globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს საგარეო ზიგზაგი: მინსკიდან ერ-რიადამდე

«КоммерсантЪ» (რუსეთი): აფხაზეთის პრეზიდენტი რეფერენდუმზე გაჰყავთ // ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას ნდობის საკითხს აყენებს

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): თბილისის ხიბლი // მოინახულეთ დაბრკოლების გარეშე

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 მარტი, 206 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/belarus-and-saudi-arabia-pm-and-parliament-chair-visits/3250773.html

საქართველოს საგარეო ზიგზაგი: მინსკიდან ერ-რიადამდე

ზაზა წულაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად ჩავიდა ბელარუსში, რომელსაც უკვე 22 წელია ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს. ეს არის საპასუხო ვიზიტი, მას შემდეგ, რაც 2015 წლის აპრილში, პრეზიდენტი ლუკაშენკო პირველად ეწვია საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ლუკაშენკოს, სანქციები მხოლოდ ერთი თვის წინ მოუხსნა.

მინსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია, ქართული პროდუქციის რეექსპორტით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში. პარალელურად, სურს, ერთობლივი, ქართულ-ბელარუსული, საწარმოების შექმნა, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამოქმედებულ, თავისუფალი ვაჭრობის პრეფერენციებით ისარგებლებენ. მთავარი მიზანი – ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდაა.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კერძოდ ბრძანა: „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ განსხვავება პრაქტიკულად არ გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა რა კურსი აირჩია საქართველომ და რომელ კურსს ვემხრობით ჩვენ, თქვენ ეს იცით და ჩვენც ვიცით, მიუხედავად ამისა, ეს არ გვიშლის ხელს, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. ყველა ხალხს და სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები.“

მინსკიდან თითქმის 5000 კილომეტრის მოშორებით კი, რიადში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, საუდების სამეფოს დინასტიის წინამძღოლს, საუდის არაბეთის მეფეს, 80 წლის სალმანს შეხვდა. საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ 1994 წელს დაამყარა, საელჩო რიადში 20 წლის შემდეგ გაიხსნა, თუმცა, აქამდე სახელმწიფო ვიზიტით არაბეთში არავინ ჩასულა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის მეექვსე აზიური ქვეყანა (ირანი, ჩინეთი, ინდონეზია, კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი) რომელიც უსუფაშვილმა მოინახულა. მხარეებმა იმსჯელეს ინვესტიციების გაზრდაზე, მათ შორის, სამხედრო სფეროში. რაც, იანვარში, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორის“ პირველი პარტია შეიძინა, საუდის არაბეთის სამეფო სერიოზულად არის დაინტერესებული ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკით. დავით უსუფაშვილმა ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, საუდის არაბეთიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა დაბრუნებას ოკუპირებულ ანკლავებში.

„ისეთი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა, როგორიც არის საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში თავის სიტყვას ამბობს, არის დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებით. ძალიან საყურადღებო იყო მეფე სალმანის მითითებები თავისი კაბინეტის წევრებისთვის, რომ გააქტიურდეს მუშაობა საქართველოს მიმართულებით. მან სპეციალურად აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ გვექნება საუდის არაბეთის მხარდაჭერა გაეროს ლტოლვილთა რეზოლუციის საკითხში“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

მაშინ, როცა მინსკსა და რიადში, საქართველოს პრემიერი და პარლამენტის თავჯდომარე შეხვედრებს მართავდნენ, თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი იმყოფებოდნენ. ევროკომისარმა გამოაცხადა, რომ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდა ახალი პროგრამა – EU4Business Initiative, რომელსაც ევროკავშირი 62 მილიონი ევროთი დააფინანსებს. ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა გენერალმა ბრიდლავმა კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან ოქროს სარწმისის ორდენი მიიღო.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 24 მარტი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2945331

