«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილს რევანში სწყურია
«Yenicag» (თურქეთი): აშშ-ის რეპუტაცია და ცხელი შავი ზღვა // განსხვავება საქართველოს მესაჭეებს შორის: შევარდნაძე და სააკაშვილი
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთის კრიზისმა ქართული ღვინის ექსპორტს დაარტყა
———————-
«Независимая газета» (რუსეთი), 24 მარტი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-03-24/6_saakashvili.html
მიხეილ სააკაშვილს რევანში სწყურია
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართვრელ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის დაწყება გამოაცხადა. ომი ყველა ფრონტზე იწარმოებს: ყოველდღიური აქციებით დაწყებული, საპარლამენტო ბატალიებით დამთავრებული. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის იმპიჩმენტს შეეცდებიან: 2016 წლის არჩევნებამდე ლოდინი, „ნაციონალების“ აზრით, არ შეიძლება, რადგან მანამდე ქვეყანამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
ერთ-ერთმა ცნობილმა „ნაციონალმა“ პეტრე ცისკარიშვილმა ქართული ტელეარხებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათ მთავრობის იმპიჩმენტისათვის პარლამენტში სამოცი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ, ამიტომ შეეცდებიან მოკავშირეები იპოვონ.
მოკავშირეების პოვნა კი საკმაოდ რთულია და ნაკლებპერსპექტიულიც. სამოცი დეპუტატის თანხმობა – მხოლოდ წინასწარი ეტაპია. „ნაციონალებს“ მომდევნო ეტაპზე დამატებით კიდევ 15 ხმა დასჭირდებათ, შემდეგ კი შეიძლება პრეზიდენტმა მათ სურვილს ვეტო დაადოს. პრეზიდენტის ვეტოს გადალახვისათვის კი უკვე 90 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. დრეს „ნაციონალებს პარლამენტში 30 ადგილი აქვთ. ახლა მათი მთავარი ამოცანაა გადაიბირონ მმართველი კოალიციიდან წამოსული „თავისუფალი დემოკრატები“ – ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები, რომლებთაც 11 მანდატი აქვთ, მაგრამ 60 ხმა მაინც არ მოგროვდება. კიდევ ვისი იმედი აქვთ „ნაციონალებს“, რომლებიც მათ მხარეზე გადავლენ, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. მით უმეტეს, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ არაერთხელ უთქვამთ: კოალიციიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა მოქმედებას“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გიორგი ვოლსკის „ნაციონალთა“ განზრახვა აბსურდულად მიაჩნია: „დესტაბილიზების მოწყობით ისინი ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენი ხალხი გამოიყვანეს მათ შაბათის მიტინგზე. მთავრობის იმპიჩმენტზე საუბარი სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას ჰგავს“.
თუმცა, როგორც რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან რევანშის შესაძლებლობის შეუფასებლობა სწორი არ იქნებოდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰიპერმობილური პარტიაა, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ორგანიზაციაა. „ნაციონალების“ სტრუქტურა ისეთია, რომ ყველა აქტივისტმა თავისი მოვალეობა კარგად იცის. ისინი ვერ გატეხა ვერც მათი ლიდერების დაპატიმრებამ და ვერც ქვეყნიდან გაძევებამ… უნდა გვახსოვდეს, რომ „ერთიანი ნაცმოძრაობას“ დასავლეტში ჯერ კიდევ ბევრი უჭერს მხარს და რაც უფრო ინერტული იქნება ხელისუფლება, „ნაციონალები“ მით უფრო მეტ ძალას მოიკრებენ“.
როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, „ნაციონალთა“ ხელმძღვანელობაში გარკვეული დაპირისპირება შეინიშნება და ამის დასადასტურებლად იმოწმებს ქართულ გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის მიტინგის შემდგომ წარმოქმნილი უთანხმოება: თითქოსდა მიხეილ სააკაშვილ უკმაყოფილო დარჩენილა მხარდამჭერთა მობილიზებით და რომ თბილისში მყოფი პარტიის ლიდერები ფულს უყაირათოდ ხარჯავენ… ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გიგა ბიოკერია სკაიპით ესაუბრებოდა მიხეილ სააკაშვილს და მათ შორის ისე გამწვავებულა უთანხმოება, რომ ბოკერიას საუბარი გაუწყვეტია და უთქვამს, „ეს კაცი მთელ პარტიას მონასტერში გაგზავნას უპირებსო“.
