globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ილუზიები თუ ღალატი? // „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ მომხრეა

«Lragir» (სომხეთ): საქართველო რუსეთს ჩამოსცილდა და დასაკარგი უკვე დაკარგა. რა მოუვა ერევანს, თუ ის თბილისის მსგავს ნაბიჯს გადადგამს?

«גלובס‏‎-Globs» (ისრაელი): ახალი ლტოლვილები: ისრაელი ქართველმა და უკრაინელმა არალეგალებმა წალეკეს

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): მშვენიერი საქართველო: გასეირნება სვანეთის მთებში // ახალი ავიარეისები დიდი ბრიტანეთიდან ზღაპრულ ქვეყანაში, სადაც პირველყოფილი ბუნებაა, ბუმბერაზი მთები და ულამაზესი მდელოები

—————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 23 ივლისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=64631#.WXVfUYqQzs0

ილუზიები თუ ღალატი?

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ მომხრეა

„ჩვენს მეზობელ საქართველოში კვლავ პრობლემებია: ქართველები საერთოეროვნული ინტერესების არსს ვერ ხვდებიან. მოსკოვიდან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი-დეპუტატები დაბრუნდნენ, რომლებმაც „გულითადი“ შეხვედრა-მოლაპარაკებები გამართეს რუს კოლეგებთან და პოლიტიკოსებთან. მოსკოვში „პატრიოტები“ საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„გასაკვირი არაა, რომ „პატრიოტების“ მიერ დაგეგმილ-გადადგმული ნაბიჯი არამარტო პარლამენტის წევრებმა გააკრიტიკეს, არამედ ქართველმა ექსპერტებმაც. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის წევრებმა ვიზიტის შედეგების შესახებ პრესკონფერენცია მაინც ჩაატარეს. ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტების დასამყარებლადო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანებმა რატომღაც ჩათვალეს და დაიჯერეს, რომ მოსკოვს სერიოზულად აქვს განზრახული თბილისისადმი დახმარება ცხინვალელ და სოხუმელ სეპარატისტებთან პირდაპირი დიალოგის საკითხში, ანუ საქართველოს იმ რეგიონებთან, რომლებიც იმავე რუსეთმა ვითომდა დამოუკიდებლად აღიარა, სინამდვილეში კი ოკუპირება მოახდინა! რით დამთავრდება „პირდაპირი დიალოგი“ მათთან, რომლებიც კრემლის დაუკითხავად თითსაც ვერ ანძრევენ, აქედანვე ცნობილია: არაფრით“, – წერს ავტორი და იქვე შენიშნავს, რომ ოფიციალურმა თბილისმა უკვე განაცხადა: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი ჟენევის კონსულტაციების ფორმატით ხორციელდება და შესაბამისად, რუსეთის დახმარების აუცილებლობა, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, არ არსებობსო.

„ამ დღეებში თბილისში საქართველოს ელჩების შეკრება (ამბასადორიალი) გაიმართა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავიანთი გამოსვლების დროს, რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, „საზღვრის“ გადმოწევაზე, მავთულხლართებზე და ბანერების უკანონო დადგმაზე ისაუბრეს. მკითხველი დამეთანხმება, რომ ამ ფონზე „პატრიოტ“ დეპუტატთა მოსკოვური ვიზიტი მოსკოვში საკმაოდ უცნაურ ნაბიჯად გამოიყურება“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში მიმოხილულია აშშ-ის „იუესაიდ“-ის ხელმძღვანელის თომას მელიას, აგრეთვე ქართველი ექსპერტების – პაატა დავიათაიასა და მამუკა არეშიძის თვალსაზრისები საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების საკითხზე. მათი აზრით, რუსეთისაგან საქართველო კარგს არაფერს არ უნდა ელოდოს. მამუკა არეშიძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „ავარეთ-კახეთის გზის“ მშენებლობაზე, რომელიც დაღესტანში, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს.

„როგორც ვხედავთ, სიტუაცია მაინცდამაინც აღმაფრთოვანებელი არაა. ერთი სიტყვით, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციამ, ალბათ, სახელი უნდა შეიცვალოს და ისეთი დაირქვას, რომელიც მის სწრაფვას და სულისკვეთებას შეესაბამება, თორემ მათი სახელი და საქმე რეალობასთან დიდ დისონანსს ქმნის“, – ასკვნის ავტორი.

«Lragir» (სომხეთ), 23 ივლისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57157

საქართველო რუსეთს ჩამოსცილდა და დასაკარგი უკვე დაკარგა. რა მოუვა ერევანს, თუ ის თბილისის მსგავს ნაბიჯს გადადგამს?

