globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): მთავრობა ქალაქს იშენებს // რამდენად სასარგებლო და დროული იდეაა სამთავრობო კვარტლის მშენებლობა?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ილია მეორე: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“

«PAP – Polska Agencja Prasowa» (პოლონეთი): ინტერვიუ ალექსანდრე რაქვიაშვილთან: „რუსეთი უნდა გავიდეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან… // „არასოდეს დავივიწყებთ პოლონელების დახმარებას, რომლებიც ჩვენთვის მძიმე პერიოდში მხარს გვიჭერდნენ“

«Halo Noviny» (ჩეხეთი): ინტერვიუ ჩეხ პოლიტოლოგ ვლადიმირ პროროკთან: „განცხადებები რუსული საფრთხის შესახებ ირაციონალურია“ // რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან და უკრაინასთან

«Лента.ру» (რუსეთი): ინტერვიუ დონალდ რეიფილდთან: იოსებ სტალინის, ლავრენტი ბერიას, მიხეილ სააკაშვილისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 24 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/mtavroba-kalaks-ashenebs/28386257.html

მთავრობა ქალაქს იშენებს

რამდენად სასარგებლო და დროული იდეაა სამთავრობო კვარტლის მშენებლობა?

ჯიმშერ რეხვიაშვილი

​საქართველოს მთავრობა აპირებს, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, თბილისში ააშენოს ე.წ. სამთავრობო ქალაქი, რომლის ტერიტორიაზეც განთავსდება პრაქტიკულად ყველა სამინისტრო და შეიქმნება ერთიანი სამთავრობო სივრცე – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც, ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, უკვე გამოიყო შესაბამისი ფართობის ტერიტორია.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა განტვირთავს ქალაქს და გააუმჯობესებს მომსახურებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გამოყოფილ ტერიტორიაზე უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი, ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობა აპირებს სამინისტროების გადატანასაც: „ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას“.

თუმცა მთავრობის სხდომაზევე დაზუსტდა, რომ ამ ეტაპზე საუბარია არა მშენებლობაზე, არამედ საკითხის შესწავლაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ სამთავრობო სტრუქტურების ქალაქის ცენტრიდან გადატანა და ერთ სივრცეში თავმოყრა, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა,

თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებელიც: „ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია“.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ინიციატივა ხორცს შეისხამს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისის მერია განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავს, დაამტკიცებს და მშენებლობის ნებართვას გასცემს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც მიიჩნევს, რომ სამინისტროების უმეტესი ნაწილი განთავსებულია ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომლებიც ძალიან საინტერესოა სასტუმროებისა და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის:

„მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ამ შენობებიდან და პრივატიზაცია მოვახდინოთ ამ საინტერესო ადგილების. შესაბამისად, გადავიდეთ უფრო კომპაქტურად ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს, იქნება ენერგოეფექტური შენობები. ასევე, თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება თავმოყრილი, ეს უბრალო მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას“.

მთავრობის ინიციატივის შესახებ ინფორმაციის სიმწირის გამო ეკონომისტებს დეტალური ანალიზის გაკეთება უჭირთ. ბესო ნამჩავაძის თქმით, თავისდათავად სამინისტროების ქალაქის ცენტრიდან გატანა და ერთ ადგილში თავმოყრა ცუდი არაა, თუმცა ასევე საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. „იმისთვის, რომ კარგი იყოს ეს პროექტი ჯამში ბიუჯეტის ხარჯი არ უნდა გაიზარდოს. უფრო სწორად, დღეს არსებული სამინისტროების შენობები უნდა გამოთავისუფლდეს ამ პროექტის შედეგად, ეს შენობები უნდა გაიყიდოს და უფრო მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს ბიუჯეტმა, ვიდრე ახალი შენობების აშენების ხარჯი იქნება. პირველი პირობა ეს არის. მერე პირობა ის არის, რომ ბევრი ხარჯი შეიძლება დაიზოგოს საერთო ადმინისტრაციული სისტემების შექმნით. თუ ერთ შენობაში რამდენიმე სამინისტრო იქნება, შესაძლებელია, რომ მათ ერთი ადმინისტრაციული სამსახური ჰქონდეთ, ერთი დაცვა, ერთი დასუფთავება, ერთი IT-სამსახური და ა.შ. აქედან მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგება“, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ბესო ნამჩავაძემ, რომლის თქმით, კიდევ ერთი პირობა, რომელიც სამთავრობო ქალაქის მშენებლობის იდეას გააკეთილშობილებს, მთავრობის ოპტიმიზაციაა, ანუ ოპტიმიზაცია როგორც ცალკეულ სამინისტროებში, ასევე მთლიანად მთავრობაში.

