«TV France-24» (საფრანგეთი), 23 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „რუსეთს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს“
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში აქებდნენ მის მიერ განხორციელებული რეფორმებისათვის, რომლებმაც ქვეყანა მთლიანად შეცვალეს – თითქმის შეუმდგარი სახელმწიფოდან საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მოდელად გადაიქცა. ამავე დროს მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყანა რუსეთთან 2008 წლის კატასტროფულ ომში ჩააბა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. დღეს იგი [პოლიტიკაში] დაბრუნდა, მაგრამ არა მშობლიურ საქართველოში, არამედ უკრაინაში – პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წამყვან მრჩევლად საგარეო პოლიტიკაში და რეფორმების გატარების საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ.
მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფრანსე-24“-ს ინტერვიუ მისცა. გადაცემის წამყვანმა რობერტ პარსონსმა (რომელიც, სხვათა შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ტელეარხ „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ ექს-დირექტორი იყო – ს.კ.), მიხეილ სააკაშვილი ტელემაყურებელს ასეთი ეპითეტებით წარუდგინა:
„ჩემი დღევანდელი სტუმარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. დღეს იგი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველია საგარეო საკითხებში. მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების მიღწევაში. 2008 წლის მოვლენების გამოცდილების გათავლისწინებით, რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ პოროშენკოს?
მიხეილ სააკაშვილი: ვლადიმერ პუტინი გაჩერებას არ აპირებს. რუსეთს არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთი ან სამხრეთი ნაწილის, არამედ მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება სურს… უკრაინა რუსეთს თავს არასოდეს დაესხმება, უკრაინელებს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლება უნდათ. დღეს უკრაინა დასავლეთ ბერლინს ჰგავს… საბჭოთა კავშირს და მის ბელადს იოსებ სტალინს დასავლეთ ბერლინის ხელში ჩაგდება სურდა, მაგრამ დასავლეთმა „დასავლეთ ბერლინი“ თავის ვიტრინად წარმოაჩინა, რითაც ის ფიზიკურად დაიცვა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი პარალელების გავლება შეიძლება“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ინტერვიუში ისაუბრა აგრეთვე უკრაინის სამტავრობო სტრუქტურებში ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების დასაქმებაზე („რომლებთაც რეფორმების გატარებაში დიდი გამოცდილება აქვთ“) და სხვა საკითხებზე.
«Фокус» (უკრაინა), 23 თებერვალი, 2015 წელი
http://focus.ua/country/325397/
„ეკა, დავითი, მიხო და სხვები. რას მისცემს უკრაინას ქართულაქცენტიანი რეფორმები
დენის ზამრი
ქართველები უკრაინის ხელისუფლების დერეფნებში, შეიძლება ითქვას, მიმდინარე პოლიტიკური სეზონის ძირითადი ტენდენციაა. ჟურნალ „ფოკუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილება გამოხატეს ქართველი ჩინოვნიკების მიმართ და აღნიშნეს, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ თბილისელ რეფორმატორებს უკრაინის პოლიტიკისათვის და საერთოდ, საჭირო იყო თუ არა მათი მოწვევა უკრაინის ხელისუფლების ორგანოებში სამუშაოდ.
რაულ ჩილაჩავა – უფროსი, პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატი, პოეტი, მთარგმნელი:
- ქართველები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში იქნენ მოწვეულნი, ჩემი აზრით, ქართული ეროვნული თვისებების არცთუ ისე ნათელი მატარებლები არიან. ისინი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დასავლური სულისკვეთებით, იქაური ბიუროკრატიზმით და პედანტიზმით არიან აღზრდილნი, ამიტომაც მათ შეუძლიათ პროფესიულად იმუშაონ და იმავდროულად არ იქნენ სხვებისგან გამორჩეულნი თავიანთი ეროვნული კუთვნილების მიხედვით.
გულახდილად რომ გითხრათ, მე ვერავის გავუწევ რეკომენდაციას, სამი მიზეზის გამო: პირველი – ვინმეს რომ რეკომენდაცია მივცე, მას ძალიან კარგად უნდა ვიცნობდე, მე კი დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსების შესახებ მონაცემები არ გამაჩნია; მეორე – ვშიშობ, რომ თუ ისინი იმ იმედებს ვერ გაამართლებენ, რომლებთაც პრეზიდენტი და უკრაინული საზოგადოების ნაწილი ქართველებზე ამყარებს, ამან შეიძლება იმიჯი გაუფუჭოს არა მარტო უკრაინის პოლიტიკაში ჩართულ კონკრეტულ ქართველ ფუნქციონერებს, არამედ ზოგადად ქართულ რეფორმებსაც; მესამე – ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოშიც არ ჰყოფნით მაღალპროფესიული კადრები და შესაბამისად, მათი ექსპორტის ლიმიტი, უბრალოდ, ამოწურულია.
რაულ ჩილაჩავა – უმცროსი, სპორტული ტელეპროგრამა „ორი ცხენის ძალის“ ავტორი და წამყვანი:
- მე ქართულ პოლიტიკუმს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი სწრაფად და ხისტად იმოქმედებენ. რასაკვირველია, თუ ამის ნებას მისცემენ. თუ არ მისცემენ, არ მოერიდებათ და პრეს-კონფერენციას მოაწყობენ, ყველაფერს გამოაქვეყნებენ საკუთარი სახელებით. ისინი აქ რაიმე ჩარჩოებითა და სქემებით არ შეიზღუდებიან, მათი მოსყიდვაც რთული იქნება. მიშა სააკაშვილს ასეთი მეტსახელი აქვს – „არმაგედონი“. ბიჭი რეალურად მუხრუჭების გარეშეა და შედეგიანად მუშაობა შეუძლია. ის, რაც ქართველებსა და უკრაინელებს აერთიანებთ, ესაა საბჭოური მენტალიტეტის გადმონაშთი – სახელმწიფოსაგან დახმარების, იმედის მოლოდინი: სახელმწიფო მოვალეა, სახელმწიფო ვალდებულია და ა.შ. უკრაინის პრეზიდენტი, არსებითად, მომლაპარაკებლის როლს ასრულებს ოლიგარქატსა და მოსახლეობას შორის. საქართველოს ბევრი რამ გამოუვიდა სწორედ იმის გამო და იმის წყალობით, რომ ყველაფრის შეცვლის გადაწყვეტილება ზემოთ მიიღეს.
ვახტანგ ყიფიანი, ჟურნალისტი:
- საქართველოს ყველა საუკეთესო წარმოპმადგენელი უკვე აქ არიან – ეკა ზღულაძე, დავით საყვარელიძე და სხვები. სამწუხაროა, რომ უკრაინამ ვერ შეძლო უდროოდ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ცოდნის გამოყენება. მე ვფიქრობ, რომ ქართულ გუნდში კარგი იქნებოდა ვანო მერაბიშვილიც ყოფილიყო, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად საპყრობილეშია, სადაც საქართველოს ამჟამინდელმა პუტინისტურმა რეჟიმმა ჩააგდო… რაც შეეხება ეროვნულ თვისებნებს, ყველა ეს ქართველი სწორედაც რომ უარყოფს და თავიდან იცილებს იმ არასწორ წარმოადგენებს, რომლებსაც ქართველებს მიაწერენ: ამბობენ, რომ ქართველები კორუმპირებულები არიან, არასისტემურები და ზარმაცები. ეს ბიჭები საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ და დაამტკიცეს, რომ მუშაობა შეუძლიათ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი უცხოპლანეტელები არიან. ისინი შედეგებზე მუშაობენ და აცნობიერებენ იმას, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი უკრაინაშიც გადის. ამ თვალსაზრისით ისინი ინტერნაციონალისტებიც არიან. ისინი უკრაინის პოლიტიკაში დანერგავენ მხოლოდ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე საქართველოშია აპრობირებული და რომლებიც შედეგის მომტანია.
მარგო ორმოცაძე, ეკონომიკური მიმომხილველი:
- საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები ხელმძღვანელთა ეროვნულ კუთვნილებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ სისტემის ყველა მონაწილის კეთილ ნებაზე. საქართველომ თავი თავზე იწვნია ომის სიმძიმე. ჩემი ბაბუა 1993 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, სოხუმში დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქართველი იყო. აფხაზეთი ქართველებისათვის უდიდესი ტრაგედიად იქცა. ჩვენ ლტოლვილებთან და იძუკლებით გადაადგილებულ ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი გამოცდილება უკრაინაშიც უნდა იყოს იმპლემენტირებული, დონბასელი ლტოლვილების დასახმარებლად.
ზაზა ბუაძე, სცენარისტი და კინორეჟისორი:
- სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებიდან არავის რეკომენდაცია არ შემიძლია, რადგან დღევანდელმა მთავრობამ ორი წლის განმავლობაში თავისი არაკომპეტენტურობა სრულად დაამტკიცა. რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ, როგორც მათ უწოდებენ, მიხეილ სააკაშვილის გუნდს, რადგან მე ჰუმანიტარულ სფეროში უფრო ვერკვევი, ვიტყოდი, რომ კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ რურუასა და ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის თამარ ტატიშვილის ცოდნა და გამოცდილება უკრაინულ კინოს ძალიან დაეხმარებოდა. იმავე კულტურის სამინიატროში ძალიან დიდი საქმეებს აკეთებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით. იგი თავისი საქმის დიდი სპეციალისტია და უკრაინას ძალიან გამოადგებოდა.
——–
შენიშვნა: პუბლიკაციის ბოლოში გამოქვეყნებულია ქართული სასაუბრო რუსული ასოებით, ანუ როგორ უნდა ისაუბროს უკრაინელმა ქართველ ჩინოვნიკთან შეხვედრისას, მაგალითად, აი, ასე:
Где находится отдел кадров? – Сад имкхопеба кадребис ганкуопилэбис?
Оставьте меня в покое. — Даманэбэт тави.
Возьмите себя в руки. — Тави хэлши аикхванэт.
Кто вы по профессии? — Вин харт пропесиит?
Я занимаюсь политикой. — Мэ вмогватцэоб политикис даргши.
Приношу извинение. — Бодишс вихди.
До каких пор? — Родэмдис.
Рады вас видеть. — Тквени нахвит мохарули вар.
Вот моя визитная карточка. — Аи чеми савизито барати.
Почему бы нам не перейти на “ты”. — Хом ар гадавсулвикхавит шенобит мимартвазе.
Простите, я не понял. — Укаправад ме вер гавиге.
Я могу вас попросить об одной вещи? — Шеидзелеба гтховот эрти рамис шесахэб?
Всего хорошего. — Каргат икавит.
Простите, что заставил вас ждать. — Мапатиэт ром галодинэт.
Это абсолютно исключено. — Эс срулиад гаморицхулиа.
«Профиль» (რუსეთი), 23 თებერვალი, 2015 წელი
http://www.profile.ru/eks-sssr/item/92965-god-vojny
ომის ერთი წელი უკრაინაში: როგორ ანადგურებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები საკუთარ მომავალს
ივან სუხოვი
(შემოკლებით)
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე ომი პირველი არ არის და, სამწუხაროდ, ყოფილ საბჭოთა სივრცეში არც უკანასკნელი არ იქნება: პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ძალიან ბევრი ტერიტორიაა სადავო საზღვრებით, ბევრი რესურსით და ისეთი ეთნიკური ჯგუფებით, რომლებსაც შეუძლიათ, ამ რესურსების ხელში ჩასაგდებად ომიც კი დაიწყონ. ამ სივრცეშია ახალგაზრდა სახელმწიფოების ჯგუფი, დიდი ქვეყნის ნამსხვრევები, რომლებშიც მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისინი სოციოლოგთა შეკითხვებს საკმაოდ მტკიცედ პასუხობენ, რომ ვთქვათ, რუსები ან უკრაინელები არიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვთ, როგორი ბედი ელოდებათ მომავალში.
უკრაინაში მიმდინარე ომი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის გაგრძელებაა. იმ დროს მსოფლიოში ძალიან ბევრ უხაროდა, რომ იუგოსლავიისაგან განსხვავებით, საბჭოური სახელმწიფოს დაშლა შედარებით ნაკლებ სისხლიანი გამოდგა, თუმცა ამ „შედარებითში” იმალება ათასობით დაღუპული ფერგანაში, სუმგაითში, მთიან ყარაბაღში, ინგუშეთში და ჩრდილოეთ ოსეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, დნესტრისპირეთში და, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში.
ეს იყო კონფლიქტების პირველი ტალღა: საბჭოთა სახელმწიფო საზღვრების უეცარი რღვევის შემდეგ დიდი ქვეყნის პატარა ერებმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა ამჯობინეს (ან იძულებულნი გახდნენ), რომ თავიანთი ინტერესები და მიზნები იარაღით ხელში დაეცვათ პრინციპით – „თუ ჩვენ არ მოვკლავთ, მაშინ ისინი დაგვხოცავენ”.
კონფლიქტების მეორე ტალღად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველო, სადაც 2008 წლის აგვისტოს ხუთთდღიანი ომი დაძაბულობის ხანგრძლივი ზრდის შედეგი გახდა და უკრაინა, დონბასში 2014 წლის სექტემბერში დაწყებული სისხლისღვრით. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები თითქოსდა თავიანთი ძალებისა და შესაძლებლობების ტესტირებას ახდენენ.
სავარაუდოდ, კონფლიქტების მეორე ტალღის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ჩვენ რომ პირველსა და მეორეს შორის არსებული პაუზის დროს მხოლოდ ენერგორესურსების გაყიდვით, ბიუჯეტის განაწილებითა და აგარაკების მშენებლობით არ ვყოფილიყავით დაკავებულები, სხვადასხვა მიმზიდველ და თვალწარმტაც ადგილებზე – უკრაინის მეჟიგორიედან დაწყებული, ტუაფსეთი და სარდინიით დამთავრებული.
უკრაინა ერთიანი სახელმწიფო არ იყო და, მით უმეტეს, არც ახლა არ არის. ერთიანი რომ ყოფილიყო, მაშინ რუსეთს ყირიმი, ადგილობრივი თათრების სპორადული პროტესტების ნაცვლად, საყოველთაო წინააღმდეგობას გაუწევდა, დონბასში კი ბრძოლები იმდენ ხანს არ გაგრძელდებოდა, როგორც ახლა გრძელდება. თუმცა, ჩვენ მეზობლის პრობლემები არ უნდა გაგვიხარდეს, რადგან რუსეთშიც ძალიან ბევრია დაძაბულობის ზონები, საბიუჯეტო თანხები კი მათ გასანეიტრალებლად უკვე არასაკმარისია.
პოსტიმპერიულ სივრცეში ომები ხშირად მცირე კონფლიქტებით იწყება, რომლებიც ძალთა მოსინჯვადაა გამიზნული, ანდა პოლიტიკურ მანევრად – ყურადღების გადასატანადაა ჩაფიქრებული. თეორიული თვალსაზრისით, „ა” ქვეყანა შეიძლება „ბ” ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ირედენტისტების (შეერთების მომთხოვნების) მხარდამჭერი გახდეს, ან ირედენტისტები თვითონვე გამოაცხადებენ „ა” ქვეყანას თავიანთ მთავარ იმედად. „ბ” ქვეყანას სასიცოცხლოდ სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ირედენტისტებზე გაიმარჯვოს, მაგრამ „ა” ქვეყანაც რომ არაფრის დათმობას არ მოისურვებს? ორივე მხარე დაივიწყებს იმას, რომ იმპერიის დანგრევის დროს, ოდესღაც, ყველა ჰარმონიულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე ოცნებობდა. საბოლოო ჯამში, ომის შედეგად რომელიმე ქვეყნის კოლაფსი მოხდება და გამორიცხული არაა, რომ ორივეს ერთნაირი ბედი ელოდება.
