globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „გენერალური რეპეტიცია“ ჯგუფური მუშტი-კრივის თანხლებით

«Независимая газета» (რუსეთი): ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ადეპტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ // შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებაა

«Deutsche Welle» (გერმანია): მიგრანტები და კრიმინალი: ქართველი ქურდები გერმანიის პოლიციის 2015 წლის ანგარიშში

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): კავკასიური ბედნიერება // საქართველო – ქვეყანა საბჭოურ მემკვიდრეობასა და დასავლურ მოდერნიზმს შორის

«Независимая газета» (რუსეთი): ტურისტულმა ბიზნესმა კავკასიაში ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა // აფხაზეთს, სოჭთან და ყირიმთან შედარებით, უპირატესობა აქვს

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-kortskheli-fistfight-local-by-election/3341928.html

გენერალური რეპეტიციაჯგუფური მუშტი-კრივის თანხლებით

ზაზა წულაძე

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ჯგუფურ მუშტი-კრივში აშკარად უკეთ მომზადებული აღმოჩნდა, საბოლოოდ, 10 ხმით, მაინც დამარცხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც კორცხელის თემში გუშინ გაიმართა. ეს გახლდათ „გენერალური რეპეტიცია“ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და პირველი არჩევნები, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა.

ზუგდიდიდან 10 კილომეტრით მოშორებულ სოფელში, განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების საჭიროება, კორცხელის არჩეული დეპუტატის, „თავისუფალი დემოკრატის“ ცოტნე მურღულიას ექვსთვიანმა „შატალომ“ განაპირობა, რის გამოც ზუგდიდის საკრებულომ 2015 წელს, მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

არჩევნების დღეს, კორცხელში, ჯგუფურ ჩხუბში ჩართულნი აღმოჩდნენ, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენებით დაკომპლექტებული, „ქართული ოცნების“ პარტაქტივი და „ნაციონალების“ მომხრეები. თავდამსხმელებიდან, ყველაზე ცნობილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 31 წლის ვლადიმერ გეგეშიძე იყო. თავდაცვის სამინისტრო კი სწავლობს ჩხუბში, შეიარაღებული ძალების მოსამსახურის ლაშა დვალიშვილის შესაძლო მონაწილეობის ფაქტს.

ჯგუფური ჩხუბის დროს, თავის არეში ტრავმები მიიღეს: „ნაცების“ საგარეო მდივანმა გიგა ბოკერიამ, სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორმა ზვიად აბლოთიამ და სხვებმა. ასევე დაშავდა ორი პოლიციელიც.

სასტიკი ჩხუბი, ხელჯოხების, კასტეტებისა და ქვების გამოყენებით, „ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ამან ამომრჩეველზე, როგორც ჩანს, საპირისპირო გავლენა იქონია. მათ კორცხელში ხელისუფლება შეცვალეს.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავს, დაგმო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმა. რესპების ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ეს მუშტი-კრივი „ქართული ოცნების“ ორგანიზებული იყო: „ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა იქ ხალხის საცემრად და ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა ეცემათ და რომელ საათზე. ამიტომ, ამ დანაშაულს სჭირდება გამოძიება და დასჯა. ძალადობის ყველანაირი გამართლება არის დაუშვებელი.“

უფრო დიდი უპირატესობით მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთის საკრებულოს შუალედური არჩევნები, დაბა ნასაკირალის თემში, სადაც გურულებთან ერთად, მუსლიმანი აჭარლები ცხოვრობენ. აქ არჩევნები საჭირო, მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს, არჩეული დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, შოთა ართმელაძე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2015 წელს ქრთამის აღებისთვის დააკავა. საბოლოოდ, „ნაციონალების“ კანდიდატმა ნასაკირალში 230 ხმით აჯობა მმართველი პარტიის ფავორიტს.

„ოცნება“ და „ნაციონალები“ გუშინ კიდევ, წყალტუბოსა და კასპის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქ გამარჯვება უკვე მმართველ პარტიას დარჩა. წყალტუბოსა და მეტეხის თემებში არჩევნები, წინა დეპუტატების გარდაცვალების გამო გაიმართა.

შუალედურ არჩევნებზე, დებიუტი ჰქონდა, კიდევ ერთ პრორუსულ ძალას, „სახალხო ხელისუფლებას“, რომელსაც ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქიდან – დონეცკიდან ხელმძღვანელობს. ახალი პარტიის კანდიდატებმა არჩევნები წააგეს გარდაბნის, გლდანისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ისევე როგორც ხობის, ყულევის თემსა და ოზურგეთში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია ადგილობრივ შუალედურ არჩევნებზე დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ თუ პროკურატურა და შსს კორცხელის თავდასხმაში მონაწილე პირებს არ დააკავებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება, უარესი მოხდეს.

„რას აკეთებდნენ ეს სპორტსმენები, ადამიანები, რომლებიც არ არიან ადგილობრივი ამომრჩევლები? რატომ იყვნენ ისინი მობილიზებულები კორცხელის საარჩევნო უბანზე? ვინ უკეთებდა ამას ორგანიზებას და რა მიზანს ემსახურებოდა მათი იქ ჩაყვანა? მეორე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დაპირისპირებაში – თუ როგორი უმოქმედო და ვიტყოდი, უსუსური არის პოლიციელთა ქმედება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებება იცვლება, მაგრამ წარსულის შეცდომებზე, ვერცერთი ხელისუფლება ვერ სწავლობს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელის მუშტი-კრივის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო (რაც ცემისთვის მხოლოდ ჯარიმას ან ერთ წლამდე ციხეს ითვალისწინებს – ზ.წ), დაიკითხნენ დაშავებულები, თუმცა, ამ დრომდე, დაკავებული არავინ არის. თავდასხმაში მონაწილე პირებმა, ჩხუბის შემდეგ, ღამით, ზუგდიდის რესტორან „არგოში“ იქეიფეს და ქალაქი უპრობლემოდ დატოვეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აზრით, ინციდენტმა აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სოფელ კორცხელში არასაკმარისი იყო და მათ ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია. საიამ ასევე მოუწოდა შსს-ს გამოიძიოს კორცხელში, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელისშეშლის ფაქტები. კორცხელის მუშტი-კრივი დღეს დაგმო საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელიმ თქვა, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით არჩევნების წელს, ასეთი მოვლენების ადგილი არ არის“.

«Независимая газета» (რუსეთი), 24 მაისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-05-24/6_gruzia.html

ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ადეპტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ

შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებაა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ათიდან ო ოლქში საკრებულოს დეპუტატტა შუალედური არცევნები მოიგო, დანარჩენ შვიდში კი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თვით არჩევნებს კი  დაძაბული ფონი ჰქონდა: ერთ-ერთ ოლქში ხელჩართული ბრძოლაც კი გაიმართა. აი, ასეთი დამახასიათებელი ვითარებით უახლოვდება საქართველო უფრო დიდ, საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც შემოდგომაზე, რვა ოქტომბერს უნდა გაიმართოს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული არჩევნების დროს ზუგდიდის რაიონში, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი – მასობრივი ხელჩართული ბრძოლა, დასახელებულია მასში მონაწილე ჯგუფები, ცაკლეული პოლიტიკოსები (უმეტესად „ერთიანი ნაცმოძრაობიდან“, რომლებიც ამ ინციდენტის დროს დაზარალდნენ). ავტორი ასახავს აგრეთვე დაპირისპირებულ მხარეთა რეაქციებს: „ნაციონალებმა“ „მეოცნებეეები“ დაადანაშაულეს (ჩხუბის ორგანიზატორი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არისო), „მეოცნებეებმა“ კი პირიქით – „ნაციონალების“ მისამართით განაცხადეს, რომ პროვოკაცია მოაწყვესო.

მიუხედავად იმისა, რომ ორ საარჩევნო ოლქში მოგებულ არჩევნებს მხოლოდ ლოკალური ხასიათი ჰქონდა, „ნაციონალებმა“ ეს ფაქტი „ისტორიულ გამარჯვებად“ შეაფასეს – მათ განაცხადეს, რომ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისაგან საქართველოს გაწმენდის პროცესი დაიწყო. თანაპარტიელებს უკრაინიდან ხმა შეაშველა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც შემოდგომაზე „მეოცნებეებზე“ რევანშის აღება იწინასწარმეტუყველა.

თვით „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგებს თავშეკავებული კომენტარი გაუკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის თქმით, არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, ხოლო ორ საარჩევნო ოლქში „ნაციონალების“ გამარჯვება მმართველ კოალიციას უფრო მეტ მოტივირებას შესძენს, რათა წარმატება მოიპოვოს შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში.

„კვირას მომხდარმა ამბებმა ქართულ ელექტორატის ორ ნაწილად დაყოფა დააფიქსირა: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ისევ მეტია, ვიდრე „ნაციონალებისა“, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ბრძოლაში „ნაციონალები“ „მეოცნებეებს“ რაიმეს დაუთმობენ. ამასთან, ორივე პოლიტიკური ძალა არჩევნების თარიღს საკმაოდ შესუსტებული სახით უახლოვდება – „ნაციონალები“ რამდენიმე ცნობადმა სახეებმა დატოვა“, „მეოცნებეტა“ კოალიცია კი ფაქტიურად დაშლილია. საინტერესოა, რომ კოალიციის აწ უკვე სიმბოლურმა წევრმა – რესპუბლიკურმა პარტიამ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ისეთი განცხადება გააკეთა, რომ მასში „ნაციონალებისადმი“ სიმპათია ჩანდა. მოკლედ, შუალედური არჩევნების შედეგები იმას მოწმობს, რომ საქართველოს პარლამენტი ორპარტიული შეიძლება აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Deutsche Welle» (გერმანია), 24 მაისი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/мигранты-и-криминал-полиция-фрг-представила-годовой-отчет/a-19278243

მიგრანტები და კრიმინალი: ქართველი ქურდები გერმანიის პოლიციის 2015 წლის ანგარიშში

„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზერმა გუშინ, 23 მაისს, ბერლინში  პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს 2015 წლის ქვეყნის კრიმინალური სტატისტიკა წარუდგინა. ასეთი პრეს-კონფერენციები ყოველწლიურად ტარდება ხოლმე, მას ტრადიციული ხასიათი აქვს, თუმცა ანგარიშში ერთგვარი სიახლეც იყო – კრიმინალურ სტატისტიკაში ცალკეა ასახული უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი“, – აღნიშნულია რადიოსიუჟეტში (ავტორი – ნიკიტა ჟოლკვერი).

2015 წელს გერმანიაში ლტოლვილთა ზრდის არნახული ტემპი დაფიქსირდა – თავშესაფრის მსურველთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და რადგანაც საზღვრის არალეგალურად გადმოლახვა დანაშაულად ითვლება, ამიტომაც კრიმინალური სტატისტიკა მატულობს. საერთოდ კი, გერმანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ სახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებს, თვით გერმანელებს შორის დანაშაულის დონე სტაბილურია და არ მატულობს“, – განაცხადა მინისტრმა.

უცხოელთა წილი სამართალდარღვევებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი – 27%-ით, თუმცა სხვადასხვა ეროვნების მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა ერთმანეთისაგან განსხვავდება. „სირიელ ლტოლვილებს შორის დანაშაულის ჩადენისაკენ სწრაფვა საშუალოზე დაბალია, მაგრამ თავშესაფრის იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკისა და ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებიდან, აგრეთვე საქართველოდან არიან, დამნასავეობის დონე საშუალოზე მაღალია“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

კრიმინალური სტატისტიკის ანალიზით ირკვევა, რომ თავშესაფრის მიღების მაძიებელი ქართველები გერმანიაში ძალიან ბევრი არ არიან, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებანი სხვებზე უფრო მეტია. ციფრების მიხედვით, საქართველო თავისი ეჭვმიტანილი მოქალაქეების წყალობით მერვე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ქვეშევრდომები გერმანიის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვდნენ, მაგრამ ქართველები, ჩადენილი დანაშაულის (ქონების მოპარვა, ბინების ძარცვა) რაოდენობის მიხედვით (3838), მესამე ადგილზე არიან – კოსოვოლებისა და მაროკოელების შემდეგ. მათ მოყყვებიან ალბანელები და სერბები.

„საქართველოდან ჩვენთან ბევრი მოქალაქე ჩამოდის, ითხოვენ თავშესაფრისა და დახმარების მიღებას და სანამ შესაბამისი ორგანოებიდან პასუხს მიიღებენ, ისინი გერმანელების ბინების ძარცვას იწყებენ“, – ასეთი პასუხი გასცა შინაგან საქმეთა მინისტრმა „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის შეკითხვას და ხაზი გაუსვა, რომ ქართველები ბოროტად სარგებლობენ გერმანული სამართლით თავშესაფრის მიღებაზე და ამ მხრივ მათი ქცევა, სხვებთან შედარებით, „ყველაზე აღმაშფოთებელია“.

თომას დე მეზერის თქმით, ასეთი სიტუაცია, რასაკვირველია, ორივე სახელმწიფოს მთავრობებს აწუხებს: „ამას წინათ ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და მასთან მოლაპარაკების დროს ხელი მოეწერა შეთთანხმებას სისხლის სამართლის დანასაულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. არ გვაქვს პრობლემა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაციის საკითხშიც, თუმცა, ცხადია, სანამ დეპორტს მოახდენ, მანამ დამნაშავე უნდა დაიჭირო“, – აღნიშნა მინისტრმა და პრეს-კონფერენციის მონაწილეებს აღუთქვა, რომ სამინისტრო დამატებით ზომებს მიიღებს „ქართული ფენომენის“ დაძლევის მიზნით.

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია), 24 მაისი, 2016 წელი

http://www.faz.net/aktuell/feuilleton/buecher/themen/georgien-ehrengast-der-frankfurter-buchmesse-2018-14237474.html

კავკასიური ბედნიერება

საქართველო – ქვეყანა საბჭოურ მემკვიდრეობასა და დასავლურ მოდერნიზმს შორის

გერმანიის გავლენიან და პოპულარულ გაზეთ „“ფრანკფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგში“ დაბეჭდილი სტატია გერმანელი ჟურნალისტის – სანდრა კეგელის თვალით დანახულ საქართველოს ასახავს, მასში ვრცლადაა საუბარი როგორც თანამედროვე საქართველოზე, ისე საბჭოური პერიოდის რესპუბლიკაზეც. ავტორი განსაკუთრებით დაინტერესებულია გორში მდებარე იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის ექსპონატებით, რომელთაგან ერთ-ერთ სურათზე ბელადის ახალგაზრდობაა ასახული: სოსელო საწერ მაგიდასთან ზის, ლექსებს წერს და შორეთს სევდიანად გასცქერის…

ავტორი თავის სტატიასაც სოსელოს ლექსით იწყებს: „და ამ იმედით გატაცებულსა // სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული: // ნუთუ წრფელია იმედი ესე, ჩემდა იმა დროს მოვლინებული?!“. გერმანელი ჟურნალისტი მოხიბლულია რომანტიკული ლექსებით „დილა“, „და იმედები მიღორძინდება“, „მთვარეს“, „მოხუცი ნინიკა“ (ინგლისური ვერსიით) და წერს, რომ სტალინს რომ პოეტობა გაეგრძელებინა, კაცობრიობა, ალბათ, სხვანაირი იქნებოდა. „იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი მსოფლიოში განუმეორებელია, თუმცა ის შეიძლება პეკინში არსებულ მაო ძედუნის მუზეუმს შევადაროთ. ამ ორ მუზეუმს ერთმანეთთან თანამშრომლობა აკავშირებთ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ყურადღება ეთმობა კავკასიაში, „ორ ზღვას შუა მდებარე საქართველოს“ მდგომარეობას, რომელსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება. „სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკიდან, [დემოკრატიის თვალსაზრისით], ყველაზე მეტ პროგრესს საქართველომ მიაღწია. მართალია, საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროკავშირის დროშა თბილისში ყოველ მეტრში ფრიალებს. ამის მიზეზი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსია, რომლის ერთ-ერთ დადასტურებას ბრიუსელის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემა წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველო 2018 წლის ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზეც ფართოდ იქნება წარმოდგენილი. ავტორი ესაუბრება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს მედეა მეტრეველს, რომლის თქმით, ევროპამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის საქართველოს შესახებ: „ევროპელებს საქართველო აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ეშლებათ. არადა, ქართველი ერი მსოფლიოს უძველეს ერებს მიეკუთვნება, ჩვენ გვაქვს საკუთარი ენა, ანბანი და ლიტერატურა, რომელიც მეხუთე საუკუნიდან მოდის“.

როგორც თბილისში არსებული გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი შტეფან ვაკვიცი ამბობს, „თანამედროვე საქართველოში ერთმანეთთანაა შერწყმული საბჭოური წარსული, დასავლური მოდერნი და ორთოდოქსული მართლმადიდებლობა“. აღსანიშნავია, რომ მან დაწერა ფრიად საინტერესო წიგნი კავკასიის შესახებ: „სამყაროს დავიწყებული ცენტრი“.

სანდრა კეგელი წერს, რომ საქართველოდან ამჟამად ბევრი მოქალაქეა წასული საზღვარგარეთ მიგრანტების (ლტოლვილების) სახით, მათ შორის მწერლებიც არიან. გერმანიაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს ქართველი მწერალი ქალი ნინო ხარატიშვილი (მოკლედაა გადმოცემული მისი ცნობილი წიგნის „მერვე სიცოცხლის“ შინაარსი, რომელსაც გერმანიაში რეზონანსი გამოიწვია). პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილს და პარალელურად ქალების როლზე საუბრობს საქართველოს ისტორიაში. „საქართველოს ისტორია ეს ნგრევისა და შენების პერმანენტული ქრონიკაა. საქართველო ოდესღაც რომის იმპერიის ნაწილიც იყო და უძველესი „აბრეშუმის დიდი გზის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაც, საუკუნეების განმავლობაში მას თავს ესხმოდნენ ოსმალები, სპარსელები, არაბები, მაგრამ საქართველო დღემდე არსებობს. ქართველი ქალები ქვეყნის ყოველ მძიმე პერიოდში ენერგიას არ იშურებდნენ. 1801 წლიდან საქართველო, მცირე პერიოდის გამოკლებით, ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მის დაშლამდე. რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 2008 წლის ომის შედეგად“.

პუბლიკაციაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, ძველი ქალაქის ქუჩები, არქიტექტურა, ქართული კულტურის ძეგლები… მასში ნათქვამია, რომ თანამედროვე მინა-ბეტონის შენობები ძველ ქალაქის იერ-სახეს ხშირად არ ეთანხმება.

„კავკასიური ქვეყანა, სადაც ლიმონი და ფორთოხალი ხარობს, ბევრს იტალიას აგონებს. ქართული ღვინო სტუმრებს თავბრუს ახვევს… ვფიქრობ, შტეფან ვაკვიცმა თავის წიგნში „კავკასიური ბედნიერების“ ფორმულაც ამოხსნა, რომელიც ამ ქვეყანაში ტურიზმს ავითარებს და გარკვეულწილად სოსელოს „ბედნიერ იმედებსაც“ ეხმაურება“, – ასე მთავრდება „ფრანკფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული სტატია.

«Независимая газета» (რუსეთი), 24 მაისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/economics/2016-05-24/1_abhazia.html

ტურისტულმა ბიზნესმა კავკასიაში ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა

აფხაზეთს, სოჭთან და ყირიმთან შედარებით, უპირატესობა აქვს

„რუსები, რომლებთაც ხელმოკლეობა დაეტყოთ, დასვენების ალტერნატივად სულ უფრო ხსირად ირჩევენ აფხაზეთს, სოჭთან და ყირიმთან შედარებით. აფხაზეთისადმი ინტერესი მატულობს რუსეთის ტურისტულ ბიზნესშიც, რომლის წარმომადგენლები ყურადღებას აღარ აქცევენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ პროტესტებს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ უცხოური ბიზნესკომპანიების რუსულმა წარმომადგენლებმა პირველად დაიწყეს კომპლექსური ტურების შეთავაზება „ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოში – აფხაზეთში“. ამასთან, აფხაზების მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში კვლავ იწვევს თბილისის დიპლომატიურ დემარშებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ოლღა სოლოვიოვა).

აფხაზეთში რუსი ტურისტების სავარაუდო რაოდენობამ მიმდინარე წელს, გასულთან შედარებით, შეიძლება 30%-ით მოიმატოს. აფხაზეთის ხელისუფლება ოპტიმისტურადაა განწყობილი. პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას თქმით, რესპუბლიკაში ყველფერი კეთდება  ტურისტების უკეთ მომსახურების მიზნით, განსაკუთრებით ყურადრება ექცევა სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სამედიცინო მომსახურების დონეს, კონფორტს. აღასანიშნავია, რომ პრეზიდენტმა საკურორტო სეზონის მზადების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური თათბირი ჩაატარა.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რუსი ტურისტები ტრადიციულ ყირიმსა და სოჭთან შედარებით ამჯერად აფხაზეთს აძლევენ უპირატესობას. მიმდინარე წელს კრასნოდარის მხარეში და ყირიმის ნახევარკუნძულზე ტურების რაოდენობა არ გაზრდილა, აფხაზეთში კი ხუთჯერ მოიმატა. ამას თავისი მიზეზი აქვს: კრასნოდარის მხარეს მეტი შესაძლებლობები აღარ აქვს (რეგიონის კურორტები შარშან 14 მილიონ ტურისტს მოემსახურა), ყირიმს კი პოლიტიკური მიზეზბის გამო ჯერ-ჯერობით უფრთხიან.

საინტერესოა, რომ პირველად აფხაზური ტურიზმის ისტორიაში, ტურების შეთავაზება დაიწყო გერმანულმა გიგანტურმა კომპანიამ „ტურისტიკ უნიონ ინტერნაციონალმა“, რომლის რუსული ფილიალი ევროპელებს აფხაზეთში მოგზაურობას სთავაზობს.

სტატიაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე აფხაზეთის მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რაც საქართველოს პროტესტებს იწვევს. მაგალითად, გადმოცემულია ჩერნოგორიაში ამას წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ წარმოდგენილი საგამოფენო სტენდი ჯერ მნახველებს იღებდა, შემდეგ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, დახურა.

Comments are closed