globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): სომხეთის პრემიერი საქართველოში: მეზობლები რუსეთის ინტერესების ჭრილში

(ფაქტები და პოლიტოლოგთა კომენტარები)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გამოზამთრების პროგრამამ ზაფხულისკენ გადაინაცვლა // რატომ აჭიანურებს მთავრობა კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის 200-ლარიანი ვაუჩერების გაცემას?

«The National Interest» (აშშ): «Су-25»: რუსული „ჭილყვავები“ და ქართული „მორიელები“ ერთმანეთის პირისპირ

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 24 თებერვალი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/karapetianis-viziti-saqartveloshi/28326848.html

სომხეთის პრემიერი საქართველოში: მეზობლები რუსეთის ინტერესების ჭრილში

(ფაქტები და პოლიტოლოგთა კომენტარები)

ლელა კუნჭულია

23 თებერვალს საქართველოში დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი. სომხეთის მთავრობის მეთაურს, რომელიც ახლო წარსულში რუსეთის „გაზპრომის“ სტრუქტურებში მაღალ პოსტებს იკავებდა, თავისი ქართველი კოლეგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მასპინძლობს.

ხუთშაბათს გამართული შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. ითქვა, რომ სომხეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ახალი იდეებით ჩამოვიდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სომხეთის ინტერესზე, შექმნას მტკიცე სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან, რაც საფრთხილო საკითხს წარმოადგენს საქართველოსთვის.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. „საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ“, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრის დროს საჯარო გაშუქებისთვის განკუთვნილ ნაწილში და კარენ კარაპეტიანს წარმატებები უსურვა სომხეთის განვითარების პროცესში. თავის მხრივ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და დიდ სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თბილისში ხელცარიელი არ ჩამოსულა: „სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა ჩვენი დელეგაციის თბილი მიღებისთვის“.

თუ რას ითვალისწინებს სომხეთიდან თბილისში ჩამოტანილი ახალი იდეები, ამის დეტალები არც პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუკონკრეტებიათ. უბრალოდ ითქვა, რომ კარენ კარაპეტიანს ჰქონდა „საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ“ და რომ საქართველო დაინტერესდა ამ საკითხით. ითქვა ასევე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ასათვისებელი პოტენციალი მასშტაბურია და პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის ფარგლებში განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებით.

საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ბევრს ლაპარაკობენ ექსპერტებიც. მათთვის ცხადია, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთის მშვიდობა და სტაბილურობა აძლევს ხელს და ეს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებელი წინაპირობას წარმოადგენს. თუმცა როცა მეზობელი ქვეყნების კარგ ურთიერთობებზე ლაპარაკობენ, ანალიტიკოსები ახსენებენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრინციპულ განსხვავებებსაც, რაც მაგალითად, გამოიხატება სომხეთის აქტიურ სამხედრო თანამშრომლობაში რუსეთთან, მაშინ როცა საქართველოსთვის რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს სომხეთზე, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყანაზე, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ნაცვლად, რუსეთის ინტერესების გზას დაადგა: „სომხეთს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა გაეგრძელებინა და თავისებური „სომხური ოცნება“ იყო, რომ სომხეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყოფილიყო დაკავშირებული ევროკავშირთან, ხოლო სამხედრო უსაფრთხოება მიეღო რუსეთისგან – მის დაპირისპირებაში აზერბაიჯანთან და ნაწილობრივ – თურქეთთან, მაგრამ პუტინმა, ყველას კარგად გვახსოვს, უკანასკნელ მომენტში სომხეთი რეალურად აიძულა შესულიყო ევრაზიულ კავშირში“.