ზემოთქმულის გარდა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამოთავისუფლებული შენობების სწორ და გააზრებულ ფუნქციურ დატვირთვას. ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის – მაგალითზე ამბობს: „ეკონომიკის სამინისტრო აქამდე რასაც აკეთებდა, ალბათ, ახლაც იმას გააკეთებს. პირდაპირ აუქციონზე გააქვს გამოთავისუფლებული შენობები რამე ფუნქციური დატვირთვის ვალდებულებით. სამწუხაროდ, ასეთ გადაწყვეტილებებში საზოგადოება აქამდე არ მონაწილეობდა. ეჭვი მაქვს, რომ არც ახლა იქნება ამ თვალსაზრისით რამე ახალი გაკეთებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ერთადერთი მინუსი, რაც ამ ახალი აგლომერაციის გაჩენას შეიძლება მოჰყვეს. რამდენად სწორად არის გათვლილი ფუნქციური დატვირთვები იმ შენობებისა, რომლებიც უნდა გამოთავისუფლდეს და რომლებიც ახალი მიზნით უნდა „შეიფუთოს“ – ეჭვი მაქვს, რომ ასეთი კვლევა ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კვლევა არ უნდა გაკეთდეს“.

მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრ ირაკლი აბესაძის თქმით, მთავრობა ხალხის ნაცვლად ბიუროკრატიის ფუფუნებაზე ზრუნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ხარჯები არ არის გათვალისწინებული 2017 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტიას საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული პროექტის განხორციელების თაობაზე სიტყვა არ უწერია.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-and-nordic-baltic-cooperation/3778452.html

ილია მეორე: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს

ზაზა წულაძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, 84 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თბილისში, „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ოკუპაცია არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“.

„გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ეს ტერიტორია იყოს წართმეული“, – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

ილია მეორესთან შეხვედრამდე, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ჯერ გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის (EUMM) მისიის ოფისი მოინახულა, შემდეგ კი 12 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ხურვალეთში რუსული ოკუპაციის შედეგი საკუთარი თვალით იხილა.

ილიამ მეორემ მადლობა გადაუხადა „სკანდინავია-ბალტიის რვიანის“ წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს საოკუპაციო ხაზის მონახულების გამო: „20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა დაპყრობილია რუსეთის მიერ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები“.

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი“ (NB8) წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალურ ფორმატს ბალტიისპირეთის სამ (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) და ხუთ ნორდიკულ (ისლანდია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია) სახელმწიფოს შორის. ეს ფორმატი 1992 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ოკუპაციისგან საბოლოოდ გათავისუფლდნენ. 2003 წლიდან ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორმატი გაფართოვდა. რეგიონური პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, მან მოიცვა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და უსაფრთხოების თემატიკაც. მათ შორის, აშშ, მოლდოვა, უკრაინა, და სამხეთ კავკასია.

საქართველოს პრობლემატიკის გაცნობის მიზნით, „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ფორუმი 2017 წელს სპეციალურად თბილისში შეიკრიბა. ორდღიანი ვიზიტის დროს „NB8“-ის  ხუთ ქვეყანას (ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) პარლამენტის თავმჯდომარეები წარმოადგენდნენ, ორს (ფინეთი, ისლანდია) – ვიცე-სპიკერები, ხოლო ერთს (შვედეთი) – ელჩი.

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატმა ეიკი ნესტორმა ხურვალეთში რუსული მავრთულხლართების მონახულების შემდეგ აღნიშნა, მათ გაუმართლათ, რომ NATO-ს წევრები არიან: „ჩვენ ახლა აქ, ხურვალეთში, გეუბნებით რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ გვესმის თქვენი. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვართ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები, რაც გვაძლევს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. შესაძლოა, ჩვენი ნაბიჯები და გამოცდილება დაგეხმაროთ თქვენც წარმატებისა და მიზნების მიღწევაში. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“.

ევროპული და ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის უკეთ გაცნობის მიზნით ნორდიკულ-ბალტიური რვიანის დელეგაცია, ბოლო ორი დღის მანძილზე, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორს.

