირდაპირ ჩრდილოეთ კავკასიისაკენ.

მოსკოვისთვის გასაგებია, რომ თურქული ექსპანსიის შეჩერება-შეკავება თბილისთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. აჭარაშუ უკვე სამი ათასს გადააჭარბა თურქეთის რელიგიურ სკოლებში განათლებამიღებული ახალგაზრდების რაოდენობამ. თითქმის ამდენივეა აფახაზეთშიც. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აჭარის ავტონომიაში ათასობით თურქი ბიზნესმენი დამკვირდა, რომლებიც თურქეთის მთავრობის დახმარებით სარგებლობენ, წარმატებული ბიზნესი აქვთ და მალე ადგილობრივ სათვისტომოსაც ჩამოაყალიბებენ, რომელიც დროთა განმავლობაში, ალბათ, გაძლიერდება.

თურქეთში ასეთი კანონი არსებობს: თუ ამ ქვეყნის მოქალაქე საზღვარგარეთ მაღაზიას გახსნის და თურქულ საქონელს გაყიდის, მაშინ მას თურქეთის მთავრობა შენობის დაქირავების კომპენსაციას უხდის და ბიზნესის განვითარებისათვის შეღავათიან კრედიტს აძლევს. სწორედ ეს კანონი არის ის ძირითადი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის ექს-პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს იდეების რეალიზებას. როგორც ცნობილია, ამ იდეებში ნეოსმანური სივრცის აღდგენა იგულისხმება, [თანაც „რბილი ძალით“], შეიარაღებული ბრძოლის გარეშე. ამ კანონის მხარდაჭერით დაიწყო თურქული ექსპანსია საქართველოში, ბალკანეთის ქვეყნებში… უკვე დადგა საკითხი ბათუმში დიდი მეჩეთ-სასწავლებლის აშენების თაობაზე, თურქეთის დაფინანსებით. ყველასათვის გასაგებია, რომ რუსეთ-თურქეთის ტაქტიკური პოლიტიკური ფლირტი, რომლის მოწმენიც დღეს ვართ, დიდხანს არ გაგრძელდება…

ბ) საქართველოს ინტერესები

საქართველო თავისი 30-საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთიანი და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ 200 წლის განმავლობაში იყო. ქართული ელიტა აცნობიერებს, რომ იმ კატასტროფის მიუხედავად, რომელიც ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაატყდა, ყველაზე ძვირფასი, რაც შენარჩუნდა, ეს ქართული სახელმწიფოებრიობაა. ამიტომაც ქვეყანას, მის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში აქვს. შესაბამისად, საქართველო, თავისი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ეძებს მაქსიმალურ გარანტიებს. ამჟამად არსებული უსაფრთხოების სისტემებიდან  თბილისს ამ მხრივ ყველაზე მეტ გარანტიებს ნატოს წევრობა აძლევს, კერძოდ, ალიანსის წესდების მეხუთე პუნქტი.

(გაგრძელება იქნება)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/matthew-bryza-on-turkey-and-russia/3647166.html

ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: ტერორიზმი თურქეთში, თურქეთ-რუსეთის დაახლოება და საქართველო

ნანა საჯაია

(შემოკლებით)

თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის თემას და შედეგად წარმოქმნილ ახალ რეალობას ორმხრივ თუ რეგიონულ ურთიერთობებში სტამბოლიდან „ამერიკის ხმასთან“ სკაიპით ჩაწერილ ინტერვიუში აანალიზებს დიპლომატი მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.

ამერიკის ხმა: ანაკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. მსგავს ქმედებებს, ისტორიულად, ომები გამოუწვევია. როგორ შეცვლის ანდრეი კარლოვის მკვლელობა რეგიონის ორი დიდი ძალის – რუსეთის და თურქეთის ურთიერთობას?

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის უფრთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება. ამ მკვლელობამ ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, პიროვნულად შემარყია. ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ელჩები და ყოფილი ელჩები თავდასხმების სამიზნეები ხდებიან, ამავდროულად, ეს მკვლელობა გვაჩვენებს, რომ თურქულ სისტემაში ისევ არიან ბოროტმოქმედები, რომლებსაც მსგავსი საშინელების ჩადენა შეუძლიათ. აქ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის კავშირები გამყარდება. მკვლელობაზე ორივე ლიდერის, პრეზიდენტ ედროღანის და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურება გვაჩვენებს, რომ ისინი თანხმდებიან და ისინი ცდილობენ ამ ტრაგედიიდან ახალი სამშვიდობო პროცესი დაიწყონ, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და ირანი იქნებიან ჩართულები. საბოლოო ჯამში, რუსეთს და თურქეთს შორის კავშირების გაძლიერებას ველოდები. (…)

ამერიკის ხმა: თურქეთი და რუსეთი რეგიონის მსხვილი მოთამაშეები არიან. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლამ საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე?

მეთიუ ბრაიზა: საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ველოდები. მე ენერგოწყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მიზანია რუსული გაზის ევროკავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგოსფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს. არსებობენ რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროკავშირთან არსებული კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს. მოსკოვი საქართველოს ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი  თავისი მისწრაფებების ერთგული დარჩება და გააგრძელებს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება ეროვნული კონსენსუსის შერყევის მცდელობები.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/education-gori-akhalgori/3646977.html

გალის რაიონი: განათლება გამყოფ ხაზთან

ნინო დალაქიშვილი

რუსეთი არა მხოლოდ მავთულხლართების გაბმბით ცდილობს კონტაქტისა და ურთიერთდაკავშირების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას ქართველებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებს შორის, არამედ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის გზითაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით გალის რაიონშია, სადაც 31 სკოლიდან, რომელთაგან რამდენიმე წლის წინ 10 ქართული იყო, ახლა არც ერთი აღარ დარჩა და ქართული, ზოგიერთ მათგანში მხოლოდ ცალკე საგნად თუ ისწავლება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დიდი პრობლემაა, რომლის დაძლევასაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გაძლიერებულ რუსიფიკაციის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინააღმდეგობას ვერავინ და ვერაფერი უწევს. ერთადერთი პასუხი საქართველოს მხრიდან ის გახლავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ახალგაზრდებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურს სახელმწიფო უფარავს.

ანალოგიური მდგომარეობაა კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი მოქალაქეების მიმართაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილებზე კვალიფიციური განათლების ხელმისაწვდომობის არარსებობა უარყოფითად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ხარისხზე, შესაბამისად, მათთვის დაფინანსებული განათლების შემთხვევაშიც კი რთულია მინიმალური ბარიერების გადალახვა ეროვნულ გამოცდებზე. ამგვარი მდგომარეობა არაერთ ახალგაზრდას, ვინც სკოლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამთავრებს, უბიძგებს განათლება რუსულ ენაზე მიიღოს რუსეთის რომელიმე ქალაქში. ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ამერიკის ხმასთან ამბობს: „განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების მდგომარეობა. გალის რაიონის მოსახლეობა, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაშია. მათი ძირითადი უფლებების შელახვა, სამწუხაროდ, ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს. იზღუდება ასევე მშობლიურ ენაზე განათლების უფლება და ამ თვალსაზრისით წლიდან წლამდე ვითარება 90–იანი წლებიდან მოყოლებული, უარესდება. ასევე სოცილურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და გადაადგილების თავისუფლების მხრივ უმძიმესი ვითარებაა.“

ამერიკის ხმასთან ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელმა ელიკო ბენდელიანმაც ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებით დაინტერესება გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის საკმარისი არაა, რადგან ადგილებზე არსებული რთული ვითარების გამო, ამ ტერიტორიებზე სკოლადამთავრებული მოსწავლეები კონკურენტუნარიანები, ობიექტური მიზეზების გამო, არ არიან: „ოკუპირებულ ტეიროტიებზე, გალში და ახალგორში განსაკუთრებით, შესაძლებლობა არ აქვთ მოსწავლეებს ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ქართული ენის შესწავლის მხრივ ვითარება უფრო და უფრო რთული ხდება და მალე, პრაქტიკულად, ქართული სკოლები გალის რაიონში აღარ იქნება. ეს კი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხია, რადგან მათ რუსული პროგრამის ათვისება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება და სწავლა სჭირდებათ. დღეს–დღეობით, იმ მოსწავლეებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამთავრებს სკოლას და ჩააბარებს უნივერსიტეტებში ან საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის საფასურს უფინანსებს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ ეს მოსწავლეები მოხვდნენ უნივერსიტეტებში, აუცილებელია შევთავაზოთ მათ დამატებით პროგრამები, რათა შეძლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და ქართულ უნივერსიტეტებში მოხვედრა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, საქართველოს სახელმწიფოსთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

Comments are closed