globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): როგორ ხდება „დემოკრატიის“ სპონსორობა // თბილისში მოკალათებული აზერბაიჯანის მტრების მიზნები: მეზობლების დაპირისპირება, „ფერადი რევოლუცია“ და ილჰამ ალიევის დამხობა

«КП в Украине» (უკრაინა): პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს „კარი უჩვენა“, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კი უკრაინის პრეზიდენტი თვალთვალში დაადანაშაულა

—————–

«Эхо» (აზერბაიჯანი), 23 ივნისი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=60379

ინტერვიუ: როგორ ხდება „დემოკრატიის“ სპონსორობა

თბილისში მოკალათებული აზერბაიჯანის მტრების მიზნები: მეზობლების დაპირისპირება, „ფერადი რევოლუცია“ და ილჰამ ალიევის ხელისუფლების დამხობა

(შემოკლებით)

„დღეს აზერბაიჯანი, რთული სიტუაციის მიუხედავად, წარმატებებს აღწევს: მსოფლიო სულ უფრო მეტად იცნობს ჩვენს ქვეყანას, მატულობს ტურისტული პოტენციალი… მაგრამ, როგორც ნათქვამია, „ერთი წვეთი კუპრი მთელ კასრ თაფლს აფუჭებსო“: დროდადრო თავს წამოყოფენ ხოლმე დესტრუქციული ძალები, რომლებსაც 1990-იან წლებში გამეფებული ქაოსის დაბრუნება სურთ. მართალია, მათი მცდელობა უშედეგოა, მაგრამ ისინი მაინც არ ისვენებენ და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას აგრძელებენ. ამას მოწმობს საქართველოში მომხდარი მოვლენებიც, სადაც ჩვენი ქვეყნის მოძულეთა ბანდაა მოკალათებული და რომლის ერთ-ერთი წევრი საკუთარ თავს „ცნობილ ჟურნალისტს“ უწოდებს. მათ ორმაგი მიზანი აქვთ: აზერბაიჯანში ქაოსი დათესონ და ორი მეგობარი ქვეყანა ერთმანეთს წაჰკიდონ“, – ნათქვამია ინტერვიუს დასაწყისში (ავტორი – ა.საიდოვი).

გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:

„ვესაუბრებით აზერბაიჯანის დამსახურებულ ჟურნალისტს აზერ ჰასრეტს:

- საქართველოში მომხდარმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია როგორც აზერბაიჯანში, ასევე თვით საქართველოშიც. მეტსაც ვიტყვით: მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებამ მხარდაჭერა აღმოგვიჩინა აზერბაიჯანის მტრების მიერ მოწყობილ იატაკქვეშა ქსელის ლიკვიდირებაში. როგორია თქვენი თვალსაზრისი?

- დიახ, დღეს ჩვენი საზოგადოება იმ ადამიანების დაპატიმრების ამბავზე მსჯელობს, რომლებიც საქართველოში იყვნენ მოკალათებულნი და იქიდან აზერბაიჯანის სტაბილურობის დარღვევა სურდათ. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო ზომები მათი საქმიანობის აღსაკვეთად. ბუნებრივია, ბევრი კომენტარიც კეთდება. ამასთან, ზოგიერთი ძალა ცდილობს, რომ მომხდარი ფაქტი „სხვაგვარად მოაზროვნეებზე“ განხორციელებულ ზეწოლად წარმოაჩინოს. მაგრამ განა ეს მართლაც ასეა? ნორმალურ საზოგადოებაში ოპოზიცია უნდა არსებობდეს. ოპოზიცია შეიძლება ხელისუფლებას რაღაც საკითხებში არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ოპოზიციური პარტიისათვისაც სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა იდგეს! სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის…

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანელ [„სხვაგვარად მოაზროვნეთა“] ჯგუფს მილიონობით დოლარი აქვს გამოყოფილი უცხოეთიდან, მაგალითად ორგანიზაციიდან National Endowment for Democracy — NED (…) რამდენიმე მათგანი უკვე დაპატიმრებულია. ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ეს ადამიანები საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. საიდან ღებულობდენ ფულს, ამის ინფორმაცია არ გვქონდა… მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანების მიზანი აზერბაიჯანში დაპირისპირების მოხდენა იყო. მათ სტაბილურობა არ აწყობთ!