«PAPPolska Agencja Prasowa» (პოლონეთი), 23 მარტი, 2017 წელი

http://www.pap.pl/aktualnosci/news,870776,rakwiaszwili-nigdy-nie-zapomnimy-polakom-ze-wsparli-gruzje-w-ciezki-czasach.html

ინტერვიუ ალექსანდრე რაქვიაშვილთან: „რუსეთი უნდა გავიდეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან… // „არასოდეს დავივიწყებთ პოლონელების დახმარებას, რომლებიც ჩვენთვის მძიმე პერიოდში მხარს გვიჭერდნენ“

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს პოლონური საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტმა ლუკას ოსინსკიმ ჩამოართვა (დაიბეჭდა გაზეთ «Dziennik Cazeta Prawna»-ში), იგი საუბრობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისაგან ემუქრება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი ვარშავაში თავისი კოლეგის – პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის პაველ სოლოხის მიწვევით იმყოფებოდა. მათ ისაუბრეს იმ საშიშროებებზე, რომლებიც პოლონეთს და საქართველოს ეხება. იმსჯელეს აგრეთვე საქართველოს ლტოლვაზე ნატოში გაწევრიანების მიზნით და იმ დახმარებაზე, რომელსაც პოლონეთის მთავრობა უწევს საქართველოს.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, „თუ ვლადიმირ პუტინს ახლა ვერ შევაჩერებთ, მერე მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება“. მან მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და მოსკოვი აიძულონ გავიდეს საქართველოდან (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან) და უკრაინიდან (ყირიმ-დონბასიდან). „საქართველოში რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება, ხოლო სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უარესდება.. რუსების იქ ყოფნა რეგიონის ეკონომიკას არანაირად არ ავითარებს. აფხაზეთში რუსები ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლას უკრძალავენ და აუქმებენ ე.წ. საკონტროლო პუნქტებს, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის. უფრო ცუდი მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა ინტერვიუში ალექსანდრე რაქვიაშვილმა, – „ეს პირველი მოქმედება არ არის, რომელსაც მოსკოვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახორციელებს. უფრო ადრე რუსეთმა ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა სოხუმელ და ცხინვალელ სეპარატისტებთან, რომელიც მათი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს ეხება – საზოგადოებრივს, ეკონომიკურს, სამხედროს, განათლებას… რუსეთის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება საეჭვო გახადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა“.

„რუსეთის მოქმედება მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მოსკოვის ნაბიჯები დასავლური სამყაროს წინააღმდეგაცაა მიმართული: „როგორც გვინდა, ჩვენ ისე ვაკეთებთ. მსოფლიო წესრიგს ყურადღებას არ ვაქცევთ, არ გვეხება არანაირი საერთაშორისო პრინციპები“ – ასეთია რუსეთის პოლიტიკის არსი. ასეთი მოქმედება მსოფლიოს ბუჩად აგდებაა“, – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი ინტერვიუში.

„ევროპა დიდი ხნის განმავლობაში რუსებს წინააღმდეგობას არ უწევდა. ამით მოსკოვი კარგად სარგებლობდა. დადგა დრო, რომ დასავლეთმა ვლადიმირ პუტინი შეაჩეროს. ჩვენ სერიოზული საფრთხე გველოდება რუსეთის მხრიდან…. კარგია, რომ ევროპული დედაქალაქები რუსეთს ნელ-ნელა რევანშისტულ ძალად აღიქვამენ, რომელიც მსოფლიო წესრიგის დარღვევას ცდილობს. 2008 წელს, როცა ჩვენ რუსეთი თავს დაგვესხა, საქართველო ყველას აფრთხილებდა, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა, თუმცა ევროპელებმა ჩვენი ნათქვამი, პრინციპში, აინუნშიაც არ ჩააგდეს. ჩვენ ასევე ვამბობთ იმასაც, რომ გაჭირვების დროს ევროპა მაინც გვერდით დაგვიდგა. დიდად მადლობლები ვართ ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისა, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად გამოვიდნენ. საქართველო არსებობს და ეს ჩვენი მეგობრების დიდი დამსახურებაა, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა. აქ, პოლონეთის დედაქალაქში იყო ერთი ძალიან გაბედული და მამაცი ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოფრინდა და სხვა პრეზიდენტებიც ჩამოიყვანა. უმძიმეს დროს ისინი ჩვენ გვერდით დაგვიდგნენ. არასოდეს არ დავივიწყებთ იმ დახმარებას, რომელიც პოლონეთმა და პოლონელებმა გავიწიეს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ამ სიტყვების წარმოთქმისას მას მხედველობაში ჰყავს პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც 2010 წელს, რუსეთში, სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

„ის, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენი აზრით, შემდეგში გამოიხატება – ერთობლივი, მკაცრი და ძლიერი განცხადება, რომელსაც პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ამ მოქმედების მიზანი უნდა იყოს რუსეთის გაფრთხილება, რომ მოსკოვმა აგრესია აღარ გააგრძელოს, რომ რუსეთი გავიდეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“, – ასეთ რეზიუმეს აკეთებს ინტერვიუს დასასრულს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