«Yenicag» (თურქეთი), 23 მარტი, 2015 წელი
http://www.yenicaggazetesi.com.tr/abdnin-itibari-ve-isinan-karadeniz-33885yy.htm
http://inosmi.ru/europe/20150322/227002319.html
აშშ-ის რეპუტაცია და ცხელი შავი ზღვა
განსხვავება საქართველოს მესაჭეებს შორის: შევარდნაძე და სააკაშვილი
ჰაიდარ ჩაკმაკი
(შემოკლებით)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეერთებული შტატები შავიზღვისპირეთით სერიოზულად დაინტერესდა. ცივი ომის დროს თურქეთი ერთადერთი შავიზღვისპირა ქვეყანა იყო, რომელიც ნატოს წევრად ითვლებოდა. 2004 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კიდევ ორი სახელმწიფო გაწევრიანდა, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობდნენ. მომდევნო პერიოდში, სავარაუდოდ, ნატოს წევრები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაპირებზე მდებარე ქვეყნებიც – საქართველო და უკრაინაც უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ….
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, ეს ქვეყანა გაჰყო და მის ტერიტორიაზე ორი მცირე რესპუბლიკა შექმნა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. დღეს საქართველო იმ იმედით, რომ ამ რეგიონებს დაიბრუნებს, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს, ხოლო პროდასავლურად განწყობილი ქართველების სურვილი ნატოში და ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე ფანტომად გადაიქცა.
როცა საქართველოს საჭესთან ედუარდ შევარდნაძე იდგა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე იოსებ სტალინის შემდეგ, ქვეყანაში ნელ-ნელა სტაბილურობა დამყარდა, მაგრამ შედარებითმა სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა: მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტად ედუარდ შევარდნაძის შემდეგ აირჩიეს და რომელიც დასავლეთისა და აშშ-ის მოკავშირე გახდა, რუსეთი ძალიან გააღიზიანა. როგორც კი კრიზისი დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი მისმა დასავლელმა მეგობრებმა მოსკოვთან პირისპირ მიატოვეს. შესაბამისად, ამერიკისა და ევროპის რეპუტაცია საკმაოდ შეილახა.
სომხეთიც პროდასავლური ქვეყანაა (ავტორი, ალბათ, ევროპასა და ამერიკაში არსებულ მრავალრიცხოვან სომხურ დიასპორასაც გულისხმობს – ს.კ.), რომელიც ასევე შავი ზღვის აუზში მდებარეობს, თუმცა მას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. მისი პროდასავლურობის მიუხედავად, დასავლეთმა სომხეთი რუსეთს დაუტოვა. სამომავლოდ ერევანი დასავლეთისკენ რომ არ წასულიყო, რუსეთმა პოლიტიკური ქრთამი მისცა: დაეხმარა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირებაში (მთიანი ყარაბაღი და მის ირგვლივ მდებარე რაიონები) და თვალი დახუჭა ათასობით აზერბაიჯანელის, მათ შორის უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების სიკვდილზე (ხოჯალის გენოციდი 1992 წლის თებერვალში). ამ ტრაგედიის დროს დასავლეთის ცივილიზებულ სახელმწიფოებს თვალიც კი არ დაუხამხამებიათ.
იმ საბაბით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რუსეთი ამ სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობს და მათ მთავრობებს ინტერვენციით ემუქრება ხოლმე. პირველ რიგში რუსეთმა თავის მარწუხებში მოაქცია ცენტრალური აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით ყაზახეთი. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები და უპირველესად, აშშ მხარს უჭერენ რეგიონის ქრისტიანულ ქვეყნებს, მათ მაინც ვერ მოახერხეს და რუსეთს დათმობაზე წასვლა ვერ აიძულეს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიმართ. გაუბედავი პოლიტიკით ვაშინგტონმა თავისი ავტორიტეტი თვითონვე შელახა.
დასავლეთმა საკუთარი უმოქმედობა კიდევ ერთხელ 2014 წლის 18 მარტს დაადასტურა, როცა რუსეთმა უკრაინის ნაწილის – ყირიმის ანექსია მოახდინა. სანქციები ერთადერთი საშუალება გახდა, რომელთა დაწესება დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მოახერხა. თავის მხრივ, რუსებმა დაინახეს დასავლეთის უმწეობა და გააცნობიერეს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვის წინააღმდეგ ვერანაირ ომს ვერ დაიწყებენ… რესურსებით მდიდარ რუსეთს სრულიად არ ანაღვლებს დასავლური სანქციები, მით უმეტეს, რომ ცოტა დრო გავა და დასავლეთის სახელმწიფოები თვითონ დაიწყებენ თავიანთ მიერვე შემოღებული სანქციების გვერდის ავლას….
რუსეთი თავისი ტერიტორიის ფართობით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა, თუმცა სხვის მიწებზე მაინც თვალი უჭირავს, მაგალითად, ბალტიისპირეთზე. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბედი არ გაიზიარონ, ამერიკა და ნატო მათ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას უწევს.
