globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Globe and Mail» (კანადა): საქართველოს მრავალფეროვნება: ნახეთ და დატკბით…

«AlJazeera» (ყატარი): ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ ირანმა თავისი მზერა სამხრეთ კავკასიას მიაპყრო: რა ბედი ელოდება საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს?

——————-

«The Globe and Mail» (კანადა), 23 აგვისტო, 2015 წელი

http://www.theglobeandmail.com/life/travel/the-other-georgia-on-my-mind/article26049793/

საქართველოს მრავალფეროვნება: ნახეთ და დატკბით…

სტატიაში გადმოცემულია ტორონტოელი (კანადა) ტურისტის ქეთ თენქოქის შთაბეჭდილებები საქართველოს  შესახებ: აღწერილია ჩვენი ქვეყნის მდიდარი ეროვნული ტრადიციები, კულტურული და ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები…

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

„ივლისის პაპანაქებაში საქართველოს მუზეუმების გრილ დარბაზთა დათვალიერება სასიამოვნოა. ჩვენმა გიდმა თავისუფლება „მოგვანიჭა“ და ქალაქში „ხეტიალის“ ნება დაგვრთო. მე ორი ღირსშესანიშნაობა შევარჩიე სანახავად: არქეოლოგიური საგანძური, რომელშიც ოქრო და სხვა ძვირფასეულობაა თავმყრილი ჯერ კიდევ უძველესი კოლხეთის სამეფოს დროიდან და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც გამოფენილია მასალები როგორც 1921 წელს რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობის, ასევე საბჭოთა პერიოდის შემდგომ – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების შესახებ, თუმცა, რუსეთის თვალსაზრისით, სახეზეა არა ოკუპირება, არამედ მათი დამოუკიდებლობის აღიარება. ბუნებრივია, მუზეუმში დაცული დოკუმენტები საქართველოს პოზიციას ასახავს. ექსპონატები, ერთი მხრივ, გვახსენებენ, თუ რა რთული ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს თავის ჩრდილოელ მეზობელთან არა მხოლოდ ბოლო 24 წლის მანძილზე, არამედ 1801 წლიდანაც, როცა რუსეთის იმპერიამ ქვეყნის ანექსია მოახდინა, მეორე მხრივ კი – გვამცნობენ ქართველი ხალხის იმ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც განუხრელად ვითარდებოდა იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო ქვეყნის სათავეში.

საქართველოში მეხუთე დღეა ვიმყოფები. ჩემს კავკასიური მოგზაურობის კანადურ ტურისტულ კომპანიას უნდა ვუმადლოდე. მანამდე რამდენიმე დღე სომხეთში გავატარეთ. საქართველოში მოხიბლული დავრჩი თვალწარმტაცი პეიზაჟებით, იოლი ორიენტაციით, უნიკალური სამზარეულოთი და რაც მთავარია, ქართველთა  სტუმართმოყვარეობით: ისინი გულღიად ეგებებიან ექს-კომუნისტური ქვეყნის სტუმრებს.

ამ ქვეყანაში გატარებული ყოველი დღე მოგზაურზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს: მაგალითად, მთის წვერზე მდებარე მეექვსე საუკუნის ძეგლის – ჯვრის მონასტრისა და იქვე ახლოს მდებარე საქართველოს ძველი დედაქალაქის – მცხეთის მონახულება, გორში მდებარე მდიდრულად აგებული იოსებ სტალინის მუზეუმი და სახლი, სადაც იგი დაიბადა (იმ სარკინიგზო ვაგონის ჩათვლით, რომლითაც საბჭოთა ლიდერი მოსკოვიდან ყირიმში ჩავიდა, იალტის კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით), კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, რომელიც ჩვენს ერამდეა აშენებული და საქარავნო გზაზე მდებარეობდა (აყვავების ჟამს აქ 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა).