«Halo Noviny» (ჩეხეთი), 23 მარტი, 2017 წელი

http://www.halonoviny.cz/articles/view/45209206%20

ინტერვიუ ჩეხ პოლიტოლოგ ვლადიმირ პროროკთან: „განცხადებები რუსული საფრთხის შესახებ ირაციონალურია“ // რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან და უკრაინასთან

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ამას წინათ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პრაღის მართვისა და ფინანსების უმაღლესი სკოლის დოცენტმა ვლადიმირ პროროკმა, რომელსაც გაზეთ «Halo Noviny»-ის კორესპონდენტი მონიკა ჰორენი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც ვლადიმირ პროროკი საქართველოს შესახებაც საუბრობს:

- საკმაოდ ხშირად ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ რუსეთს ომი ჰქონდა საქართველოსთან, რომ რუსეთმა განახორციელა ყირიმის ანექსია და რომ არსებობს სხვა ტერიტორიების მიერთების საფრთხეც, მაგალითად, უკრაინისა და ბალტიის სახელმწიფოების ნაწილებისა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ – სწორია ასეთი არგუმენტები?

- მსგავსი მტკიცებები იდეოლოგიურ სქემას ემყარებიან: „ჩვენ ყოველთვის კარგები და ლამაზები ვართ, ისინი კი ყოველთვის ცუდები და მახინჯები“. ასეთი სქემა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში მტრის სახე ჩამოყალიბდეს, რომ შეიქმნას სამხედრო ხარჯების ზრდის საფუძველი ან დემოკრატია შეიზღუდოს. ამგვარი მიდგომა პრობლემის საფუძვლიან ანალიზს ხელს უშლის, მის იგნორირებას ახდენს და ყურადღებას არ აქცევს ფაქტებს… 2008 წელს ომი საქართველოში ომი იმით დაიწყო, რომ მთავრობამ ჯარები სამხრეთ ოსეთში შეიყვანა. თბილისი მოქმედებას რუსეთი ელოდებოდა და მოსკოვმაც ეფექტური რეაგირება მოახდინა. პოსტსაბჭოთა სივრცეში რიგი კონფლიქტების მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, თავიანთი მრავალეთნიკურობისა და მრავალკონფესიულობის ფაქტის იგნორირებას ახდენენ. ამ ქვეყნების ხელისუფალნი ცდილობენ ყველაფერი ცენტრიდან გააკონტროლონ და ამოძირკვონ ეთნიკური თავისებურებანი, რომლებსაც, სხვათა შორის, საბჭოური ეპოქის დროს, ფორმალურად, მაგრამ მაინც ყურადღება ექცეოდა. ეს ეხება არამარტო საქართველოს, არამედ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს, ყირიმს, რომელიც 1954 წლამდე რუსეთს ეკუთვნოდა და უკრაინას ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს შეუერთეს. ასეთი პოლიტიკა ადრე თუ გვიან წინააღმდეგობას მაინც შეხვდებოდა. ამგვარი სიტუაცია ანალოგიურია იმისა, რომელიც ჩეხოსლოვაკიამ გადაიტანა, როცა ჩეხებსა და სლოვაკებს შორის განსხვავებამ ქვეყანა ჯერ ფედერალიზაციამდე, შემდეგ კი საბოლოო დაშლამდე მიიყვანა.

რაც შეეხება კონკრეტულად ყირიმის საკითხს, ამ პრობლემას ორი დონე აქვს. ჯერ ერთი, რომ კიევი, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება „ყირიმის პრორუსულობის“ სპეციფიკას არ ითვალისწინებდა. მეორე კი ისაა, რომ 2014 წელს კიევში რევოლუცია-გადატრიალება მოხდა. თუ საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს უფლება რევოლუცია მოახდინოს და ფაქტიურად არსებული კონსტიტუცია დაარღვიოს, მაშინ მეორე ნაწილსაც აქვს იმის უფლება, რომ არ დაეთანხმოს საზოგადოების იმ ერთი ნაწილის სურვილს და რეფერენდუმის გზით საკუთარი ბედი გადაწყვიტოს. ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის კრიტიკოსები სრულიად ივიწყებენ იმ გარემოებას, რომ რევოლუციის შედეგად უკრაინის იმდროინდელმა კონსტიტუციამ  მოქმედება შეწყვიტა. რუსეთმა უკრაინასთან იგივენაირად ისარგებლა სიტუაციით, როგორც 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში და სტრატეგიული მიზანი შეისრულა – შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება ყირიმიდან და აშშ-ის ფლოტისთვის ბარიერების შექმნა. არადა, ამერიკელებს ყირიმში შესვლა ნამდვილად შეეძლოთ: გავიხსენოთ, რომ შეთანხმებას რუსეთის ჯარების სევასტოპოლში ყოფნის შესახებ ვადა 2017 წელს ეწურებოდა.

