globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დევიდ კრამერთან: „საქართველოს ორი გამოწვევა აქვს გადასალახავი“

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართულ-თურქული ურთიერთობა სტრატეგიული გახდა // ანკარა, თბილისი და ბაქო „სამმხრივი კავშირის“ შესაძლებლობაზე მიანიშნებენ

«РИА «Новости» (რუსეთი): კავკასიური ფსევდოტრიუმვირატი: რატომ ვერ შეიქმნება ბაქო-თბილისი-ანკარის სამმხრივი ღერძი

«Aftenposten» (ნორვეგია): ევროპის გაყინული კონფლიქტები: ოდესღაც აფხაზები საკურორტო სამოთხეში ცხოვრობდნენ, დღეს კი ვლადიმირ პუტინს ისინი ხუნდებში ჰყავს

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/david-kramer-on-us-georgia-russian-soft-power/3867263.html

ინტერვიუ დევიდ კრამერთან: „საქართველოს ორი გამოწვევა აქვს გადასალახავი

ია მეურმიშვილი

„საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ წინა [ნაციონალურმა] ხელისუფლებამ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება“, აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე დევიდ კრამერი, რომელსაც „ამერიკის ხმა“ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე და რუსეთის რბილი ძალის საფრთხეებზე ესაუბრა.

- რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, დრო წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოსთვის? არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოს შესაძლოა მეტი ზიანი მიადგეს თეთრ სახლში რუსეთის პოლიტიკის შემუშავების გაჭიანურების შემთხვევაში?

- პრობლემა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომელიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ძალაში დარჩა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება – სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დასარწმუნებლად, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს.

- თქვენი აზრით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეთრ სახლში არსებული ამ გაურკვევლობით სარგებლობს?

- დიახ. ვლადიმირ პუტინს ორი სასურველი სცენარი ჰქონდა – ერთი ის იყო, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვიდოდა და რუსეთს სანქციებს მოუხსნიდა, მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცა მეორე სცენარი მართლდება – კრემლს იმედი ჰქონდა, რომ ადმინისტრაციას ამერიკის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მოუწევდა ყურადღების გამახვილება და ეს ასეც ხდება. ვლადიმირ პუტინი ოპორტუნისტია და ყოველთვის ელოდება შანსს, როცა შეერთებული შტატები ყურადღებას მოადუნებს. ვფიქრობ, მის მოქმედებებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ წელს რუსეთში არჩევნები ჩატარდება. მართალია, ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, რომ კენჭს იყრის, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ბევრი ნაბიჯი, რომელსაც იგი გადადგამს, სწორედ ამ პრიზიდან უნდა დავინახოთ. იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2018 წლის მარტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.

- რუსეთის რბილ ძალას და დეზინფორმაციას, თქვენი აზრით, აქვს რაიმე გავლენა თეთრის სახლის დამოკიდებულებაზე მოსკოვის მიმართ?

- არჩევნებში ჩარევა ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როცა რუსეთმა ინფორმაცია გამოიყენა იმისთვის, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან არჩევნების ბედი გადაწყვიტა, მაგრამ ეს ნაბიჯი უდავოდ უპრეცედენტო ჩარევა იყო ჩვენს არჩევნებში. კრემლი იყენებს შეთხზულ სიახლეებს, „რაშა თუდეის,“ „სპუტნიკს“ და სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება შეძლოს.

- წარმოადგენს თუ არა საფრთხეს რუსეთის საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება რეგიონში, იქნება ეს რადიოსადგური სპუტნიკითუ სხვა საინფორმაციო საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები?

- ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მცირე ზომის სააგენტოებს [ან ტელერადიოკომპანიებს], რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, შეცდომას უშვებენ. რეიტინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას გაურკვევლობა და ადამიანებმა ვერ შეძლონ სანდო ინფორმაციის თავდაპირველი წყაროს დადგენა.

- როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობა უფრო ეფექტური იყოს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში?

- ჩემი აზრით, უნდა ვაღიაროთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც “სპუტნიკსა” და “რაშა თუდეიში” მუშაობენ, ჟურნალისტები არ არიან. ისინი ახალ ამბებს კი არ აშუქებენ, ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებენ. მე დიდ პატის ვცემ ყველა ჟურნალისტს მათი ჩათვლით, ვინც ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს. მაგრამ „სპუტნიკისა“ და „რაშა თუდეის“ თანამშრომლებს ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც ჟურნალისტებს – ისინი პროპაგანდისტები არიან. ამის გამო, ვფიქრობ ისინი სამთავრობო პრეს-კონფერენციებზე არ უნდა დაუშვან, მაგრამ ამას კრემლის პასუხი მოჰყვება და მოსკოვში ნამდვილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომები გატარდება.

- ზოგიერთი ექსპერტი საქართველოს მთავრობას პრორუსულ საინფორმაციო წყარობში რეკლამის განთავსებისთვის აკრიტიკებს...

- ამას მხოლოდ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს. ამერიკული კომპანიები, საერთაშორისო ბიზნესები ხშირად ყიდულობენ რეკლამას, მაგალითად, რუსეთის ტელევიზიის „პირველ არხზე“. მათ, ცხადია, რუსულენოვან მომხმარებელზე უნდათ გასვლა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა ისაა, თუ ამ თანხებით რუსული პროპაგანდის ხელშეწყობა ხდება.

- არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის მიმართ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველო ევროპისკენ ისე აქტიურად არ მიიწევს, როგორც შეუძლია. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

- ვფიქრობ, საქართველოს ორი დიდი გამოწვევა აქვს. ერთი ისაა, დაძაბავენ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას დასავლეთისკენ უფრო აქტიური სწრაფვით. შესაძლოა დაიძაბოს, მაგრამ საქართველომ ეს მაინც უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესი რთულია, მაგრამ როცა ეს პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა. ამას მეორე გამოწევამდე მივყავართ: მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო კი ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება. კი, საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ამ ეტაპზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სერიოზული პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ, ამ გამოწვევის გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მთავრობისთვის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 24 მაისი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3305495

ქართულ-თურქული ურთიერეთობა სტრატეგიული გახდა

ანკარა, თბილისი და ბაქო „სამმხრივი კავშირის“ შესაძლებლობაზე მიანიშნებენ

გიორგი დვალი

(შემოკლებით)

თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალ;ი ილდირიმი, რომელსაც თან მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჰყავდა მთავრობის წევრების სემადგენლობით. როგორ ამბობენ, მისი საქართველოში ყოფნა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის დიდი ვიზიტის ერთგვარ მომზადებად, პრელიუდიად უნდა ჩაითვალოს, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისში შედგება. მოლაპარაკების დროს ბინალი ილდირიმმა და გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურეს მზადყოფნა და ძალისხმევა სამმხრივი თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის განვითარებისადმი და მაღალი შეფასება მისცეს ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლის რკინიგზის მაგისტრალს, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება.  რკინიგზა ექსპლოატაციაში ივნისის ბოლოს უნდა შევიდეს.

ბინალი ილდირიმის თბილისური ვიზიტის ოფიციალური საბაბი თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნა გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუტრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთმა „ერთ-ერთმა პირველმა აღიარა 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა“. მას ასევე მადლობა გადაუხადა თურქ სტუმარს იმისთვის, რომ ანკარა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეხმარება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებაში. თავის მხრივ, ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ გამოხატულ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის კონსტიტუციური ხელისუფლების მიმართ, რომელიც თბილისმა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის დროს გამოავლინა. მოლაპარაკების პროცესში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. შესაბამის ხელშეკრულება „სტრატეგიული საბჭოს“ სხდომის შემდეგ გაფორმდა.

თუმცა, ურთიერთსასიამოვნო კომპლიმენტების მიღმა, ანკარა-თბილისს შორის მაინც არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა „ბოლომდე გარკვეული“. მაგალითად ის, რომ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სალდო პერმანენტულად მხოლოდ თურქეთის სასარგებლოდ იზრდება, რაც მხარეებს შორის გარკვეულ უთანხმოებას იწვევს. გარდა ამისა, ეს ეხება პოზიციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისადმი, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს და ა.შ. პრეს-კონფრენციაზე ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოსთვის უპირველესი სავაჭრო პარტნიორიაო და აღნიშნა – სამომავლოდ ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას ვაპირებთო, მაგრამ როგორც „კომერსანტს“ ქართველმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუმარტა, საქართველოს თურქეთის ბაზრისათვის, ფაქტიურად, არაფერი არ აქვს შესათავაზებელი და თუ ვაჭრობის მოცულობის „გაორმაგებაზეა“ საუბარი, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ იმპორტი გაორმაგდება თურქეთიდან, რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს ისედაც კატასტროფულ სავაჭრო სალდოს“.

ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი უნისონში ლაპარაკობდნენ სტრატეგიული სარკინიგზო მაგისტრალის „ბაქო-თბილისი-ყარრსი-სტამბოლის“ მნიშვნელობაზე, რომელიც უკვე ათი წელია შენდება. როგორც ამბობენ, პირველი მატარებელი ამ რკინიგზაზე უკვე ივნისის ბოლოს გაივლის, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამგვარი თარიღები ადრეც ბევრჯერ დასახელებულა. როგორც „კომერსანტს“ შპს „მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის“ დირექტორმა ოლეგ ბაჩიაშვილმა აუხსნა, მშენებლობის დასრულების დაგვიანება „მაღალმთიან თურქულ უბანზე შექმნილმა მძიმე ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრის ახლოს“.

პრესკონფერენციის დროს თურქი და ქართველი პრემიერ-მინისტრები საუბრობდნენ აგრეთვე სამმხრივი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებაც, მათ შორის თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროებში. ნიშანდობლივია, რომ თურქეთის პრემიერის თბილისურ ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტავდაცვის მინისტრების მოლაპარაკება, სადაც „სამმხრივი კავშირის“ თემა პრევალირებდა.

როგორც „კომერსანტს“ სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ უთხრა, „სამმხრივი ალიანსის“ საკითხი, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლოა ივნისში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს საფუძვლიანად იყოს განხილული. „აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე საკმაოდ დიდი ხანია სთავაზობს თურქეთს და საქართველოს ბაქო-თბილისი-ანკარის ღერძის გაფორმებას სამმხრივი ფორმატის ჩარჩოებში. ამ გეოპოლიტიკური მანევრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თანდათანობით გაღვივების პირობებში ერთი მხრივ, ანკარა და ბაქო, მეორე მხრივ კი ერევანი, თბილისის თავიანთ მხარეზე „გადათრევას“ ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, მათ უნდათ, რომ თუ კონფლიქტი განახლდება, საქართველომ მათთვის მაქსიმალურად სასურველი პოზიცია დაიკავოს“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

«РИА «Новости» (რუსეთი), 24 მაისი, 2017 წელი

https://ria.ru/world/20170523/1494848911.html

კავკასიური ფსევდოტრიუმვირატი: რატომ ვერ შეიქმნება ბაქო-თბილისი-ანკარის სამმხრივი ღერძი

ნიკოლაი სილაევი („მგიმო“), ვლადიმირ ავატკოვი (დიპ.აკადემია), გევორქ მირზოიანი (ფინანსური უნივერსიტეტი)

(შემოკლებით)

თურქეთს აზერბაიჯანსა და საქართველოზე ძლიერი გავლენა აქვს, მაგრამ ეს გავლენა თიხის ფეხებს თუ არა, არც რკინა-ბეტონის ფეხებს არ ეყრდნობა.

ცნობილი გახდა, რომ სამივე სახელმწიფო – თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი 2017 წლის ივნისში და სექტემბერში ერთობლივ სამხედრო მანევრებს გამართავენ (და ეს რეგულარულად ხდება თავდაცვის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე). რაღა შორს წავიდეთ – გუშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისში იყო ჩასული საქართველოსთან მთელი დუჟინი შეთანხმებების გასაფორმებლად…

რითაა თურქეთის აქტიურობა განპირობებული რეგიონში? ანკარის ინტერესები ხომ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაშია კონცენტრირებული, კავკასია კი მისთვის, შეიძლება ითქვას, „უკანა ეზოს“ წარმოადგენს? თუმცა, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთისაკენ და კავკასიისკენ მხოლოდ მოსკოვი არ იყურება. თურქეთი ევროპული გზიდან თანდათან უხვევს. მისთვის ძირითად დიპლომატიურ სარბიელად ახლო აღმოსავლეთი და კვლავ პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის კავკასია ხდება. საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარებისა და მასთან დაკავშირებული სკანდალური მოვლენების გამო თურქეთს ევროპისაკენ გზა მოჭრილი აქვს, ანკარისა და ბრიუსელის ურთიერთობაში ცივ მშვიდობა და ცხელი სკანდალები ერთმანეთს ცვლის. ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ძირითადი აქტიურობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით განვითარდება. თურქეთს კავკასიაში უკვე კარგი ნიადაგი აქვს შექმნილი, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში საქმიანობით – როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიერკავკასია თურქეთის გავლენის ზონად ულაპარაკოდ ჩავთვალოთ. ძალიან ბევრია „მაგრამ“.

სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ძირითად მოკავშირედ აზერბაიჯანი ითვლება, მათ შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობა ვითარდება. უფრო მეტიც – თურქები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ნათესავ, მოძმე ხალხებად მიიჩნევენ, თითქმის ერთ ხალხად. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა თურქეთში სწავლობს, რაც ანკარას შესაძლებლობას აძლევს მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულოს.

მაგრამ თუ ცოტა სიღრმეში ჩავიხედავთ, ანკარა-ბაქოს დამოკიდებულებაში სრულიად არაძმურ „მიწისქვეშა ქვებსაც“ შევნიშნავთ: პირველი – თურქულ საზოგადოებაში აზერბაიჯანელ „ძმებზე“ პოზიტიური თვალსაზრისი კი არის, მაგრამ არაერთგვაროვანი. აზერბაიჯანელების მიმართ, შეიძლება ითქვას, მტკიცე და დადებითი თვალსაზრისი აქვთ ნაციონალისტებს, შემდეგ მოდიან პრაქტიკოსი მორწმუნე მუსულმანები, ყველაზე ბოლოს კი ქემალისტები და მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევრები. ანუ, რაც უფრო შორს დგას საზოგადოება ნაციონალისტებისაგან, აზერბბაიჯანისადმი მათი დამოკიდებულება მით უფრო გულგრილია. გასაგებია, რომ პრეზიდენტი-სულთანი რეჯებ ერდოღანი, რომელიც სწორედ საზოგადოების პირველ და მეორე ჯგუფს ეყრდნობა, ბაქოსთან ურთიერთობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, მაგრამ მალე დადგება დრო, როცა თურქეთში ბრძოლა სიმბოლოებსა და იდეებს შორის გაჩაღდება (რეჯებისტების სულთანათსა და ქემალისტების ევროპულ თურქეთს შორის და მაშინ ბაქო, ნებით თუ უნებლიედ, ამ ბრძოლის მძევალი გახდება. მეორე – მოდით, ნუ გავბერავთ ანკარის მზადყოფნას ბაქოსადმი სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გაწევის საკითხში. კი, თურქეთი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის (ხშირად უახლესსაც), უმზადებს მოხალისე მებრძოლებს, მაგრამ… თურქეთი ვერ გაბედავს აზერბაიჯანს პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი ანკარას პასუხს გასცემს, თანაც ნატოს დახმარების შანსიც არ ექნება.

ბაქოში ეს ყველაფერი კარგად ესმით. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს თურქეთის ხელისუფლების „ძმური“ გრძნობების არ სჯერა და ანკარა-ბაქოს თანამშრომლობას მხოლოდ ტაქტიკურ სვლად მიიჩნევს, რომელიც „სომხეთის საკითხს“ და კასპიის ზღვის ენერგორესურსებს უკავშირდება.

საქართველოშიც, ერთი შეხედვით, თურქეთის პოზიციები მტკიცე ჩანს. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. საკმაოდ მნიშვნელოვანია თურქული ინვესტიციების წილი ქართულ ეკონომიკაშიც. არსებობს მჭიდრო ინტეგრაციის ელემენტებიც: ბათუმის აეროპორტი თურქეთის აეროპორტების წესებით მუშაობს. შეიმჩნევა  ჰუმანიტარული გავლენაც: საქართველოში მოქმედებენ თურქული სასწავლებლები – კოლეჯები და უნივერსიტეტები.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში სწორედ თურქეთი წრთვნიდა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, მსხვილ ინვესტიციებს დებდა სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ტრანსკავკასიური დერეფნის შექმნა-განვითარებაში. საქართველო აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ტრანზიტის ელემენტად გადაიქცა. რესტორნების ბიზნესიც კი ნაწილობრივ თურქეთის მოქალაქეების ხელშია მოქცეული. ანკარის პოზიციები განსაკუთრებით განმტკიცდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როცა გაქრა ბალანსირი რუსეთის სახით. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთისადმი თავის სიმპათიებს არ მალავდა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო საქართველოს ისტორიის ინტერპრეტირება და მისი „გადაწერა“ იმ სულისკვეთებით, რომ თითქოსდა თურქეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი, რუსეთი კი მტერი. ალბათ, ამაში გარკვეული როლი იმ ფაქტმაც შეასრულა, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა – გიული ალასანია პროფესიით თურქოლოგია და იგი, თურქებთან ერთად, ერთ-ერთი უნივერსიტეტის მფლობელია.