აფხაზეთის პრეზიდენტი რეფერენდუმზე გაჰყავთ

ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას ნდობის საკითხს აყენებს

„აფხაზეთში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომლის კულმინაცია, ალბათ, რეფერენდუმი იქნება პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას ნდობის შესახებ. ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ უკვე შეაგროვა ათი ათასი ხელმოწერა, რაც რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნისთვისაა აუცილებელი“, – წერს „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ოლღა ალენოვა, რომელიც სოხუმში იმყოფება.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემულია აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების მიზეზები: „ოპოზიცია პრეზიდენტს ბრალს სდებს იმაში, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა, რომ მან არ გაატარა საკონსტიტუციო რეფორმა (პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად), არ ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა ოპოზიციის მონაწილეობით, დაიწყო ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით და ა.შ. მთავარი მოთხოვნა კი ეკონომიკის სფეროსთანაა დაკავშირებული. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ფონდის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით (სხვათა შორის, იგი რაულ ხაჯინბას კონკურენტი იყო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში), მთავრობა და პრეზიდენტი არაპროფესიულად მოქმედებს – სოხუმი მოსკოვიდან დროულად ვერ იღებს დაფინანსებას: „რუსეთი მზადაა ჩვენს დასახმარებლად, ფული უკვე ამისთვის გადადებულია, მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებამ ჯერ ვერცერთ ობიექტზე რაიმე საპროექტო-სახარჯო დოკუმენტი ვერ წარადგინა. ადრე პროექტებიც სოხუმში იქმნებოდა და ექსპერტიზაც აქ ტარდებოდა, მაგრამ რაულ ხაჯიმბამ ჩვენი დამპროექტებლები გარეკა და ახლა ამ ყველაფერს რუსეთში აკეთებინებს. ბიუროკრატიულ შეთანხმებებზე დიდი დრო იკარგება. უკვე ორი წელია, რაც აფხაზეთში არცერთი ობიექტი არ აშენებულა. სამშენებლო დარგი დანგრევის პირასაა მისული. ადრე 3600 კაცი იყო დასაქმებული, ახლა კი 300-მდე თუ მოგროვდება“.

პრეზიდენტის და ხელისუფლების მომხრეები ამბობენ, რომ დაფინანსების გაჭიანურება რუსეთში მიმდინარე კრიზისითაა გამოწვეული: 2015 წლის ბოლოს მოსკოვმა სოხუმს მხოლოდ 2 მილიარდ 688 ათასი რუბლი გამოუყო დაგეგმილი 8 მილიარდ 325 ათასი რუბლის ნაცვლად, ამიტომაც დეკემბერში მთავრობამ სასწრაფოდ შეკვეცა რესპუბლიკის 2016 წლის ბიუჯეტი. მაგრამ ოპოზიცია ამ არგუმენტებს ყურს არ გდებს და აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებას უკვე აღარ ენდობა. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირინა აგრბა სიტუაციას წინა წლებთან ადარებს და ამბობს: „ალექსანდრე ანქვაბი „პრარაბივით“ (სამუშაოთა მწარმოებელივით – მთარგმ.შენიშვნა) მოქმედებდა, რადგან მას ეშინოდა, რომ ამ ფულს ვიღაცა ჯიბეში ჩაიდებდა და რუსეთი ჩვენს მიმართ ინტერესს დაკარგავსო. ახლა ვფიქრობ, იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ნდობა უკვე დაკარგული გვაქვს“. ექს-დეპუტატის აზრით, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა დღეს გაუმჭვირვალეა: „ადრე ჩვენ ვიცოდით, თუ რაზე საუბრობდნენ რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტები, დღეს კი ინფორმაცია დახურულია. რაულ ხაჯიმბა მოსკოვიდან ბრუნდება და ხალხს არაფერს ეუბნება. ჩვენ არ ვიცით, იქნებ რუსეთი რაულ  ხაჯიმბას გუნდით იმედგაცრუებულია?“.

ოპოზიციას პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ გადაწყვეტილებად მიაჩნია დამატებითი გადასახადის შემოღება თხილზე (აფხაზეთიდან ყოველწლიურად 15 ათასი ტონა თხილი გადის): „კრიზისის დროს ჩვენმა ხელისუფლებამ საბიუჯეტო შემოსავლების  გაზრდა თხილზე ახალი გადასახადის დაწესებით განიზრახა. პრეზიდენტი ამბობდა, რომ დამატებით ბიუჯეტში 300 მილიონი რუბლი შემოვაო, ფაქტიურად კი მხოლოდ 24 მილიონი შემოვიდა. ბევრი ფული კორუფციონერებმა შეჭამეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ გადასახადით ის 10 ათასამდე ადამიანი დაზარალდა, რომლებიც თხილის ბიზნესით ცხოვრობენ“, – აცხადებს ასლან ბჟანია.

