globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Tehran Times» (ირანი): ირანის ვიცე-პრეზიდენტი: ირანმა და საქართველომ ურთიერთობის გაფართოება „პოლიტიკურად განსაზღვრეს“

«Die Welt» (გერმანია): საქართველო ოქროს საუკუნეში – თამარ მეფის ცხოვრება და გარდაცვალება

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი იძულებულია თურქეთის სურვილს ყველაფერში ანგარიში გაუწიოს

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ინტერვიუ ანატოლი ბიბილოვთან: „ჩვენ დამუხრუჭებას არ ვაპირებთ“ // „ადრე თუ გვიან საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მაინც აღიარებს“

—————–

«Tehran Times» (ირანი), 22 აპრილი, 2017 წელი

http://www.tehrantimes.com/news/412837/VP-Jahangiri-says-Iran-Georgia-are-politically-determined

ირანის ვიცე-პრეზიდენტი: ირანმა და საქართველომ ურთიერთობის გაფართოებაპოლიტიკურად განსაზღვრეს

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა შაბათს განაცხადა, რომ ირანისა და საქართველოს ხელმძღვანელებმა „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღეს ურთიერთობის განვითარების მიზნით. ესჰაყ ჯაჰანგირმა ეს განცხადება თეირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თეირანში ორი ქვეყნის ურთიერთობებში „გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა. მას ასევე აღნიშნა, რომ ირანსა და საქართველოს ბევრი რამ აერთიანებთ და ერთნაირი პოზიცია აქვთ საერთაშორისო არენაზე: „ეს ძალიან კარგი საფუძველია პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებისათვის“, – ხაზი გაუსვა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირიმ.

ირანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, „ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის“ მეშვეობით  სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დასაკავშირებლად – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის მონაწილეობით. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ქვეყნები, ისეთები, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, მზად არიან სპარსეთის ყურე – შავი ზღვის ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლონ: „ჩრდილოეთ-სამხრეთის ეკონომიკურ დერეფანში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება ირან-სომხეთ-საქართველოს ან ირან-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტის მეშვეობით“, – თქვა ესჰაყ ჯაჰანგირიმ. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ყოველგვარი ბარიერები მოხსნას ირანთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და გადადგას ნაბიჯები ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

ირანისა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ოთხ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ სპორტის, სოფლის მეურნეობის, სტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეირანს ეწვია იმ დროს, როცა სამი დღეც არ იყო გასული თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტიდან. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანის კერძო სექტორს შეუძლია თავისი საქონლის ექსპორტი ევროპაში საქართველოს გავლით.

«Die Welt» (გერმანია), 24 აპრილი, 2017 წელი

https://www.welt.de/finanzen/article163922870/Das-schreckliche-Ende-der-goldenen-Regentin.html

საქართველო ოქროს საუკუნეში – თამარ მეფის ცხოვრება და გარდაცვალება

ფრანკ შტოკერი

საქართველოს ეროვნული ვალუტის 50-ლარიან კუპიურაზე ქალი-მმართველია გამოსახული. ქართველები მას „მეფე-ქალს“ უწოდებენ: მან აყვავებული სახელმწიფო შექმნა და მას „უკურნებელი სენით“ გარდაცვალებამდე მართავდა.

ტრადიციული წესით, საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელი დედოფალი იყო – ისევე როგორც იმდროინდელ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ან დანიაში. ამ სახელწოდებას ყველა ენაში შევხვდებით. ასევეა ქართულ ენაშიც. მაგრამ თამარი, რომელიც ქვეყანას 1184 წლიდან 12013 წლამდე მართავდა, ქართულ კუპიურაზე გამოსახულია არა როგორც დედოფალი, არამედ როგორც „მეფე-ქალი“. ამის ახსნა შეიძლება იმ ისტორიული პერიოდის სპეციფიკით, როცა იგი ტახტზე ავიდა. მამამისი გიორგი მესამეც დრამატულ სიტუაციაში გამეფდა, რადგან მას სამეფო ტახტს ძმა – უფლისწული დემნა (დემეტრე) ეცილებოდა. დემნამ შეთქმულებაც კი მოაწყო დიდგვაროვანი ფეოდალ-მხარდამჭერებთან ერთად, ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, მაგრამ გიორგი მესამემ აჯანყება ჩაახშო, თავის ძმას კი თვალები დასთხარა და დაასაჭურისა.

გიორგი მესამემ გადაწყვიტა მმართველობის მემკვიდრეობითობა  ერთმნიშვნელოვნად განემტკიცებინა და თავისი ქალიშვილი თამარიც, 12 წლის ასაკში, ტახტზე დაისვა, თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ექვსი წელი სამეფოს ერტად მართავდნენ. როცა გიორგი მესამე გარდაიცვალა, თამარი საქართველოს პირველი მეფე-ქალი გახდა, ანდა სხვაგვარად რომ ვთქვათ – ქალი-ხელმწიფე. თამარის წოდება ქართულად ასე ჟღერს – „მეფე“ – რაც ხელმწიფეს და მბრძანებელს ნიშნავს. თამართან მიმართებით სიტყვა „დედოფალი“იშვიათად გამოიყენება, რადგან იგი ქვეყნის უპირველესი მმართველი იყო, დედოფლები კი ძირითადად მეფეებს ემორჩილებიან.

თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში უდიდეს პიროვნებად ითვლება. მისი მეფობის დროს ქვეყნის ვაჭრობა-ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აყვავების ეპოქა დადგა, რომელსაც „ოქროს საუკუნეს“ უწოდებენ. თამარ მეფემ თავისი ჯარით ბევრი ტერიტორია დაიკავა და მისი მეფობის დასრულების ჟამს საქართველოს ტერიტორია ყველაზე დიდად გაფართოვდა. თამარ მეფემ რეფორმებიც განახორციელა: მან გააუქმა სიკვდილით დასჯა და ბრძანება გასცა წამების აკრძალვის შესახებაც. მისი მეფობის ხანაში კულტურაც აყვავდა: სწორედ მაშინ შეიქმნა ქართული ეროვნული ეპოსის შედევრი – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ლეგენდის თანახმად, შოთა რუსთაველმა თავისი პოემა თამარ მეფეს მიუძღვნა.

როგორც ჩანს, თამარ მეფე საქართველოს 1213 წლამდე მართავდა, თუმცა სხვადასხვა წყაროებში 1207 წელი და 1210 წელიცაა ნახსენები. იგი „საშინელი უკურნებელი სენით“ გარდაცვლილა. მანამდე კი თამარმა თავისი ვაჟი ლაშა გიორგი გაამეფა (თანამოსაყდრედ დაისვა), რათა მისი მეფობა, დიდი თამარის გარდაცვალების შემდეგ, სადაო არ გამხდარიყო.

«Независимая газета» (რუსეთი), 24 აპრილი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-04-24/5_6980_georgia.html

თბილისი იძულებულია თურქეთის სურვილს ყველაფერში ანგარიში გაუწიოს

სტატია იწყება თურქეთში 1915 წელს მომხდარი „სომხების გენოციდის“ გახსენებით, რომლის შედეგად მილიონნახევარზე მეტი სომეხი დაიღუპა. აღნიშნულია, რომ სომხების დევნა შევიწროება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. „თნიკური წმენდის“ მსხვერპლნი გახდნენ აგრეთვე 500 ათასი ბერზენი და 100 ათასი ასირიელი“. ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობაში იურიდიულადაა აღიარებული სომეხთა გენოციდი. ზოგიერთ ქვეყანაში კი, თუ ვინმე სომეხტა გენოციდს უარყოფს, მას სისიხლის სამართლებრივი დასჯა ელოდება (ავტორი – იური როქსი).

„საქართველოში არსებულმა სომხურმა თემმა (სათვისტომომ) თბილისის მერიისაგან რეკომენდაცია მიიღო, რომ სომეხტა გენოციდის მორიგი წლისთავთან დაკავშირებით (24 აპრილს) თურქეთის საელჩოსთან რაიმე საპროტესტო აქცია არ ჩაატაროს. ოფიციალური მიზეზი – ქუჩაში მოძრაობას ხელი არ უნდა შეეშალოსო, მაგრამ სომხები თავის გადაწყვეტილებას მაინც არ ცვლიან.

საქართველოში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მონაცემებით, თითქმის 250 ათასი სომეხი ცხოვრობს, მათგან ნახევარი კი თბილისის მკვიდრნი არიან. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აქაური სომხები „სომხურ სამყაროს“ შეუერთდნენ და 24 აპრილს, ტრადიციულ ღამის ჩირაღდნებიან მსვლელობას აწყობენ, დღისით კი საპროტესტო აქციას მართავენ თურქეთის საელჩოსთან მოწოდებით, რატა ანკარამ გენოციდის ფაქტი აღიაროს

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ისეთი აქციის გამართვას, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არაა მიმართული, ხელისუფლების ნებართვა არ ჭირდება, საკმარისია მხოლოდ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, აქციის მიზნის მოკლე აღნიშვნით. თავის მხრივ, ხელისუფლების ორგანო ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და თუ იმ ადგილზე სხვა აქციის გამართვაა დაგეგმილი, მაშინ ის აქციის გამართვის ორგანიზატორებს ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს. მაგრამ თბილისიმ მერია უფრო შორს წავიდა და  სომეხთა თემს (სათვისტომოს) წერილობითი რეკომენდაცია მისცა, რომ თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია არ გამართოს, ვაითუ ქუჩაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხდესო. კანონის მიხედვით, მერიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან 24 აპრილის დღის ორ საატზე თურქეთის საელჩოსთან არანაირი სხვა ღონისძიება არ იგეგმება.

როგორც სომხური სათვისტომოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სანდრო ოგანოვი ამბობს, მერიის გასაწყვეტილება მათთვის არასასიამოვნო მოულოდნელობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მას ამკრძალავ აქტად არ აღვიქვამთ და ჩვენს გეგმას, კონსტიტუციის თანახმად, მაინც განვახორციელებთ და აქციას გავმართავთ“. მისი თქმით, არის ეჭვები იმაზე, „თუ საიდან უბერავს ქარი“, თუმცა სანდრო ოგანოვმა იქვე აღნიშნა, რომ სომეხთა ორგანიზაციას სულაც არ სურს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მცირედი დაძაბულობის შეტანაც კი.

ამრიგად, როგორც ჩანს, თბილისში სამგლოვიარო მსვლელობა მაინც ჩატარდება, საელჩოსთან აქციაზე მაინც გაცხადდება მიმართვა თურქეთისადმი „სომეხთა გენოციდის“ აღიარების თაობაზე. იგივე საკითხზე სომხურმა დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს. ასეთი მიმართვები ბოლო დროს ყოველწლიურად ხდება, თუმცა საქართველო თავს შორს იჭერს იმ ქვეყნების ჯგუფისაგან, რომლებმაც „სომეხთა გენოციდი“ აღიარეს. სომხებს, როგორც ჩანს, მოუწევთ, რომ „სიტუაციას გაგებით მოეკიდნონ“.

საქართველო, რიგი მიზეზების გამო, ბოლო დროს თურქეთსა და აზერბაიჯანზე ძალიან დამოკიდებული აღმოჩნდა: თბილისი კატეგორიულად უარყოფს სომხების გენოციდს იმ მიზეზით, ვაითუ მისი აღიარებით ანკარასთან და ბაქოსთან ურთიერთობა გაფუჭდესო.. და საერთოდ, განა რა მოსატანია სომხური საკითხი იმ დროს, როცა საქართველოს პარლამენტმა, თურქეთის პირველივე მინიშნებისთანავე, გადადო საკითხის განხილვა, რომელიც 12 აგვისტოს სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ითვალისწინებს! ამ დღეს, 1121 წელს, საქართველოს გაერთიანებულმა ჯარმა, რომელშიც, სხვათა შორის, სომხური რაზმები და ჯვაროსნებიც იყვნენ, მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის სარდლობით, თურქ-სელჯუკების ჯარი გაანადგურა და ჯერ საქართველოს, შემდეგ კი სომხეთის გათავისუფლება დაიწყო. 1121 წლის 12 აგვისტოს ბრძოლა საქართველოს ისტორიაში „დიდგორის ბრძოლის“ სახელით შევიდა. ამ დღეს ტრადიციულად იმართება მრავალი ღონისძიება. მიმდინარე წელს გადაწყდა სადღესასწაულო (გამოსავლელი) დღის დაკანონებაც, მაგრამ, როგორც ქართული მასმედია წერს, თურქეთმა უკმაყოფილება გამოხატა და საქართველოს პარლამენტმაც კანონპროექტის განხილვა-მიღება გადადო. ამ ფონზე თავისდავად გასაგებია თბილისის პოზიცია, რომ საქართველოს არ სურს თურქეთთან ურთიერთობა სომეხთა გენოციდის აღიარებით გაიფუჭოს, – ნათქვამია სტატიაში.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), №15, 22-29 აპრილი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3276697

ინტერვიუ ანატოლი ბიბილოვთან: „ჩვენ დამუხრუჭებას არ ვაპირებთ“ // „ადრე თუ გვიან საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მაინც აღიარებს“

რუსული ყოველკვირეული ჟურნალის კორესპონდენტმა ლანა პარასტაევამ ინტერვიუ ჩამოართვა „სამხრეთ ოსეთის“ ახლადარჩეულ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, რომელშიც იგი ვრცლად საუბრობს განსახორციელებელ რეფორმებზე, საკადრო პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, სატრანზიტო ფუნქციის თაობაზე და სხვა საკითხებზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- შეიცვლება თუ არა ურთიერთობა რუსეთთან?

- რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენი ურთიერთობის ვექტორი არ შეიცვლება. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც უამრავი ორმხრივი დოკუმენტი გვაქვს გაფორმებული, მათ შორის ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ, 2015 წელს. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ინტეგრაციის პროცესს. ეს, უპირველესად, სამხრეთ ოსეთს ჭირდება, ჩვენთვის კი  ხალხის ნება კანონია. მეორე მიზეზი კი მოსახლეობის კეთილდღეობაა. ვინ იტყვის უარს უკეთეს ცხოვრებაზე? რუსული ბაზარი ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის აუცილებელია. ამ მხრივ რუსეთი ხელს გვიწყობს.. ასე რომ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა უაცილებლად განმტკიცდება. და, რასაკვირველია, უსაფრთხოებაც, რაც მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი.

- კვლავ გააგრძელებთ ძალისხმევას სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მიმართულებით და იდეის რეალიზებას დაამუხრუჭებთ?

- არა, რატომ? დამუხრუჭებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ინიციატივების სამოკავშირეო ხელშეკრულებაში დაფიქსირება, რაც ჩვეს პარტიას – „ერთიან ოსეთს“ აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მაგრამ ის მაინც შევძელით, რომ ცალკეული სტრუქტურები რუსეთის უწყებების შემადგენლობაში გაერთიანდნენ. ამასთან, ვშიშობთ, რომ შესაძლოა სოციალური დისპროპორცია მოხდეს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რუსულ უწყებებში შევიდნენ და რომლებიც ოსურ უწყებებში დარჩნენ. ეს არ უნდა დავუშვათ, ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს.

- აპირებთ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთის შემადგებლობაში შესვლის თაობაზე?

- ის, რომ ხელშეკრულებაში ჩვენი წინადადება რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე არ დაფიქსირდა, ამან მიზნის მიღწევა გაართულა. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ რუსეთთან გაერთიანება – ეს ხალხის მისწრაფებაა და არა ანატოლი ბიბილოვის აკვიატება და თუ ჩვენ მოსახლეობის აზრის გაგება გვსურს, ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია. იმავდროულად აუცილებლად უნდა მოვეთათბიროთ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რუსეთის პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მთლიანად საზოგადოებას. გვაქვს გეგმები, წინადადებები. ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ.

- როგორი იქნება საქართველოსთან ურთიერთობა?

- მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც მეზობელთან მშვიდობიანი ცხოვრება არ სურდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოს ხელი არ მოუწერია მემორანდუმზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც დაძაბულობის ფონს ქმნის ყველასათვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც. საქართველოს რესპუბლიკას დღემდე არ უღიარებია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რაც დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზია. და თუ ჩვენი მეზობელი იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომლებსაც მისგან ელოდებიან, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი პრობლემა არ იქნება. ყველა დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენს სამხრეთ მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. აი, თუ ასეთი სიტუაცია იქნება, მაშინ შესაძლებელია პოლიტიკურ საკითხებშიც რაღაც დადებითი ძვრები მოხდეს.

- და ეკონომიკურში?

- ეკონომიკური საკითხები შეიძლება პოლიტიკურთან დაკავშირებული არ იყოს. ამ მხრივ მათზე საუბარი და განხილვა შესაძლებელია. მართალია, რომ საქართველოდან ჩვენს ბაზარზე საქონელი დღესაც შემოდის. ჩემი აზრით, უბრალოდ, ამ საკითხში წესრიგი უნდა დამყარდეს.

- დაამყარებთ?

- რა თქმა უნდა.

- როგორ?

- ვარიანტები ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარია საკანონმდებლო წესით.

- ანუ კანონმდებლობას შეცვლით? ოფიციალურად ხომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი დახურულია…

- იმისთვის, რომ ყველაფერი კანონიერად განხორციელდეს, ჩვენ, როგორ სახელმწიფოს, საქართველოს საზღვართან საბაჟო პუნქტი უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი,  ეს სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზღვარზე გადასვლის საკითხში წესრიგი დამყარდეს, ანუ უნდა მოგვარდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის საკითხები.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის მიმართ, „ტრანსკამის“ (ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის) მეშვეობით?

- საკითხი მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტს არ ეხება, არამედ ტრანზიტს რუსეთ-ირანის, რუსეთ-აზერბაიჯანის, რუსეთ-თურქეთის მიმართულებით. ჩემი აზრით, ტრანზიტით ყველა ჩამოთვლილი სახელმწიფო მოიგებს, განსაკუთრებით კი საქართველო და სამხრეთ ოსეთი. ყველა სახელმწიფომ ტრანზიტის საკითხი ერტად უნდა გადაწყვიტოს. მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ ტვირთის ნაკადი მიდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არა საქართველოს რომელირაც ვირტუალურ ნაწილზე. ეს არის ყველაზე მთავარი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, როგორც სახელმწიფოს, რომლის ტერიტორისს გავლით ტვირთის ნაკადი განხორციელდება, თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს დაკავებული. თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან თანასწორუფლებიანი დიალოგი უნდა იყოს, ამ თანამშრომლობას პარტნიორული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

- მაგრამ საქართველოს სრულიად საპირისპირო პოზიცია გააჩნია. თბილისი მზადაა ტრანზიტის საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან მოილაპარაკოს და არა ცხინვალთან…

- ეს მათი [ქართველების] უბედურებაა. ისინი ვერანაირად ვერ შერიგებიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობას. დრო კი მიდის, ცვლილებები ხდება. სამხრეთ ოსეთისათვის ეს აბსოლუტურად პოზიტიური ცვლილებებია. ამიტომაც, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური დიალოგი აუცილებლად დაიწყება. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააცნობიერებს, რომ ჩვენი სახელმწიფო არსებობს.

- რამდენად შეიძლება საქართველოზე გავლენა მოახდინოს ტრანზიტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებამ?

- მე ვფიქრობ, ამ საკითხზე საქართველოსადმი ზეწოლას აზრ აქვს. უბრალოდ, საჭიროა ისე გაკეთდეს, რომ იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებსაც სამხრეთ ოსეთზე გამვლელი ტრანზიტი ჭირდებათ, საქართველოს მკაფიო სიგნალი გაეგზავნოს, რომ დროა რეგიონულ პრობლემებს მოეშვას, დღევანდელ რეალიებს შეეგუოს და ნაბიჯი გადადგას პოლიტიკური დიალოგისაკენ – ხაზს ვუსვამ – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში. ადრე თუ გვიან ჩვენი აღიარება მაინც მოხდება – საბჭოთა კავშირსაც ხომ დიდი განმავლობაში არ აღიარებდნენ.

Comments are closed