თუმცა თურქეთისათვის პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ყველა ქართველი დედა არ არის თურქების მოწილე და მათთან ერთად უნივერსიტეტების მფლობელი. საქართველოს პოლიტიკური ძალები ეჭვის თვალით უყურებენ თურქეთს და მის ეკონომიკურ ექსპანსიას, თურქული ბიზნესის გაფართოებას, განსაკუთრებით აჭარაში. თურქების აქტიურობით ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშფოთებულია, რომ ქართველი პოლიტოლოგები რეგულარულად ამბობენ – თურქეთი, აზერბაიჯანთან ერთად ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ გადაიქცა და არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ცუდი არ იქნებოდა, თუ რუსული ბალანსირი აღდგებოდა.

თურქეთის დომინირებას კავკასიაში ხელს უშლის მინიმუმ ორი საგარეო ფაქტორი – მოსკოვისა და თეირანის სახით. სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-თურქეთ-ირანის ისტორიული კონკურენცია არ გამქრალა. ირანი ისევ კავკასიას უმიზნებს, შესაბამისად, რუსები და ირანელები რეგიონს თურქებს არ დაუთმობენ. მართალია, ირანი ჯერ მხოლოდ სომხეთზე მუშაობს, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთი ცდილობს თავისი პოზიციები სამივე რესპუბლიკაზე გაავრცელოს, მათ შორის საქართველოზეც. და რაც ყველაზე საინტერესოა, ანკარას არ შეუძლია მოსკოვის გაძევება რეგიონიდან: რეჯებ ერდოღანისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, იგი ვეღარ მისცემს თავის თავს იმის ნებას, რომ ვლადიმირ პუტინს კიდევ დაუპირისპირდეს.

თეორიულად, რასაკვირველია, თურქეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-სთან ერთად რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შეავიწროვოს, მაგრამ პრაქტიკულად ასეთი სცენარის განვითარება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთთან შეიძლება ირანის წინააღმდეგ ითანამშრომლოს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ამგვარი თანამშრომლობა საეჭვოა. ჯერ ერთი, რომ დონალდ ტრამპს არ სურს რუსეთთან მწვავე კონფლიქტი (ამ ეტაპზე მაინც) პოსტსაბჭოთა სივრცის გამო. თეთრი სახლის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, სავსებით აწყობს ქართული დიპლომატიის მოდელი (როცა ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები არიან, რომლებიც იმავდროულად მზად არიან მოსკოვთან ითანამშრომლონ და მისი ინტერესები გაითვალისწინონ); მეორე – არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა შორს არის იდეალურისაგან: აშშ-ში რეჯებ ერდოღანის ამასწინანდელი ვიზიტისა და დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრის დროს არავითარი გარიგება არ დადებულა: მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვერც ქურთებთან და ვერც „გადამტრიალებელ“ ფეთულა გიულენთან მიმართებით. თურქეთის ელჩმა აშშ-ში სერდარ კილიჩმა კი ვაშინგტონი „ტერორისტულ ორგანიზაციებთან“ (ჩათვალე – გიულენისტების „ფეტო“-სთან) თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

ანკარა-თბილისი-ბაქოს ღერძის შექმნისათვის რეალური შესაძლებლობების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებმა თავი მოიტყუონ, დაიჯერონ, რომ ღერძი მართლაც არსებობს და ერთობლივი სამხედრო მანევრები ჩაატარონ, რომლის პოტენციურ მიზნებს რუსეთი, სომხეთი და ირანი წარმოადგენენ – „იქნებ რომელიმე შეშინდესო“ და ფსევდოტრიუმვირატის წევრებს რაიმე დაუთმონ…

«Aftenposten» (ნორვეგია), 23 მაისი, 2017 წელი

http://www.aftenposten.no/verden/Europas-frosne-konflikter-De-levde-en-gang-i-et-ferieparadis-Na-fester-Putin-grepet-619731b.html?spid_rel=2

ევროპის გაყინული კონფლიქტები: ოდესღაც აფხაზები საკურორტო სამოთხეში ცხოვრობდნენ, დღეს კი ვლადიმირ პუტინს ისინი ხუნდებში ჰყავს

„მთელი დღე ვდგავარ და თევზს ვიჭერ, სანამ ვედრო არ გაივსება. აბა, რა გავაკეთო, სხვა საქმე არ მაქვს“, – ამბობს პატარა მეთევზე ანდრეი. იგი 12 წლისაა და იმ ქვეყანაში იზრდება, რომელიც ოფიციალურად არ არსებობს და სადაც დრო, ფაქტიურად, „გაყინულია“. წლები გადის. შესაბამისად, მატულობს იმის ალბათობა, რომ ანდრეი საბოლოოდ რუსი გახდება. იქვე ახლოს, ბიჭვინთის პლაჟზე სამხედროფორმიანი ანდრეის მამა დგას. „აქ მხოლოდ წვრილ თევზს თუ დაიჭერ… თურქული შხუნები ზღვაში არაფერს ტოვებენ… ვისაც როგორც უნდა, ისე აკეთებს. ჩვენზე არავინ ზრუნავს“, – ამბობს იგი. აფხაზეთი თვითგამოცხადებული ჯუჯა-სახელმწიფოა, რომელშიც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ფორმალურად ეს ქვეყანა საქართველოსთან ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაშია, თუმცა ევროპის ამ რეგიონში მომხდარი ერთ-ერთ სისხლისმღვრელი ომიდან უკვე 25 წელი გავიდა. აფხაზეთის კონფლიქტი ევროპის ერთ-ერთი მივიწყებული, „გაყინული“ კონფლიქტია, სადაც ვლადიმირ პუტინი ნელა, მაგრამ სერიოზულად უჭერს ხუნდებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – პერ იუჰანსენი).

გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

რუსეთის იმპერატორის ოჯახს, შემდეგ კი „კაგებე“-სა და საბჭოთა ლიდერებს, იოსებ სტალინიდან დაწყებული და ლეონიდ ბრეჟნევით დამთავრებული, ყველას ერთი აზრი ჰქონდა: აფხაზეთი ევროპის ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურორტო და დასასვენებელი რეგიონი უნდა გამხდარიყო. სამეფო დინასტიის დიდი მთავრებიც და კომუნისტი ლიდერებიც სუბტროპიკებში დასვენებას ამჯობინებდნენ – შავი ზღვის თეთრ პლაჟებზე.

„ფრთხილად იყავით, აფხაზეთი უკანონობა სუფევს“, – გამაფრთხილა რუსმა მესაზღვრემ აფხაზეთში შესვლისას. მართლაც შესამჩნევია, რომ ამბოხებულ რესპუბლიკაში დრო თითქოსდა გაჩერებულია: „აქ ომის შემდეგ თითქმის არაფერი არ გაკეთებულა“, ამბობს ოლია, რომელიც საბჭოური ოცნების ქალაქ გაგრაში თავის გოგონას – მარიას ასეირნებს.

1993 წელს მომხდარმა ომმა აფხაზეთს ის შედეგი მოუტანა, რომ მოსახლეობის ნახევარი, ძირითადად ქართველები, ქვეყნიდან იქნენ გაძევებული. ომის დროს ორივე მხარე უკან არ იხევდა მასობრივი მკვლელობებისა და დარბევა-ყაჩაღობის ჩადენაზე. ირგვლივ ეკალ-ბარდიანი და გავერანებული, ნახევრად დანგრეული და მიტოვებული ქართველების სახლები ჩანს.

იმ დროს, როცა მსოფლიოს ლიდერები უკრაინით, ჩრდილოეთ კორეით, სირიითა და დონალდ ტრამპით არიან დაკავებულები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ეწვია – პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ეს ფაქტი აპრილში მოხდა. ვიზიტის ოფიციალური მიზანი სოხუმის ყველაზე დიდი ახალმშენებლობის – რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნა იყო, თუმცა მხარეები იმავდროულად აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გაიოლებული პროცედურის შესახებაც შეთანხმდნენ.

„სერგეი ლავროვი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს აჩვენოს, რომ რუსეთი მათ არ მიატოვებს და საერთაშორისო არენაზე მხარს დაუჭერს, თუმცა ეს ყველაფერი ილუზიაა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ეთერში.

ამასთან, როგორც ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენები მოწმობს, რუსეთი ნელა, მაგრამ მაინც აშკარად იმარჯვებს ევროპის რამდენიმე გაყინულ კონფლიქტთან მიმართებით: სერგეი ლავროვმა აპრილში აფხაზეთს 9 მილიარდი რუბლი ჩაუტანა; მანამდე კი, მარტის თვეში, კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“ ოფიციალურად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის არმიის შემადგენლობაში; მაისში ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპთან და ანგელა მერკელტან გამართული საუბრის შუალედში, სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტს“ შეხვდა, „ფართო ინტეგრაციასთან“ დაკავშირებული საკითხების განსახილველად; მოლდოვაში უკიდურესად პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი იქნა არჩეული; სომხეთში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო ხელისუფლება მოსკოვზე დამოკიდებული გახდა, ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო ბაზის გაფართოება, გაფორმდა შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ…

თუმცა არის საპირისპირო მოვლენებიც: ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ქართველთა 63% რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს, მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი საკუთარ ტყავზე გამოსცადა უფროს-უმცროსობის პრინციპი, როცა კრემლში მიღებისას ვლადიმირ პუტინმა ოთხ საათს ალოდინა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ კრემლი არ ჩქარობს: რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება კონფლიქტები, მით უფრო კარგია რუსეთისათვის -მოსკოვი ხუნდებს უფრო კარგად მოუჭერს. ახლახან გამოქვეყნებული ეუთოს მოხსენება გვაფრთხილებს, რომ ევროპაში გაყინულმა კონფლიქტებმა შეიძლება ახალი ძალით იფეთქონ. როგორც „აფტონპოსტენს“ გერმანელმა დოქტორმა ჰანს-იოაჰიმ შმიდტმა განუცხადა, იგი ვერ ხედავს ვერავითარ გადაწყვეტილებას ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად: „რუსეთი აძლიერებს თავის გავლენას, თანაც მნიშვნელოვნად. მაგრამ თუ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს, ეს კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ“. დოქტორ შმიდტის თქმით, საერთაშორისო იზოლაციამ სეპარატისტები იძულებული გახადა მხოლოდ რუსეთს მიკედლებოდნენ. „ისინი ჩვენ სრულ იზოლაციაში არ უნდა მოგვექცია“, – აცხადებს გერმანელი დოქტორი.

ეუთოს ექსპერტები მიუთითებენ კონფლიქტების რამდენიმე მიზეზზე, რომლებიც ევროპამ 25 წლის მანძილზე ვერ მოაგვარა: ყველა კონფლიქტი სსრ კავშირის დაშლის შედეგადაა გამოწვეული; კონფლიქტები ნაციონალისტებმა გააჩაღეს, მაგრამ მისი მოგვარების „გასაღები“ მოსკოვს აქვს; კონფლიქტის ყველა მხარე ფიქრობს, რომ მათ საბოლოო გამარჯვება შეუძლიათ, თანაც ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, თუმცა იმავდროულად დარწმუნებულნი არიან, რომ ეს უახლოეს ხანში ვერ მოხერხდება; თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ჯგუფები მართავენ, რომლებიც საკუთარ ჯიბეს ისქელებენ კონფლიქტის ხარჯზე, იფროვებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ კაპიტალს; კონფლიქტები ისტორიულად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ამიტომ სხვადასხვანაირი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

„გაყინული“ კონფლიქტები ნორვეგიასთან უფრო ახლოა, ვიდრე ეს ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს მიაჩნია. საქართველოში ნორვეგია ნატოს პრესტიჟული პროექტის – JTEC-ის რეალიზებას ხელმძღვანელობს, რომელიც, ნორვეგიელი სამხედროების შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების ნისტორიაში“. ნორვეგიელი ოფიცრები, რუსეთის ფედერაციის პროტესტის მიუხედავად, თბილისის ახლოს ქართველ ჯარისკაცებს წრთვნიან. ამას წინათ საქართველოში პირველად იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ინე-ერიქსონ სერეიდე, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ნორვეგიის პრესაში ეს მოვლენა მინიმალურად გაშუქდა.

რუსეთის პოლიტიკას თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მოსკოვს ეშინია, ვაითუ თავისი ოცნება ბოლომდე ვერ განახორციელოს. შარშან, წლის ბოლოს, აფხაზეთში მძლავრი საპროტესტო აქციები ჩატარდა იქ გამეფებული მრავალწლიანი კორუფციისა და ცხოვრების უკიდურესად დაბალი  დონის გამო. ეკონომიკური კრიზისის გამო ვლადიმირ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს აფხაზეთისთვის მილიარდების გამოყოფა, მაშინ როცა საქართველოში აშშ, ევროკავშირი და ნატოს ქვეყნები, მათ შორის ნორვეგიაც უფრო მეტ ინვესტიციებს აბანდებენ.

სიტუაცია საქართველოში ძალიან პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, რაც მკვეთრად კონტრასტულია სეპარატისტულ რესპუბლიკებში შექმნილ ვითარებასთან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 500 ათასმა მოქალაქემ გაიუმჯობესა. თბილისმა აფხაზებს და ოსებს ქართული პასპორტების აღება შესთავაზა, ევროპაში უვიზოდ გადაადგილების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ხუდებს უჭერს, აქაური ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ვლადიმირ პუტინისათვის ცუდი რეკლამაა. აფხაზები, ოსები, სომხები (მთიან ყარაბაღში) და დნესტრისპირეთის მოსახლეობა ძალიან დიდ ხარკს იხდიან ადგილობრივი რეჟიმების კორუმპირებულობის გამო. ისინი თიტქმის მაფიოზები არიან. აფხაზეთში „აფტონპოსტენის“ კორესპონდენტს გაგრიდან სოხუმამდე (100 კმ.) მგზავრობისას პოლიციის ექვსი პოსტის „გადალახვა“ მოუწია.

სოხუმის ნახევრად უდაბურ და მინგრეულ ნავსადგურის ერთ-ერთ შენობაში კი რუსებმა დიდი მონიტორი დადგეს, რომლის მეშვეობით მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია-24’“ს უყურებენ და პროპაგანდისტულ ინფორმაციას იღებენ. „აფხაზეთი ლამაზია, მაგრამ სამაგიეროდ ცხოვრებაა მძიმე“, – ამბობს ოლია, – არავინ არ იცის, ხვალ რა ელოდება. ასეთი ცხოვრების გაგრძელება აღარ შეგვიძლია“.

——

კონფლიქტი აფხაზეთში (1992-1993 წლები):

სარჩული: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი ძალზე მულტიკულტურული რეგიონი იყო. მეფის რუსეთის დროს აქედან მუსულმანი აფხაზები ზალით გაასახლეს, ხოლო იოსებ სტალინის მმართველობის დროს ქართველები აქ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფად იქცნენ (მოსახლეობის დაახლოებით 48%). აფხაზები, რუსები და სომხები – ყველა ერთად მხოლოდ 52%-ს შეადგენდნენ. მათ საქართველოს ნაწილად ყოფნა არ სურდათ.

რა მოხდა: როცა ქართული შეიარაღებული ზალები აფხაზეთში შევიდნენ სეპარატიზმის ძალის მეშვეობით ჩასახშობად, დაიწყო სისხლისმღვრელი ომი. აფხაზებს რუსი „მოხალისეები“ ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ შეიარაღებული ჩეჩნები.

შედეგები: საერთაშორისო წიტელი ჯვრის მონაცემებით, ომში თითქმის 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ომის შედეგად აფხაზეთიდან 200 ათასზე მეტი ქართველი იქნა გაძევებული.

დღევანდელი მდგომარეობა: აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებულია მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურის მიერ. აფხაზეთი პრატქიკულად ყველფერში რუსეთზეა დამოკიდებული, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთისაგან უფრო მეტი დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, ვიდრე სამხრეთ ოსეთი.

——–

კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში (1991-1992 წლები)

სარჩული: ომი იმით დაიწყო, როცა ცხინვალელმა ოსებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის ჟამს, რუსეთის მხარდაჭერით, აღარ ისურვეს საქართველოს ნაწილად დარჩენილიყვნენ.

რა მოხდა: კონფლიქტი გამწვავდა საქართველოში შექმნილი მპოლიტიკური ქაოსის კვალობაზე, აგრეთვე რუსეთის ცარევით. თითქმის ორი ათასი ადამიანი იქნა მოკლული. 2008 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტმა რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია.

შედეგები: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას.

დღევანდელი მდგომარეობა: პრაქტიკულად რეგიონი რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება, ხელისუფლებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აპირებს.

Comments are closed