აფხაზეთში არ მომხდარა ხელფასების მნიშვნელოვანი მატება, ცხოვრების დონემ დაიწია, რუსეთმა შეწყვიტა სამედიცინო შეღავათების გამოყოფა… „ადრე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით მოსკოვთან, კრასნოდართან, ქვოტები გვქონდა, მძიმე ავადმყოფებს რუსეთში ვმკურნალობდით, ახლა კი ეს ყველაფერი შეწყდა. ის ხალხი, რომლებთაც ოპერაციის გაკეთება ჭირდებათ, იძულებულია თბილისში წავიდეს“, – ამბობს ირინა აგრბა.

ხელისუფლებით ვეტერანებიც უკმაყოფილონი არიან: როგორც ორგანიზაცია „აფხაზეთი ჩვენი სახლია“ ლიდერი ალხას თხაგუშევი ამბობს, „2014 წლის მაისში მომხდარი მოვლენები (პრეზიდენტ ანქვაბის იძულებითი გადადგომა) არასამართლებრივი იყო, მაგრამ იმ გზით მაინც წავედით, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო, ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, მაგრამ ახლა ისევ კონფრონტაციაა და გამოდის, რომ საწყის პოზიციებზე დავბრუნდით“. მისი თქმით, „ოპოზიციის დღევანდელ მოთხოვნებში რევანშის აღების სურვილის ელემენტებია, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ორ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი შეცვლა შეუძლებელია. აბა, განა რა გამოვა, ყოველ ორ წელიწადში რომ პრეზიდენტი ვირჩიოთ? ჩვენ რა, ბანანის რესპუბლიკა ვართ?“.

თავის მხრივ, ირინა აგრბა ამბობს: „თავის დროზე რაულ ხაჯიმბას რომ ხელისუფლება  კანონიერად მიეღო და არა სახელმწიფო გადატრიალებით, მის მიმართ პრეტენზიები უფრო ნაკლები იქნებოდა. დღეს უკვე მოტყუებულ ხალხს სურს მასაც იგივენაირად მოექცეს, როგორც რაულ ხაჯიმბა მოექცა ალექსანდრე ანქვაბს… მაგრამ აფხაზ ხალხს საერთო ჯამში არც ის უნდა, რომ პრეზიდენტებს დაუსრულებლად ამხობდეს. მოკლედ, სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარებით შეიძლება“.

ისე კი, ამ რეფერენდუმის პოლიტიკური პერსპექტივები ნათლად არ ჩანს. „აფხაზეთის კონსტიტუციით ხელისუფლების რეფერენდუმით შეცვლა გათვალისწინებული არ არის“, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ალხას თხაგუშევი, – ახლა ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რეფერენდუმის შედეგებს რომ დაინახავს, დაიხურავს ქუდს და თანამდებობიდან გადადგება. თუმცა ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება, რომ პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობა შექმნას და სისტემური რეფორმების განხორციელება დაიწყოს. უკვე აღარ შეიძლება, რომ მთელი ძალაუფლება ერთ კაცს – პრეზიდენტს ჰქონდეს ხელში“.

სამშაბათს, როცა უკვე რეფერენდუმის ჩატარების მსურველთა რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დაურ არშბამ განაცხადა, რომ რეფერენდუმისათვის არგუმენტები არასაკმარისიაო, დეპუტატმა ასლან კობახიამ კი ეჭვი გამოხატა – „რეფერენდუმის იდეა გარედან არის შემოგდებული, მისი ჩატარება იმ ადამიანებს სურთ, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგიაო“. ამასთან, რაულ ხაჯიმბას გუნდი აღიარებს, რომ ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარების აკრძალვა არ შეუძლია…

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 23 მარტი, 2016 წელი

http://www.nzz.ch/feuilleton/schauplatz/die-faszination-von-georgiens-hauptstadt-tbilissi-auf-der-schwelle-auf-dem-sprung-ld.9082

თბილისის ხიბლი

მოინახულეთ დაბრკოლების გარეშე

სტატიაში გადმოცემულია თბილისის დათვალიერებით მიღებული შთაბეჭდილებები, საუბარია ძველი ქალაქის არქიტექტურაზე, თბილისის თანამედროვე მდგომარეობაზე და ა.შ. (ავტორი – ევა დიტრიხი).