კახეთის მხარეში, რომელიც საქართველოს მეღვინეობის ცენტრად ითვლება, ჩვენ დავათვალიერეთ წმინდა ნინოს ეკლესია ბოდბეში, ქვეყნის უდიდესი ქალთა მონასტერი, შევჩერდით სიღნაღში, მივირთვით ხოხბისგან მომზადებული კერძი, ვნახეთ ღვინის მარანი მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით – ქვევრებით, გავეცანით ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ წესს, დავაგემოვნეთ ხალხური სპირტიანი სასმელი „ჭაჭა“, შემდეგ კი დავათვალიერეთ მე-19 საუკუნის თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული და იქ არსებული ღვინის ძველი ქარზანა. თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის ნათლული ყოფილა. ვიყავით საქართველოს მთებშიც: გავიარეთ სამხედრო გზაზე, რომელიც დღეისათვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთი სახმელეთო კომუნიკაციას წარმოადგენს. აქაურ ზურმუხტოვან მთებზე მრავლადაა „თეთრი ლაქები“ – ფერდობებზე შეფენილი ცხვრის ფარები. გზის მნიშვნელოვანი ნაწილი თვალუწვდენელ უფსკრულების პირას მიიკლაკნება…

(პუბლიკაციაში აღწერილია ჯვრის უღელტეხილი, სტეფანწმიდა, მყინვარწვერი და… საბჭოთა პერიოდში, 1980 წელს ქართველი და რუსი ხალხთან მეგობრობის აღსანიშნავად აგებული, აწ უკვე ნახევრად დანგრეული მონუმენტი, რომელიც „ტურისტული ფოტოსესიის ობიექტს წარმოადგენს“. რაც შეეხება თბილისურ შთაბეჭდილებებს, ავტორი აღნიშნავს გოგირდის აბანოებს; მეჩეთს, სადაც შიიტი და სუნიტი მუსულმანები ერთად ლოცულობენ; 1600 წლის წინათ აგებულ ნარიყალას ციხეს, რომელიც სპარსელების, თურქებისა და რუსების ბატონობის მომსწრეა, იმდროინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით; „ქართვლის დედის“ 20-მეტრიან ძეგლს, თვინის თასიტა და მახვილით ხელში: „აქედან თბილისის მშვენიერი ხედი იშლება, საუკეთესო ადგილია ძველი ქალაქისათვის ფოტოების გადასაღებად“. რიყის აღწერისას აქცენტი გადატანილია მტკვრის მინის ხიდზე და „დიდ ვერცხლისფერ მილზე“, რომელიც თურმე მუსიკალური თეატრის ახალი შენობა ყოფილა და რომელიც კონტრასტულად მოჩანს ძველი ქალაქის უბანში. ავტორი იხსენებს ბორჯომს – რუსეთის იმპერატორის ოჯახის და საბჭოური ელიტის საყვარელ დასასვენებელ კურორტს და სვანეთს, რომელიც მდიდადრია ეთნოგრაფიული ძეგლებით. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსერვატიულია: მამაკაცებს ეკლესიაში შესვლისას გრძელი შარვლები და გრძელსახელოებიანი პერანგი უნდა ჰქონდეთ ჩაცმული, ქალებს – გრძელი კაბები, თმები და მხრები კი მანდილით უნდა ჰქონდეთ დაფარული.

როგორც სტატიაში აღნიშნული, „თბილისში ორი მზარეულია, რომლებიც კულინარიის ანბანს ნიუ-იორკში დაეფლნენ და ქართული ტრადიციული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტირებას ახდენენ: მერიკო გუბელაძე თავის კაფეებში („შავი ლომი“ ამაღლების ქუჩაზე და “ლეილა“ – ერეკლე მეორის ქუჩაზე) ოსტატურად შეხამებულ ქართული და აღმოსავლური კერძებს მოგართმევთ, ხოლო თეკუნა გაჩეჩილაძის კაფე „ლიტერა“-ში, მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა სახლის ეზოში მდებარე ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ ნუგბარ კერძთა თაიგულით გაგიმასპინძლდებიან“.

ავტორი მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და დახმარებისათვის.

«AlJazeera» (ყატარი), 23 აგვისტო, 2015 წელი

http://www.aljazeera.com/indepth/opinion/2015/08/nuclear-deal-iran-eyes-caucasus-150822094307004.html

ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ ირანმა თავისი მზერა სამხრეთ კავკასიას მიაპყრო: რა ბედი ელოდება საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს?