რაც შეეხება იმ შიშებს, რომ რუსეთი კიდევ რომელიმე ტერიტორიის ექსპანსია-ანექსიას მოახდენსო, ჩემი აზრით, ეს შეშფოთება უსაფუძვლოა. ვინც ამას ამბობს, ვთხოვდი უბრალო ეკონომიკური გათვლები გააკეთოს და ნახოს, რა დაუჯდა რუსეთს ყირიმის მიერთება: პირველ ეტაპზე 500 მილიარდი რუბლი. ეს ის ფულია, რომელიც რუსეთის სხვა რეგიონებს დააკლდა და რომელიც იმ რეგიონების მოსახლეობას ძალიან ჭირდება. ახალი ტერიტორიების მიერთება დღეისათვის შეუძლებელია, ასეთი ნაბიჯი მოსკოვისათვის მომგებიანი არ იქნება. ამას რუსეთის ეკონომიკა ვერ გადაიტანს“.

«Лента.ру» (რუსეთი), 23 მარტი, 2017 წელი

https://lenta.ru/articles/2017/03/23/rayfield/

ინტერვიუ დონალდ რეიფილდთან: იოსებ სტალინის, ლავრენტი ბერიას, მიხეილ სააკაშვილისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ

ამ დღეებში მოსკოვში ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, რუსული და ქართული ლიტერატურმცოდნე, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფელდი იმყოფება, რომელიც რუსულ საზოგადოებას თავის ახალ წიგნს წარუდგენს – „საქართველო: იმპერიების გზაჯვარედინი“. დონალდ რეიფელდმა ვრცელი ინტერვიუ მისცა პოპულარულ ელექტრონულ გამოცემა „ლენტა.რუ“-ს კორესპონდენტს ნატალია კოჩეტკოვას, რომელშიც იგი იოსებ სტალინზე და ლავრენტი ბერიაზე საუბრობს. ბრიტანელი ისტორიკოსი, რომელიც მშვენივრად ფლობს რუსულ და ქართულ ენებს, რუს ჟურნალისტს თავის მოსაზრებას უზიარებს აგრეთვე ამერიკელი მწერლის ჯონ სტაინბეკის მიერ გამოცემულ წიგნ „რუსულ დღიურზე“, რომელშიც ავტორი 1947 წელს საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებს ჰყვება, იმაზეც, დამარცხდა თუ არა საქართველოში კორუფცია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ჟამს და რა შეცდომები დაუშვა „ნაციონალმა“ პრეზიდენტმა….

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„საქართველოს ისტორია მითებით იწყება, მითები ლეგენდებში გადადიან, ლეგენდები – ჟამთააღწერებში. ძალიან ძნელია იმის გაგება, არის თუ არა მითებში სინამდვილის მარცვალი. არქეოლოგია გვეხმარება, მაგრამ მე პირადად ძალიან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი ვარ… საერთოდ კი, რადგანაც მითებისა ხალხს სჯერა, ის კულტურის ნაწილად იქცევა ხოლმე“.

(…)

„მითები იოსებ სტალინზე ძალიან იოლად შეიძლება შემოწმდეს – არქივებში დაცული დოკუმენტების მიხედვით. მაგალითად, რუსმა ისტორიკოსმა ალექსანდრე ოსტროვსკიმ ამ მხრივ დიდი შრომა გასწია: მან დაწერა წიგნი „ვინ იდგა სტალინის ზურგს უკან“, რითაც ბევრი მითი გამოაშკარავა. ზოგადად, იოსებ სტალინი რომის იმპერატორებს დაემსგავსა – სიკვდილის შემდეგ იგი „ღმერთად“ იქცა“.

(…)

„მინდა ჯონ სტაინბეკის ციტირება მოვახდინი მისი „რუსული დღიურიდან“, რომელიც ჯერ კიდევ 1948 წელს დაიწერა (ეს წიგნი რუსეთში ახლახან გამოიცა – „ლენტა.რუ“), მასში ავტორი საინტერესოდ საუბრობს საქართველოზე, რომელსაც რუსები სამოთხედ მიიჩნევდნენ: „თუ პატიოსნად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ საქართველოში – სამოთხეში მოვხვდებითო”. იგი გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შთაბეჭდილებასაც გადმოგვცემს: „მნახველები ფეხის წვერებზე დადიან და ჩურჩულით ლაპარაკობენ. ექსკურსიის შემდეგ მომხიბლავმა გოგონამ, რომელიც გიდობას გვიწევდა, მუზეუმის ბაღიდან ვარდები მოგვიტანა და სათითაოდ მოგვცა. ყველამ ფაქიზად შეინახა ყვავილები, განძივით, ასეთ წმინდა ადგილზე ყოფნის გასახსენებლად“.

