globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Donaukurier» (გერმანია): საქართველო – პატარა სახელმწიფო დიდი ტრადიციებით

«Каспiй»(აზერბაიჯანი): მოგზაურობა საქართველოში სიურპრიზებით

«Московский комсомолец» (რუსეთი): საქართველო უკრაინას გაზის მიწოდებას პირდება, რომელიც მას არ აქვს… და არც ექნება

«Hurriyer Daily News» (თურქეთი): თურქეთმა საქართველოში 220 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე თბოელექტროსადგური გახსნა

——————-

«Donaukurier» (გერმანია), 24 ივლისი, 2015 წელი

http://www.donaukurier.de/lokales/hilpoltstein/Hilpoltstein-Kleines-Land-mit-grosser-Tradition;art596,3101552

საქართველო – პატარა სახელმწიფო დიდი ტრადიციებით

გერმანიის ბავარიის მხარის გაზეთ «Donaukurier»-ში გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებსა და პერსპექტივას ეხება (ავტორი – რეინერ მესინშლაგერი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბავარიის ლანდსტაგის ექს-დეპუტატის, სოციალ-დემოკრატ პეტერ ჰუფეს შთაბეჭდილებები, რომელიც თბილისში საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიწვევით იმყოფებოდა, გერმანელ და ავსტრიელ ჟურნალისტებთან ერთად.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქართველო – შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, კავკასიაში მდებარე პატარა სახელმწიფო ევროკავშირისაკენ მიილტვის და ცდილობს დასავლეთის ყურადღება მიიპყროს. ამ ქვეყანამ 1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები გადაიტანა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გეოგრაფიულ რუკაზე ე.წ. „თეთრი ლაქას“ წარმოადგენს. მის შესახებ უფრო ის იციან, რომ იქ ომები მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობას სურს ეს წარმოადგენები შეცვალოს და ქვეყანაში ჟურნალისტებს იწვევს, რათა მათ საკუთარი თვალით დაინახონ ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა და შემდეგ მკითხველებსაც (ანუ პოტენციურ ინვესტორებს) გააცნონ.

„საქართველოში კონფლიქტური ვითარება არანაირად არ იგრძნობა“, – ამბობს პეტერ ჰუფე, – თუმცა, რასაკვირველია, შეიმჩნევა ერთგვარი შიში დიდი და ძლიერი მეზობლის – რუსეთისადმი, რომლისგანაც მომდინარე საფრთხე უკრაინის კრიზისის გამო, აშკარად გაძლიერებულია“.

„საქართველო ცდილობს, რომ რუსეთის არ გააღიზიანოს“, – აღნიშნავს ავტორი და ამის დასადასტურებლად იგი ახდენს ქართველი პოლიტოლოგის, პროფესორ ალექსანდრე რონდელის გამონათქვამის ციტირებას: „დათვი გვაკვირდება და გვეუბნება: წესიერად მოიქეცით – ისე, როგორც მე მსურს, თორემ მოგკლავთ“. რასაკვირველია, ნორმალური, მდიდარი და დემოკრატიული რუსეთი საქართველოსთვის იდეალური მეზობელი იქნებოდა, მაგრამ „რუსეთი საბოლოო ჯამში მაინც იმპერიული სახელმწიფოა“.

პუბლიკაციაში გამოყენებულია აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძის სიტყვებიც: „საქართველო თავის განვითარებას და პერსპექტივას ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაში მოიაზრებს. ევროპამ საქართველოს კარი არ უნდა დაუხუროს, თორემ სხვაგვარად მოსახლეობაში იმედგაცრუება მოიმატებს“.

როგორ პეტერ ჰუფე ამბობს, იგი პირადად დარწმუნდა, რომ საქართველო ევროპული ფესვების მქონე უაღრესად უძველესი კულტურის ქვეყანაა. მისასალმებელია, რომ ევროკავშირისაკენ სწრაფვა ეროვნული პოლიტიკის ამოცანას წარმოადგენს, თუმცა, ამასთან ერთად, „ქართველებმა აუცილებელია იმაზეც იზრუნონ, რომ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე [გამაღიზიანებელი ნაბიჯი] არ გადადგან, – ამბობს გერმანელი პოლიტიკოსი. იგი აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოში საკმაოდ ბევრი რუსი ჩადის.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგომარეობა, ქართული ღვინის დაყენების წესი, აღწერილია ქვევრები – „თიხის უზარმაზარი ამფორები“.