იმის გამო, რომ სომხეთზე რუსეთის ზეგავლენა დიდია, მალხაზ მაცაბერიძე საქართველოსთვის ხედავს სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენის აუცილებლობას მოლაპარაკებებისას სომხეთის მიზნების ჭრილში შეიქმნას მტკიცე სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან. ანალიტიკოსი ლაპარაკობს, ერთი მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ რკინიგზაზე, რაც ბოლო პერიოდში ხშირად გამხდარა მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საგანი და ამ პროექტის გარშემო მოლაპარაკებების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს თბილისი, და, მეორე მხრივ, მაცაბერიძე ყურადღებას ამახვილებს როკის გვირაბის ამოქმედებასა და ტვირთებისთვის ცხინვალის რეგიონზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზე. ანალიტიკოსის ხედვით, ეს იდეა საქართველოს ინტერესებისთვის სახიფათოდ გამოიყურება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განზრახვის ფონზე, რომ შეუცვალოს სახელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას და დაარქვას მას „რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანია“, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიული ერთეულის მსგავსად, რათა საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი რუსეთის ფედერაციაში.

იმის გამო, რომ სომხეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის, ინტერესებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, იმისათვის, რომ არ გაგრძელდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოდან ჩამოცილების პროცესი, გამოყენებულ უნდა იქნეს ერთადერთი კანონიერი მარშრუტი:

„არსებობს ერთადერთი ლეგიტიმური საზღვარი ზემო ლარსში და, შესაბამისად, სომხეთი რუსეთიდან იღებს ტვირთს სწორედ ზემო ლარსის გავლით და ამავე გზით ახორციელებს ექსპორტს. მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულმა სასაზღვრო და საბაჟო პუნქტმა უნდა იფუნქციოს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში, სადაც საქართველო თამაშობს სატრანზიტო ქვეყნის როლს. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით და ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას, ასევე, საავტომობილო მიმოსვლა როკის გვირაბის გავლით“.

სავაჭრო-ეკონომიკური მიზნებისთვის ზემო ლარსის ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედება სომხეთისთვის მნიშვნელოვან საკითხს რომ წარმოადგენს, ეს ცხადია სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონალური კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჯონი მელიკიანისთვისაც, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ პირი არ უჩანს რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ, რომლის წყალობითაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამ შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მოძრავი ტვირთები ნეიტრალურმა კომპანიამ უნდა გააკონტროლოს. შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ზედამხედველობა სამ ”სავაჭრო დერეფანზე” უნდა გავრცელდეს. ეს დერეფნები მოიცავს აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს. უშუალოდ მონიტორინგი ”სავაჭრო კორიდორების” საწყის და ბოლო პუნქტებზე განხორციელდება და, ამგვარად, მონიტორები სეპარატისტულ რეგიონებში არ შევლენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შვეიცარიულ კომპანიასთან.

დაბოლოს, ცოტა რამ კარენ კარაპეტიანის შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. ანალიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ სომხეთის ახალი პრემიერი რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი იყო და „გაზპრომის“ სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-global-security-challenges-and-regional-implications/3736510.html

საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში

„საქართველოს მის უსაფრთხოებაზე მოქმედი გლობალური ფაქტორების კონტროლი არ შეუძლია, მაგრამ ის კვლავ რჩება დასავლეთის ყველაზე სტაბილურ და სანდრო პარტნიორად რეგიონში“ – ასეთი იყო ვაშინგტონში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი გზავნილები.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მოდერატორი მამუკა წერეთელი ამბობს, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს არსებულ და პოენციურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას:

„განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს სჭირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან, ისე მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის იმ წევრებთან, რომლებთანაც ისედაც აქვს კავშირი ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ ასევე საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მაგალითად ბრიტანეთთან თუ სხვებთან. ასევე ბუნებრივია, განხილულ იქნა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოტენციური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მისი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობები“, – ამბობს მამუკა წერეთელი.

საქართველოსა და დასავლეთის ამჟამინდელ ურთიერთობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა ამერიკის ყოფილმა ელჩმა კენეტ იელოვიცმაც. მისი თქმით, მაშინ, როდესაც დასავლეთის სამომავლო პოლიტიკური ვექტორები გაურკვევლობითაა მოცული, როდესაც ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების სამომავლო საგარეო პოლიტიკა, ფაქტია, რომ საქართველო ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერას ცალსახად ინარჩუნებს.