- ჩვენი ქართველი კოლეგების თქმით, აფგან მუხთარლის დაკავება აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია… სინამდვილეში მათ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუარესებაც სურდათო. რას იტყვით ამის თაობაზე?

- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ამ საკითხს ფართოდ უნდა მივუდგეთ. ვეთანხმები ქართველ კოლეგებს, რომ ამ შემთხვევაში ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამოწვევა ჰქონდათ ჩაფიქრებული. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლში მომხდარი უწესრიგოებები და აჭარაში ახალი მეჩეთების გამო უკმაყოფილება მხოლოდ უვერტიურა იყო. დღევანდელი ისტერია – თითქოსდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება ქართული სპეცსამსახურების მიერ და მისი გადაცემა აზერბაიჯანული სპეცსამსახურებისათვის სწორედ წინა პერიოდის პროვოკაციული მოვლენების სცენარის გაგრძელებაა. სინამდვილეში აფგან მუხთარლი ჟურნალისტი კი არ არის, არამედ სკანდალისტი ჟურნალისტის ჰაჯიჯა ისმაილოვას პირადი მცველია. მან ცოლად შეირთო პარტია „მუსავატის“ პრეს-ცენტრის თანამშრომელი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც საქართველოში „ჯიპას“ ინსტიტუტში სწავლობდა.

ზემოთჩამოთვლილი ადამიანები საქართველოში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ცნობილი წარმომადგენლები არიან. ისინი ბაქოდან თბილისში „ოპოზიციონერებად“ გაიქცნენ  იქიდან კი აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას – „ფერად რევოლუციას“ ამზადებდნენ, ილჰამ ალიევის ხელისუფლების დამხობას! მათი კურატორები დასავლეთის დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციები არიან, რომლებიც დიდი ხანია მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ განხორციელებაზე არიან დასპეციალებული: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მომენტალურად გამოექომაგა სპეციალური განცხადებით ამ „რაიონული მასშტაბის“ ფაქტს და აფგან მუხთარლის საქმის „გამჭვირვალე გამოძიება“ და მისი გათავისუფლება მოითხოვა… და თან აღნიშნა, რომ მოვლენებს „გულდასმით დავაკვირდებითო“…

კოლეგებს იმაშიც ვეთანხმები, რომ მიუხედავად აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოების განცხადებისა, რომ აფგან მუხთარლი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოში არსებულ ყველა იმ ანტიაზერბაიჯანულ ძალასთან, რომელთა საქმიანობა ჩვენს ტერიტორიაზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აკრძალულია, ოფიციალური თბილისი დღესაც კი არ იღებს გადამწყვეტ ზომებს საქართველოში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის საქმიანობის აღსაკვეთად.

«КП в Украине» (უკრაინა), 23 ივნისი, 2017 წელი

http://kp.ua/politics/579533-poroshenko-ukazal-na-dver-saakashvyly-a-tot-obvynyl-prezydenta-v-slezhke-za-nym

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს „კარი უჩვენა“, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კი უკრაინის პრეზიდენტი თვალთვალში დაადანაშაულა

სტატიაში გადმოცემულია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარე დაპირისპირების მორიგი გამწვავების ფაქტი, რომლის მიხედვით, უკრაინის მეთაურმა ნეგატიურად მიიჩნია საქართველოს ყოფილი მეთაურის კიევსა და ოდესაში საქმიანობა – „არ ვიცი რას აკეთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილი.. იგი ჩემს დასახმარებლად იყო მოწვეული და არაფერი გაუკეთებიაო“. ასევე ციტირებულია მიხეილ სააკაშვილის პასუხიც: „როგორ არ იცის, იტყუება! ჩემს შესახებ ყოველდღე მოხსენებას უკეთებს თავისი კაცი უშიშროების სამსახურში – პავლე დემჩინა… საერთოდ, პრეზიდენტმა საინფორმაციო ბლოკადაში მომაქცია, რომ უკრაინის მოსახლეობამ ჩემს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებზე არაფერი გაიგოსო“ (ავტორი – ვიქტორ ტიმოფეევი).

