globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვარშავაში საქართველო დამცხრალი მოლოდინებით მიდის

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): მოსმენები აშშ-ის სენატში: „ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიულობის წინააღმდეგ, საქართველოს და უკრაინას კი მხარი დავუჭიროთ“

«Lragir» (სომხეთი): ნატოში სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციის შესახებ: სამივე ერთად?

«ТВ 24 канал» (უკრაინა): ინტერვიუ ხატია დეკანოიძესთან: პოლიციაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე და საქართველოში არსებულ პრორუსულ განწყობებზე

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/natosummit-expectations-from-georgia/3390242.html

ვარშავაში საქართველო დამცხრალი მოლოდინებით მიდის

ნინო დალაქიშვილი

ორიოდე კვირაში ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართება. ელოდება თუ არა პრიზი საქართველოს ვარშავიდან? გაძლიერდება თუ არა მისი უსაფრთხოების მექანიზმები და თავდაცვის სისტემა და კონკრეტულად რა მიმართულებით?

ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებისა და გამოწვევების შესახებ თბილისში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომლის სპიკერებს შორის გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში აკრედიტებული ელჩები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, ელჩის მოადგილე აშშ–დან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ნატოს წარმომადგენლები და სხვები.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საჭიროება ევროპის წინაშეც ისევე მწვავედ დგას, როგორც საქართველოსთვის. ამერიკის ხმასთან მინისტრი ამბობს: „ჩვენ იმ მასშტაბის უნდა გავხადოთ ჩართულობა, რომ ნატოს წევრობა იქცეს იმდენად ლოგიკურად, კითხვაც კი აღარ დაისვას – ესაა ჩემი ამოცანა მანამ, სანამ არაა კონსენსუსი. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა, პირიქით რომ გვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ გზას უკუღმა გავდივართ. საქართველო ახლა აკეთებს ყველაფერს იმას, რის კეთებაც, მაგალითად ალბანეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს წევრი გახდა, მაგრამ არაუშავს. იმ გზით წავალთ, რა გზაც შედეგამდე მიგვიყვანს.

ჩვენ ვარშავაში ძალიან კონკრეტულ მხარდაჭერის პაკეტს მივიღებთ, განსხვავებით უელსის სამიტისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამჯერად ეს პაკეტი იქნება რესურსებით აღჭურვილი. უელსში ჩვენ მივიღეთ უდავოდ ფანტასტიური პაკეტი, თუმცა ეს იყო კეთილი სურვილების სია, როდესაც ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი და ვინ რას გააკეთებდა, არავინ არაფერი იცოდა. მე მთელი წელი პრაქტიკულად იმაზე დავხარჯე, რომ წევრები დამერწმუნებინა მათი მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობაში. 28–მდე ჯერ მაინც ვერ ავედით. 20 ქვეყანაა ამ პაკეტის თანამონაწილე ამწუთას. ყველა აქაც კი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი, პრაქტიკულად თვითმფრინავიდან არ ჩამოვსულვარ, ვარშავაში ეს ასე არ იქნება და ჩემი მთავარი ამოცანა ეს იყო, რომ თითოეული კონკრეტული წინადადება, ყველა შემოთავაზება, ყველა დათანხმება ჩვენს შეთავაზებაზე ყოფილიყო რესურსებით დატვირთული და ეს იქნება, ამას ჩვენ მივაღწიეთ. საქართველოსთან მიმართებით შეიქმნება რამდენიმე ეგრეთ წოდებული „trust fund”-ი ფინანსური მხარდამჭერისთვის. ჩვენ გვჭირდება სწრაფი შედეგები, ჩვენ გვჭირდება 13–ვე პროექტზე, რომელსაც ნატოსთან ერთად ვახორციელებთ სწრაფი შედეგები. პროცესები კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი წელი გაიარა საქართველომ იმისთვის, რომ კვლავ პროცესში ვიყოთ. ამიტომ მე ველოდები გადაწყვეიტლებებს და მჭირდება შედეგები. ეს შედეგები დგება, დგება ყოველდღიურად. პრინციპში, ჩვენ შეუძლებელი გავაკეთ. ახლა სექტემბერში, ჩვენ გავხსნით უკვე სრულფასოვან სკოლას, სადაც პირველ კლასს გახსნის თავად იან სტოლტენბერგი. მე კარგად მესმის, რომ პოლიტიკურ პროცესს არაფერი ანაცვლებს, მაგრამ თუ არ არის პოლიტიკური შემადგენელი, მაშინ უკუღმა უნდა დაგეგმო პროცესი, პრაქტიკული შემადგენელი იმდენად ძლიერი უნდა გახადო, რომ დაეწიოს მას პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკვე გაუგებარი იყოს, რატომ არ ვართ წევრები – ასეთ მდგომარეობამდე უნდა მივიდეთ.“