„ძველი თბილისის უბნებისათვის დამახასიათებელია აივანი და ეზოები, რომლებიც მეზობლების შეხვედრისა და ერთთმანეთთან საკონტაქტო როლს ასრულებს. ქართული აივნები ხშირადაა წარმოდგენილი ვაზთან ერთად და შუა აზიურ სურათს მოგვაგონებს“, – ნათქვამია სტატიაში, – საქართველო და თბილისი ძველი საქარავნე „აბრეშუმის დიდ გზის“ ცენტრი იყო, აქ უძველესი დროიდან ბევრი რელიგია მშვიდად მეზობლობს: ქრისტიანული ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებული“. იგრძნობა კულტურის მრავალფეროვნება. ვაჭრობა კონტაქტებს აფართოებს: „როგორ შეიძლება იმ ადამიანთან მტრობა გქონდეს, ვისთანაც საქონელს ყიდულობ?, – ამბობს თბილისელი გიორგი.

„საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროსათვის მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სასაზღვრო რეგიონია. ამ თვალსაზრისით საქართველო არა მხოლოდ სასაზღვროა აღმოსავლეტსა და დასავლეთს შორის, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაც: რუსეთი და ბიზანტია, რუსეთი და სპარსეთი, არაბეთი ყოველთვის ცდილობდნენ აქ თავიანთი ინტერესები გაეტარებინათ“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში ვრცლადაა აღწერილი თბილისის მთავარი ქუჩა – რუსთაველის გამზირი, მისი ისტორია, განაშენიანება, არქიტექტურა. „ქართველები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ცხოვრობენ“.

ავტორი ყურადღებას უთმობს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მომხდარ ქუჩების რეკონსტრუქციის ფაქტებს და აღნიშნავს, რომ ბევრი ქუჩის შენობების ფასადი განახლდა, თუმცა ის, რაც ფასადების მიღმაა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. შენობები ავარიულ მდგომარეობაშია. 1991 წლიდან, როცა საქართველოში სოციალიზმი დასამარდა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დაიწყო ეკონომიკური კოლაფსი, სამოქალაქო ომი და მაფიოზთა თარეში, ქალაქისთვის არავის აღარ ეცალა. დღეს თბილისის ძველ უბნებში არსებულ სახლებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ მათ „გარდასულ დღეთა ბრწყინვალება“ ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ, მაგრამ დღითიდღე „კვდებიან“ – ბათქაშაცვენილები, ფერდაკარგულები, სარკმელჩამსხვრეულები… დგანან და ელიან ადამიანთა დახმარებას.

როგორი პერსპექტივა აქვს ქალაქს?

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ეკონომიკურ განვითარებას დაპირდა. მან ბევრი პროექტი დააფინანსა. მისი საცხოვრებელი სახლი ქალაქის ზემოთ ბორცვზეა გაშენებული და სამთო სადგურს მოგვაგონებს. ხელისუფლება სტაბილური ეკონომიკური სიტუაციის შექმნას ცდილობს. შემუშავებულია ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა, თუმცა მას ბევრი აკრიტიკებს.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ძველი ქალაქის შენობების რეკონსტრუქციის დროს ტრადიციულ სამშენებლო მასალებს (აგურს და ხეს) თანამედროვე რკინა-ბეტონით ცვლიდნენ. დღესაც ძველ უბნებში თანამედროვე მინა-ბეტონის მრავალსართულიანი სახლები შენდება, რაც არაბულ ემირატებს მოგვაგონებს. ქალაქის ძველ უბნებში უცხო სხეულად მოჩანს „მშვიდობის ხიდი“ და სხვა ნაგებობები. ხშირად ირღვევა  დამცავი ზონის მოთხოვნები…

როგორ წარმოუდგენიათ თბილისელებს მომავალი? ელოდებიან თუ არა სიტუაციის გაუმჯობესებას? ამ კითხვაზე ისინი მხრებს იჩეჩავენ. დღეს საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ თემას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს, რომელიც პრობლემატურია.  ქართველები, როგორც ქრისტიანული ქვეყნის წარმომადგენლები, თავს დასავლეთს მიაკუთვნებენ, თუმცა ზოგიერთები ამბობენ, რომ რუსები, ქართველები და სომხები ერთმანეთს ჰგავნან და მათ ერთი ბედი აერთიანებთ“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს გამოხატულია იმედი, რომ საქართველოს და თბილისს მეტი ტურისტი ეწვევა, მოხსენიებულია ჯონ სტეინბეკის თბილისში ყოფნის ფაქტიც და მისი შთაბეჭდილება: „თბილისში ჩვენ უცხოელებად არ ვითვლებოდით, აქ ჩვეს თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდით“.

Comments are closed