globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვინ დგას საგურამოს აღკვეთილი ტერაქტის უკან?  // უკრაინის ხელისუფლება დუმს, კომენტარს არ მიხეილ სააკაშვილი არ აკეთებს

«Lragir» (სომხეთი): საქართველოში სომხური გაზსადენის აფეთქება დაუგეგმავთ… // მილის როლი ქართული პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო განლაგებაში

«Lragir» (სომხეთი): არცახის ჯავახკური ზურგი // ჯავახკის მოსახლეობის უნდობლობას საქართველოს ხელისუფლებისადმი თავისი ობიექტური ისტორიული ფესვები აქვს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-sss-terrorist-act-gas-pipeline/3476156.html

ვინ დგას საგურამოს აღკვეთილი ტერაქტის უკან?

უკრაინის ხელისუფლება დუმს, კომენტარს არ მიხეილ სააკაშვილი არ აკეთებს

ზაზა წულაძე

იმ დაკავებულთა შორის, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გუშინ ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, ტერაქტის მომზადებაში დასდო ბრალი, ორი, „კავკასიური ალიანსის“ წევრია. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2016 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი მიზანი, წესდების მიხედვით, „კავკასიის მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამართლებრივი და ზნეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა.“

დაკავებულია „კავკასიური ალიანსის“ თავჯდომარე 23 წლის მინდია ვაშაყმაძე, აღმსარებლობით მუსლიმი, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ გუმბათში დაიბადა. მინდია ვაშაყმაძე მიუთითებს, რომ განათლება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და რიზეს შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

სასტიკად ნაცემი 26 წლის ბექა ბექაური, რომელსაც თავის ქალაზე ოპერაცია გაუკეთდა, „კავკასიური ალიანსის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. სუს-ის მტკიცებით, ბექა ბექაურმა, რომელმაც უკვე აღიარა დანაშაული, მძიმე ტრავმები გაქცევის დროს მიიღო. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაკავებულის დეიდა მზია სუბელიანი: „არ ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ… ფაქტია, სანამ თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს, თავი არ დაანებეს. გამომძიებელს უთქვამს, დიდხანს მხნედ იდგაო და მერე ყველაფერი თავის თავზე აიღოო“.

სუს-მა საზოგადოებას ამცნო, რომ სოფელ საგურამოსთან, სპეცოპერაციის შედეგად, ხუთკაციანი ტერორისტული ჯგუფი დააკავა, რომელიც რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენის აფეთქებას გეგმავდა. სპეცსამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, დეტონატორები და ამფეთქის მუხტები. მინდია ვაშაყმაძისა და ბექა ბექაურის გარდა, საგურამოში ასევე დააკავეს ნური ჭკადუა, ჯაბა მელქაძე და ვლადიმერ რუხაძე. ცალკე აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ ბრალდება და ირაკლი ბაღიშვილი, იგი „დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ფაქტზეა დაკავებული.

35 წლის ირაკლი ბაღიშვილი გალის რაიონის სოფელ მუხურიდან დევნილია, რომელიც უკვე წლებია თბილისში, ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ვლადიმერ რუხაძესთან ერთად, უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონთან“ დაახლოებული პირია. არშემდგარი ტერაქტის შესაძლო დამკვეთზე საუბრისას, სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი: „გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით დაუდგენელია“.

მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ ასახელებს ტერაქტის დამკვეთს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაიცნეს და ასე დაახლოვდნენ. ​ჟინვალი-შატილის გზის მახლობლად, ტყეში გადამალული იარაღის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია კი ჯგუფს, სუს-ის მტკიცებით, „უცნობმა პირმა“ შეატყობინა. ადგილზე გასულები ისინი სუს-მა დააკავა, რომელიც, ადვოკატთა თქმით, მათ ტელეფონებს „უკანონოდ უსმენდა“ და “პირად ინტერნეტ სივრცეს აკონტროლებდა”. ვინ იყო ის „უცნობი პირი“ ან საიდან გაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება მდინარე არაგვთან მდებარე სამალავში, ამ დრომდე არ კონკრეტდება.

არც საქართველოში უკრაინის საელჩოში და არც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ბრალდებაზე რეაგირება არც ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს არ მოუხდენია.