აკოფ ბადალიანი, მიმომხილველი

„ვფიქრობ, ქართველები უფრო მოხარულნი იქნებოდნენ ნაკლები ტურისტი ჰყოლოდათ [რუსეთიდან], მაგრამ არ განეცადათ ტერიტორიული დანაკარგებიო“, – ასე განაცხადა სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა ინტერვიუში, რომელიც მას „ლრაგირ“-ის კორესპონდენტმა სირანუშ პაპიანმა ჩამოართვა. ვიცე-სპიკერმა ეს აზრი რუსეთის გავლენის ზონიდან გამოსვლის შედეგებთან დაკავშირებით გამოხატა.

სომხეთში წლების მანძილზე ინერგება იდეა, რომლის არსი ასეთია: „იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის გავლენის ზონიდან გასვლას დააპირებენ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისათვის ფასის გადახდა მიწებით მოუწევთ“. საქართველოს შემთხვევაში მაგალითის სახით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს ასახელებენ, სომხეთის შემთხვევაში კი ამბობენ – ერევანი რომ თბილისს აჰყოლოდა, სომხეთი არცახს (მთიან ყარაბაღს) დაკარგავდაო.

მართლაც ასეა თუ არა? რას გააკეთებდა რუსეთი სომხეთის „წასვლის“ შემთხვევაში? რა, განა არცახის ოკუპირებას მოახდენდა? რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მათი მდგომარეობა არცახისაგან განსხვავდება: მათთან რუსეთს საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს. გარდა ამისა, ეს რეგიონები საქართველოს დე-ფაქტო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ჩამოსცილდნენ. ასე რომ, საქართველომ დასაკარგი დაკარგა.

როგორ მოახდენს რუსეთი არცახის ოკუპირებას – საქართველოს გავლით? ან იქნებ მოსკოვი აზერბაიჯანს დაეხმარება არცახის დასაკავებლად, ერევნის დასჯის მიზნით? მაგრამ რას მოიგებს მოსკოვი იმით, რომ აზერბაიჯანი ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი გახდება, რომელიც შემდეგ მოსკოვსაც ფეხებზე დაიკიდებს?

რასაკვირველია, კრემლში სულელები არ სხედან. ისინი აცნობიერებენ იმას, რომ თუ მოსკოვი სომხეთს არცახს წაართმევს, რუსეთი ასეთი ნაბიჯით საკუთარ თავს დასჯის. რატომ? იმიტომ, რომ ამისთვის ომია საჭირო, რომელშიც ვერც სომხეთი და ვერც აზერბაიჯანი ვერ გაიმარჯვებს. ბრძოლებში ორივე მხარე დაიღლება და ბოლოს ისევ რუსეთს მიმართავენ თხოვნით – გვიშველე, სამშვიდობობები შემოიყვანეო. მაგრამ მოსკოვს ასეთი განზრახვა არ აქვს. ამის დადასტურებაა გასული წლის აპრილის შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანთან. სომხეთი რუსეთთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, მაგრამ კონფლიქტი მაინც მოხდა, თანაც სომხეთმა ტერიტორია დაკარგა.

«גלובס‏‎-Globs» (ისრაელი), 22-23 ივლისი, 2017 წელი

http://www.globes.co.il/news/article.aspx?did=1001197809

ახალი ლტოლვილები: ისრაელი ქართველმა და უკრაინელმა არალეგალებმა წალეკეს

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს თელ-ავივის განყოფილებაში, რომელიც ფლორენტინის კვარტალში, აბარბანელის ქუჩაზე მდებარეობს, საზღვარგარეთული პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ბოლო ხანს შს უწყების ეს ფილიალი სულ სხვა საქმიანობითაა დაკავებული. ამ ადგილისკენ დილის 8 საათიდან ადამიანთა ნაკადი მიემართება – იმ ტურისტებისა, რომლებთაც ისრაელში ლტოლვილის სტატუსის მიღება სურთ. და ეს ტურისტები ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან არიან.

გაზეთ „გლობს“-ის ჟურნალისტები, რომლებმაც გამოკვლევა ჩაატარეს, აცხადებენ, რომ ფილიალთან რიგში ჩადგომა დილის 3-4 საათიდან იწყება. აქ „ადმინისტრირებას“ ახდენენ სისხლის სამართლებრივი ელემენტები, რომლებიც რამდენიმე ასეულ შეკელს იღებენ მათგან, ვისაც რიგის დასაწყისში სურს მოხვედრა და არა საათობით ლოდინი პაპანაქება სიცხეში. ხშირად „მზის ქვეშ“ ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო – ბრძოლა მუშტებით.