ლიუკ კოფი

1795 წელს სპარსეთის მრავალრიცხოვანი არმია სომხეთსა და საქართველოში შეიჭრა. ნავარაუდევი იყო, რომ საქართველოს რუსეთი უნდა დახმარებოდა, მაგრამ მოსკოვმა თავისი ვალდებულება არ შეასრულა. სპარსელებმა თბილისი დაიკავეს და ექვსი დღის მანძილზე ძარცვავდნენ, დაიღუპა ათასობით მოქალაქე. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გვამების გამო ქალაქში ყოფნა აღარ შეიძლებოდა. იმდროინდელი სპარსელი ისტორიკოსის თქმით, „სპარსელთა ძლევამოსილმა არმიამ ურწმუნო ქართველებს განკითხვის დღე მოუწყოო“.

დღეს ირანი საკუთარ თავს ერთ-ერთ ძლიერ ევრაზიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს და, ბუნებრივია, სამხრეთ კავკასიაში თავისი განსაკუთრებულ ინტერესებიც აქვს.

მე-18 – მე-19 საუკუნეებში რუსეთი და სპარსეთი სამხრეთ კავკასიის დასაუფლებლად ერთმანეთს ექიშპებოდნენ, რაც ძალიან ხშირად სისხლისმღვრელ ომებსა და ადგილობრივი მოსახლეობის გაჟლეტვაში გამოიხატებოდა – ისე, როგორც ეს თბილისში მოხდა 1795 წელს.

დღეს  სხვაგვარი ვითარებაა: კავკასიაში ტერიტორიების დაპყრობისათვის რუსეთი და ირანი ერთმანეთთან აღარ ომობენ, აღარც გავლენის მოსაპოვებლად არ უპირისპირდებიან, რადგან ამ რეგიონში უკვე რუსეთი დიდი ხანია დომინირებს. რუსეთი უფრო შეუპოვარი გახდა და სამხედრო ძალაც კი გამოიყენა თავისი ეროვნული ინტერესების განსამტკიცებლად. ამ დროს კი ირანს საერთაშორისო სანქციები ჰქონდა დაწესებული, იგი იძულებული იყო თავისი საგარეოპოლიტიკური ამბიციები შეეზღუდა და უკანა პლანზე გადაწეულიყო. [ბევრ შემთხვევაში ირანი რუსეთზე დამოკიდებული გახდა].

დიახ, რუსეთმა გაიმარჯვა, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს: გასულ თვეში «5+1» ფორმატით (რუსეთი, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პლუს გერმანია) გამართული ვენის მოლაპარაკების წყალობით, ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა შეზღუდა, სამაგიეროდ კი დიდი ენერგეტიკული რესურსების გაყიდვის უფლება მიიღო, რაც მას რუსეთთან მიმართებით პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს, ანუ საერთაშორისო არენაზე თეირანი ნაკლებად იქნება დამოკიდებული მოსკოვზე.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი სამხრეთ კავკასიისათვის უკვალოდ არ ჩაივლის. ირანი თავისი ახალი სტატუსისა და ენერგეტიკულ რესურსების გამოყენებით რეგიონში გავლენის გაფართოებას შეეცდება, განსაკუთრებით ქრისტიანულ ქვეყნებში – სომხეთსა და საქართველოში, რომლებთანაც ირანის ურთიერთობა გეოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებს ემყარება.

ვენის შეთანხმებას ჯერ მელანიც კი არ ჰქონდა შეშრობილი, რომ ირანმა უკვე დაიწყო საუბარი სომხეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, უპირატესად ელექტროენერგიტიკისა და სატრასპორტო კომუნიკაციების სფეროში. სომხეთი რუსეთის მოკავშირეა. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებაში ირანის გააქტიურება ეჭვებს იწვევს.

რაც შეეხება საქართველოს. ამას წინათ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიღებისას ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ვენის სეთანხმება ირანის საგარეო პოლიტიკაში ახალ პერსპექტივებს ხსნის, რომელიც ხელს შეუწყობს თეირან-თბილისის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

იმ დროს, როცა ირანი სომხეთთან და საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს, აზერბაიჯანთან მის დამოკიდებულებას წარმატებულად ვერ ჩავთვლით.