ამას წინათ რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნები დაიწყო, რომელიც უკრაინის კრიზისს უკავშირდება. რასაკვირველია, ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნატოც ატარებს საპასუხო წრთვნებს, რომლებშიც თურქეთი, რუმინეთი და ბულ;გარეთი მონაწილეობენ. სხვათა შორის, ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ბულგარეთი და რუმინეთი საკმაოდ სერიოზულ რისკზე მიდიან – ბუქარესტი და სოფია თავიანთ ყოფილ ბოსს – მოსკოვს აღიზიანებენ. თუ კრიზისი იქნება და დასავლეთიც ამ ორ ქვეყანას ისე მიატოვებს, როგორც საქართველო და უკრაინა მიატოვა, ადვილი წარმოსადგენია, რა საშინელება მოხდება…
თურქეთის ბედიც ბეწვზე ჰკიდია: ანკარა პასუხისმგებელია 1936 წლის მონტრეს კონვენციაზე, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსს აწესრიგებს და რომლის თანახმად, იქ სამხედრო გემების გატარება მკაცრ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. თუ თურქეთი ამ კონვენციის დარღვევას ან გვერდის ავლას შეეცდება, მას რუსეთისაგან საფრთხე დაემუქრება.
თურქეთისათვის უკრაინა მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როცა ყირიმი კიევს ექვემდებარებოდა (ყირიმში ხომ თურქების მონათესავე თათრები ცხოვრობენ), მაგრამ ახლა, როცა ნახევარკუნძული რუსეთის ხელშია, უკრაინა ანკარასათვის მეორადია, ანუ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. თურქეთისთვის დღეს, ნატოს ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ისევ რუსეთია, როგორც მისი უშუალო მეზობელი. მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ეს უნდა გააცნობიეროს და ფრთხილი, დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გაატაროს. ანკარა არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ამას წინათ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების დროს მოიქცა. თურქეთმა არავინ არ უნდა აიმხედროს.
შავი ზღის რეგიონი რისკებისა და მუქარების წყაროა. აქ შეიძლება სერიოზული კონფლიქტები განვითარდეს. თურქეთმა ახლო აღმოსავლეთის გაკვეთილები უნდა გაითვალისწინოს, რათა მისთვის უცხო პრობლემების მონაწილე არ გახდეს.
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი), 24 მარტი, 2015 წელი
http://www.bbc.co.uk/russian/business/2015/03/150323_georgia_russia_wine_crisis
რუსეთის კრიზისმა ქართული ღვინის ექსპორტს დაარტყა
„2013 წელს, როცა ქართული ღვინო შვიდწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა, გაყიდვის ტემპები საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა და ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ამასთან, 2015 წლის დასაწყისში აშკარა გახდა, რომ რუსეთში დაწყებული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ქართველ მეღვინეებსაც დააზარალებდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – ნინა ახმეტელი, „ბი-ბი-სი“-ს თბილისელი კორესპონდენტი).
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცმებით, მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტი რუსეთში 85%-ით შემცირდა და მხოლოდ მილიონი ბოთლი შეადგინა. „ექსპორტმა იკლო უკრაინის მიმართულებითაც, – ამბობს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი, – გრივნის კურსის დაცემამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უარყოფითად იმოქმედა“.
2013 წელს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვის პერსპექტივას გამოცდილი ექსპერტები მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ აფასებდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ თავიანთი შეცდომის აღიარება მოუწიათ: ქართულმა ღვინომ გაყიდვებში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. მაგრამ ეს 2013-2014 წლებში იყო. დღეს ქართული კომპანიები რუსეთიდან შეკვეთების ნაკლებობას და უფრო მეტიც – არარსებობას უჩივიან. ასე ამბობს, მაგალითად, გერმანელი ბიზნესმენი ბურკჰარდ შუხმანის კომპანია „შუხმანის ღვინოები – საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი, „თელავის ღვინის მარანის“ მფლობელი ზურაბ რამაზაშვილი და სხვები. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ ფასები დარეგულირდება, კრიზისი გაივლის და მოსახლეობა ღვინოს კვლავ ჩვეულებრივ შეიძენენ.
ქართული ღვინის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ რუსეთის კრიზისის შესუსტების კვალობაზე (ამის ნიშნები უკვე არის), ქართული ღვინო კვლავ პოპულარული გახდება. ამასთან საყურადღებოა ექსპორტის დივერსიფიცირების მომგებიანობა, რაც სხვა ქვეყნებში ექსპორტის დინამიკის ზრდას იწვევს: მაგალითად, ჩინეთში მიმდინარე ორ თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა, იაპონიაში – 39%-ით. მატება შეინიშნება აგრეთვე ესტონეთის მიმართულებითაც.