ჯერ კიდევ 2014 წელს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მთხოვნელების უმეტესობა აფრიკელები (1203 ერიტრეელი და 903 სუდანელი) იყვნენ, მაგრამ 2015 წლიდან პირველობა ხელთ იგდეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსულებმა.

2013 წელს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე განცხადება მხოლოდ ერთმა ქართველმა მოქალაქემ წარადგინა. 2014 წელს კი მიღების მსურველთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 2015 წელს – 736. ანალოგიურად ვითარდებოდა სიტუაცია უკრაინელთა მიმართაც: 2013 წელს – ოთხი თხოვნა, 2014-ში – 51, 2015-ში – 703. 2016 წელს ანგარიში უკვე ათასებზე ავიდა – 3668 ქართველი და 6680 უკრაინელი.

ისრაელი იმ საერთაშორისო კონვენციების მონაწილეა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს გულდასმით განიხილონ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შესახებ თხოვნები და დააკმაყოფილონ, თუ აღმოჩნდა, რომ მთხოვნელს თავის სამშობლოში მართალც დევნიან პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადოებრივი მრწამსის გამო. რადგან ამგვარი თხოვნების განხილვა შეიძლება თვეობით გაგრძელდეს, წლობითაც კი, ამიტომ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პრეტენდენტს ისრაელში მუშაობის უფლება ეძლევა.

როგორც ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდა ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესებას დაემთხვა. ამით ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველებს ქვეყანაში შემოსვლა გაუადვილთად. გარდა ამისა, პარალელურად შეიქმნა მთელი ინფრასტრუქტურა შუამავლების და იურისტების შემადგენლობით, რომლებმაც კონვეიერული სისტემით დაიწყეს ტურისტთა გადაფორმება თავშესაფრის მიღების მსურველებად. „საქმის გასაკეთებლად“ ისინი უცხოელებისაგან რამდენიმე ათას შეკელს ითხოვენ, მაგრამ რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად ყველას უარს ეუბნება, საბოლოო ჯამში თავშესაფრის მიღების მსურველებს ეს ფული „ეკარგებათ“, ანუ იურისტ-შუამავლების ჯიბეში რჩება. თუმცა იმის გამო,  რომ განცხადების განხილვა ჭიანურდება, ამ სიტუაციას მაინც აქვს დადებითი მხარე – ისრაელში მუშაობის უფლება.

საქართველოსთან მიმართებით ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები და ეს ქვეყანა „დემოკრატიულად და უსაფრთხო“ ქვეყნად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ თუ თავშესაფრის და ლტოლვილის სტატუსის მიღების მთხოვნელი განცხადებაში მიუთითებს იმ მიზეზს, რომ იგი „ოპოზიციური პარტიის წევრია“, მისი თხოვნა ავტომატურად, დაჩქარებული წესით იქნება უარყოფილი. ამგვარ თხოვნას მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებენ, თუ თავშესაფრის კონკრეტული მაძიებელი თხოვნას არგუმენტებით საფუძვლიანად  დაამტკიცებს, რომ მას, როგორც ოპოზიციონერს, მართლაც დევნიან და ემუქრებიან. საქართველოს მიმართ განხორციელებული ზომით ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ შემოსული თხოვნების რაოდენობა რამდენჯერმე შემცირდა – 2017 წლის პირველ ნახევარში განცხადება მხოლოდ 1328 ქართველმა ტურისტმა შემოიტანა. სამაგიეროდ, უკრაინიდან, რომელისაც ისრაელი ჯერ-ჯერობით არ თვლის „დემოკრატიულ და უსაფრთხო“ ქვეყნად, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება: მიმდინარე წლის ექვს თვეში უკვე 5718 თხოვნა დაფიქსირდა.

საბოლოო ჯამში 2015 წლიდან მხოლოდ ქართველებმა და უკრაინელებმა 19033 თხოვნა წარმოადგინეს და თუ ამას აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსულთა 40 ათას თხოვნას დავამატებთ…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკთა თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამ თხოვნებს, პრაქტიკულად ყველას უარი ეთქვა, ქვეყნიდან ძალიან ცოტა მთხოვნელი თუ წავიდა, მათი უმრავლესობა არალეგალის სტატუსით ისრაელში დარჩა და „შავ სამუშაოებს“ ასრულებენ – მშენებლობებზე, ქუჩების დასუფთავებაზე, საქონლის სასაკლაოებზე და ა.შ. რასაკვირველია, ისრაელის შესაბამისი ორგანოები მათ ეძებენ და როცა პოულობენ, ქვეყნიდან მათ დეპორტაციას ახდენენ, თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით: 2016 წელს ქვეყნიდან დეპორტირებულ 3221 უცხოელთაგან (ვადაგასულ ვიზების მქონეთა ჩათვლით) მხოლოდ 1166 უკრაინელი და 432 ქართველი იყო.