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენლის ნოდარ ხარშილაძის აზრით, საქართველოსთვის ვარშავის სამიტიდან მოლოდინების მაქსიმუმი და მინიმუმი, ფაქტობრივად ერთმანეთს უტოლდება. „ამერიკის ხმასთან“ იგი ამბობს: „კონფერენციაზე ვარშავის სამიტის წინ განხილული იყო გამოწვევები და სამიტისშესაძლო შედეგები. ორი ძირითადი ასპექტი იყო წარმოდგენილი, პირველი: აღმოსავლეთ ევროპაში ზოგადი უსაფრთხოების ასპექტი და ნატოს მომავალი და შავი ზღვის ტრანსფორმირების საკითხი. ამ მიმართებით, განიხილებოდა, სამიტიდან რას შეიძლება მოელოდეს ნატო და რა შეიძლება მიიღოს საქართველომ. ასევე საუბარი იყო შავი ზღვის ახალი უსაფრთხოების ფორმატზე, რომელშიც შეიძლება ჩაებას საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა.ჩვენ, ასე ვთქვათ, იმედგაცრუება უკვე გვქონდა, როდესაც გავიგეთ, რომ ვარშავის სამიტიდან ვერ მივიღებთ ვერანარ პოლიტიკურ წახალისებას. მაგრამ პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ნატო საკმაოდ საინტერესო მექანიზმებს დაუმატებს საქართველოს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ისე დაახლოებას ნატოსთან, ამიტომ მე ამას ვერ დავარქმევდი იმედგაცრუებას. ამ ეტაპზე, ჩვენი მოლოდინების მაქსიმუმი და მინიმუმი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ნაკლებად სავარაუდოა პოლიტიკური ფორმატის გაფართოება. ალბათ, ყველაზე რეალისტური, როგორც მაქსიმუმი, ისევე მინიმუმი (რადგან ჩვენ ახლა არ ვვარაუდობთ) ისაა, რომ საქართველოს მისცემენ დამატებით პაკეტებს როგორც პარტნიორს, ეს ერთი და მეორე: შავ ზღვაზე ახალი პრინციპები შემოვა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოც“.

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დავით სიხარულიძემ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა: „ალიანსში გაწევრიანების უპირველესი კრიტერიუმი არაა სამხედრო პოტენციალი. თუ გადახედავთ, ალიანსის სამხედრო პოტენციალს, 75 პროცენტზე მეტი აშშ–ზე მოვა. აქ გადამწვეტია დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყნის სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისკენ და ასევე ქვეყნის პასუხისმგებლიანი მიდგომა საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი. ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში სწორედ ამის გამოხატულებაა. ალიანსი დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ მისი კარი ღიაა ყველა ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის. მე არ მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება სასარგებლო არა მხოლოდ საქართველოსთვის, ან თუნდაც სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთლიანად მოემსახურება იმ დიდი იდეის განხორციელებას, რომელსაც ჰქვია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობა. ამ პროცესის ინტეგრალურ ნაწილად უნდა იქნეს საქართველო მოაზრებული. მე მესმის, რომ ეს პროცესი ახლა შეფერხებულია. მე მესმის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ახლა ნაკლები სითამამით იღებენ, მაგრამ ეს პროცესი შეჩერებული არაა. ბუქარესტის სამიტზე მიღებულ იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, როდესაც ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები და ეს ხედვითი გადაწყვეტილება ნიშნავს შეთანხმებას ერთიანი, მშვიდობიანი ევროპის იდეაზე. მე არ ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ ხედვაში არის ფუნდამენტური განსხვავებები ალიანსის წევრებს შორის ახლა“.