ქართული ღვინის მომზადების უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ტრადიცია ოფიციალურადაა რეგისტრირებული და 2013 წლის დეკემბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრების სიაში, – ხაზს უსვამს ავტორი და წერს, რომ გერმანელ და ავსტრიელ ჟურნალისტთა დელეგაციისათვის გიდის როლი იკისრეს მხატვარი გია გუგუშვილმა და მწერალი ლაშა ბუღაძემ.

«Каспiй»(აზერბაიჯანი), 23 ივლისი, 2015 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=29201

მოგზაურობა საქართველოში სიურპრიზებით

აზერბაიჯანულ გაზეთ „კასპიი“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია ბაქოელი ტურისტის შთაბეჭდილებები, რომელიც ქობულეთში დასვენება გადაწყვიტა (ავტორი – ელენა მალახოვა).

„ბაქოდან ქობულეთამდე არსებული დიდი მანძილის მიუხედავად, ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელებმა დაგვარწმუნეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა: რამდენიმე დღე დროს კარგად გავატარებდით და ეს ყველაფერი 150 მანათად!“, – წერს ავტორი.

ბაქოელებს, მართალია, გზაში მცირე „ინციდენტები“ მოუხდათ (ავტობუსის მძღოლს კინაღამ ჩაეძინა), თუმცა საქართველოს საზღვრამდე მეტ-ნაკლებად ნორმალურად მოაღწიეს. „საბაჟოზე სამი საათი ვიცადეთ, აზერბაიჯანელი მებაჟეები ყურადღებას არ გვაქცევდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ყველა პროცედურა გავიარეთ. საზღვრის ქართული ნაწილი ძალიან იოლად გადავლახეთ – ქართველი მებაჟეები ჩვენს მებაჟეებზე უფრო ოპერატიულად მუშაობდნენ“.

ჩავედით ქობულეთში, მივედით ჩვენთვის განკუთვნილ ვილაში და შევატყვეთ, რომ ვილის მფლობელები უკმაყოფილონი არიან – უფრო მეტ ტურისტს ელოდნენ, თანაც სამი დღით კი არა უფრო მეტით. მომსახურების დონე დაბალი იყო, ნომრებში არ იყო საპონი და პისახოციც კი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნივთებზე. კიდევ კარჰი საწოლის თეთრეული მაინც მოგვცეს. პროგრამის თანახმად, ტურისტულ სააგენტოს ბათუმში უამრავი ობიექტი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ მხოლოდ ბოტანიკური ბაღი დაგვათვალიერებინეს და გვითხრეს, ახლა სადაც გინდა იქ წადით და რაც გინდათ, თქვენ თვითონ ნახეთო. რასაკვირველია, პოზიტიური ემოციებიც გვქონდა: ვიყავით სარფში, ვნახეთ ჩანჩქერი, ვიბანავეთ ზღვაში…

უკან დაბრუნებისას პროგრამით, თბილისი უნდა დაგვეთვალიერებინა, მაგრამ მის ნაცვლად ბორჩალოს ბაზრობაზე წაგვიყვანეს, თუ რაიმე გინდათ, იყიდეთო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მძღოლს ნათესავების მონახულება გადაუწყვეტია და იმიტომაც აღმოვჩნდით ბაზრობაზე. მოკლედ, სამდღიანი ტურის დასრულებისას, ფინანსურად რომ ვიანგარიშეთ, ჯობდა ქობულეთში საკუთარი ინციატივით წავსულიყავით, ვიდრე ტურსააგენტოს დახმარებით“, – წერს ავტორი.

სტატიის დასასრულს ციტირებულია ტურისტული ბიზნესის ექსპერტის ბახადირ ბილალოვის კომენტარი, რომლის თანახმად, ტურისტებს შეუძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა, მაგრამ თან შესაბამისი დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ. სერიოზული და ცნობილი ტურისტული სააგენტოები თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან. არის ბევრი ისეთი სააგენტოც, რომლებიც სწრაფად იხსნებიან და იხურებიან, ამიტომ ყურადღების გამოჩენაა საჭირო“.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 24 ივლისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/economics/2015/07/23/gruziya-obeshhaet-ukraine-gaz-kotorogo-u-nee-net.html

საქართველო უკრაინას გაზის მიწოდებას პირდება, რომელიც მას არ აქვს… და არც ექნება

ნიკოლაი მაკეევი

(შემოკლებით)

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულია, უკრაინა ზამთრის ყინვების მოახლოებას გრძნობს. ეს გასაკვირი არაა, თუ ქვეყნის გაზსაცავებში ჩავიხედავთ: მათში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 12 მილიარდი კუბმეტრია, 19 მილიარდის ნაცვლად. მიმდინარე წელს უკრაინა რუსეთისაგან გაზს ვეღარ იყიდის, მოსკოვმა ფასი გააძვირა. დღეს-დღეობით ბუნებრივი გაზს სლოვაკეთიდან თუ შემოიტანს, მაგრამ ესეც სირთულეებთანაა დაკავშირებული: მისი მოცულობა მხოლოდ 5 მილიარდია და თან ისიც „გაზპრომის“ გაზია.