«Лрагир» (სომხეთი), 24 თებერვალი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/40846
კრემლის თასი „საუკეთესო ივანიშვილი“ სომხეთში
სარედაქციო
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 12 თებერვალს თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ პოლიტიკოსი გაგიკ ცარუკიანი „ქვეყნისათვის დიდ ბოროტებას წარმოადგენს“. თავის მხრივ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი არ დააყოვნა და ყველა სომეხს ხელისუფლების შეცვლისაკენ მოუწოდა.
გაგიკ ცარუკიანი – პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ეროვნული კრების (პარლამენტის) წევრი და რესპუბლიკის მასშტაბით ყველაზე მსხვილი მილიარდერი.
სომხეთის პარლამენტის ფრაქცია „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ ხელმზღვანელმა ლევონ ზურაბიანმა ჟურნალისტთა შეკითხვაზე განაცხადა, რომ ოლიგარქებს საკუთარ ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა, სადაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაამხო].
გაგიკ ცარუკიანსა და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან პირველად არ ადარებენ, თუმცა ეს შედარებებეი თავიდანვე არასრული იყო, „კოჭლობდა“, ასე ვთქვათ. ეს იმიტომ, რომ ვინც ცარუკიანს ივანიშვილს ადარებდა, ნებით თუ უნებლიეთ გამოდიოდა, რომ სერჟ სარქისიანი – ეს სომეხი მიხეილ სააკაშვილი იყო.
სინამდვილეში სერჟ სარქისიანს მხოლოდ მაშინ შეეძლო სომეხი მიხეილ სააკაშვილი გამხდარიყო, თუ იგი 2013 წლის 27 ნოემბერს ევროკავშირთან ხელს ასოცირების შეთანხმებას მოაწერდა, მაგრამ მან 2013 წლის 3 სექტემბერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გამოაცხადა და ამის შემდეგ მას რომ სააკაშვილი უწოდო, საკმაოდ უცნაური იქნება. ასევე უცნაური იქნებოდა, რომ სომხეთში ივანიშვილის მსგავსი პოლიტიკოსები გვეძებნა, რადგან ჩვენთან ყველა „ივანიშვილია“.
გუშინ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა საკუთარ თანამდებობებზე უარი თქვეს. მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან უხვევს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინწინ კიევში იმყოფებოდა და „ღირსების რევოლუციის“ ერთი წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდა, მაინც აშკარაა, რომ საქართველომ ევროპისაკენ სწრაფვა შეანელა. და ეს ბიძინა ივანიშვილის „დამსახურებაა“.
ალბათ, გაგიკ ცარუკიანისათვისაც ასეთი როლი იყო ნავარაუდევი – იმ შემთხვევაში, თუ სერჟ სარქისიანს დაარწმუნებდნენ მიხეილ სააკაშვილად გადაქცევის აუცილებლობაში, მაშინ გაგიკ ცარუკიანი რუსეთის ინტერესების დამცველად გამოვიდოდა.
გაგიკ ცარუკიანის მსხვერპლად შეწირვა იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სერჟ სარქისიანის „ერთგულებაში“ დარწმუნდა და რომ მოსკოვს „ივანიშვილების“ სომხეთში ხილვა არ სურს. ამასთან, გაგიკ ცარუკიანთან ერთად, თავიანთი „გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“ დაკარგეს აგრეთვე სხვა ძალებმაც, რომლებიც სომხეთში რუსული ხელისუფლების დამცველებად გამოდიოდნენ. დღეს სომხეთში „ივანიშვილად“ გადაიქცნენ სერჟ სარქისიანი და ყველა პრორუსულ-ევრაზიული კურსის მხარდამჭერი. ისინი ჩვენთან იმდენია, რომ შეუძლიათ კრემლის თასისათვის იბრძოლონ სახელწოდებით „საუკეთესო ივანიშვილი“.