თორნიკე შარაშენიძე, ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „რასაც საქართველო ალიანსის წევრებთან მუშაობს, ეს არაა საკმარისი, ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ. ჩვენმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს, მაგალითად, გერმანიაში ვიზიტები მედიის, მესამე სექტორის წარმომადგენლების, რადგან გერმანიის მთავრობას ეს არ აინტერესებს. უნდა ითქვას, რომ საქართველო, საერთოდ, რაღაცას წარმოადგენს. გერმანიაში, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის დონეზე, ადამიანებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, არამედ მედიაშიც კი არ აქვთ წარმოდგენა წესიერად, ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ, რატომ ვიმსახურებთ მხარდაჭერას. საქართველოს წარდგენა იქ არ ხდება. დრო დაიკარგა, უკვე დიდი ხანია. სამოქალაქო სექტორი და მედია უნდა გააქტიურდეს, რადგან მთავრობის მუშაობა აშკარად არაა საკმარისი. ჯერ ისედაც მთავრობაც არ მუშაობს ბოლომდე და რომც იმუშაოს, ფაქტია, იქ რუსულ ლობის ვერ აჯობებს, უნდა ვაღიაროთ, ამიტომაც სხვებიც უნდა ჩავრთოთ. ბერლინი ახლა მთავარი ფრონტის ხაზია“.

საქართველოში ნატოს ვარშავის სამიტიდან არ ელიან არც მაპს, არც მაპზე უკეთესს და არც ალიანსის წევრობას. მოლოდინი კონკრეტული ჩართულობის პროგრამების გაზრდის თაობაზეა კონცენტრირებული, რომელთა რეალიზების შემდეგ საქართველო იმდენად მჭიდრო კავშირში იქნება ნატოსთან, რომ გაწევრიანება ამ ურთიერთობას უბრალოდ, ლოგიკურად გააგრძელებს.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 24 ივნისი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/sfr-on-nato-summit/3389538.html

მოსმენები აშშ-ის სენატში: „ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიულობის წინააღმდეგ, საქართველოს და უკრაინას კი მხარი დავუჭიროთ“

ვალერი კოვალევსი

(შემოკლებით)

ნატოს ვარშავის სამიტი – ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია „ცივი ომის დასრულების შემდეგ. სამიტის გადაწყვეტილებები რუსეთის აგრესიულობის შეკავების მიზნით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს და იმავდროულად სიგნალი უნდა იყოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, ნატოსთან მათი ურთიერთობის პერსპექტივის ნიშნად.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა მოსმენები ნატოს ვარშავის სამიტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მოსმენებში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები – დერეკ შოლეი, ჯორჯ მარშალის ფონდის გერმანული ფილიალის უფროსი მრჩეველი და იან ბჟეზინსკი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელი (ზბიგნევ ბჟეზინსკის შვილი).

მოსმენების დროს იან ბჟეზინკიმ ჩამოთვალა ნატოს წინაშე მდგარი გამოწვევები და მათ შორის ყველაზე მთავარი – „რუსეთის აგრესიული ქმედება და მისი აღკვეთა“. პოლიტოლოგის თქმით, რუსეთი, მისი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახით, მეზობლებს აგრესიულად ექცევა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიული სივრცის აღდგენა სურს, რაც დაუშვებელია. მოსკოვის მოქმედებით ევროპაში „რუხი ზონა“ შეიქმნა, – განაცხადა იან ბჟეზინსკიმ. კიდევ ერთ გამოწვევად შეფასდა ტერორიზმის საფრთხე ნატოს ქვეყნებში, რომელიც ალიანსს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ემუქრება.

მოსმენების დროს ითქვა, რომ ნატოს ლიდერებმა ვარშავის სამიტზე მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის ტრანსატლანტიკურ ამბიციებს. „და ამაში მათი ნატოში გაწევრიანებაც იფულისხმება“, – განაცხადა იან ბჟეზინსკიმ. მას დაეთანხმა ექსპერტი დერეკ შოლეიც, რომლის აზრით, ნატომ საქართველო და უკრაინა ყველა სამხედრო ინიციატივებში უნდა ჩართოს, რომელიც შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება შემუშავებული.

ამასთან, მოსმენების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნატო ანტირუსული ალიანსი არ არის. იან ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ არცერთი შეთავაზებული ღონისძიება რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არ ემუქრება, თუმცა, ბუნებრივია, ხელს შეუშლის მოსკოვის სამხედრო ზრახვების რეალიზებას და რუსეთისათვის საზიანო იმ რისკებს გააფართოვებს, რაც უკრაინის მიმართ აგრესიის უკავშირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც ექსპერტებმა კანონმდებლებს რეკომენდაცია მისცეს, ეს გახლავთ ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ დადასტურება. „მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების გზების ძიება, აგრეთვე რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩავრთოთ უკრაინის დასახმარებლად მიმართულ ღონისძიებებში – უსაფრთხოებისა და ტავდაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით“, – განაცხადა დერეკ შოლეიმ.

«Lragir» (სომხეთი), 24 ივნისი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/49319

ნატოში სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციის შესახებ: სამივე ერთად?