„გლობს“-ის ჟურნალისტები გაესაუბრნენ ერთ-ერთ მთხოვნელს უკრაინიდან – ოლია ბუსაროვას, რომელიც სამინისტროსთან რიგში იდგა. იგი ისრაელში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, ჩამოვიდა დონეცკიდან, როცა იქ ომი დაიწყო. ოლიას ნაცნობები ჰყავს, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ. კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში, სადაც უსაფრთხო ცხოვრებაა, მან განაცხადა, რომ კიევში დონეცკიდან ჩასულებს ბინას არავინ არ მიაქირავებს – „გეკითხებიან, საიდან ხარ და როცა გაიგებენ, რომ დონეცკიდან, იმწუთშივე უარს გეუბნებიან“. ოლიას თქმით, სანამ დონბასის ამბები დაიწყებოდა, იგი ერთ ხანს კიევში მუშაობდა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან დონეცკიდან იყო. ისრაელში ოლია დღეში რამდენიმე საათი მუშაობს, ცხოვრობს ნაცნობებთან, რომლებიც მას საკვებით ეხმარებიან. იგი კმაყოფილია, რადგან მის თავზე უკვე ჭურვების ხმა აღარ ისმის, ბომბები არ ცვივა, ბავშვები და მოხუცები არ იღუპებიან.

შეკითხვაზე, იცის თუ არა მან, რომ უკრაინელთა ყველა თხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე სამინისტროს მიერ, პრაქტიკულად, უარყოფილია, ოლია პასუხობს, რომ იმედი აქვს მის თხოვნას დადებითად გადაწყვეტენ – მას ხომ სახლი დაბომბვისგან დაენგრა და უკან დასაბრუნებელიც არსად აღარ აქვს.

გორელმა გიორგი იაკობაშვილმა (25 წლის) და თბილისელმა მამუკა ხვედელიძემ (27 წლის) ერთმანეთი უკვე ისრაელში გაიცნეს. ისინი აქ რვა თვის წინათ ცამოვიდნენ და იმ დღესვე განცხადება დაწერეს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.. გიორგი და მამუკა „გლობს“-ის ჟურნალისტებს უყვებიან საქართველოში არსებულ გაუსაძლის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე და „პოლიციასთან შექმნილ პრობლემებზე. ამის დასადასტურებლად ისინი ჟურნალისტებს მობილური ტელეფონით ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ პოლიციის მიერ თბილისში დემონსტრაციის დარბევის შესახებ. საქართველოდან ჩამოსული ამ თავშესაფრის მაძიებელიდან ერთი თელ-ავივში სასტუმროს დასუფთავებით არის დაკავებული, მეორე კი პეტაჰ-თიქვის რესტორნის სამზარეულოში მუშაობს. ორივე ისრაელში ჩამოვიდნე, რადგან გაიგეს, რომ აქ ვიზის გარეშე მუშაობა შეიძლებაო. თუმცა აღმოჩნდა, რომ სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მათ ეგონათ. მათ თხოვნა დაწერეს და თუ არ დააკმაყოფილებენ, უკან, საქართველოში დაბრუნდებიან. გიორგი და მამუკა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოზე აღტაცებით ლაპარაკობენ და დაავიწყდათ, რომ ერთი წუთის წინ თავიანთ ქვეყანას საცხოვრებლად სახიფათოდ მიიჩნევდნენ.

ადამიანთა ასეთ ნაკადს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლტოლვილთა ტურიზმს“ უწოდებენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში – სავსებით ნორმალურს და უხიფათოს. საქართველოსთან მიმართებით პრობლემა პრაქტიკულად უკვე მოგვარებულია – თითქმის ყველას დაჩქარებული პროცედურით უარს ეუბნებიან, უკრაინასთან მიმართებით კი საკითხი უფრო რთულადაა – დღევანდელი საომარი სიტუაციის გათვალისწინება იმ დროს, როცა ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი დააწესა, შეუძლებელი იყო. მაგრამ მთლიანობაში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში თვლიან, საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მიზეზები არ არსებობს. ისრაელი შეძლებს უვიზო რეჟიმისთვის თანმდევ „გვერდით ეფექტს“ გაუმკლავდეს, მით უმეტეს, რომ ამას წინათ საქართველომაც და უკრაინამაც ევროკავშირისგანაც უვიზო რეჟიმი მიიღეს.