„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ახალი ადმინისტრაციის შესახებ, რა მიმართულებით წარიმართება პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმოვისმინეთ სახელწმმწიფო მდივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის ძალიან ძლიერი და პოზიტიური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება. გამოთქმულია სურვილი, რომ ითანამშრომლონ საქართველოსთან და ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია ჩემთვის ასეთი დიდი გაურკვევლობის დროს“, – უთხრა კენეტ იელოვიცმა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას და დასძინა, რომ საქართველოს კონგრესში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და დიდი პოპულარობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.

საქართველოში ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, რომ მთავარ კითხვებზე, რომლებიც რუსეთს შეეხებოდა, პასუხი მეტნაკლებად ცხადია.

“საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე პოზიტიური ფაქტორი უკვე გაცხადდა. მეტნაკლებად უფრო ნათელი გახდა ის, რომ რუსეთთან ვაჭრობა არ მოხდება და არანაირი გარიგება არ შედგება მასთან საქართველოსა და რუსეთის სხვა ყოფილი პოსტ-საბჭოთა მეზობლების ინტერესების ხარჯზე”, – ამბობს კორტნი და განმარტავს, რომ საქართველოსთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მტკიცე პოზიციას შეინარჩუნებს დასავლეთი რუსეთის მიმართ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. “თუ დასავლეთი უკრაინის შესახებ მოწოდების სიმაღლეზე დარჩება, ეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – დასძენს უილიამ კორტნი.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს წარმომადგენელი სტივენ ბლანკი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფებები ნათელი და მკაფიოა:

“საქართველოს გააზრებული აქვს, რომ მისი მომავალი დასავლეთშია. და რომ მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასა და ღირსეულ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმედები მხოლოდ დასავლეთთან ერთად შეიძლება იქცეს რეალობად და არა აღმოსავლეთთან”, – ამბობს სტივენ ბლანკი. თუმცა იქვე დასძენს, რომ შეშფოთებულია “გაზპრომთან” საქართველოს მთავრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებებით: “გაზპრომთან” მოლაპარაკება არასდროსაა ბიზნეს გარიგება, ეს ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა, მით უფრო, რომ ენერგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ამ რეგიონში”.

სტივენ ბლანკის აზრით, საქართველოს თავისი მეზობლებისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მაგალითის ჩვენება შეუძლია: „საქართველოს შეუძლია [სამხრეთ კავკასიის] რეგიონში უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო ინიციატივების წამოწყება. შეუძლია მის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლის შესრულებაც შესთავაზოს. ზოგადად კი იყოს ერთგვარი მაგნიტის როლში რეგიონის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის, რომელიც დაარწმუნებს მათ იმაში, რომ დასავლეთი მათი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობისა და მშვიდობის გზაა“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/families-in-conflict-zone-still-waiting-for-winter-vouchers/3737017.html

გამოზამთრების პროგრამამ ზაფხულისკენ გადაინაცვლა

რატომ აჭიანურებს მთავრობა კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის 200-ლარიანი ვაუჩერების გაცემას?

ნინო დალაქიშვილი

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში საგაზაფხულო სამუშაოები არ დაუწყიათ. აქ ჯერ კიდევ თოვლია. მკაცრი ზამთარი არ დასრულებულა. მთავრობა აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა და ბუნებრივი აირი ყველა ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. ასევე ორი დღის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მხრიდან გაიჟღერა 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ამბავმაც ბუნებრივი აირის საფასურის დააფარვის მიზნით.