„სომხეთი უფრო სტაბილური სახელმწიფოა, ვიდრე საქართველო და უფრო დემოკრატიული, ვიდრე აზერბაიჯანი. ასეთი მდგომარეობა სომხეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს საერთაშორისო არენაზე ქვეყანა დადებითი სახით წარმოადგინოს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე – რასაკვირველია, სინამდვილეში სომხეთში ვითარება უფრო მძიმეა: მმართველობის ავტორიტარული სტილი, ოლიგარქებისა და კლანების ძლიერი პოზიციები… დემოკრატიის გარკვეულ დონეს მხოლოდ ის განაპირობებს, რომ ჩვენთან მრავალრიცხოვანი ინტელიგენცია და პოლიტიკური კლასის ფართო ფენები არსებობს“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი – იგორ მურადიანი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი დღევანდელი სომხეთის დამოკიდებულება ევროპულ სტრუქტურებთან, უპირველესად კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან: „საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე ევროპელი ჩინოვნიკები ასეთ თავლსაზრისს გამოხატავენ: პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ძალიან კარგია, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ამ პროგრამის უპირატესობების სრულად სარგებლობის საშუალებას არ იძლევა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ნატომ სამხრეთ კავკასიისათვის ახალი პროგრამა მოამზადა, რომლის მთავარი მომენტებია: ა) რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თვით კავკასიურმა სახელმწიფოებმა უნდა განამტკიცონ, ნატო კი მათ ყველანაირად დაეხმარება (სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯარების გაწრთვნით და ა.შ.); ბ) ნატოში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ინტეგრირების პროცესის შენელება, მათი ალიანსში გაწევრიანების ვადები გადადება უფრო შორეული მომავლისათვის; გ) სამხრეთ კავკასიაში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განლაგების დაუშვებლობა, თუმცა პარალელურად შესაძლებელია სერიოზული ტექნიკური დახმარების გაწევა [ადგილობრივი სამხედრო უწყებებისათვის].

რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ნატოში ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები არსებობს: ა) სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემცირება და მათი ნატოს სტანდარტებით რეფორმირება შეუძლებელია, ტერიტორიული დავის მოგვარების უიმედობა; დემოკრატიის დაბალი დონე; კონფრონტაციის მაღალი დონე; ბ) საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგობრივი პოზიციები ნატოში ინტეგრაციის საკითხთან მიმართებით. დისკუსიები საზოგადოებაში, ექსპერტებისა [და ცალკეული პოლიტიკოსების] სპეკულაციური განცხადებები ნატოში გაწევრიანების თაობაზე (მაგალითად, საქართველოში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება უკვე გადაწყვეტილიაო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება); გ) აშშ და ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები უკვე არარ არიან დაინტერესებულნი ალიანსის გაფართოებით, განსაკუთრებით სამხრთ კავკასიის მიმართულებით, რადგანაც აქ უამრავი მოუგვარებელი პრობლემა არსებობს.

რამდენად შესაძლებელია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტეგრირება ე.წ. „სხვადასხვა სიჩქარით“? ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, იდეაში, ალბათ, კარგი იქნებოდა დიფერენცირებული სიჩქარით სვლა, მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია.

სხვათა შორის, ზოგიერთი ყველაზე ინფორმირებული და შორსმჭვრეტელი დასავლელი ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სწორედ საქართველო ითვლება ყველაზე მთავარ მუხრუჭად სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ნატოში ინტეგრირების თვალსაზრისით. პარადოქსი ისაა, რომ საქართველო, რომელიც ყველაზე აქტიურად და მოუთმენლად ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, ამისათვის სრულიად მოუმზადებელია. სომხეთი ყველაზე მომზადებულია, მაგრამ მას ალიანში შესვლის სურვილი არ აქვს. შესაბამისად, ნატოს ბიუროკრატულ აპარატში ჩამოყალიბდა სამი პოზიცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებით: კონსერვატიულად განწყობილი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ სამივე სახელმწიფომ გაწევრიანების ყველა პირობა უნდა შეასრულოსო, რაც შეუძლებელია. ამ შემთხვევაში საქართველოს და აზერბაიჯანს ალიანსში შესასვლელად ათეული წლები დაჭირდებათ. გამოდის, რომ მხოლოდ სომხეთი უნდა მიიღონ…