საქართველო, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ცნობილი სტალინის მეშვეობით გახდა. ქართველებს მსოფლიოში განთქმული გმირი გამოუჩნდათ, მარტალია, ბოროტი, მაგრამ მაინც… მერე რა, მონღოლებისთვისაც ხომ ჩინგიზ-ხანი ეროვნული გმირია, მას დღემდე აღმერთებენ, ან იგივე ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც თავის ახლობლებს ისე ექცეოდა, როგორც სტალინი პოლიტბიუროს. ალბათ ასე იმიტომ ხდება, რომ დრო მიდის, დანაშაული ნეიტრალდება და მახსოვრობაში მხოლოდ დიდი გამარჯვებები რჩება. საინტერესო იქნება ათასი წლის შემდეგ როგორ შეფასდება სტალინის ფიგურა… საქართველოში კი სტალინის მითი ჯერ კიდევ ცოცხლობს, განსაკუთრებით სოფლებში. ქალაქებში იგი უკვე აქტუალური აღარაა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში მითები სოფლის მოსახლეობაშიც გაქრება“.

(…)

„ჩემთვის, როცა საქართველოში სტალინის შესახებ წიგნზე ვმუშაობდი, მთავარი წყაროები დოკუმენტები იყო. საქართველოში არქივები გახსნილია და თავისუფლად შეიძლება სარგებლობა. უფასოდ გასადილებენ კიდეც, რაც მოსკოვის არქივებში არ არის (იცინის). მე დოკუმენტებისა უფრო მჯერა, ვიდრე ადამიანის მონაყოლისა. საერთოდ კი, რასაკვირველია, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. საქართველოში ყოფნისას ვესაუბრებოდი ლავრენტი ბერიას ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. მაგრამ მათი ნაამბობი უმეტესად არასაიმედოდ მიმაჩნდა: საქართველოში ხომ ძალიან იშვიათად თუ ვინმე იტყვის ცუდს საკუთარი ოჯახის წევრზე, მეგობარზე ან სულაც ახლო ნაცნობზე. ის ინჟინრები და მეცნიერები, რომლებთაც ლავრენტი პავლოვიჩთან მუშაობა მოუწიათ, მასში ყველაფერს დადებითად ხედავდნენ. ის ოჯახებიც კი, რომლებიც ლავრენტი ბერიას მოქმედებით დაზარალდნენ, მასზე არაფერს ამბობდნენ. ბერიას ნათესავები ხომ საერთოდ ისე აქებენ, რომ… „იგი სამაგალითო მეუღლე იყო! იმას აკეთებდა, რასაც ავალებდნენ. იგი თავის ყრუ-მუნჯ დაზე ზრუნავდა! ძალიან უყვარდა მეუღლე, ნათესავებს ხელს უწყობდა!“. კი, ამაში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ როცა არაფერს ამბობენ მის დაუნდობლობაზე, სექსუალურ ქცევაზე?

რატომ დააპატიმრეს ლავრენტი ბერია? მან სტალინის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განსაკუთრებით სიკვდილის შემდეგ უცნაური მოქმედება დაიწყო – რეფორმებიო, საქმეების გადახედვაო… აი, ამ დროს საბჭოთა ლიდერებმა საფრთხე იგრძნეს და მის წინააღმდეგ ამხედრდნენ. არა იმიტომ, რომ მას ბევრი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და არც მისი სექსუალური ქცევის გამო. ბოლო-ბოლო, კალინინიც ბერიასავით ექცეოდა ბალერინ ქალებს… შემთხვევის უნიკალურობა სხვა რამეშია: პათოლოგიურმა სადისტი უეცრად ნორმალურ ადამიანად გადაიქცა: ათავისუფლებს პატიმრებს, ლაპარაკობს რეფორმების განხორციელებაზე, გერმანელებს ერთმანეთან არიგებს, საპასპორტო სისტემას ცვლის… მოკლედ, ლავრენტი ბერია ნაადრევ მიხეილ გორბაჩოვად წარმოჩინდა. რატომ გახდა იგი ასეთი, არ ვიცი. იკურნებიან თუ არა ბერიასნაირი სადისტები საერთოდ? ეს იმას ჰგავს, ჰიტლერი რომ ნორმალურ ადამინად ქცეულიყო. არადა, უცნაურობა იმაშია, რომ ბერია თავისი მმართველობის ბოლო ასი დღის განმავლობაში სრულიად ნორმალური ადამიანივით იქცეოდა. რასაკვირველია, ეს არ აღძრავს სიმპათიებს მის მიმართ, მას იმდენი ცოდვა ჰქონდა ზურგზე აკიდებული, რომ არანაირი ასი დღე არ მიუტევებდა… ჰოდა, მე მგონია, რომ სწორედ მისმა ასეთი ქცევამ განაპირობა მისი დაჭერა: პოლიტბიურო მიხვდა, რატომ იყო მისი მოშორება აუცილებელი. არავინ მზად არ იყო ამგვარი რეფორმებისათვის“.

