globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Xīnhuá» (ჩინეთი): „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის წყალობით საქართველო და ჩინეთი ურთიერთობებს სწრაფად აფართოებენ“ (ინტერვიუ კახა კალაძესთან)

«Tagesschau» (გერმანია): საქართველოდან – უკრაინაში: „მე ომის თავიდან აცილებას ვცდილობ“ (ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან)

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი): „სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საქართველოსთვისაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება“ (ინტერვიუ გია ნოდიასთან)

«Stratfor» (აშშ): რას ნიშნავს საზღვრები ევროპისათვის // ევროკავშირი, რომელიც თითქოსდა ტერიტორიისა და საზღვრების დამცველად გამოდის, თვითონაც ხშირად არღვევს ამ პრიციპს

———————-

«Xīnhuá» (ჩინეთი), 24 ივნისი, 2015 წელი

http://russian.news.cn/china/2015-06/24/c_134350081.htm

http://russian.news.cn/world/2015-06/24/c_134350071.htm

„აბრეშუმის დიდი გზის“ ახალი პროექტის წყალობით საქართველო და ჩინეთი სწრაფად აფართოებენ ურთიერთობებს“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ გაავრცელა ინტერვიუ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერთან, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, რომელიც მას გუშინ, სამშაბათს ჩამოართვა. მასალა გავრცელდა საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების სტრქუტურების ხელმძღვანელებთან, ასევე რეგიონულ მთავრობებთან. კახა კალაძე მოლაპარაკებას გამართავს აგრეთვე რამდენიმე ჩინურ კომპანიასთან. ქართული დელეგაცის წევრები  სიტყვით გამოვლენ დალიანის უცხო ენათა უნივერსიტეტში და თიანძინის უნივერსიტეტში. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წევრები.  ვიზიტის მიზანი ორ ქვეყენას შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.

ინტერვიუში, რომელიც კახა კალაძემ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ მისცა, იგი საუბრობს თბილისში მომხდარი წყალდიდობისაგან გამოწვეულ ადამიანთა მსხვერპლზე და დიდ მატერიალურ ზარალზე. „დღეისათვის გასაკეთებელი ძალიან ბევრი საქმეა. დახმარებას სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ვღებულობთ, მათ შორის ჩინეთიდანაც. ჩვენთვის ამ მძიმე ჟამს ჩინურმა კომპანიებმა დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს. ქართველი ხალხი ამას არ დაივიწყებს“, – ამბობს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ინტერვიუში ეხება აგრეთვე აბრეშუმის დიდი გზის პერსპექტივას: „მიმდინარე წლის მარტში საქართველომ და ჩინეთმა გააფორმეს ხელშეკრულება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ პროექტ „აბრეშუმის დიდი გზის“ ფარგლებში. დოკუმენტს ხელი მოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის ინიციატივით, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნის ისტორიულ-სტრატეგიული განვითარებისათვის“, – ხაზს უსვამს „სინხუას“ კორესპონდენტთან საუბარში კახა კალაძე და „აბრეშუმის დიდი გზის“ ისტორიულ მნიშვნელობასაც იხსენებს, რომელსაც „ფესვები უხსოვარ წარსულში აქვს გადგმული“.

ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პეკინი „აბრეშუმის დიდი გზის“ შემდგომ განვითარებას, რისთვისაც სპეციალური ფონდია შექმნილი 40 მილიარდი დოლარის ოდენობით. „საქართველო აბრეშუმის დიდი გზის ჩრდილოეთი და სამხრეთი დერეფნების შემაერთებელი საკვანძო ქვეყანაა“, – ამბობს კახა კალაძე და ამ სიტუაციაში საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების წინამძღვრებს ხედავს, ყველა მიმართულებით – როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.

«Tagesschau» (გერმანია), 23 ივნისი, 2015 წელი

http://www.tagesschau.de/ausland/interview-saakaschwili-101.html

საქართველოდან – უკრაინაში: „მე ომის თავიდან აცილებას ვცდილობ“

ოდესღაც იგი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური იყო, ახლა კი ოდესის ოლქის გუბერნატორია. პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ შეცდომებზე საუბრობს და იმაზეც, თუ რა გაკვეთილები უნდა მიიღოს უკრაინამ საქართველოს გამოცდილებით“, – ასე იწყება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მას ჩამოართვა გერმანიის ტელეკომპანია „არდ“-ის პროგრამა
„ტაგესშაუს“ ჟურნალისტმა სილვია შტოიბერმა.

მიხეილ სააკაშვილი საუბრობს უკრაინელთა შრომისმოყვარეობაზე, მათ მაღალ პროფესიონალიზმზე და იმავდროულად შრომის დაბალ ანაზღაურებაზე, ეხება ოდესის ოლქის პერსპექტივებს, დასახულ გეგმებს, კორუფციასთან ბრძოლას, დაგეგმილ გარდაქმნებს და, რასაკვირველია, საქართველოში თავისი მმართველობის პერიოდსაც იხსენებს…

გთავაზობთ ამონარიდს ინეტერვიუდან:

- შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ და რატომ გახდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორად?

- ეს რეგიონი ომის საფრთხის წინაშე დგას. მე ოდესაში ომის თავიდან ასაცილებლად ჩამოვედი. რუსეთს ნათელი გეგმა აქვს ამ რეგიონის დასაპყრობად, განსაკუთრებით ბესარაბიის დასაუფლებლად (ბესარაბია ისტორიული მხარეა, რომლის ერთი ნაწილი უკრაინაშია, მეორე კი – მოლდოვას შემადგენლობაში). ოდესის ოლქი რუსულ ტელევიზიებს უყურებს, შესაბამისად, მოსახლეობა რუსული პროპაგანდითაა გაჟღენთილი. საჭიროა სტაბილური მშვიდობის დამყარება. [დიდი სიმდიდრის მიუხედავად], მოსახლეობისათვის ოდესის ოლქი ევროპის ერთ-ერთი ღარიბი რეგიონია.

- ოდესის ოლქის ადმინისტრაციული საზღვართან დნესტრისპირეთი მდებარეობს. ხომ არ ფიქრობთ საქართველოში კონფლიქტების მოგვარების თქვენეული გამოცდილების გადმოტანას?

„შავი ხვრელები“ საქართველოშიც არის და უკრაინაშიც. მე  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე აქაური მილიციის უფროსად დავნიშნე და დავალება მივეცი, რომ დნესტრისპირეთიდან კონტრაბანდა აღკვეთოს.

- თქვენ მშვიდობაზე ლაპარაკობთ, ამ დროს კი ზოგიერთები ბრალს გდებენ იმაში, რომ 2008 წლის ომი თქვენ გააჩაღეთ…

- ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში? ამ ფონზე ასეთი ბრალდებები სასაცილოა. ალბათ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ გიჟი ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე საკუთარ თავს კარგად ვაკონტროლებ და თვითკრიტიკულიც ვარ. ვაცხადებ, რომ ომის მოწინააღმდეგე ვარ, მძულს ომი და მხოლოდ რეგიონის განვითარებისათვის ვიღწვი. მე არ შემიძლია კონკურენცია გავუწიო რუსულ დესტრუქციულ მოქმედებას, მაგრამ მინდა, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს. ამიტომაც მე მხარი დავუჭირეს პეტრო პოროშენკოს მინსკის შეთანხმების გაფორმების დროს. მინსკის შეთანხმება უკრაინისათვის მაინცდამაინც დიდად სასარგებლო და მომგებიანი არ არის, მაგრამ კიევმა ამით ყველას დადებითი სიგნალი გაუგზავნა. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ და 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ტემპით განვითარება დავიწყეთ. ჩვენ საუკეთესო შედეგებს მივაღწიეთ.

- თქვენ გეგმავთ საქართველოში ჩასვლას?

- აბსოლუტურად! მე თუ საქართველოში დაბრუნებას გადავწყვეტ, ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ჩემი დაკავების უფლება და შესაძლებლობა არ ექნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სასაცილოა. უკვე მერამდენედ გადაიდო სასამართლოს სხდომა, რადგან ჩემს მიმართ არანაირი სერიოზული მტკიცებულებები არ აქვთ. ჩემი გასამართლება რაღაც ოთხი პიჯაკის გამო სურთ. ეს სასაცილოა იმ ფონზე, როცა თვითონ მილიარდებს იპარავენ. არცერთი საერთაშორისო ლიდერი ამ ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევს.

- მაგრამ თქვენს პარტიაში დისკუსია მიდის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდის გაკვეთილების თაობაზე, რომ დასკვნებია გასაკეთებელი – ვთქვათ, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების გადანაწილების საკითხებში.

- დიახ, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა, ეს მართალია. მაგრამ გავიხსენოთ, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო… ჩვენ დავძლიეთ კორუფცია და დამნაშავეობა. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად დამოუკიდებელი არ იყო. თუ მე ჩემს პარტიასთან – „ერთიან ეროვნულ მოძრაობასთან“ ერთად საქართველოს ხელისუფლებაში დავბრუნდები, ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას მოვახმართ სწორედ იურიდიულ, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას. მე იმას გავაკეთებდი, რასაც ახალ აუკრაინის ხელისუფლება აკეთებს – უცხოელ ავტორიტეტულ მოსამართლეებს მოვიწვევდი. ასე ხდება, მაგალითად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ამერიკიდან, ევროპიდან  და სხვა ქვეყნებიდან სერიოზული მოსამართლეები ჩვენი უზენაესი სასამართლოსათვის მაინც, მინიმუმ ათი წლის განმავლობაში.

ჩვენ მოსამართლეებთან დაკავშირებული პრობლემა ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ, თუმცა კორუფცია ამ სისტემაში არ დაგვიშვია. დღეს კი [საქართველოში] დამოკიდებული და კორუმპირებული მოსამართლებია.

————

მიხეილ სააკაშვილის პორტრეტისათვის:

2003 წლის შემოდგომაზე მომხდარი „ვარდების რევულუცია“, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყო, ცნობილია იმით, რომ ალაგმა კორუფცია და ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციობას. ამასთან, თავისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ავტორიტარიზმს, მატულობდა უმუშევრობა. პრეზიდენტი სულ უფრო მეტად იყო გართული სხვადასხვა ამბიციურ პროექტების რეალიზებით. მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო მოვლენების ფოკუსში განსაკუთრებით 2008 წლის ზაფხულის რუსეთთან ომის გამო მოხვდა. ევროკავშირის მიერ შექმნილმა საექსპერტო კომისიამ („ტალიავინის კომისიამ“) 2009 წელს წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ომის გაჩაღებაში პასუხისმგებლობა მიუძღვის როგორც რუსეტს, ასევე საქართველოსაც, რომლის ხელმძღვანელი მიხეილ საკაშვილი კონფლიქტის ესკალაციას ახდენდა. 2014 წლის შუახანებში ქართულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად, მიიღო დადგენილება მისი დაპატიმრების შესახებ, სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობის გამო. ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ქართული თემიდის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. ამასობაში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ცხოვრობდა. 2015 წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი), 23 ივნისი, 2015 წელი

http://ru.1in.am/1101327.html

«სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საქართველოსთვისაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება“

ერევანში ამ ორიოდე დღის წინათ დასრულდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელშიც ქართველი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, მათგან ერთ-ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორი გია ნოდია, რომელსაც ინტერვიუ ჩამოართვა სააგენტო „პირველმა სომხურმა საინფორმაციოს“ კორესპონდენტმა მარიამ გრიგორიანმა.

გთავაზობთ ამონარიდს:

- როგორ შეაფასებდით სომხურ-ქართულ ურთიერთობების ხასიათს მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, საქართველომ კი სხვა გზა აირჩია – ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას?

- ქართულ-სომხური ურთიერთობებს ყოველთვის პრაგმატული ხასიათი ჰქონდა. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა [გეოპოლიტიკური] მიზეზების გამო, ჩვენი საგარეოპოლიტიკური ვექტორები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ეს ფაქტორი ორმხრივი კავშირების განვითარებას დღემდე ხელს არ უშლიდა და არც ახლა არ უშლის. ორივე ქვეყნის ლიდერებმა საკმაოდ პრაგმატული დამოკიდებულება გამოავლინეს – მათ გააცნობიერეს, რომ ახლო მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მომგებიანია. იმ გარემოებამ, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, შესაძლოა საქართველოსთვის ტექნიკური პრობლემები გამოიწვიოს, ან არ გამოიწვიოს, მაგრამ ზოგადად ეს არაფერს შეცვლის.

- საქართველო ევროკავშირისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ იმავდროულად ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე საქართველოს უვიზო რეჟიმის მიცემაზე უარი განუცხადეს. თქვენი აზრით, ამართლებს თუ არა საქართველოსთვის ევროინტეგრაცია?

- არაარეალური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირისაგან უცებ ყველაფერს მივიღებდით. რა ტქმა უნდა, არის გარკვეული იმედგაცრუელბა იმისგან, რომ რიგის სამიტზე საქართველომ უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ყველა საფუძველია იმისა, რომ მომავალ წელს თავისუფალი მიმოსვლის უფლებას მივიღებთ. ისიც აშკარაა, რომ საქართველოში მატულობს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, ისინი განსაკუთრებით მრავლად არიან ხანდაზმულ ადამიანებს შორის, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო რაიონებში: გლეხები მოხარულნი იქნებიან, რომ თავიანთი პროდუქცია, ტრადიციულად, რუსეთში გაიყიდოს. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა ევროპისაკენ მიისწრაფვის, თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი პრობლემებთანაა დაკავშირებული, პროგრესს სწრაფად ვერ მიაღწევ.

- უკრაინის კონფლიქტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რამდენადაა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი?

- სამწუხაროდ, ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე კავკასიის უსაფრთხოების დონე ძალიან დაბალია. აქ ჩადებულია ნაღმები, რომლებიც მოსალოდნელია ყოველ წუთში აფეთქდეს. აქ არის მთვლემარე კონფლიქტები, არაა გამორიცხული ტერორიზმის წყაროების არსებობაც. აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობა იმისთვის, რომ წარსულში ჩადებული ნაღმები არ აფეთქდეს.

- ვთქვათ და სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაიწყო. როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში საქართველო, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს ორივე მეზობელთან?

- კავკასიაში ყველანაირი ომი, გინდაც ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს, მთელი რეგიონისთვის კატასტროფული შედგების მომტანი იქნება. ჩვენც, ქართველებიც, ამ ომს საკუთარ კატასტროფად ჩავთვლით. რა თქმა უნდა, საქართველო ომში ვერცერთი მხარის სასარგბელოდ ვერ ჩაებმება, მაგრამ ძალიან დავზარალდებით. ასე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლებაც.

«Stratfor» (აშშ), 24 ივნისი, 2014 წელი

https://www.stratfor.com/weekly/what-borders-mean-europe

რას ნიშნავს საზღვრები ევროპისათვის

ევროკავშირი, რომელიც თითქოსდა ტერიტორიისა და საზღვრების დამცველად გამოდის, თვითონაც ხშირად არღვევს ამ პრიციპს

„საზღვრების ურღვევობის პრინციპი“, რომელსაც ევროპა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინასთან მიმართებით, თვითონ ევროპასაც არაერთხელ აქვს დარღვეული, – წერს ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის დამაარსებელი ჯორჯ ფრიდმანი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდიდან ევროპელები არა მხოლოდ აღიარებდნენ საზღვრებისა და ტერიტორიების შეცვლას კონტინენტზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში ხელახლა თვითონვე ცვლიდნენ, როგორტც ეს კოსოვოს შემთხვევაში მოხდა, – აღნიშნავს ავტორი.

ერთი მხრივ,  ევროკავშირი მიისწრაფვის იმისკენ, რომ საზღვრები გამჭვირვალე იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, მას სურს, რომ ხალხებს ეროვნული თვითგამორკვევის უფლება შეუნარჩუნდეთ, თუმცა ამ ორი პირობის ურთიერთშესაბამისობა რთულია). გარდა ამისა, ევროკავშირს არც სახელმწიფოთა საზღვრების ცვლილების აღიარებაც არ უნდა. მოკლედ, არც პ[ირველი, არც მეორე და არც მესამე სრულყოფილად არ რეალიზდება.

ჯორჯ ფრიდმანის თქმით, საზღვრების ურღვევობის პრინციპი ომის შემდგომი ევროპისათვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი გახდა, მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში საზღვრების შეცვლის ფაქტების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება.

ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ევროპაში 8 ახალი სახელმწიფო გაჩნდა, შემდეგ მოხდა ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი გაყოფა“ ჩეხეთისა და სლოვაკეთის სახით და ბოლოს, ამჟამად მოსალოდნელია დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ბელგიის დაშლაც. სამხედრო მოქმედებებით იყო გამოწვეული იუგოსლავიის დაშლა, საქართველოს საზღვრების შეცვლა და სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი. 2004 წელს ევროკავშირმა იმ იმედით მიიღო კვიპროსი თავის რიგებში, რომ იქ კონფლიქტი მოგვარდებოდა, მაგრამ კუნძულზე როგორც ადრე არსებობდა სასაზღვრო-ტერიტორიული დავა, დღესაც ისევე არსებობს.

ევროპაში ეროვნული იდეები ძლიერდება და არ არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ საზღვრებზე დავა შეწყდება. ხოლო რა მოჰყვება ეროვნული საზღვრების ყოველ ცვლილებას, როგორც პოლიტოლოგი წერს, ეს უკრაინის მაგალითზე შეიძლება დავინახოთ – ესაა გამოწვევა სახელმწიფოს არსებობისათვის და იმისა, თუ როგორ აღიქვამს ამ გამოწვევას თვით ესა თუ ის ქვეყანა.

Comments are closed