არიან წრეები, რომლებიც სამივე ქვეყნის გამარტივებული სქემით მიღებას მხარს უჭერენ (დემოკრატიის დონის, ეკონომიკური განვითარებისა და კონფლიქტების მოუგვარებლად,  თუმცა სამხედრო ძალის არგამოყენების პირობით). ასეთი სქემა, ალბათ, ყველას აწყობს, მაგრამ, რასაკვირველია, არა გენერლებს, რომლებიც არმიის მომზადების დონისა და ნორმების დაცვას ითხოვენ, გასაგები მიზეზების გამო“, – აღნიშნულია სტატიაში. და რადგანაც თავის დროზე ნატოელმა ლიდერებმა და ჩინოვნიკებმა ალღო ვერ აუღეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს გაწევრიანება აღუთქვეს, ახლა უკან იხევენ. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიას ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის ყველაზე მისაღები სტატუსი ისაა, რომელიც საქართველოს აქვს – „ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი“. ეს მისაბაძია დანარჩენებისათვის“, – ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი.

«ТВ 24 канал» (უკრაინა), 23 ივნისი, 2016 წელი

http://24tv.ua/ru/otkrovennoe_intervju_s_dekanoidze_o_policii_politicheskih_ambicijah_i_sluhah_ob_otstavke_n698671

ინტერვიუ ხატია დეკანოიძესთან: პოლიციაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე და საქართველოში არსებულ პრორუსულ განწყობებზე

უკრაინის ტელეკომპანია „24-ე არხის პროგრამა „მარცხენა ნაპირის“ („ლევიი ბერეგ“) წამყვანი სონია კოშკინა ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანს (განათლების ექს-მინისტრს) ხატია დეკანოიძეს ესაუბრება, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობს. გთავაზობთ ხატია დეკანოიძის თვალსაზრისს უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

უკრაინის პოლიციის რეფორმა:

„ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. დღეს უკრაინის 32 ქალაქში ახალი პოლიცია მოქმედებს, რომლის რიგებში 90% ახალი კადრია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ დავნერგეთ კადრების შერჩევის და მომზადების ახალი სტანდარტები, შეიცვალა პოლიციელის ფორმაც, თუმცა, რასაკვირველია, უამრავი პრობლემა არსებობს, პირველ რიგში ფინანსური. არ გვყოფნის საბიუჯეტო სახსრები, ცოტაა დონორთა დახმარება. პოლიციელის მოტივირებისათვის კარგი ხელფასი აუცილებელია. ზოგადად, უკრაინის პოლიციის ჩაცმა-დახურვისა და გაწრთვნისთვის, ავტომობილებით და სხვა აპარატურით უზრუნველსაყოფად წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარია საჭირო“.

სავარაუდო გადადგომა:

„ხმები, თითქოსდა მე თანამდებობის დატოვება მსურს, ჯერ კიდევ გასული შემოდგომიდან ვრცელდება, განსაკუთრებით კი ეკა ზღულაძის გადადგომის შემდეგ. ყველა მეკითხება, მეც ვპასუხობ, რომ როგორც კი ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, იმ წუთში გამოვაცხადებ-მეთქი. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საერთოდ კი მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ უკრაინის პოლიციის უფროსი გავხდებოდი“.

ორმაგი მოქალაქეობა:

„რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველოში ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი დაუწყიათ, თუმცა ჯერ-ჯერობით ორი პასპორტი მაქვს – ქართულიც და უკრაინულიც. უკრაინის კანონმდებლობა უფლებას მაძლევს თანამდებობა ორი წლის განმავლობაში  მქონდეს დაკავებული მოქალაქეობის მიღების გარეშე“.

პოლიტიკური ამბიციები:

„მე არ ვმონაწილეობ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ მაქვს არანაირი ბიზნესიც. მე პოლიციის უფროსი ვარ, პოლიცია კი აპოლიტიკური უნდა იყოს. პოლიტიკაში წასვლა არ მსურს და არც წავალ“.

პრორუსული განწყობები საქართველოში:

„მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნების დროს სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება და მემკვიდრეობა გვაქვს: რუსეთის მიერ ტერიტორიის 20%-ია ოკლუპირებული. კარგად მახსოვს, როგორ იქნენ დახვრეტილნი ჩემი ნათესავები. ეს არა მარტო ჩემი, არამედ სრულიად ქართველი ხალხის ტკივილია. მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში მმართველი პარტიისაგან ჯერაც არ გამიგია იმის აღიარება, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. „კეკლუცობის“ პოლიტიკა რუსეთთან არ ამართლებს. საქართველოში პრორუსული ძალები ძალიან ძლიერი არიან, მათ ხელისუფლებაც კი აფინანსებს. თუმცა ვიმეორებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებს“.

Comments are closed