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 23 ივლისი, 2017 წელი

https://www.theguardian.com/travel/2017/jul/23/georgia-kutaisi-svaneti-walking-hiking-mountains-caucasus-mountains

მშვენიერი საქართველო: გასეირნება სვანეთის მთებში

ახალი ავიარეისები დიდი ბრიტანეთიდან ზღაპრულ ქვეყანაში, სადაც პირველყოფილი ბუნებაა, ბუმბერაზი მთები და ულამაზესი მდელოები

„მიმდინარე წლის ივნისის თვეში [უნგრულმა] ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს მიმართულებით არსებულ რეისებს კიდევ ერთი ახალი დაამატა, ამჯერად ბრიტანეთის ქალაქ ლუტონიდან, მაგრამ არა თბილისში, არამედ დასავლეთ საქართველოში მდებარე ქუთაისში, რომლის შესახებ მე ადრე არაფერი მსმენია. თურმე ეს ქალაქი სვანეთის ჭიშკარი ყოფილა – სვანეთისა, რომელიც ბუმბერაზი მთების სამფლობელოა და სადაც ბრიტანელებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს სვანეთის რეგიონის ბუნება, ღირსშესანიშნაობები და სვანთა ყოფა-ცხოვრება (ავტორი – ჯერემი  ჰედი).

„საქართველომ დამოუკიდებლობას 1991 წელს მიაღწია, საბჭოთა კავშირის დაშლის ჟამს. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, თუმცა აქ საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაგონებს: ტრადიციული საცხოვრებელი სახლები, ოთხკუთხა კორპუსები, ავტობუსის გაჩერებათა მოსაცდელები, დიდი ქანდაკებები და ეკალ-ბარდმოდებული მიტოვებული ფაბრიკა-ქარხნები“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ქუთაისიდან მესტიამდე მგზავრობის შთაბეჭდილებებს უყვება: „გზაზე გვირაბები გავიარეთ. ქვემოთ აქაფებული მღვრიე მდინარე ღმუის, ზემოთ – ღრუბლებიანი მწვერვალები ჩანს… ირგვლივ მთები, ტყეები და მწვანე მდელოებია“. მოგზაურობა კი სოფელ ბეჩოს სტუმრობით იწყება, რომელიც სვანეთის ერთ-ერთი მიმზიდველი სოფელია. ავტორის დაკვირვებით, სვანები ამტანი და შრომისმოყვარე ხალხია, ტურიზმი კი მათთვის დამატებით შემოსავლების საფუძველია.

სტატიაში გადმოცემულია ერთ-ერთი მცირე სასტუმროში გატარებული დღეები – თუ როგორ ცდილობდა დიასახლისი ბრიტანელი სტუმრების პატივისცემას, როგორ უმზადებდა კუპდარს… „კუპდარი სვანებისათვის მთავარი საჭმელია, პურის მსგავსი, ოღონდ მისი შიგთავსი საქონლის ფარშს, ხახვს და სხვა საიდუმლო სანელებლებს შეიცავს“, – წერს ავტორი სვანური სამზარეულოს თავისებურებებზე და იქვე აღნიშნავს სვანური არაყის „საგემოვნო ღირსებებს“..

„რადგანაც სვანეთში საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის, ჩვენ, მთებისაკენ მიმავალნი, ქართველ მესაზღვრეთა პოსტიც ვნახეთ, რომელზეც ქართული დროშა ფრიალებდა. წვიმდა, ჯარისკაცებმა შეგვიფარეს, ცხელი ჩაი დაგვალევინეს და სველი ტანსაცმელი გაგვიშრეს“, – ასეთი მადლიერებით წერს ჯერემი ჰედი.

„გარდიანის“ ჟურნალისტი მესტიას და მულახს ეწვია. „მესტია ბეჩოსთან შედარებით უფრო განვითარებული და კეთილმოწყობილია. აქ ძალიან ბევრი სასტუმრო და პანსიონატია, თუმცა წვიმიანი ამინდების გამო ტურისტები ბევრნი არ იყვნენ. აქ არის ადგილობრივი მუზეუმი, რომელიც მოგზაურს საინტერესო წარმოადგენას აძლევს სვანთა ყოფა-ცხოვრებაზე.  მულახში უამრავი კოშკია, შუა საუკუნეებში აშენებული, მტრებისაგან თავდასაცავად“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის დასასრულს ავტორი ასეთ დასკვნას აკეთებს: „მართალია, ზოგჯერ ამინდი არ გვიმართლებდა, მაგრამ ჩვენი მოგზაურობა მაინც ღირდა, აბსოლუტურად“.

Comments are closed