მართალია, ბაქო და თეირანი ერთმანეთთან გარეგნულად თითქოსდა კარგად არიან, მაგრამ შინაგანად მათი ურთიერთობა დაძაბულია და შესაძლოა არასასურველი ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.

აზერბაიჯანი, მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის მიხედვით, ძირითადად ისლამურ-შიიტური სახელმწიფოა, ირანის მსგავსად, მაგრამ თეირანმა ბაქოზე გავლენის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა. მიზეზი რამდენიმეა: პირველი – აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ისრაელთან, რაც ირანს აღიზიანებს; მეორე – ირანში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ პროვინციებში (აღმოსავლეთი და დასავლეთ აზერბაიჯანი) ადგილობრივი მოსახლეობა თეირანისაგან ფართო ავტონომიას მოითხოვს; მესამე – აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილისათვის, რომლებიც საერო ცხოვრებას ეწევიან, ირანული მკვეთრად ისლამურ-რელიგიური ცხოვრების წესი მიუღებელია; მეოთხე – ირანსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელია მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემა – კასპიის ზღვის შელფის გადანაწილება. იყო პერიოდი, როცა ირანი აზერბაიჯანს სამხედრო ფლოტის გამოყენებითაც კი ემუქრებოდა, თუ ბაქო ნავთობ-გაზის გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს არ შეწყვეტდა სადაო შელფზე. ეს ყველაფერი ორ მოსაზრვრე ქვეყანას შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არანაირად ხელს არ უწყობს.

მაგრამ რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ჯერ-ჯერობით „ამოვარდნილია“, რუსეთს კი აზერბაიჯანის დაუძინებელ მტერთან – სომხეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ბაქო და თეირანი, როგორც მოვლენები გვაჩვენებს, ერთმანეთთან პრაგმატულ რეგიონულ თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებენ. ერთ-ერთი სექტორი ამ თანამშრომლობისა აშკარად ენერგეტიკის სფერო იქნება. ირანს ნავთობის შეზღუდვები მოუხსნეს და მას თავისი ენერგეტიკული რესურსების ევროპის ბაზარზე გატანა სურს, ამისათვის კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენება შეიძლება. აზერბაიჯანიდან მილსადენები სამხრეთ კავკასიის გავლით თურქეთისაკენ და ევროპისაკენ მიემართებიან. ამრიგად, ბაქოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია თეირანის ენერგეტიკული გეგმების რეალიზებაში. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ვენის მოლაპარაკების შემდეგ ირანმა და აზერბაიჯანმა ადრე გაფორმებული შეთანხმება „გამოაცოცხლეს“, რაც ნავთობის გაცვლა-გამოცვლას ითვალისწინებს (ირანს აზერბაიჯანის ნავთობი შეაქვს ჩრდილოეთი რეგიონების უზრუნველსაყოფად, სამაგიეროდ, იგივე რაოდენობის ნავთობს ჰყიდის სამხრეთის რეგიონებიდან აზერბაიჯანის სასარგებლოდ).

მართალია, ირანი და რუსეთი გარკვეულწილად ერთმანეთის კონკურენტები არიან სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ მოსკოვსა და თეირანს ერთი ფაქტორი აერთიანებთ: არცერთს არ სურს აშშ-ისა და არც ევროატლანტიკური სტრუქტურების – ნატოსა და ევროკაბშირის გავლენის გაფართოება ამ რეგიონში. შესაბამისად, თუ ამერიკას და ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში თავანთი კავშირების განმტკიცება სერიოზულად სურთ, მაშინ ისისნი უნდა გააქტიურდნენ და რეგიონს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, თორემ შექმნილ ვაკუუმს რუსები და ირანელები შეავსებენ. თუ ისტორიამ რამე გვასწავლა, მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას რეგიონისათვის სასიკვდილო შედეგების მოტანა შეუძლია.

———-

ლიუკ კოფი ვაშინგტონში არსებული სამეცნიერ-კვლევითი ცენტრის თანამშრომელია, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის სპეციალურ თანაშემწედ, არის აშშ-ის არმიის ოფიცე

Comments are closed