უკრაინის სამთავრობო ძალებთან ერთად მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა საგურამოს არშემდგარ ტერაქტთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუს-ის ბრალდებას „აბსურდული“, ხოლო „ტერაქტის შესაძლო დაგეგვმაში“ მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის დადანაშაულებას – „უხერხული“ უწოდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, გამოძიება ვალდებულია სწრაფად უპასუხოს კითხვას, თუ ვინ იდგა ამ ჯგუფისა და არშემდგარი ტერაქტის უკან, რათა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები არ გაჩნდეს. საგურამოში აღკვეთილი ტერაქტის სამქეზე შვიდივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება. შვიდიდან ექვსი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ კი პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა დაიწყო.

«Lragir» (სომხეთი), 23 აგვისტო, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/50543

საქართველოში სომხური გაზსადენის აფეთქება დაუგეგმავთ…

მილის როლი ქართული პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო განლაგებაში

სტატიაში კომენტირებულია საქართველოს სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რუსეთ-სომხეტის გაზსადენზე დაგეგმილი ტერაქტის მონაწილეთა დაკავების ფაქტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები (ავტორი – ნაირა აირუმიანი).

პუბლიკაციის ავტორი გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ გამოცხადდა დაკავებულთა საქმეში უკრაინულ კვალზე მინიშნება, რომელსაც სწრაფად აჰყვნენ ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც (ნაირა აირუმიანს მხედველობაში აქვს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანან კობახიძის თვალსაზრისი უკრაინაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, „რომლებთაც შეიძლება მართლაც ჰქონოდათ ასეთი მზაკვრული გეგმა“).

„როგორც ჩანს, სომხურ-რუსული მილი საქართველოში შიდაპოლიტიკური გარჩევების მიზეზი ხდება. და არამარტო საქართველოში, არამედ, საერთოდ, რეგიონში. ეს უბრალო მილი არ გახლავთ. ამ მილით საქართველოს რუსეთი და სომხეთი ერთი ყველაზე მგრძნობიარე ადგილით ხელში უჭირავს. ამ მილით საქართველოს შესაძლებლობა აქვს ხან დაბლოკოს, ხან დაუშვას მოსკოვ-ერევნის „ევრაზიული თანამშრომლობა“. იმავდროულად ამ მილის გამო სომხეთი და საქართველო ვერ ყიდულობენ ირანულ გაზს. ეს მილი ხელს უშლის ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტს, საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების გავლით. მილი აიძულებს სომხეთს რუსეთზე იყოს მიჯაჭვული. გაზსადენი ცუდია საქართველოსთვისაც, რადგან ეს მილი რეგიონში რუსეთის ყოფნას ემსახურება.

ალბათ, სწორედ ამიტომაც გაზსადენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პოლიტიკური ძალების წინსაარჩევნო განლაგებაში. პრორუსულად განწყობილი ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ, რომ მილი დარჩეს, პროატლანტისტები კი მილის ბლოკირებას ცდილობენ და თვლიან, რომ ამით სომხეთსაც „გადაარჩენენ“.

აშკარაა, საქართველოში შემოდგომაზე არცთუ ისე სახუმარო წინასაარჩევნო ბატალიები განვითარდება და გამორიცხული არაა, რომ [ამ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში] მილი მართლაც აფეთქდება. შეიძლება ეს კარგიც კი იყოს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში..

«Lragir» (სომხეთი), 23 აგვისტო, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/50537

არცახის ჯავახკური ზურგი

ჯავახკის მოსახლეობის უნდობლობას საქართველოს ხელისუფლებისადმი თავისი ობიექტური ისტორიული ფესვები აქვს

აკოფ ბადალიანი

ამ ორიოდე დღის წინათ, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახალქალაქში ინციდენტი მოხდა, რომლის მომსწრე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გახდა: ერთმანეთს დეპუტატობის ორი სომეხი კანდიდადატი დაეჯახა – „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ენზელ მკოიანი და „დამოუკიდებელი“ სამველ პეტროსიანი. ორივემ კარგად  გამოლანძღეს ერთმანეთი და ფარისევლობაში დაადანაშაულეს. პრემიერ-მინისტრი ჩაერია და მათ სიმშვიდისა და პატივისცემისაკენ მოუწოდა.

საქართველოს საზოგადოება წინასაარჩევნო პერიოდში შევიდა. გასაგებია, რომ ემოციები მწვავდება და ელექტორატი იმუხტება, მათ შორის სომხებით დასახლებულ ჯავახკშიც, სადაც წლობით ვერ წყდება უკვე ტრადიციად ქცეული პრობლემები. ასეთი სიტუაცია შეიძლება ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებას დავაბრალოთ, რომელიც ჯავახკში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს სხვა რეგიონების ტოლფასად მიიჩნევდნენ, არადა მხარის ეთნიკური შემადგენლობა უფრო დელიკატურ და ობიექტურ მიდგომებს მოითხოვდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი: ჯავახკის მოსახლეობის უნდობლობას საქართველოს ხელისუფლებისადმი თავისი ობიექტური ისტორიული ფესვები აქვს. და ამაში თავისი როლი შეასრულა არა იმდენად მხარის მოსახლეობის ეთნიკურმა შემადგენლობამ, არამედ მათზე რუსეთის გადაჭარბებულმა გავლენამ.

მრავალი წლის განმავლობაში ახალქალაქის ცხოვრება რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ქვეყნის  „დერუსიფიკაციის“ ჩარჩოებში, ბაზის სამხედრო კონტინგენტი საქართველოდან გავიდა. მაგრამ ვერც მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო ჯავახკის ცხოვრებაში რაიმე პრინციპული ცვლილების განხორციელება. მართალია, იგი შეეცადა, მაგრამ სკანდალურად: გავიხსენოთ ვააგნ ჩახალიანის დაკავება და სასამართლო პროცესი. დღესაც, ზოგადად რომ ვთქვათ, ჯავახკის მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უნდობლობა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჯავახკის სომხური „ელიტის“ ჩამოყალიბებისა და პასუხისმგებლობის საკითხს სწორედ ამ კონტექსტში უნდა შევეხოთ. ანუ მხედველობაში გვაქვს ისეთი ელიტა, რომელსაც ეთნო-პატრიოტიზმის გარდა, ჯავახკის განვითარების კონცეფციის შემუშავება, პოლიტიკური მიზნების პროექტირება და განხორციელება შეუძლია, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის გათვალისწინებით.

აი, სწორედ ასეთი ელიტის არარსებობა წარმოადგენს არამარტო ჯავახკის, არამედ მთლიანად საქართველოს პრობლემას, სადაც 300-დან 500 ათასამდე სომეხი ცხოვრობს. ასეთი მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, საქართველოში არსებულმა სომხურმა თემმა მაინც ვერ შეძლო ქვეყნის პოლიტიკურ ფაქტორად გადაქცევა, რომელიც მიმართული იქნებოდა როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისაკენ, ასევე ქართულ-სომხური კავშირების გაფართოებისაკენ.

ობიექტურად თუ ვიტყვით, მთელ მსოფლიოშიც ასეა: თითქმის ყველა ქვეყნის სომხური დიასპორის „ელიტაში“ ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა. ამ საკითხისადმი ყველაზე ადექვატური დამოკიდებულება სომხეთის ხელისუფლებას აქვს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სომხეთის ხელისუფლება ახერხებდა იმას, რომ ჯავახკი ეთნიკურ პრობლემად არ გადაქცეულიყო, თუმცა ამის იყო ამის მცდელობები – აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ჯავახკის საკითხში სომხეთის პასუხისმგებლობა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ეს მხარე საქართველოსთვის, გამაერთიანებელი ფაქტორის ნაცვლად, პრობლემატურ კვანძად არ იქცეს. ჯავახკის ფაქტორი განსაკუთრებით საყურადღებოა კავკასიის რეგიონში ახალი სტატუს-ქვოს შექმნის თვალსაზრისითაც.

თუ ჯავახკის მოქმედება [საქართველოს] ევროატლანტიკური და მოდერნიზებული კურსის ადექვატური იქნება, მაშინ მას შეუძლია  მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და „საიმედო ზურგი“ გახდეს არცახის (მთიანი ყარაბაღის) სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის.

Comments are closed