„ამერიკის ხმამ“ ამ თემაზე გასულ წელს რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ასევე საუბარი იყო ამ ყბადაღებულ 200-ლარიან ვაუჩერზე. პირველი რეპორტაჟი 2016 წლის ნოემბერში გავიდა, მეორე კი დეკემბერში. კომენტარებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს, რომ გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში 200-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს. ამიტომ კვლავ 200-ლარიანი ვაუჩერის შესახებ ორი დღის წინანდელი განცხადება “ამერიკის ხმისთვის” საინტერესო აღმოჩნდა, დავინტერესდით, იგი გაიცემოდა ხელახლა სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ – არა. რეალობა განსხვავებული დაგვხვდა:

როგორც ირკვევა, 200-ლარიანი დახმარება კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის, რაც გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა, დღემდე არ გაცემულა. ქეთევან ციხელაშვილის ორი დღის წინანდელი განცხადება ასე ჟღერს:

„მივიღეთ გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის 200-ლარიანი ბუნებრივი აირის ვაუჩერით უზრუნველყოფის თაობაზე. ეს განცხადება გამომდინარეობს უწყებათშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის 200-ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894–ს. თქვენ იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა“.ქეთევან ციხელაშვილის გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადება “ამერიკის ხმასთან” კი ასე ისმინება: „ალტერნატიული ენერგიის წყარო გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას გათბობისთვის. სახელმწიფო ყოველ წელს 200 ლარიანი ვაუჩერით ეხმარებოდა მათ. ჩვენ წელსაც მივიღეთ ამ კომისიაზე გადაწყვეტილება, რომ 200 ლარის საფასურით დავფაროთ მათი გაზის მოხმარება“.

რთულია ითქვას, კვლავ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემაა, თუ რა მიზეზია, რომ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანები დაანონსებული და დაპირებული დახმარების გარეშე აღმოჩნდნენ. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლების გაზიფიცირება დასრულდა, ბუნებრივ აირს ვერ იყენებს, რადგან მისი საფასურის გადახდა ოჯახის ბიუჯეტისთვის დაუძლეველი გამოწვევაა, ამიტომ კვლავ შეშის მოსაპოვებლად სიარული უწევთ.

მაგული ოქროპირიძეს ხუთი შვილი ჰყავს. იგი მეუღლესთან და დედამთილთან ერთად სოფელ ერგნეთში ცხოვრობს, ცხინვალთან ახლოს. ომის დროს მათი სახლი დაიწვა, ახლა დანიის ლტოლვილთა კომისარიატის მიერ 2008 წელს გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში აშენებულ პატარა კოტეჯში ცხოვრობს, რომელიც საკუთარ ეზოშივე აუშენეს, დამწვარი სახლის გვერდით:

„აქამდე გაიწელა ამ თანხის დარიცხვა. მერე, რომ ატყდა ამბავი და ხალხმა შეაწუხა, თქვეს, ორ კვირაში დაირიცხებაო. ჯერ არ დარიცხულა, ნოემბერში რომ უნდა დაიცხულიყო, იმ ვაუჩერზეა საუბარი. არავინ არ იცის ზუსტი პასუხი. არც გამგეობაში იციან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. ჩვენ გაზი, მართალია, გვაქვს, მაგრამ გათბობისთვის მაინც შეშის ღუმელს ვიყენებთ. ორჯერ გადავიხადეთ და ჩემს დედამთილს ამის შემდეგ დაავიწყდა, რანაირია პენსია, ის იხდიდა. გვეგონა, რომ იქნებოდა ის 200 ლარიანი ვაუჩერი და რაღაცაში დაგვეხმარებოდა. ახლა კიდევ ახალი უბედურება დაგვემატა. ჩვენი სოფელი გადამოწმებაში მოყოლილა და ყველას მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. მივედი, რომ უნდა ამეღო და მოგეხსნათ, ქალბატონო, გადამოწმებაში ხართო. არც მოსულა ვინმე, არც გავუფრთხილებივართ. ჩვენს ოჯახში არავინ მუშაობს. შეიძლება, აგვისტოსთვის ინახავენ ამ ვაუჩერს, რა ვიცი, რა გითხრათ. ხალხი გადაიტანს ამ ზამთარს როგორმე“.