მოკლედ, კიევი გაზს ყველგან ეძებს, სადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამ მიზნით კომპანია „ნაფტოგაზმა“ ხელი მოაწერა მემორანდუმს ამერიკელ „ფრონტერა რესურს“-თან, რომლის თანახმად, ცისფერ საწვავს უკრაინა თხევადი სახით საქართველოდან მიიღებს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ საქართველო უკრაინას ვერანაირად ვერ დაეხმარება და მემორანდუმს სიყალბის სუნი ასდის.

როგორც ჩანს, ზოგიერთები ამას თვით „ნაფტოგაზშიც“ კარგად ხვდებიან: „ფრონტერა“ საქართველოში გაზს „მწარე ხევის“ საბადოდან იღებს. მართალია, გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამ სენსაციური განცხადება გააკეთა – მწარე ხევში 42 მილიარდი კუბმეტრი გაზის მოცულობააო, მაგრამ დღემდე გაზის მოპოვება მცირეა და საქართველოს მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლია. „საქართველოში ამჟამად მწარე ხევის საბადოს გარდა, სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საბადო არ არსებობს, მაგრამ მისი ათვისებაც ავანტიურული ჩანს. აქ რაიმე სერიოზულ სანედლეულო პროექტზე საუბარი არ არის. საქართველო თვითონაა სხვებზე დამოკიდებული და ნავთობ-გაზს მეზობლებისაგან ღებულობს“, – აცხადებს გაზეთთან საუბარში ენერგეტიკული სფეროს ერთ-ერთი ექსპერტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ფრონტერა“-სთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, როგორც „ნაფტოგაზის“ დირექტორი იური ვიტრენკო ამბობს, საქართველოდან გაზის მიღება მომავლის საქმეა – 2017 წლიდან, თუმცა მანამდე უკრაინამ თხევადი გაზის მისაღები ტერმინალი უნდა ააშენოს. ისიც საკითხავია, თუ სად გაათხევადებს „ფრონტერა“ ქართული საბადოდან ამოღებულ გაზს. რაც სეეხება კონკრეტულად ტერმინალს, საინტერესოა, რა სახსრებით ააგებს კიევი ამ ობიექტს, რომლის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, ერთი მილიარდი დოლარი დაჯდება? ქვეყანა კრიზისშია… თანაც შავი ზღვით თხევადი გაზის გადატანა გაცილებით ძვირი ჩანს, ვიდრე „გაზპრომის“ მიწოდებული.

მოკლედ, უკრაინა ენერგეტიკული პრობლემის წინაშე დგას. ქართული გაზის იმედი ნაკლებადსავარაუდოა.

«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 23 ივლისი, 2015 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/turkey-georgia-open-220-million-power-plant–.aspx?pageID=238&nID=85816&NewsCatID=348

თურქეთმა საქართველოში 220 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე თბოელექტროსადგური გახსნა

თურქულ გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუს“-ში დაბეჭდილია სტატია საქართველოში, ქალაქ გარდაბანში უახლესი ტურბინებით აღჭურვილი პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გახსნის თაობაზე.

საქართველოში, თბილისიდან სამხრეთით, 39 კილომეტრის მოშორებით, გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლვარის თბოლექტროსადგური,  თურქული კომპანიის მონაწილეობით, 22 ივლისს მწყობრში ჩადგა. ეს ობიექტი ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნებს 15%-ით დააკმაყოფილებს. მის მშებელობაზე 220 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

თბოლექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა. მან თავისი გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა, რომ კომპანია „ჩილიკის“ სპეციალისტებმა პროექტის რეალიზება ვადამდე სამი თვით ადრე დაასრულეს. „ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ენერგეტიკული თანამშრომლობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ამას სამომავლოდ სხვა პროექტებიც მოჰყვება“, – განაცხადა თანერ ილდიზმა.

(სტატიაში აღნიშნულია, რომ თბოლექტროსადგურის გახსნაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. გადმოცემულია მისი გამოსვლის ძირითადი მომენტებიც).

„საქართველოს ენერგოშემცველების 80% სხვა ქვეყნებიდან შეაქვს. მართალია, ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის 85%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ, მაგრამ ამჟამად არსებული ჰიდროენერგიის მხოლოდ ერთი მეხუთედი თუ გამოიყენება“, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed