globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

24 იანვარი, 2015 წელი

«ВВС» (დიდი ბრიტანეთი), 24 იანვარი, 2015 წელი

http://www.bbc.co.uk/russian/international/2015/01/150123_georgia_chikaidze_to_resign

საქართველოს შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით: „ალექსანდრე ჭიკაიძე როგორც არაკომპეტენტურობის სიმბოლო“

სტატიაში მიმოხილულია ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ბოლო დღეებში მოხდა და განვითარდა: უფლებადამცველ იური ვაზაგაშვილის დაღუპვა, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის ფაქტი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებები, შეფასებები და კომენტარები (ავტორი – ნინა ახმეტელი).

გთავაზობთ ამონარიდს:

„ჭიკაიძე როგორც არაკომპეტენტურობის სიმბოლო“

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. ალექსანდრე ჭიკაიძე იყო ერთ-ერთი ის მინისტრი, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ყველაზე მეტად აქებდა ხოლმე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული, გასული წლის ზაფხულში. ამასთან, სიტყვაძუნწი 29 წლის მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი მოუხერხებელი და უადგილო გამონათქვამების გამო.

ოპოზიცია ალექსანდრე ჭიკაიძეს ბრალს სდებდა არაკომპეტენტურობასა და ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში. მინისტრის გადადგომის კომენტირებისას, ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ერთი მინისტრის თანამდებობიდან წასვლა საქართველოში არაფერს შეცვლის: „მთავარია, რომ ქვეყანაში  ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დამთავრდეს. სწორედ მას მოაქვს ყველა პრობლემა, სწორედ იგი ამწვავებს ყველა პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას“, – თვლის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი. „ჩვენ არ მივტირით ალექსანდრე ჭიკაიძეს და მის წასვლაზე არ ვდარდობთ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, იგი არაფრის გამკეთებელი არ იყო. სამწუხარო ისაა, რომ მისი წასვლა სიტუაციას ვერ შეცვლის“, – ამბობს გიორგი გაბაშვილი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაუკეთა კომენტარი ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას და მისი ნაბიჯი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია: „მან ანგარიში გაუწია საზოგადოებას და სანამ საზოგადოებაში კითხვები არსებობს, იგი ვალდებული იყო სწორედ ამგვარი ნაბიჯი გადაედგა. ალექსანდრე ჭიკაიძე ღირსეულად მოიქცა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარასკევს იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 24 იანვარი, 2015 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=22057

მღვრიე ისტორია: საქართველოში პოლიტიკური ძალების ერთმანეთთან ბრძოლა მწვავდება

რომან ტემნიკოვი

(შემოკლებით)

მეზობელ საქართველოში ვითარება გარეგნულად სტაბილური და წყნარი ჩანს, თუმცა რეალურად ასე არაა: ქვეყანაში ჩუმი და დაზაბული ბრძოლა მიმდინარეობს ერთი მხრივ – მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხრივ – ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომლის ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ფარგლებგარეთ იმყოფება – მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მმართველი კოალიცია არ კმაყოფილდება მიღწეულით და სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი კიდევ უფრო მეტად მოახდინოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია ამომრჩევლის თვალში, რათა მას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონკურენციის შიში აღარ ჰქონდეს.

ამ მიზნით „მეოცნებეებმა“ ჯერ კიდევ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ელექტორატს აღუთქვეს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალთა“ ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა. მართლაც, არჩევნებში გამარჯვების სემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებების რეალიზება დაიწყო: დააპატიმრეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და სხვები… დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდებები ძებნა გამოაცხადეს იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე…

თუმცა „მეოცნებეებს“ ხმამაღალი სასამართლო პროცესები არ გამოუვიდათ. „ნაციონალები“ ჯერ კიდევ პოპულარულები არიან და ელექტორატის განსაზღვრული ნაწილი მათ ჯერ კიდევ მხარს უჭერს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობას, მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება: რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობის აღდგენა ვერ შეძლეს, ვერც პენსიები ვერ მოამატეს საგრძნობად და ვერც ხელფასები… მათი მტავარი მიღწევა ორი წლის მმართველობის პერიოდში ისაა, რომ ვერ შეძლეს იმის სრული დანგრევა, რაც „ნაციონალებმა“ შექმნეს. ასეთ სიტუაციაში მმართველ კოალიციას მხოლოდ ერთი შესაძლებელი გზა რჩება: მოაწყოს საჩვენებელი ხმაურიანი სასამართლო პროცესები, გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები „ნაციონალების“ წინააღმდეგ და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ჩვეულებრივი ადამიანების ყურადღება მათზე გადაიტანონ.

საქართველოს პოლიტიკური ძალების ერთმანეთთან დაპირისპირებას არცთუ ისე იშვიათად ტრაგიკული შედეგები მოაქვს: ცოტა ხნის წინათ საკუთარი შვილის საფლავზე დადებულ ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა იური ვაზაგაშვილი, რომელიც პოლიციელების დასჯას ითხოვდა. იური ვაზაგაშვილი თვლიდა, რომ 2006 წლის მაისში პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და მისი უიარაღო შვილი დახვრიტეს. მან არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და დაგეგმილი ჰქონდა მასობრივი აქციების მოწყობა, რადგან მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას არ ჩქარობდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას მოსთხოვა, რომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილის გარემოებები სწრაფად იქნას გამოძიებული. უკვე არძრულია სისხლის სამართლის საქმე და როგორც პრემიერმა განაცხადა, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით საკადრისად დაისჯებიან.

მომხდარ ამბებთან დაკავშირებით თავისი ხედვა აქვს ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს თენგიზ აბლოთიას, რომელსაც გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა:

თენგიზ აბლოთია: ეს ძალიან მღვრიე ისტორიაა.. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო მკვლელობის ეგზოტიკური მეთოდი: ბრიყვულია ისეთი მკვლელობა, როცა ეჭვმიტანილთა წრე 20-30 ადამიანით შემოიფარგლება. ყველამ იცის, რომ საქართველოში პროფესიონალი მნაღმავ-ამფეთქებლები ცოტანი არიან, ხოლო თვით საბრძოლო ნაღმებთან დაშვების უფლება მხოლოდ ასამდე ადამიანს თუ ექნება. განა უფრო იოლი არ იქნებოდა, რომ ჩვეულებრივად გაეკეთებინათ – მსხვერპლს ღამით მიპარვოდნენ და თავში სროლით მოეკლათ? ასეთი განსხვავებული მეთოდით განხორციელებული მკვლელობა იმას ნიშნავს, რომ ამის ჩამდენი უკვე მხილებულია.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში პოლიტიკაა ჩარეული. კერძოდ, მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხალხი აქ არაფერ შუაშია არ არიან. თუმცა, თავისი არსით, რადგან მამა შვილის გამო მოკლეს, ირიბად მაინც გამოდის, რომ საქმეში თითქოსდა მაინც მიხეილ სააკაშვილის ხალხი არის გარეული იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იმ დროს პოლიციელები იყვნენ. მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვერსიაა, არავინ ნორმალურად არ იცის, რა მოხდა: შეიძლება ეს პირადულია, შეიძლება რაღაც ბიზნეს-საქმეებს უკავშირდება… მე მაქვს ჩემი საკუთარი ვერსია ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება: ზურაბი ბანდიტი და დამნაშავე იყო. ის პოლიციელები, რომლებსაც მის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ამის შესახებ ღიად აცხადებენ. ეჭვი მაქვს, რომ პოლიციას ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ძალიან ბევრი კომპრომატი აქვს და ამ მასალებს ისინი თავისთან ინახავენ. თუ საჭირო გახდება, გამოაქვეყნებენ და მერე ნათელი გახდება, როგორ გვატყუებდნენ, როცა მის თითქმის ეროვნულ გმირად წარმოსახვას ცდილობდნენ. ჯერ-ჯერობით ამის გამჟღავნებას არ ჩქარობენ, რადგან მშვენივრად ესმით, რომ კომპრომატის არსებობა სისხლის სამართლის სასჯელისაგან მათ არ ათავისუფლებს. აქ მორალური ფაქტორი მოქმედებს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ ფაქტორთან დაკავშირებითაც ადამიანის მკვლელობის გამო სასჯელისაგან არავინ თავისუფლდება. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, პირადი ხედვაა, რომელიც რაიმე კონკრეტულს არ ეფუძნება. ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ჩემი ვარაუდებია.

———-

რომან ტემნიკოვი: თავს უფლებას მივცემ და პატივცემულ ექსპერტს არ დავეთანხმები: მე ვფიქრობ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სუფთა პოლიტიკური მკვლელობაა, განსაკუთრებით ორი მძლავრი პოლიტიკური ძალის მწვავე დაპირისპირების დროს. ამ შემთხვევაში ორივე მხარის დადანაშაულება შეიძლება: ერთი შეხედვით, იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციით თითქოსდა მისი შვილის მკვლელი პოლიციელები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომლებიც „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში მოქმედებდნენ, ანუ აქ აშკარად ჩრდილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადგება. ამასთან, მისი მოკვლა შეეძლოთ აგრეთვე „მეოცნებეებს“, ძირითადი ელექტორატის თვალში „ნაციონალების“ საბოლოო დისკრედიტაციის მიზნით.

მაგრამ ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ეს, ერთი რამ ნათელია: საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელზეც „მეოცნებეებისა“ და „ნაციონალების“ ბედი უნდა გადაწყდეს (პირველნი წავლენ თუ მეორენი დაბრუნდებიან), წინასაარცევნო ბრძოლა მხოლოდ გამწვავდება. ამ ფონზე გამორიცხული არ არის ახალი მკვლელობები, ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული კომპრომატების მთები, პოლიტიკური ძალების მოულოდნელი გაერთიანებები და ა.შ. ამრიგად, მომხდარი ტრაგიკული ფაქტი, სამწუხაროდ,  მხოლოდ დასაწყისია…

Comments are closed