ჩვენთან საუბრისას მაგული ოქროპირიძე არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გამოყენების საკთხებზე, არამედ სოფელში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზეც საუბრობს:

„სასმელი წყალი რომ გაგვიკეთეს, უამრავი ფული დაიხარჯა, ახლა კი ონკანებს გასდის. დღესაც „ყიდულობენ“ ამ ნაწილებს კომპანიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეთი პასუხი აქვთ: როდესაც ვურეკავთ, გვუბნებიან „ვყიდულობთ და მოვიტანთო“. ჯერ არ მოუტანიათ, წყალი იცლება ავზიდან. ძველი ჭაბურღილი რომ შეაკეთეს, იმ ამბავზე გეუბნებით, რამდენიღაც ათასი დახარჯეს. უბნის ჩამოსასვლელ გზებთან დააყენეს ჭები, რომლითაც რამდენიმე ოჯახმა უნდა ისარგებლოს. ამ ჭებს კიდევ დაუყენეს უხარისხო ონკანები, საიდანაც წყალი იღვრება, იკარგება, ფაქტობრივად. ის ავზებიც, წყალსაცავები, საიდანაც წყალი მოედინება ძალიან ძველია. ჩვენ რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, ბევრი არ იკარგება, მხოლოდ ერთ მეტრამდე იკარგებაო. როგორც ჩანს, მოცულობის გამოთვლა არ იციან. ფაქტობრივად, ერთ ავზზე 1 ტონა და 400 ლიტრი წყალი იკარგება. რატომ დაიხარჯა ფული, თუ საქმე ბოლომდე ვერ გაკეთდა, არ ვიცი“.

ზაალ ახალკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს, სადაც ასევე ლითონის ღობეა გაბმული. ჩვენთან საუბრისას ისიც ადასტურებს, რომ ადგილობრივებს ნოემბერში დაანონსებული 200 ლარიანი ვაუჩერი გამოზამთრებისთვის არ მიუღიათ: „არ მიგვიღია ჯერ არაფერი, უნდა ყოფილიყო, მაგრამ სოფელში არავის მიუღია. ამ ზამთარს შეშით ვთბებოდი, გაზი არ მიხმარია, რადგან „კარმის“ ღუმელები ბევრს გაზს წვავს, შემდეგ კი ხალხს გადახდა უჭირს“.

ერთ კვირაში გაზაფხულდება. კონფლიქტის ზონაში დაპირებულ 200-ლარიანი ვაუჩერების მიღებას გათბობისთვის მოსახლეობა ზაფხულში ელოდება.

«The National Interest» (აშშ), 23 თებერვალი, 2017 წელი

http://nationalinterest.org/blog/the-buzz/russia-has-its-own-10-warthog-it-was-meant-be-nato-killer-19528?page=show

«Су-25»: რუსული „ჭილყვავები“ და ქართული „მორიელები“ ერთმანეთის პირისპირ

სტატიაში გადმოცემულია მოიერიშე თვითმფრინავ „სუ-25“-ის როგორც ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება, ასევე მისი გამოყენების ფაქტები საერთაშორისო კონფლიქტებსა და საომარ სიტუაციებში. გარდა ამისა, მასალაში საუბარია «Су-25»-ის მწარმოებელ საწარმოს შესახებ, თვითმფრინავის მოდიფიკაციებსა და მის ამერიკულ ანალოგ «А-10»-ზე (ავტორი – სებასტიან რობლინი, აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის თანამშრომელი).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან (ორიგინალური სათაური „რუსეთს საკუთარი «А-10» აქვს, რომელიც ოდესღაც ნატოს მესაფლავე უნდა გამხდარიყო“):

„ვერ ვიტყვით იმას, რომ მოიერიშე თვითმფრინავი «Су-25», ანუ როგორც მას რუსი მფრინავები უწოდებენ – „გრაჩ“ („ჭილყვავი“) უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი საფრენი აპარატის ნიმუშია, მაგრამ ფაქტია, რომ ის დღემდე შედის სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში, რადგან სახმელეთო სამიზნეების ჰაერიდან გასანადგურებლად ერთობ ეფექტურ და სასარგებლო საშუალებას წარმოადგენს. მისი აშკარა ანალოგია ამერიკული მოიერიშე „ა-10“ ანუ „ტანდერბოლტი“, მაგრამ მაშინ როცა ამერიკელები „ა-10“-ის ჩამოწერას იწყებენ, «Су-25» მუდმივად მოდერნიზდება და დროს ფეხდაფეხ მისდევს.