პუბლიკაციაში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ურთიერთობის ძირითადი მომენტები:

„30-წლიანი ურთიერთობის ისტორია

მათ ერთმანეთი 1980-იანი წლების დასასრულს, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე სწავლისას გაიცნეს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი პეტროსა და მის მეწარმეობით საქმიანობის ნიჭს დადებითად აფასებდა: „უნივერსიტეტში სწავლის დროს ვიდეოსალონი ჰქონდა გახსნილი და დიდ მოგებას იღებდა. პეტრომ თავისი ბიზნესი ნულიდან დაიწყოო“, – იხსენებდა მიხეილ სააკაშვილი. მოკლედ, მათ შორის დიდი მეგობრობა თუ არა, სიმპათიები აშკარად არსებობდა.

ცხოვრებამ პეტრო და მიხო ერთმანეთს ხანგრძლივად დააშორა, თუმცა ისინი ბედმა კვლავ შეახვედრა უკრაინის პირველი მაიდნის დროს, 2004 წელს. თავის წიგნში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ შეხვედრაზე, რომელიც ვიქტორ იუშენკომ მოაწყო, პეტროს რევოლუციის მომზადებას ვუხსნიდიო: „იქ იყო პიროვნება, რომელსაც მე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი – პეტრო პოროშენკო. იგი ჩემი სიტყვებით დაინტერესდა და მთხოვა, რევოლუციის მომზადებისა და განხორციელების შესახებ მეამბნა. მე ავუხსენი, დაგჭირდება კარვები, როკ-ჯგუფები, თბილი ტანსაცმელი, ბრენდის მოფიქრება… იგი ყველაფერს იწერდა“, – იხსენებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

როგორ მიიწვია პეტრომ მიხო უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტად პეტრო პოროშენკოს არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ მისი მრჩეველი გახდა, შემდეგ კი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. სწორედ მაშინ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ყველას ეუბნებოდა, თუ როგორი თბილი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტთან: „მე სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვარ და ჩვენს შორის კლასიკური დამოკიდებულება – „უფროსი და დაქვემდებარებული“ არ არსებობს. მან თვითონ მითხრა, რომ ჩვენ რეფორმების საკითხში პარტნიორები ვართო. აი, ასეთი სახის ურთიერთობა გვაქვს. იგი ჩემთვის ძალიან თბილი ადამიანია“. სხვათა შორის, იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრადაც კი განიხილავდნენ.

2015 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილკი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, მაგრამ როგორც კი რეალური საქმის გაკეთება გახდა აუცილებელი, მათ შორის თბილი ურთიერთობა „აორთქლდა“. უკვე 2016 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორობიდან გადადგა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოასწრო და უკრაინის პოლიტიკურ ზედაფენებში ურთიერთობა  თითქმის ყველასთან გაიფუჭა: იგი კონფლიქტებში ჩაერთო პეტრო პოროშენკოს, არსენ იაცენიუკის, იგორ კოლომოისკის გუნდებთან, არაერთხელ დაადანაშაულა კორუფციაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გარემოცვა, ცალკეული მინისტრები…

ამის პარალელურად დაიწყო ხელისუფლების ორგანოებიდან მიხეილ სააკაშვილის ქართული გუნდის წარმომადგენელთა ჩამოშორების პროცესიც. 2017 წლის თებერვალში კი ექს-პრეზიდენტ-ექს-გუბერნატორმა პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა“, – ნათქვამია სტატიაში.

Comments are closed