(…)

„სტალინზე რომ წიგნს ვწერდი, მის მიმართ თავიდან ლიალურად ვიყავი განწყობილი, ბოლოს კი შემძულდა… ალბათ, აუცილებელი იყო ამ მონსტრის სიკვდილი. სტალინი რომ არ მოეკლათ, ეს ისეთივე ცოდვა იქნებოდა, როგორც ვთქვათ, კარგი ადამიანის მკვლელობა… 40 წლის წინათ, როცა ნიკოლაი პრჟევალსკის ბიოგრაფიაზე ვმუშაობდი, იგივე გრძნობა მქონდა: პრჟევალსკიც სადისტი იყო, სტალინზე უარესიც კი – იგი [რუსეთის მთავრობას] მონღოლების და ტიბეტელების გაჟლეტას, მათ ადგილას კი კაზაკების ჩასახლებას სთავაზობდა! იგი ცუდად ექცეოდა თავისზე უმცროს ოფიცრებს, ეჭვიანი ჰომოსექსუალი იყო, სძულდა ქალები, ყველა უცხოელი და აზიელი… მაგრამ ისტორიაში დიდი მოგზაურის სახელით დარჩა! არადა, ბევრი არაფერი არ აღმოუჩენია და საშუალო დონის ზოოლოგი იყო. უბრალოდ, კარგად წერდა თავის შთაბეჭდილებებზე. საბოლოოდ კი, ცოდვებმა უწიეს – ხოლერით დაავადდა და მოკვდა“.

- თქვენ საკმაოდ ემოციურად აღიქვამთ ისტორიულ მოვლენებს… თქვენი ემოციები საქართველოს ისტორიაზეც ვრცელდება? საქართველოს ისტორია, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბევრ კარგ და ცუდ ფაქტებს შეიცავს. დავიწყოთ კარგით – საქართველოში რომ ჩავდივართ, გვიყვებიან, რომ კორუფცია დამარცხებულია და ამაში დიდი ღვაწლი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვისო…

- როცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა „გაიშნიკი“ ერთბაშად გაათავისუფლა, ეს ნამდვილი საჩუქარი იყო. ადრეც ხშირად ვყოფილვარ საქართველოში, დავდიოდი რეგიონებში და „გაიშნიკებთან“ ყოველთვის პრობლემები მქონდა. მერე ეშმაკობა ვიხმარე: რაიონების მთავარი „გაიშნიკების“ სია შევადგინე და როცა მაჩერებდნენ, ვეუბნებოდი – „მე თქვენი უფროსის გოგის სტუმარი ვარ-მეთქი“ და ქრთამის გარეშე მიშვებდნენ. მერე კი ჩასუქებული საგზაო ინსპექტორების ნაცვლად მშვენიერი გოგონები გამოჩნდნენ, „ფოლკსვაგენებით“… არ ვიცი, იჭერდნენ თუ არა კანონის დამრღვევებს, მაგრამ სასიამოვნო შესახედავები იყვნენ და ქრთამსაც არ იღებდნენ. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს უთხრეს, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭიროო და იმანაც პოლიციის შენობები ჰოლანდიური ბორდელის მსგავსად ააშენა, სადაც პოლიციელი ქალების „იუბკები“ ჩანს (იცინის). მე ვნახე, თუ როგორი ფეხები აქვთ ქართველ პოლიციელ ქალებს, მაგრამ რით არიან ისინი დაკავებული, ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარია (ისევ იცინის).