ცხადია, ყველაზე დიდი გამოცდილება «Су-25»-ის გამოყენებასა და ექსპლოატაციაში საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრეს – რუსეთს აქვს დაგროვილი. ამ თვითმფრინავის შექმნის ისტორია ასეთია: მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ავიაკონსტრუქტორებმა დააპროექტეს  მოიერიშე «Ил-2», რომელსაც „მფრინავი ტანკი“ უწოდეს – ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაჯავშნული იყო და მოწინააღმდეგის ცეცხლი ვერაფერს აკლებდა, მეორე კი ის, რომ ბეჯითად ანადგურებდა გერმანულ ტანკებს ჰაერიდან – თავისი რეაქტიული ჭურვებით, ქვემეხებით და ბომბებით. 1968 წელს საბჭოთა სამხედრო ავიაციის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი „მფრინავი ტანკი“ შექმნილიყო. ამ ამოცანის შესასრულებლად შეირჩა პავლე სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო… 1978 წელს თვითმფრინავის მასობრივი წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, საიდანაც «Су-25»-ები ავღანეთში იგზავნებოდა. საბჭოთა «Су-25»-ებისა და ამერიკული «А-10»-ების ძირითადი ამოცანა კი ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სახმელეთო ჯარების განადგურება იყო. (…)

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ «Су-25»-ები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სამხედრ-საჰაერო ძალებში გადანაწილდა. ზოგიერთმა ქვეყნამ თვითმფრინავები კონფლიქტის დროსაც გამოიყენა (მაგალითად, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში), ბევრმა კი მისი უცხოეთში გაყიდვა დაიწყო: საბჭოთა „გრაჩები“ წარმატებით იბრძოდნენ მაკედონიაში (ალბანური სეპარატიზმის ჩასახშობად), ეთიოპიაში (ერიტრეელთა წინააღმდეგ), სუდანში (დარფურელი ამბოხებულების დასაშოშმინებლად) და საქართველოში, რომლის მთავრობა «Су-25»-ებს აფხაზ სეპარატისტების წინააღმდეგ იყენებდა, თუმცა ამ კონფლიქტში თბილისმა რამდენიმე მოიერიშე დაკარგა. (…)

დღეს საქართველოს და უკრაინას განსაზღვრული რაოდენობის მოდერნიზებული «Су-25»-ები გააჩნიათ. საქართველომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან «Су-25»-ის მოდერნიზება ისრაელის ფირმასთან ერთად დაიწყო და მას „სკორპიონი“ („მორიელი“) ეწოდა.

2008 წელს საქართველოში, [სამხრეთ ოსეთის გამო], სიტუაცია ძალიან გამწვავდა და სრულ ქაოსში გადაიზარდა, როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო. ამ დროს მოსკოვმა და თბილისმა თავიანთი «Су-25»-ები გამოიყენეს. თბილისური „სკორპიონები“ ქართულ არმიას ცხინვალის დაკავებაში ჰაერიდან ეხმარებოდნენ, ხოლო რუსული „გრაჩები“ ქართულ ტანკებს ანადგურებდნენ. რუსეთმა ამ ომის დროს სამი «Су-25» დაკარგა, თუმცა ამბობენ, რომ ორი შეცდომით თვითონვე ჩამოაგდეს). საქართველოს დანაკარგიც ამდენივეა – სამი „სკორპიონი“, რომლებიც რუსულმა საზენიტო-სარაკეტო დარტყმებმა იმსხვერპლა. დამკვირვებელთა გასაკვირად, [თბილისისთვის შექმნილი არასახარბიელო სიტუაციის მიუხედავად], რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰაერში ქართული ავიაციის დამარცხება ვერ შეძლო“.

Comments are closed