ხუმრობა იქით იყოს და როცა დადებით ემოციებზე ვსაუბრობთ ხოლმე, სწრაფად ვხვდები, რომ ზოგჯერ ადამიანები ტყუილს ამბობენ და რომ მეორე მხარეც არსებობს. ვთქვათ, იგივე მიხეილ სააკაშვილის შესახებ: მისმა მომხიბვლელობამ იმ დროიდან დაიწყო გაფერმკრთალება, როცა მთავრობის პრემიერ-მინისტრი გაურკვეველ გარემოებებში დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საპატიმროებში 20 ათასი ადამიანი იჯდა, მათ შორის ბევრი უდანაშაულოდ. არაფრის გამო ხალხს ციხეში აგზავნიდნენ. ახლა იქ ნახევარიც აღარ არის. თუმცა კარგად არ ვიცი, შეიძლება [პატიმრების რაოდენობის] კიდევ განახევრებაა საჭირო.

- თქვენს მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია 2015 წლით ბოლოვდება. რაც უფრო ვუახლოვდებით თანამედროვე პერიოდს, თქვენ მით ნაკლები დოკუმენტებით სარგებლობთ. რომელ წყაროებს ეყრდნობოდით უახლესი მოვლენების გადმოცემისას? ადამიანთა მონაყოლს? ადამიანები კი, როგორც თქვენ თქვით, ხშირად ტყუიან….

- დიახ, საკმაოდ რთული საქმე იყო (ამოიხვნეშა). საქართველოში დღეს ჟურნალისტები მაინცდამაინც კარგად ვერ მუშაობენ. მასმედია ძალიან მშიშარა და მფრთხალი გახდა. თითქმის აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელეარხები და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ასე. მე მყავს ნაცნობები, რომლებთაც ვენდობი, ისინი მასმედიის საშუალებებში მუშაობენ. მათ ვეთათბირები ხოლმე. რა თქმა უნდა, მათი პოზიციები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ დასკვნები გამომაქვს. მყავს ნაცნობი ელჩებიც.. ცხადია, იმასაც ვხვდები, რომ ელჩი ის ადამიანია, რომელიც ზოგჯერ ცრუობს თავისი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, თუმცა ისინი გულწრფელებიც ხდებიან ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ თანამდებობიდან ათავისუფლებენ ან თვითონ გადადგებიან. [ჭეშმარიტი] ისტორიკოსი წინასწარმეტყველი და პოლიტოლოგი არ უნდა იყოს: რაც უფრო უახლოვდება მომავალს, მით მეტ შეცდომას უშვებს.

- როცა საქართველოში სტუმრად ხარ, მასპინძლები ცდილობენ სულის ამოსვლამდე გაჭამონ. არ შემიძლია არ გკითხოთ: თქვენი საქართველოში ყოფნის დროს როგორ იქცეოდით, რომ არც მასპინძლებისთვის გეთქვათ უარი საჭმელზე და არც ღორმუცელა არ გამხდარიყავით?

- (იცინის) თუ დილის ექვს საათზე ადგები, მაშინ შუადღემდე მუშაობა შეიძლება, ანუ სანამ ქეიფი დაიწყება (ფიქრობს), მაგრამ უჭმელობაც რომ არ შეიძლება? ისე, ერთ „საიდუმლოს“ გაგიმხელთ: როცა სტუმარი ასაკოვანია, ქართველები გაგებით ეკიდებიან იმ ფაქტს, თუ იგი დღეში ორ ლიტრ ღვინოზე ნაკლებს არ დალევს. ამ მხრივ 1990-იანი წლები შედარებით იოლი იყო, პროდუქტების დეფიციტი იგრძნობოდა… სტუმართმოყვარეობა, როგორც იცით, სტუმრის „გაუვნებლობასაც“ გულისხმობს. ინდოევროპულ ენებში „სტუმარს“ ორნაირი მნიშვნელობა აქვს – „სასურველი ადამიანი“ და „მტერი“. სტუმართმოყვარეობა კარგი მეთოდია იმისა, რომ გაიგო – ადამიანი კარგი სურვილით არის მოსული თუ ზიანს მოგაყენებს. ჰოდა, თუ მას კარგად აქეიფებ, კარგად აჭმევ, ძილის მეტი აღარაფერი რჩება…

- არის თუ არა თქვენს წიგნში ისეთი რამ, რის გამოც საქართველოში დაგემდურებიან?

- დიახ, სამწუხაროდ, არის. რასაკვირველია, პარტიული ხელმძღვანელების შვილები და შვილიშვილები აღშფოთდებიან. მე უკვე მსგავს წერილებს ვღებულობ. მე ზვიად გამსახურდიას შვილებტან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს. იცით რა არის ყველაზე რთული ბიოგრაფიების გადმოცემისას? ის, რომ ცოცხალი მემკვიდრეები, შთამომავლები წმინდად ინახავენ წინაპრების ხსოვნას. ეს ბიოგრაფებისთვის ძალიან სახიფათოა.

Comments are closed